"თუ ეს პროცესი დაიწყო, მას ვეღარ შევაჩერებთ" - კვირის პალიტრა

"თუ ეს პროცესი დაიწყო, მას ვეღარ შევაჩერებთ"

"უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია დღითი დღე რეალური ხდება"

უკრაინაში "აუღიარებელი ომი" მიმდინარეობს. "აუღიარებელი" იმიტომ, რომ ოფიციალური კიევი იმას, რაც აღმოსავლეთ რეგიონებში ხდება, ანტიტერორისტულ ოპერაციას უწოდებს, დასავლეთი "უაზრო ძალადობას." რეალურად კი ეს უკრაინა-რუსეთის ომია, ოღონდ ჯერ კრემლი კიევს უკანონო შეიარაღებული ფორმირებებით ებრძვის და ელოდება მომენტს, როდესაც ეთნიკური რუსების დაცვის მოტივით უკრაინაში არმიის რეგულარულ ნაწილებს შეიყვანს. დასავლეთის (ევროპა, აშშ) განცხადებები თანდათან მკაცრდება, ფიქრობენ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაზეც, თუმცა, ალბათ, გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო, თორემ მერე გვიან იქნება. თუ რუსეთმა უკრაინა  "ჩაყლაპა" ან ორ ნაწილად გაყო, პოსტსაბჭოთა სივრცეში დარწმუნდებიან, რომ ბრიუსელი და ვაშინგტონი მათ მისწრაფებას თავისუფლებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ  ვერ იცავს. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ რიგ ქვეყნებს უაზროდ მოეჩვენებათ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

პუტინს მადა ისე გაეხსნება, რომ ევრაზიის კავშირი კი არა, შესაძლოა, სსრკ-ის აღდგენა მოინდომოს სრული მასშტაბით. გასულ კვირას საქართველოში "ჩვენი ომი" გვქონდა - ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა დიდი ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობდა. სასულიერო პირებისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას იწვევს "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" პუნქტების არსებობა იმ ჩამონათვალში, რომელთა ნიშნითაც ადამიანის დისკრიმინაცია იკრძალება. საბოლოოდ, პარლამენტმა კანონპროექტში გარკვეული შესწორებები შეიტანა და მაინც დაამტკიცა, თუმცა ექსპერტ კახა კახიშვილთან საუბარი სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმის, დავით კოდუას ცემის ფაქტით დავიწყეთ. ამ საქმეზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის მეუღლის, ნინო სუთიძის განცხადებით, 2008 წელს, ერეკლი კოდუას დავალებით, მათ სახლში შევიდნენ და ნოშრევანს 15 გრამი  ჰეროინი ჩაუდეს. ნოშრევან ნამორაძე ""ტიფლის დეველოპმენტის"" დამფუძნებელი იყო და მისი წილი დავით კოდუას უნდოდა. ნინო სუთიძის ინფორმაციით, მის მეუღლეს 500 ათასი ლარი გადაახდევინეს და კომპანიაში 50%-იანი წილი დაათმობინეს, მას კი ავტომანქანა წაართვეს. 3 მაისს ნოშრევანი დავით კოდუას ქუჩაში შეხვდა და სცემა. კახა კახიშვილის აზრით, ეს საგანგაშო სიმპტომია.

- ბევრჯერ მითქვამს, თუ ხელისუფლებამ არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, მოქალაქეები თავად შეეცდებიან სამართლის პოვნას-მეთქი. სამწუხაროდ, ნოშრევან ნამორაძეს შეიძლება ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიჰბაძოს და საქართველოში შურისძიების კასკადი ვიხილოთ. თუ ეს პროცესი დაიწყო, მას ვეღარ შევაჩერებთ. საზოგადოებას გამამართლებელი განაჩენები კი არა, სამართლიანობის აღდგენა სურს. მოსახლეობაში არის ეჭვი, რომ ამ პროცესს ხელისუფლება შეგნებულად ამუხრუჭებს. კერძოდ, გამოძიებები ობიექტურად რომ წარიმართოს, ნახევარი“"ნაციონალური მოძრაობა", შესაძლოა, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს. ხელისუფლებას კი სურს, მთავარ ოპონენტად სწორედ ეს პარტია ჰყავდეს, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს. თუ დაუყოვნებლივ არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ათასობით ნოშრევან ნამორაძეს მივიღებთ. საბოლოოდ კი მივიღებთ ასეთ სურათს: დაჩაგრული მოქალაქეები პოლიციაში კი არა, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან მივლენ. დროზე უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება. სხვათა შორის, საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურას დღემდე არ გაუგზავნია საბერძნეთში ექსტრადიციის მოთხოვნა დათა ახალაიაზე. პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ხელისუფლებასა და დათა ახალაიას შორის  კონტაქტი შედგა, ახალაიამ სამართალდამცველებს გარკვეულ პირებზე მასალები მიაწოდა, თავად კი ინდულგენცია მიიღო.

არ არის გამორიცხული, რომ ეს მართალი იყოს და მას შემდეგ, რაც ახალაია ყალბი პასპორტისთვის საბერძნეთში სასჯელს მოიხდის, მას ოთხივე მხრიდან გზა ხსნილი ექნება.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა  ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცება იყო.  სიმართლე გითხრათ, რელიგიური კონფესიების საკითხის  შემდეგ,  ვერ ვიხსნებ კანონპროექტს, რომელსაც ასეთი ვნებათაღელვა მოჰყვა.

- ვნებათაღელვა გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტი ნაჩქარევად მიიღო და საზოგადოებასთან არ ჰქონია კომუნიკაცია. არადა, შეიძლებოდა კონსულტაციების გამართვა არასამთავრობოებთან, სახალხო დამცველთან, სასულიერო პირებთან და ყველა იმ მხარესთან, რომლებსაც შენიშვნები ჰქონდათ კანონპროექტთან დაკავშირებით. კონსულტაციებისას კანონპროექტი დაიხვეწებოდა და ასეთ აჟიოტაჟს აღარ გამოიწვევდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ხელისუფლებისგან, რომ არ აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეებზე ლაპარაკობენ, ყურადღებას ამახვილებენ სასულიერო პირებსა და მათ მრევლზე. არადა, საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს კითხვები ამ კანონპროექტის შესახებ. მეტსაც გეტყვით, საზოგადოების დიდი ნაწილი შიშობს - ხომ არ არის ანტიდისკრიმინაციული კანონი იმ დიდი პაკეტის ნაწილი, რომელიც საბოლოოდ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს?! საზოგადოების შიშს აქვს ახსნა. ჩვენს თანამოქალაქეებს აინტერესებთ, - კონსტიტუცია ისედაც არეგულირებს, რომ ყველა სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია და რატომ გახდა საჭირო ცალკე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება?! ასევე, რიგ ქვეყნებში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებები დაკანონდა, ლოკომოტივი იყო  ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საჭირო იყო საზოგადოებისა და ხელისუფლების მჭიდრო კომუნიკაცია. ხელისუფლებას ზემოხსენებულ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი და აეხსნა მოქალაქეებისთვის, რატომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება, რა რეგულაციები იდება მასში და ა.შ.

- სანამ ვისაუბრებდეთ, რატომ გახდა საჭირო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, გკითხავთ - თქვენ, პირადად, გაქვთ თუ არა შიში, რომ ეს ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონების წინა პირობაა?

- არა მგონია, აქამდე მივიდეს საქმე. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ კონსულტაციების გზით ხელისუფლებას საზოგადოების მიერ გამოთქმული ყველა ეჭვისთვის პასუხი უნდა გაეცა.

- მაშინ მითხარით, რა არის ამ კანონის მთავარი ხარვეზი.

- ადამიანის დისკრიმინაცია ნებისმიერი, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დაუშვებელია და ასეთი რეგულაციების მიღება მისასალმებელია. თუმცა არის მედლის მეორე მხარე - კანონმა უნდა არეგულიროს ისიც, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავისი ცხოვრების წესის პროპაგანდა არ დაიწყონ და ეს წესი საზოგადოებას არ მოახვიონ თავზე.

- კანონში სასულიერო პირებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე ჩაიდო "საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის" ცნება. ალბათ, ამან უნდა დაარეგულიროს ის სავარაუდო პრობლემები, რომელზეც თქვენ საუბრობთ. რა მიიჩნევა საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის ნორმების დარღვევად, თუ არ ვცდები, დეტალურად ადმინისტრაციულ კოდექსშია გაწერილი.

- ეს ნორმები სანქციებს აწესებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარყვნილი ქმედებებისთვის. ანტიდისკრიმინაციულ კანონში უნდა ჩადებულიყო ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა, რომ სექსუალური  უმცირესობის დისკრიმინაციის აღკვეთის პარალელურად, ასეთი უმცირესობის წარმომადგენლებმა თავს არ მოახვიონ თავისი ცხოვრების წესი უმრავლესობას.

- ხედავთ ამის საფრთხეს?

- ყოველ შემთხვევაში, უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გარკვეული აქტიურობა შეინიშნება. თუ ისინი შეეცდებიან თავისი ცხოვრების წესის პროპაგანდას, არ გამოირიცხება, რომ ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ძალადობა მოჰყვეს. ეს კი არავის გვსურს. ზემოხსენებული ჩანაწერი ამის საფრთხესაც მოხსნიდა და საზოგადოებაში ეჭვებსაც გააქრობდა. არ მინდა საგანგაშო პროგნოზების გაკეთება და ვიმედოვნებ, საქმე არ მივა იქამდე, რომ კანონში მოგვიანებით დამატებითი ცვლილებების განხორციელება დაგვჭირდეს. გარდა ამისა,

შესაძლოა, მოხდეს ასეთი ფაქტებიც, მაგალითად, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი არ მიიღონ სამსახურში ნაკლები კვალიფიკაციის გამო, მან კი ჩათვალოს, რომ დისკრიმინაციას აქვს ადგილი და იჩივლოს. ესეც გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, - ძნელია ასეთი საქმეების განხილვისას სამართლიანობის პრინციპი შენარჩუნდეს.

- ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება უკავშირდება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის გაფორმება უახლოეს მომავალში იგეგმება. შეგახსენებთ - ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა შტეფან ფულემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ დასავლეთი საქართველოს არ სთხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

- სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების აჩქარებამ. სურთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გააფორმონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შემდეგ ეს გამოიყენონ საარჩევნო კამპანიის თემად. სჯობს, მიებაძათ მოლდავეთისთვის. იქ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე, ხელისუფლებამ გაიარა კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან და კანონის დამტკიცებას ასეთი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია. სხვათა შორის, მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციაზე კეთდება აქცენტი და საინტერესოა, ამ კანონიდან გამომდინარე, როგორ უზრუნველყოფს ხელისუფლება იმას, რომ უნარშეზღუდულებმა არ იგრძნონ თავი განსხვავებულად. ზოგადად კი, საქართველოს ხელისუფლებას თუ სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, სჯობს დისკრიმინაციის სხვა ფორმებსაც ებრძოლოს. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ქონებაწართმეულებმა რომ ვერ მიაღწიეს სამართლიანობის აღდგენას, არ არის ეს დისკრიმინაცია?!

- გასული კვირის სხვა მოვლენებზეც ვისაუბროთ. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსმენებთან დაკავშირებული კამპანიის - "ეს შენ გეხებას" მონაწილეები ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ თავად იყო ფარული ჩანაწერების განადგურების ერთ-ერთი ინიციატორი და ხელისუფლებისთვის იმის დაბრალება, თითქოს ყველას უსმენენ, აბსურდულია.

- ღარიბაშვილის რადიკალური განცხადებები "ეს შენ გეხებასთან" დაკავშირებით, მის გაღიზიანებას უნდა დავაბრალოთ. როგორც ჩანს, არწმუნებენ, რომ მოსმენებთან დაკავშირებით თუ სერიოზული შეზღუდვები იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო  დიდ ბერკეტებს დაკარგავს. გასაგებია, რომ ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების განადგურების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, თუმცა რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ ფარულ ჩანაწერებს იღებდნენ, კვლავ თანამდებობებზე არიან?! ასევე, ინტერნეტში დროდადრო ჩნდება ისეთი ჩანაწერები, რომელზეც წვდომა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს შეიძლება ჰქონდეთ. ეს და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი აჩენს ეჭვებს და კითხვებს, რომელზეც პასუხი აუცილებელია.

- თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებაზეც მინდა გკითხოთ. მან ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა: "დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში."

- დღეს საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე საუბარი აბსურდულია და ეს კარგად იცის თავად ალასანიამ.

დარწმუნებული ვარ, ირაკლი ალასანიას განცხადება საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე ემსახურება მის პირად პიარს. როგორც ჩანს, მართლაც სერიოზული უთანხმოებაა ხელისუფლებაში და გარკვეული ჯგუფები პიარს იკეთებენ.

თუმცა მთავარია სხვა რამ - უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რატომ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც რუსეთზე ისე მოქმედებს, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი?! ამას გარდა, ალასანიამ ამერიკელებს ამ ჟესტით მიანიშნა, თუ მიიჩნევთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი არ არის პროდასავლელი, ან თქვენს "სტანდარტებში" არ ჯდება, აგერ, მე აქ ვარო.

- ირაკლი ღარიბაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს რეაქცია არ აქვთ იმაზე, რომ როგორც თქვენ აცხადებთ, ალასანია ზემოხსენებული განცხადებებით პიარს იკეთებს?

- ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ჯერ ჰყოფნით ლავირების უნარი, რომ მდგომარეობა არ გაამწვავონ. თუმცა როგორც კი ეს უნარი აღარ ეყოფათ და ღიად ეტყვიან ალასანიას - წადი თანამდებობიდანო, კოალიცია "ქართული ოცნება" რღვევას დაიწყებს.

- შესაძლოა, ალასანია ან კოალიციის სხვა სუბიექტები უკმაყოფილო არიან, მაგრამ უღირთ ღარიბაშვილთან აშკარა დაპირისპირება? ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყოფილი პრემიერი კი სავარაუდო კონფლიქტისას მხარს ღარიბაშვილს დაუჭერს.

- ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და სხვები მანამდე დარჩებიან კოალიციაში, სანამ ექნებათ განცდა, რომ ხელისუფლებაში იქნებიან.

დარწმუნებული ვარ,–რომ დავით უსუფაშვილს არ მოსწონს ხელისუფლების ზოგიერთი გადაწყვეტილება, მაგრამ ითმენს. როგორც კი ეს განცდა აღარ ექნებათ, წავლენ კოალიციიდან და შეეცდებიან, დაიკავონ  მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშა.

როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით, თუმცა დარწმუნებული ვარ,–2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  კოალიცია ასეთი სახით აღარ იარსებებს.

- უკრაინის აღმოსავლეთით სამთავრობო ჯარებსა და უკანონო ფორმირებებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. დასავლეთი თავის სტილში მოქმედებს (განცხადებები, სანქციებზე საუბარი), პუტინი კი, სავარაუდოდ, ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება.

- სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია დღითი დღე რეალური ხდება. იმედია, საერთაშორისო საზოგადოებრიობა უფრო გააქტიურდება, რომ ეს არ დაუშვას. ინტერვენციის შემთხვევაში მოვლენები დრამატულად განვითარდება და პროგნოზის გაკეთება ძნელი იქნება. თუმცა მე სხვა საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას–- დასავლეთი თუ მტკივნეული სანქციების დაწესებას დაიწყებს, უნდა ეცადოს, რომ რუსეთი კუთხეში არ მიიმწყვდიოს. კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი უმართავი გახდება და პუტინი მართლაც დაიწყებს სსრკ-ის აღდგენას, უკრაინასაც ჩაყლაპავს, ჩვენც მოგვდგება და სხვა ქვეყნებსაც. ამიტომ დასავლეთმა მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკით უნდა იმოქმედოს. სხვანაირად მსოფლიოს გლობალური პოლიტიკური კატასტროფა დაემუქრება.