"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, რომ "თბილისური მაიდანი" მოაწყოს"
07-04-2014
"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, რომ "თბილისური მაიდანი" მოაწყოს"
"პროკურატურას უამრავი ნაკლი კი აქვს, მაგრამ არა მგონია, დღეს იქ მოწმეებს აწამებდნენ"

"სამართალდამცველებს ბოკერიასთან კიდევ არაერთი კითხვა ექნებათ"


სამწუხაროდ, პოლიტიკური სპეკულაციები ხშირად ხელს გვიშლის, რომ რომელიმე კონკრეტულ მოვლენაზე წყნარად, მშვიდად ვიმსჯელოთ და დასკვნები შევაჯეროთ. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა შალვა თათუხაშვილის საქმემ. თუმცა, ასეა თუ ისე, აუცილებელია, საზოგადოებამ მიიღოს დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე - აწამეს თუ არა დათა ახალაიას საქმის (სპეცოპერაცია ნავთლუღში) ერთ-ერთი მთავარი მოწმე და მისი გარდაცვალება რამ განაპირობა. თუ ამაში
სამართალდამცველების ხელი ურევია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს,– წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში ახალ თათუხაშვილებს მივიღებთ. თუ ვინმემ არასასურველი მოწმე თავიდან მოიშორა, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ; ხოლო თუ მართლა ინტოქსიკაციასთან გვქონდა საქმე, მაშინ უნდა დასრულდეს პოლიტიკური სპეკულაციები. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:



- შალვა თათუხაშვილის საქმეზე ჩვენ
ვნახეთ ორი დასკვნა. თათუხაშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა და ამაზე აკეთებდნენ აქცენტს. პროკურატურის დასკვნის მიხედვით კი გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა. ამავე დასკვნის თანახმად, თათუხაშვილის სხეულზე არსებული არც ერთი დაზიანება არ იყო სიცოცხლისთვის საშიში. სიმართლე გითხრათ, მე უფრო პროკურატურის ვერსიისკენ ვიხრები. თუმცა, პროკურატურამ არც ერთი კითხვა არ უნდა დატოვოს უპასუხოდ, უპირველესად კი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრთა კითხვები. სხვათა შორის, თურმე შეძლებია პროკურატურას საზოგადოებასთან ურთიერთობა. ვგულისხმობ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძეს, რომელიც ამ საქმეს თავს საკმაოდ კარგად ართმევს. დღეს მთავარია, თათუხაშვილის საქმეზე გამოირიცხოს პოლიტიკური სპეკულაციები. ასევე, თუ დადგინდა, რომ ტრაგედიასთან პირდაპირ ან ირიბად პროკურატურაა დაკავშირებული, ყველამ პასუხი უნდა აგოს. თუმცა, ვიმეორებ - პროკურატურას უამრავი ნაკლი კი აქვს, მაგრამ არა მგონია, დღეს იქ მოწმეებს აწამებდნენ. მოკლედ, ველოდები პროკურატურის სრულ და ამომწურავ პასუხს თათუხაშვილის საქმეზე.

- საქართველოში თითქმის ყველა მოვლენა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება. ნუგზარ წიკლაურის ცემაც ამის კლასიკური მაგალითია. "ნაციონალები" წიკლაურზე თავდასხმას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებენ. "ქართულ ოცნებას" კი ისე გამოჰყავს, რომ თავდასხმა თავად "ნაციონალებმა" გაითამაშეს.
- სიმართლე გითხრათ, წიკლაურის მიერ გავრცელებულ ვერსიაში ეჭვი მეპარება, ელექტროშოკით შეიარაღებული რვა კაცი დამესხა თავს და მანქანაში ვერ ჩამსვესო. ჩემი აზრით, რვა მამაკაცი ამ მიზანს მიაღწევდა. შსს-მ უნდა დააკავოს ის ხალხი, ვინც წიკლაურს სცემა, შემდეგ ისინი წარუდგინოს საზოგადოებას და ჩვენ თვითონ ვიმსჯელებთ, ეს სპექტაკლი იყო თუ პოლიტიკურ ოპონენტზე თავდასხმა. დეპუტატის ცემა მიუღებელია. წარსულს უნდა ჩაჰბარდეს წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც გაუცრუვდა სამართლიანობის აღდგენის იმედი, წიკლაურის ცემა ეამა კიდეც.

- ალბათ, ყოველ მსგავს ინციდენტს დროულად უნდა გაეცეს პასუხი, რათა დაინტერესებულმა ძალებმა დესტაბილიზაციის იმიტაცია არ შექმნან.

- ასეთი დაინტერესებული ძალები საქართველოში რომ არიან, ფაქტია. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, რომ "თბილისური მაიდანი" მოაწყოს. მთავარი "ნაციონალი", სააკაშვილი, უკრაინაშია ბიძასთან ერთად და ტრენინგებს გადის. თუმცა, არა მგონია, საქართველოში მაიდნის გამეორება შეძლონ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს და დესტაბილიზაციის შექმნის ყოველგვარი მცდელობა აღკვეთოს. უკრაინელებმა კი იკითხონ, რომელი სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ მათ ქვეყანაში სააკაშვილი და ბიძამისი.

- სხვათა შორის, სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, "რუხი კარდინალის" იმიჯზე ნელ-ნელა უარს ამბობს. ახლახან კიდევ ერთ უცხოურ რადიოსადგურს მისცა ინტერვიუ. ძირითადად, უკრაინაზე ისაუბრა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასაც გადასწვდა, სუსტი საგარეო პოლიტიკა აქვსო.
- თემურ ალასანია რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "კა-გე-ბეს პოლკოვნიკად" მოიხსენია. ეტყობა, ალასანიას ეწყინა, ჩინით რომ დააქვეითეს და მაშინ პირველად ამოიღო ხმა. მას ალბათ, უცხოელმა მეგობრებმა ურჩიეს, რომ უფრო საჯარო ფიგურა გამხდარიყო. უახლოეს მომავალში ვნახავთ, რისთვის სჭირდება ეს ალასანიას. თუმცა, როგორც უნდა იმოქმედოს მან, ფაქტია, საქართველოში არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ თემურ ალასანია დაკავშირებული იყო იარაღით ვაჭრობასთან. ადრე თუ გვიან, ალბათ, შეისწავლიან იმ გადაწყვეტილებებსაც, რომელთაც თემურ ალასანიას რჩევით მისი პრეზიდენტი დისშვილი იღებდა.

- გასულ კვირას თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზის მძღოლებმა "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციები გამართეს. მათი მტკიცებით, კომპანიას, რომელმაც მგზავრთა გადაყვანაზე ტენდერი მოიგო, კახა კალაძესთან აქვს კავშირი. თავად კალაძემ კი აქციებს "მართული პროცესი" უწოდა. ენერგეტიკის მინისტრს არ ვგულისხმობ, უბრალოდ, მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, დღეს რამდენად დაზღვეული ვართ იმისგან, რომ ჩინოსნებმა ბიზნესში ცხვირი არ ჩაყონ და პირდაპირ თუ ირიბად საჯარო მოხელეობას ბიზნესინტერესები არ შეუთავსონ?

- სხვათა შორის, კახა კალაძისგან ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ მძღოლების ბრალდებაზე. განცხადებები, რომ "აქციები მართულია" და ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს, პასუხი არ არის. შესაძლოა, აქციები მართლაც მართული იყოს, ოღონდ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მძღოლების ბრალდებები სიმართლესთან ახლოს იყოს. ამიტომ ამით უნდა დაინტერესდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. რაც შეეხება ტენდენციებს, რომ ზოგიერთ ჩინოსანს ბიზნესინტერესებიც აქვს, კონკრეტულ ფაქტებს ვერ დავასახელებ, მაგრამ საზოგადოებაში არის ეჭვი, რომ ასეა.

- თავი როგორ უნდა დავიზღვიოთ, რომ ასე არ მოხდეს? გარანტი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს? მახსოვს, პრემიერობისას ივანიშვილს საკმაოდ მკაცრი პოზიცია ჰქონდა, - საჯარო მოხელეებს ბიზნესში ხელები არ უნდა ეფათურათ.
- ბიძინა ივანიშვილს დღეს უკვე აქვს თავისუფალი დრო, რათა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაეცნოს და თუ შეამჩნევს ტენდენციებს, რომ ბიზნესში ხელებს აფათურებენ, რეაგირება მოახდინოს. თუმცა, ალბათ, თავად ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნება, რომ ასე არ მოხდეს. მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ უფრო მეტი პოლიტიკური ნებაა საჭირო. ამის მაგალითი თუნდაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაა, რომლის განხილვასაც წელიწად-ნახევარი მოანდომეს, რაც მართლაც საოცარია.

- თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დეპუტატებს თუ დავუჯერებთ, კონკურენციის სააგენტო მუშაობას 15 აპრილიდან დაიწყებს. დავით ონოფრიშვილის ინფორმაციით, სააგენტო პირველად საწვავის ფასების საკითხს შეისწავლის.

- აღდგომა და ხვალეო. ჯერ ვნახოთ, როგორი კადრებით დაკომპლექტდება კონკურენციის სააგენტო და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეასრულებს თუ არა ის ეფექტური ინსტრუმენტის როლს კარტელურ გარიგებებთან ბრძოლაში. რაც მთავარია, კონკურენციის სააგენტო თავისუფალი უნდა იყოს რომელიმე მაღალჩინოსნის გავლენისგან. თუმცა, ვერანაირი სააგენტო ან სახელმწიფო უწყება ვერ იმუშავებს გამართულად, თუ ხელისუფლებაში არ იქნება სტაბილურობა. სამწუხაროდ, ამ მხრივ მთლად კარგად არ არის საქმე - პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირებას ვგულისხმობ.

- ანუ თქვენ ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობას დაპირისპირებას უწოდებთ? ძალიან მუქ ფერებში ხომ არ ხატავთ ვითარებას?

- დიახ, ეს დაპირისპირებაა. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ გიორგი მარგველაშვილს ვიზიტებზე მთავრობის არც ერთი წევრი არ დაჰყვება. ვეჭვობ, მთავრობა პრეზიდენტის კუთხეში მიყენებას ცდილობს, რაც ნამდვილად არასწორია. თუ დაპირისპირება უფრო გაღრმავდა, ეს ქვეყანას მძიმე შედეგს მოუტანს. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს დაპირისპირება დაარეგულიროს; მას ეს ნამდვილად შეუძლია. მით უმეტეს, ივანიშვილისგან მარგველაშვილის საჯაროდ გაკრიტიკებას ამ დაპირისპირების გაღრმავებაში უკანასკნელი წვლილი არ შეუტანია.

- ალბათ, ბიძინა ივანიშვილს ვერ ავუკრძალავთ პრეზიდენტის, პრემიერის თუ სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის გაკრიტიკებას. ასევე, თუ დაპირისპირება მართლაც მწვავეა, ალბათ, თავად ღარიბაშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გამონახონ საერთო ენა. პატარა ბავშვები ხომ არ არიან, შემრიგებელი რომ დასჭირდეთ?!

- პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ხელისუფლებაში არის ჯგუფი, რომელიც ახალ პრეზიდენტზე ოცნებობს.

- დავაკონკრეტოთ.
- ზემოხსენებული ჯგუფი ავითარებს იდეას, რომ იმპიჩმენტი მოუწყონ მარგველაშვილს და ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. არ ვამბობ, რომ ამ ჯგუფში მთავრობის მთავარი ფიგურები შედიან, მაგრამ ეს დაჯგუფება ცდილობს, თავისი იდეის მართებულობაში ღარიბაშვილი და ივანიშვილი დაარწმუნონ.
ასეთ "მაამებლებს" ყოფილმა თუ მოქმედმა პრემიერმა საკადრისი პასუხი უნდა გასცენ, რათა მტრის წისქვილზე არ დაასხან წყალი. ქვეყანას არევა ნამდვილად არ სჭირდება.

- თუ ზემოხსენებული დაჯგუფების წევრების ვინაობას ვერ დაგვისახელებთ, იქნებ მიგვანიშნოთ მაინც? რამდენად გავლენიანები არიან, კოალიციის რომელ პოლიტიკურ ძალას ან ვის გუნდს მიეკუთვნებიან?

- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ერთი რამ ფაქტია - იმის გათვალისწინებით, რაც ხდება საქართველოს გარშემო, დღეს შიდადაპირისპირების დრო არ არის. მაგალითად, შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომხებს რუსულ პასპორტებს ურიგებენ.

- ასეთი ინფორმაცია მართლაც გაავრცელა ზოგიერთმა ინტერნეტპორტალმა, თუმცა, მას დამაჯერებლობა აკლდა. რუსულ პასპორტებს მართლაც რომ არიგებდნენ, ძნელი წარმოსადგენია, ეს ქართულ სპეცსამსახურებს გამოჰპარვოდათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს, ასეთი ტაქტიკით იმოქმედა მოსკოვმა აფხაზეთში, ცხინვალსა თუ ყირიმში.
- მე არ ვლაპარაკობ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ჯერ კიდევ 2004 წელს ერთ-ერთმა გერმანულმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, გამოეცა ჟურნალი "ვოსტოკი", რომელიც საქართველოს თემატიკას ეძღვნებოდა. თავისთავად საკვირველი იყო, რატომ ერქვა ჟურნალს "ვოსტოკი" და არა გერმანული დასახელება. ამ ჟურნალის გამოცემაში დახმარება გვთხოვეს და მივაწოდეთ კიდეც მასალები. თუმცა, ჟურნალს ჰქონდა კიდევ ერთი თემა - "საქართველოს კონფლიქტური რეგიონები". ამ თემაზეც შევთავაზეთ მასალები, მაგრამ უარი გვითხრეს, გვყავს ავტორებიო. საბოლოოდ, ამ თემაზე მასალები დაწერეს მიგრანიანის მსგავსმა ავტორებმა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს აქვს სამი კონფლიქტური რეგიონი: აფხაზეთი, ე. წ. სამხრეთ ოსეთი და "ჯავახქიო". წარმოგიდგენიათ?! ამიტომ მე ჯერ კიდევ 2004 წელს დავრწმუნდი, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ჯერი დადგებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, თუმცა, ბალანსი აუცილებელია. არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ ბევრ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეს, რომლებიც საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არიან, გული ვატკინოთ. სხვათა შორის, იტალიაში მოინდომეს რეფერენდუმის ჩატარება, რომლის თანახმად, ვენეცია ამ ქვეყანას უნდა გამოყოფოდა. იტალიის ხელისუფლებამ ათეულობით პირი დააკავა და არც ბრიუსელი შეშფოთებულა და არც ვაშინგტონი. ასევე, აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა. უპირველესად, რეფერენდუმების საკითხს ვგულისხმობ. კანონმდებლობაში ნათლად უნდა აისახოს, რომ იკრძალება ისეთი რეფერენდუმის ჩატარება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ასეთი რეფერენდუმის მსურველები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

- თუ რუსეთმა საქართველოს კიდევ უფრო დანაწევრება გადაწყვიტა, მხოლოდ საკანონმდებლო ბაზა არ გვიშველის.
- არ უნდა მივცეთ მოწინააღმდეგეს საშუალება, რომ დესტაბილიზაციისთვის საფუძველი შექმნას. სწორედ ამიტომ გვჭირდება საკანონმდებლო ბაზა და ხელისუფლების დიდი ყურადღება.

- გასულ კვირას აჟიოტაჟი გამოიწვია აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსის განცხადებამ, რომლის თანახმადაც, ვლადიმირ პუტინი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას განიხილავს, რათა რუსეთ-ირანს შორის გასასვლელი შექმნას.

- ვილოცოთ, რომ როჯერსის პროგნოზი გადაჭარბებული იყოს და არ ახდეს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ პუტინის იმპერიული ამბიციები თანდათან იზრდება.

- მართლაც რომ მოგვადგნენ რუსები და ირან-სომხეთისკენ გასასვლელი მოითხოვონ, რა უნდა ვქნათ? სამწუხაროდ, თანდათან ჭირს საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთი რუსების შეკავებაში რაიმე როლს შეასრულებს.

- ეს ნდობა რომ დაიკარგა, ამას თავად დასავლეთიც აღიარებს, დასკვნები უკვე გამოიტანეს და ნატომ პოლონეთში სამხედრო კონტინგენტისა და ტექნიკის რაოდენობა გაზარდა. ამიტომ მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რომ დასავლეთი გულხელდაკრეფილი იჯდება, თუ რუსეთი საქართველოს გასასვლელს მოსთხოვს, არ შეიძლება. სხვათა შორის, ასეთ გამოწვევებზე უნდა მსჯელობდეს საქართველოს უშიშროების საბჭო, რომელიც საერთოდ არ შეკრებილა. რატომღაც სხდომებს არც უსაფრთხოების საბჭო მართავს. რჩება შთაბეჭდილება, რომ უსაფრთხოების საბჭო უშიშროების საბჭოს დასაფრთხობად შეიქმნა და პირიქით. იმედია, ეს "ტრადიცია" დაირღვევა.

- უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გიგა ბოკერია გასულ კვირას პროკურატურამ დაჰკითხა. ბოკერიას კითხვები უშიშროების საბჭოს მიერ გაწეულ ხარჯებზე, მათ შორის ლობისტებზე დახარჯულ თანხებზე დაუსვეს. თავად ბოკერიას განცხადებით, მისი პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური დაკვეთაა.

- როგორც მე ვიცი, პროკურატურას კითხვები ჰქონდა ერთ-ერთი მასალის გამო, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს. ამაში მე პირადად პოლიტიკურ დაკვეთას ვერ ვხედავ. იმედია, ბოკერიამ ამომწურავი პასუხი გასცა კითხვებს. გარდა ამისა, ბოკერია წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და არ არის გამორიცხული, სამართალდამცველებს მასთან კიდევ არაერთი კითხვა გაუჩნდეთ.
maka
07 აპრილი 2014 12:49
დროა უკვე, წელწად ნახევარში გაცამტვერეს ქვეყანა. რაც მოსულები არიან, ჭორაობის და ფულის კეთების მეტი არაფელი გუკეთებიათ. ერთი ჯიხურიც კი არ აშენეს, შეპირებული 100 ქარხანის ნაცვლად.

რედაქტორის რჩევით