"საკადრო საკითხებში ხელისუფლებას უფრო მეტი სიფრთხილე მოეთხოვება" - კვირის პალიტრა

"საკადრო საკითხებში ხელისუფლებას უფრო მეტი სიფრთხილე მოეთხოვება"

"რადგან შევედით მდინარეში, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, უნდა გავიდეთ ბოლოში, სხვანაირად არ გამოვა"

"თუ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფოსკენ სვლა გავაგრძელოთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და შეცდომები იშვიათად დავუშვათ, თუნდაც საკადრო პოლიტიკაში"

მედია, ტრადიციად გადაიქცევა პრეცედენტი იმისა, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს კრიჭაში კი არ ჩაუდგა, არამედ გაითვალისწინა.

ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა რომ დატოვა, ამაში გადამწყვეტი როლი სწორედ საზოგადოებრივმა აზრმა შეასრულა. ხელისუფლების მიერ მისთვის ანგარიშის გაწევა არის დემოკრატიულობის ბარომეტრი და თუ ეს ტრადიციად არ დამკვიდრდა, ევროპულ და დასავლურ ფასეულობებზე ლაპარაკი მხოლოდ ფუჭი სიტყვები იქნება. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე ვესაუბრეთ:

- ხელისუფლება ცდილობდა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძის შენარჩუნებას, მაგრამ საზოგადოების ზეწოლამ ნაყოფი გამოიღო. კარგია, რომ საზოგადოებრივ აზრს გაუწია ანგარიში, მაგრამ უფრო მეტი ოპერატიულობა და საკადრო საკითხებAში მეტი სიფრთხილე მოეთხოვება. მთავარი პროკურორი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა სამართლიანობის აღდგენის საქმეში. ის უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომლის ზნეობაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს.

ბოლო ერთი წელია შესამჩნევად გაუმჯობესდა  მედიაგარემო, სასიკეთო ძვრებია ადამიანის უფლებების დაცვაშიც,  ხელისუფლების შიში გაქრა, საზოგადოება  დაძაბული აღარ არის. მართალია, ყველაფერი ეს ახალი ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ მაინც ცალკეული პირების ნებას ეფუძნება და არ არის გამყარებული ინსტიტუტებით. ამიტომ, თუ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფოსკენ სვლა გავაგრძელოთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და შეცდომები იშვიათად დავუშვათ, თუნდაც საკადრო პოლიტიკაში. საქართველოში ორჯერ ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები: პირველად 1990 წელს, მეორედ კი 2013 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი საზოგადოება მზად არის დემოკრატიის მისაღებად. ბოლო 20 წელი სწორედ დემოკრატიისთვის ბრძოლას მოვანდომეთ და, ბოლოს და ბოლოს, ამან ხომ უნდა გამოიღოს ნაყოფი?!

- თქვენ სამართლიანობის აღდგენა ახსენეთ. ალბათ, 2014 წელს, ბოლოს და ბოლოს, სამართალმა პური უნდა ჭამოს და თან ისე, რომ ჩვენს დასავლელ მეგობრებს კითხვები არ გაუჩნდეთ.

-  შეძლებს თუ არა ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებას  წინა ხელისუფლების დანაშაულის გამოძიებისა და ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის გარეშე, არ ვიცი. რადგან შევედით მდინარეში,  რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, უნდა გავიდეთ ბოლოში, სხვანაირად არ გამოვა.  თუ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაში სხვა რამეს გულისხმობს,  საზოგადოება ამ არგუმენტებს არ მიიღებს და ამას მმართველი გუნდის რეიტინგის დაკარგვა მოჰყვება. იმედგაცრუებული და  გაღიზიანებული მოქალაქეები კი რას მოიმოქმედებენ, ძნელად პროგნოზირებადია.

2014 წელს არც საგარეო ურთიერთობები გვექნება დალაგებული. წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უნდა გააფორმოს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. თავის მოტყუებაა იმაზე ლაპარაკი, რომ თითქოს რუსეთმა საქართველოს საწინააღმდეგო ყველა ბერკეტი გამოიყენა. მას კიდევ უამრავი ბერკეტი აქვს, მთავარი კი ის არის, რომ რუსეთი ის სახელმწიფოა, რომელიც არაფერზე დაიხევს უკან და თუ დასჭირდა, საერთაშორისო ვალდებულებებზეც იოლად იტყვის უარს. როდესაც წინ ასეთი რთული პერიოდი გვაქვს, ქვეყანაში ახალ-ახალი პრობლემები სასურველი არ არის. უპირველესად ეს საზოგადოების განწყობას ეხება და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ 2014 წელს სამართლიანობის აღდგენა დაჩქარდეს.

-  ამ პროცესის ხელოვნური დაჩქარება საქმეს ხომ არ გააფუჭებს? მეორე მხრივ, ალბათ, ისეც არ უნდა გამოჩნდეს, რომ პროცესი გაყინულია. მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია სასამართლოს განაჩენს ელიან, კეზერაშვილს, სავარაუდოდ, საფრანგეთი გადმოსცემს საქართველოს, ადეიშვილი იძებნება, ისევე როგორც წინა ხელისუფლების ათეულობით ჩინოსანი, გიგი უგულავას ძალიან მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული...

- გასაგებია, მაგრამ ეს საქმეები ხომ უნდა დამთავრდეს? პროკურატურას დიდი როლი ეკისრება, რადგან თუ მან ბრალდებები სათანადოდ არ გაამყარა და სასამართლომ რომელიმე ან ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა, საზოგადოება ამას მიიღებს არა სამართლიანობის აღდგენად,  არამედ სპექტაკლად. არ დაგვავიწყდეს, რომ სამართლიანობის აღდგენაში ქონებრივი დავების გადაწყვეტასაც მოიაზრებენ.

- ეს მართლაც მწვავე პრობლემაა. წინა ხელისუფლების დროს წართმეულმა ქონებამ თუ ბიზნესმა რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა და ხშირ შემთხვევაში ბოლო მეპატრონეს ის კანონიერად აქვს შეძენილი. მათთვის ქონებისა თუ ბიზნესის ჩამორთმევა არ გამოდის. ჯერჯერობით სახელმწიფოს არც იმის სახსრები აქვს, რომ თავზე აიღოს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა.

-  მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი არ გვაქვს. საინტერესოა, გაკეთდა თუ არა წართმეული ქონების თუ ბიზნესის კლასიფიკაცია? შესაძლოა, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის ქონებრივი უფლებების აღდგენა უფრო მარტივია. როდესაც ქონებრივ დავებთან დაკავშირებული კონცეფცია შემუშავდება, უკვე შეიძლება ფიქრი კონკრეტულ მექანიზმებზე. ალბათ, ამ საკითხებზე მუშაობენ კიდეც, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ერიდება პიარს, კარგი გაგებით. სააკაშვილის დროს ეს ყველაფერი მოჭარბებული იყო, ლამის ბრეჟნევის ეპოქას დავემსგავსეთ. დღეს კი პიარი გაქრა. არადა, მთლად ასეც არ შეიძლება. ქონებრივ დავებს რაც შეეხება, ხელისუფლებამ, ალბათ, უნდა განაცხადოს, მიმდინარეობს თუ არა კონცეფციაზე მუშაობა, ან თუ მიმდინარეობს, რა ეტაპზეა.

-  ყოველ შემთხვევაში, თუ პროცესი დაიძრა, ალბათ, ბიზნესტერორის მონაწილე არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანზე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. სხვათა შორის, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას კანონის უზენაესობა.

- ეს განცხადება არ უნდა მივიღოთ ისე, თითქოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გვსაყვედურობს. სხვათა შორის, დღეს დასავლეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს, რაც სამართლიანობის აღდგენას, გახმაურებული საქმეების გამოძიებას დააჩქარებს.  დასავლეთი უფრო კეთილგანწყობილია საქართველოს ხელისუფლებისადმი. როგორც ჩანს,  საქართველოს მთავრობამ შეძლო ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორების დარწმუნება. თუმცა, რა თქმა უნდა, დასავლეთი ყოველთვის განაცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებს თვალყურს ადევნებს.

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზეც მინდა გკითხოთ. ბოლო დროს მას ხშირად საყვედურობენ, რომ პასიურია და მნიშვნელოვან თემებზე პოზიციის დაფიქსირების მაგივრად, ამბობს, ეს მე არ მეხება, მთავრობის პრეროგატივააო.

- პრეზიდენტის ინსტიტუტი შესუსტდა და მისი ადგილი ხელისუფლებაში ვერ მოიძებნა. შინაარსისგან დაცლილი საპრეზიდენტო ინსტიტუტი მხოლოდ გიორგი  მარგველაშვილის პრობლემა არ არის და  სანამ ინსტიტუტს ფუნქცია არ მოეძებნება,  პრეზიდენტი ყოველთვის მეხუთე ბორბლის როლს შეასრულებს.

საზოგადოებისაც მესმის, ის მიჩვეული იყო, რომ პრეზიდენტი ყველაფერზე რეაგირებდა, ყველა თემაზე კომენტარს აკეთებდა. ისე, მარგველაშვილს, ალბათ, შეუძლია უფრო აქტიურად დააფიქსიროს  პოზიცია ამა თუ იმ საკითხებზე.

- გასულ კვირას ოფიციალურად შეეცვალა სახელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. პაატა ზაქარეიშვილი უკვე უნდა მოვიხსენიოთ როგორც სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. საზოგადოების ნაწილს უკვირს, რატომ იყო ზაქარეიშვილისთვის ასე პრინციპული უწყებისთვის სახელის შეცვლა?

- ეს შეიძლება ჩვენთან არაფერს ცვლის, მაგრამ შესაძლოა რაღაცით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ჩვენ  მართლა უნდა შევრიგდეთ და თან ისე, რომ საქართველოს ერთიანობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს. ეს შერიგების გარეშე არ გამოვა, იარაღით ვერ მოხდება და თუ უწყებისთვის  სახელის ცვლილება საქმეს წაადგება, მხოლოდ მივესალმები.