"თუ ეს მართალია და ირაკლი ალასანია ამ პროვოკაციას წამოეგო, მაშინ არ ყოფილა პოლიტიკოსი" - კვირის პალიტრა

"თუ ეს მართალია და ირაკლი ალასანია ამ პროვოკაციას წამოეგო, მაშინ არ ყოფილა პოლიტიკოსი"

"თუ ალასანიას განცხადება მართლაც არ იყო შეთანხმებული პრემიერთან ან ივანიშვილთან, მან ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა. სერიოზული პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან ხოლმე. თუ ეს მართალია, გამოდის, ალასანიას წარსული შეცდომებით ვერაფერი უსწავლია."

საქართველოში კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას საზოგადოება, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები უფრო იმაზე კამათობენ, ობიექტურად ჩატარდა თუ არა კვლევა, ვიდრე თავად კვლევის შედეგებზე. ეს ჩვენი საზოგადოების ბრალი არ არის, რადგან მოქმედებს პრინციპი - "სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო". წლების განმავლობაში საზოგადოების დიდ ნაწილს  ჰქონდა ეჭვი, რომ NDI-სა თუ IRI-ს რეიტინგებს მიზნად რეალური სურათის ასახვა კი არა, საზოგადოებრივი აზრის შექმნა ჰქონდა. შესაბამისად, საზოგადოებას სჭირდება დრო, რათა დარწმუნდეს, რომ კვლევა ობიექტურად ტარდება.

თუ ვერ დარწმუნდა, მაშინ, ალბათ, თავად ზემოხსენებული ორგანიზაციები უნდა გადახალისდნენ, უფრო გამჭვირვალე გახდნენ და ასე სცადონ ნდობის დაბრუნება.  კითხვის ნიშნები არც "რუსთავი 2"-ის საქმეში უნდა არსებობდეს. თუ ხელისუფლება მედიასაშუალების უკანონო მოსმენებს ან ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, შესაბამისმა უმაღლესმა თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ. ასევე, თუ სახელისუფლებო ვერსია მართალია, "რუსთავი 2"-ში მოსასმენი მოწყობილობები სააკაშვილის ხელისუფლების დროს დამონტაჟდა და ეს იცოდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ, მაშინ სამართალდამცველები საქმეს ბოლომდე უნდა მიჰყვნენ.  ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების დროს "რუსთავი 2"-ში ჩამწერი აპარატურა არ დამონტაჟებულა:

- რეალურად მეჩვენება პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმად, "რუსთავი 2"-ში ჩამწერი მოწყობილობები სააკაშვილის დაცვამ დაამონტაჟა. ვინმეს ეს უკვირს?! არ დაგვავიწყდეს, ამ 9 წლის განმავლობაში როგორ ხელისუფლებასთან გვქონდა საქმე - უკანონო მოსმენები და ფარული ჩაწერები მათი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური იარაღი იყო. ყველას უსმენდნენ, მათ შორის, ერთმანეთს. ამ მოსმენებითა და დამონტაჟებული ვიდეომასალით საქმეები იქმნებოდა და მოქალაქეებს აპატიმრებდნენ. ჩემი აზრით, "რუსთავი 2"-ის სკანდალის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" - ის ამ გზით ცდილობს ხელისუფლების დაშანტაჟებას.

- და რა არის შანტაჟის მიზანი, საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების პოზიციის შერყევა?

- სავარაუდოდ, "ნაციონალებს" სურთ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ, არიქა, თავისუფალ მედიასაშუალებას უსმენენო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. არ გამოვრიცხავ სხვა ვერსიასაც.

გახსოვთ, ალბათ, 2012 წლის ბოლოს "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს კონკრეტულ საქმეზე. შესაძლოა, გვარამიამ შეიტყო, რომ საქმე დაიძრა, დაკავება ემუქრება და ხელისუფლების დასაშანტაჟებლად სკანდალი ატეხა.

- პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ამტკიცებენ ამ ე. წ. სიმართლეს, ასეთივე პროფესიონალიზმით ამტკიცებდნენ იმ სიცრუეს, რომელსაც უკეთებდნენ ტირაჟირებას მთელი 9 წლის განმავლობაში".

- ვეთანხმები ღარიბაშვილის შეფასებას. თუმცა, ის პრემიერია, ქვეყნის ხელმძღვანელი, და, ალბათ, ცოტა უფრო მოზომილი განცხადებების გაკეთება მართებს. პრემიერი ახალგაზრდაა და ეს გამოცდილებასთან ერთად მოვა. "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას კი ერთს ვეტყოდი: თუ ასე გააგრძელეს, მათი რეიტინგი დაეცემა.

- გასულ კვირას NDI-ს კვლევის შედეგების გამოცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. როდესაც პირდაპირ ტელეეთერში ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, როგორ შეაფასებს იმას, რომ ივანიშვილის რეიტინგი ბაქრაძისას უტოლდება, მან განაცხადა: "NDI ყოველთვის იყენებდა ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელიც ე. წ. საველე სამუშაოებს ატარებდა და სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციები ყოველთვის იყვნენ ასოცირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან".

- შესაძლოა, ღარიბაშვილის განცხადება შორს არ იყოს ჭეშმარიტებისგან. თუმცა, აქ საქმე უფრო გვაქვს კითხვის ფორმულირებასთან, "ოპოზიციიდან რომელი პოლიტიკოსი" მოგწონთ. მაგალითად, მე შესაძლოა, ოპოზიციიდან ყველაზე მეტად დავით ბაქრაძე მომწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხმას მივცემ. ამიტომ ეს "მოწონების" რეიტინგი ბაქრაძის შემთხვევაში 51%-ს შეადგენს, თორემ არჩევნებში 10-11%-ს აიღებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობდა. დღეს აღარ არის ხელისუფლებაში, არა აქვს ბერკეტები, არ არის მედიით აქტიური და ამიტომაც მისი 51% საკმაოდ კარგი შედეგია.

- NDI-ს კვლევის თანახმად, შეკითხვაზე,  ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 48% პირველ არჩევანად ასახელებს კოალიცია "ქართულ ოცნებას",  12% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს შედეგიც საეჭვოდ მიიჩნიეს.

- მიკვირს, რატომ აკრიტიკებენ ხელისუფლების წარმომადგენლები კვლევის ამ ეპიზოდს. ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ "ქართულ ოცნებას" რომ 48%-იანი რეიტინგი აქვს, ეს უზარმაზარი შედეგია. როგორც წესი, ნებისმიერი პოლიტიკური  ძალის რეიტინგი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეცემა ხოლმე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს იმის რესურსი, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდოს, განსხვავებით "ნაციონალებისგან" - 10-12%-იანი რეიტინგი მათი მაქსიმუმია.

შესაძლოა, მოქალაქეები განაწყენებულნი ან იმედგაცრუებულნი არიან "ქართული ოცნებით", მაგრამ ისინი მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" მაინც არ დაუჭერენ.

ამიტომ, პირიქით, ხელისუფლების ადგილას მე ამ რეიტინგით კმაყოფილი ვიქნებოდი.

- რა ამის პასუხია და, რეიტინგებს სწორი პიარი (კარგი გაგებით) განსაზღვრავს, "ქართულ ოცნებას" კი ეს უჭირს.  ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სწორად შენიშნა: "წინა ხელისუფლებას ჰქონდა დიდი ხელოვნება, ერთი სამად წარმოეჩინა, ჩვენ სამი ერთადაც ვერ წარმოვაჩინეთ"

- არაერთხელ გვითქვამს, რომ პიარი ამ ხელისუფლების ერთ-ერთი სუსტი წერტილია. გასაგებია, რომ ქვეყანაში პრობლემებია, მაგრამ რაც კეთდება, ამას უნდა აუცილებლად საზოგადოებამდე მიტანა. ოღონდ ისე არა, როგორც ამას "ნაციონალები" აკეთებდნენ, როდესაც პიარს სიცრუეზე აგებდნენ. დღესაც ასე აგრძელებენ. მაგალითად, "ნაციონალების" მერობის კანდიდატი ნიკა მელია პენსიონერებს უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰპირდება, რაც აბსოლუტურად არარეალურია. თუმცა, მთავარი კურიოზი იყო "ნაციონალების" წინასაარჩევნო ყრილობაზე პარტიის ლიდერების განცხადებები, თუ არჩევნებში გავიმარჯვებთ, ბენზინი - 25 თეთრით, ბუნებრივი აირი კი 8 თეთრით გაიაფდებაო. საინტერესოა, 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ვინ იყო?!

- ზემოთ ღარიბაშვილის განცხადებაზე ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, პრემიერს არ ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა საეჭვოდ NDI-ს კვლევის ის ეპიზოდი, რომლის თანახმად, რესპონდენტებს მთავრობის წევრებს შორის ყველაზე მეტად ირაკლი ალასანია მოსწონთ. მეორე პოზიციაზე ღარიბაშვილია. საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ  წარმომადგენელს ასეთი შედეგი გაუკვირდა.

- არ არის საკვირველი, რომ ალასანია რეიტინგში ღარიბაშვილს უსწრებს. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის მოსახლეობის სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა, საზოგადოდ, ყველა ის საკითხი, რაც მოსახლეობისთვის მტკივნეულია. ირაკლი ალასანია კი მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებაზე - შეიარაღებულ ძალებზეა პასუხისმგებელი. არა მგონია, ამ საქმეს ალასანია ცუდად უძღვებოდეს. ასე რომ, ვერ გავიზიარებ ზოგიერთი დეპუტატის შეფასებებს, რომელთაც გაუკვირდათ კვლევის ამ ნაწილის შედეგი.

- ექსპერტების ნაწილის აზრით, ირაკლი ალასანია ოპოზიციაში გადასასვლელად ემზადება და ეჭვობენ, კვლევების შედეგი, რომლის თანახმად ალასანია რეიტინგით ღარიბაშვილს უსწრებს, ხომ არ არის მაპროვოცირებელი ნაბიჯი თავდაცვის მინისტრისთვის, რათა ხელისუფლებაში განხეთქილება დაჩქარდეს?

- თუ ეს მართალია და ირაკლი ალასანია ამ პროვოკაციას წამოეგო, მაშინ არ ყოფილა პოლიტიკოსი. თუმცა, შეთქმულების თეორიის ავტორებს მინდა იმედი გავუცრუო. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილსა და ალასანიას შორის დაპირისპირება არ არის და ეს თითიდან გამოწოვილი თემაა. პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის უთანხმოება რომ იყოს, ინფორმაცია აუცილებლად გამოჟონავდა. ხომ არ დაიმალა, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო ივანიშვილ-ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის?!  ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ალასანია ხელისუფლებაში კიდევ 5-6 წელი იქნება და უახლოეს მომავალში არც კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშლება.

- ამ ვერსიის მომხრეებს ამის დამადასტურებლად მოჰყავთ ალასანიას ცნობილი განცხადება, რომლის თანახმად, დასავლეთმა ნატოს საქართველოში თავდაცვითი სისტემების განლაგება უნდა შესთავაზოს. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, ეს განცხადება მოულოდნელი იყო პრემიერისთვის, პრეზიდენტისთვის, უშიშროების საბჭოსთვის და ა.შ.  ალბათ, ეს მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც.

- თუ ალასანიას განცხადება მართლაც არ იყო შეთანხმებული პრემიერთან ან ივანიშვილთან, მან ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა. სერიოზული პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან ხოლმე. თუ ეს მართალია, გამოდის, ალასანიას წარსული შეცდომებით ვერაფერი უსწავლია. გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილისგან პრეზიდენტობის სურვილთან დაკავშირებული შენიშვნა რომ მიიღო. ასეთი მძიმე შეცდომებისთვის მინისტრებს ხსნიან ხოლმე. თუმცა, სანამ  ალასანიას მაღალი რეიტინგი აქვს, მას არ მოხსნიან.

- როდის მოხსნიან? მისი რეიტინგის დაცემას დაელოდებიან?

- ყოველ შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მოხსნიან. შემდეგ კი, თუ მართლაც ასე შეუთანხმებლად მოქმედებს, ალბათ, გაათავისუფლებენ.

- თუ ალასანიამ ზემოხსენებული განცხადება შეუთანხმებლად გააკეთა, როგორ ფიქრობთ, თავისი ინიციატივით მოქმედებდა თუ...?

- შესაძლოა, ალასანია ამერიკელებმა წააქეზეს, მიდი, საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე გააკეთე განცხადებაო. შესაძლოა, სურდათ, რომ საერთაშორისო არენაზე დისკუსია დაწყებულიყო ზემოხსენებულ თემაზე. ამაზე ზუსტი პასუხი რომ გავცეთ, უნდა ვიცოდეთ, ვინ წააქეზა ალასანია –- "დემოკრატმა" თუ "რესპუბლიკელმა", კონკრეტულად რომელმა სენატორმა და ა.შ.

- ასეა თუ ისე, დასავლეთიდან ალასანიას განცხადებაზე ასეთი პასუხი მივიღეთ. "დარწმუნებული ვარ, არის კიდევ სხვა გზა, რომელიც მიგვიყვანს საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერებისკენ. ეს არის საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება", - განაცხადა საქართველოში ვიზიტისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.

- ჰეიგის განცხადება უნდა აღვიქვათ ისე, რომ დასავლეთი გააგრძელებს ზრუნვას ჩვენს უსაფრთხოებაზე. კონკრეტულად რა ნაბიჯს გადადგამს, ალბათ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. საქართველო ყოველთვის ადასტურებს, რომ ერთგულია თავისი პროდასავლური კურსისა და, რა თქმა უნდა, ვითხოვთ, საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან.

- დავუბრუნდეთ NDI-ს კვლევებს. დავით ნარმანიას 39%-იანი რეიტინგი აქვს, ნიკა მელიას - 10%-იანი. მოსალოდნელია მეორე ტური? მკითხველისთვის განვმარტავთ: კანდიდატი მერის არჩევნებში გამარჯვებულად რომ გამოცხადდეს, უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ს პლუს თუნდაც 1%.

- არ არის გამორიცხული, მეორე ტური მართლაც ჩატარდეს და ეს "ქართულმა ოცნებამ"  რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად არ უნდა აღიქვას, რადგან მეორე ტური დემოკრატიული ქვეყნებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, 15 ივნისამდე ისე იმუშაოს ნარმანიას საარჩევნო შტაბმა, რომ მეორე ტური საჭირო აღარ შეიქნეს.

- თბილისის საკრებულოს კანდიდატები "ქართულმა ოცნებამაც" წარადგინა და "ნაციონალურმა მოძრაობამაც". როგორ ფიქრობთ, კვალიფიციური დეპუტატებით დაკომპლექტებული საკრებულო გვეყოლება?

- სამწუხაროდ, საქართველოში საკრებულოსთვის თუ პარლამენტისთვის კანდიდატებს არჩევენ პოლიტიკური და არა პროფესიული ნიშნით. ასე რომ, დაახლოებით ისეთი საკრებულო გვეყოლება, როგორი პარლამენტიც გვყავს.

- უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამთავრობო ჯარებსა და უკანონო ფორმირებებს შორის შეტაკების არეალი და მსხვერპლთა რიცხვი თანდათან იზრდება.  დასავლეთი რუსეთს კვლავ სანქციებით ემუქრება, რასაც მოსკოვის ცინიკური პასუხი მოსდევს ხოლმე.

- უკრაინაში ხდება ის, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ - ამას დეკომუნიზაცია ჰქვია. უბრალოდ, საქმე ის არის, თუ როგორ დასრულდება უკრაინისთვის ეს პროცესი: დაკარგავს აღმოსავლეთ რეგიონებს (ყირიმზე საუბარი აღარ არის) თუ არა. აშკარაა, რუსეთი შეჩერებას არ აპირებს და მდგომარეობა თანდათან დრამატული ხდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დასავლეთი სანქციებს თანდათან გაამკაცრებს, რაც ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. ერთხელ ვთქვი თქვენი გაზეთის ფურცლებზე და კიდევ ვიმეორებ: სანქციები მოიტანს იმას, რომ 2020 წელს რუსეთი დღევანდელ საზღვრებში აღარ იარსებებს.