"მერკელის სამი სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრა, რუსეთისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იყო" - კვირის პალიტრა

"მერკელის სამი სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრა, რუსეთისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იყო"

"რაც მოხდა და რატომაც უკრაინაში, ის საქართველოს 27 ივნისს ელის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ვგულისხმობ"

27 ივნისს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. დღემდე პოლიტიკოსთა თუ პოლიტოლოგთა ნაწილი ამბობდა, რომ ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებიც გაიზრდებოდა, მით უფრო, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის გათვალისწინებით. რიგი ექსპერტების აზრით კი, ასოცირების ხელშეკრულებას რუსეთისთვის სერიოზული მნიშვნელობა არა აქვს და ვითარების გამწვავებას მას მერე უფრო უნდა ველოდოთ, თუ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია რეალურად დადგება დღის წესრიგში. 30 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომლის მიხედვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს საქართველოს, ნატოსთან დაახლოებისთვის, უელსის სამიტზე მიენიჭოს მაპ-ი. პარალელურად კი აფხაზეთში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ სოხუმში საპროტესტო აქციები იმით დამთავრდა, რომ ე.წ. პარლამენტმა ალექსანდრ ანქვაბი დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენა. ოპოზიციურ მოძრაობას სათავეში კრემლის ფავორიტი რაულ ხაჯიმბა უდგას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა აფხაზეთიდან ქართველების გამოსახლებაა. კვირის მნიშვნელოვან თემებზე საუბარი ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან სწორედ ამ საკითხის შეფასებით დავიწყეთ:

- ნებისმიერი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის სამეზობლოში - დსთ-ის სივრცეში თუ აღმოსავლეთ ევროპაში, უნდა განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის პრიზმიდან, რამაც სრულიად შეცვალა რუსეთსა და დასავლეთს შორის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება. აფხაზეთში მიმდინარე პროცესების ამ კონტექსტით დანახვა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და აფხაზებისთვისაც.  უფრო პროვოკაციასთან გვაქვს საქმე, ვიდრე რუსეთის სურვილთან, საბოლოოდ შეიერთოს აფხაზეთი. რაც მოხდა და რატომაც უკრაინაში, ის საქართველოს 27 ივნისს ელის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ვგულისხმობ. საეჭვოა, რუსეთი მშვიდად შეხვდეს და შეეგუოს უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს ევროინტეგრაციას, მით უფრო ნატოსთან დაახლოების პერსპექტივას. ამიტომ შეეცდება, ყველა გზა და მეთოდი გამოიყენოს, რათა მოახდინოს ამის ხელისშემშლელი პროცესების პროვოცირება. ვფიქრობ, სწორედ ეს ხდება აფხაზეთში. კრემლისთვის ხაჯიმბა შეიძლება უფრო მისაღებია, ვიდრე ანქვაბი, მაგრამ რუსეთს არც ეს უკანასკნელი უშლიდა ხელს.  კრემლი სრულად აკონტროლებს აფხაზეთს, ამიტომ გაუგებარია, რისთვის დასჭირდათ მისი შეცვლა. არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზეთის მოსახლეობას მართლაც ჰქონდეს უარყოფითი განწყობა მის მიმართ, მაგრამ ამასაც რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს. ხაჯიმბას დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველების მიმართ გაცილებით მკაცრი და მკვეთრია, ვიდრე ანქვაბის. ხაჯიმბას აქტიურობა, რომელიც მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში პუტინის ფავორიტი იყო, მნიშვნელოვანი ფაქტორია საიმისოდ, რომ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები.

ანქვაბის გადაყენების შემდეგ ქართველებისა და გალის რაიონის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

ეს იქნება ორი მიზნისთვის გამოყენებული - ისევ საქართველოს პროვოცირება რომ მოხდეს და მეორე - ეთნოწმენდის საფრთხე, სამწუხაროდ, არსებობს. შესაძლოა, ლაპარაკი იყოს იმაზე, რომ ასტანაში ხელმოწერილ ევრაზიული კავშირის ბუტაფორიულ დოკუმენტს კიდევ ორი ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფო - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეუერთდეს, ესეც პროპაგანდისა და პიარისთვის. ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს ფრთხილად და დიდი ყურადღებით მიადევნოს თვალი აფხაზეთიდან მომავალ ნებისმიერ იმპულსს.

რუსეთს აქვს უამრავი ბერკეტი ვითარების პროვოცირებისთვის. ყოველთვის და ყველგან შეიძლება არსებობდეს კრიმინალური ჯგუფები, რომლებისთვისაც აფხაზობაც და ქართველობაც მეორეხარისხოვანია, მათთვის მთავარია,  რა მოგებას ნახავენ. მათი გამოყენება რუსეთის სპეცსამსახურებს არ გაუჭირდება. შეიძლება ისეთი ვითარება შეიქნას, რომ აფხაზები იძულებული გახდნენ და ჩაერთონ ამ პროცესში. მავანს ალბათ ალაფის შოვნის სურვილიც აქვს.…

- არსებობს მოსაზრება, რომ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გამოძევება რუსეთს შესაძლოა სწორედ აფხაზეთის შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების მიზნით სურდეს, რადგან ეშინია, რომ ქართველების მონაწილეობის შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებს.

- ამ აზრს არ ვიზიარებ. რუსეთი ამგვარი რეფერენდუმის ჩატარებას თუ გადაწყვეტს, სასურველ შედეგს ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს. ვინ არის ამგვარი რეფერენდუმის შედეგის რეალობის გამკონტროლებელი? - არც არავინ. მეტსაც გეტყვით, ამგვარი რეფერენდუმი თუ მაინც ჩატარდა, მასში ქართველების მონაწილეობა რუსეთისთვის უფრო მომგებიანი იქნება, იტყვიან, აფხაზეთის რუსეთთან შეერთებას მხოლოდ აფხაზებმა კი არა, აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმაც დაუჭირეს მხარიო.

- თუ პროცესები ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა, რა უნდა ქნას საქართველომ და ხომ არ აღმოვჩნდებით ისევ კონფლიქტში ჩათრეული?

- ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს არ მოხდეს. კონფლიქტში ჩართვა არ ნიშნავს აფხაზებთან კონფლიქტს, ეს იქნება დაპირისპირება რუსეთთან, რაც მას გაუხსნის ხელ-ფეხს, რომ რაც ვერ გააკეთა 2008 წელს, გააკეთოს ახლა. საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე, სასწრაფოდ და აქტიურად უნდა დაიწყოს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების თაობაზე დასავლელი საზოგადოების ინფორმირება, პროცესების განვითარების ყველა ვერსია უნდა გაანალიზდეს და ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მყისიერად მიეწოდოს. პრევენციას შემაკავებლის ფუნქცია აქვს. მშვიდობა აფხაზეთში ქართული სახელმწიფოს ინტერესებშია.

- გასულ კვირას დაპირისპირების ეპიცენტრი იყო გარდაბნის რაიონიც. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის, თუმცა ჩანდა ეთნიკური დაპირისპირების ნიშნებიც.

- რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გათვალისწინებით, ამგვარი პროცესებისას დესტაბილიზაციის ყველაზე ჰიპოთეზური ვერსიებიც კი უნდა განვიხილოთ. გარდაბანში მომხდარი არ იძლევა საშუალებას, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ იქ ვითარების არევას რუსეთი ცდილობს, მაგრამ ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. წინასაარჩევნო პერიოდია და ამგვარი დაპირისპირებები უჩვეულო მოვლენა არ არის, ამიტომაც მომხდარი შეიძლება ამ პროცესის ნაწილი იყოს; ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ბრძოლა იქ არსებულ ქართულ და აზერბაიჯანულ დაჯგუფებებს შორის გავლენისთვის მიდიოდეს. ცნობილია ისიც, რომ ყოფილ ხელისუფლებას ამ რეგიონში  განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა იმ წრეებთან, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ აზერაბიჯანელ მოსახლეობაზე, შესაბამისად, შესაძლოა ამ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთანაც გვქონდეს საქმე. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ამგვარი დაპირისპირება არც ერთს და არც მეორეს არ აძლევს ხელს. თუ აქ პროცესების არევას მესამე ძალა ცდილობს, საქართველოსა და ასევე Aაზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს გავლენა ჩვენს აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე, ყველაფერი უნდა იღონონ, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი არ გახდეს. აუცილებელია დადგინდეს, ვინ არიან ის პირები, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, ვინც ამ პროცესებს წარმართავენ. დღეს შეიძლება მესამე სახელმწიფოს კვალი არ ჩანდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მიზანი შეიძლება არც იყოს კონფლიქტის მაინცდამაინც დღეს გაჩაღება. შესაძლოა, ის ჯერჯერობით ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობდეს.

თუ გარდაბანში პროცესი გაჩერდება, მაგრამ დაპირისპირება დაპირისპირებად დარჩება, მესამე ძალამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ უფრო მასშტაბური კონფლიქტის მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა და უფრო დიდი პროვოკაცია დაგეგმოს.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაპირისპირების ყველა კერა ძირფესვიანად აღმოფხვრას.

- გასულ კვირას მოლდავეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიას სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას.

- ეს ვიზიტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტშია განსახილველი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრის დროს ნატოზეც იყო ლაპარაკი. არა მგონია, დღეს დასავლეთი მზად იყოს ამ მიმართულებით რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად. შეგახსენებთ, მას მერე, რაც რუსეთმა აღიარა უკრაინის არჩევნები და ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, ევროკავშირმა ახალი სანქციები რუსეთის მიმართ შეაჩერა. თუ ამ დონეზე ფიქრობენ დასავლეთის სახელმწიფოები, რომ არ გაამწვავონ რუსეთთან ურთიერთობა, ნატოსთან დაკავშირებით უფრო თავშეკავებული იქნებიან. მერკელის სამი სახელმწიფოს ლიდერთან შეხვედრა, ვფიქრობ, იყო რუსეთისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება, რომ 27 ივნისს დაგეგმილ ხელმოწერას ხელი არ შეუშალოს.  ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს კიდევ ერთხელ შეხვდება, ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამოსწევს აფხაზეთის თემას და მაქსიმალურად გაამახვილებს ყურადღებას რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე. უნდა ავუხსნათ დასავლეთს, რომ აფხაზეთი შეიძლება რეგიონში ახალი დესტაბილიზაციის დეტონატორად იქცეს, რაც დასავლეთსაც კარგს არაფერს მოუტანს. ეს უნდა გახდეს აქტუალური ნატოსთვისაც. ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით სერიოზული ლაპარაკი დასავლეთსა და საქართველოს შორის ამ ხელმოწერის შემდეგ დაიწყება, მაგრამ არა ნატოში გაწევრების, არამედ უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით. ამგვარი სისტემის მონაწილე ნატოც იქნება. უსაფრთხოების ერთიანი სისტემა დასავლეთისთვისაც ისევე აქტუალურია, როგორიც ჩვენთვის.

- ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ნატოს გაფართოების დეკლარაცია, რომელიც ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება. დეკლარაციაში ნათქვამია, საქართველოს, ნატოსთან დაახლოებისთვის, უელსის სამიტზე უნდა მიენიჭოს მაპ-ი.

- უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე ლაპარაკისას, სწორედ მაპ-ს ან რაიმე ამგვარს ვგულისხმობდი. აქ იგულისხმება არა მხოლოდ სამხედრო, არამედ უსაფრთხოების მთელი კომპლექტი. ნატომ, უკრაინამ, მოლდავეთმა და საქართველომ უსაფრთხოების სისტემა ერთობლივად უნდა გაიაზრონ. რა და როგორ იქნება, ზუსტად თქმა ძნელია, ალბათ გვახსოვს, სულ ახლახან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატოს საქართველოში საჰაერო თავდაცვითი მოწყობილობების განთავსება შესთავაზა, შეიძლება თავდაცვის სისტემაში განხილულ იქნეს საზღვაო აკვატორიის გაკონტროლება და ა.შ. ეს ტექნიკური საკითხებია და ჩემს კომპეტენციას სცდება.

- ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ შეესრულებინა ნატოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები და ეს მიღწეული შედეგი რაღაც ფორმით აუცილებლად უნდა შეფასდეს მომავალ სამიტზე.

- უკრაინაში მომხდარმა დასავლეთის და ნატოს დამოკიდებულება რუსეთისადმი მნიშვნელოვნად შეცვალა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ დაჩქარდა როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი, ასევე ღიად დაიწყო ნატოს წარმომადგენელთა მხრიდან ლაპარაკი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე.

აქამდე თუ ჩვენ გვჭირდებოდა ნატო უსაფრთხოებისთვის, დღეს ვითარება ისეთია, რომ საქართველოს უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება ნატოს უსაფრთხოებას.

რაც შეეხება რუსეთს, ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა ნატოსთან დასაპირისპირებლად პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით მზად არ არის.

- ბოლო ხანს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებზე, მათ მხარდამჭერებსა თუ თანამოაზრეებზე თავდასხმის არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამგვარი ფაქტების შეფასებისას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის განცხადებები, რომ ისინი ამგვარ ქმედებებს გმობენ, მაგრამ თავდამსხმელებისაც ესმით, რადგან ყოფილ სახელისუფლებო ძალას ბევრი უკეთურობა აქვს ჩადენილი.

- ასეთი განცხადების გაკეთების უფლება გვაქვს საქართველოს რიგით მოქალაქეებს, მაგრამ არამც და არამც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და არა ნიშნი მოუგოს ვინმეს. ხელისუფლება ფლობს ყველანაირ ბერკეტს, რომ დამნაშავე დასაჯოს. არ შეიძლება ქუჩური ანგარიშსწორების დაშვება. თუ ამგვარად აპირებენ სამართლიანობის აღდგენას, ძალიან ცუდია, ეს ქვეყანაში მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. თუ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ვერ ახერხებს, უნდა ეყოს გამბედაობა და საზოგადოებას ამის მიზეზებზე ღიად ელაპარაკოს. ჩვენ აღარ ვართ იმ სიტუაციაში, რომ საზოგადოება ჭორებით იკვებებოდეს. დღეს ეს ძალადობრივი ფაქტები ყველაზე მეტად ხელისუფლებას დააზარალებს. თუ ეს ყველაფერი დროულად არ დასრულდა და ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადადგა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პროცესი გაძლიერდება, მეტიც, არსებობს მთელი ქვეყნის მასშტაბით "ნაციონალებისადმი" ასეთი მოპყრობის დაწყების საფრთხე. ამის მეშინია ყველაზე მეტად, დესტაბილიზაციაზე რომ ვლაპარაკობ.

- როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია, რომ დღემდე ვერ მოხერხდა სამართლიანობის კანონიერ ფარგლებში ნაწილობრივ მაინც აღდგენა?

- ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის პირველ თვეებში ვფიქრობდი, რომ დასავლეთს უწევდნენ ანგარიშს და პროცესიც ამიტომ მიდიოდა ნელა. ახლა თანდათან ვიხრები იმ აზრისკენ, რომ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი და პროკურატურაში კომპეტენტურობის სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, სახელისუფლებო შტოებში მეორე და მესამე პოზიციაზე დღემდე რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც, სავარაუდოდ, აფერხებენ ამ პროცესს. საზოგადოებას ეს მიზეზები ნაკლებად აინტერესებს,

ადამიანებს აქვთ სამართლინობის აღდგენის მოთხოვნა და ეს რომ არ ხდება, ბუნებრივია, ნდობას კარგავს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია.

თუ სურთ ძალაუფლება შეინარჩუნონ და არ დაიწყოს უმართავი პროცესები, უნდა გააქტიურდნენ. სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. გვაიმედებენ, რომ კოაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება. ვფიქრობ, ეს გაწელილი და უნიათო პროცესი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო.

გიორგი კვიტაშვილი,

ნათია დოლიძე