"გამორიცხული არ არის, გუნდისა და სააკაშვილის განზრახვები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს" - კვირის პალიტრა

"გამორიცხული არ არის, გუნდისა და სააკაშვილის განზრახვები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს"

"კრემლისთვისაც უკვე ცხადი გახდა, რომ თეთრი დათვის იმიჯი მისთვის წამგებიანი აღმოჩნდა"

ხმაურიანი და თვალისმომჭრელი სანახაობების ფონზე, ახალმა, 2010-მა წელმაც შემოაბიჯა. ახალი წელი ახალი ინოვაციით დაიწყო - აქამდე, საზაფხულო საკურორტო ზონად ცნობილი აჭარის რეგიონი ზამთრის უმთავრესი მოვლენის - ახალი წლის აღნიშვნის ეპიცენტრად მოგვევლინა. ხელისუფლებამ მოქალაქეთა განწყობაც გაითვალისწინა და დემონსტრაციებსა და საპროტესტო მსვლელობებს მიჩვეულმა საზოგადოებამ ბათუმში თოვლის ბაბუებისა თუ სანტა კლაუსების საზეიმო, მასობრივი მსვლელობაც იხილა... ნათქვამია, ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელიც ისეთი იქნებაო - იმედი ვიქონიოთ, რომ ახალ, 2010 წელს ქუჩაში ხალხი მხოლოდ საზეიმო განწყობისთვის და ერთმანეთისთვის სიხარულის გასაზიარებლად გამოვა. წელს ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და აქედან გამომდინარე, საზოგადოებასაც დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - პირველ რიგში, დედაქალაქის მერის არჩევნების სახით. ჩვენ ან კიდევ ერთხელ დავანახებთ მსოფლიოს, რომ არჩევნების გაყალბების, მერე ამის გაპროტესტებაზე ორთქლის გამოშვებისა და ბოლოს, ხელის ჩაქნევის "დიდოსტატები" ვართ, ან ბოლომდე თუ არა, ნაწილობრივ მაინც ვაჩვენებთ ცივილიზებულ სახეს. მანამდე კი, გასული წლის მოვლენებისა და აქედან გამომდინარე, ახალი წლის პერსპექტივების შესახებ ფსიქოლოგ, ბატონ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- სანამ ახალი წლის პერსპექტივებსა და პროგნოზებზე დავიწყებდეთ საუბარს, ალბათ სჯობს გასული წელი შევაფასოთ - წელს რომ გამოგვადგეს, შარშან ისეთი რა მოხდა...

- გასული წელი არის კრიზისიდან გამოსვლის წელიო, ითქვა. მგონი, ეს უფრო გონს მოსვლის წელი იყო, გონს მოსვლისა და ჭკუის სწავლის წელი. ხელისუფლებაც მოვიდა გონს და უფრო მეტი რეალიზმი და რაციონალიზმი შეიმჩნევა მის მოქმედებაში. იმედია, მეტი რეალიზმი და რაციონალიზმი იქნება ოპოზიციისა და მოსახლეობის მოქმედებაშიც. რომანტიზმი, რომელიც თითქმის ბოლო ოცი წელია, ქართული პოლიტიკის მახასიათებლად იქცა, ალბათ, დროა დამთავრდეს. ჩვენ ხომ ევროპას ვბაძავთ. ევროპული პოლიტიკისთვის კი მთავარი სწორედ რაციონალიზმი გახლავთ. ჩემი აზრით, შარშანდელმა წელმა ამ სფეროში რაციონალიზმის მნიშვნელოვანი მარცვალი მაინც დაგვიტოვა.

- რაკიღა რაციონალიზმზე მიდგა საქმე და იმედი გვაქვს, წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ პოლიტიკაში არჩევნები იქნება. გასულ წელს დავინახეთ, რომ ძალზე პერმანენტული აქციებიც კი, ხელისუფლების შესაცვლელად არცთუ შედეგიანი აღმოჩნდა. არადა, 26 მაისს, სტადიონზე მისული ხალხის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს ასეთი სურვილი ჰქონდა.  საარჩევნო კანონმდებლობასთან ოპოზიციას კვლავ პრეტენზიები აქვს. რამდენად შესაძლებელი იქნება წელს რაციონალურად და ცივილიზებულად ქმედება ქართულ პოლიტიკაში?

- კითხვა სავსებით ლოგიკურია, მაგრამ როცა მივალთ კითხვასთან, "შესაძლებელია თუ არა", ალბათ, უნდა ვნახოთ, გვაქვს თუ არა პირობები, მოსახლეობამ ორიენტაცია ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე აიღოს მისი პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე. ამის პირობა ჯერჯერობით მკაფიოდ არ ჩანს. რამდენად შეიძლება, რომ მოსახლეობამ შეინარჩუნოს თავისი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს თუ არა მისი ფავორიტი არჩევნებში? ჩვენ ვიცით, იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატი თუა ამომრჩეველი, ის არ იცვლის ორიენტაციას იმის მიხედვით, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ჩვენ კი ჯერჯერობით ასეთი ტენდენცია გვაქვს - ადმინისტრაციულ სტრუქტურებს სულ უფრო მეტი პოლიტიკური ძალა აქვს, ვიდრე ცივილიზებულ საზოგადოებას წესით უნდა ჰქონდეს. ამიტომაც გვაქვს ხოლმე 90%-იანი შედეგები არჩევნებში. ამიტომაც, ყბადაღებულ კითხვაზე, - შეიძლება თუ არა ქართულ პოლიტიკაში სუფთა თამაშის წესებით მოქმედება, ტრადიციულად გიპასუხებთ: თუ მოსახლეობა თავის ნებას მტკიცედ და რაციონალურად არ დააფიქსირებს, უფრო სწორად, არ ექნება სურვილი მისი დაფიქსირებისა, ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება თავისი გაიტანოს - მისთვის ხელსაყრელი ნებისმიერი თამაშის წესებით. დასავლეთში მოსახლეობა არ იძლევა ამის საშუალებას და ამიტომაც აქვს მეტ-ნაკლებად ცივილიზებული საარჩევნო პროცესი. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტად ცივილიზებული, ანუ სამოქალაქო საზოგადოებაც...

- მაგრამ, ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთში გარემო და პირობებიც განსხვავებულია, იმავე დემოკრატიის, უწინარესად კი სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით...

-  ჩვენ მიერ დასახულ გზაზე ეს პირობა სერიოზული დამაბრკოლებელი იქნება იმდენად, რამდენადაც დემოკრატია არ არსებობს სიტყვის თავისუფლების გარეშე. სამი თავისუფლება სჭირდება დემოკრატიას: თავისუფალი მედია, თავისუფალი ეკონომიკა და თავისუფალი სასამართლო. ამ სამიდან ერთი კომპონენტიც რომ ამოვარდეს, დემოკრატია არ იარსებებს.

- ამ სამი კომპონენტიდან თქვენი იმედი პროცესების ცივილიზებულად წარმართვასთან დაკავშირებით, რომელს ემყარება?

- ჩვენი სიტუაცია ისეთია, რომ რეალურად სამივე კომპონენტში გვიჭირს. მაგრამ ჩემი ოპტიმიზმი იმას ემყარება, რომ თუ საზოგადოებამ ბეჯითად და ჯიუტად მოითხოვა ამ სამი მიმართულებით თავისუფლება, ხელისუფლებას უკვე აქვს საიმისო რაციონალიზმის გაგება, რომ რეიტინგის ხათრით დათმობაზე წავიდეს. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებრივი განწყობა რეალურად უნდა არსებობდეს, რომ ხელისუფლებამ მას ანგარიში გაუწიოს. თუ ოპტიმიზმზე ვილაპარაკებთ, ასეთი რეალობის ნიშნები, რომ საზოგადოება უფრო კრიტიკული და რაციონალობის მომთხოვნი ხდება პოლიტიკოსთა მიმართ, დღეს ნამდვილად არსებობს. სხვათა შორის, იმავე დასავლეთშიც, რომელსაც ხშირად შევნატრით ხოლმე, ია-ვარდით მოფენილი გზა არ ყოფილა. იქაურ საზოგადოებას საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ დემოკრატიის დღევანდელი ფორმები და რეალობები მიეღო.

- და ეს ყველაფერი შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე აისახება?

- ყბადაღებული 30-50%-ის თემა ჩემთვის საყურადღებო იმით იყო, რომ მკაფიოდ მიგვითითებდა - თუკი 30%-იან ბარიერს დაიტოვებდა ხელისუფლება, მისთვის აუცილებელი აღარ გახდებოდა, აემუშავებინა ადმინისტრაციული რესურსი თავის სასარგებლოდ. ვგულისხმობ ამ რესურსების უარყოფით თუ უკანონო კონტექსტში გამოყენებას ხმების დაგროვებისა და არჩევნებში გამარჯვების მიზნით. რადგან ხელისუფლებამ ასეთი თავგამოდებით იბრძოლა ბარიერისთვის, ე.ი. მას აღარ უნდა კანონის უხეშად დარღვევა არჩევნებზე. რითია ეს გამოწვეული - საქართველოსადმი დასავლეთის კრიტიკული დამოკიდებულებითა და მოთხოვნებით, თუ შიგნით, მოსახლეობის კრიტიკული განწყობით, ძნელი სათქმელია. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება ისე გაბედულად, როგორც ეს წინა არჩევნების დროს იყო, გამარჯვებისთვის კანონდარღვევაზე არ წავა. ამ არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ იქნება. დღევანდელი ბარიერი არჩევნების მეტ-ნაკლებად სუფთად ჩატარების საშუალებას მისცემთ და დასაყვედრებელიც, არჩევნების გაყალბებაზე, გაცილებით ნაკლები იქნება.

-  საგარეო პოლიტიკაში მიღებული გაკვეთილებიდან დასკვნების გამოტანაზე თუ ვიმსჯელებთ, თუნდაც აგვისტოს ომის გათვალისწინებით, როგორ აიხსნება ის, რომ შარშან, გვარდიის სამმართველოს შენობის გახსნაზე პრეზიდენტის გამოსვლაში კვლავ გამოიკვეთა საომარი რიტორიკა შეიარაღებასთან, არმიასა და ამ არმიაში ქალების ბრძოლასთან დაკავშირებით...

- ამ ერთი გამოსვლით დასკვნის გაკეთება გამიჭირდება. მით უმეტეს, რომ ამ გამოსვლის პარალელურად, იაკობაშვილის უწყებამ წარმოადგინა კონცეფცია, რომელიც ხაზგასმით, სამშვიდობო ინიციატივებით არის სავსე. რომელი უნდა ჩავთვალოთ საქართველოს პოლიტიკის რეალურ გამოცდილებად, - აღნიშნული კონცეფცია, თუ პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა? მე მაინც მგონია, რომ ეს გამოსვლა იყო გადახრა იმ პოლიტიკიდან, რომელიც შეიძლება ხელისუფლების, როგორც გუნდის განზრახვაში იყოს ჩადებული. გუნდიც, სპეციალურად ვახსენე, რადგან გამორიცხული არ არის, გუნდისა და სააკაშვილის განზრახვები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, რადგან არცთუ შორეულ წარსულში, სააკაშვილის ამა თუ იმ მცდარმა გადაწყვეტილებამ მხოლოდ სააკაშვილს კი არა, გუნდსაც ავნო.

- გასული წლის ბოლოს პუტინმა საკმაოდ ხისტი განცხადება გაავრცელა - თუ აშშ გააგრძელებს ანტისარაკეტო სისტემების განვრცობაზე მუშაობას, მოსკოვი შემტევი იარაღის გაუმჯობესება-განვითარებაზე იზრუნებსო. როგორც ჩანს, წელს აშშ-რუსეთის ურთიერთობა არც ისე თბილი და მეგობრული იქნება! რა ბედი ელის ამ შემთხვევაში საქართველოს?

- ბოლოდან რომ დავიწყოთ, თქვენს კითხვაზე ბზეჟინსკის სიტყვები პირდაპირ პასუხობს: გაუარესდება ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის, - გაუარესდება ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ამ ურთიერთობის მძევლები ვართ. პუტინის ამ გამოსვლით ამერიკელებზე მეტად ალბათ ჩვენ უნდა ვიყოთ შეწუხებული. რა თქმა უნდა, პუტინისეული რუსეთი და ის ჯგუფი, რომლის ლიდერიც პუტინია, უდავოდ ეცდება, სასწრაფოდ გაამძაფროს ურთიერთობა ვაშინგტონთან, რადგან ქვეყნის შიგნით სიტუაციის დასალაგებლად ასეთი ურთიერთობები მათთვის ხელსაყრელია. მაგრამ რამდენად ხელსაყრელია ჩვენთვის, - ეს სხვა საკითხია.

- შარშან, რუსეთის "მიმართულებით", ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილიც გააქტიურდა! რამდენად მოსალოდნელია, ახალ, 2010 წელს რუსეთმა ქართულ შიდა პოლიტიკაშიც იაქტიუროს? თუნდაც, ნოღაიდელის "ხათრით" ქართველი მძევლების გათავისუფლება, შესაძლოა, ქართულ პოლიტიკაში ექსპრემიერისთვის ქულების დაწერის მცდელობად ჩაითვალოს! ფაქტია ისიც, რომ ასეთი დოზით, მხარდაჭერა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისადმი არც დასავლეთ ევროპას და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გამოუხატავს.

- არ გამოვრიცხავ იმას, რომ რუსეთის მხრიდან კიდევ არაერთი ასეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული. ისიც ფაქტია, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფისა თუ ლიდერისადმი დასავლური პრიორიტეტები ისე გამოკვეთილი აღარ არის, როგორც ეს ადრე ჩანდა. მაგრამ პრაქტიკულად, რუსეთი დღეს ცდილობს,  მსოფლიოს დაანახოს ქართველი ხალხისადმი თავისი დადებითი დამოკიდებულება. ეს გაყოფა ხალხისა და ხელისუფლებისა, აგვისტოს მოვლენების შემდეგ თვალსაჩინოა და მგონი, ბოლო ხანებში კიდევ უფრო გაძლიერდა. ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა როგორც ზურაბ ნოღაიდელის მიმართ დამოკიდებულება, ისე მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნებით დაინტერესება. მეჩვენება, რომ რუსეთი იმისთვისაც ემზადება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თავისი იმიჯი შეცვალოს. კრემლისთვისაც უკვე ცხადი გახდა, რომ თეთრი დათვის იმიჯი, რომელიც მას აგვისტოს მოვლენების შემდეგ მოერგო, მისთვის წამგებიანი აღმოჩნდა. პირველ ყოვლისა, ამან დასავლეთის მხრიდან რუსეთის ნდობა შეამცირა. ნდობის შემცირებამ კი ის რეალობა შექმნა, რომ დასავლეთი ეძებს ალტერნატიულ გზებს ენერგომატარებლებისთვის. ასე რომ, ფაქტობრივად, თეთრი დათვის იმიჯმა რუსეთს, შესაძლოა, მილიარდები დააკარგვინოს. მოსკოვმა თავისი აგრესიით მისაღწევს მიაღწია - აგვისტოს შემდეგ, მასზე უკვე ისე ლაპარაკობენ, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალაზე. ახლა უკვე შეიძლება, თეთრი დათვიდან, თეთრი მტრედის როლზე გადავიდეს და მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგოს. იმ ლოგიკით, რომ მას მილიარდების დაკარგვა წესით ხელს არ უნდა აძლევდეს. სავსებით ლოგიკურია მისი "კეთილგანწყობა" საქართველოში მიმდინარე ამა თუ იმ პროცესისა თუ პოლიტიკური ფიგურისადმი. სწორედ ამიტომ შესაძლოა, მედვედევს, შარშან არცთუ ისე შემთხვევით უთქვამს "რაღაც ფრაზები", საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით...

- ერთია საგარეო იმიჯი, რის შექმნასაც, შესაძლოა, რუსეთი ცდილობდეს და მეორეა ალბათ რეალობა... საქართველოსთვის რა შეღავათის მომტანი იქნება თეთრი დათვის მოჩვენებითი "ტრანსფორმაცია" მტრედად?

- ერთმნიშვნელოვნად, ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საქართველოს ყველა პრობლემის მოგვარებაზე დათანხმდება და მართლაც დაიწყებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან მის მოქალაქეთა დემოკრატიული თუ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ეს მხოლოდ ის სახეა, რაც რუსეთს ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო სჭირდება. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქართულ საგარეო პოლიტიკას რუსეთის ამგვარი ტრანსფორმაცია 2010 წელს ახალ შესაძლებლობებს უჩენს - სათავისოდ და რაციონალურად გამოიყენოს კრემლის სურვილი, ცივილიზებულ მსოფლიოში ცივილიზებულ სახელმწიფოდ წარმოჩენისა. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი,  2010 წელი საქართველოსთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში სწორედ რაციონალური მიდგომებისა და მშვიდობიანი, სამოქალაქო განვითარების წელი იქნება.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი