"ფრთხილად უნდა ვიყოთ!" - კვირის პალიტრა

"ფრთხილად უნდა ვიყოთ!"

"საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის დახმარების იმედი და ამაზე კამათი არც შეიძლება"

"უვიზო რეჟიმი არ არის მრავალი წლის პერსპექტივა"

"პარაფირება საქართველოს მიმართ კეთილად განაწყობს უცხოელ ინვესტორებს"

გასულ კვირას საქართველო ევროპას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა - გაიმართა დიდი ხნის ნანატრი ვილნიუსის სამიტი და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა როგორც ნათქვამია, "ხბოს აღტაცებას" არ უნდა მივეცეთ - ყველაზე რთული პერიოდი საქართველოსთვის ახლა იწყება. ჯერ ერთი, ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპის მიღწევა თუ გვინდა, მინიმალურად მაინც უნდა მივუახლოვდეთ ევროსტანდარტებს - ადამიანის უფლებების დაცვით დაწყებული და საკვები პროდუქტების ხარისხით დამთავრებული. ამ ყველაფერს წითელ ხაზად უნდა გასდევდეს პოლიტიკური სტაბილურობა. მეორეც - ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველო ევროკავშირში კი არა, ევრაზიულ კავშირში წარმოუდგენია.

შესაბამისად, როგორც კი საქართველო ევროკავშირის ზღურბლს მიუახლოვდება და ამ ორგანიზაციაში ქვეყნის ასოცირება დღის წესრიგში დადგება, სავარაუდოდ, მოსკოვი შეეცდება, "უკრაინული მეთოდით" გადააფიქრებინოს თბილისს ევროინტეგრაცია. მეტი რაღა უნდა დაგვმართოს რუსეთმაო - ალბათ, იკითხავს ზოგიერთი. სამწუხაროდ, რუსეთს ყველაზე კარგად საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ მეზობლებისთვის პრობლემების შექმნა გამოსდის და ამისთვის უკან არაფერზე იხევს. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ, რომ მაგალითად, ქართულ პროდუქციას რუსეთიდან ისევ გამოაძევებენ ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციები გახშირდება. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევას ქართულმა მხარემ მაგარი ნერვები, კეთილგონიერება უნდა დაუპირისპიროს და ვილნიუსის სამიტი შედეგს აუცილებლად მოიტანს.

- ვილნიუსის სამიტი მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. პრაქტიკულად, დღეს საქართველო ევროკავშირთან უფრო ინტენსიური და ახალი ფორმატით თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდა - ეკონომიკური,  პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით. ხაზს გავუსვამ იმას, რომ პარაფირება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის იხსნება ევროპული ბაზარი. უფრო ზუსტად, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც შეთანხმების პარაფირებას დაამტკიცებს ევროკავშირის ყველა წევრი-სახელმწიფო. არა მგონია, ამას მაინცდამაინც დიდი დრო დასჭირდეს.

- თუმცა ალბათ, ქართული პროდუქცია მაშინვე ვერ მოხვდება ევროკავშირის ბაზარზე. ამ ორგანიზაციას მკაცრი სტანდარტები აქვს დაწესებული - კიტრით დაწყებული და ალკოჰოლური სასმლით დამთავრებული.

- რა თქმა უნდა, რასაც საქართველოში ვაწარმოებთ, მაშინვე ვერ მოხვდება ევროკავშირის ბაზარზე. თუმცა სერიოზული სტიმული მიეცემა ეკონომიკის განვითარებას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, გამრავალფეროვნებას, რომ შეესაბამებოდეს და პასუხობდეს ევროპულ სტანდარტებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, პარაფირება საქართველოს მიმართ კეთილად განაწყობს უცხოელ ინვესტორებს, მათ გაუჩნდებათ აქ ინვესტიციების დაბანდების სურვილი. უნდა ვიყოთ რეალისტები - არავინ არაფერს გვაჩუქებს, უბრალოდ, ჩვენი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება გვეძლევა და ევროკავშირი გვპირდება თანამშრომლობას, როგორც თანასწორთან. ეს გულისხმობს თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, პოლიტიკურ დიალოგს და ა.შ.  ყველა ეს  ელემენტი ნიშნავს ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის შემდგომ ეტაპს და პოლიტიკურად მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ.

- ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მომდევნო ნაბიჯი უვიზო რეჟიმი უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის (ბიზნესმენები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და ა.შ) ვიზების ლიბერალიზაციაზე მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა ალბათ, ჩვენ უფრო ის გვაინტერესებს, როდის შეძლებს  საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უპრობლემოდ ბრიუსელში ან პარიზში წასვლას და როდის გაუქმდება ვიზის მისაღები პროცედურები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დამამცირებელია.

- კონკრეტული პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. ეს დამოკიდებულია იმაზე,  რამდენად შევძლებთ ევროკავშირის ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლის შემდეგ საქართველოსა და შენგენის ზონის სახელმწიფოებს შორის სავიზო ბარიერი მოიხსნება.

- უპირველესად ეს არის საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლება, რომლის შესახებ პირდაპირ მიანიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

- წინსვლა ბევრ სფეროშია საჭირო. მთავარია, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და მჯერა, უვიზო რეჟიმი არ არის მრავალი წლის პერსპექტივა. სხვათა შორის, უვიზო რეჟიმი უკვე შესთავაზეს მოლდავეთს, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის და იმავე უკრაინისთვის.

- სანამ მოლდავეთ-უკრაინაზე ვისაუბრებდეთ, მინდა გკითხოთ ყბადაღებულ 49-ე მუხლზე. კერძოდ, ვილნიუსის სამიტის დეკლარაციიდან ამოიღეს 49-ე მუხლი, რომელიც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს უფლებას ანიჭებს,  წევრობის შესახებ მიმართოს ევროკავშირს, თუ ის პატივს სცემს ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს. ეს მუხლი ასეთი ჩანაწერით შეიცვალა - ვილნიუსის სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს ისევე, როგორც მათ მტკიცე პოზიციას, ააშენონ ღრმა და მდგრადი დემოკრატია.

- ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს საქართველოს დელეგაციის წევრები გაგვცემენ. ტყუილია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, თითქოს ასეთი ჩანაწერი უნდა ყოფილიყო შეთანხმების პარაფირების ტექსტში. არა - საუბარია ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც ვილნიუსის სამიტის მონაწილე ყველა სახელმწიფომ მიიღო და ამ დეკლარაციის თანაავტორია ყველა ის სახელმწიფო, რომელიც პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობს - მათ შორის, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს ხომ არ ყოფილა მხოლოდ საქართველო-ევროკავშირის დეკლარაცია, რომ ზემოხსენებული მუხლი ჩანაწერში მოხვედრილიყო?! ამ ჩანაწერს დეკლარაციის ყველა ავტორის თანხმობა სჭირდება. ვიმეორებ - დეკლარაციის  ავტორები ისეთი ქვეყნებიც არიან, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრობა და თავიანთი მოკავშირეების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა არასოდეს უფიქრიათ. ძნელია, ასეთი სახელმწიფოების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციაში ვიხილოთ ზემოხსენებული მუხლი. ასე რომ, ევროკავშირის მხრიდან რაიმე ბოროტ განზრახვას ნუ დავინახავთ და ნურც იმას წარმოვიდგენთ, თითქოს ევროპულ გზაზე რაიმე ბარიერი გაჩნდა. მაშინ არც აღმოსავლური პარტნიორობა იარსებებდა და არც სამეზობლო პოლიტიკა. მოკლედ, დეკლარაციაში 49-ე მუხლი რომ არ მოხვდა, ეს არაფერს ნიშნავს.

-  თქვით, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღწევად საქართველოს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევს. კი მაგრამ, ეს პირობები დააკმაყოფილა მოლდავეთმა, რომელმაც უვიზო რეჟიმი უკვე მიიღო?! ექსპერტების აზრით, საქართველოსა და მოლდავეთში ცხოვრების დონე თუ ეკონომიკური განვითარების პარამეტრები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე, სერიოზული პოლიტიკური რყევები მოლდავეთშიც იყო.

- ჩემი აზრით, საქართველოსა და მოლდავეთს შორის არის განსხვავება - სავიზო და საემიგრაციო პოლიტიკის კუთხითაც. ამ ყველაფერმა ერთ კალათაში მოიყარა თავი და ევროკავშირმა მოლდავეთის მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

- თუმცა ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის აზრით, გადამწყვეტი როლი შეასრულა რუმინეთმა, რომელიც ევროკავშირ-მოლდავეთს შორის უვიზო რეჟიმის საკითხს დაჟინებით ლობირებდა.

- ამგვარ მოსაზრებას ლოგიკა აქვს. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს საქართველოს ინტერესები შეილახა. უბრალოდ, საქართველოს მეტის გაკეთება მოუწევს იმის დასადასტურებლად, რომ ევროპისთვის საიმედო პარტნიორია. პირველ რიგში, უნდა გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის კუთხით და საიმიგრაციო პოლიტიკის დარგში. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მთავარია, გავაანალიზოთ -  იყო თუ არა ყველაფერი გათვლილი. ამ პროცესში გაჩნდება კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ამას დრო დასჭირდება და  მოლდავეთმა ეს უკვე გააკეთა.

- ვილნიუსის სამიტის მთავარი იმედგაცრუება უკრაინის უარი იყო, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ოფიციალური კიევი დანებდა რუსეთის შანტაჟს და ევროპული პერსპექტივა გვერდზე გადადო. მანამდე, ისევ ვლადიმირ პუტინის მონდომებით, ევროკავშირისგან გარკვეულწილად დისტანცირება მოახდინეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრემლის მომდევნო სამიზნე საქართველოა და 2014 წელს, რომელიც ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპისთვის გადამწყვეტია, მოსკოვი თბილისზე მკაცრ პრესინგს და ახალი პრობლემების შექმნის მუქარით შანტაჟს დაიწყებს.

- პირდაპირ გეტყვით - რუსეთი საქართველოს მიმართ ასეთი პოლიტიკის განხორციელებას შეეცდება და ზეწოლისთვის  გამოიყენებს ყველა საშუალებას -  ეკონომიკურ ბერკეტებს თუ პოლიტიკურს,  მათ შორის ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ჩათვლით. ამას საქართველომ უნდა დაუპირისპიროს მტკიცე ნებისყოფა, ცივი გონება, მაგარი ნერვები და კეთილგონიერება საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებით და რეაქციებით.

ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლოა, საქართველო წინ აღუდგეს ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. ფხიზლად უნდა ვიყოთ!

- იქნებ დავაკონკრეტოთ, სავარაუდოდ, რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს რუსეთი საქართველოს მიმართ. ისევ დაუკეტავს ბაზარს ქართულ პროდუქციას და იქ მცხოვრებ ქართველებს პრობლემებს შეუქმნის? ახსენეთ რუსეთის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის საფრთხეც...

- როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთის მხრიდან სავარაუდო ნაბიჯებზე, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება: არც ბაზრის ხელმეორედ დაკეტვა და არც შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. რუსეთის მხრიდან შეიძლება იყოს იმგვარი გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში სახელმწიფოები არ იღებენ. საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთად დგომისა და კოორდინირებული მუშაობის შემთხვევაში, ასეთი სირთულეების დაძლევა შესაძლებელია. ამის რესურსი სახელმწიფო აპარატს ნამდვილად აქვს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს მწარე გამოცდილებაც, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში საკმარისად დავაგროვეთ და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

- რუსეთის მხრიდან წნეხის პირობებში უნდა ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირის მხრიდან არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალური დახმარების იმედი, რომ მაგალითად, მოახდინოს იმ ზარალის კომპენსაცია, რასაც რუსული ბაზრის სავარაუდო დახურვა მოგვიტანს? ასეთ დახმარებას ევროკავშირი უკრაინას სთავაზობდა...

- რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის დახმარების იმედი და ამაზე კამათი არც შეიძლება. თუმცა მთავარია, რომ გამოწვევებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა კეთილგონიერების ფარგლებში იყოს დაგეგმილი და რეალიზებული. ასევე, მთავარია, რომ მხოლოდ სხვის იმედად არ ვიყოთ და გამოწვევებს ერთიანობა და სიმშვიდე დავუპირისპიროთ.

- შეძლებს თუ არა საქართველო რუსეთისგან წნეხის გაძლებას, ალბათ, ამაზე გარკვეულწილად სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ბედიც არის დამოკიდებული.

- რა თქმა უნდა, საქართველო ევროინტეგრაციის კუთხით სამხრეთ კავკასიაში ორთქლმავლის როლს ასრულებს და სწორედ ჩვენს ქვეყანაზეა დამოკიდებული, ექნებათ თუ არა ევროპისკენ წინსვლის შანსი ჩვენს უახლოეს მეზობლებს.

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ საქართველოს სანქცია დაუწესა, რომლის თანახმად, საქართველოში ორი წლის განმავლობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ გაიმართება. ამის მიზეზი ის არის, რომ რუს დეპუტატ ვასილ ლიხაჩოვს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა. არადა, ლიხაჩოვი საქართველოში იმიტომ არ შემოუშვეს, რომ მას დარღვეული ჰქონდა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და წესით, ეს უნდა სცოდნოდათ საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.

-  ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის უსიამოვნოა, თუმცა ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიაჩნია, რომ შეზღუდვები არ უნდა ვრცელდებოდეს დეპუტატებზე. თუმცა საქართველომ თავისი კანონმდებლობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვას და პარალელურად, დაიწყოს დიალოგი საპარლამენტო ასამბლეასთან, რათა ზემოხსენებული პრობლემა მოგვარდეს.