"ობამას ჟესტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს"
03-03-2014
"ობამას ჟესტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს"
"ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეპიზოდური დაკავებები სამართლიანობის აღდგენაა?"

"წელიწად-ნახევრის განმავლობაში პროკურატურამ ვერ გამოკვეთა ვერც ერთი ორგანიზებული დანაშაული"


აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს მთავარ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი, კერძოდ, რეალურად აქვს თუ არა დაგეგმილი აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც 2014 წელი შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გადამწყვეტი იყოს. გულუბრყვილოებსაც აღარ სჯერათ, რომ რუსეთი საქართველოს დასავლეთისკენ დაჩქარებულ სვლას გულხელდაკრეფილი შეხვდება. უკრაინის მოვლენებმა ამაში უპირველესად დასავლეთი დაარწმუნა. ღარიბაშვილის ვიზიტს თუ შევაჯამებთ, შეგვიძლია თამამად
ვთქვათ, რომ ზემოხსენებულ მთავარ კითხვაზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ექსპერტ კახი კახიშვილთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:


- შეგახსენებთ, რომ ობამას წინამორბედი, ჯორჯ ბუში, მიხეილ სააკაშვილის თითქმის ყველა გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა, ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობა გაცივდა. ყველას კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილი
ობამას დერეფნებში დასდევდა და ამას ოფიციალურ შეხვედრად გვასაღებდნენ. სამწუხაროდ, ეს ურთიერთობა ცივი რჩებოდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც. გული მწყდება, რომ ვერ მოხერხდა აშშ-ში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის ორგანიზება. ღარიბაშვილის ვაშინგტონში ჩასვლა კი ნამდვილი გარღვევაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბარაქ ობამა ღარიბაშვილ-ბაიდენის შეხვედრას შეუერთდა. მისი დასწრება პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო. ობამას ჟესტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ჯერ ერთი, მან მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ვაშინგტონი თბილად არის განწყობილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი. ობამამ ღარიბაშვილს ამით ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა; მეორე - ეს იყო მკაფიო გზავნილი რუსეთისა და საქართველოს სხვა მეზობლებისთვის:

ამერიკას საქართველო არ დავიწყებია და კვლავაც მხარს უჭერს. ღარიბაშვილის ვიზიტის წარმატებაში წვლილი შეიტანა უკრაინის მოვლენებმაც იმით, რომ ვაშინგტონი თავის პარტნიორებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. მოკლედ, ეს ვიზიტი საქართველოს მნიშვნელოვან დივიდენდებს მოუტანს.

- აშშ-ის მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ფონზე. სოჭის ოლიმპიადის დასრულებისთანავე რუსებმა შიდა ქართლში განაახლეს მავთულხლართების გავლება. როგორც ჩანს, რუსული მხარე არც აფხაზეთში აპირებს 11-კილომეტრიანი მონაკვეთის უკან გადაწევას.

- არადა, მე მახსოვს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების ზერელე განცხადებები, თითქოს რუსეთი ოლიმპიადის დასრულებისთანავე 11-კილომეტრიან მონაკვეთს უკან გადასწევდა. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ რუსეთი მავთულხლართების გავლებას შეწყვეტს და უცბად შეცვლის საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკას. ზერელეა განცხადებებიც, თითქოს რუსეთს ბერკეტები აღარ დარჩა. სამწუხაროდ, ქართულ მხარეს არ აქვს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიული გეგმა, შედგენილი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და უშიშროების საბჭოს მონაწილეობით. მასში გაანალიზებული იქნებოდა ყველა სცენარი, ყველა გამოწვევა. ეს გეგმა რომ გვქონდეს, თითოეული სცენარისთვის მზად ვიქნებოდით და მხოლოდ პოსტ ფაქტუმ არ მოვახდენდით რუსეთის ქმედებებზე რეაგირებას. იმედია, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლება ასეთი გეგმის შედგენაზე მუშაობას დაიწყებს.

- 27 თებერვალს საფრანგეთის სასამართლომ საქართველოში დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი კეზერაშვილის ძვირად ღირებული ადვოკატისა და არაკვალიფიციური ფრანგი პროკურორის ბრალია.
- იმედია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ მოითხოვს საფრანგეთის მართლმსაჯულების რეფორმირებას. იუსტიციის სამინისტრომ და პროკურატურამ პრობლემა თავიანთი კადრების არაკვალიფიციურობაში ეძებონ. კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხის განხილვისას სასამართლოსთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო იმის განსაზღვრა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ძებნა პოლიტიკური მოტივით ხომ არ იყო გამოცხადებული. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან არასერიოზულად მიუდგა მიხეილ სააკაშვილის წერილს საფრანგეთის სასამართლოსადმი. ყოფილი პრეზიდენტი წერდა, რომ–კეზერაშვილი ბიზნესმენია და მისი ძებნა იმიტომ გამოცხადდა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დამფინანსებელია. როგორც ჩანს, ამ წერილმა მიზანს მიაღწია და კეზერაშვილის პირველივე პროცესზე ფრანგი პროკურორი არ დაეთანხმა საქართველოში მისი ექსტრადიციის მოთხოვნას. კეზერაშვილი მაშინ ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებით გამოუშვეს და ქართული მხარე ამტკიცებდა, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად გადმოგვცემენო. თუმცა უკვე მაშინვე ნათელი იყო, რომ 27 თებერვლის სასამართლოს სხდომა მხოლოდ ფორმალობა იყო და კეზერაშვილს აუცილებლად გაათავისუფლებდნენ. ხაზს ვუსვამ: საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ კეზერაშვილს ქართული მხარის მოთხოვნით ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში აღარ დააკავებენ და არც ექსტრადიციის საკითხი დადგება. იმ ქვეყნებში კი, სადაც დაპატიმრების საფრთხე ელოდება, კეზერაშვილი თავად არ დარჩება. ასე რომ, ქართულ მხარეს ისღა დარჩენია, კეზერაშვილს დაუსწრებლად შეუფარდოს სასჯელი. თავისი ფეხით რომ არ მივა ციხეში კეზერაშვილი, ყველამ კარგად ვიცით.

- საქართველოს მთავარ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები რომ წარედგინა, სასამართლოსა და ფრანგი პროკურორის პოზიციაზე, გადამწყვეტი გავლენა მაინც სააკაშვილის წერილსა და "ნაციონალების" საერთაშორისო გავლენას ექნებოდა?

- რა თქმა უნდა, არა. სწორედ ამიტომაც ვლაპარაკობ კადრების კვალიფიკაციაზე. სხვათა შორის, შესასწავლია, მართლა კონკრეტული პირების არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ საბოტაჟთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროკურატურაში ის კადრები მუშაობენ, რომლებიც თავის დროზე ექვემდებარებოდნენ იმ ხალხს, რომელთა მიმართ დღეს სამართლებრივი ღონისძიებების გატარება უწევთ. თითოეული საქმე თუ მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, სასამართლოში არ უნდა გადაიგზავნოს. მაქვს ეჭვი, რომ ზოგიერთ გახმაურებელ საქმეზე სასამართლოში მასალები შეგნებულად გადაიგზავნა სუსტი მტკიცებულებებით, რათა გამამართლებელი განაჩენი გამოეტანათ. ამიტომ შესასწავლია ასეთი საქმეების მტკიცებულებები, თუნდაც ის, რა არგუმენტებით წარდგა პროკურატურა ფრანგული სასამართლოს წინაშე.

- აქვს პროკურატურას ასეთი საეჭვო საქმეების რევიზიისთვის პოლიტიკური ნება ან რესურსი?

- ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ფაქტია:
არ შეიძლება პროკურორს დაავალო მეგობრის ან იმ პირის საქმის გამოძიება, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ერთ კაბინეტში იჯდა.

გაუგებარია, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის "ნაციონალების" დროინდელი კადრები. სხვათა შორის, ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ ახალი ხელმძღვანელები, რომ რასაც ადრე აკეთებდნენ, გამართლებული იყო და ყველაფერი ცუდი საზოგადოებრივი პიარის ბრალი გახლდათ. ისიც ვიცით, რომ პროკურატურაში ძალიან ბევრი საქმე თაროზეა შემოდებული. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეპიზოდური დაკავებები სამართლიანობის აღდგენაა? ავიღოთ თუნდაც გოგა ონიანის მაგალითი, რომელსაც მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მოქალაქისთვის ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ. გოგა ონიანი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო და რატომ არ დგება პოლიციის მაშინდელი უფროსის ან იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ონიანის უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ?

როდესაც პოლიციის თანამშრომლები გოგა ონიანის უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ, როგორც ეს გამოძიების მასალებშია აღნიშნული, მათ იცოდნენ, რომ ეს ბრძანება ონიანის თავში კი არა, უფრო ზემოთ "მოიხარშა". ისევე როგორც ციხეში პატიმართა წამების საქმეებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ციხის უფროსებს კი არ ეკისრებათ, ან მხოლოდ მეგის ქარდავას კი არ მიუძღვის ბრალი, რომ შსს-ში 27 ათასზე მეტი ფარული ჩანაწერი იპოვეს. ისიც ვიცით, რომ მხოლოდ ფინანსური პოლიციის უფროსის დონეზე არ წყდებოდა, მოქალაქეები ღამის სამ საათზე სახელმწიფოს ქონებას რომ "ჩუქნიდნენ" ხოლმე. წელიწად-ნახევრის განმავლობაში პროკურატურამ ვერ გამოკვეთა ვერც ერთი ორგანიზებული დანაშაული, რის შედეგადაც სამართლიანობის აღდგენა დაიწყებოდა სრული მასშტაბით - ზემოდან ქვევით ან ქვემოდან ზევით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეპიზოდური დაკავებები სამართლიანობის აღდგენა არ არის.

- თუ ხალხს იმედი გაუცრუვდა, ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ თავად დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა.

- დღეს მოქალაქეებს ჯერ კიდევ სჯერათ სახელმწიფო ინსტიტუტებისა, თუმცა ეს დაუსრულებელი არ არის. როდესაც კაცი ხედავს, რომ ვინც ქონება წაართვა, ისევ ის პირი განკარგავს მის ქონებას, ან ვინც უკანონო პატიმრად აქცია, ისევ ზემოდან დაჰყურებს, რა თქმა უნდა, გაღიზიანდება. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასაც კი არ დაადგა საშველი. იმედგაცრუებას კი ის მოჰყვება, რომ ჩვენი მოქალაქეები, სავარაუდოდ, შეეცდებიან თავად აღადგინონ სამართლიანობა. სხვათა შორის, უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც პროკურორებს დაზარალებულები მისივე კაბინეტში გაუსწორდნენ. როგორი იქნება თვითნებური სამართლის ფორმები, არ ვიცი. ყველაზე ცუდი ის იქნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი უწყებები, დაკარგავენ ხალხის ნდობას. გვახსოვს ის დრო, როდესაც პოლიციის მაგივრად, მოქალაქეები სამართლის საპოვნელად მაყურებლებსა და ე. წ. კანონიერ ქურდებთან მიდიოდნენ. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს დრო დაბრუნდეს.

- თუ სამართალდამცავ სისტემაში არაკვალიფიციურობა ან საბოტაჟი ასეთი დაუძლეველი პრობლემაა, იქნებ მიგვებაძა ზოგიერთი ქვეყნისთვის და უცხოელი პროკურორები მოგვეწვია?
- უცხოელი პროკურორების მოწვევის იდეას ვერ დავეთანხმები. ჩვენ შეგვიძლია კვალიფიციური კადრებით სამართალდამცავი უწყებების დაკომპლექტება, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ხელს აძლევს, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე დამოუკიდებელი ფიგურა კი არა, ძველი კადრი ჰყავდეს - "წარსულით გამოჭერილი" კადრი მისი ნება-სურვილის უპირობო შემსრულებელი იქნება. პრობლემა პოლიტიკური კუთხითაც უნდა ვეძებოთ. ბოლო არჩევნები ჩატარდა იმ ლოზუნგით, რომ კოაბიტაცია უნდა დასრულებულიყო. აგერ ახლახანაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, კახა კალაძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" საბოტაჟითაა დაკავებული და ეს უნდა დასრულდესო. მაგრამ, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთი სჭირდებათ. კერძოდ, "ქართულ ოცნებას" ჰყავს დისკრედიტირებული ოპონენტი და ხელისუფლებამ შეცდომაც რომ დაუშვას, "ნაციონალების" კრიტიკას სიმართლედ აღარავინ აღიქვამს; "ნაციონალურ მოძრაობას" კი აწყობს მეორე ოპოზიციურ ძალად დარჩენა.– მან კარგად იცის, ქართულ პოლიტიკაში ქვა-ქვაზე რომ არ დარჩეს, ხელისუფლებაში მაინც ვერ მოვა. ისიც იციან, ვთქვათ, ხელისუფლება რომ შეიცვალოს და სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს, საქმე, რბილად რომ ვთქვათ, მძიმედ ექნებათ. მოკლედ, მათ აწყობთ ერთმანეთი. თუმცა, იმედია, ვცდები.

- ძალიან ხომ არ ვამუქებთ ვითარებას? მაგალითად, გასულ კვირას სასამართლომ "ნაცმოძრაობის" გენმდივანსა და ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
- თუ არ ვცდები, ვანო მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. თუმცა საინტერესოა, არის თუ არა სრულად გამოძიებული 26 მაისის მოვლენები? მერაბიშვილი სპეცრაზმელებს პირადად ხომ არ ეტყოდა, შენ ამდენჯერ დაარტყამ ხალხს, შენ კი იმდენჯერო. ის დავალებას მისცემდა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ისინი სამმართველოების უფროსებს, რომლებიც, თავის მხრივ, ინსტრუქციებს მისცემდნენ პირად შემადგენლობას. ამ ხალხმა აგო პასუხი? გარდა ამისა, თუ არ ვცდები, მოქალაქეებს სცემდნენ არა მხოლოდ პოლიციის, არამედ სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროების სპეცრაზმებიც. სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის მაშინდელი მინისტრების გარეშე მერაბიშვილი სხვა უწყების სპეცრაზმებს რუსთაველის პროსპექტზე ვერ გაიყვანდა. რატომ არ ფიგურირებენ ისინი 26 მაისის საქმეში? რატომ არ აგეს პასუხი იმ პროკურორებმაც და მოსამართლეებმაც, რომლებიც დარბეულ და ნაწამებ ხალხს ციხეებში უშვებდნენ. მერაბიშვილთან ერთად უნდა დამდგარიყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც - დაწყებული ზურაბ ადეიშვილით და  დამთავრებული სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებით.

- გასულ კვირას საქართველოში დაბრუნდა ემზარ კვიციანი, რომელიც აეროპორტშივე დააკავეს. როგორ ფიქრობთ, კვიციანის დაბრუნება ხომ არ მისცემს ბიძგს, რომ 2006 წლის კოდორის ხეობის მოვლენების შესწავლაც დაიწყოს?
- ემზარ კვიციანის ჩამოსვლაზე უნდა იყოს დამოკიდებული, დაიწყება თუ არა კოდორის ხეობის მოვლენების შესწავლა? ან მაინცდამაინც მერაბიშვილის ცნობილი ვიდეოფირი უნდა გავრცელებულიყო, რომ მუხროვანის მოვლენების გამოძიება დაეწყოთ?! თუ პროკურატურა ხედავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და რაიმე ცალკე აღებულ მოვლენას ამაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს.

- დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა კახი კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიაზე "პიარის აგორებას" ცდილობს. მისივე თქმით, იანუკოვიჩსა და სააკაშვილს საერთო ხელწერა აქვთ. ამ განცხადებას "ნაციონალების" მძაფრი რეაქცია მოჰყვა და მათ აქეთ დაადანაშაულეს ხელისუფლება "იანუკოვიჩობაში".
- ყველაზე საინტერესო "ნაციონალების" ლოგიკაა. უკრაინაში ძალიან სწრაფად გადააყენეს პრეზიდენტი და აღძრეს მასზე სისხლის სამართლის საქმე; გადააყენეს გუბერნატორები და მოსამართლეები, დაიწყეს ტიმოშენკოსა და სხვა გახმაურებული საქმეების თავიდან გამოძიება და ამ საქმეების პროკურორები პასუხისგებაში მისცეს. აი, ამას "ნაციონალური მოძრაობა" დემოკრატიას უწოდებს, საქართველოში კი თურმე მოწმის სტატუსით დაბარება პოლიტიკური დევნაა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ არც ზედმეტი უსუსურობა და უუნარობა ვარგა.

- უკრაინაში კვლავ დრამატულად ვითარდება მოვლენები.
- დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობა ინტენსიურ კონსულტაციებს დაიწყებს მოსკოვთან, რათა უკრაინა გახლეჩასა და სხვა მძიმე სცენარებს გადაარჩინოს. იმედია, ეს ცდა წარმატებით დასრულდება. რაც შეეხება იმას, თუ  როგორ უნდა მოიქცეს საერთაშორისო საზოგადოებრიობა, პირდაპირ ვამბობ _ თუ დასავლეთი უკვე ყბადაღებული შეშფოთების ნაცვლად, დაუყოვნებლივ არ გადაუგდებს ნამდვილ მაშველ რგოლს უკრაინას, შუაგულ ევროპაში კატასტროფასა და ომს მივიღებთ. ამან შესაძლოა, მთელი ევროპის ისტორიაც კი შეცვალოს. ეს კარგად უნდა გაიაზრონ ევროპასა და ამერიკაში _ ახლა `უიკ-ენდებისა~  და ბიუროკრატიის დრო არ არის. ახლა ენდშპილია, დაუყოვნებლივ უნდა აამოქმედონ ყველა მექანიზმი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რათა ქმედითი მაშველი რგოლი დროულად მიაწოდონ უკრაინას. ასევე, ვიმედოვნებ, რომ თუ რუსული ჯარები ყირიმში შევლენ, უკრაინა სამხედრო კონფრონტაციაში არ ჩაებმება. თუმცა მთავარი როლი მსოფლიოს ეკისრება, მან უნდა გადაარჩინოს უკრაინა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით