"მოქალაქე, რომელიც ხელისუფლებაზე მეტია..."
27-01-2014
"მოქალაქე, რომელიც ხელისუფლებაზე მეტია..."
"ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ევროპული გზის ოფიციალურად გაფორმებისთვის წელს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები"

"რაც კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ხდება, სამოქალაქო ომის აჩრდილზე მეტია - ეს ომის მიზანსცენებია"

"პოსტოლიმპიური პუტინიადა იქნება ბევრად უფრო ცხარე"


თუ დაძაბულობის ეპიცენტრი დედაქალაქია და რეგიონები მორჩილად იღებენ სახელმწიფოს მთავარ ქალაქში განვითარებული მოვლენების საბოლოო შედეგს, ეს კრიზისი დაიძლევა. მაგრამ როცა პროვინციებში იწყება არეულობა, სამოქალაქო ომამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. სწორედ რეგიონებიდან დაიწყო სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წელს.
სამწუხაროდ, დღეს რეალურია იმის საფრთხე, რომ ჩვენს მეზობლად, აღმოსავლეთ ევროპის შუაგულში, 46-მილიონიანი "ახალი სირია" მივიღოთ. კიევში მომიტინგეებსა და "ბერკუტს" შორის შეტაკებების სისასტიკე თანდათან იზრდება, უკრაინის ბევრ ქალაქში კი ევროპული კურსის მომხრეებმა ადმინისტრაციული შენობები შტურმით აიღეს, რაც ყველაზე სამწუხაროა, არის მსხვერპლი.

ევროინტეგრაციის მომხრეებზე განსაკუთრებით გამაღიზიანებლად მოქმედებს
უკრაინული სააგენტოების მიერ გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებენ რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ზონდერჯგუფები, რომლებიც ევრომაიდანის აქტივისტებს იტაცებენ და ხოცავენ. ვრცელდება ცნობები, რომ აღმოსავლეთ უკრაინის აეროპორტებში რუსული სამხედრო თვითმფრინავები სხდებიან - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ იანუკოვიჩი მოსკოვიდან დამხმარე ძალას იღებს. წესით, სამოქალაქო ომის მთავარი შემაკავებელი არმია უნდა იყოს, თუმცა არმიაში მსახურობენ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთუკრაინელები და ცოტა ძნელი წარმოსადგენია, შეიარაღებული ძალებიც ორ ნაწილად არ იყოს გაყოფილი. ყირიმში სეპარატისტული განწყობა აყვავდა. მოკლედ, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ შესაძლოა, დიდი აფეთქება ავტომატის ერთმა ჯერმაც გამოიწვიოს. სასხლეტს კი დიდი სიამოვნებით გამოჰკრავს ხელს პუტინი, თუ შეატყო, რომ ქვეყანაში ევროპული კურსის მომხრეები იმარჯვებენ. თვითონ უკრაინელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს "ევროომს" უწოდებენ და ალბათ, უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებენ დასავლეთისგან. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან საუბარი სწორედ უკრაინის თემით დავიწყეთ



- უკრაინაში მოვლენების განვითარება ჯერ კიდევ დამოკიდებულია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უნარზე, რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება (25 იანვარს იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერებს, არსენ იაცენიუკსა და ვიქტორ კლიჩკოს პრემიერობა და ვიცე-პრემიერობა შესთავაზა). მას, როგორც ნაკლებად გონიერ პოლიტიკოსს, არ ეგონა, ამდენად სერიოზული თუ იყო მუხტი მის წინააღმდეგ უკრაინელ საზოგადოებაში და მიიჩნია, რომ მხოლოდ ფინანსური საკითხების გადაჭრით მოაგვარებდა ყველა პრობლემას. თუმცა დადასტურდა - უკრაინა თავს არ ყიდის. კიევიდან პროტესტი უკრაინის სხვა ქალაქებსაც გადაედო, იკავებენ ადმინისტრაციულ შენობებს და ეს მრავლისმეტყველი უნდა იყოს იანუკოვიჩისთვის. პირველ რიგში, უნდა იცოდეს, რომ თუ არ შეწყვეტს ძალის გამოყენებას, ქუჩებში ძალადობა უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ იანუკოვიჩი თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებაში, მაგრამ ცხადია, - ის და კრემლი ერთი და იმავე სცენარის განვითარებას უწყობენ ხელს. ექსპერტები ამბობენ, უკრაინაში სამოქალაქო ომის აჩრდილიაო, თუმცა რაც კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ხდება, სამოქალაქო ომის აჩრდილზე მეტია - ეს ომის მიზანსცენებია. არის სერიოზული საფრთხე, რომ მოხდეს შეიარაღებული შეტაკებების ინიცირება და ამისთვის გამოიყენონ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის ნაწილის განწყობები. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინის განწყობები ერთმანეთს აბათილებს. პირობითად თუ ვიტყვით, ერთ მხარესაა ლვოვი, კიევი და მეორე მხარეს - დონეცკი, ხარკოვი და დონბასის ოლქი. მეორე მხრივ, აღმოსავლეთი უკრაინა საწარმოებითაა დახუნძლული და ოლიგარქები და სოლიდური ფინანსების მქონე მოქალაქეები არ მოისურვებენ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას. თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ამ სურვილზე ყველაფერი არ არის დამოკიდებული.

- ყირიმი, ალბათ, სხვა თემაა. დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, უკრაინის შიგნიდან ამფეთქებლის როლი სწორედ ამ ავტონომიაში არსებულმა სეპარატისტულმა განწყობებმა შეასრულოს.
- ყირიმი მართლაც სხვა თემაა.
ყირიმი არის ის სათადარიგო ბომბი, რომელსაც რუსეთი აამოქმედებს, როგორც კი უკრაინა დაიწყებს ლაპარაკს ნატოში გაწევრებაზე, თუ, რა თქმა უნდა, მიმდინარე ამბები უკრაინაში მშვიდობიანად დასრულდა.
კიევში ჯერ კიდევ მშვიდობიანი პროტესტის მესამე-მეოთხე დღეს, ყირიმში ხმამაღლა განაცხადეს, რომ თუ უკრაინა ევროპული გზით წავა, ყირიმი გახდება დამოუკიდებელი. როგორც ჩანს, კრემლი მიხვდა, რომ ნაჩქარევი იყო ყირიმის გამოყენება და უცებ დადუმდა ზემოხსენებული თემა. ახლა ისინი კრემლიდან მორიგ ბრძანებას ელიან.

- ის რუსი ექსპერტებიც კი, რომლებიც მოსკოვში ლიბერალებად და დასავლური ფასეულობების მხარდამჭერებად მიიჩნევიან, ხმამაღლა და სერიოზულად საუბრობენ უკრაინის ორად გაყოფის სცენარზე. მართლაც, თუ რუსეთმა მთელი უკრაინა ვერ ჩაიგდო ხელში, მისი აღმოსავლეთ ნაწილის მარიონეტად ქცევას მაინც შეეცდება.

- უკრაინის ორად გაყოფა კრემლის ოცნებაა. მოსკოვი ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ იყოს დასავლეთი უკრაინა კიევით, ლვოვით და სხვა ოლქებით და აღმოსავლეთი უკრაინა - დონბასის ოლქით. თუმცა, ასეთი სცენარი მიუღებელია ევროპისა და ამერიკისთვის და ეს მიუღებელი თავად უკრაინისთვის უნდა იყოს. ვიმედოვნებ, აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინის მოქალაქეები უფრო მალე გამონახავენ საერთო ენას, ვიდრე პოლიტიკოსები. გარდა ამისა, ნუ გვავიწყდება, რომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა და ის მხოლოდ თავის თავს არ ეკუთვნის. უკრაინა დიდხანს დარჩება საჯილდაო ქვად რუსეთსა და ევროპას შორის. მოსკოვი რომ ბოლომდე არ დათმობს უკრაინას, ფაქტია. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთმა ყველა სიკეთესთან ერთად უკრაინას შესთავაზა ატომური ტექნოლოგიების ათვისება და დიდი ალბათობით, მზად არის, დაუბრუნოს კიევს ის ატომური იარაღი, რომელიც მან თავის დროზე რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს, გადასცა. ოღონდ მოსკოვისთვის ორი მთავარი პირობა უნდა არსებობდეს - უკრაინის პრეზიდენტი (იანუკოვიჩი იქნება თუ სხვა) პროკრემლისტურად უნდა იყოს განწყობილი და ასევე ჩაძირული კორუფციაში, რათა ადვილი სამართავი იყოს.

- დასავლეთმა - აშშ-მა და ევროკავშირმა - გამოთქვეს შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გარკვეული დემარშის შემცველი ნაბიჯებიც გადადგეს, მაგრამ არის კი ეს საკმარისი? მიტოვებულად ხომ არ გრძნობენ თავს უკრაინის ევროპული კურსის მომხრეები და დასავლეთისგან უფრო მკვეთრი ნაბიჯები ხომ არ არის საჭირო?

- უნდა გავიგოთ, რომ ხმალამოღებული ევროპა საკუთარი სახლიდან არსად დაიძვრება. რაც შეეხება ამერიკელებს - ისინი ოფიციალურ კიევს სერიოზული სანქციებით დაემუქრნენ და ამას უკრაინის მთავრობაში შფოთი მოჰყვა. ეს შფოთი გადაედო სხვა სტრუქტურებსაც - უკრაინელი მოსამართლეები, დიპლომატები პროტესტის ნიშნად ტოვებენ სამსახურებს, "ბერკუტისა" და პოლიციის თანამშრომლებიც მასობრივად გადადიან ხალხის მხარეზე. სანქციებისთვის დიდი მზაობაა შენგენის ზონაში და შემდეგ იანუკოვიჩს ფეხით მოუწევს სიარული რუსეთსა და ბელორუსიაში.

სანქციები პირველ რიგში, ოლიგარქებს აფრთხობთ - იზოლირებულ ქვეყანაში ფულს ვერ იშოვი.
დროული და შთამბეჭდავი იყო დავოსის ფორუმის მონაწილეთა გადაწყვეტილება, ტრიბუნა არ დაეთმოთ უკრაინის პრემიერ-მინისტრისთვის. ესეც საჯაროდ სილის გარტყმაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დიდი კმაყოფილებით მიესალმა იმ კანონების შემოღებას, რომელმაც ასე გაახელა უკრაინის საზოგადოება.

- არის თუ არა მზად დასავლეთი, უკრაინაში რუსეთის მიერ პროვოცირებული სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, კონკრეტული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ევროპული კურსის მომხრეებს და ასევე კონკრეტულად მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე. ხომ არ არის საფრთხე, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, დასავლეთი მხოლოდ ზოგადი შეშფოთებით დაუპირისპირდება რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოლქის გადაყლაპვას და უკრაინის ორად გაყოფას?
- სამოქალაქო ომი არც ერთი მხარის ინტერესში არ შედის, გარდა რუსეთისა, რომელსაც უხარია მეზობელი ქვეყნის, ნათესავი ერის დაქუცმაცება და შინაომი. თუ მოვლენები რადიკალურად განვითარდა, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთს დასავლეთი მკაცრად დაუპირისპირდება და პლანეტის მასშტაბით მდგომარეობის ამრევად გამოცხადდება.
რუსეთს ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეს და კონტინენტზე ჰეგემონია შეძლოს.
თუმცა იმედია, სამოქალაქო ომამდე საქმე არ მივა.

- უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ოფიციალური თბილისიც გამოეხმაურა. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ განცხადებები სიმკაცრეს მოკლებული იყო.
- ისე, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემოქმედ "ნაციონალურ მოძრაობას" არა მგონია, მორალური უფლება ჰქონდეს, სხვა ქვეყანაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე განცხადებები აკეთოს ან ვინმეს მოსთხოვოს ასეთი განცხადებები. რაც შეეხება ოფიციალური თბილისის რეაქციას - გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებში არანაირი ორაზროვნება არ იყო და მათ მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების ლანძღვა კი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს სიკეთეს არ მოუტანს.

- ჩვენებურ ამბებზეც ვთქვათ. გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" დააფუძნა. "კვირის პალიტრის" ეს ნომერი უკვე გამოსული იქნება, როდესაც ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და თავის გეგმებზე ესაუბრება. თუმცა მას პრემიერის რანგშიც არაერთხელ გამოუთქვამს შენიშვნები იმის თაობაზე, თუ რა პრობლემებია სამოქალაქო სექტორში. მაგალითად, უთქვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი ობიექტურობა მოეთხოვებათ, ექსპერტებს  - მეტი კვალიფიკაცია, ჟურნალისტებმა კი უფრო სიღრმისეულად უნდა გააშუქონ  მოვლენები. ასევე, წერილში "პოსტ სკრიპტუმი" ივანიშვილი წერდა, რომ როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი კრიტიკას არ მოაკლებს მთავრობას.
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არცთუ შორს იდგა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან - მისი საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გასაგებია მისი შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაციების ობიექტურობაზე, თუმცა ისმის კითხვა: რა არის ობიექტურობის ივანიშვილისეული განსაზღვრება? ამ კითხვაზე პასუხს მაშინ მივიღებთ, როდესაც "მოქალაქე" აქტიურ მუშაობას დაიწყებს. თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკმაოდ დიდ ძვრებს მოახდენს ამ ფლანგზე. ასევე, ივანიშვილის განცხადებები ექსპერტებისა და ჟურნალისტების მუშაობაზე არ არის საფუძველს მოკლებული - ზერელე პროგნოზებით, ანალიზით თუ სიუჟეტებით ვერავინ გაგვაკვირვებს. ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას ივანიშვილი, აწ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში, მომავალშიც გააგრძელებს. მის სიტყვას სხვა წონა და რეზონანსი ექნება, მაშინაც კი, როდესაც მთავრობის კრიტიკაზე მიდგება საქმე. მე მართლაც ველი, რომ "მოქალაქის" ხელმძღვანელი არ დააკლებს მთავრობას კრიტიკას და ხელისუფლებაც ყურადღებით მოუსმენს მას.  სხვათა შორის, თავად ტერმინი "მოქალაქე" საკმაოდ ტევადია.  ჩემთვის ცალსახაა, რომ ხელისუფლება ვერც საერთაშორისო და ვერც საშინაო  ასპარეზზე ვერ მიაღწევს წარმატებას  საზოგადოებისა და მოქალაქის, რომელიც ზოგჯერ მართლაც ხელისუფლებაზე მეტია, სერიოზული ჩართულობის გარეშე.

- გასულ კვირას გვეღირსა ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნა. გიორგი ბადაშვილის კარიერის დიდი ნაწილი ფინანსურ პოლიციას უკავშირდება. ამან კი ექსპერტებს ათქმევინა, რომ პროკურატურა კვლავ ფინანსურ-კორუფციული დანაშაულის გამოძიებაზე იქნება კონცენტრირებული.
- პროკურატურისთვის ფინანსურ-კორუფციული დანაშაული პრიორიტეტული იქნება კარგა ხანს, რადგან ასეთი დანაშაული ბევრია. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ძნელი აღსაქმელია სისხლის სამართლის საქმე და ყველგან პოლიტიკური ზეწოლა და შერჩევითი სამართალი ეჩვენებათ. თუმცა როდესაც საქმე ეხება კორუფციას და მილიონების მიტაცებას, მათთვის უკვე აღარ არის საინტერესო, არის თუ არა ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი. ასეთი საქმეების, თუნდაც ნახევარი მათგანის, გამოძიებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

დასანანია, რომ წელიწად-ნახევარი ისე დაიკარგა, პროკურატურაში შესული საჩივრების კლასიფიკაცია არ მომხდარა. ხომ შეიძლებოდა გაგვეგო, რამდენია კერძო პირი, რომელმაც გამთენიისას სახელმწიფოს ქონება "აჩუქა", ან რამდენს წაართვეს ქონება უკანონო დაპატიმრების შემდეგ?!

წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ბიზნესზე ზეწოლა და პროკურატურას ამ ფორმების მიხედვით მაინც დაელაგებინა საქმეები, შემდეგ შეექმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფები ჩადენილი დანაშაულების მიხედვით. ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი და მომჩივანსაც ექნებოდა ინფორმაცია, სად არის მისი განცხადება, ვინ იძიებს.

- შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აგვისტომდე გააფორმებს. ალბათ, ეს იქნება საკმაოდ მძიმე პერიოდი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, კრემლი დამარცხდება თუ არა უკრაინაში, ის გაბრძოლებას ქართულ ფრონტზეც შეეცდება.
- ძალიან სახიფათოა სოჭის ოლიმპიადის შემდგომი პერიოდი, როდესაც გამარჯვებული თუ გულგახეთქილი რუსეთი აშკარად დაიწყებს შურისძიებას ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ და გარკვეულ თვითრეაბილიტაციას მოანდომებს დიდ ძალისხმევას იმ ნერვიულობის გამო, რაც მათ გადაიტანეს ოლიმპიადის მზადებისა და მიმდინარეობის პროცესში. პოსტოლიმპიური პუტინიადა იქნება ბევრად უფრო ცხარე. უნდა გავაცნობიეროთ ეს საფრთხე.

ხელისუფლების მაღალი წრეების წარმომადგენლებთან პირადი საუბრის საშუალება რომ მქონდეს, დავარწმუნებდი, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ევროპული გზის ოფიციალურად გაფორმებისთვის წელს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კერძოდ, თუ ადგილობრივ არჩევნებს ოქტომბრისთვის არ გადაიტანენ, შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს, არჩევნები ქართული დემოკრატიის დიდ უკან ნახტომად აქციონ. ვგულისხმობ იმას, რომ კანონი თვითმმართველობის შესახებ შორს არის იდეალური ვარიანტისაგან და ამასთან, არ არის ჰარმონიზებული საარჩევნო კოდექსთან. ყოველივე ეს ხელს უხსნის ზოგიერთ არაკეთილმოსურნე ძალას, რომ არცთუ დიდი თანხით მოიძიოს პრორუსული ორიენტაციის პირები, რომლებიც გამოჩნდებიან სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ და დასახელდებიან მაჟორიტარი დეპუტატობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად. წარმომიდგენია, გაუმართავი კანონიდან გამომდინარე, რომელიც ბევრ საკითხს ვერ არეგულირებს, როგორი შფოთი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას - მაგალითად, სოფლებში, სადაც თითოეულმა სოფელმა თავკაცი უნდა აირჩიოს, მუნიციპალიტეტებში - გამგებლისა და ქალაქებში მერების არჩევნებისას. ეს შფოთი ზემოხსენებული ძალების მიერ წახალისდება და შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებისას ისეთი ამბავი ატყდეს, ასოცირების ხელშეკრულება ჩვენვე დაგვავიწყდეს. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას - ნუ გამოეკიდება ორ კურდღელს, შევიდეს კანონში ცვლილებები, გაიმართოს ის და ოქტომბერში ჩავატაროთ არჩევნები - ოქტომბერი ყისმათიანი თვეა "ქართული ოცნებისთვის".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით