"თუ შეხვედრა შედგა, მართალია ფორმალური იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი" - კვირის პალიტრა

"თუ შეხვედრა შედგა, მართალია ფორმალური იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი"

"თუ სამართლიანობის აღდგენა საკადრო თემაზეა მიბმული, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა"

"არ ველი, რომ უახლოეს მომავალში მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის სერიოზული წყალგამყოფი გაჩნდეს"

საქართველოში ნელ-ნელა ვსწავლობთ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას და მოდი, ეს ტრადიცია განვაგრძოთ გაზაფხულის ბოლოს, როდესაც საკრებულოების დაკომპლექტება და მერების არჩევა მოგვიწევს; მოდი, თბილისში ისეთი საკრებულო და მერი ავირჩიოთ, რომლებიც ჩვენს პრობლემებზე იქნებიან ორიენტირებული და ისეთ სამარცხვინო სურათს აღარ ვიხილავთ, როგორიც ტელეკომპანია "იმედში" ვნახეთ. საკრებულოს უმრავლესობაზე, უმცირესობასა და ქალაქის მთავრობაზე, რომელიც კვლავ გიგი უგულავას ინსტრუქციებით მოქმედებს, მართლაც ახია, რომ თბილისში შემოვიდეს ფედერალური მმართველობა - მეტი თავისუფალი დრო ექნებათ და შეუძლიათ, შეიკრიბონ სადმე თვალისგან მოშორებულ ადგილას და ალეწონ ერთმანეთს თავ-პირი რამდენიც გაუხარდებათ. თუმცა ჩვენი პოლიტიკოსები ძალად მაშინ გაძველბიჭდებიან ხოლმე, როდესაც ტელეკამერები უღებენ და იციან, რომ გამშველებელი ახლომახლოა.

გასული კვირის მთავარი მოვლენა ის იყო, რომ შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა შედგეს. ყოველ შემთხვევაში, პუტინმა განაცხადა, თუ გიორგი მარგველაშვილს სურს, მზად ვარ, შევხვდეო. პირდაპირი დიალოგის სურვილი ოფიციალურმა თბილისმაც გამოამჟღავნა. როგორ აპირებს ამჯერად პუტინი "მღვრიე წყალში" თევზის დაჭერას?! ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- ვლადიმირ პუტინის განცხადებას ოფიციალურმა თბილისმა ისე უპასუხა, როგორც უნდა ეპასუხა. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვსაც ხელს აძლევს და თბილისსაც. ოღონდ, ჩემი აზრით, შეხვედრა უნდა შედგეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და არა სოჭში ან რუსეთის სხვა რომელიმე ქალაქში. თუ შეხვედრა შედგა, მას ორივე მხარე გამოიყენებს პოზიციის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და ამიტომ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში რაიმე რადიკალურად შეიცვლება. თუმცა პირდაპირ დიალოგს აზრი ყოველთვის აქვს.

- თქვენი აზრით, პუტინს გიორგი მარგველაშვილი უნდა შეხვდეს თუ ირაკლი ღარიბაშვილი?

- გასაგებია, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ღარიბაშვილი იღებს, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილია. ამიტომაც პუტინს სწორედ ის უნდა შეხვდეს. მით უმეტეს, თუ პირველი შეხვედრა შედგა, რა თქმა უნდა, ფორმალური იქნება და მხარეები მას, როგორც მოგახსენეთ, პოზიციების დასაფიქსირებლად გამოიყენებენ.

- საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, ქართული მხარე უმაღლეს დონეზე შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს, თუ საუბარი ყველაზე მტკივნეულ თემას, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შეეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს, ის დასავლეთის თვალში პიარს გაიკეთებს.

- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ყველამ კარგად ვიცით, რომ გავლენიანი დასავლური წრეები თავად გვირჩევენ, როგორმე გამოძებნეთ საერთო ენა რუსეთთანო. პუტინის წისქვილზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავასხამდით წყალს, თუ შეხვედრის შემდეგ ქართული მხარე განაცხადებდა, რომ დაფიქრდება აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ასეთი რამ რომ არ მოხდება, ცხადია. მართალია, შეხვედრა ფორმალური იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი. კერძოდ, რუსეთი აუცილებლად შეეცდება, ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, პუტინი საამისოდ ამ შეხვედრასაც გამოიყენებს.

- როგორ გამოიყენებს? ქართულ მხარეს რაიმეს შესთავაზებს, დაემუქრება თუ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას მიმართავს?

- რუსეთს შემუშავებული და დამუშავებულიც ექნება გეგმა, რომელმაც, მისი აზრით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება უნდა შეაფერხოს. გეგმა, სავარაუდოდ, ნებისმიერ სცენარს ითვალისწინებს, დაწყებული საბოტაჟით და დამთავრებული სოციალური უკმაყოფილების პროვოცირებით. თუ ზემოხსენებული ტიპის შეხვედრები შედგა, რუსული მხარე მოსინჯავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, შეეცდება, დაადგინოს მისი უსუსტესი წერტილი. თავის მხრივ, ქართულ მხარესაც მიეცემა იმის გაანალიზების საშუალება, კონკრეტულად საიდან არის მოსალოდნელი საფრთხე. ცუდად ვხდები, ზოგიერთი ექსპერტის განცხადება რომ მესმის, მეტი რაღა უნდა გვიქნას რუსეთმაო. ასე არ არის და მეჩვენება, რომ ხელისუფლებაც მეტისმეტად მშვიდად არის. იმედია, მალე გამოვფხიზლდებით და ყველა გამოწვევას მომზადებული შევხვდებით.

- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი საკითხის თაობაზე მას, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. თუმცა, მისი თქმით, პრინციპულად მიუღებელი საკითხები არ არის. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა, რომ აზრთა სხვადასხვაობამ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინოს და მარგველაშვილმა ამის შესახებ საჯაროდ განაცხადოს?

- არ ველი, რომ უახლოეს მომავალში მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის სერიოზული წყალგამყოფი გაჩნდეს. მათ შორის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობაც რომ იყოს, ადგილობრივ არჩევნებამდე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე საჯაროდ არ დააფიქსირებენ, რათა ქვეყანაში დაძაბულობის გაჩენას ხელი არ შეუწყონ.

- გასულ კვირას თბილისის საკრებულომ მეორედ არ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი და თუ ამას 11 მარტამდე არ გააკეთებს, დედაქალაქში ფედერალური მმართველობა შემოვა. სხვათა შორის, ზოგიერთი ექსპერტი ამას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობისთვის" თბილისში ბერკეტების (გამგებლები, დედაქალაქის მთავრობა) წართმევას აპირებს.

- ერთი მხრივ, შესაძლოა, მართლაც ისე ჩანდეს, რომ მზადდება დედაქალაქის ცენტრალური ხელისუფლებისთვის დაქვემდებარება; მეორე მხრივ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო წლებში "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ თბილისში მარცხდებოდა ხოლმე. ასე მოხდა 2008 წლის არჩევნებში, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გიგი უგულავა თბილისის მერი ვერ გახდებოდა, რომ არა ოპოზიციის აბურდულ-დაბურდული საარჩევნო კამპანია. თუმცა თუ ადგილობრივი არჩევნების წინ "ნაციონალებმა" თბილისში ბერკეტები შეინარჩუნეს, მიეცემათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა, მაგალითად, მათმა გამგებლებმა მიმართონ პროვოკაციას და ა.შ. შესაძლოა, სწორედ ამის აღკვეთა სცადოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. იმის თქმა კი, თითქოს თბილისში ფედერალური მმართველობის შემოღების შემთხვევაში ადმინისტრაციულ რესურსს ცენტრალური ხელისუფლება გამოიყენებს, არ შეიძლება. არჩევნებამდე ვერც მოასწრებენ დედაქალაქში ყველა რგოლის ჩანაცვლებას ან ამხანაგობის თავმჯდომარეების შეცვლას. აქვე მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა ტელეკომპანია "იმედში" საკრებულოს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე. უმრავლესობაში ბევრი ყოფილი "ნაციონალია", ბევრი მათგანი თანამონაწილეა იმ დანაშაულებისა, რასაც ეს გუნდი წლების განმავლობაში სჩადიოდა. შესაბამისად, ისინი აგრესიით ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ამ გუნდთან აღარაფერი აკავშირებთ. ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გამოირჩევიან აგრესიულობით და ეს უახლესმა ისტორიამაც დაადასტურა. ასე რომ, რაც "იმედში" მოხდა, მაინცდამაინც საკვირველი არ ყოფილა.

- ორი წლის წინ "საარჩევნო კოდექსში" შესული ცვლილებების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბიომეტრიული სიით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ახალი პროექტის მიხედვით, საარჩევნო სიაში წარმოდგენილი იქნება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ციფრული ფოტოსურათი. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ფოტოსურათი უზრუნველყოფს, რომ აღარ იყოს დარღვევები  და ერთმა ამომრჩეველმა რამდენჯერმე არ მისცეს ხმა?

- როგორც უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, თუ როგორი შეფასება მოჰყვება დასავლეთისგან, - იყო მცირე ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდაო. თუმცა, ჩვენთვისაა კარგი, ისეთი საარჩევნო კანონი და თვითმმართველობის კოდექსი მივიღოთ, რომ საზოგადოებაში ეჭვის საბაბი არ იყოს და სალაპარაკოც არ გახდეს. მუდამ იმის თქმა, რომ მომავალში იგეგმება კანონმდებლობის საბოლოო დახვეწა, არ შეიძლება. ასე ამბობდნენ წინა ხელისუფლებები და როგორ არჩევნებსაც ატარებდნენ და როგორ დაასრულეს საქმიანობა, კარგად ვიცით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ საარჩევნო კანონმდებლობის პრობლემა, ამ პროცესის გაჭიანურება არ შეიძლება, სამართლიანობის აღდგენისა არ იყოს.

- ხელისუფლების უმაღლესი პირები არ ეთანხმებიან განცხადებებს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა გაჭიანურდა. მაგალითად, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს. სხვათა შორის, ფრანგ ჟურნალისტთან საუბრისას ღარიბაშვილმა შერჩევით სამართალზე ბრალდებებს უპასუხა და უგულავას მაგალითი მოიყვანა: "ამბობენ, რომ 50 მილიონი ლარი მოიპარა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ევროა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, უნდა შევისწავლოთ თუ არა ეს საქმე? რასაკვირველია, უნდა შევისწავლოთ, რადგან ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა".

- თუმცა, ფაქტია, რომ საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის გააქტიურების უფრო მეტი მოლოდინია და ის ჯერჯერობით ამაოა, რაც მოსახლეობას აღიზიანებს. გასაგებია, რომ სამართალდამცავ ორგანოებში ჯერ კიდევ ბევრია "ნაციონალებთან" დაკავშირებული კადრი, რომლებიც ხშირად თავადაც დანაშაულის თანამონაწილენი იყვნენ. რა თქმა უნდა, მათი გადამკიდე ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე მივიდეს. მაგრამ ხელისუფლება სწორედ იმიტომაცაა ხელისუფლება, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების უკმაყოფილება თავად ამ ხელისუფლების მიმართ გაიზრდება. ამიტომ, თუ სამართლიანობის აღდგენა საკადრო თემაზეა მიბმული, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა.

- ალბათ, უნდა ვისაუბროთ ობიექტურ მიზეზებზეც: წინა ხელისუფლების ჩინოსნები უკანონობას, კორუფცია იქნებოდა თუ ბიზნესტერორი, დოკუმენტებით "კანონიერად" ფუთავდნენ ხოლმე.

- გასაგებია, მაგრამ, ალბათ, საზოგადოებაში უნდა იყოს იმის შეგრძნება, რომ სამართლიანობის აღდგენაზე ხელისუფლება მუშაობს. თუ უგულავამ მართლაც მიითვისა 50 მილიონი და ამის გამოძიება პრობლემად გადაიქცა, სულ მცირე, გამომძიებლებისა თუ პროკურორების არაპროფესიონალიზმზე უნდა ვისაუბროთ. სხვათა შორის, ზოგიერთი რამ ზედაპირზე იდო. კერძოდ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიამ ერთ ნარგავში რამდენიმე ათასი ლარი გადაიხადა. გასაგებია, რომ ესეც დოკუმენტებით "გაპრავებული" იქნებოდა, თუმცა კანონდარღვევა იყო თუ არა, ამის დადგენა არა მგონია მაინცდამაინც რთული იყოს. გახსოვთ, ალბათ, როგორი კატეგორიული იყო ადრე დასავლეთი და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ უფრო ლიბერალურ მიდგომას ითხოვდა. დღეს ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორები ასეთი კატეგორიულები აღარ არიან და შესაბამისად, ეს ბარიერი აღარ არსებობს. ამიტომ რაც გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ.

- გასულ კვირას საინტერესო განცხადებები გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც. კერძოდ, მან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა აზრითაც, მის დაფუძნებულ "მოქალაქეს" ხელისუფლების გაკრიტიკება გაუჭირდება, "ღია შეკითხვით" მიმართა: "ეს სექტორი ასე თავისუფლად იყო და წინა ხელისუფლებას მათზე გავლენა არ მოუხდენია. ახლა მე რომ შემახსენებენ, რომ ხელისუფლების კრიტიკა მევალება, ისინი ამას იმ დროს კარგად აკეთებდნენ? "ძალიან სოლიდურებს" შევახსენებ, მარტო 26 მაისის შემდეგ მათი განცხადებები კორექტული იყო?" მისივე თქმით, თუ გინდა, ობიექტური იყო, კარგზე კარგი უნდა თქვა, ცუდზე - ცუდი და გაკონტროლება მხოლოდ კრიტიკას არ ნიშნავს.

- კარგი იქნებოდა, ივანიშვილს დაეზუსტებინა, თუ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავდა. არიან ისეთებიც, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ კი არა, 2007 წლის 7 ნოემბერს ქუჩაშიც იდგნენ, და არიან ისეთებიც, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული იყვნენ. ამიტომ საინტერესოა, "ძალიან სოლიდურებში" ვის გულისხმობდა ივანიშვილი. რაც შეეხება იმას, გაუჭირდება თუ არა ხელისუფლების გაკრიტიკება „"მოქალაქის" დამფუძნებელს, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავრობა დღეს სწორედ ივანიშვილის გუნდია. თუ გუნდი შეცდომას დაუშვებს, შეგიძლია მაშინვე მიუთითო და არ არის სავალდებულო საჯარო განცხადებები. თუმცა, თუ საჯარო განცხადებები საჭირო გახდება, არა მგონია, ივანიშვილმა უკან დაიხიოს.

კრიტიკას მხოლოდ კრიტიკისთვის არავისთვის მოუტანია სიკეთე, მთავარია, საქმე გაკეთდეს და ამას ხელს საჯარო განცხადებებით შეუწყობ თუ პირდაპირი რჩევით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

- ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს ჯიღაურის, წილკნისა და ახალქალაქის მეურნეობები გადასცა. სახელმწიფოსთვის გადაცემულ ქონებაში 20 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა ჩადებული. ამავე დროს ზოგიერთი ექსპერტი ივანიშვილის საჩუქარში სიმბოლურ ჟესტსაც ხედავს.

- საჩუქარი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მე ყურადღებას ივანიშვილის პოლიტიკურ ჟესტზე გავამახვილებდი. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მთავრობა უკვე არის იმ დონეზე, რომ ისევე მოუვლის ჯიღაურის, წილკნისა თუ ახალქალაქის მეურნეობებს, როგორც თავად უვლიდა. იმის შესახებ კი, რა ძვირფასი იყო ყოფილი პრემიერისთვის ეს მეურნეობები, მხოლოდ განხორციელებულ ინვესტიციას არ ვგულისხმობ.

ძალიან მინდა იმედი მქონდეს, რომ სახელმწიფო ივანიშვილის საჩუქარს ზუსტად ასევე მოუვლის და არ გააპარტახებს.

- გასულ კვირას 42-მა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის წერილით მიმართა და ნატოს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება მოითხოვა. საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელები და საკმაოდ დამაიმედებელი განცხადებებიც გააკეთეს. ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს იმედი გაუჩნდა, იქნებ მოხდეს სასწაული და წელს მაპ-ი მივიღოთო.

- სამწუხაროდ, წელს მაპ-ს ვერ მივიღებთ. დასავლეთის დემონსტრაციული მხარდაჭერა უფრო იმას ემსახურება, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ეს მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას მართლაც სჭირდება და იმედია, ზაფხულში ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ. მაპ-ის მიღებამდე კი საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე საკმაოდ დიდი გზა აქვს გასავლელი.