"დღეს პროკურატურას საკადრო კუთხით სჭირდება ქირურგია" - კვირის პალიტრა

"დღეს პროკურატურას საკადრო კუთხით სჭირდება ქირურგია"

"ლაშა ნაცვლიშვილი საზღვარგარეთ წავიდა ერთ-ერთი პირის დასაკითხად და შემდეგ გაჩერდა გარკვეულ სკანდალურ საქმეებზე გამოძიება"

ნორმალურ ქვეყნებში თოვა და ყინვა სტიქიურ უბედურებას არ ემსგავსება

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოიმარაგოს ტექნიკური მარილი გზებისთვის და იოდიზებული მარილი - ჩინოსნებისთვის. კერძოდ, იქნებ ზოგიერთ ჩინოსანს გაეხსნას გონება და მიხვდეს, რომ სახელმწიფო უწყებების ფუნქცია რისკების გამოთვლა და შემცირებაა და არა "მეხანძრის" როლის შესრულება. მაგალითად, ზოგიერთ თანამდებობის პირს რომ დაეგუგლა, - "როგორ მოვახერხოთ ისე, რომ წამოთოვის გამო ნახევარი ქვეყნის პარალიზება არ მოხდეს", - თავისთვის საინტერესო რაღაცებს შეიტყობდა. ვთქვათ იმას, რომ ნორმალურ სახელმწიფოებში საგანგებო და სამაშველო სამსახურები მჭიდრო კოორდინაციაში არიან სინოპტიკოსებთან და მოსალოდნელი თოვის ან ყინვის დროს საგანგებო რეჟიმზე გადადიან და წინასწარ შედგენილ რისკზონებში (გზები, დასახლებული პუნქტები, მაგისტრალური მილსადენები) ახდენენ სპეცტექნიკის კონცენტრაციას.

შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში თოვა და ყინვა სტიქიურ უბედურებას არ ემსგავსება. თოვლის გამო აჭარაში და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში 90-იანი წლები რომ დაბრუნდა, ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ (პარალელურად, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბიუჯეტის ხარჯით 83-ათასლარიანი ჯიპის ყიდვას აპირებდა). პრობლემები იყო თბილისშიც - ყინვამ ზოგიერთ უბანში წყლის მილები დახეთქა. ყველაზე კონგენიალური კი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განმარტებაა - მილები ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას ვერ უძლებსო. ასე რომ, ზაფხულისთვის ყინული მოვიმარაგოთ, თანამოქალაქენო, - მილები ჩავაციოთ, ემანდ არ დადნეს. ხუმრობა იქით იყოს და, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ აჭარაში გადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოსვლა დივერსიას უკავშირდებოდეს. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ალბათ, სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ ეს საკითხი.  თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აჭარის მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობა ფხიზლად ყოფნას არის შეჩვეული - ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირის დროს ისინი საზღვრისპირა ზოლში ცხოვრობდნენ. ამიტომ მათ დივერსიის ფაქტი არ გამოეპარებოდათ. შესაბამისად, პირადად ჩემთვის ცოტა ძნელად დასაჯერებელია, რომ დივერსიასთან გვქონდეს საქმე. ყველაფერი უფრო მოუმზადებლობას უნდა დავაბრალოთ. თუმცა იმედია, დივერსიასთან დაკავშირებით კალაძე უფრო მყარ არგუმენტებს წარმოადგენს.

- ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის საკითხს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ბერიძე სამსახურებრივ მანქანად 2012 წლის გამოშვება "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, 2014 წლის იმავე მოდელის მანქანის ყიდვას გეგმავდა, რაც ბიუჯეტს 83 ათასი ლარი დაუჯდებოდა.

- ავთანდილ ბერიძე არ არის ამჟამინდელი ხელისუფლების ერთადერთი ჩინოსანი, რომელიც თავს ასეთი ფუფუნების უფლებას აძლევს. როგორც ჩანს, მათ ბოლომდე ვერ გაითავისეს, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რაში უნდა დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ღარიბაშვილი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ავთანდილ ბერიძესთან დაკავშირებული თემის განხილვის საკითხი დასვა. სანამ საზოგადოების აღშფოთება უფრო ფართო მასშტაბებს მიაღწევს, სჯობს, თავად პარტიამ მოახდინოს ამაზე რეაგირება. ველი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ავთანდილ ბერიძის საქმეზე და ვიმედოვნებ, რომ ეს ჭკუის სასწავლებელი და მაგალითი გახდება "ქართული ოცნების" ელიტისა და რიგითი წევრებისთვის.

- ჭკუის სწავლების რა მოგახსენოთ, მაგრამ ზოგიერთ ჩინოსანს ჭკუის დამრიგებელი მართლა სჭირდება. ლიხს იქით თოვლმა ნახევარი საქართველოს პარალიზება მოახდინა, ლიხს აქეთ - თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა პარალიზებულია იმის გამო, რომ ვიღაცას აზრად მოუვიდა ავტობანთან დაკავშირებული სამუშაოების ზამთარში დაწყება.

- არ ვიცი, ეს "სიჭკვიანე" ვის დავაბრალო - მერიას თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს. თუმცა თუ არ ვცდები, ავტობანის დედაქალაქის მონაკვეთზე სწორედ მერიაა პასუხისმგებელი. წლის ბოლოს აუთვისებელი საბიუჯეტო თანხა ამა თუ იმ უწყებას ეჭრება და შესაძლოა, გადაწყვიტეს, სასწრაფოდ აითვისონ ეს თანხა და შეასრულონ ფინანსური ვალდებულება. მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტია -

ზამთარში საგზაო სამუშაოების დაწყების გამამართლებელი არგუმენტი ძნელად მოიძებნება.

-  გასულ კვირას მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა ის იყო, რომ შესაძლოა, მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს კანონთან პრობლემები შეექმნეს.

-  ყველაზე მეტ ინფორმაციას ლაშა ნაცვლიშვილის ავკაცობის შესახებ ფლობენ იმ ბიზნესმენების ადვოკატები,  რომლებიც სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად,  აღმოჩნდნენ ახალი უსამართლობის მორევში. რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში მისაყვედურა - რას ერჩის ცისკარიშვილი ნაცვლიშვილსო. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს - ნაცვლიშვილის ტყუილებიც ადვილად გაიშიფრა და ჩვენი ხელისუფლებისთვის  თვალის ახელის ჟამი დადგა.

- თქვენი ინფორმაციით, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით შეიძლება ნაცვლიშვილს კანონთან პრობლემები შეექმნას? შეგახსენებთ, რომ ნაცვლიშვილზე მედიაში რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთის მიხედვით, საქმე შესაძლოა, ბიზნესის წართმევის მცდელობას ეხებოდეს, მეორე ვერსიით კი ალბათ ნაცვლიშვილს სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უკანონო მფარველობაში დაადანაშაულებენ.

- როდესაც მაღალი თანამდებობის პირი გადის სამართლებრივი სივრციდან, მისთვის ყველა გზა მისაღებია საკუთარი ჟინის დასაკმაყოფილებლად. არცთუ ისე დიდი დრო დასჭირდება ადვოკატურას თუ სასამართლოს  ტყუილ-მართლის გასარკვევად. ერთ დეტალს გეტყვით - ლაშა ნაცვლიშვილი საზღვარგარეთ წავიდა ერთ-ერთი პირის დასაკითხად და შემდეგ მოვლენები უცნაურად განვითარდა. გაჩერდა გარკვეულ სკანდალურ საქმეებზე გამოძიება. ასევე, ნაცვლიშვილმა დანერგა  პრაქტიკა - იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ამხელდნენ მისი კოლეგების არაკაცობას, შეჩერდა. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი საქმეების გამოძიება ახალმა მთავარმა პროკურორმაც დაიწყოს. სამწუხაროდ, დღეს არ შემიძლია იმის თქმა, ვის შეხვდა ნაცვლიშვილი საზღვარგარეთ და რა სქემით შეჩერდა ზემოხსენებული საქმეების გამოძიება. ეს რომ დაგისახელოთ, არასასურველი აჟიოტაჟი ატყდება და სამართლიანობის დადგენას ხელი შეეშლება.

- ნება თქვენია, თუმცა, სავარაუდოდ,  ან ზურაბ ადეიშვილზე უნდა ვიფიქროთ ან დათა ახალაიაზე. პრესაში დაიწერა კიდეც იმ ვერსიაზე, რომ თითქოს ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენები დათა ახალაიასა და ნაცვლიშვილს შორის გარიგების შედეგია.

-  დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მხოლოდ ერთს ვიტყვი - ნამდვილად დამწყდება გული, თუ ლაშა ნაცვლიშვილი, რომელსაც ნიჭიერ ადამიანად მივიჩნევ, ბრალდებულის როლში აღმოჩნდება.

- ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის შემდეგ, ამ უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საია-მ ამის შესახებ განმარტება მოითხოვა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ძირითადად, განცხადებების დაწერას სამსახურიდან წასვლის შესახებ არჩილ კბილაშვილის კადრებს სთხოვენ.

- მოწმენი ვართ, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში პროკურატურა იმავე კადრების იმედად დარჩა,  რომლებიც თავის დროზე საქართველოში სჩადიოდნენ უსამართლობას. პროკურორები უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ბედავდნენ,  ვიდრე მათ მიერ ბრალდებული ადამიანები. კბილაშვილისგან რომ იყო ადამიანი  დანიშნული, სულაც არ ნიშნავს მის უცოდველობას. სწორედ კბილაშვილის მიერ იყო დანიშნული ერთი ცნობილი პროკურორი,  რომელმაც თავის დროზე  არაერთი საქმე შეკერა. საკადრო შეცდომა ყველას შეუძლია მოუვიდეს. ისიც ფაქტია, რომ დღეს პროკურატურას საკადრო კუთხით სჭირდება ქირურგია, რადგან თერაპია აღარ მოქმედებს. ასევე, ველი რამდენიმე მკაფიო ნაბიჯს პროკურატურისგან სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით.

- გასულ კვირას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი გუბერნატორები წარადგინა. ამასთან, კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი მელაშვილი აკაკი ჩხენკელმა შეცვალა.

- ამ ეტაპზე ახალ გუბერნატორებს  ვერ შევაფასებ, რადგან მათი გვარ-სახელები წარდგენის დღეს პირველად გავიგე. თუმცა როგორც ვიცი, ახალი გუბერნატორების დიდი ნაწილი ადრე სამართალდამცავ სისტემაში მუშაობდა. პოლიციაში მუშაობა ნაკლი არ არის, მაგრამ როცა მათი რაოდენობა ჭარბობს სხვა პროფესიის ადამიანთა ჯამს, უნდა ჩავთვალოთ, რომ ასეთია საკადრო პოლიტიკის ქვაკუთხედი საქართველოში. საზოგადოება განსაკუთრებით აღტაცებული ასეთი ვითარებით ვერ იქნება, არა იმიტომ, რომ პოლიციელობა ვინმეზე ნაკლებია, არამედ იმიტომ, რომ ისტორიაში წარმატებული პოლიციური სახელმწიფო არ გვეგულება. რაც შეეხება მელაშვილს - არ მინდა სხვადასხვა ვერსიაზე ვიმკითხაო, დიდი ალბათობით ამ ცვლილების საფუძველი ის გახლავთ, რომ მელაშვილს არ აქვს პოლიციური წარსული.

- ძალიან რადიკალურ შეფასებებს ხომ არ აკეთებთ? ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო და გუბერნატორების თანამდებობაზე დანიშნა ისინი, ვისაც იცნობს. იქნებ ამან გამოიწვია გუბერნატორების პოსტებზე ყოფილი სამართალდამცველების სიჭარბე და არა იმან, რომ პოლიციური სახელმწიფოსკენ მივდივართ?

- სწორედ ეს არის ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც შეგვიძლია ავხსნათ გუბერნატორების თანამდებობებზე პროფესიათა ზემოხსენებული ბალანსი.