"პუტინმა თავისი გედის სიმღერა სწორედ ოლიმპიადის გახსნისას იმღერა"
10-02-2014
"პუტინმა თავისი გედის სიმღერა სწორედ ოლიმპიადის გახსნისას იმღერა"
"საქართველოში ცნება "ექსპერტი" გახუნდა, რადგან ყველა ექსპერტი გახდა"

"საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლში სწორედ მედიას მიუძღვის დიდი წვლილი"


ზოგჯერ თარიღები საინტერესოდ ემთხვევა ერთმანეთს - 2014 წლის 7 თებერვალს სოჭში, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე, ქართული დროშა აფრიალდა. 95 წლის წინ კი, 1919 წლის 7 თებერვალს, ქართულმა ჯარმა საბოლოოდ დატოვა სოჭი. დენიკინიდან პუტინამდე დიდი დრო გავიდა, თუმცა საქართველოსთვის ბევრი არაფერი შეცვლილა - ერთმა სოჭიდან გამოგვაძევა, მეორემ სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან, რომლის რესურსები ზემოხსენებულ ოლიმპიადაზე
ობიექტების მშენებლობისთვის სრულად გამოიყენა. ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, სპორტი პოლიტიკაში არ აერია და ოლიმპიადაში მონაწილეობს. ვნახოთ, რას იზამს რუსეთი. ერთი "უხერხული" სიტუაციიდან რუსები ვირეშმაკულად გამოძვრნენ - ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ქართული გუნდის გამოსვლისას, თანამგზავრით გადაღებულ საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალი ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო გადაფარული.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოჭში იმყოფებიან ლეონიდ თიბილოვი და ალექსანდრ ანქვაბი და თუ ისინი პუტინმა ოფიციალურ დელეგაციებს გვერდით ამოუყენა, ქართულ მხარეს რეაგირება მოუწევს. ასე რომ, ჯერ სკანდალი გამორიცხული არ არის. ვიმედოვნებთ, რომ ოლიმპიადის მსვლელობისას არასპორტულ თემებზე წერა არ მოგვიწევს და ქართველ ოლიმპიელებს წარმატებას ვუსურვებთ. გასული კვირის არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ  არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაცია. სამოქალაქო სექტორში ივანიშვილის მთავარი მიზანია, საზოგადოებამ შეძლოს ხელისუფლების სწორად დაქირავება, მისი კონტროლი და თვითონ არ აღმოჩნდეს დაქირავებულის როლში. ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.


- ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას ძალზე ნათლად ჩამოაყალიბა ის მიზნები, რაც მას სამოქალაქო სექტორში ექნებოდა. მის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დაფუძნება მართლაც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი დაფინანსების წყარო ექნება და არ იქნება დამოკიდებული უცხოურ დონორებსა და გრანტებზე. მე პირადად მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვითანამშრომლო ამ ორგანიზაციასთან, რადგან მიმაჩნია, რომ მას ძალიან ბევრი სასიკეთო ძვრის მოხდენა შეუძლია იმ ფლანგზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის მხრიდან არანაირ "ქირურგიულ ჩარევაზე" ლაპარაკი არ იქნება. უფრო კონკრეტულად, რა მიმართულებებით იმუშავებს "მოქალაქე", უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

- ბიძინა ივანიშვილმა "მოქალაქის" პრეზენტაციისას განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია  ქართულ მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება, თუმცა ამავდროულად კონტროლსაც გაუწევს - კერძოდ, ჩატარდება კვლევები მედიის ობიექტურობისა და ხარისხის მონიტორინგისთვის. მისი თქმით, "მოქალაქეს" ასევე დაგეგმილი აქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება.
-  ქართული მედია ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ბუნებრივია, მის განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი გამოძებნის შესაბამის ფორმებს, რომ ეს დახმარება ეფექტური იყოს და არც ზედმეტი კითხვის ნიშნები გაჩნდეს. იმაშიც დავეთანხმები, რომ საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლში სწორედ მედიას მიუძღვის დიდი წვლილი. მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მედიის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

- ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი წააწყდება სამოქალაქო საზოგადოების ფლანგზე. პრესკონფერენციაზე ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ახალ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და არაფერი უთქვამს იმაზე, ითანამშრომლებს თუ არა არასამთავრობო სექტორის ძველ მოთამაშეებთან. ექსპერტების აზრით, ივანიშვილის ასეთმა პოზიციამ შესაძლოა, ამ არასამთავრობოების განაწყენება გამოიწვიოს.

- სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ მოახერხა იმდენი, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა. რა თქმა უნდა, მათ გააღიზიანებთ ამ ფლანგზე "მოქალაქის" გამოჩენა და ალბათ, ახალდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის ოპონენტები იქნებიან. მათ "მოქალაქის" სახით მძლავრი კონკურენტი გამოუჩნდათ. მეორე მხრივ, საქართველოში არსებობენ ისეთი არასამთავრობოებიც, როგორიცაა "სამართლიანი არჩევნები", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და სხვები, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მივიჩნევ, რომ მათ შეუძლიათ ძალიან ნაყოფიერად ითანამშრომლონ "მოქალაქესთან" და ალბათ, მომავალში ასეც იქნება. სავარაუდოდ, მზაობა თანამშრომლობისათვის "მოქალაქის" მხრიდანაც იქნება.

- "მოქალაქე" მიზნად ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსებასაც ისახავს.

- რასაც ახლა ვიტყვი, ზოგიერთ ექსპერტს გაანაწყენებს. საქართველოში ცნება "ექსპერტი" გახუნდა, რადგან ყველა ექსპერტი გახდა. თუ ვინმე გუშინ გამოჩეკილ ექსპერტებს აკრიტიკებს, არავის უნდა ეწყინოს. ასეთი კატეგორიის ექსპერტები მართლაც გაუნაწყენდებიან ივანიშვილს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. ექსპერტთა კვალიფიციურ წრესთან თანამშრომლობა კი ნამდვილად წაადგება იმ საქმეს, რომელსაც ივანიშვილი ისახავს მიზნად.

- მთავარი გამოწვევა, ალბათ, მაინც ის არის, რამდენად ობიექტური იქნებიან "მოქალაქე" და ბიძინა ივანიშვილი მთავრობის საქმიანობის შეფასებისას. სწორედ ამ ობიექტურობას ითხოვს საზოგადოება ყოფილი პრემიერისგან. სხვათა შორის, ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მთავრობასთან შენიშვნები არ აქვს.
- ჩვენ დღეს გვყავს ის მთავრობა, რომელიც ივანიშვილმა დაგვიტოვა. რომ არ მოსწონდეს და მასთან შენიშვნები ჰქონდეს, მთავრობის სხვა შემადგენლობა გვეყოლებოდა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ივანიშვილს მთავრობასთან შენიშვნები არ ჰქონდეს?! მთავრობის და ზოგადად, ხელისუფლების მუშაობაში თუ რაიმე არ მოეწონება, არ არის ივანიშვილი ისეთი კაცი, ეს დამალოს და უკმაყოფილება არ გამოთქვას.

- ისე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ შენიშვნები ექნება, შეუძლია ეს მთავრობის წევრებს პირადად უთხრას ან მედიიით ისაუბროს. თქვენი აზრით, რომელი ფორმა იქნება ოპტიმალური?

-  ყველა ფორმა ოპტიმალურია, რაც საქმეს წაადგება. ფაქტია, რომ ივანიშვილი მთავრობას არც რჩევებს დაამადლის და არც კრიტიკას. ფორმას კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ მთავრობის რომელიმე წევრი ივანიშვილს არ დაუჯერებს, მას შეუძლია შენიშვნები თუ პრეტენზიები საჯაროდ, მაგალითად, პრესკონფერენციაზე გამოთქვას, რასაც უკვე სხვა რეზონანსი ექნება.

- შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც მთავრობის წევრი ივანიშვილის რჩევა-შენიშვნას არ გაიზიარებს?
- ქართულ პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ გვყოლია ისეთი მინისტრები, რომლებიც თავისივე პრემიერის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. თუმცა არა მგონია, უახლოეს მომავალში ასე განვითარდეს მოვლენები. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ავტორიტეტს შეინარჩუნებს. მისასალმებელია, რომ ივანიშვილმა განაცხადა, "მოქალაქის" ყურადღების ცენტრში ეკონომიკა იქნებაო. ამ სფეროს მართლაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არ დაგიმალავთ, მაქვს შენიშვნები მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მიმართ. კარგია, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ასეთი დონის სუბსიდიები განხორციელდა, მაგრამ თუ ქვეყანაში მეწარმეობა არ განვითარდა, ეკონომიკაში სერიოზული ზრდა არ იქნება. ამ მხრივ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

- ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც "მოქალაქე" გეგმავს, სჯობს პირადად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებდეს. მათი აზრით, ეს მოხსნის კითხვებს იმის შესახებ, კონკრეტული პროექტების განსაზღვრისას, ობიექტურად შეირჩა თუ არა პრიორიტეტები.
-  იქნებ მართლაც სჯობდეს, რომ ივანიშვილი პირადად აკონტროლებდეს პროექტებს. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილი ბიზნესმენობისას პირადად არ ხელმძღვანელობდა თავის უმსხვილეს კომპანიებს, თუმცა ბიზნესი წარმატებული იყო. შესაბამისად, ყოფილ პრემიერს აქვს უნარი, რომ ეფექტური გუნდი შეარჩიოს და იყოს დარწმუნებული - გუნდი საქმეს არ გააფუჭებს.

- სოჭის ოლიმპიადაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა. პირველივე დღეს პრობლემები შეიქმნა დელეგაციების მაღალ დონეზე დაბინავების მხრივ. სოჭში მყოფმა "ლელოს"| მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ კარგად აღწერა, რა რთული პირობები დახვდათ სასტუმროში ჟურნალისტებს. ეს ოლიმპიადა ჩვენთვის პოლიტიკური კუთხითაც არის საინტერესო - მოუთმენს თუ არა რუსეთს გული და გაააქტიურებს თუ არა აფხაზურ და ოსურ თემას (შეგახსენებთ, რომ სოჭში იმყოფებიან ლეონიდ თიბილოვი და ალექსანდრ ანქვაბი). თუ ასეთი რამ მოხდა, ქართული დელეგაცია ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.
-  ოლიმპიადა პოლიტიკის ადგილი არ არის - ის მხარე, რომელიც სპორტის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას შეეცდება, დიდ შეცდომას დაუშვებს და წაგებული აღმოჩნდება. დიდი შეცდომა იქნება პუტინის მხრიდან, თუ მან აფხაზური ან ოსური თემით მანიპულაციები დაიწყო. ეს სკანდალს გამოიწვევს. სკანდალი კი რუსულ მხარეს ნამდვილად არ სურს. თუ პუტინმა ოლიმპიადაზე პოლიტიკური თემატიკა გაააქტიურა, "სოჭი 2014" საბოლოოდ დაემსგავსება ნაცისტურ გერმანიაში ჩატარებულ ბერლინის ოლიმპიადას, ისედაც ხშირად ადარებენ ერთმანეთს. რაც შეეხება იმას, რომ ოლიმპიადაზე დელეგაციების მაღალ დონეზე მასპინძლობის მხრივ პრობლემები შეიქმნა, საქმე გვაქვს ტიპურ რუსულ "ბარდაგთან". რუსეთში ყოველთვის აქტუალურია ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ჩერნომირდინის გამონათქვამი - გვინდოდა, რაც შეიძლება კარგად გაგვეკეთებინა, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვისო.

- რუსულ პრესაში დაწერილა, რომ ოლიმპიადის ორგანიზატორები დადგნენ დილემის წინაშე, საზეიმო გახსნისას, ქართული გუნდის გამოსვლისას, მონიტორზე საქართველოს როგორი რუკა გამოესახათ - აფხაზეთიან-ცხინვალიანად თუ მათ გარეშე. საბოლოოდ, გამოსახეს რუკა, რომელზეც აფხაზეთი და ცხინვალი თეთრი ნისლით იყო გადაფარული.

- გამოსავალი იპოვეს, რადგან ქართული გუნდის გამოსვლისას საქართველოს დამახინჯებული რუკა რომ ეჩვენებინათ, სკანდალი გარანტირებული ჰქონდათ.
ეს მცირე დეტალიც ადასტურებს, რა უხერხულობა ექმნება რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებით.

იმედია, რუსეთში დროულად გააცნობიერებენ, რა ტრაგიკული შეცდომა დაუშვა პუტინმა 2008 წლის აგვისტოში.

- პუტინზე გამახსენდა. ოლიმპიადის გახსნამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის განცხადება, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პუტინი ოლიმპიადის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვედროდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ საერთოდ არც კი განხილულა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრის საკითხი. პესკოვის შეცდომასთან გვაქვს საქმე?
- პუტინის პრესმდივანი არ არის ისეთი ფიგურა, რომელიც მსგავს შეცდომებს უშვებს. შეეშლებოდა და მეორე დღეს აღარ იქნებოდა თავის თანამდებობაზე. სხვათა შორის, გეტყვით, პუტინისთვის უდიდესი პიარი იქნებოდა, რომ სოჭში ერთდროულად შეხვედროდა გიორგი მარგველაშვილს და ვიქტორ იანუკოვიჩს, თუმცა ეს მისთვის ფანტასტიკის სფეროდანაა. პესკოვის განცხადება ემსახურება იმას, რომ ქართულ მხარეს ანკესი გადმოუგდეს და შეამოწმეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამ განცხადებას თბილისში. საქართველოს დედაქალაქში კი ამას მოჰყვა განცხადება - ასეთი შეხვედრის შესაძლებლობა არც კი განხილულაო.

- ანკესის გადმოგდება რა მიზანს ემსახურებოდა. ვინმეს სჯერა მოსკოვში, რომ ასეთი განცხადებების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა პუტინთან შესახვედრად? ისე, პესკოვის განცხადებამ ზოგიერთ ექსპერტს ათქმევინა, რუსული მხარე უფრო ინტენსიური დიალოგისთვის გვეპატიჟებაო.
- დიახ, რუსეთი გვეპატიჟება დიალოგისთვის, მაგრამ ეს დიალოგი სურს მხოლოდ დიალოგისთვის, საერთაშორისო საზოგადოების დასანახად. რეალურად კი, მოსკოვში კარგად იციან, რომ პუტინის მიერ 2008 წლის აგვისტოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. რუსეთი არ აპირებს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, საქართველო კი არასდროს დათანხმდება იმ ვითომდა ახალ პოლიტიკურ რეალობას, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს. ჩვენ უნდა ვემზადოთ დიალოგისთვის ანტიპუტინურ ძალებთან, რომლებთანაც მართლაც შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. პუტინმა თავისი გედის სიმღერა სწორედ სოჭის ოლიმპიადის გახსნისას იმღერა და ამას მალე ყველა დაინახავს.

- რუსული ოკუპაცია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას. ასევე, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა არღვევს ე.წ. საინფორმაციო ბლოკადას და დასავლეთის შეშფოთება "პოლიტიკურ დევნაზე" ნელ-ნელა იკლებს.
- ვისაუბროთ მთავარ მიზეზზე, რომლის გამოც დასავლეთი განცხადებებს აკეთებდა "პოლიტიკურ დევნაზე" და მოგვიწოდებდა - მიხეილ სააკაშვილი არც დააკავოთ და არც დაჰკითხოთო. დასავლეთს ეშინოდა, რომ თუ თანამდებობიდან წასული ყოფილი პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდებოდა, ეს პრეცედენტი დააშინებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა პრეზიდენტებს, რომლებიც თანამდებობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მაგალითად, ვიქტორ იანუკოვიჩი მოკვდებოდა, მაგრამ არანაირ დათმობაზე არ წავიდოდა. ახლა დასავლეთი ხედავს, რომ ამის საფრთხე აღარ არის და შესაბამისად, განცხადებებმა, რომლებშიც ისინი სავარაუდო პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდნენ, იკლო. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ვიზიტს - მართლაც წარმატებული იყო როგორც დავოსში, ისე ბრიუსელში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ელის. ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადებზე გავლენა მოახდინა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, რომელსაც ევროპა თავშეკავებული სილაჩრით უყურებდა.

- ევროკავშირი გვპირდება, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას საქართველოსთან ზაფხულამდე ან შემოდგომამდე გააფორმებს. თუ ამის ჩაშლა მოინდომა რუსეთმა და ჩვენც თავშეკავებული სილაჩრით "დაგვიცვა" ევროკავშირმა, კარგად არ წაგვივა საქმეები.

- რა ბერკეტები დარჩა რუსეთს?! ატომურ ბომბს თუ გვესვრის, არ ვიცი. ასე რომ, ამ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

- გასულ კვირას უცნაურად განვითარდა მოვლენები ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრული საქმის მთავარი მოწმის გარშემო. ახალაიას მეუღლე და ადვოკატი ამტკიცებენ - ყოფილი პატიმარი  გია გორგაძე აპირებდა ბრიფინგის გამართვას, რომ განეცხადებინა, ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლით მიმაცემინესო. თუმცა იმ ადგილიდან, სადაც გორგაძე ბრიფინგის გამართვას აპირებდა, ის სამართალდამცველებმა პროკურატურაში გადაიყვანეს. დაკითხვისას გორგაძემ განაცხადა, რომ ბრიფინგზე აპირებდა, მოეთხოვა სპეცოპერაციისას დაღუპული თავისი ძმის მკვლელების დასჯა.
- მე მხოლოდ ერთს ვიტყვი - ძალიან გამიცრუვდება იმედი, თუ ახალაიას სასამართლო პროცესები უშედეგოდ დასრულდება. ისე, როგორც ვატყობ, ახალაიასთან დაკავშირებულ საქმეებში ფიგურირებენ ისეთივე მორალური პრინციპების მქონე პირები, როგორიც თავად ახალაიაა და ამიტომაც არაფერი მიკვირს.

- ვანო მერაბიშვილის შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერზეც მინდა გკითხოთ. ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა აზრი, რომ გამოძიება უსაშველოდ გაგრძელდება და საზოგადოება კითხვებზე პასუხებს ვერ მიიღებს.
- არა მგონია, მერაბიშვილის ვიდეოჩანაწერზე გამოძიება უსაშველოდ გაგრძელდეს. უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, –ვის გვამებს ითხოვდა ვანო მერაბიშვილი და რეალურად რა და როგორ მოხდა მუხროვანში. არ მჯერა ზღაპრების, თითქოს ვანო მერაბიშვილი რუსი მრჩევლების ცხედრების პოვნას ითხოვდა. ამას პროკურატურამ დროზე უნდა გასცეს პასუხი.
jano
23 თებერვალი 2014 11:12
რადგან იმ ბირჟაზე, სადაც თქვენ გიწევთ ყოფნა არ იციან თვალჭრელიძე ვინაა, ნამდვილად არაა გასაკვირი. აკადემიკოსს რომ ისეთი ხალხი აკრიტიკებს, ვისაც ორი წიგნი არ წაუკითხავს და თუ წაუკითხავს ვერ გაუგია! აი, ეს არის საქართველოს პრობლემა!
მიშა
15 თებერვალი 2014 17:51
მაპატიეთ, მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთს ბერკეტები აღარ დარჩა ატომური ბომბის გარდა, სრულ დილეტანტობად მიმაჩნია. სამწუხაროდ, რუსეთს არაერთი ბერკეტი აქვს.
ბატონ თვალჭრელიძეს
14 თებერვალი 2014 20:40
უბრალოდ საინტერესოა, როგორ ახერხებთ, რომ თქვენს უამრავ ინტერვიუში მზად ხართ "კომპეტენტურად" ისაუბროთ პოლიტიკის, ეკონიმიკისა და ა.შ. საკითხებზე. პირადად თქვენ რა დარგის სპეციალისტი ბრძანდებით, გარდა იმისა, რომ ამავდროულად აკადემიკოსი ყოფილხართ? კარგი იქნება საზოგადოებას გაანდოთ ეს საიდუმლო. წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისათვის.

რედაქტორის რჩევით