"დღეს საქართველო დიდ სახელმწიფოებს შორისგარიგების ობიექტია"
26-05-2014
"დღეს საქართველო დიდ სახელმწიფოებს შორისგარიგების ობიექტია"
ევროპელებიც გაოცებული არიან, რატომ არიან ხელისუფლებაში ის პირები, რომელთა სახელები დანაშაულს უკავშირდება

საქართველოში კარგად გვეხერხება, რომ მნიშვნელოვანი საკითხები გადავფაროთ მეორე-მესამეხარისხოვანი თემებით და შევქმნათ აჟიოტაჟი მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო, ყველაფერს წყნარად და მშვიდად ჩაევლო. ამ მხრივ ქვეყნის პირველი პირებიც სცოდავენ. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ განვიხილოთ, სახელდობრ, რას მოგვიტანს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, იმაზე ვკამათობთ, ხელშეკრულებას ხელი ღარიბაშვილმა უნდა მოაწეროს თუ მარგველაშვილმა. არადა, რა უშლიდათ ხელს
პრემიერსა და პრეზიდენტს, 1-2 საათით შეხვედროდნენ ერთმანეთს და გაერკვიათ, ვინ მოაწერს ხელს ხელშეკრულებას. არგუმენტები, თითქოს მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, აბსურდულია. მათ სტატუსი და თანამდებობა ავალდებულებთ, ჰქონდეთ კოორდინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება სახლობანას თამაშს დაემსგავსება. ექსპერტი მამუკა არეშიძე ამ მოსაზრებას ეთანხმება და აცხადებს,
რომ ასეთი "ბუტიაობა" სახელმწიფოს იმიჯზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს:


- აჟიოტაჟი იმის შესახებ, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას თუ პრემიერმა, არაჯანსაღია. ჩემთვის პირადად, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მოაწერს ხელს, მაგრამ ამ აჟიოტაჟს მტერიც უყურებს და მოყვარეც. როგორ ფიქრობთ, ევროპელების თვალში სერიოზულად გამოვიყურებით?! ხომ შეეძლოთ, ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს, ერთმანეთთან გაემართათ კონსულტაციები, შეთანხმებულიყვნენ და ეს ამბავი სააშკარაოზე არ გამოეტანათ? ჩემი აზრით, დღეს ქვეყნის პირველი პირი რეალურად პრემიერია და მან უნდა მოაწეროს ხელი, თუმცა, ასეთი იწილობიწილო სახელმწიფოს იმიჯზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს.

- თქვენი აზრით, რატომ არ გამართეს კონსულტაციები ღარიბაშვილმა და მარგველაშვილმა? ნუთუ აზრთა სხვადასხვაობამ (არ მინდა გამოვიყენო სიტყვა "დაპირისპირება") ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ ერთმანეთს არ ელაპარაკებიან? შეგახსენებთ, რომ თავად პრემიერმა განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის საკითხზე მთავრობამ და გუნდმა იმსჯელა და პრეზიდენტთან კონსულტაციები არ გამართულაო.
- როგორი აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს, პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ და პატარა ბავშვები არ არიან, ბუტიაობა დაიწყონ. ხომ ისადილეს ერთად ღარიბაშვილმა და მარგველაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდის ვიზიტისას?! ხომ შეეძლოთ, იქ განეხილათ, ვინ მოაწერდა ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. მესმის, რომ ეს ისტორიული დოკუმენტია და ადამიანურად, ღარიბაშვილსაც და მარგველაშვილსაც სურთ, თავიანთი ხელმოწერა დააფიქსირონ ამ დოკუმენტზე. თუმცა, ასეთი აჟიოტაჟი მაინც არ უნდა აეტეხათ.

- პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს (მაგალითად, თინა ხიდაშელს) გაუჩნდა იდეა, რომ პრეზიდენტი მომდევნო არჩევნებზე პირდაპირი კი არა, სხვა წესით ავირჩიოთ. მათი არგუმენტით, როდესაც ქვეყანაში მთავარი ფიგურა პრემიერია, ეს პრეზიდენტთან მუდმივი კონფრონტაციის საფრთხეს ქმნის.

- როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერის განცხადებებს ვუსმენ, თავში მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა მომდის: "დავიღალე!" მართლაც დავიღალე ამდენი საკონსტიტუციო ცვლილებით და უკვე დამავიწყდა, როგორი შინაარსის იყო მრავალწამებული საქართველოს კონსტიტუციის პირვანდელი ვერსია. ალბათ, დღეს შეიტანენ ცვლილებებს კონსტიტუციაში და, მაგალითად, პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. გავა წლები და ახალ ლიდერს ისევ მოესურვება, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით იქნეს არჩეული და ისევ დაიწყებენ კონსტიტუციის ჭრა-კერვას. ერთხელ და სამუდამოდ, შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია, რომელშიც წამდაუწუმ ცვლილებებს აღარ შევიტანთ, უცხოელი ექსპერტები მაინც მოვიწვიოთ და ისინი დაგვეხმარებიან.

- ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, თუ ასეთი ურთიერთობა გაგრძელდა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, მარგველაშვილი მოკავშირეების მოძებნას შეეცდება საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობაში.

- თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, მარგველაშვილმა მართლაც ეძებოს მოკავშირეები სახელისუფლებო გუნდში. მარგველაშვილის თეორიულ მოკავშირეებად მიიჩნევიან რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები. თუ ხელისუფლება გუნდებად დაიყო, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ ზოგიერთი ექსპერტის ვერსიებია. რატომღაც მჯერა, არც მარგველაშვილი და არც ღარიბაშვილი არ მიიყვანენ საქმეს იქამდე, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე შეიქმნას.

- გასულ კვირას საქართველოს პრემიერს საკმაოდ შედეგიანი ვიზიტი ჰქონდა ბრიუსელში, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბაროზომ საინტერესო განცხადება გააკეთა: "პუტინი დაგვპირდა, რომ ხელს არ შეუშლის საქართველოს მოლაპარაკებას ასოცირების ხელშეკრულებაზე". გამოდის, დასავლურ პოლიტიკურ წრეებსა და პუტინს შორის საქართველოს საკითხზე კულუარული საუბრები მიმდინარეობს.
- პუტინსა და დასავლეთს შორის უკრაინისა და საქართველოს საკითხზე კულუარული საუბრები ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რუსეთი მართლაც არ შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა, მთავარია, შემდეგ რა მოხდება. სამწუხაროდ, ბაროზოს არ უთქვამს, რას მოიმოქმედებს პუტინი უკვე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, განსაკუთრებით კი ნატოს ლონდონის სამიტის წინ, სადაც შესაძლოა, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი გადაწყდეს.

- როგორ ფიქრობთ, დასავლეთმა უკვე მიიღო პასუხი პუტინისგან, თუ რას მოიმოქმედებს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ნატოს სამიტის წინ? თუ ამ საკითხზე ვაშინგტონ-ბრიუსელ-მოსკოვს შორის კულუარული საუბარი გაგრძელდება? ალბათ, ამ კონტექსტში არც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უნდა გამოგვრჩეს.
- დასავლეთსა და პუტინს შორის კულუარული საუბრები მუდმივად მიმდინარეობს. დღეს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების მთავარი არენა უკრაინაა და პირდაპირ ვიტყვი, თავად უკრაინელი ხალხის ბედი ყველას ფეხებზე ჰკიდია. აშკარაა, რომ უკრაინაში პუტინი მხოლოდ ყირიმის ანექსიით არ დაკმაყოფილდება. მისი მომდევნო სამიზნე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებია. თუ პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებზე უარი თქვა, ეს რუსი მოსახლეობის მიტოვებად ჩაეთვლება და პოლიტიკურ გვამად იქცევა. ეს კარგად იცის რუსეთის პრეზიდენტმა და დასავლეთმაც. ამიტომ უკრაინაში ბრძოლა სულ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე დიდწილადაა დამოკიდებული, თუ რა გარიგებას მიაღწევენ საქართველოს საკითხში დასავლეთი და პუტინი.

- დავაზუსტებ, ანუ ჩვენ გარიგების ობიექტი ვართ?
- დიახ, სამწუხაროდ, დღეს საქართველო დიდ სახელმწიფოებს შორის გარიგების ობიექტია. თუ დასავლეთი უკრაინაში დამარცხდა, საქართველო მისი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა. თუ პირიქით მოხდა და პუტინმა წააგო უკრაინა, შესაძლოა, მოვლენები საქართველოსთვის უსიამოვნო სცენარით განვითარდეს.

- რას გულისხმობთ? თუ დასავლეთმა უკრაინაში გაიმარჯვა, შესაძლოა, ვაშინგტონ-ბრიუსელმა მორიგი გარიგებით საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარონ და ჩვენმა იმედმა ევროპერსპექტივასა და  MAP-ზე ჩაილურის წყალი დალიოს?
- სამწუხაროდ, თუ რუსეთმა უკრაინაში წააგო, არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთმა კულუარული გარიგებით საქართველო მოსკოვს დაუთმოს. თუმცა, ხაზს ვუსვამ - ეს მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება, რადგან დასავლეთი საქართველოს საბოლოოდ არასოდეს დათმობს. თუ დასავლეთმა საქართველო დათმო, გამოდის, დათმობს აზერბაიჯანსაც მის ნავთობიანად, ეს კი არასოდეს მოხდება. დასავლეთიც და რუსეთიც, ნებისმიერი გარიგების შემდეგ, მაინც ისე მოქმედებენ, როგორც მათი ინტერესები მოითხოვს, ოღონდ რუსეთი მაშინვე არღვევს პირობას, დასავლეთი კი უფრო დახვეწილად მოქმედებს. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - დასავლეთი მას გრძელვადიან პერსპექტივაში არ დათმობს. ერთ ამბავს გეტყვით:
რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა ორჭოსანთან, ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე, დაამონტაჟეს აბრა წარწერით: "სამხრეთი ოსეთი".
გარწმუნებთ, უკრაინის მოვლენები ისე არ განუცდიათ დასავლეთში, როგორც ეს ამბავი. ეს სილის გაწვნად აღიქვეს.

- შედარებით მოკლევადიან პერსპექტივებზეც ვისაუბროთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააცნობიეროს, თუ სადამდე მიიყვანს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. "ეს ეხება ორმხრივ ურთიერთობას და ფინანსურ-ეკონომიკურ შედეგებს, რომლებიც იძულებული ვიქნებით, დავამუშაოთ საქართველოს ევროკავშირის ხელშეკრულებასთან მიერთების ფაქტორის გათვალისწინებით", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. ეს მუქარაა?
- დიახ, მუქარაა. არ არის გამორიცხული, რუსეთმა საქართველოს სხვადასხვა ფაქტორის მომიზეზებით მორიგი ემბარგო გამოუცხადოს. თუმცა, რეალური მიზეზი არა ასოცირების ხელშეკრულება იქნება, არამედ ნატოს ლონდონის სამიტი, თუ იქ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი დადგა. ალბათ, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს ყველანაირი სცენარისთვის და იმისთვის, რომ თუნდაც ემბარგო უმტკივნეულოდ გადაიტანოს.

- ლუკაშევიჩის კიდევ ერთი განცხადების თანახმად, მოსკოვს აშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და, მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები.
- მოსკოვისგან ასეთი განცხადება მოსალოდნელი იყო. სხვათა შორის, არც ის გამიკვირდა, როდესაც ალასანიამ, თავის დროზე, მსგავსი განცხადება გააკეთა. სხვა საქმეა, განცხადების კონკრეტულად გაკეთების დრო იყო თუ არა შეთანხმებული სახელისუფლებო გუნდთან. ზოგიერთისთვის საკამათოა ისიც, რამდენად დროული იყო მსგავსი განცხადების გაკეთება. თუმცა, საზოგადოდ, მსგავს თემებზე მსჯელობა მიმდინარეობს საქართველოშიც და დასავლეთშიც და ეს დიდი საიდუმლოება არ არის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსების საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და კონკრეტულ თემებზე მიმდინარეობს მსჯელობა.

- გასული კვირა შიდაპოლიტიკურადაც საინტერესო იყო. პრემიების სკანდალის გამო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა დიმიტრი დარბაისელმა. თუმცა, მისი განცხადებით, დეპარტამენტის თანამშრომლები იმსახურებდნენ მაღალ პრემიებს, რადგან თურმე დაძაბული სამუშაო ჰქონდათ. ისე, როგორ ფიქრობთ, სოზარ სუბარმა გაიმყარა პოზიცია? ცნობილია, რომ მას დარბაისელი, ფაქტობრივად, არ ემორჩილებოდა.
- არ ვიცი, გაიმყარა თუ არა სუბარმა პოზიცია. არც ის ვიცი, როგორი მენეჯერი იყო დარბაისელი, მაგრამ ფაქტია - ასეთი მაღალი პრემიების გამოწერა თანამშრომლებისთვის სამარცხვინოა. ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ყავლაშვილი და რა დამსახურებისთვის მიიღო მან პრემია? ეს ის ყავლაშვილია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის, ჩემს საუბრებს  უსმენდა. ყავლაშვილის თაობაზე მართლა მაინტერესებს ხელისუფლების პასუხი. ისე კი, კოლექტიური ყავლაშვილები ჯერ კიდევ ბლომად არიან ხელისუფლებაში, რაც არაერთხელ გვითქვამს. სხვათა შორის, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა და ევროპელებიც გაოცებული არიან, რატომ არიან ხელისუფლებაში ის პირები, რომელთა სახელები დანაშაულს უკავშირდება. ამ კითხვას ხელისუფლებასაც უსვამენ, მაგრამ, როგორც ჩანს, პასუხს ვერ იღებენ. დროულად გამოფხიზლდეს ხელისუფლება, თორემ კოლექტიური ყავლაშვილები ხეირს ნამდვილად არ დააყრიან.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა. მთავარი "მოთამაშეების" საარჩევნო სიებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, მივიღებთ ისეთ საკრებულოებს, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტურად იმუშავებენ?
- მე შემიძლია "ქართული ოცნების" სიაზე გესაუბროთ. მაგალითად, გარდაბანში სიაში არ მოხვდნენ ის პირები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიციას ბოლომდე გვერდით ედგნენ. გაურკვეველი ხალხია სიაში. ჩემი ინფორმაციით, ასეთივე ვითარებაა სხვა რეგიონებშიც. ასევე, ჩემთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ის ხალხი, რომლებიც თბილისის საარჩევნო სიაში მოხვდნენ. მეტსაც გეტყვით, როგორც ვიცი, სახელისუფლებო გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატებზე  ზეწოლას ახდენს, რათა მათ მოხსნან კანდიდატურები. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ არც "ნაციონალები" არიან გულხელდაკრეფილი.

- თუ თქვენი ინფორმაცია ფაქტებით დადასტურდა, ალბათ, საზოგადოებას უმკაცრესი რეაქცია უნდა ჰქონდეს. დასასრულ, გიგი უგულავაზეც მინდა გკითხოთ: მისი სარჩელი დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ და უგულავამ მერად დაბრუნებისთვის ბრძოლა დაიწყო. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, უგულავასთვის მნიშვნელოვანია თუნდაც ორი კვირით მერად ყოფნა, რათა უზრუნველყოს ადმინისტრაციული რესურსი ნიკა მელიასთვის.

- სევდია უგრეხელიძე და მერია ისედაც უგულავას მითითებების უსიტყვო შემსრულებლები არიან. მერად დაბრუნება უგულავას უფრო პიარისთვის სჭირდება და ნახავთ კიდეც, რა რეკლამას გაიკეთებს. უგულავა მერად დაბრუნებას რომ აპირებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში მძლავრი მეხუთე კოლონაა. საკონსტიტუციო სასამართლოზე მეტად პროკურატურას ვგულისხმობ. ხელისუფლებისთვის გამოფხიზლების კიდევ ერთი მიზეზი უნდა გახდეს ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ დამნაშავედ ცნობილი უგულავას წინააღმდეგ პროკურატურამ ვერ შეაგროვა ისეთი სამხილები, რომ სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ მიეღო.
ana
26 მაისი 2014 23:34
ევროპელებს უკვირტ რად არიან სახელმწიფო მარტვიტ სისტემაში ის პირები რომლებიც დამნაშავეებად არიან ცნობილნიო.. რას ფიქრობს პრეზიდენტი??ან იტყვის პარლამენტის ტავჯდომარე რომ ევროპა კანონპროექტებს ტავს მოახვევს ასეტ ქვეყანას,რომელსაც დამნაშავე პირები მარტავენ??არა ბატონო არა და არა..ყველა კანონს ისევ ტქვენ იღებტ ,ტქვენსავე სასარგებლოდ..

რედაქტორის რჩევით