"ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გარანტიების შექმნის მიზნით" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გარანტიების შექმნის მიზნით"

"რაც უკრაინაში მოხდა, იანუკოვიჩისა და პუტინის პასუხისმგებლობა 50/50-ზეა"

"რუსეთმა კიევის მაიდანზე არა მხოლოდ უკრაინასთან წააგო, არამედ საქართველოსთანაც"

რუსულმა მედიამ კიევში მიმდინარე მოვლენებს "პუტინის უკანასკნელი უკრაინული ფრონტი" უწოდა. როგორც ჩანს, ამ ფრონტზე პუტინი დამარცხდა. მაგალითი გადამდებია და არ არის გამორიცხული, ადრე თუ გვიან, რუსეთის პირველმა პირმა თავისი ევრომაიდანი კრემლის წინ მიიღოს. ვიქტორ იანუკოვიჩს ბოლო მომენტამდე, სანამ მასშტაბური შეტაკებები დაიწყებოდა, შეეძლო ღირსეულად მოქცეულიყო და თავისი ხალხისთვის სისხლის ღვრა აეცილებინა. თუმცა მან საკუთარ ხალხს სნაიპერები და "ტიტუშკები" შეუსია და მუამარ კადაფის გზას დაადგა. ბოლოს და ბოლოს, იანუკოვიჩი დათმობაზე წავიდა - დაწყებული რიგგარეშე არჩევნებზე დათანხმებით და იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებით. უმაღლესმა რადამ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენა. იანუკოვიჩმა რადას გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი განაცხადა. ასე იქნება თუ ისე, კადაფის აჩრდილი მისი მუდმივი თანამგზავრი იქნება, რადგან ვეჭვობ, უკრაინელებმა მას დანაშაული აპატიონ. ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩთან, ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელ მამუკა ჟღენტთან საუბარი სწორედ უკრაინის მოვლენებით დავიწყეთ.

- ვიქტორ იანუკოვიჩი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტად ითვლებოდა, თუმცა მისივე ქმედებებმა ეს ლეგიტიმაცია დააკარგვინა. რამდენიმე დღის წინ ვიყავი კიევში და შემიძლია გითხრათ, ისინი არც ნაციონალისტები არიან და არც რადიკალები, როგორც ზოგიერთი უწოდებს. გარდა იმისა, რომ ისინი ევროპულ არჩევანს და შვილების მომავალს იცავენ, ყელში ამოუვიდათ უკრაინაში დამკვიდრებული ოლიგარქიული მმართველობა. ამგვარი მმართველობით ეს ხალხი რა დონეზე გაამწარეს, ყველამ კარგად დავინახეთ. იმ ტრაგედიაში, რაც უკრაინაში მოხდა, იანუკოვიჩისა და პუტინის პასუხისმგებლობა 50/50-ზეა. იანუკოვიჩმა ვერ გაუძლო რუსეთის ზეწოლას და რაც იკადრა თავისი ხალხის მიმართ, ამას შეფასებაც არ სჭირდება. ასევე, სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევა და სუვერენიტეტის შელახვა. შინაარსობრივად მნიშვნელობა არ აქვს, ამას პირდაპირი სამხედრო ინტერვენციით გააკეთებ, თუ რუსი სნაიპერებითა და "ტიტუშკებით". პუტინი ასე მხოლოდ იმიტომ კი არ იქცევა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენისა და ევრაზიული კავშირის მანიაკური იდეები აწუხებს, არამედ, მასში თვითგადარჩენის ინსტინქტმა გაიღვიძა. კარგად იცის, თუ რუსეთის მეზობლად დემოკრატიული ფასეულობები გაიმარჯვებს, ეს ძირს გამოუთხრის პუტინის მმართველობას რუსეთში. კიევში ქართველები დაიღუპნენ და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს.

- საბედისწერო ნაბიჯი იანუკოვიჩს პანიკამ გადაადგმევინა თუ პუტინის ზეწოლამ?

- იანუკოვიჩის ბიოგრაფიას ვიცნობ და ის სულელი ნამდვილად არ არის,  უკრაინის პრეზიდენტი საკმაოდ პრაგმატული პიროვნებაა. არ ვიცი, ალბათ, პუტინისგან შანტაჟმა და პანიკამაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. თუმცა სიმართლე გითხრათ, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ სნაიპერები თუ "ტიტუშკები" იანუკოვიჩს ექვემდებარებოდნენ. მოვლენების შემდგომი შესწავლა ნათელს მოჰფენს, რა ხდებოდა უკრაინის ხელისუფლების კულუარებში.

- იმაზე მიანიშნებთ, რომ იმ ძალებს, რომლებიც მომიტინგეებს ქუჩაში ხოცავდნენ, რუსული სპეცსამსახურები მართავდნენ?

- შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რუსული სპეცსამსახურები ჩართული იყვნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს უკრაინაში დიდი მეხუთე კოლონა ჰყავს.

არ გამოვრიცხავ, რომ უშუალოდ მოსკოვიდან მოდიოდა ინსტრუქციები, მაგრამ ვისი მეშვეობით ხდებოდა მისი შესრულება - შს მინისტრის, უშიშროების საბჭოს მდივნის თუ პრეზიდენტის - ეს უკვე შესწავლის საგანია.

- ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების კიევში ჩასვლის შემდეგ, იანუკოვიჩი ვადამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს დათანხმდა. მეტიც, 22 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თანამდებობა დატოვა. ციხიდან გაათავისუფლეს იულია ტიმოშენკო. იანუკოვიჩი თავს ხარკოვს აფარებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინაში ყველაფერი დამთავრდა?

- მდგომარეობას გლობალურად თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინაში ყველაფერი დამთავრდა. უბრალოდ, ამ დასასრულის გაფორმებას რამდენიმე კვირა ან თვეც კი დასჭირდება. სხვათა შორის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინაში ყველაფერი დამთავრდა.

პუტინი უკრაინაში დამარცხდა.

შესაძლოა, გარკვეული ექსცესები კიდევ მოხდეს, მაგრამ წლის ბოლომდე პუტინის ავანტიურა უკრაინაში საბოლოოდ დასრულდება.

- თუმცა ექსპერტთა დიდი ნაწილი პროგნოზირებს, რომ თუ პუტინი კიევში დამარცხდა, უკრაინისთვის აღმოსავლეთ რეგიონების წაგლეჯას შეეცდება. ყირიმის საკითხი, ალბათ, სხვა თემაა.

- თეორეტიკოსებისთვის, ალბათ, დასაშვებია მსგავს ვერსიებზე საუბარი. თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, პუტინი უკრაინას ვერ დაშლის. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრაგიკულმა მოვლენებმა უკრაინელი ხალხი, დასავლეთის თუ აღმოსავლეთის რეგიონებიდან, გააერთიანა. უკრაინა საქართველო არ არის, ის უზარმაზარი ქვეყანაა მძლავრი შეიარაღებული ძალებით. არ გამოვრიცხავ, პუტინს ჰქონდეს ქვეყნის დაშლის მცდელობა, თუმცა ეს წარუმატებლად დასრულდება. გამოვრიცხავ იმას, რომ ყირიმი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. მე უფრო ის მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები ყირიმში ბაზირებული რუსული ფლოტის გარშემო. საერთაშორისო ნორმებით, როდესაც რუსეთი უკრაინის საშინაო საქმეებში ჩაერია, მან თვითონვე დაარღვია ის ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე ფლოტის ყირიმში ბაზირებასთან დაკავშირებით გაფორმდა. ასე რომ, უკრაინის ახალ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება, აქვს სრული უფლება, გადახედოს რამდენიმე წლის წინ მედვედევსა და იანუკოვიჩს შორის გაფორმებულ შეთანხმებას.

- ერთმნიშვნელოვნად პროგნოზირებთ, რომ უკრაინის მომავალი ხელისუფლება პროდასავლური იქნება?

- დიახ, რადგან, როგორც გითხარით, რამდენიმე დღის წინ ვიყავი კიევში და იქ ევრომაიდანზე ერთად იდგნენ კიეველები, ლვოველები, დონეცკელები თუ ყირიმელები. უბრალოდ, შეიძლება არსენ იაცენიუკმა, ვიტალი კლიჩკომ და იულია ტიმოშენკომ ცალ-ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა უკრაინის მომავალი ხელისუფლება პროდასავლური იქნება.

- რა ამის პასუხია და, ალბათ, დამეთანხმებით - ტრაგიკული მოვლენების ფონზე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ძალიან პასიურობდა.

- იუშჩენკო მაშინაც კი პასიურობდა, როდესაც პრეზიდენტი იყო და ეს მისი პირადი პრობლემაა. როგორც ჩემი უკრაინელი მეგობრები ამბობენ, იუშჩენკოს კარპატებში სკების მოვლა ურჩევნია სახელმწიფო საქმეების გაძღოლას.

- ბოლო დღეებში არაერთხელ უსაყვედურეს დასავლურ ქვეყნებს - თავის დროზე რომ გამოფხიზლებულიყვნენ და ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ, შესაძლოა, უკრაინაში მოვლენები ასე ტრაგიკულად არ განვითარებულიყო.

- საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდავეთისთვის ევროპა ერთადერთი გამოსავალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპას ნაკლი არა აქვს. აშშ-ზეც მინდა ვთქვა, პასიურობა და თავის დროზე ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობა, მასზე კარგად არ მეტყველებს. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ევროპა და ამერიკა გამოფხიზლდნენ. ბარაქ ობამამ თავის გამოსვლაში პირდაპირ ახსენა პუტინი, რაც მეტად ნიშანდობლივია.

- საქართველო ზაფხულში აპირებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და ექსპერტები რუსეთის მხრიდან მორიგი პრესინგის დაწყებას პროგნოზირებენ. უკრაინის მაგალითი ევროპას ხომ არ უბიძგებს იმისკენ, რომ რუსეთის ზეწოლის შემთხვევაში, საქართველოს დასახმარებლად უფრო მობილიზებულად და ადეკვატურად იმოქმედოს?

- რუსეთმა კიევის მაიდანზე არა მხოლოდ უკრაინასთან წააგო, არამედ საქართველოსთანაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვი გულხელდაკრეფილი დაჯდება. ის ჩვენთვის პრობლემების შექმნას შეეცდება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობების კუთხით. ასევე, შეეცდება ხელი შეუწყოს პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რთული იქნება. რაც მთავარია,  რუსეთი შეეცდება ხელი შეუწყოს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას. თუმცა, თუ საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა არ დაუშვა, რუსეთი მიზანს ვერ მიაღწევს.

- საქართველოსთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკულ ვიზიტზე მინდა გკითხოთ - ალბათ, მისი ერთ-ერთი მიზანი ამ მხარდაჭერის გაძლიერების გარანტიების მიღებაა.

- საქართველოსადმი აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა. თუმცა თავის დროზე გარკვეულწილად შეიცვალა მიდგომა რუსეთის მიმართ, მაგრამ ბარაქ ობამას ზემოხსენებული განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ეს დასრულდა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მას შეუძლია მხარდაჭერის გარანტიები შექმნას იმ გამოწვევების საპირწონედ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. უელსის ნატოს სამიტისგან რას მივიღებთ, ამაში აშშ-ის ძალიან დიდი როლი ეკისრება.

- თუმცა, ალბათ, უელსის სამიტისგან მაპ-ს არ უნდა ველოდოთ.

- მაპ-ის მისაღებად მხოლოდ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და სამხედრო კომპონენტი არ კმარა. ვგულისხმობ იმას, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველო აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სამშვიდობო მისიაშიც იქნება წარმოდგენილი. თუმცა ვიმეორებ - მარტო ეს საკმარისი არ არის, ნატო პირველ რიგში, ფასეულობათა ორგანიზაციაა და საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი ვალდებულების შესრულება მოუწევს დემოკრატიისა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. თუმცა ჩვენს შანსებს ზრდის ის, რომ რუსეთის აგრესიის შემხედვარე იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც მოსკოვის გაბრაზებას ერიდებოდნენ, შესაძლოა, უფრო თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ.

- პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში პირველი ანგარიშით წარდგა. მან ხაზი გაუსვა, რომ 2013 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და თავი აარიდა პოლიტიკურ ოპონენტთა დევნას. ეს კი  სამართლებრივი ქვეყნის აშენების საფუძველია.

- იმ ადამიანებმა, რომელთაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. როგორც ვიცი, ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ქონებრივად დაზარალდნენ. მათთვის ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია ქონების დაბრუნება და კანონიერი უფლებების აღდგენა, ვიდრე ის, რომ მაგალითად, მერაბიშვილს პატიმრობა მიესაჯა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არანაირი სიახლე არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნა-არდევნას, გარკვეულწილად ბალანსს არღვევს გამგებლების დაკავება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, თუმცა მეორე მხრივ, თუ ჩადენილი აქვთ დანაშაული, პასუხიც უნდა აგონ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია - ადამიანმა პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ მოტივით აიცილოს, რომ რომელიმე პარტიის წევრია.

- მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არასოდეს გადაიხედება და 2014 წელს უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან.

- ვილნიუსის სამიტზე გამოსვლისას გამოითქვა ნათელი, მკვეთრად ჩამოყალიბებული და ევროპელი ლიდერებისთვის აბსოლუტურად მისაღები პოზიცია. კითხვის ნიშნის ქვეშ ის კი არ დგას, აქვს თუ არა საქართველოს დასავლური კურსი, არამედ ის, თუ როგორ ვახორციელებთ ამ კურსს. სამწუხაროდ, ქვეყნის სტრატეგიულ კურსთან დაკავშირებით არ გვაქვს რაიმე ყოვლისმომცველი დოკუმენტი, გარდა პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაციისა, რაც საკმარისი არ არის.

- 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 50%-იანი ბარიერით გაიმართება. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას (ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა 50%-იანი ბარიერი იყო) მიესალმება, თუმცა უფრო დიდი ნაწილი კვლავ უკმაყოფილოა.

- უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არის. მაგალითად, გაუგებარია, რატომ აქვთ საკრებულოებს უფლება თვითმმართველობის კოდექსით, რომ 2/3-ით მერს უფლებამოსილება შეუწყვიტონ. მაშინ რაღა საჭიროა ზედმეტი ხარჯი არჩევნებისთვის - დავნერგოთ ფრანგული მოდელი და საკრებულომ თავისი შემადგენლობიდან აირჩიოს მერი. ასევე, მიუღებელია, რომ საინიციატივო ჯგუფებს აღარ ექნებათ კანდიდატების დასახელების უფლება და ეს მხოლოდ პარტიებს შეეძლებათ. კითხვის ნიშნებს აჩენს ინიციატივა, რომლის თანახმად, პარტია, რომელიც 3%-ს გადალახავს, ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს. მივესალმები პარტიების გაძლიერებას, მაგრამ არ მსურს, ამ ყველაფერმა პოლიტიკური კორუფციის ფორმა მიიღოს. ისე, მიკვირს, ზოგიერთი პარტია რატომ უჭერს მხარს ამ ინიციატივას, რადგან სულ სამი პარტია ვიცი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 3%-ს აიღებს.

- ზემოთ თქვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნისთვის რთული იქნებაო.

- უპირველესად, საკანონმდებლო პრობლემებთან გვაქვს საქმე. არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიცია ყველაფერზე რომ ყვიროდა, მოეთხოვათ თავის დროზე ზემოხსენებულ კანონებზე მუშაობის დაწყება?! გარდა ამისა, ამ არჩევნებში პოლიტიკურ ძალებს გადამწყვეტი ამოცანები აქვთ. "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაამტკიცოს, რომ შეინარჩუნა რეიტინგი. გამოწვევის წინაშეა "ნაციონალური მოძრაობაც". მან ამჯერად, როგორც პარტიამ (საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი კონცენტრაცია დავით ბაქრაძის ფიგურის გარშემო იყო) უნდა დაამტკიცოს, რომ რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად. არასაპარლამენტო ოპოზიციამ კი თუ ამ არჩევნებზე რაიმე ხელშესახები შედეგი არ აჩვენა, ბევრ მათგანს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე არსებობა-არარსებობის დილემა დაუდგება. მოკლედ, ფსონები დიდია და საკმაოდ დაძაბული და რთული არჩევნები გველის.