"ამ განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი დაამშვიდა" - კვირის პალიტრა

"ამ განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი დაამშვიდა"

"პრემიერმა საკონსტიტუციო ინიციატივით საზოგადოების დაკვეთა შეასრულა"

სამართალდამცველებმა უნდა გააქტიურონ პროფილაქტიკური ღონისძიებები, სანამ მანქანების მოპარვაზე არ გადასულან

"მოწმის მიერ ჩვენებისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს"

"ვარდების რევოლუციამდე", ოპოზიციაში ყოფნისას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თითქმის ყოველდღე მართავდა პრესკონფერენციებს და ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე თუ კორუფციაზე ლაპარაკობდა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და თუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძიებას კითხვები ექნებოდა ედუარდ შევარდნაძესთან, მას კეთილი უნდა ენება და კითხვებზე პასუხი გაეცა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შევარდნაძე დაკითხვაზე არ დაუბარებიათ - ხელისუფლების უსისხლოდ გადაბარების სანაცვლოდ, მან ინდულგენცია მიიღო. თუმცა ასეთი ინდულგენცია ვერ მიიღო სააკაშვილმა, რომელსაც თავისი ძველი განცხადებები, რომ "კანონზე მაღლა არავინ დგას", აღარ ახსოვს. მეტიც, მისი ლოგიკით, თურმე საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალიც მასზეა დამოკიდებული - თუ დაკითხვაზე ჩამოვალ, დამაკავებენ და არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გვაღირსებენ და არც მაპ-სო.

თუმცა დისტანციურად დაკითხვაზეც უარი განაცხადა, არადა, ჯერჯერობით არ გამოუგონებიათ ისეთი ტექნოლოგიები, რომ ადამიანი სკაიპით დააკავო. მოგვიანებით, "ნაციონალებმა" ხელისუფლებას შესთავაზეს, სააკაშვილის დაკითხვა ტოქშოუდ ექციათ - ყოფილი პრეზიდენტი თანახმაა, სასამართლოს სხდომაზე ჩაერთოს სკაიპით და ეს პირდაპირ ეთერში იხილოს მაყურებელმა. ექსპერტ კახი კახიშვილთან საუბარი სწორედ სააკაშვილის დაკითხვა-არდაკითხვის თემით დავიწყეთ:

- მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე რომ არ გამოცხადდებოდა, იოლი მისახვედრი იყო. მას გაზვიადებული შიში აქვს იმისა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას დააკავებენ. თუმცა მან დისტანციურ დაკითხვაზეც უარი განაცხადა და კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილი თავს ყველაზე მაღლა აყენებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს. არა მგონია, თუ სააკაშვილი თბილისში ჩამოვიდოდა, დაეკავებინათ. პროკურატურას რომელიმე საქმეზე სააკაშვილისთვის პატიმრობა რომ მოეთხოვა, სასამართლო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის სამეგობროთია სავსე, მაინც არ შეუფარდებდა. ჩემთვის უფრო საინტერესო ის არის, რას აპირებს ამ ვითარებაში პროკურატურა და აქვს თუ არა სამოქმედო გეგმა. ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვიღებ.

- კანონით, როგორ უნდა იმოქმედოს პროკურატურამ?

- მოწმის მიერ ჩვენებისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შესაბამისად, უნდა დაიწყოს გამოძიება, რაც სააკაშვილის ძებნის გამოცხადებას ითვალისწინებს. გაუგებარია, რატომ არ აკეთებს ამას პროკურატურა. სავარაუდოდ, ერიდებიან საერთაშორისო აჟიოტაჟს და მდგომარეობის გამწვავებას.

- დავაზუსტოთ - ძებნა საქართველოს ტერიტორიაზე თუ საერთაშორისო დონეზე?

- პროკურატურას შეუძლია, სააკაშვილის ძებნა საქართველოს ტერიტორიაზე გამოაცხადოს, საერთაშორისო დონეზე კი ძებნას ინტერპოლი აცხადებს. ეს ორგანიზაცია ქართული მხარისგან მოითხოვს არგუმენტებს, რომ სააკაშვილის ძებნის გამოცხადება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ინტერპოლის ამაში დარწმუნებას დრო დასჭირდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურას არ ჰქონდა სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდებოდა და მის დაბარებას აჟიოტაჟი მოჰყვებოდა საერთაშორისო საზოგადოებრიობაში.

- როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, სააკაშვილი მზად არის, ჩვენება უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე სკაიპით მისცეს, რასაც ვიდეოკამერები გადაიღებენ და მაყურებელს საშუალება ექნება, თვალი მიადევნოს სააკაშვილის დაკითხვას.

- სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დაკითხვა გამორიცხულია. საქმეები პროკურატურას ჯერ სასამართლოსთვის არ გადაუცია და როგორ უნდა დაიკითხოს სააკაშვილი სასამართლოში? წინასწარ გამოძიებას ატარებს პროკურატურა და სწორედ ამ უწყებამ უნდა დაჰკითხოს მოწმეები. ამიტომ უგულავას ეს განცხადება ემსახურება იმის დემონსტრირებას, თითქოს სააკაშვილი მზად არის გამოძიებასთან სათანამშრომლოდ, ოღონდ სასამართლოში და არა პროკურატურაში. თუმცა ეს ძალიან იაფფასიანი ილეთია.

- თქვენ ზემოთ საერთაშორისო საზოგადოებრიობაში აჟიოტაჟი ახსენეთ. მართლაც მოვისმინეთ განცხადებები, რომელთა შინაარსი ის იყო, რომ ქართულ მხარეს სთხოვდნენ ეჭვის გაქარწყლებას, ხომ არ იყო სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკურად მოტივირებული. საქართველოს საფრანგეთს ან იტალიას არ ვადარებ, სადაც პრეზიდენტის ან პრემიერის დაკითხვა თუ დაპატიმრება საერთაშორისო საზოგადოებრიობას კითხვებს არ უჩენს. თუმცა მაინც რჩება ჩვენს საზოგადოებაში განცდა, რომ დასავლელ გარკვეულ წრეებს ჯიუტად არ სურთ საქართველოში არსებული რეალობის დანახვა.

- მოდი, ბოლო დღეების მოვლენებს დასავლეთის თვალით შევხედოთ - სოციალურ ქსელში გავრცელდა ზურაბ ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრების ფოტოები, ატყდა აჟიოტაჟი და ამ დროს პროკურატურა ათ საქმეზე მოწმედ იბარებს მიხეილ სააკაშვილს. გასაგებია, რომ ვაშინგტონში ან ბრიუსელში კითხვები გაუჩნდათ. პროკურატურას რომ ემოქმედა სხვა ტაქტიკით, მაგალითად, "ცხედრების ფოტოების" აჟიოტაჟი ჩამცხრალიყო და შემდეგ სააკაშვილი ცალ-ცალკე დაებარებინათ ზემოხსენებულ საქმეებზე დასაკითხად, შესაძლოა, დასავლეთს ამაზე დიდი რეაქცია არ ჰქონოდა.

ამან ის გამახსენა, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, რასმუსენის ვიზიტისას მერიის მაღალჩინოსნები ჯერ რომ დააკავეს, მანქანით ასეირნეს და შემდეგ, რომ გაათავისუფლეს. თუმცა მთავარი ის არის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო არენაზე, რათა სააკაშვილის თუ სხვა მაღალჩინოსნის დაკითხვაზე დაბარება ვაშინგტონში ან ბრიუსელში საეჭვოდ არ მოეჩვენოთ. მაგალითად, როდესაც გადაწყდა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება, საგარეო უწყებას მაშინვე უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში უცხოელი პარტნიორები და აეხსნა, რატომ გადაწყვიტა ეს პროკურატურამ. ქართულ მხარეს ყველანაირი არგუმენტი აქვს, ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას აქვს სამართლებრივი საფუძველი.

- თავად ყოფილმა პრეზიდენტმა საკმაოდ მძიმე სურათი დახატა - მე თუ დამაკავებენ, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასაც უნდა გამოემშვიდობოს და მაპ-საცო.

- ყოფილი პრეზიდენტი ზღაპრებს ჰყვება. რომელიმე ერთი პირის, მათ შორის სააკაშვილის დაკავება საქართველოს ევროინტეგრაციასა და ნატოში გაწევრებას ვერ შეაფერხებს. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობა" ამ თემით სულ ტყუილად სპეკულირებს. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია დაჩქარდა უკრაინის მოვლენების გამო და სააკაშვილის ფაქტორი საერთოდ არაფერ შუაშია.

- სააკაშვილმა ტელეინტერვიუში ჟვანიას საქმეზეც ისაუბრა და გაიხსენა გარდაცვლილი პრემიერის მეუღლე ნინო ქადაგიძესთან შეხვედრა. მისი მტკიცებით, ქადაგიძე სთხოვდა, ჟვანიას ბევრი ფული ჰქონდა და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო. თავის მხრივ, ნინო ქადაგიძემ კატეგორიულად უარყო შეხვედრისას გამართული საუბრის სააკაშვილისეული ინტერპრეტაცია და განაცხადა, მიშამ მითხრა, მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეო.

- სხვათა შორის, ამ ბოლო დროს სააკაშვილი დაეჩვია პირადი საუბრების საჯაროდ გამოტანას, რაც ზნეობრივი საქციელი არ არის. მან ჟვანიას მეუღლესთან საუბრისას„მოწმეებად მოიყვანა გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი და ასევე გარდაცვლილი სამედიცინო ექსპერტი. ამიტომ რამდენად დაეჯერება მას, მკითხველმა განსაჯოს. ვეთანხმები ჟვანიას ოჯახის პოზიციას, რომ შეწყდეს ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეზე აჟიოტაჟი და სპეკულაციები. არც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, პირად საუბრებში ვინ ვის რა უთხრა. არის ორი მთავარი ვერსია: ჟვანია ან მოკლეს, ან მართლაც ბუნებრივი აირის გამონაბოლქვით გაიგუდა. გამოძიებამ ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, იმის მიუხედავად, ვინ არის ის და წარსულში რა თანამდებობა ეკავა. ასევე უნდა მოხდეს ყველა გახმაურებულ საქმეშიც.

- რა ამის პასუხია და, გახმაურებულ საქმეებზე აქცენტს რომ ვაკეთებთ, "გაუხმაურებელი საქმეები" უყურადღებოდ ხომ არ გვრჩება? ჩვენი თანამოქალაქეები ჩივიან, რომ გახშირდა ისეთი ტიპის დანაშაულები, როგორიცაა ქურდობა, დაჭრა და ა. შ. იქნებ სამართალდამცველებს ცოტა მეტი აქტიურობა მართებთ. მით უმეტეს, ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემაც ხდება.

- გეთანხმებით, რომ მართლაც გახშირდა ქურდობა, დაჭრა და სხვა ასეთი ტიპის დანაშაული. სამართალდამცველებმა უნდა გააქტიურონ პროფილაქტიკური ღონისძიებები, სანამ მანქანების მოპარვაზე არ გადასულან. გასაგებია, რომ ძველი ხელისუფლების დროინდელი მეთოდები მიუღებელია, როდესაც ძალიან მარტივად უშვებდნენ ადამიანებს ციხეში და ამისთვის თუნდაც უბნის ინსპექტორის ჩვენება იყო საკმარისი. დღეს აუცილებელია პროფილაქტიკური ღონისძიებები. იმედია, შსს ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

- დავუბრუნდეთ პოლიტიკურ თემებს. სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებდა, თუმცა თანაპარტიელებს მან გადააფიქრებინა. ისე, ბოლო დროს პრესაში სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ ექსპერტი ხშირად პროგნოზირებენ, რომ "ნაციონალები" თბილისური "მაიდნისთვის" ემზადებიან.

- არ არის გამორიცხული. გავიხსენოთ, როგორი აგრესიული იყო "ნაცმოძრაობა" მაშინ, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების ოპოზიციაში იყო. გავიხსენოთ, რა პროვოკაციებს აწყობდა ეს პარტია. თუმცა დღეს „თბილისურ "მაიდანზე" საუბარი გადაჭარბებულია. ჯერ ერთი, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი იყო მთავარ ოპოზიციურ ძალად გაფორმება და ამას მიაღწია. ისინი ხვდებიან, რომ ხელისუფლებისგან საფრთხე არ ემუქრებათ. არაერთხელ მითქვამს, რომ "ქართულ ოცნებას" ხელს აძლევს ოპოზიციად დისკრედიტებული „"ნაცმოძრაობა". მეორე - ამ პარტიისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, ვერანაირი „"მაიდანი" ვერ გამოვა და ეს იქნება ერთი რიგითი პროვოკაცია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების უზომო სურვილს, ისინი დაელოდებიან მომენტს,„დღე X-ს, როდესაც ჩათვლიან, რომ აქტიურ ქმედებებზე გადასვლის დროს დადგა.

- როდის დადგება ეს "დღე X"?

- იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაუშვებს მძიმე შეცდომებს და მოსახლეობას იმედი გაუცრუვდება. შესაძლოა, "ნაციონალები" აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ მაშინაც, თუ ხელისუფლებისგან რეალური საფრთხე დაემუქრებათ.

- პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი (ქორწინება) არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებები საზოგადოების არც ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ მიანიჭებს. თუმცა პირდაპირ ვთქვათ, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების მომხრეებს დიდი დარტყმა მიადგათ.

- მე როგორც საქართველოს მოქალაქე ღარიბაშვილის ინიციატივას მივესალმები. პრემიერმა საკონსტიტუციო ინიციატივით საზოგადოების დაკვეთა შეასრულა. სხვათა შორის, ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულეს არაერთხელ უთქვამს, რომ დასავლეთი სულაც არ უყენებს საქართველოს პირობას, რომ მან მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონოს. ასე რომ, ეს ჩანაწერი საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის.

- აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრების გზაზე. "არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - ბრძანა ობამამ. გასაგებია, რომ ხვალ-ზეგ ნატოში არავინ მიგვიღებს, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტის ამ დემონსტრაციულმა განცხადებამ საქართველოში ბევრი ცუდ გუნებაზე დააყენა.

- ობამას ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს და მიკვირს, რატომ მოჰყვა მის განცხადებას ასეთი აჟიოტაჟი. ამ განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი დაამშვიდა, რომელსაც აღელვებს საკითხი, ხომ არ იგეგმება ნატოს დაჩქარებული წესით გაფართოება. ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა ეჭვქვეშ დგება.

- ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობის თემა კვლავ აქტუალურია. მარგველაშვილმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ივანიშვილთან ურთიერთობის გარკვევის შესაძლებლობა არ ჰქონია. თქვენი აზრით, ურთიერთობის გაცივება პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის ხომ არ აისახება მარგველაშვილ-მთავრობის ურთიერთობაზე და ხელისუფლებაში არაჯანსაღ პროცესებს ხომ არ განაპირობებს?

- მახსოვს, ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ თუ ამომრჩეველი მარგველაშვილს ხმას არ მისცემდა, ეწყინებოდა. გასაგებია, რომ მას შენიშვნები აქვს პრეზიდენტთან და ამის გასაჯაროებაში არაფერია საკვირველი. ურთიერთობა, ალბათ, მარგველაშვილსა და მთავრობას შორისაც დაძაბულია, თუმცა არა მგონია, ეს გამწვავდეს, რადგან არავის აძლევს ხელს. ამიტომაც ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის გაკრიტიკების დრამატიზება არ შეიძლება.