"დღეს რუსეთისთვის შეჩერება დამღუპველია, ამიტომ არის მუდმივად შეტევის რეჟიმში"
14-04-2014
"დღეს რუსეთისთვის შეჩერება დამღუპველია, ამიტომ არის მუდმივად შეტევის რეჟიმში"
"დასავლეთით იმედგაცრუება ქართველ საზოგადოებაშიც შეინიშნება"

"პუტინი ბოლომდე გავა, დარწმუნებული ვარ"


ყოფილი მაღალჩინოსნები საგამოძიებო ორგანოების მიერ მათი ნათესავებით დაინტერესებას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. ასე მოიქცა გიგი უგულავაც, როდესაც მის სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. შესაძლოა, კოპენჰაგენში, ბრიუსელში თუ ოსლოში მართლაც საეჭვოდ მოეჩვენოთ ყოფილი მაღალჩინოსნების ნათესავების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, მაგრამ ეს საქართველოა, სადაც ათადან და ბაბადან მოყოლებული არის "ტრადიცია" - როდესაც ადამიანი სახელმწიფო სამსახურში "დიდი კაცი" ხდება, მის ნათესავებში რატომღაც
ბიზნესის ნიჭი გაიღვიძებს ხოლმე და ამ "დიდი კაცის" იმედად ხშირად არც კანონს აგდებენ რამედ და არც თამაშის წესებს.

ასე იყო შევარდნაძის ხელისუფლების დროს, "ნაციონალების" მმართველობისას და ზოგიერთ დღევანდელ მინისტრს კოჭებში ეტყობა, რომ არც თავად ამბობს უარს ზემოხსენებულ ტრადიციაზე. პირველად ეს ტრადიცია უნდა დავამარცხოთ, კანონი უნდა
ვაკანონოთ და შემდეგ უფრო ადვილი იქნება იმის გარჩევა, რა არის პოლიტიკური დევნა და რა - ცუდად დამთავრებული ნეპოტიზმი. სხვათა შორის, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ "წინასაარჩევნო ცემა-ტყეპის" ტრადიცია დავარღვიეთ, თუმცა, მგონი, ადგილობრივი არჩევნების წინ ისევ ვუბრუნდებით. გასაგებია, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეზე "ნაცმოძრაობის" ლიდერები ისე მოქმედებენ, როგორც ხარზე წითელი ქსოვილი. თუმცა, ცემა-ტყეპა გამოსავალი არ არის, მით უმეტეს, რომ ზოგჯერ ნაცემს რაც უფრო გალახავენ, მით უფრო უხარია. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:



- შეხვედრებზე "ნაციონალების" ცემა-ტყეპის ალბათ, რამდენიმე ვერსიაზე უნდა ვისაუბროთ. პირველად იმ ვერსიაზე, რომ საზოგადოებაში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დიდი აგრესიაა და, ალბათ, გიგი უგულავას არ უნდა უკვირდეს, თუ კვერცხებს ესვრიან. იმაზე საუბარი, რომ ეს ორგანიზებულია, არ შეიძლება. მაგალითად, თავის დროზე რესტორნებში ამტყდარა ჩხუბი და ადამიანებს დაჰპირისპირებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ იყვნენ. რაც დათესეს "ნაციონალებმა", ის მოიმკეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ასეთი ინციდენტების უკან ხელისუფლება იდგეს. ირმა ნადირაშვილს გაუვრცელებია ამ ინციდენტებში მონაწილეთა სია და უთქვამს, რომ ისინი ადგილობრივი გამგეობების თანამშრომლები ყოფილან. ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო, ნათქვამია. შესაძლოა, ამაზე ყურადღება გაამახვილონ საზოგადოების წარმომადგენლებმა, მაგრამ ირმა ნადირაშვილს რა ალაპარაკებს?! "ნაციონალებს" ჰგონიათ, ვინმეს დაავიწყდა, 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში რა ხდებოდა?! "ნაციონალების" ასეთი უტიფრობა მოსახლეობას აღიზიანებს.

- ვთქვათ, მართლაც ხელისუფლება დგას ამ ინციდენტების უკან. საინტერესოა, ეს რატომ უნდა სჭირდებოდეს? თითოეულ ასეთ ცემა-ტყეპას "ნაციონალები" კარგად ფუთავენ და დასავლეთს აწვდიან როგორც ორგანიზებულ პოლიტიკურ დევნას. ეს კი ხელისუფლების წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს.

- არც მე მგონია, რომ მასობრივი ცემა-ტყეპა ხელისუფლებას ხელს აძლევდეს. თუმცა, შესაძლოა, ადგილობრივი ჩინოსნები თავის გამოჩენას ცდილობენ და ხელისუფლებას დათვურ სამსახურს უწევენ. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ხელისუფლებაში ეს ლამის ტრადიციად იქცა. სხვათა შორის, ერთ-ერთი დებატებისას "ნაციონალების" წარმომადგენელი ასეთ ინციდენტებზე საუბრობდა, "ქართული ოცნების" წევრმა კი უთხრა, ეს თქვენგან ვისწავლეთო. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ "ნაციონალების" ცემა-ტყეპა ქუჩებში თუ რესტორნებში მოსახლეობის გაღიზიანების ბრალია. თავის დროზე, ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც უარი თქვა სამართლიანობის აღდგენაზე და კოაბიტაცია დაიწყო "ნაციონალებთან". სააკაშვილის პარტიასაც დაუბრუნდა ძველი რიხი და უტიფრობა. როდესაც ადამიანს არა აქვს სახელმწიფოს იმედი, შესაძლოა, თავისი მეთოდებით დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია. დესტაბილიზაციის მიღწევაში ხელი არ უნდა შევუწყოთ.

- იმ აჟიოტაჟს გულისხმობთ, რომლის თანახმადაც "ნაციონალები" "თბილისური მაიდნის" მოწყობას გეგმავენ?
- საზოგადოების ნაწილმა ამის ერთ-ერთ სიმპტომად აღიქვა გიგი უგულავას განცხადება, ტყვია გვესროლეთ ან ციხეში ჩაგვსვით, თორემ სხვანაირად ვერ გაგვაჩერებთო. თუმცა, მისი განცხადებები სულაც არ არის საჭირო იმის პროგნოზირებისთვის, რომ "ნაციონალები" ნამდვილად ემზადებიან "თბილისური მაიდნისთვის". სხვათა შორის, შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ამაში "ნაციონალებს" უკრაინელი "მაიდნელები" ეხმარებიანო. ასე არ არის - უკრაინელებს თავისი გასჭირვებიათ, სულ არ სცხელათ ჩვენთვის. "ნაციონალებს" სულაც არ სჭირდებათ "მაიდნელების" დახმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ თავის დროზე "კმარა" და სხვადასხვა დაჯგუფება ჰყავდათ, რომელთაც ტრენინგი სერბულ "ოტპორში" გაიარეს. შემდეგ კი თავად "ნაციონალების" ტრენერები ეხმარებოდნენ იმავე უკრაინელებს თუ ბელორუსებს. ეს ხალხი არსად წასულა.

- თუ მაინცდამაინც უკრაინულ მაიდანს უნდა შევედაროთ, მაშინ საჭიროა ქართველი იანუკოვიჩიც; ანუ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც მასობრივ უკმაყოფილებას გამოიწვევს. უშვებთ თქვენ თუნდაც ზეთეორიულად იმას, რომ, მაგალითად, ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადოს?

- გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ გააფორმოს. "ნაციონალები" "მაიდნის" მოწყობას მაშინ შეეცდებიან, როდესაც ხელისუფლებით მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს მიაღწევს და დუღილი დაიწყება. ისინი თითოეული ადამიანის უკმაყოფილების გამოყენებას სათავისოდ შეეცდებიან. სხვათა შორის, ძალიან სიმპტომატური იყო მიხეილ სააკაშვილის განცხადება, "ნაციონალური მოძრაობა" მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებდა, მაგრამ მე ავუკრძალეო. ეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა. თუ სისხლი დაიღვარა, სააკაშვილი იტყვის, უჩემოდ გადაწყვიტეს აქციების დაწყებაო.

- მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს აგრესია თავად "ნაციონალების" მიმართ. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიკრიბნენ "ნაციონალები" რომელიმე მოედანზე და დაიწყეს ქვების სროლა. შესაძლოა, მეორე მხარეს რამდენჯერმე უფრო ფართომასშტაბიანი მიტინგი მივიღოთ, რომლებიც, თავის მხრივ, ქვებს არ დააკლებენ სააკაშვილის პარტიის წევრებს.
- ასეც შეიძლება მოხდეს. საზოგადოდ, "ნაციონალების" ტაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თვითგვემა და ასეთი სუნი უდის ნუგზარ წიკლაურის ცემასაც.
ამ თვითგვემას ისინი დაჩაგრულისა და პოლიტიკურად დევნილის იმიჯის შესაქმნელად გამოიყენებენ.

- ანუ, თუ "ნაციონალებმა" "მაიდნის" მოწყობა გადაწყვიტეს, მათი მიზანი ხელისუფლების დამხობა კი არა (როგორც უკრაინაში მოხდა), არამედ დასავლეთში მთავრობის იმიჯის შელახვაა?

- "ნაციონალებს" არა აქვთ იმის რესურსი, რომ ხელისუფლება დაამხონ. მათი მიზანი მასობრივი არეულობის დაწყება და საქართველოს ხელისუფლების იმიჯის შელახვაა ამერიკისა და ევროპის თვალში. ამიტომ
ხელისუფლებას დიდი ყურადღება და სიფრთხილე მართებს, რათა პროვოკაციების მოწყობის საშუალება არავის მისცეს;
უნდა იმოქმედოს ისე, რომ არც ევროპაში გაუჩნდეთ კითხვები და არც ქვეყანაში. ნებისმიერი პროვოკაცია უნდა კანონიერი საშუალებებით აღიკვეთოს, მით უმეტეს, არსებული საგარეო გამოწვევების გამო ზედმეტი შიდადაძაბულობა არ გვჭირდება.

- სხვათა შორის, ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ თუ რუსეთმა ზეწოლითა და მუქარებით (მით უმეტეს, უკრაინული მოვლენების ფონზე) აიძულა საქართველოს ხელისუფლება, უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, ორ კურდღელს დაიჭერს - გაურკვეველი დროით გადაავადებს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ქვეყანაში დესტაბილიზაციას შექმნის.

- არა მგონია, რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების გამო დაიწყოს საქართველოზე ზეწოლა. ამას უფრო ნატოს მომავალი სამიტის წინ ველი, რომელზეც, სავარაუდოდ, მაპ-ს მოგვცემენ. რუსეთს დღეს თავში აქვს ავარდნილი იმპერიული ამბიციები და აღარაფერს ერიდება. ამის კარგი მაგალითია ის, რაც დღეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ხდება.

- ანუ ფიქრობთ, რომ პუტინი ბოლომდე გავა, ანუ უკრაინას დონბასის ოლქს წაჰგლეჯს?
- პუტინი ბოლომდე გავა, დარწმუნებული ვარ. დღეს რუსეთისთვის შეჩერება დამღუპველია, ამიტომ არის მუდმივად შეტევის რეჟიმში. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი სიფრთხილით უნდა იმოქმედოს და დაელოდოს მოვლენების განვითარებას. ზედმეტი რიტორიკა საჭირო არ არის. მაგალითად, ისეთი, როგორიც ბოლო დღეებში მოვისმინეთ.

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (რომელზეც რუსეთს წლის ბოლომდე ხმის უფლება შეუწყდა) საქართველოს დელეგაციის წევრების გამოსვლას გულისხმობთ? "რუსეთი მოდის, რუსეთი იპყრობს, მონიშნავს მორიგ შესრულებულ დავალებას და წინ მიიწევს. ეს არის პუტინის გზა, ეს არის კა-გე-ბეს მეთოდი", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თინა ხიდაშელმა.
- თინა ხიდაშელის გამოსვლა ძალიან ეფექტური იყო და პირადად მე მომეწონა. თუმცა, როდესაც ვამბობ, რომ ზედმეტი რიტორიკა საჭირო არ არის, ვგულისხმობ - რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ნუ ვიქნებით. სხვათა შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ისეთი მწვავე განცხადებები, როგორიც ჩვენმა დელეგაციამ გააკეთა, ბევრს არ გაუკეთებია, მათ შორის, ბალტიისპირეთსაც. ეს იმ დროს, როდესაც რუსეთმა სანქციები დაუწესა კლაიპედის პორტს ტვირთების გადაზიდვაში და ლიტვა თავისი ბიუჯეტის 30%-ს კარგავს. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ზომიერი პოზიცია უნდა დაიკავოს, ეს საჭიროა მთავარი მიზნის, ევროინტეგრაციის მისაღწევად. თორემ ის, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ყველამ კარგად ვიცით.

- როგორც თქვენ თქვით, რუსეთისგან ზეწოლას უნდა ველოდოთ ლონდონის სამიტის წინ. სხვათა შორის, პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოსკოვმა სამცხე-ჯავახეთში სცადოს ვითარების არევა.

- ამ საკითხზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლება. ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ თავად შევუწყოთ ხელი სამცხე-ჯავახეთში ნეგატიური განწყობის შექმნას. დღეს სეპარატიზმის საფრთხე ამ რეგიონში არ არის. სამცხე-ჯავახეთში მდგომარეობის არევა უპირველესად ერევანს არ აწყობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დასჭირდა, რუსეთი იქ მდგომარეობის არევას არ შეეცდება.

- გარდა ამისა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოპულარულია საკითხი, რომ ჩაატარონ რეფერენდუმი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ. რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა ლონდონის სამიტის წინ ეს ფაქტორიც გამოიყენოს თბილისის დასაშანტაჟებლად?
- რუსეთი იმისთვის, რომ არ დაუშვას საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება, გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას. ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების თემაც ამას ემსახურება. თუმცა, მე უფრო სხვა საფრთხეზე გავამახვილებდი ყურადღებას, კერძოდ, იმაზე, რომ შესაძლოა, რუსეთმა სომხეთის მიმართულებით დერეფანი "გაჭრას".

- აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსის განცხადებას გულისხმობთ? მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას განიხილავს, რათა რუსეთ-ირანს შორის გასასვლელი შექმნას. "ეს ნამდვილად შემაშფოთებელია"", - განაცხადა როჯერსმა ორიოდე კვირის წინ.

- ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს.
რუსეთმა ეს გეგმა რომ განახორციელოს, კონტროლს დაამყარებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - ნავთობსადენის ნაწილი დერეფნის ტერიტორიაზე მოექცევა.
ამით საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობას დიდი დარტყმა მიადგება, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაც უფრო ბუნდოვანი გახდება. გარდა ამისა, რუსეთს გაუჩნდება ზემოქმედების ბერკეტები აზერბაიჯანზეც. უფრო ამ სცენარზე უნდა ვიფიქროთ და კარგად გავაანალიზოთ ყველა გამოწვევა.

- დასავლეთი რას იზამს, თუ რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა ზემოხსენებული სტრატეგიული ნავთობსადენი?

- დასავლეთს მოსკოვისგან ექნება გარანტიები, რომ ნავთობის მიწოდება არ შეუწყდება.

- და შუაზე გადაჭრილ და რუსეთის დერეფნად გადაქცეულ საქართველოს, ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდებენ?

- ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა. დღეს დასავლეთი თავს იკავებს, რომ რუსეთს აშკარად დაუპირისპირდეს. ევროსაბჭომ რუსეთს ხმის უფლება რომ შეუჩერა, არაფერს ნიშნავს. წარმოიდგინეთ, გერმანიამ მკაცრი სანქციები რომ დაუწესოს რუსეთს, ის 70 მილიარდ დოლარს დაკარგავს. ასეთივე დღეში არიან ევროპის სხვა ქვეყნებიც. დასავლეთით იმედგაცრუება ქართველ საზოგადოებაშიც შეინიშნება და საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც რომ არ გააფორმოს (თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება), ამას მოსახლეობაში დიდი აურზაური არ მოჰყვება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს საქართველოში პრორუსული ძალები გაძლიერდნენ.

როდესაც დასავლეთზე ვლაპარაკობ, დარწმუნებული ვარ - რამდენიმე წელიწადში იქ უფრო მკაცრ ნაბიჯებზე გადავლენ და საბოლოოდ, რუსეთის ეკონომიკისგან ქვა-ქვაზე არ დარჩება. მაგრამ ჩვენ ეს რამდენიმე წელი არა გვაქვს. შესაბამისად, საგანგაშო პროგნოზები რომ არ გამართლდეს, საჭიროა სიფრთხილე, ზომიერება და რუსეთთან დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავება. მთავარია, დრო მოვიგოთ და შემდეგ დიდი ალბათობით მოვლენები ჩვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება.
x men
26 აპრილი 2014 23:37
არავითარი დაზარალებულები ძველ ხელისუფლების პერიოდში არ არიან . ერთი არავინ გამოთქვავს პროტესტს ესე იგი ყველაფერი კარგად იყო . და ტუ არსებობენ დაზარალებულები და ხმას არ იღებენ მაშინ უარესის ღირსები ყოფილან, ცოცხები კი არა ყველაფერი უნდა გაუკეთონ ასეთებს უკან იმის ვაჟკაცობის თავი არა აქვთ კაცურად მივიდნენ პასუხები მოსთხოვონ დამნაშავე ძველი მთავრობის ხალხს. ან ძველ მთავრობას ყველაფერს აბრალებენ ტყუილად რადგანაც დაზარალებული პასუხს არ თხოვენ პირდაპირ (სასამართლო რო არაა ეგ გასაგებია)დამნაშავეებს. ნაცმოძრაობა უდანაშაულო და მართალია ყველაფერში!
zzzz
23 აპრილი 2014 02:16
eqspertma ragac daskvna tu ar dawera egre xo chemi mezobeli gogiac mkitxaobs.მაგარს აქანქარებ რა. რას წერ არც შენ არ იცი. ყველაფერს ვარაუდობ და გარტყმაში არ ხარ ცოტათი მაინც. ეგრე ხო ჩემი მეზობელი გოგიაც მკიტხაობს.:D
Toko
17 აპრილი 2014 20:43
არეშიძე რომ "ბრძნული აზრებით" ყოველთვის გამოირჩეოდა, ეს ყველამ კარგად იცის. თუმცა რაც ამ სტატიაში "მარგალიტები" ვნახე, იდიოტიზმის ყველა ზღვარს სცილდება! საიდან მოდიან ასეთი "ექსპერტები", ჩემამდე არ დადის! ჯერ მარტო ეს რად ღირს - "საზოგადოდ, "ნაციონალების" ტაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თვითგვემა და ასეთი სუნი უდის ნუგზარ წიკლაურის ცემასაც". თუ მართლა ასეა, რატომ არ იძიებს ამას დღევანდელი ხელისუფლება და რატომ არ ამხელს წიკლაურს პროვოკაციაში?! სად არის ლოგიკა? ან კიდევ ეს - "რუსეთთან დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავება". მე ერთი რამ ვიცი, ბატონო მამუკა, რაც უფრო მოეფერებით რუსებს, უფრო მეტად გაგიღრმავებენ და გაგიერთიანებენ ერთ ადგილს! კაცი შენს განადგურებას გეგმავს მეთოდურად და მიზანმიმართულად და "მოლაპარაკება" და "დიალოგი" მისთვის ამის განხორციელების ერთ-ერთი მეთოდია, ამდენი ხანი ვერ შეიგნე ეს, "ექსპერტო"?

რედაქტორის რჩევით