"ნარმანიას გამოსვლა კარგი ნამდვილად არ იყო, თუმცა, არც ყალბი ეთქმოდა"
28-04-2014
"ნარმანიას გამოსვლა კარგი ნამდვილად არ იყო, თუმცა, არც ყალბი ეთქმოდა"
"ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" გვერდითაა"

"მერია საბოტაჟის რეჟიმშია საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდანვე და იგივე ხდება თუნდაც გზების საქმეშიც"


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, დემოკრატიისა თუ ხელისუფლების მორიგი გამოცდა იქნება. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ - ბოლოს და ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობა დაიწყებს თუ არა ადგილობრივ პრობლემებზე მუშაობას თუ ყაყან-კამათში გალევენ ოთხწლიან ვადას. მოსახლეობა არჩევანში არ უნდა შეცდეს, თუმცა, მანამდე ფავორიტი
პოლიტიკური ძალა არ უნდა შეცდეს დასახელებულ კანდიდატებში. იმედია, 15 ივნისს ორმაგ შეცდომას არ დავუშვებთ. "ქართულმა ოცნებამ" გასულ კვირას საარჩევნო კამპანია გახსნა და 12 თვითმმ
ართველ ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. ექსპერტ არჩილ გამზარდიასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:



- "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების  შეფასება გამიჭირდება, რადგან ისინი არ არიან ცნობილი ან პარტიაში დაწინაურებული პირები. სავარაუდოდ, აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ რეგიონში "ქართული ოცნების" ნდობის მანდატი უნდა გახდეს მათი გამარჯვების წინა პირობა.

- განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანიაა. ისე, სიტყვით გამოსვლისას ცოტას ნერვიულობდა.
- დავით ნარმანიას გამოსვლა კარგი ნამდვილად არ იყო, თუმცა, არც  ყალბი ეთქმოდა.  ის უფრო მოწადინებული,  ცუდად მომზადებული სტუდენტივით გამოვიდა, ვიდრე თავდაჯერებული ლიდერივით. მიუხედავად იმისა, რომ ნარმანია გულწრფელი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მას აკლია სოლიდურობა, სიტყვის ფლობა, ორატორობა, წარმოსადეგობა, გახსნილობაც. თუმცა, ნამდვილად არ განაწყობს ნეგატიურად მის მიმართ მსმენელსა და მაყურებელს. ნარმანიას აუცილებლად უნდა დაეხმარონ პიარსპეციალისტები. თუმცა, მისი მთავარი პრომოფაქტორი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაა და, ალბათ,  გათვლაც, ძირითადად, ამაზეა გაკეთებული.

- სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კამპანიის გახსნას დაესწრო. მანამდე კი პრემიერ ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

- "ქართული ოცნების" ოპონენტები ხმას ავრცელებენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი გაემიჯნა ხელისუფლებას და ქვეყნიდან მიდის. ყოფილმა პრემიერმა უმრავლესობის შეხვედრაზე დასწრებით აჩვენა, რომ ის კვლავ თავის გუნდთან არის. გარდა ამისა, ისიც დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" კვლავ სჭირდება ბიძინა ივანიშვილის იმიჯი. ბიძინა ივანიშვილს არა აქვს "ქართული ოცნების" ფორმალური ლიდერის სტატუსი და ამდენად, უმრავლესობასთან მისი შეხვედრა, შესაძლოა, კრიტიკულადაც კი იქნეს აღქმული. თუმცა, ფაქტია, ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" გვერდითაა.

- თვითმმართველობის არჩევნები იმ ფონზე ჩატარდება, რომ "ნაციონალები" თბილისში აკონტროლებენ ადმინისტრაციულ რესურსებს, "ქართული ოცნება" კი - რეგიონებში. შესაძლოა, ეს კითხვა რიტორიკულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, რა დოზით გამოიყენებენ მხარეები ამ რესურსებს და მაგალითად, თბილისში მოახდენს თუ არა რაიმე ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე?

- კითხვა მართლაც რიტორიკულია, რადგან ვიცნობთ ჩვენი პოლიტიკური ძალების მორალს. ვშიშობ, არც ერთი მხარე უარს არ იტყვის ნებისმიერი ტიპის რესურსის გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორი, სამართლებრივი ან ეთიკური იქნება ეს. ისე, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" უცნაური ურთიერთობა აქვთ და მაზოხისტურ წყვილს მაგონებენ - ხან მტრობენ ერთმანეთს, ზოგჯერ ეპიზოდურად თანამშრომლობენ, ხან ეშინიათ და უერთმანეთოდაც ვერ ძლებენ.

- ჩვენი თანამოქალაქეები მოითხოვენ, სანამ თბილისს ახალი მერი ეყოლება, მანამდე დედაქალაქში ელემენტარული პრობლემები მაინც მოგვარდეს. მაგალითად, გზები, რომლებიც ან ძალიან ნელი ტემპით, ან საერთოდ არ რემონტდება. ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მერია საბოტაჟის გზით მოსახლეობაში "მიშას დროს გზები მაინც რემონტდებოდა" განწყობის გაღვივებას ცდილობს.
- მერია საბოტაჟის რეჟიმშია საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდანვე და იგივე ხდება თუნდაც გზების საქმეშიც. ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერებაში არსებობს ზოგადი ცნება "ხელისუფლება", რომელიც ვალდებულია, ყველაფერზე იზრუნოს. შესაბამისად, თუ რაიმე არ კეთდება, მიეწერება ზოგად ცნებას "ხელისუფლება", რომელშიც ახლა "ქართული ოცნება" მოიაზრება. ამდენად, უკმაყოფილება, რომლის ადრესატიც შეიძლება რეალურად "ნაციონალური მოძრაობა" (თბილისის მერია) იყოს, შეიძლება მიეწეროს "ქართულ ოცნებას". თუმცა, არა მგონია, ამან არჩევნების შედეგზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს.

- სკანდალი იყო ყვარელში, სადაც საკრებულო ყვარლის გამგებელ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ცდილობდა. მოხდა ჩხუბი ქევხიშვილის მომხრეებსა და საკრებულოს წევრებს შორის, რომლის შემდეგ გამგებელი და 17 პირი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. საკრებულომ მაინც შეძლო ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენება. ქევხიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ გამგებლის გადაყენებით შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი იყო დაინტერესებული.
- შესაძლოა, ქევხიშვილის დაკავება ცენტრალური ხელისუფლებისგან რეგიონების გაფრთხილებადაც აღვიქვათ, რომ მსგავსი დესტრუქციები აღარ მოხდეს და გამგებლებმა ძველებურად ყოვლისუფლების მქონე პირებად არ წარმოიდგინონ თავი. რაც შეეხება იმას, დგას თუ არა ამის უკან შს მინისტრის მოადგილე, ბრალდება დაუდასტურებელია და შესაძლოა, სიმართლეც იყოს და სიცრუეც. თუმცა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

- საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც დაგვრჩა. კერძოდ, ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: მივიღებთ თუ არა ლონდონის სამიტზე მაპ-ს. როგორ ფიქრობთ, ჩვენი დასავლელი მეგობრები რუსეთის ფაქტორის გამო იკავებენ თავს კონკრეტული პასუხისგან თუ მაინც ბიუროკრატიის (ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას ვგულისხმობ) "ტყვეობაში" არიან. არადა, ალბათ, მეთანხმებით, დასავლეთმა მაპ-ის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
- დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები მაქსიმალურად ერიდებიან რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას, მათ შორის, უკრაინის საკითხის გამოც. ნატოს გაფართოების იდეა რუსეთისთვის მიუღებელია, რასაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დასავლეთი ზედმეტად ფრთხილად ეკიდება. ამასობაში კი საქართველოს ინტერესები ზარალდება. ამ დროისთვის არ ჩანს იმის ნიშანი, რომ ლონდონის სამიტზე ქართული მხარე სასურველ სიურპრიზს მიიღებს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთი ფაქტის წინაშე დადგეს და საქართველოს ისევე "მოულოდნელად" მისცენ მაპ-ი, როგორც უკრაინის ძველმა ხელისუფლებამ "მოულოდნელად" უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო დასავლელი პარტნიორები. თუ მსოფლიო მზად არის, რომ რუსეთს ელაპარაკოს როგორც თანაბარმა თანაბარს, მაშინ მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისცენ მაპ-ი საქართველოს "მოულოდნელად" და წინა პირობების გარეშე.

- თქვენ "მოულოდნელობაზე" ამახვილებთ ყურადღებას. მიიჩნევთ, რომ მაპ-ზე წინასწარი აქტიური საუბრები რუსეთის ზეწოლას გაამძაფრებს? ან მაპ-ი რომ მოგვცენ, რა დააბრკოლებს რუსეთს, რომ ზეწოლა არ დაიწყოს?

- რუსეთი ჩვენზე პრესინგს ისედაც ყველა შესაძლო მომენტში მიმართავს. თუკი სადმე არ გამოსდის, მხოლოდ იმიტომ, რომ საყრდენი არა აქვს. საჭიროა, რუსეთს ეს საყრდენები ფრთხილად და ადეკვატურად გამოვაცალოთ. ასევე, როგორც ვთქვი, დასავლეთი რუსეთს უნდა ესაუბროს, როგორც თანაბარი თანაბარს. რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის - მას შეუძლია ნებისმიერ დროს უარი თქვას თამაშის მიღებულ წესებზე, შეცვალოს ეკონომიკური წინადადებები, ბიზნესი აქციოს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად, არ დაინდოს რიგითი მოქალაქეები, მათ შორის ე. წ. "პარტნიორ ქვეყნებში". რუსეთი თავს აღიქვამს მხოლოდ და მხოლოდ იმპერიად და მიიჩნევს, რომ მეზობელი ქვეყნები თუ ხალხები მას უნდა დაეკითხონ ცხოვრების წესისა და არჩევანის შესახებ.

- რუსეთი ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ძლიერი საყრდენის შექმნას სხვადასხვა გზით, მათ შორის, კანონმდებლობითაც ცდილობს. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი, რომელიც სსრკ-ის დროს დაბადებულ მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საშუალებას აძლევს.

- ყველაფერი, რაც რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ შედის, შეიძლება გახდეს ამა თუ იმ ქვეყნის ოკუპაციის საგანი. ამის "გასაპრავებლად" კი ვითომდა რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვას იყენებს. ეს გახდა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და უკრაინის ნაწილის ოკუპაციის საბაბი. ე. წ. "რუსული პასპორტიზაციის" საკითხს საქართველოს ხელისუფლებამ უფრო ეფექტური და მოქნილი მიდგომები უნდა დაუპირისპიროს, რათა "რუსეთის მოქალაქეების" დაცვის საბაბით რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია არ განაახლოს. ამის პირდაპირ საშიშროებას ქმნის ზემოხსენებული კანონი და კიდევ ერთხელ ადასტურებს - რუსეთი არ ცნობს სსრკ-ის დაშლის შედეგად შექმნილ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს ძველებურად რუსეთის იმპერიის ნაწილებად განიხილავს.

- ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ გახშირებულ საუბრებს სპეკულაცია უწოდა. "ექვსპროცენტიანი "ნაციონალური მოძრაობა" აგორებს ჭორებს, თითქოს რომელიმე მინისტრი აპირებს გადადგომას. მე არა მგონია, და ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენს გუნდში იყოს ოთხი თუ ხუთი მოღალატე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორ ფიქრობთ, ამ ღალატის თემის აქცენტირება სპეციალურად ხდება (თუ ასეა, ვის მიერ) თუ მართლაც არის მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებაში დესტრუქციული პროცესები დაიწყოს? იმასაც შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური გუნდის შექმნას არ ვაპირებო.
- უპირველესად კრიტიკულად გამოვეხმაურებოდი პრემიერის განცხადებას 6%-იანის თაობაზე.
ჩემი სურვილი იქნებოდა, ღარიბაშვილი ხისტი და უხეში განცხადებებით მიხეილ სააკაშვილს არ დამსგავსებოდა. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ხელისუფლებაში წარმოდგენილი პარტიების რეიტინგები ბიძინა ივანიშვილის გარეშე 6%-ზე ბევრად დაბალი იქნებოდა;

მეორე მხრივ კი, ვეთანხმები ღარიბაშვილს, რომ სახელისუფლებო განხეთქილების შესახებ სპეკულაციები სპეციალურად მიმდინარეობს. პოლიტიკური ძალის მდგრადობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ამომრჩევლისათვის, ამიტომ, როგორც წესი, ოპონენტები ერთმანეთის წინააღმდეგ ყოველთვის იწყებდნენ მსგავს კამპანიას, რომლის მიზანია რღვევის ჩვენება "მტრის ბანაკში". ესეც ამ ოპერიდანაა.

- მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას სკანდალური განცხადებები გააკეთა - ჩემი დაკითხვაზე დაბარების გამო, ივანიშვილს ანგარიშების დაყადაღებით დაემუქრნენო. როგორ ფიქრობთ, ეს მართალია თუ ყოფილი პრეზიდენტის ფანტაზიის ნაყოფია?
- მიხეილ სააკაშვილს ტაქტიკად ბევრად მეტი თავშეკავებულობა რომ აერჩია პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ, უფრო მეტი პერსპექტივა ექნებოდა. ევროპაც და ამერიკაც აფასებს თავშეკავებულობას, სიფრთხილეს. ამიტომაც დღეს მსოფლიო ბევრად მჭიდროდ და კარგად თანამშრომლობს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, ვიდრე თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილთან. სხვათა შორის, თავშეკავებული რომ ყოფილიყო, საზღვარგარეთ ბევრად უკეთეს ვაკანსიებზე მიიწვევდნენ. შესაძლოა, მისი იმპულსურობა უკვე ძალიან აღიზიანებს მის ძველ პარტნიორებს. არ ვიცი, სააკაშვილი სიმართლეს ამბობს თუ არა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ევროპა საქართველოს განვითარებას ხედავს შემდეგნაირად: შეწყდეს ხელისუფლებების მუდმივი ურთიერთპატიმრობის რეჟიმი. სააკაშვილი კი მარგინალიზაციას განიცდის და ამ პროცესს თავისი განცხადებებით უწყობს ხელს.

- ურთიერთდაპატიმრებები რომ შეწყდეს, ალბათ, ამისთვის საჭიროა, ნებისმიერი ხელისუფლების ჩინოსნებმა დანაშაული არ ჩაიდინონ. ისე, დათა ახალაია დააკავეს საბერძნეთში იმ დროს, როდესაც იტალიაში ყალბი პასპორტით გადასვლას ცდილობდა. საინტერესო სხვა რამეა, პროკურატურა და სხვა ოფიციალური უწყებები ცოცხალი თავით არ აკეთებენ კომენტარს ამაზე (ინტერვიუ ჩაწერილია 26 აპრილს).

- პროკურატურა სწორადაც იქცევა, კომენტარს რომ არ აკეთებს, რადგან ბოლო პერიოდში ეს უწყება საინფორმაციო სააგენტოს უფრო დაემსგავსა, ვიდრე სამართალდამცავ ორგანოს. სჯობს, პროკურატურამ იმოქმედოს, თუნდაც დათა ახალაიას საქმე დაასრულოს და შემდეგ გააკეთოს კომენტარი.
ლუხო
02 მაისი 2014 14:01
ბიძინ ! ! !
”ყოველივე არს, არარა არს”{დაბადება]
”სამი რამ აკლია ქართველს: ეროვნული შეგნება, რეალობის ალღო და შრომის უნარი” მ. ჯავახიშვილი (რაღა დარჩა?)
(თუ სიკეთის ქმნა შეგძლია და არ ქენი, ბოროტებაა ისიც)
მიკვირს, მიკვირს- რა გემართა ვისი, სამშობლოსი? ხარ შექების ღირსი,
თუმც ისეთი მევახშეა იგი, მის ვალიდან ვერ ამოხვალ ბიძინ.
მაგრამ ძმაო, რა გემართა სხვისი, ქართველი ხარ და შენც კარგად იცი:
ქართველებმა, არ დანახვაც ვიცით.
ბევრი ძებნა, მტერმა ისიც ვიცით:-ვერ გიპოვეს საქმე საძრახისი.
სიუხვით ხან შეგადარე ნათანს, ერგულებით -თავგანწირულ ცოტნეს,
სიყვარულით- დიდ ილია მართალს, სიმამაცით- ვეფხთან მებრძოლ მოყმეს,
მე ასე ვთქვი, ასე მინდა თორემ, -შუა გზაში თუ დაგვტოვებ ბიძინ, -
ხალხი სულ სხვა, სახელს მოიგონებს!
მეკობრესაც, ყელში დროზე მისწვდი, სხვა რაც გვიჭირს- დღეს მხოლოდ შენ იცი,
შველაც შენ ერთს შეგიძლია ვიცით, ისევ, რომ არ დაიღვაროს სისხლი,
სამშვიდობოს გაგვიყვანე ბიძინ!
არ მინდოდა, მაგრამ ვიტყვი ერთსაც, ისიც ვიცი- ჩემზე კარგად იცი,
რა მოელის ზღვის ტალღებში გემსაც, მესაჭე თუ მიატოვებს ბიძინ.
ჩვენ სამშობლოს ააცილოს ღმერთმა, მოღალატე კაპიტანი ბიძინ.
ქართველი ხარ- ჩემზე კარგად იცი: - ქართველებმა სიძულვილიც ვიცით.
...................................................................................................................................................
ვინ გაექცა, ჩვენ გავქცეთ სიკვდილს, რა კვარცხლბეკზე, რა მთაზე არ შევდგეთ,
ამ ქვეყნიდან რას წავიღებთ- ისიც მტვრად იქცევა, მხოლოდ ერთს თუ შევძლებთ:
ფეხზე ადგნენ და კეთილი სიტყვით, მოგვიგონონ ჩვენ წასვლის შემდეგ!
= სძლიე ეშმაკს, სძლიე წყენას ბიძინ, აგვაცილე ბაზალეთურ სირცხვილს,=
და ჩვენ თუ ვერ დაგიფასებთ, ვიცი: -ღმერთი, ღმერთი დაგიფასებს
ბიძინ!!!
სიმონ ბერია
01 მაისი 2014 00:18
სად დარგავს დავით ნარმანია ერთ მილიონ ხეს თბილისელებმა ხე უნდა ჭამონ
lia
29 აპრილი 2014 04:22
რამდენი ხე უნდა დავრგოთო?გვეხუმრება ახლა ჩვენ?

რედაქტორის რჩევით