რის შეცვლას შეძლებს სენატორი მაკკეინი?! - კვირის პალიტრა

რის შეცვლას შეძლებს სენატორი მაკკეინი?!

"არჩევნები ერთი დიდი ბაზარია"

"ორი დაპირისპირებული ქვეყნის ეკლესიათა შორის ჯანსაღი ურთიერთობა წარმატებული "სახალხო დიპლომატიის" ნაწილად მიმაჩნია"

როგორც ქართველებს გვჩვევია, საახალწლო-საქეიფო განწყობილებიდან ყოველდღიურ და საქმიან რუტინას გაჭირვებით და მძიმედ, მაგრამ  მაინც ვუბრუნდებით. უცხოელი პოლიტიკოსებიდან მეკვლედ წელს მაკკეინი გვყავს - ხისტი გამოსვლებითა და რუსეთის "სიყვარულით" ცნობილი ამერიკელი სენატორი. ერთი მხრივ, საომარი რიტორიკა და წაქეზება "დათვთან" ჩხუბში მთლად გამოსადეგი არ უნდა იყოს... ისიც ფაქტია, რომ ამ ორიოდე წლის წინ, ეს ავადსახსენებელი, მაგრამ ყურის ძირში მყოფი "დათვი" ისე დაგვტორავდა, ოკეანის გაღმა საარჩევნო მარათონით გართული მეგობარი ამერიკა ვერაფერს შეიტყობდა, რომ არა მაკკეინის მიერ ატეხილი განგაში და ხმაური. ოპოზიციად გარდასახული პრემიერის "შუამავლობა" არ კმარაო და, რუსეთიდან სტუმრობას პატრიარქი კირილი აპირებს. ძნელი სათქმელია, რას მოგვიტანს ეს ვიზიტი, ვშიშობთ, ბევრს არაფერს, მაგრამ ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი უკვე საგრძნობია საზოგადოების ერთი ჯგუფის რეაქციიდან გამომდინარე, რომელიც მოსალოდნელი ვიზიტისადმი უჩვეულო აგრესიას გამოხატავს და იმუქრება კიდეც, მტრულად განწყობილი ქვეყნის, მაგრამ მაინც უმაღლეს სასულიერო პირს, "სათანადო" დახვედრას მოვუწყობთო. მოკლედ, უკვე პირველივე დღეებიდან ჩანს, რომ წელი უდავოდ საინტერესო იქნება.

დაწვრილებით, ამ და სხვა საკითხებზე სოციოლოგიის პროფესორს, ბატონ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრებით:

- რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებამ გაავრცელა ინფორმაცია პატრიარქ კირილის საქართველოში ვიზიტის შესახებ. რამდენად შეუწყობს ხელს ეს ვიზიტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას იმის გათვალისწინებით, რომ ამავე განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი აუგად და ომის დამწყებად არის მოხსენიებული?

- რამდენადაც ვიცი, საქართველოს საპატრიარქოს, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია. საერთოდ, არა მგონია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში ორი ქვეყნის ეკლესიების პოზიციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ჩვენ არ ვცხოვრობთ რელიგიური ფუნდამენტალიზმის გარემოში, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები და ინსტიტუტები უფრო ნაკლებინსტიტუციურ ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე ქვეყნის სულიერი წინამძღვრები. საბედნიეროდ, საქართველო იმით მაინც ჰგავს ცივილიზებულ ქვეყნებს, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებნი საჯარო ფიგურები არიან და არა სასულიერო პირები. თუმცა, მეორე მხრივ, უთუოდ გასათვალისწინებელია ის ვითარება, რომ საქართველოში (და მსგავსი მდგომარეობაა რუსეთშიც) მორალური ავტორიტეტის და ინსტიტუციური ნდობის თვალსაზრისით ეკლესია და პატრიარქი უალტერნატივო ლიდერები არიან. ამის გამოუყენებლობა ქვეყნისთვის მწვავე პრობლემების მოგვარების ხელშესაწყობად არ იქნებოდა სწორი. ორი დაპირისპირებული ქვეყნის ეკლესიათა შორის ჯანსაღი ურთიერთობა, როდესაც ეკლესია მოქმედებს როგორც ნდობით აღჭურვილი არასამთავრობო ორგანიზაცია, წარმატებული "სახალხო დიპლომატიის" ნაწილად მიმაჩნია.  უბრალოდ, არ ვარგა, როცა ამ ტიპის აქტივობების მიმართ საზოგადოებას არაადეკვატური მოლოდინი გაუჩნდება ხოლმე და პანაცეას ასეთ კომუნიკაციებში ხედავს. დემოკრატიულ საზოგადოებებში საჯარო პოლიტიკას ვერასოდეს ჩაანაცვლებს მისიონერული მოღვაწეობა და ეს მართებულია. სხვა საკითხია, რომ საქართველოს საჯარო პოლიტიკა კონფლიქტურ რეგიონებთან (აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან) და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით სუსტია და უფრო და უფრო დრამატულად ვითარდება. ჩვენმა საზოგადოებამ ასეთი საჯარო პოლიტიკის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს და არა მის ჩანაცვლებაზე საეკლესიო არხებით.

- ბოლო დროს საქართველოს დაწინაურებას სხვადასხვა მსოფლიო რეიტინგში მივეჩვიეთ. ამჯერად ჩვენი ქვეყანა "უუნარო ქვეყნების" რეიტინგში" დაწინაურდა... მანამდე კი პრეზიდენტმა საქართველოს სხვა, ბიზნესწარმოების რეიტინგში წინ წაწევა გვამცნო. რამდენად ლოგიკურია, რომ საქართველო ერთ რეიტინგში, სომალის, ჩადისა და ზიმბაბვეს შორის იყოს, მეორეში კი ფინეთს, გერმანიასა და შვეიცარიასთან ერთად?

- ამ ორ "მიღწევას" შორის დიდ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, პირიქით, ისინი შეიძლება შეუთავსო კიდეც ერთმანეთს. საქმე ისაა, რომ საქართველომ წარმატებული ქვეყნის სტატუსი მოიპოვა არა თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნის თვალსაზრისით, რომელშიც წარმატებული ბიზნესის აწყობა და განვითარებაა შესაძლებელი, არამედ ბიზნესის დაწყების, ანუ მისი ფორმალური ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით, როდესაც, მაგალითად, იოლია კერძო კომპანიის დარეგისტრირება და ამისათვის ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა საჭირო არ არის. საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე სურვილის ლეგალიზაცია ადვილია, თუმცა ეს ქვეყანა, სამწუხაროდ, უუნარო აღმოჩნდა იმისათვის, რომ ადამიანებს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეუქმნას. სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოში ასობით კერძო ფირმა და კომპანიაა დარეგისტრირებული, თუმცა წარმატებული ბიზნესი (როგორც მსხვილი, ისე წვრილი და საშუალო) ძალზე ცოტაა. ბიზნესის დატერორება და მონოპოლიური, ლობისტური ბიზნესკომპანიების შექმნა ხომ ამ ხელისუფლების საქმიანობის მიმართ წაყენებული ერთ-ერთი ფუნდამენტური ბრალდებაა შინ თუ გარეთ. ერთი ასეთი მაგალითი თავად პრეზიდენტმა მოიყვანა ცოტა ხნის წინ, როდესაც აღიარა, რომ მედიკამენტების ბაზარი დაპყრობილი აქვს თითზე ჩამოსათვლელ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ახშობენ ამ დარგში ალტერნატიული ბიზნესპროექტების განვითარებას.

- გაერომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში არჩევნების ჩატარებაზე უარი უთხრა. როგორ ფიქრობთ, რა შანსი არსებობს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად?

- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმართულმა ბოლოდროინდელმა აქტიურობამ (პოლიტიკურ სპექტრს ვგულისხმობ) პოზიტიური შედეგი გამოიღო. თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო გარემო სისტემური მთლიანობაა, რომლის ცალკეული რგოლები ურთიერთგანმაპირობებელი და არა თვითკმარი მოცემულობებია. ანუ, თუ ამ სისტემაში ერთი რგოლი მაინც ჩავარდნილია, ეს მხოლოდ ამ რგოლს კი არ ვნებს, არამედ - მთელ სისტემას. ეს ვითარება ძალიან ჰგავს სოციოლოგიურ გამოკითხვებს, სადაც შეიძლება ემპირიული მონაცემების კარგი სტატისტიკური დამუშავება მოახდინო, მაგრამ ამან ვერაფერი მოიტანოს. მეორე მხრივ, შეიძლება საკვლევი ველი არ გააყალბო, მაგრამ კვლევის ინსტრუმენტი - კითხვარი იყოს არაპროფესიულად შედგენილი, რაც მთელ კვლევას გააფუჭებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საარჩევნო გარემო დღეს კვლავ ითხოვს სხვადასხვა მიმართულებით სერიოზულ ცვლილებებს, რომელთა გატარების გარეშე ის კარგიც გაცუდდება, რისი ინიცირებაც აქამდე მოხდა. მაგალითად, დღეს ისევ "აქილევსის ქუსლად" რჩება რეალური საარჩევნო სიების ფორმირება, არადა, ამის მოგვარების გარეშე სამართლიან არჩევნებზე ლაპარაკი ილუზიაა.

- ჯერჯერობით ოპოზიციამ ვერც პრაიმერზე შეთანხმება მოახერხა (ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით) და ვერც ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება. მეტიც, გამოჩნდნენ სხვა კანდიდატებიც ჭანტურიას, თოფაძის, ივანიშვილის სახით. რას დაუკავშირებდით სპექტრის ესოდენ გამრავალფეროვნებას?

- მერობის კანდიდატთა სპექტრის მრავალფეროვნება სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას: ჯერ ერთი, როგორც გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს, თბილისელი ამომრჩეველი მერს უფრო მეტად სოციალურ პრობლემებზე მზრუნველი მეურნის იმიჯს მიაწერს, ვიდრე პოლიტიკოსის. ეს ფაქტორი პოლიტიკის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის საკმარისად მაპროვოცირებელი აღმოჩნდა არჩევნებში კენჭის საყრელად. მეორეც, ნებისმიერი არჩევნები არის საზოგადოებისთვის თავის შეხსენების ან სულაც თავის გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი. მაშასადამე, მეორე მაპროვოცირებელი ფაქტორი პოპულარობის ხიბლია, რომლისგანაც თავის დაღწევა ბევრს უჭირს. არცთუ უმნიშვნელოა (შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც კი) არჩევნებში მიზნობრივი ან ანგაჟირებული მონაწილეობა, როგორც დაგეგმილ პოლიტიკურ თამაშში გარკვეული როლის შესრულება. არჩევნებში ზოგი კანდიდატი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ზოგს სურს კონკრეტული კანდიდატის დასუსტება, ანუ სხვის სასარგებლოდ ვიღაცისთვის ხმების წართმევა და სხვ. არჩევნები ერთი დიდი ბაზარია, სადაც ყველა კანდიდატს სურს რაღაც მიჰყიდოს ამომრჩეველს და ამით გარკვეული სარგებელი მიიღოს. ცხადია, არც მომავალი არჩევნებია გამონაკლისი.

- შეძლებს თუ არა არსებულ გარემოში ოპოზიციის რომელიმე კანდიდატი უგულავას დამარცხებას?

- მოდი, ასე გიპასუხებთ: დღესდღეობით, თბილისის მერის არჩევნებში უგულავას დამარცხების შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ ოპოზიციისთვის ამ შესაძლებლობების გამოყენება ძალზე რთულია. რა მაქვს მხედველობაში? იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის რომელიმე რეიტინგული კანდიდატი შეძლებს საპროტესტოდ განწყობილი ამომრჩევლის თავის სასარგებლოდ ტოტალურ მობილიზებას, უგულავას დამარცხების შანსი გაიზრდება. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ვითარებას, როდესაც ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ კანდიდატს, ირაკლი ალასანიას მხარდაჭერას ღიად არ უცხადებენ სხვა შედარებით "წონიანი" ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, როგორებიც არიან ლეიბორისტები, ეროვნული ფორუმი, ქრისტიან-დემოკრატები და სხვ. - მეტიც, ცდილობენ ამ კანდიდატის "ჩაძირვას" - ცხადია, უგულავას დამარცხება რეალურ კი არა, ვირტუალურ კონტურებს იძენს. დღეს არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას დამოუკიდებლად, სხვა პარტიათა მხრიდან ლოიალობის გარეშე, არ შეუძლია ოპოზიციის ნიშის ტოტალური დაკავება. ფაქტია, რომ პრაიმერმა, როგორც ამ ლოიალობის მაპროვოცირებელმა ინსტრუმენტმა, მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ვნახოთ, მოიტანს თუ არა რაიმე წარმატებას რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები და კონსულტაციები.

სხვა შესაძლებლობა, რამაც ოპოზიციური კანდიდატის წარმატება შეიძლება უზრუნველყოს მომავალ არჩევნებში, არის ხელისუფლების მიერ საბედისწერო შეცდომების დაშვება საგაზაფხულო არჩევნებამდე. ვგულისხმობ დაახლოებით იმ "წონის" შეცდომებს, როგორიცაა 2008 წლის აგვისტოს ომში ჩართვა, 7 ნოემბრის ძალადობა, გირგვლიანის მკვლელობა და სხვ. რამდენად მოსალოდნელია, რომ საგაზაფხულო არჩევნებამდე ხელისუფლება ასეთ შეცდომებს დაუშვებს, ძალზე რთული სათქმელია.

ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლების თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში და თუნდაც თბილისის მასშტაბით დამარცხებას აუცილებლად სჭირდება ოპოზიციის, უფრო ზუსტად, "რეიტინგული ოპოზიციის" ერთიანობა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე მოხდა თავსებადი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების ინსტიტუციური და რაციონალური გაერთიანება "ალიანსის" სახით, რამაც თავისი პოზიტიური შედეგი გამოიღო (დღეს ეს პოლიტიკური ბლოკი, ყველა გამოკითხვით, წამყვან პოზიციებზეა ოპოზიციურ სპექტრში). თუმცა, ისიც ფაქტია, რომ, დღესდღეობით, ამ ბლოკის სხვა დონორებით როგორც ინსტიტუციური (მასში სხვა პარტიების გაერთიანების სახით), ისე სიმბოლური (სხვა პარტიების მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვის სახით) გაძლიერების რესურსი არ ჩანს. ეს კი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის გარდა, ზურგს როგორც უზარმაზარი ფინანსური და მედიარესურსი, ასევე  არჩევნების შედეგების ხელოვნური კორექციის  უზარმაზარი გამოცდილება უმაგრებს.

- გავრცელდა რიჩარდ ლუგარის ანგარიში, სადაც სენატორი ნატოსა და ამერიკას საქართველოს აქტიურ შეიარაღებას სთხოვს. ამ კვირაში საქართველოს ესტუმრა საომარი რიტორიკით ცნობილი სენატორი მაკკეინიც.  როგორ ფიქრობთ, არის კი შეიარაღება და ომი ის, რაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება?

- ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებას საომარი რიტორიკა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც არ შეუწყვეტია. გავიხსენებ სულ ახლახან პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ სიტყვას ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე. სააკაშვილის გამოსვლის მთელი პათოსი იმას დაეთმო, რომ საქართველო მზად უნდა იყოს, ქუდზე კაცის და ქუდზე ქალის გამოსაყვანად აგრესორთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში; თუ საჭირო გახდა 500 000 ქართველი უნდა შეიარაღდეს - საქართველოს ამხელა მოცულობის სამხედრო არსენალი აქვს. საქართველოს პრეზიდენტი თავად მიხვდა, რომ გადაამლაშა და იქვე ასეთ გამალებულ სამხედრო რიტორიკას ხუმრობა უწოდა. თუმცა, ცხადია, ამ ფსიქოლოგიურმა ფანდმა ვერ გადაფარა სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, პოზიციის შემაშფოთებელი სერიოზულობა. არ ვიცი, ცალკეული სენატორები როგორ მოიქცევიან, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს პრეზიდენტის ასეთ რიტორიკას არ გაიზიარებს.

- ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ურთიერთობისთვის ოფიციალურად არ გადაუხედავს. მაგრამ ფაქტია, რომ ბუშის დროინდელი აღარც მხარდაჭერა იგრძნობა, აღარც ინტერესი და "მეგობრობაც" უფრო და უფრო ცივდება, რაკიღა თეთრი სახლის ადმინისტრაცია უფრო სხვა ტიპის პრობლემებზეა გადართული. ამ სიტუაციაში, რის შეცვლას შეძლებს სენატორი მაკკეინი, რომელიც ამერიკის პოლიტიკაში უდავოდ, გავლენიანი ფიგურაა, მაგრამ, მაინც რესპუბლიკელი, ანუ არა მმართველი პარტიის წარმომადგენელი?

- მე, როგორც გარედან დამკვირვებელს, არ მეჩვენება, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ "გაცივდა". ასეთ შთაბეჭდილებას, შესაძლოა, ქმნის ბარაკ ობამას პიროვნულ-ფსიქოლოგიური პროფილი, რომელიც გაცილებით გაწონასწორებულია და ფლეგმატური, ვიდრე წინა პრეზიდენტისა. მეორე მხრივ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას და დემოკრატებს ჰყავთ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლის საქართველოსთან ემოციურმა იდენტიფიკაციამ მგონი საქართველოს მიმართ (ზოგჯერ არაადეკვატურადაც) კეთილგანწყობილი ყველა პოლიტიკოსი დაჩრდილა სენატორ მაკკეინის ჩათვლით. ასე რომ, რაიმე კატეგორიული დასკვნის გაკეთება საქართველოს მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილების შესახებ, მგონი, არ იქნება გამართლებული.

- 17 იანვარს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მიმომხილველები უკვე ღიად აკეთებენ პროგნოზებს იანუკოვიჩის გამარჯვებაზე. ხომ არ გამოიწვევს იუშჩენკოს, როგორც პროდასავლური ორიენტაციის ლიდერის დამარცხება ახალ გეოპოლიტიკურ გადაჯგუფებებს რუსეთის სასარგებლოდ, პოსტსაბჭოთა "საჭადრაკო დაფაზე"?

- სოციოლოგიური გამოკითხვები ერთ საინტერესო შედეგს აჩვენებს: დღესდღეობით, ნატოში გაწევრება აღარ წარმოადგენს დომინანტურ საერთაშორისო პოლიტიკურ ნიშნულს ქართველი საზოგადოებისათვის. მაგალითად, თუ აგვისტოს ომამდე, წლების განმავლობაში, ნატოში ინტეგრაციას სტაბილურად მხარს უჭერდა ამომრჩეველთა 65-70%, ომის შემდეგ ეს მაჩვენებელი კლებას იწყებს და 2009 წლის მარტში 34%-ზე დადის. შესაბამისად, ნატოში გაწევრების მიმართ მხარდაჭერას გაუჩნდა ალტერნატივა, თუმცა ეს არის არა რუსეთთან მოკავშირეობა, არამედ საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. ასე რომ, უკრაინული "სცენარის" საქართველოში გამეორების პერსპექტივას ვერ ვხედავ.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი