"უგულავა დაპატიმრებას ელის და ცდილობს, იაქტიუროს"
09-06-2014
"უგულავა დაპატიმრებას  ელის და ცდილობს, იაქტიუროს"
"სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურამ დღემდე ვერ დაასრულა ვერც ერთი საქმე, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს შეეხება"

"ნაცმოძრაობა"  დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას ცდილობს"


15 ივნისს საქართველოში მორიგ საარჩევნო ციკლს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაასრულებს, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ მუნიციპალიტეტების ყველა გამგებელსა და 12 ქალაქის მერს მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად, პოლიტიკური დაძაბულობაც უფრო შესამჩნევია. გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც არეულობის მთავარი გმირები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ. მარნეულში ყოფილი
მმართველი პარტიის ლიდერებმა გამგებლობის მათ კანდიდატზე ზეწოლაში ხელისუფლება დაადანაშაულეს, მხარდამჭერებთან ერთად საოლქო კომისიაში შეიჭრნენ და კომისიის თავმჯდომარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. არეულობა იყო ზუგდიდშიც,
დაპირისპირების ეპიცენტრში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი იყო, სადაც თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას მკვლელობის თაობაზე შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მისი ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ისინი პარტიის ოფისში შეჭრას შეეცადნენ, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. მოგვიანებით ოფისთან შეკრებილმა მოქალაქეებმა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. გასული კვირის მთავარ მოვლენებს ექსპერტი კახა კახიშვილი აფასებს:


- ეს ხელისუფლება მოვიდა მას შემდეგ, რაც ხალხმა არჩევნების გზით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი მართვის სტილი აღარ უნდოდა. შესაბამისად, საზოგადოება ყველა მიმართულებით არსებით ცვლილებებს ელოდა, მათ შორის - საარჩევნო გარემოშიც. მიგვაჩნდა, რომ "ქართული ოცნება" მოკლე ხანში მიიღებდა ისეთ საარჩევნო კოდექსს, როგორიც საარჩევნო კამპანიისას ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარ პირობებში მოქმედების საშუალებას მისცემდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, "ქართულმა ოცნებამ" გარდა რამდენიმე ფასადური ცვლილებისა, კოდექსში არაფერი შეცვალა. თუ დღევანდელ საარჩევნო გარემოს ვადარებთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას წარმართულ საარჩევნო პროცესს, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი აშკარაა, ვგულისხმობ იმას, რომ არ ხდება ოპონენტი პარტიების აქტივისტების დაპატიმრება, მათზე ფიზიკური ძალადობა თუ ფინანსური გაკოტრება. მაგრამ, თუ დღევანდელ ვითარებას დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ ვითარებას შევადარებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მოქმედი საარჩევნო კოდექსი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული ცვლილებების შემდეგ მმართველ პოლიტიკურ ძალას ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, თითქოს არ იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, მაგრამ ვხედავთ, რომ მინისტრები და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები, ფაქტობრივად, სამუშაო საათებში დადიან და აშკარა აგიტაციას ეწევიან.

- როგორ შეაფასებთ მარნეულში მომხდარ ფაქტს, როდესაც საოლქო კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეიჭრნენ. ყველაზე მეტად აქტიურობდნენ: გიგი უგულავა, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, რომელთა მტკიცებითაც, მათ კანდიდატს, აჰმედ იმამყულიევს, საქართველოში ცხოვრების 2-წლიანი ცენზის დარღვევას პოლიტიკური მოტივით ედავებიან.
- "ნაციონალური მოძრაობა" იქცევა ისე, როგორც 2002-2003 წლებში ოპოზიციურ ფლანგზე იქცეოდა - ახდენს ძალის დემონსტრირებას და ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ კანონზე მაღლა დგას. მაშინაც აკეთებდნენ იმას, რაც კანონით დაუშვებელი იყო და დაუსჯელები რჩებოდნენ. დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა იგივეა - დაამკვიდროს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც ზოგიერთი პირისთვის ყველაფერი დასაშვები იქნება, მათ შორის - საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა თუ სხვა ტიპის ძალადობა. ცხადად ჩანს, რომ ვითარების დაძაბვას არ მოერიდებიან, თუმცა, ეს როგორ გამოუვათ კენჭისყრის დღეს ან შემდეგ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კონკრეტულ დანაშაულს ხელისუფლებისგან რა რეაგირება მოჰყვება.

შესაძლებელია, არის ეჭვი, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ერთსა და იმავე საკითხებს სხვადასხვაგვარად წყვეტს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ყოვლად დაუშვებელია ძალადობა. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისთვის არსებობს სამართლებრივი გზები. ჩემი აზრით, ძალადობის ამგვარ ფაქტებს უნდა მოჰყვეს ხელისუფლების მწვავე რეაქცია, სხვა შემთხვევაში ძალიან მალე მივიღებთ ვითარებას, როდესაც შეუძლებელი იქნება ქვეყნის მართვა, რადგან გამოჩნდებიან პირები, რომლებიც ნებისმიერი გადაწყვეტილების გამო, რომელიც მათ პოლიტიკურ თუ პირად მიზნებს არ უპასუხებს, გადაწყვეტილების მიმღებებს გაუსწორდებიან. ვხედავთ, "ნაციონალური მოძრაობა" მათი აქტივისტებისა თუ ლიდერების მიმართ ძალადობას რა კატეგორიულობით გმობს, თუმცა, თუ მათ პოლიტიკურ მიზნებს სჭირდება, თვითონ კვლავაც სიამოვნებით ძალადობენ. ხელისუფლებამ ვითარებაზე კონტროლი რომ არ დაკარგოს, ნებისმიერი მსგავსი პრობლემისას უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, იქნება ეს "ქართული ოცნების" თუ სხვა პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული. თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, შესაძლოა, ეს არჩევნები კი გადააგოროს ხელისუფლებამ, მაგრამ 2016 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო მძიმე ვითარება შეიქმნას.

- ხათუნა გოგორიშვილის მტკიცებით, მარნეულში გამგებლობის კანდიდატის მოხსნა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სთხოვა.
- როგორც გოგორიშვილი ამბობს, ეს შეხვედრა უსუფაშვილთან 12 მაისს შედგა. საინტერესოა, შეხვედრის დეტალების გახსენება მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტა და აქამდე რატომ არაფერი თქვა? თუ მართლაც ასე იყო, ეს ამბავი დროულად უნდა გახმაურებულიყო და შეიძლება მარნეულში არც არაფერი მომხდარიყო. დღეს ეს განცხადება აშკარად სარწმუნოდ აღარ ჩანს, თუმცა, საპირისპიროს მტკიცებაც არ შემიძლია. თუ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალებს" შორის ასეთი კონსულტაციები მართლაც იმართება, ძალიან ცუდია. ასეთ ვითარებაში ორივე კანონდამრღვევია... მარნეულის საოლქო კომისიის შტურმისას განსაკუთრებით გიგი უგულავა აქტიურობდა. ჩემი აზრით, გიგი უგულავასა და სხვა ლიდერების ეს აქტიურობა იმით აიხსნება, რომ ისინი ჩადენილი კანონდარღვევების გამო სამართლებრივ დევნას ელიან და ცდილობენ, პოლიტიკური აქტიურობით გააჩინონ საფუძველი იმგვარი ლაპარაკისთვის, რომ ესა თუ ის საპროცესო ღონისძიება მათი პოლიტიკური აქტიურობის გამო ხდება. ვიცით, რომ უგულავას წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული, უგულავა, სავარაუდოდ, გამამტყუნებელ განაჩენს ელის და დაპატიმრებასაც, ამიტომაც ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი იაქტიუროს, ილაპარაკოს, თუნდაც არაკორექტული განცხადებები გააკეთოს, რათა მერე მის მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებები პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშიროს და თავი დევნილად წარმოგვიდგინოს.

ეს მარტო მას არ შეეხება, მათ გუნდში არაერთი ლიდერია, რომლებიც, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოების კითხვებს ელიან.

ძალიან გამაღიზიანებელი და მიუღებელია ის, რომ დღეს უგულავა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დილას, საღამოს და შუადღეს, ზოგჯერ საათში რამდენჯერმე იმავე "რუსთავი 2"-ის ეთერიდან მარტო ხელისუფლებას კი არა, საზოგადოებასაც ასწავლიან ჭკუას - ეს ამორალურია.
გიგი უგულავას მორალის იმედად ყოფნა შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლებამ დროზე მიიღოს ზომები და თუ შესწევს უნარი, დაუმტკიცოს დანაშაული.

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმე გახსნილად გამოაცხადა. სამინისტროს განცხადებით, 2008 წლის 27 აგვისტოდან დაკარგულად მიჩნეული ქარდავა კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის რომან შამათავას დავალებით გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, შამათავამ ნავით ზღვაში გაიყვანა, ერთი გასროლით მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.
- ეს უმძიმესი ფაქტია. არა მგონია, ერთი პირის, რომან შამათავასთვის ბრალის დამძიმებით ეს საქმე შეიძლება გახსნილად მივიჩნიოთ.
წარმოუდგენელია, რომ სპეცსამსახურის ერთმა მაღალჩინოსანმა თავის თავზე აიღო და შეასრულა ასეთი საზარელი დანაშაული და მასში ჩართული არ იყვნენ უფრო მაღალი თანამდებობის პირები.

ეს რომ არ ყოფილიყო იმჟამინდელი პროკურატურის მაღალჩინოსნებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული, საქმე უფრო ადრე გაიხსნებოდა. გამოძიებით უნდა დადგინდნენ დამკვეთები და თანამონაწილეები, იმავდროულად, კვალის წამშლელებიც. იმედია, ამ საქმეს მტკიცებულებებით ისე გაამყარებს პროკურატურა, რომ სასამართლოში არსებითი განხილვისას დამნაშავეებმა შესაბამისი სასჯელი მიიღონ.
მარტო შამათავას თუ გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, საქმეს ბოლომდე გამოძიებულად ვერ მივიჩნევ.

მნიშვნელოვანია, რა კვალიფიკაციით წარიმართება გამოძიება. სიკვდილის მიზეზის დასადგენად, გვამისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების გარეშე შეუძლებელია მკვლელობის მუხლით აღძრულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ საქმისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა. ალბათ, ამ საქმემ საზოგადოებას სხვა ასეთი ფაქტებიც გაახსენა. მაგალითად, სერგო თეთრაძის მკვლელობა ან ნავთლუღის სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურამ დღემდე ვერ დაასრულა ვერც ერთი საქმე, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს შეეხება. როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში მეფობდა სისტემური დანაშაული, ეს ნიშნავს, რომ სისტემა, ანუ ორგანიზებული ჯგუფი მართავდა ამ პროცესებს, გეგმავდა, უკვეთდა და ასრულებდა კონკრეტულ დანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ციხის საქმეში აშკარად ჩანს, რომ ეს სისტემა დეპარტამენტის თანამშრომლების მოგონილი და დამკვიდრებული არ იყო, ამ საქმეზე მხოლოდ შემსრულებლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. არ უნდა დადგეს იმ უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მოთხოვნითაც დამკვიდრდა ეს სასტიკი რეჟიმი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რას აკეთებს პროკურატურა?! დაუჯერებელია, რომ ამ სისტემას დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ინარჩუნებდა. არადა, ვხედავთ, რომ პასუხისმგებლობის საკითხი შეწყდა დეპარტამენტის მოადგილის დონეზე, ჯაჭვი უფრო ზემოთ არ ასულა.

- გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ხანგრძლივი პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადებები გააკეთა.

- ცხრა წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პირველი პირი საზოგადოებასა და ჟურნალისტებთან მხოლოდ მონოლოგით ურთიერთობდა. იყო იშვიათი გამონაკლისები, როდესაც კონკრეტულ ჟურნალისტებს აძლევდნენ საშუალებას, მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარ შეთანხმებული კითხვები დაესვათ. ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას გადავედით რეჟიმში, როდესაც მასა და ჟურნალისტებს შორის მიდიოდა პოლემიკა და კითხვებზე პასუხის გაცემისას ხდებოდა უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ადვოკატირება. ამასვე აგრძელებს ღარიბაშვილი. ნამდვილად
კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ გველაპარაკებიან, მაგრამ იმავდროულად, დროა, მესამე ეტაპზე გადავიდეთ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ისწავლიან მოსმენას, უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან საზოგადოების პრობლემებს, რასაც ამგვარ ღონისძიებებზე ჟურნალისტები ახმაურებენ და შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ.

- "ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ნატოს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება", - გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა...
- დასავლეთმა უფრო ადეკვატურად უნდა შეაფასოს საქართველოს შესაძლებლობები. როდის ხდება ქვეყანა ნატოს წევრი? - როდესაც განსაზღვრულ ვალდებულებებს შეასრულებს. დარწმუნებული ვარ, ნატოს სპეციალისტებმა კარგად იციან საქართველომ რა შეასრულა და რა - ვერა. აქედან გამომდინარე, სრულიად მარტივი მგონია საქართველოს ნატოში გაწევრების ვადის დასახელება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ვადის პირდაპირ დასახელებამ, შესაძლოა, საქართველოს პრობლემა შეუქმნას, რაც ნაწილობრივ მართალია, მაგრამ, იმავდროულად, გაუთავებლად ლაპარაკი იმაზე, რომ ოდესღაც კი ვიქნებით ნატოს წევრი, მაგრამ ზუსტად როდის, გაურკვეველია, ჩემი აზრით, გამაღიზიანებელია ჩვენთვისაც და მათთვისაც, ვინც მაინცდამაინც არ არის ნატოში საქართველოს ხილვის მოსურნე. ვფიქრობ, საქართველოს დღეს ევროპის უფრო მკაფიო მხარდაჭერა სჭირდება, რათა ის დემოკრატიული რეფორმები, რომელთა გატარების ვალდებულებაც ვიკისრეთ, დროულად და პრობლემების გარეშე დასრულდეს.

გიორგი კვიტაშვილი
ნათია დოლიძე

irina.
25 ივნისი 2014 03:08
ეს კახისჰვილი როგორ ეტყობა ნაცების ბოგმა ახრცჰობს,უგულავა კი არა ტქვენ უფრო ხარტ დასაწჰერი იმიტომ რომ უგულავა არის ადამიანი რომელის დგე და გამე აქვს გატენებული ტავისი ქვეყნის ნატელი მომავლისტვის,და ტქვენსავიტ ბოგმა და გაბოროტებული არ არის,დასაწერი და კისერ მოსაგრეხი ეხლანდელ ტავრობასჰი არიან,რას მოვიდა დაწჰერაზე,ლანდზგვაზე,და გაწჰირვებული მოსახლეობის ფულის წჰამაზე არიან გადასულები,და ტუ ამას ვერ ამცჰნევტ რომ მატი პოლიტიკა მხოლოდ ოცნების ცჰისქვილზე ასხავს ცჰყალს მასჰინ პირველ რიგსჰი ტქვენ ხარტ დასაწჰერიიქნებ ის განერვიულებტ ასე მცჰარედ რომ უგულავას ინტელექტი 100-ჯერ მეტად რომ გადაცჰონის ტქვენ ინტელექტს.
cira
19 ივნისი 2014 16:46
მართლა ამოვიდა უგულავა ყელში ან დაიჭირონ და ან ჩააკმენდინონ ხმა მაგ უზნეოს და უტიფარს.
davit
14 ივნისი 2014 20:14
9 წლის წინ ქალაში ჯიხურები ააღებინეს ახლა კი ყველ გან ჩადგეს თავიანთი ჯიხურები, რა შეიცვალა გვპირდებოდნენ აღარ ჩავდგავთ ჯიხურებსო.

რედაქტორის რჩევით