"თემურ ალასანია სააკაშვილის ქონების შემგროვებელი იყო" - კვირის პალიტრა

"თემურ ალასანია სააკაშვილის ქონების შემგროვებელი იყო"

"თუ დასავლეთმა და მოსკოვმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაპ-ს აუცილებლად მივიღებთ"

"რაღაც ძალიან გაუგრძელდა ხელისუფლებას კვალიფიციური კადრების სანთლით ძებნა"

როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, ყირიმში რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი უკვე ჩატარებული იქნება. შესაბამისად, ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი კიდევ უფრო მყიფე გახდება. რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ, მაგრამ დღეს ოფიციალური თბილისის მიზანია, საქართველო აარიდოს იმ ქარიშხალს, რომელიც ჩვენს მეზობლად არის მოსალოდნელი.  საქართველოში ისევ სააკაშვილის ხელისუფლება რომ იყოს, ჩვენი ქვეყანა შესაძლოა ამ ქარიშხლის ეპიცენტრში აღმოჩენილიყო. თუმცა ის, რომ პრეზიდენტის სტატუსი არა აქვს, სააკაშვილს ხელს არ უშლის, რომ კიევში "დასახლდეს" თავისი ბიძიანად და იქაური ხელისუფლების თათბირებს დაესწროს.

სხვათა შორის, გასულ კვირას სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ, დუმილი დაარღვია. ისე, ბიძა-ძმისშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს - მეტყველების მანერითა თუ ლექსიკით. წარმოიდგინეთ, ხანში შესული და დადინჯებული სააკაშვილი და მიიღებთ თემურ ალასანიას. ყოფილი პრეზიდენტის ბიძამ კი თქვა, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელი უნდა შევიტანოო (პრემიერმა ის "კაგებეშნიკად" მოიხსენია). მან სხვა საინტერესო განცხადებებიც გააკეთა - სააკაშვილისთვის რჩევა არ მიმიცია, არც მისი მინისტრებისთვის, მაგრამ უკვე 25 წელია პოლიტიკაში ვარო (თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის). მან იარაღით ვაჭრობის ბიზნესთან კავშირიც უარყო და თქვა, რომ თუ პროკურატურას მასთან კითხვები ექნება, მზად არის, საქართველოშიც ჩამოვიდეს. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- საინტერესო იქნებოდა, დაეკონკრეტებინა ალასანიას, რას გულისხმობდა 25 წლის განმავლობაში პოლიტიკაში ყოფნაში. ის გაეროში მუშაობდა და ჰქონდა სპეციფიკური კავშირები როგორც აშშ-ში, ისე რუსეთში. საინტერესოა, ამ 25 წლის განმავლობაში როგორ და ვისი ინტერესებისთვის იყენებდა ამ კავშირებს? რაც შეეხება იმას, ერეოდა თუ არა თემურ ალასანია საქართველოში მიმდინარე პროცესებში

- არ ვიცი, მონაწილეობდა თუ არა მინისტრების მოხსნა-დანიშვნაში, მაგრამ თემურ ალასანია სააკაშვილის ქონების შემგროვებელი იყო. თუმცა არის ეჭვი, რომ ალასანია "რუხი კარდინალი" იყო და საკვანძო საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდა. გარდა ამისა, მისი სახელი ბოლო წლების რამდენიმე ბიზნესსკანდალს უკავშირდება, ასევე, ის საზოგადოებისა და ექსპერტების მიერ ეჭვმიტანილია იარაღით არალეგალურად ვაჭრობაში. ამის დამტკიცება ძნელია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - საქართველო ბოლო წლებში იარაღით არალეგალურად ვაჭრობაში ერთ-ერთი ლიდერი გახდა, რაშიც დავით კეზერაშვილიც მონაწილეობდა. ასე უცბად ამ სფეროში ლიდერი ვერ გახდები, თუ შესაბამისი კავშირები არა გაქვს.

- თემურ ალასანიამ კიევში ვიზიტი იმით ახსნა, რომ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.

- სააკაშვილს იმდენი ფული კი აქვს, რომ დაცვა დაიქირაოს და ბიძის იმედად არ იყოს. ბოლოს და ბოლოს, არსენ იაცენიუკი გამოუყოფდა დაცვას. ასე რომ, ვფიქრობ, ალასანიას კიევში ვიზიტი სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა. კონკრეტულ ვერსიებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა არ მინდა ვიფიქრო, რომ თემურ ალასანია კიევში რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების გატარებას ცდილობს.

- ალასანიას ირაკლი კაკაბაძის ჩვენებაზეც ჰკითხეს. შეგახსენებთ, რომ კაკაბაძემ პროკურატურას ჩვენება მისცა, რომლის თანახმად, ზურაბ ჟვანია წინ აღუდგა ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომლის ნათლიმამა თემურ ალასანია იყო. ალასანიამ ამას ავადმყოფური ფანტაზია უწოდა.

- როგორც ვიცი, ჟვანიასა და თემურ ალასანიას ინტერესები ფოთის პორტის საკითხში გადაიკვეთა, თუმცა ვერ გეტყვით, აქვს თუ არა ამას კავშირი ყოფილი პრემიერის გარდაცვალებასთან. ისე, ვიცი, რომ ზურაბ ჟვანიასა და თემურ ალასანიას ცივი ურთიერთობა ჰქონდათ. ალბათ, ბევრს ისიც აინტერესებს, თუ რატომ გადაწყვიტა თემურ ალასანიამ მაინცდამაინც ახლა განცხადებების გაკეთება. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ახალ ხელისუფლებას თანაუგრძნობს. შესაბამისად, უკრაინაში დიდი ყურადღებით ეკიდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრების განცხადებებს. შესაბამისად, თემურ ალასანიამაც გადაწყვიტა საპასუხო განცხადებების გაკეთება, რათა მას უკრაინაში დისკომფორტი არ შეექმნას.

- უკრაინაში განვითარებული მოვლენები მთავარი თემა და თავსატეხი კიდევ კარგა ხანს იქნება არა მარტო ჩვენთვის, საზოგადოდ, მსოფლიოსთვის.

- ყირიმში მოვლენათა განვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოხდება რეფერენდუმის შედეგების რეალიზაცია. არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ყირიმს დღეს-ხვალ მიიერთებს. ამჟამად მთავარი მოვლენები კულუარებში ვითარდება და

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ვაჭრობა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ამ ვაჭრობის შედეგი გადაწყვეტს, ომი იქნება თუ მშვიდობა. შესაძლოა, მოსკოვი და დასავლეთი შეთანხმდნენ ასეთ მოდელზე:

ყირიმი დარჩება უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ მიიღებს უფრო ფართო ავტონომიას, სახელმწიფო ენა იქნება რუსული, ნახევარკუნძულზე დარჩებიან რუსული ბაზები, რომლებიც უფრო გაძლიერდებიან. ანუ ფორმალურად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იქნება, სინამდვილეში კი მასზე გავლენა მოსკოვს ექნება.

წესით, მოსკოვს ეს მოდელი ხელს უნდა აძლევდეს. თუ მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა, დასავლეთი რუსეთს საკმაოდ მტკივნეულ სანქციებს დაუწესებს. აშშ-ს სხვა ბერკეტებიც აქვს. მაგალითად, ამერიკელებმა დეკლარირებულად განაცხადეს, რომ სტრატეგიული რეზერვებიდან რამდენიმე მილიონ ბარელ ნავთობს გაყიდიან. სხვათა შორის, ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა. თუ ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარამდე დაეცემა, რუსეთის ეკონომიკა დაინგრევა. ეს კარგად იციან რუსეთში. რა თქმა უნდა, მოსკოვსაც შეუძლია ეკონომიკური ბერკეტებით დასავლეთისთვის მტკივნეული დარტყმის მიყენება. ასე რომ, ვფიქრობ, მხარეები შეეცდებიან ვაჭრობა წარმატებით დასრულდეს. რუსული პროპაგანდიდან გამომდინარე, მართლაც ძნელია იმის თქმა, რომ მოვლენები რადიკალური სცენარით არ განვითარდება. თუმცა ოფიციალურ მოსკოვს ყოველთვის შეუძლია იმის თქმა, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრიაო. როგორც ჩანს, ევროკავშირი და ამერიკა მზად არიან მკაცრი სანქციების დაწესებისთვის.

დასავლური სანქციები ერთადერთი თავსატეხი არ არის, რაც რუსეთს ემუქრება. თუ ყირიმი მიიერთა, მისი მოსახლეობის შენახვაც მოუწევს, რისი ფულიც ნამდვილად არა აქვს. გარდა ამისა, ყირიმელი თათრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შემადგენლობაში შესვლა - 300 ათასამდე კაცი კი პატარა ძალა არ არის. ვითარებას გლობალურად რომ შევხედოთ, მოსკოვს არ უნდა დაავიწყდეს ჩინური ფაქტორიც. ხაზს ვუსვამ - რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა მიიღო ისეთივე კანონი, როგორიც თავის დროზე რუსეთმა. კერძოდ, ამ კანონის მიხედვით ჩინეთს მიეცა უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ასევე, ჩინეთმა გაიმარტივა ახალი ტერიტორიების შემოერთება. არ დაგვავიწყდეს - ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს მთელ ამურისპირეთსა და შორეულ აღმოსავლეთს. ასე რომ, შექმნილი მდგომარეობა რუსეთისთვის მარტივი ნამდვილად არ არის. იმედია, საბოლოოდ დასავლეთი და მოსკოვი იპოვიან ოპტიმალურ გამოსავალს.

- ისიც შესაძლებელია, რომ კულუარულმა თუ არაკულუარულმა ვაჭრობა-მოლაპარაკებამ ნაყოფი არ გამოიღოს.

- მაშინ ომი იქნება. შესაძლოა, სამოქალაქო და უკრაინაში ის განმეორდეს, რაც საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო.

შესაძლოა, ყირიმში ლოკალური შეტაკებები დაიწყოს, თუმცა არც ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამორიცხვა შეიძლება. უკრაინას კი ჰყავს 150-ათასიანი არმია, მაგრამ მასში ბრძოლისუნარიან სამხედროთა რაოდენობა დიდი არ არის.

შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, უკრაინულმა არმიამ რუსულ ჯარს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიოს. ისე, უკრაინელებს სხვა რესურსიც აქვთ - "უნა-უნსოს" (უკრაინის ნაციონალური ასამბლეა; ცნობილი ნაციონალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია უკრაინაში) ვგულისხმობ. მათ რამდენიმე ათეული ათასი მებრძოლის მობილიზება შეუძლიათ, რომელთა მორალური საბრძოლო სული მაღალია. "უნა-უნსოს" ბაზაზე უკრაინაში იქმნება ისეთივე დაჯგუფება, როგორიც საქართველოში "მხედრიონი" იყო. პარალელურად, ყირიმის პრორუსულ ხელისუფლებას ჰყავს თავდაცვის რაზმები, რომლებიც რუსი სამხედროებით არის დაკომპლექტებული. ჩემი ინფორმაციით, ყირიმის მთებში უკვე გადასხეს დესანტი როგორც "უნა-უნსომ", ისე ყირიმის თავდაცვის რაზმებმა. ასე რომ, მოვლენათა შემდგომი განვითარება იმაზეა დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას დასავლეთი და რუსეთი. კულუარული მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული, დაემუქრება თუ არა უკრაინას ყირიმთან ერთად აღმოსავლეთ რეგიონების დაკარგვაც. სამხედრო ძალით, როგორც უკვე ვთქვით, ის რუსეთს ვერ დაუპირისპირდება.

- ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ამ ვაჭრობა-მოლაპარაკებებში საქართველოც გადაიქცეს ვაჭრობის ობიექტად? თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთიდან დადებითი სიგნალები მოგვდის. აგერ, ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და სრულად ძალაში შესვლამდე მისი დროებითი ამოქმედების წინადადებით მიმართა.

- მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებას ჩქარობს როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. რაც შეეხება ვაჭრობასა და ქართულ ფაქტორს, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების თემა რომ გააქტიურდა, სულაც არ არის შემთხვევითი.

- ანუ უხეშად რომ ვთქვათ, დასავლეთს ლონდონის სამიტზე საქართველოსთვის სავარაუდოდ მაპ-ის მინიჭების თემა რუსეთთან სავაჭროდ სჭირდება? არადა, დასავლელი დიპლომატების ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ლონდონში მაპ-ს აუცილებლად მოგვცემენ. სხვათა შორის, რუსულმა "კომერსანტმა" დაწერა კიდეც (რა მიზნით, ეს სხვა თემაა), ვაშინგტონსა და ბრიუსელში ეს ამბავი გადაწყვეტილიაო.

- მიიღებს თუ არა საქართველო მაპ-ს ლონდონის სამიტზე, იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები. თუ დასავლეთმა და მოსკოვმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაპ-ს აუცილებლად მივიღებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერა. რაც უკრაინაში ხდება, საქართველოსთვის სჯობია, ზედმეტად არ იაქტიუროს და დაელოდოს მოვლენების განვითარებას. ასევე, ბოლოს და ბოლოს, უნდა შევიმუშაოთ რუსეთთან ურთიერთობისა და ამ ქვეყნიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირების სტრატეგია. რუსეთი საქართველოს საკითხში მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას იყენებს. ერთი მხრივ, მზადყოფნას გამოთქვამს ქართულ მხარესთან დიალოგისთვის, მეორე მხრივ, ოკუპირებულ რეგიონებში მავთულხლართებს ავლებს. სხვათა შორის, რუსულ პრესაში გაკრთა მასალები იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომი ერთი კაცის - კოკოითის კისერზეა და რუსეთი პროვოკაციაზე წამოეგო. ამ განცხადებების ზოგიერთი ავტორის კრემლთან კავშირი აშკარაა.

ასე რომ, ვიმეორებ - ჩვენთვის დღეს ყველაზე მომგებიანი მოვლენების განვითარების ლოდინია.

- შიდაპოლიტიკურ ამბებს დავუბრუნდეთ. საინტერესო იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და სტუდენტების შეხვედრა. სხვათა შორის, სტუდენტებმა საკმაოდ მწვავე კითხვები დასვეს. მაგალითად, ერთ-ერთმა სტუდენტმა იკითხა, როდესაც ფეხბურთელს ვხედავ ენერგეტიკის მინისტრად, ხოლო შს მინისტრი არ არის იურისტი, მიჩნდება შეგრძნება, რომ განათლებას აზრი ეკარგებაო. ამავე შეხვედრაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სანთლით ეძებს კვალიფიციურ კადრებს.

- ჩვენ ასევე გვყავდა განათლების მინისტრად სანტექნიკოსი, რომელიც "ბავშვს" ვერ წერდა. თუმცა, სტუდენტმა დასვა კითხვა, რომელიც კარგად ასახავს საზოგადოების განწყობას და ხელისუფლების საკადრო პრობლემებს. ძალიან გაუგრძელდათ სანთლით კვალიფიციური კადრების ძებნა. არადა, სულაც არ არის სანთლით საძებარი - არიან კადრები საქართველოში და რატომ ვერ იყენებს მათ ხელისუფლება, გაუგებარია.

როდესაც ვლაპარაკობ საკადრო პრობლემაზე, კონკრეტულად კახა კალაძეს არ ვგულისხმობ, რომელსაც საკმაოდ სოლიდური განათლება აქვს მიღებული. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მან ენერგეტიკის სამინისტროში შეინარჩუნა გუნდი, რომელიც საეჭვო და ზოგჯერ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებდა.

- ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ასეთი გუნდი თითქმის ყველა უწყებაშია შენარჩუნებული. საინტერესოა, ხელისუფლების წევრებთან შეხვედრისას ამ საკითხებზე არ საუბრობთ ხოლმე?

- ხელისუფლების წარმომადგენლები იმ კადრებზე, რომლებზეც საზოგადოება ეჭვობს, რომ დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობდნენ, პირად საუბრებში ამბობენ, მათ პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ არ ვაყენებთო. მათივე თქმით, არ შეუძლიათ ერთბაშად ყველას სამსახურიდან გაშვება. ეს ლოგიკა ჩემთვის მიუღებელია, რადგან არ შეიძლება, პროფესიონალიზმი დანაშაულის საპირწონე იყოს.

- გასული კვირა ხმაურიანი დაკავებებითა თუ სასამართლო პროცესებით გამორჩეული იყო. კერძოდ, დააკავეს მეგის ქარდავას ძმა, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ქარდავა და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მაზმიშვილი. სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დათა ახალაიას, სოსო თოფურიძესა და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს. პროკურატურამ დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა.

- ეპიზოდური სასამართლო გადაწყვეტილებები თუნდაც დათა ახალაიას საქმეში ზოგად სურათს არ ცვლის.

მარტო დაკავებები არ არის საკმარისი, მთავარია, საქმე მტკიცებულებებით იყოს გამყარებული. სუსტი მტკიცებულებების მქონე საქმე აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენები. ამას ადასტურებს ბაჩო ახალაიასა და დავით კეზერაშვილის საქმეები.

თუ სამართალდამცავ უწყებაში ძველი კადრების საბოტაჟი გაგრძელდა, არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი, რომ როლანდ ახალაიას ან ქარდავებს პასუხი მოეთხოვებათ. თუ პროკურატურა შესაბამისად იმუშავებს, თუნდაც ლევან ქარდავას ჩვენებები შეუძლია გამოიყენოს იმისთვის, რომ არაერთი მძიმე საქმე გახსნას. თუმცა საბოტაჟმა ამ საქმეშიც შეიძლება პრობლემა შექმნას. რაღა შორს წავიდეთ, საბოტაჟთან გვაქვს საქმე ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში, არ დაადგა მის გახსნას საშველი. სანამ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება, ნაკლებად არის იმის შანსიც, რომ საქართველოდან გაქცეული დათა ახალაიას, თოფურიძის თუ კეზერაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანისა და მათი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის პროცესი დაიძრას.

- ბევრი ექსპერტი, ჟურნალისტი თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები წერენ და საუბრობენ საბოტაჟზე. ბუნებრივია, ამას კითხულობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ისმის კითხვა: ხელისუფლება არ ენდობა საზოგადოების წარმომადგენელს თუ სხვა ქვედინებებთან გვაქვს საქმე?

- ეს ჩემთვისაც გაუგებარია. აქამდე უკვე შექმნილი უნდა ყოფილიყო სამართლიანობის აღდგენის სისტემა თუნდაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის სახით. ხალხს იმედი მაინც გაუჩნდებოდა და ნიჰილიზმი მაინც აღარ დაეუფლებოდა.

- გასულ კვირას გამოქვეყნდა ზურაბ ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ყოფილი იუსტიციის მინისტრი თავის თავზე იღებს 50 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს, რაშიც გიგი უგულავაა ბრალდებული. ეს უგულავასთვის პასუხისმგებლობის აცილების მცდელობაა?

- წესით, ადეიშვილის ჩვენება "ნაციონალებისთვის" დიდი შეღავათი არ არის, რადგან გამოდის, მათი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა აღიარებს, რომ პარტიის დაფინანსებისთვის საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა. ადეიშვილის თქმით, თურმე უგულავამ არაფერი იცოდა, რაც ზღაპარია. ამ საქმეში გამგებლის მოადგილეებიც იყვნენ ჩართული და ეს ვერ მოხდებოდა უგულავას გარეშე. ასე რომ,

ადეიშვილის აღიარებითი ჩვენება უგულავასთვის მაშველ რგოლად ვერ გამოდგება.