წლის თემა - კვირის პალიტრა

წლის თემა

2013 წლის მთავარი მოვლენა იყო, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა დასავლეთისკენ. მხოლოდ ვილნიუსის სამიტსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას არ ვგულისხმობ. მაგალითად, 2012 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში დაიწყო ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლისათვის მზადება, 2013 წელს კი, ასევე პირველად ქვეყნის ისტორიაში, ჩატარდა მშვიდი, კონსტრუქციული არჩევნები, რომლის შედეგი ყველამ აღიარა - უპირველესად, დამარცხებულებმა და საზოგადოებამ. სწორედ ეს იყო დიდი ნაბიჯი დასავლეთისკენ და იმისკენ, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსოს, საზოგადოება კი - საზოგადოებას. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, ამ ყველაფრის კონსტრუქტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც წლის ბოლოს სიტყვა შეასრულა და პოლიტიკიდან წავიდა. მას წლის პოლიტიკოსის სტატუსს ვერავინ შეეცილება. იმედია, არც 2014 წელს და არც მომდევნო წლებში საქართველოში არ შეიქმნება ისეთი მდგომარეობა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გახდეს საჭირო. მოდი, გადავავლოთ თვალი 2013 წელს და გავიხსენოთ, რაზე ამახვილებდნენ ექსპერტები ყურადღებას.

VENI, VIDI, VICI

კახი კახიშვილი: "ივანიშვილის ღია წერილის "პოსტ კრიპტუმის" წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ცნობილი გამონათქვამი VENI, VIDI, VICI - "მოვედი, ვნახე, ვძლიეო. მართლაც, ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობა", წავიდა და დაგვიტოვა მთავრობა.

ისე, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი უფრო მეტად დაალაგებდა შიდაპოლიტიკურ პროცესებს და მერე წავიდოდა. რაც შეეხება მის გადანაცვლებას სამოქალაქო სექტორში, ივანიშვილის ავტორიტეტსა და სიტყვას საქართველოში მომავალშიც დიდი დატვირთვა ექნება. მთავარია, მან არ გამორთოს ტელევიზორი და იკითხოს პრესა.

მახსენდება მისი ერთ-ერთი განცხადება, რომ 2003 წელს, მას შემდეგ, რაც დაეხმარა "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლაში, გათიშა ტელევიზორი და არ ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მთავარია, ახლაც იგივე შეცდომა არ გაიმეოროს, რათა შემდეგ ტელევიზორის ჩართვამ კრიტიკულ მომენტში არ მოუწიოს. ივანიშვილმა არ უნდა დაკარგოს კონტაქტი საზოგადოების წევრებთან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ პირებისგან არ უნდა მიიღოს, რომლებიც ხელისუფლებაში მან მოიყვანა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რჩევები მისცეს თავის გუნდს და იმ ადამიანს, რომელიც პრემიერ-მინისტრად დატოვა. წარმოუდგენელია, რომ მარგველაშვილს, ღარიბაშვილსა და უსუფაშვილს პირველ ეტაპზე მაინც მნიშვნელოვან საკითხებზე ივანიშვილთან კონსულტაციები არ ექნებათ.

თუმცა კონსულტაციები კონსულტაციებად უნდა იყოს აღქმული და არა დირექტივებად. ის, რომ ივანიშვილმა შეძლო და "ნაცმოძრაობა" გაისტუმრა ხელისუფლებიდან, უკვე პრევენციული მაგალითია ამ ხელისუფლებისთვისაც. თუ პრეზიდენტი და მთავრობა არასწორად წარმართავენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ივანიშვილის კრიტიკას შესაძლოა მათთვის მძიმე შედეგი მოჰყვეს. რაც შეეხება რჩევა-დირექტივებს, პირველ ეტაპზე, ალბათ, ივანიშვილის თითოეული სიტყვა აღქმული იქნება როგორც დირექტივა, მაგრამ ყველაფერი თანდათან დაბალანსდება.

საერთოდ კი, ივანიშვილს არც შევარდნაძისა და არც სააკაშვილის მთავრობისთვის მიუცია ოდესმე ცუდი რჩევა. თუ დაინახავს, რომ ქვეყანა სწორად არ ვითარდება, ხელისუფლებას მისცემს რჩევებს და ამის საფუძველზე სათანადო გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. რა არის ამაში ცუდი?"

"ნაციონალები" "ნიურნბერგის პროცესის" მსგავს სასამართლოს ვერ ასცდებიან"

სანდრო თვალჭრელიძე: "ძალიან დიდი განსხვავებაა, რაც ხდებოდა "ნაციონალების" მმართველობისას და რაც ხდება დღეს. განსხვავება ის არის, რომ დღეს გადაცდომებს საზოგადოებას არ უმალავენ და მის გამოძიებას იწყებენ.

დღეს ზეწოლას შენდობა არა აქვს. "ნაციონალების" დროს სისტემურად იყო დამკვიდრებული წამება და გაუპატიურება, რაც დღეს ნამდვილად არ ხდება.

დიდი ხანია ველოდები, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნანგრევებზე სხვა პარტია ჩამოყალიბდება. მათი მოსაზრებები ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ არიან "ნაციონალებში" პირები, რომლებსაც სისხლში არ გაუსვრიათ ხელები. მაგალითად, მაინტერესებს, რატომ უნდა ჩაჰყვეს დავით ბაქრაძე ჩაძირულ გემს?! დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" "ნიურნბერგის პროცესის" მსგავს სასამართლოს ვერ ასცდებიან. მაგრამ რატომ უნდა აგონ პასუხი იმ პირებმაც, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ?!"ალ-ქაიდასა" და "თალიბანს" საქართველოშიც აქვთ დასაყრდენი"

ბადრი ნაჭყებია: "კავკასიაში რომ "თალიბანს" დასაყრდენი ჰყავს, ცხადია. საკმარისია, შევიდეთ "კავკასიის იმარათის" საიტზე და ვნახავთ, როგორ ასხამენ ხოტბას იმ ტერორისტებს, რომლებიც ავღანეთში კოალიციის ძალებს ანადგურებენ, ნებისმიერ ტერაქტს საღვთო ომად აღიარებენ და მათთვის ქართველსა და ამერიკელს შორის განსხვავება არ არის.

"ალ-ქაიდას", "თალიბანსა" და საზოგადოდ, რადიკალურ ისლამს საქართველოშიც აქვთ დასაყრდენი. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თვალი არ უნდა დავხუჭოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მუსლიმანური მოსახლეობაცაა, რომელთანაც "მუშაობენ" რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციების წევრები. პარალელს არ ვავლებ, უბრალოდ, ინფორმაციისთვის ვამბობ.

საქართველოში, ძირითადად, სუნიტები ცხოვრობენ, "თალიბანი" კი სწორედ სუნიტურ მოძრაობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. გარდა ამისა, საქართველო აღმოსავლელი ემიგრანტების თავშესაფარი გახდა. აქ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს სირიიდან, პაკისტანიდან და ინდოეთიდან, სადაც "თალიბანს" ღრმა ფესვები აქვს. არ არის გამორიცხული, ვიღაცამ ეს სეგმენტიც გამოიყენოს".

"შესაძლოა, გამწარებულმა ხალხმა თავად მოინდომოს სამართლიანობის აღდგენა"

მამუკა არეშიძე: "მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" კონკრეტული წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტული წარმომადგენლის ფარი კი არა, მეწილეა, სამართლიანობის აღდგენა აღარ გამოვა. რასაკვირველია, განსაზღვრული კატეგორიის ქონების მფლობელისთვის დაბრუნება ბიუჯეტს ტვირთად დააწვება, მაგრამ რა უშლის ხელს, რომ წართმეულის დიფერენცირება მოხდეს?! რა მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს ის მაღაზია ან მიწის ნაკვეთი, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალებმა" ერთ პირს წაართვეს და მეორეს აჩუქეს? სრულიად შესაძლებელია, გამწარებულმა ხალხმა თავად მოინდომოს სამართლიანობის აღდგენა. ვიცნობ კაცს, რომელიც დაიღალა ლოდინით და უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანა სპეცსადგომიდან თვითნებურად წამოიყვანა და ვერავინ ვერაფერი უთხრა. ხვალ ვიღაც წართმეულ მაღაზიაში შევა და ნელ-ნელა ამან შესაძლოა, მასობრივი ხასიათი მიიღოს. საქართველოს მოსახლეობის 25% სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, პროკურატურასთან აპელირების რეჟიმი ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება და კატეგორიულ ქმედებებზე გადავლენ. ხალხს სამართლიანობის აღდგენის იმედი უნდა დაუბრუნდეს".

"დღეს პროკურატურას საკადრო ქირურგია სჭირდება"

სოსო ცისკარიშვილი: "ყველაზე დიდი ინფორმაცია ლაშა ნაცვლიშვილის ავკაცობაზე იმ ბიზნესმენების ადვოკატებს აქვთ, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, ახალი უსამართლობის მორევში აღმოჩნდნენ. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რათა საგამოძიებო პროცედურებს, თუკი დაიწყება, ხელი არ შევუშალო. ერთ დეტალს მოვიყვან: ლაშა ნაცვლიშვილი საზღვარგარეთ წავიდა ერთ-ერთი პირის დასაკითხად და შემდეგ მოვლენები უცნაურად განვითარდა. შეჩერდა სკანდალური საქმეების გამოძიება. ასევე, ნაცვლიშვილმა დანერგა პრაქტიკა - იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ამხელდნენ მისი კოლეგების დანაშაულებს, შეჩერდა. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი საქმეების გამოძიება ახალმა მთავარმა პროკურორმა დაიწყოს. ამასთან, ჩვენ მოწმენი ვართ, რომ განვლილ წელს პროკურატურა იმავე კადრების იმედად იყო, რომლებიც თავის დროზე საქართველოში უსამართლობას ამკვიდრებდნენ. პროკურორები უფრო მეტ დანაშაულს სჩადიოდნენ, ვიდრე მათ მიერვე ბრალდებული პირები. თუ რომელიმე პირი კბილაშვილის დანიშნული იყო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უცოდველია. საკადრო შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვას.  ცხადია, დღეს პროკურატურას საკადრო ქირურგია სჭირდება, რადგან თერაპია აღარ მოქმედებს".

"არ მინდა ვიფიქრო, რომ ქვეყნის დაშლის მიზანმიმართულ პროცესთან გვაქვს საქმე"

არჩილ გამზარდია: "მარტივად ავხსნი თვითმმართველობის კოდექსის მთავარ საფრთხეს: კოდექსის მიხედვით, შემოდის რეგიონული დაყოფა. რეგიონებში განსაკუთრებული უფლებები ენიჭება ავტოქთონურ მოსახლეობას. მაგალითად, შეიქმნება ჯავახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელოსა თუ თუშეთის რეგიონები და ა.შ.  სხვათა შორის, იმ რეგიონებში, სადაც აქვთ საკუთარი ენა, ბუნებრივია, მას მიანიჭებენ რეგიონული ენის სტატუსს. არ მინდა, ვინმე დავზაფრო, მაგრამ მაინცდამაინც ისეთი მდგომარეობა უნდა მივიღოთ, რომ მაგალითად, სვანეთის რეგიონში სვანური რეგიონული ენა იყოს, სამეგრელოში - მეგრული და ჯავახეთში კი სომხური?! შემდეგ ეს ყველაფერი ეთნიკურ ნიშანს მიიღებს და წარმოდგენაც ძნელია, რას მოგვიტანს. რესპუბლიკური პარტია კი ამტკიცებს, ამ გზით პერსპექტივაში აფხაზეთიც შეგვიძლია დავიბრუნოთო, მაგრამ შესაძლოა, პირიქით მოხდეს და საქართველო დაიშალოს. რეგიონის ან თვითმმართველობის სივრცეში სტატუსების მიცემა იმდენად საფრთხილო საკითხია, რომ მას ყოველმხრივ გააზრება სჭირდება. თვითმმართველობის კოდექსის პროექტზე არ უმუშავიათ ეთნოგრაფებსა და ეთნოლოგებს, რაც აუცილებელი იყო. არ მინდა ვიფიქრო, რომ ქვეყნის დაშლის მიზანმიმართულ პროცესთან გვაქვს საქმე".

"ურთიერთობა გამოსასწორებელია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია"

კოტე ჟღენტი: "რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და საქართველო არ აპირებს ამასთან შეგუებას. ახალ ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყნის ევრო\ატლანტიკური ინტეგრაციის კურსი უცვლელია და ეს ასეც არის. შესაბამისად, არც თავის და არც ვინმეს მოტყუებაა საჭირო, თითქოს ქვეყანა საგარეო კურსს იცვლის. შეიძლება სტრატეგია იყოს იგივე, მაგრამ ამ სტრატეგიის მიღწევის ტაქტიკა - სხვადასხვაგვარი. სტრატეგიის ნაწილია ისიც, რომ მეზობელ რუსეთთან დღეს არსებული ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ვითარება გამოსასწორებელია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამის მიუხედავად, თუ გვინდა ამ ტერიტორიების დეოკუპაციას მივაღწიოთ, ეს მხოლოდ რუსეთთან დიალოგით შეიძლება".

"ფრთხილად უნდა ვიყოთ!"

ირაკლი მენაღარიშვილი: "ვილნიუსის სამიტი მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის.

პრაქტიკულად, დღეს საქართველო ევროკავშირთან უფრო ინტენსიური და ახალი ფორმატით თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით. ხაზს გავუსვამ იმას, რომ პარაფირება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის იხსნება ევროპული ბაზარი - წინსვლა ბევრ სფეროშია საჭირო. მთავარია, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და მჯერა, უვიზო რეჟიმი არ არის მრავალი წლის პერსპექტივა. სხვათა შორის, უვიზო რეჟიმი უკვე შესთავაზეს მოლდავეთს, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსა და უკრაინისთვისაც.

პირდაპირ გეტყვით - რუსეთი საქართველოში ასეთი პოლიტიკის განხორციელებას შეეცდება და ზეწოლისთვის გამოიყენებს ყველა საშუალებას - ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ბერკეტებს, მათ შორის ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ჩათვლით. ამას საქართველომ უნდა დაუპირისპიროს მტკიცე ნებისყოფა, ცივი გონება, მაგარი ნერვები და კეთილგონიერება საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებითა და რეაქციით. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველო წინ აღუდგება ჩვენი ინტერესების საზიანო ნაბიჯებს. ფხიზლად უნდა ვიყოთ!

საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის დახმარების იმედი და ამაზე კამათი არც შეიძლება. თუმცა მთავარია, რომ გამოწვევების გასამკლავებლად ჩვენი პოლიტიკა კეთილგონივრულად დაიგეგმოს და განხორციელდეს. ასევე, მთავარია, მხოლოდ სხვის იმედად არ ვიყოთ და საფრთხეებს ერთიანობა და სიმშვიდე დავუპირისპიროთ".

დიპლომატები "კვირის პალიტრაში"

გუნტერ ბეხლერი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში: "ისტორიულად, შვეიცარიაცა და საქართველოც დამოუკიდებლობას ბრძოლითა და სისხლის ღვრით ინარჩუნებდნენ, მაგრამ შვეიცარიის ნეიტრალიტეტის გამოცხადებისას უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმანაც, რომ ქვეყანას ჰქონდა სამხედრო რესურსი, რითაც თავის დაცვას უზრუნველყოფდა. საქართველოს კი ასეთი ფუფუნება არ ჰქონია. ისტორიულად რამდენიმე მხარის ინტერესის სფეროში მოქცეული საქართველო ამჯობინებდა, უფრო დიდ ძალას მიჰკედლებოდა, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. ახლაც, თუკი საქართველო ნატოს წევრი გახდება, ეს ქვეყნის ისტორიული გზის ბუნებრივი გაგრძელება იქნება. თანაც, ქვეყანას არ აქვს გარანტია, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში მეზობლები მის ნდობას 100 პროცენტით გაამართლებენ და თავს არ დაესხმებიან".

იუჯინ კოგენი, მკვლევარი-ანალიტიკოსი: "ევროკავშირს არ სურს, იმოქმედოს, მაგრამ ყოველთვის მზადაა სალაპარაკოდ... საუბარი მისი საყვარელი იარაღია, რომელსაც დიდი შედეგი არ მოაქვს...

...არა მგონია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება უახლოეს 25-30 წელიწადში მოხდეს...

...უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ნატო გამუდმებით სწევს გადასალახ ბარიერს მაღლა და მაღლა, რათა საქართველოს მიღების საკითხი გადაავადოს. ქართველი ერი თოკზე მიმავალ ეკვილიბრისტს ჰგავს, რომელსაც ნატო ეუბნება, კარგია, რომ მორიგი ნაბიჯი გადადგი, მაგრამ თოკის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია დარჩენილიო. თოკი კი ნატოსია, რომელსაც იგი საკუთარი სურვილისამებრ აგრძელებს ან ამოკლებს".

თომას ჰამერბერგი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: "მ'ინარეთთან დაკავშირებული მოვლენები საგანგაშოდ მეჩვენება - საზოგადოება თვლიდა, რომ სამართლიანი იქნებოდა, თუ მინარეთს დაანგრევდნენ... წარმოიდგინეთ, რა განცდა დაეუფლებოდათ თუნდაც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, ვინმეს მათი სალოცავი რომ დაენგრია?"

ორთვინ ჰენიგი, გერმანიის ელჩი საქართველოში: "მე რომ ქართველი ვიყო, წინააღმდეგი ვიქნებოდი ოლიმპიადაზე წასვლისა. მეჩირაღდნის პრეცედენტს პროვოკაციად და შეურაცხყოფად ჩავთვლიდი...

...შეხედეთ რუკას დასავლეთ ევროპის გადმოსახედიდან და გაიხსენეთ, რად დაუჯდა დასავლეთ ევროპას ორი მსოფლიო ომი და რუსეთის როლი ამ ომებში. ახლა, როცა ეს ყველაფერი მოგვარდა და ევროპაში სტაბილურობამ დაისადგურა, ამას საქართველოს გულისთვისაც კი ვერ შეველევით. მეორე - თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს".

ჩარლზ ფეირბენქსი, მკვლევარი, აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი: "არც ისე ადვილია, პოლიტიკური ძალაუფლების ოლიმპზე მოხვედრა და მერე შენივე ნებით დათმობა. ივანიშვილმა კარგი მაგალითი დაუტოვა პოლიტიკურ მემკვიდრეებს".