"სად გაგონილა ცემა-ტყეპა პროკურატურაში?!" - კვირის პალიტრა

"სად გაგონილა ცემა-ტყეპა პროკურატურაში?!"

"საკადრო პრობლემები უკავშირდება კვალიფიკაციის ნაკლებობასაც და უნდობლობის

ფაქტორსაც"

"მე ვიცი ძალიან კარგად, რას მოუტანს ქვეყანას პარტიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენება"

თქვენი მონა-მორჩილი საკმაოდ დიდი ხანია ჟურნალისტიკაშია და ზოგჯერ მიფიქრია, რომ აღარაფერი გამაკვირვებს, თუმცა პროკურატურის განცხადება რომ ვნახე, თვალებს არ დავუჯერე. მოკლე ისტორია ასეთია - ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობისას ამ უწყებიდან რამდენიმე მაღალჩინოსანი გაუშვეს. მათ სასამართლოში იჩივლეს - განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ ზეწოლით დაგვაწერინესო. პროკურატურა მედიას შეჰპირდა - ზემოხსენებული პირების სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებზე განცხადებას გავავრცელებთო. ვიფიქრე, რომ საუბარი სამსახურებრივ გადაცდომაზე იქნებოდა, მაგრამ პრესრელიზის ნახვისას გაკვირვება ვერ დავმალე. "განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა გიორგი ნოზაძემ ჩაიდინა პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი საქციელი. კერძოდ, სამუშაო საათებში ფოტოშოპის საშუალებით, გაშარჟების მიზნით, შექმნა კოლეგის შეურაცხმყოფელი ფოტო, რასაც სამსახურში თანამშრომლებს შორის ლანძღვა-გინება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

რაც შეეხება ლევან ბუაძეს, რომელიც სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, იგი ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ გააჩნდა პროკურორისთვის საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევები, არ ფლობდა გამოძიების, კანცელარიისა და ინტრანეტის ელექტრონულ პროგრამებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება", - აღნიშნულია განცხადებაში. იქნებ, ეს პრესრელიზი ინგლისურად მაინც არ გადათარგმნონ, რომ უცხოეთში თავი არ მოგვეჭრას. თუ ეს მართალია და განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ფოტოშარჟებით ერთობოდა, სამმართველოს უფროსმა კი კომპიუტერზე მუშაობა არ იცოდა, მართლაც სასაცილო მდგომარეობაში ვყოფილვართ ყველანი, როდესაც გაკვირვებული სახეებით ვკითხულობდით - რატომ არ იხსნება  გახმაურებული საქმეებიო?! ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თუმცა გასული კვირის მთავარი მოვლენა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე და მის იმ ნაწილის გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟი იყო, რომელიც ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციას ეხება. ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი ხოშტარიასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ემბრიონების განადგურება რომ ცოდვაა, ამაზე კამათი საჭირო არ არის. ალბათ, საზოგადოების ნაწილმა სუროგაციასთან დაკავშირებული ჩანაწერი ეპისტოლეში არასწორად გაიგო. თუმცა მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ განმარტება გააკეთა, კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. ზოგიერთს საერო საკითხებში კი შეიძლება ჰქონდეს პატრიარქისგან განსხვავებული აზრი. საერთოდ, სუროგაცია რთული თემაა და ამ საკითხზე დებატები მიმდინარეობს პროტესტანტულ თუ მართლმადიდებლურ სამყაროში. თუმცა ეკლესიის მოვალეობაა, ადამიანები გააფრთხილოს და მოუწოდოს, არ ჩაიდინონ ცოდვა. ვიმეორებ - ემბრიონების დახოცვა ცოდვაა და საკვირველია, თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს. ეს ისეთივე ცოდვაა, როგორიც აბორტი, რომელზეც ასევე საუბრობდა უწმინდესი თავის ეპისტოლეში.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ეპისტოლეს ზემოხსენებული მონაკვეთის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ზოგიერთმა საპატრიარქოზე შეტევისთვის გამოიყენა. მწვავე განცხადება გააკეთა პრემიერის მრჩეველმა თამარ ჩუგოშვილმაც: "განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს". ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს ეკლესია სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს ერჩის.

- არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა ორგანიზაციამ ეს გამოიყენა საპატრიარქოზე შეტევისთვის. არ ვიცი, ვინ დადიოდა იმ აქციებზე, სადაც ეპისტოლეს შინაარსს აპროტესტებდნენ, მაგრამ რამდენიმე ორგანიზაცია ვიცი საქართველოში, რომლებიც ნამდვილად გამოიყენებენ ნებისმიერ საბაბს საპატრიარქოზე შეტევისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ასევე მიუღებელია ეპისტოლეს ზოგიერთი მომხრის საქციელი და გამონათქვამები. ორივე მხარემ მეტი თავშეკავება უნდა გამოიჩინოს.

რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, მე ის ჭკვიან ადამიანად მიმაჩნია,  პრემიერის მრჩევლის პოსტზე თავად ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია, მაგრამ თუ განცხადების გაკეთება სურდა, შეეძლო ცოტა განსხვავებული სტილი და ფორმა შეერჩია.

- ეპისტოლეს ეს ნაწილი გააკრიტიკა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამაც. განაცხადა, რომ ეპისტოლე შვილის ყოლის უფლებას ვერც ერთ ოჯახს ვერ წაართმევს. ისევ შეგნებულ თუ შეუგნებელ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე, თითქოს პატრიარქს ვინმესთვის შვილის ყოლა აეკრძალოს.

- გიგი უგულავას ხმა არ აქვს ამოსაღები. მისგან ეპისტოლეს შინაარსის გაკრიტიკება ამორალური საქციელია. სწორედ უგულავასა და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ დღეს ბევრი ოჯახი ვერ აძლევს თავს შვილების ყოლის უფლებას. რაც მათ დამართეს ხალხს წლების განმავლობაში, როგორღა იღებს ხმას გიგი უგულავა?!

- გადავიდეთ საერო საკითხებზე - "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს რომ იხილავს, შესაძლოა, უკვე დასახელებული იყოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი ზედმეტად გაჭიანურდა.

- დიახ, მთავარი პროკურორის კანდიდატურის დასახელება გაჭიანურდა. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ეს. ზოგადად კი, ხელისუფლებას საკადრო კუთხით პრობლემები ნამდვილად აქვს.

- რას უკავშირდება ეს პრობლემები - სავარაუდო კანდიდატთა დაბალ კვალიფიკაციას თუ უნდობლობის ფაქტორს? იმავე პროკურატურაში ნებისმიერი ხელისუფალი რომ "სანდო" კადრების შერჩევას შეეცდება, ფაქტია.

- საკადრო პრობლემები უკავშირდება კვალიფიკაციის ნაკლებობასაც და უნდობლობის ფაქტორსაც. პროკურატურის მაგალითი ავიღოთ - ბოლო წლებში, პროკურორები მიჩვეული იყვნენ, რომ თვითონ არაფერზე ეფიქრათ და ზემოდან მოსული ბრძანებები გაეფორმებინათ. ეს, რა თქმა უნდა, მათ კვალიფიკაციაზე აისახება. იყო სისტემის პრობლემაც. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა - ზურაბ ადეიშვილი კარგი იურისტიაო. ალბათ, ის მართლაც კარგი იურისტია, თუმცა სისტემამ აქცია მონსტრად. აღარაფერს ვიტყვი რიგით პროკურორებზე. ასე რომ, ეს ყველაფერი დაგროვდა და ქმნის საკადრო პრობლემებს. თუმცა იმედი მაქვს, რომ ახალი მთავარი პროკურორი ამ პრობლემებს მოაგვარებს.

- ოთარ ფარცხალაძის მიერ პროკურატურიდან დათხოვნილი თანამშრომლები (ე.წ. კბილაშვილის კადრები) სასამართლოში ჩივიან და აცხადებენ, რომ თანამდებობა ზეწოლით დაატოვებინეს. მათივე თქმით, თუ მთავარ პროკურორად ფარცხალაძის კადრი დაინიშნება, უწყებაში ზურაბ ადეიშვილის დრო დაბრუნდება.

- თუ ვინმე დაინიშნა პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის დროს და შემდეგ მოხსნეს, ეს არ ნიშნავს, რომ მათი გათავისუფლება მაინცდამაინც ე.წ. კბილაშვილის კადრების ფაქტორს უკავშირდება. არც იმ დონემდე მივა საქმე, რომ ადეიშვილის დრო დაბრუნდეს.

- თუმცა ყველაზე მაგარი პროკურატურის პასუხი იყო - კერძოდ, უწყების განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ კოლეგაზე ფოტოშარჟი გააკეთა, რასაც ცემა-ტყეპა მოჰყვა. სამმართველოს უფროსს კი კომპიუტერზე მუშაობა არ სცოდნია.

- თუ ეს სიმართლეა, ნამდვილად სირცხვილია. პროკურატურა ისეთი უწყებაა, რომ იქ ცოტა სხვანაირი ხალხი უნდა მუშაობდეს. ფოტოშარჟების გაკეთებას კი გამომძიებელი კი არა, ქარხნის მუშა არ იკადრებს. რა სჭირთ, გამაგებინეთ?! სად გაგონილა ცემა-ტყეპა პროკურატურაში?!

- ამ ყველაფრის გამო, იქნებ გაგვეზიარებინა ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება და უცხოელი პროკურორები მოგვეწვია? ამ საკადრო ბაკქანალიის გადამკიდე, ისიც საკითხავია, გახმაურებული საქმეების კი არა, ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიებას თუ მოახერხებენ.

- ალბათ მოგვიწევს უცხოელი პროკურორების მოწვევა, ელემენტარულად, ვორკშოფები მაინც რომ ჩაუტარონ ქართველ პროკურორებს. ასე შორს ვერ წავალთ. რა ამის პასუხია და, ამას წინათ, ერთ რუს მამაძაღლს ვუსმენდი, რომელიც ორი ოსეთის გაერთიანებასა და სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელის აუცილებლობაზე საუბრობდა. გასაგებია, რომ დღეს ამაზე მედვედევი და პუტინი არ საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი გეგმები მუშავდება. ჩვენ კი იმის მაგივრად, რომ დღედაღამ ამ გამოწვევებზე ვიფიქროთ, რითი ვართ დაკავებული?! აი, ამაზე მტკივა გული.

- ასეა თუ ისე, ეს საკადრო პრობლემები, ექსპერტთა შეფასებით, აფერხებს უკვე ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებას. ისე, შეგახსენებთ, პროკურატურამ კიდევ ერთი საქმე წააგო - გორის სასამართლომ პატიმარ პეტრე ოვანოვის წამებაში ბრალდებულები გაამართლა.

- ზოგადად, სამართლიანობის აღდგენის პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს. ჩემშიც იწვევს რაღაც-რაღაცები პროტესტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეგობარი ქვეყნების პოზიციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ: სააკაშვილმა უამრავი ფული დახარჯა, რომ დასავლეთში დემოკრატის იმიჯი შეექმნა. ეს ფაქტორი ისევ მოქმედებს და ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით, თორემ ყველამ ვიცით, როგორი კარგი ბიჭებიც არიან მერაბიშვილი და ახალაია. მერაბიშვილთან დაკავშირებით თუნდაც გირგვლიანის საქმე რად ღირს. ზოგიერთი უცხოელი უცნაურად უდგება საკითხს - სააკაშვილი პუტინის მოწინააღმდეგე იყო, ე.ი. ყველაფერში მართალიაო. პირადად ვიცნობ ასეთ უცხოელებს. ასე რომ, ამ მიმართულებით მუშაობა გვმართებს.

- ნორმალურია, რომ სანამ დასავლეთთან ახსნა-განმარტებებს მოვრჩებით, მანამ კანონის აღსრულება გვერდზე გადავდოთ?

- რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური და ვიმეორებ - სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს ყველა მიმართულებით. თუმცა ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ყველა პროცესი კანონიერად მიმდინარეობს.

- სააკაშვილი ახსენეთ. ზოგიერთი ექსპერტი პროგნოზირებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში გაზაფხულზე დაბრუნდება და პოლიტიკურად გააქტიურდება. პოლიტოლოგები იმასაც ამბობენ - გაზაფხული იმიტომაა შერჩეული, სწორედ ამ დროს ელიან "ნაციონალები" სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებსო.

- პოლიტიკაში წინასწარმეტყველება უმადური საქმეა, თუმცა ფაქტია - "ნაციონალები" არიან ჩასაფრებულები და პრობლემები უხარიათ. ეკონომიკაში პრობლემები ნამდვილად არის, თუმცა იმედია, მალე აღმოიფხვრება. ისე, მე არც "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნების მჯერა და არც სააკაშვილის.

- ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებებს თუ დავეყრდნობით, სააკაშვილი პრემიერობისთვის სერიოზულ ბრძოლას აპირებს.

- სააკაშვილი ყოველთვის პირველკაცობისთვის იბრძოლებს, თუმცა საკითხავია, რამდენად გამოუვა.

- გასულ კვირას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ერთ-ერთი მუხლის ხარვეზზე ისაუბრა: "უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, იმის გამო, რომ ვთქვათ, მომწონს ქურდები და ქურდული ურთიერთობები, არ შეიძლება ციხეში ჩამსვან". ამას ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, თითქოს მთლიანად კანონის გაუქმებაზე იყო საუბარი. აჟიოტაჟს წერტილი პრემიერმა ღარიბაშვილმა დაუსვა, რომლის თქმითაც, კანონის გადახედვა არ იგეგმება.

- შესაძლოა, კანონის ზოგიერთი მუხლი გადახედვას მართლაც საჭიროებდეს. თუმცა მთავარი პრინციპი დაცული უნდა იყოს - არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავუსვათ თავზე ხელი ე.წ. კანონიერ ქურდებს, რომლებიც თავის დროზე პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად ერეოდნენ.

- პრესაში დაიწერა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებული კანონის შერბილებას, სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ჰყავს ლობისტი.

-  გამოვრიცხავ, რომ მთავრობიდან ვინმე ამას ლობირებდეს. პარლამენტი კი ჭრელია და არც არის გამორიცხული, ზოგიერთი ამას ცდილობდეს.

- ისე, სოზარ სუბარმა განაცხადა - არსებობს ათეულობით ფაქტი, თუ როგორ თანამშრომლობდა "ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალურ ავტორიტეტებთანო.

- რამდენიმე წლის წინ ხომ ვნახეთ, როგორ ელაპარაკებოდა გივი თარგამაძე ტელეფონით ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს და რამდენი ასეთი ფაქტია, რომლის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. დარწმუნებული ვარ, სოზარ სუბარი ამ განცხადებას ტყუილად არ გააკეთებდა.

- თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას კვლავ არ დაადგა საშველი. მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე პასუხისმგებლობას საკრებულოს აკისრებს და ირწმუნება, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ქალაქი "გაჩერდება".

მერიის მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს, ცნობილია. სიმართლე გითხრათ, დიდად არც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მომწონს - ადრე იქ იყო, დღეს აქ არის. თუმცა მოვუწოდებ მხარეებს, თბილისის ინტერესებით იხელმძღვანელონ. მე მცირე ხნით მომიწია ხელისუფლებაში ყოფნამ და სულ მეშინოდა - რაიმე ისეთი არ გავაკეთო, ჩემს ქვეყანას ვავნო-მეთქი. სწორედ მე ვიცი ძალიან კარგად, რას მოუტანს ქვეყანას პარტიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენება.

- მოახლოებულ სოჭის ოლიმპიადაზეც მინდა გკითხოთ. რუსულ მედიას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, მოსკოვმა ოლიმპიადა ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფოს პიარისთვის გამოიყენოს. შესაბამისად, ისევ აქტუალურია კითხვა - როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ასეთ ვითარებაში?

- სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი პოზიცია მაქვს. ჩემი აზრით, იქ ქართველი სპორტსმენები ინდივიდუალურად უნდა გაემგზავრონ და არანაირი ოლიმპიური დელეგაცია საჭირო არ არის. სხვა ფორმით ოლიმპიადაზე წასვლა მიუღებლად მიმაჩნია.