"კრემლი "მიწებს აგროვებს"!
10-03-2014
"კრემლი "მიწებს  აგროვებს"!
"კიევში "შატალოზე" წასული ლექტორი სააკაშვილი საქართველოსთვისაც საფრთხეს შეიცავს"

"უნდა ვაღიაროთ, რომ "ქართული ოცნების" შავი ლაქა სწორედ პროკურატურაა"


უკრაინელი სამხედროების თავშეკავების წყალობით ყირიმში ჯერ სამხედრო მოქმედებები და ხოცვა-ჟლეტა არ ყოფილა. უკრაინულ სამხედრო ბაზებთან რუსი ჯარისკაცები და სამოქალაქოფორმიანი პირები დღეში რამდენჯერმე პროვოკაციებს აწყობენ და ამით უკრაინელებს იწვევენ - იქნებ ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს და ჰაერში მაინც გაისროლოსო. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინელებმა კარგად გაითავისეს გამონათქვამი, - ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ეს "სხვა" ვინ
არის, თავად განსაჯეთ, თუმცა 16 მარტის შემდეგ, შესაძლოა, თავშეკავება უკრაინელებსაც გაუჭირდეთ. 16 მარტს ყირიმში რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ტარდება და თუ მოსკოვმა მომდევნო დღეებში "დააკმაყოფილა ყირიმელი ხალხის ნება", თოფმა შეიძლება გაისროლოს.

პარალელურად, რუსული პროპაგანდა ქვეყნის შიგნით ამკვიდრებს მსოფლიოსთვის ძალზე სახიფათო ტერმინს - "მიწების შეგროვება." ამიტომაც,
თუ პუტინი ყირიმში არ დამარცხდა, კრემლი "მიწების შეგროვებას" გააგრძელებს და შესაძლოა, გლობალური ომის საფრთხის წინაშეც დავდგეთ. პუტინს კი მხოლოდ უკრაინა ვერ დაამარცხებს - მას სჭირდება კონკრეტული და მრავალმხრივი დახმარება ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან თუ ლონდონიდან. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან საუბარი სწორედ ყირიმის თემით დავიწყეთ.



- ყირიმი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ერთი ადამიანის პროექტია და შესაბამისად, მოვლენები დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდება. ამ ერთ ადამიანს უზარმაზარი სამხედრო და უზნეობის პოტენციალი აქვს და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა - უკრაინაში რევოლუციის შემდეგ ახალი სახელმწიფო შეიქმნა და ვეღარ იმოქმედებს ის ხელშეკრულება, რომელიც 90-იან წლებში კიევსა და მოსკოვს შორის გაფორმდაო (ამ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ რუსეთი ყირიმზე პრეტენზიას არ განაცხადებდა). ეს სიცრუეა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოსული იყვნენ პუტინთან დაახლოებული რუსი ექსპერტები, რომლებიც შეხვედრისას გვიმტკიცებდნენ - ყირიმში რუსული ჯარი შეყვანილი არ არისო. ესეც მამალი ტყუილია. ზოგადად, ტყუილი კრემლის ცხოვრების წესია.

კრემლის ამგვარ მოქმედებას, იმავე უკრაინამ თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა სერიოზული პრევენციული მექანიზმები უნდა დაუპირისპირონ. მაგალითად, 16 მარტს ყირიმში ე.წ. რეფერენდუმი ტარდება რუსეთთან მიერთების შესახებ. კარგი იქნებოდა, უკრაინის ხელისუფლებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩაეტარებინა რეფერენდუმი შემდეგი კითხვით - სურს თუ არა მოსახლეობას, რომ ყირიმი მიუერთდეს რუსეთს? ამ რეფერენდუმის შედეგი მძლავრი იურიდიული იარაღი იქნება უკრაინის ახალი ხელისუფლების ხელში და ყირიმის ე.წ. რეფერენდუმის შედეგები ფარატინა ქაღალდად იქცევა. ასევე, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს, მიიღოს სახიფათო კანონი, რომლის თანახმად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებისთვის მარტივდება რუსეთის მოქალაქეობის მიღება. აუცილებელია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა მიიღონ პრევენციული კანონები, რომელიც შეზღუდავს მათ მოქალაქეებზე ზემოხსენებული რუსული კანონის გავრცელებას. მეტიც, შეიძლება შემოიღონ ამგვარი მექანიზმიც - თუ მოქალაქე ზემოხსენებული კანონით ისარგებლებს, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

- ვთქვათ, ყირიმში 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ნახევარკუნძულის მიერთების შესახებ. როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები - უკრაინა შეეცდება სამხედრო ძალით ოპერატიულად აღადგინოს კონტროლი ნახევარკუნძულზე მანამ, სანამ იქ დამატებითი რუსული სამხედრო ნაწილები შევლენ (ეს უკვე უკრაინა-რუსეთის ომი იქნება), თუ კიევი ისევ თავშეკავების პოლიტიკას გააგრძელებს?
- ყირიმში მოვლენების განვითარება რთულად პროგნოზირებადია. ვიმედოვნებ, რომ მთელი მსოფლიო აიცილებს კატასტროფულ სცენარს. სამხედრო მოქმედებების დაწყების საფრთხე რომ რეალურია, ამას ყირიმში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. იმაზე მსჯელობა, სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, რომელი მხარისკენ იქნება უპირატესობა, ჩვენი მხრიდან არასერიოზულობაა.

- თუმცა, თუ უკრაინა მარტო დარჩება, გაუჭირდება რუსული აგრესიის მოგერიება. დასავლეთის, იმავე ევროკავშირის მხრიდან, მხოლოდ ფინანსური დახმარება და მორალური მხარდაჭერა საკმარისი არ არის. რა დასამალია და, მზერა ვაშინგტონისკენ არის მიპყრობილი. როგორ ფიქრობთ, მზად არის აშშ, რეალური ნაბიჯები გადადგას პუტინის დასაოკებლად და როგორი უნდა იყოს ეს ნაბიჯები?

- თბილისში მყოფმა რუსმა ექსპერტებმა მითხრეს, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლებას ოლიგარქები მართავენ, რომლებიც ჩრდილში არიან. გავიხსენოთ, როდის ჩამოიშალა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება - მაშინ, როდესაც დასავლეთმა ანგარიშების დაყადაღება დაიწყო. რუსმა და უკრაინელმა ოლიგარქებმა იმიტომ კი არ მოიპარეს ამდენი, რომ ეს ქონება დაკარგონ. შესაბამისად, დასავლეთის მხრიდან ფინანსური სანქციები ძალიან ეფექტური იქნებოდა. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი, როგორც ფანატიკოსი, თავისი მიზნის განხორციელებას ნებისმიერი საშუალებით შეეცდება.

- ანუ მხოლოდ ფინანსური სანქციები საკმარისი არ იქნება.
- სწორედ ამიტომ, აშშ მზად უნდა იყოს, რომ სამხედრო კომპონენტიც აამოქმედოს. როგორც ვიცი, შავი ზღვისკენ უკვე მოემართებიან ამერიკული გემები. არ მივიჩნევ, რომ აშშ-მა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები უნდა დაიწყოს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა წერტილოვანი დარტყმები გამოაფხიზლებდა რუსეთის ლიდერებს და იქაურ მოსახლეობასაც ბევრ რამეზე დააფიქრებს.

- გაბედავს კი ამერიკა რუსეთისთვის წერტილოვანი დარტყმების მიყენებას? არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს.

- რუსეთის გარდა, კიდევ ბევრ სახელმწიფოს აქვს ბირთვული იარაღი და შესაბამისად, არა მგონია, მან ატომური ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს. როდესაც წერტილოვან დარტყმებზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ, რომ მაინცდამაინც ასე მოხდება. თუმცა დასავლეთი ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. გული მწყდება, რომ 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომისას, დასავლეთს არ ჰქონდა ისეთი მკაცრი პოზიცია, როგორიც უკრაინის კრიზისისას აქვს. საქართველო თავისი ტერიტორიების დაკარგვისკენ 15 წელი მიდიოდა. ყირიმი კი უკრაინამ, შესაძლოა, 15 დღეში დაკარგოს. შესაბამისად, დასავლეთში სავარაუდოდ, მიხვდნენ, რომ კონფერენციებისა და ყოყმანის დრო არ არის, მოქმედებაა საჭირო. ვიმედოვნებ, დასავლეთის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და 16 მარტის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე სცენარით არ განვითარდება მოვლენები.

- რუსი ექსპერტები ახსენეთ. პროგნოზირებენ თუ არა ისინი, რომ ყირიმის შემდეგ რუსეთთან მიერთების რეფერენდუმი შესაძლოა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარდეს? ვითომდა ლიბერალმა და დემოკრატმა ალექსეი ვენედიქტოვმა პირდაპირ მოითხოვა აფხაზეთსა და ცხინვალში ზემოხსენებული რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარება.

- რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ ყირიმი თავისი მნიშვნელობით ვერ შეედრება ვერც აფხაზეთსა და მით უმეტეს, ვერც ე.წ. სამხრეთ ოსეთს, შესაბამისად, რუსეთის ნაკლებ ინტერესს იწვევს. ვნახოთ, წინასწარ ნურაფერს ვიტყვით, მით უმეტეს, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია.

- არის საქართველო მზად, რომ უკრაინის კრიზისის გაღრმავებას მომზადებული შეხვდეს? ეკონომიკურ გამოწვევებს ვგულისხმობ. თუ არ ვცდები, საქართველოში შემოსული ტრანზიტული ტვირთების დიდი ნაწილი სწორედ უკრაინის გავლით გადის ევროპაში. გარდა ამისა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, უკრაინის კრიზისმა, შესაძლოა, ხორბლის გაძვირება გამოიწვიოს, რასაც, ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება.
- იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის გამოწვევებისთვის. უკრაინა ყველა პორტს არ დაკარგავს, რომ მაგალითად, საქართველოდან ტვირთები არ მიიღოს. თუმცა ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ.

- კიევს ხშირად სტუმრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის ხვდება ახალი ხელისუფლების წევრებს და ზოგიერთი მათგანი თათბირსაც მართავს სააკაშვილის მონაწილეობით. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის ახალი ხელისუფლება გააფრთხილა, არ ენდონ ავანტიურისტ სააკაშვილს.
- კიევში "შატალოზე" წასული ლექტორი სააკაშვილი საქართველოსთვისაც საფრთხეს შეიცავს. გავიხსენოთ, რომ როგორც კი ის კიევში გამოჩნდა, რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლში, სოფელ ატოცთან მაშინვე დაიწყეს მავთულხლართების გაბმა. მეორედ ჩავიდა კიევში და - რუსმა ვერტმფრენებმა დაიწყეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევა.

- იმის თქმა გინდათ, რომ პუტინს რუსი სამხედროებისთვის მითითება აქვს მიცემული - თუ სააკაშვილი გააქტიურდა, საპასუხოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იაქტიურეთო?

- შესაძლოა, სააკაშვილის კიევში ვიზიტისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების აქტიურობას შორის კავშირი ვინმეს არარეალურად მოეჩვენოს. თუმცა არ დაგვავიწყდეს - პუტინის სახით საქმე გვაქვს ადამიანთან, რომლისთვისაც გადამწყვეტია პიროვნული დამოკიდებულებები. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სააკაშვილის თითოეულ აქტიურობაზე მას რეაქცია ექნება. ერთ დეტალზეც გავამახვილებდი ყურადღებას, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა - სააკაშვილს კიევში ახლდა თავისი ბიძა, თემურ ალასანია. რა წარსული აქვს ალასანიას, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი - ხომ არ ასრულებს სააკაშვილი რომელიმე დიდი ქვეყნის ისეთსავე დავალებას, როგორიც საქართველოში 2008 წელს შეასრულა? თუ ასეა, ეს ყველაფერს ცვლის.

- რომელი დიდი ქვეყნის და რა დავალებას?

- რა მნიშვნელობა აქვს, რომელია ეს დიდი ქვეყანა? ვნახოთ, შემდგომი მოვლენები, ალბათ, ყველა კითხვაზე პასუხს გაგვცემს.

- საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლესი კომისარი შტეფან ფულე, რომელმაც დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში გაჩნდა მოლოდინი, რომ უკრაინის მოვლენების ფონზე შესაძლოა, დასავლურმა ქვეყნებმა პოლიტიკური ნება რაღაც კრიტერიუმებზე წინ დააყენონ და ნატოს ლონდონის სამიტზე მაპ-იც მოგვცენ.
- შტეფან ფულეს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მისი გვირგვინი კი გახლდათ ევროკომისრის საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა, რომელზეც უწმინდესმა ფულეს უთხრა, - მას არ სჭირდება დარწმუნება, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირს უკავშირდება. რაც შეეხება ლონდონის სამიტს - წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, ყველაფერი მოვლენების შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული. ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

- დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციის რა მოგახსენოთ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის იდეის დისკრედიტაცია კი ნამდვილად ხდება. პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტყუილად უხარიათ "ნაციონალებს" დავით კეზერაშვილის ციხიდან გათავისუფლება და სამართალი მაინც იზეიმებს. თუმცა საზოგადოების ნაწილს სამართლიანობის აღსრულების კუთხით კეზერაშვილების, ახალაიებისა თუ უგულავების მიმართ სულ სხვა განწყობა აქვს.
- თქვენ მიერ ჩამოთვლილ ადამიანებს იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ათასჯერ რომ გაამართლოს სასამართლომ, ადრე თუ გვიან სამართალი მათ მიმართ მაინც აღსრულდება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ "ქართული ოცნების" შავი ლაქა სწორედ პროკურატურაა. როდესაც მტკიცებულებები მხოლოდ ჩვენებებს ემყარება, ძნელია, საქმის ბოლომდე მიყვანის იმედი გქონდეს. ამასობაში საზოგადოება ღიზიანდება და ნელ-ნელა მოთმინების ფიალაც ევსება. იქნებ მართლაც ჩამოვიყვანოთ უცხოელი პროკურორები, ვუქირაოთ თარჯიმანი და ვთხოვოთ საქმეების გამოძიება?! იქნებ ასე მაინც დაიძრას პროცესი?! ისე, კეზერაშვილზე ერთი ამბავი გამახსენდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ვიყავი და ფინანსური პოლიციის მაშინდელმა უფროსმა დავით კეზერაშვილმა მოისურვა, თვითონ გაენაწილებინა ნავთობი. ეს უნდა გაეკეთებინა ვითომდა ინგლისურ კომპანიას, რომელიც სინამდვილეში მოსკოვის ერთ-ერთ შოსეზე იყო რეგისტრირებული და მეპატრონედ ვიღაც ჩეჩენი იყო მითითებული. ეს კეზერაშვილს არ გაუვიდა. მაშინ ვუთხარი, რომ მოვაწყობდი პრესკონფერენციას - ყველაფერზე ვისაუბრებდი და მასაც დავასახელებდი. კეზერაშვილმა მთხოვა, არ დამესახელებინა მისი გვარი და შემომითვალა - მე მხოლოდ სამ ადამიანს ვემორჩილებიო. ალბათ, დადგება დრო და იტყვის, კონკრეტულად ვის მითითებებს და ნება-სურვილს ასრულებდა. ისე კი აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერის დანაშაულის გამოძიება.

- თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ გორის მერად სურს კენჭისყრა. სავარაუდოდ, გორის მერობა მას სრულმასშტაბიანი პოლიტიკური რეაბილიტაციის ტრამპლინად სჭირდება. როგორ ფიქრობთ, მიაღწევს მიზანს ოქრუაშვილი?
- მახსენდება ოქრუაშვილის მიერ 2005 წელს გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, ზურაბ ჟვანია იქ არ დაღუპულა, სადაც მისი ცხედარი იპოვეს. ამის შემდეგ ველოდები, რომ თუ რაიმე იცის ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, იტყვის და ნათელს მოჰფენს ყველაფერს. თუმცა ჯერ არაფერს ამბობს. საზოგადოება მისგან კითხვებზე პასუხს ელის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პოლიტიკური რეაბილიტაცია გაუჭირდება.
maka-s
12 მარტი 2014 17:39
ეს ყველაფერი მიშას ჩასვრილია და როგორც ხედავთ კიდევ
აგრძელებს ჩასვრებს უკვე ქვეყნის გარეთ და ნუ ატლიკინებთ ენას ნაცისტები.
glaxuna
11 მარტი 2014 14:58


რა ეშველება ამდენ ბოღმიან და სიძულვილით სავსე ,,ექსპერტებს,, და მათ მხარდამჭერებს...
ხო,
მ.სააკაშვილის და ,,ნაციონალების ,, ბრალია თურმე რუსულ-მონღოლური იმპერიის,გაუმაძღარი ბუნება და მისთვის აგრესიები ...

რუსებს აზრადაც არ ქონდა თავისი იმპეწრიული პოლიტიკის გაგრძელება...

თან ,,ჟურნალისტები,, როგორ სათაურებს აკეთებენ...ხალხის დეზორიენტირება და კიდევ უფრო სიძულვილის ნთხევისათვის...

(დღესაც რომ ამტკიცებენ 2003 წლამდე იყო საქართველო სახელმწიფო-ო,თანაც სამართლიანი-ო,მერე ,,ნაციონალებმა,, ეს სამართალი ,,გათელეს,,და 2012 წლიდან ისევ უნდა აღდგეს სამართალიო... ... ...იმას კი არ იტყვიან,საქართველოს სახელმწიფოდ წოდებული,რეალურად რუსთა მიერ კრიმინალურ გუბერნიად გადაქცეული საქართველო,,,კეტებიანი და ლაგარტკებიანი,, თავდაცვის სამინისტროთი...თანამედროვე ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო დ გადააქციეს,რომელიც დღეს მზადაა დასავლეთთად ასოცირების და უვიზო ურთიერთობების ელშეკრულებებისათვის,ქართული ჯარის ,,ნატოს,,-სთან თანამშრომლობისათვის... ... .... )

ღ მ ე რ თ მ ა ნუ ინებოს ომი,მაგრამ
არაა გასაკვირი ხო იცი,ქართულმა პრესამ სააკაშვილს ჩასვლას დააბრალონ,თუ უკრაინელი ხალხი თავისი ღ ი რ ს ე ბ ი ს დაცვას იარაღით დაიწყებენ,ამოწურავენ რა ყველა სამშვიდობო შესაძლებლობების გამოყენებას მონღოლებთან...

იმას კი არ იტყვიან,ხალხს ა ღ ა რ შეუძლია უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ა ს თ ა ნ,უსაზღვრო ცბიერებასთან და რუსულ ბოროტებასთან შ ე გ უ ე ბ ა-ო...

...
maka
11 მარტი 2014 00:05
ქართველებო ბოღმაში ნუ დაიხჩობით, მიშას შეშვით და საკუთარ ჩასვრილ საქმეს მიხედეთ

რედაქტორის რჩევით