"ხელისუფლების პიარსამსახურის შემადგენლობა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების პიარსამსახურის შემადგენლობა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს"

"შიხიაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტი დააჯარიმა"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მართლაც უპრეცედენტო გამოდგა - მეორე ტურის ჩატარება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ კიდევ შვიდ თვითმმართველ ქალაქში გახდა საჭირო. 13 თემში გამგებელს ადგილობრივი მოსახლეობა ასევე მეორე ტურში აირჩევს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 4-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, რომელთაგან "ქართული ოცნება" 50.97%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" 22.22%-ით, მესამეზე გასულმა "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციამ" ხმების 10.23% მიიღო, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" კი - 4.72%. წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველი ძალის თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 46.13% მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკა მელიამ - 27.91%. არჩევნების მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს. მიმდინარე მოვლენებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აფასებს:

- რითი ახსნით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ აქტიურობას? თბილისში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 37.3%-მა მიიღო, მთელ ქვეყანაში კი - 43,31%-მა.

- ქართველი ამომრჩევლის აქტიურობა, ძირითადად, განპირობებულია იმ საფრთხით, რასაც ამომრჩეველი კონკრეტულ ვითარებაში გრძნობს. მაგალითად, როგორც ეს მოხდა 2008 წლის საპრეზიდენტო ან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. როდესაც ქვეყანაში სიმშვიდეა, აქტიურობა საარჩევნო უბნებზე ნაკლებია ხოლმე. ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, ევროპულ სივრცეშიც, როგორც წესი, 40%-ს თუ აღწევს ელექტორატის არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ევროპული სტანდარტი საქართველოში დემოკრატიულობის დიდ საფუძველს ემყარება. ამომრჩეველს მონაწილეობის მოტივაციას მაინცდამაინც ვერც ის ფრაზები შეუქმნიდა, რასაც ხელისუფლების პირველი პირებისგან წინასაარჩევნო პერიოდში ვისმენდით, მაგალითად ასეთს: "ქართულ ოცნებას" არა ჰყავს ალტერნატივა", "ეს ძალა არ დაუშვებს, სადმე ვინმე სხვის გამარჯვებას" და ა.შ. ეს ფრაზები, ჩემი აზრით, შორს არის დემოკრატიული ცნობიერებისგან, თანაც მათი მოსმენისას ხელისუფლების მხარდამჭერი მოქალაქეც კი ფიქრობს, რომ არჩევნებზე მისი მისვლით არაფერი შეიცვლება, რადგან სასურველი შედეგის მისაღწევად მის გარეშეც ყველა და ყველაფერი მობილიზებულია.

- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამომრჩეველთა ნაწილი იმედგაცრუებულია და არჩევნებზე მიუსვლელობა პროტესტის გამოხატულებაა.

- თუ ასეა, გულისტკივილით გეტყვით, რომ ეს მხოლოდ ჩვენს დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიანიშნებს, რადგან საკუთარ სამზარეულოში გამოთქმული პროტესტი არავის ესმის და არც ამ პროტესტის მასშტაბის დანახვაა შესაძლებელი. პროტესტის ჩვენების ფორმაა საარჩევნო უბანზე მისვლა და თუნდაც ყველა კანდიდატის გადახაზვა. მოგეხსენებათ, ეს ხმები ითვლება, თანაც ყველას ეძლევა საშუალება, ნახოს ამომრჩევლის რა რაოდენობაა საპროტესტოდ განწყობილი. მე დაბალ აქტიურობას უფრო ჩვენი სიზარმაცით ავხსნიდი, ზოგ შემთხვევაში კი ნაკლები პასუხისმგებლობითა და მოქალაქეობრიობის არცთუ მაღალი შეგნებით.

- ხშირად მოგვისმენია, რომ ხელისუფლებას პიარის პრობლემა აქვს, საქმე გაცილებით ბევრი კეთდება, ვიდრე ამას საზოგადოება იგებს. პოლიტტექნოლოგები მმართველი კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიასაც მაინცდამაინც კარგად არ აფასებენ.

- ძნელად დასაჯერებელია, რომ ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ ჰყავს პიარსამსახური. თუ ჰყავს, ხელისუფლება ითვალისწინებს კი პროფესიონალთა რჩევას? ნამდვილად შეიძლებოდა უკეთესი კამპანიის წარმოებაც და უფრო დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმაც, მაგრამ, როგორც ჩანს, უპირველესად საკუთარი თავი დაირწმუნეს, რომ ყველაფერს თვითონ მოიგებდნენ და ამომრჩევლის წინაშე თავის მოწონება მაინცდამაინც სავალდებულოდ არ მიიჩნიეს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნების გარეშეც პიარის არარსებობა ვნებს ნებისმიერ ხელისუფლებას. თუ საქმე სახელმწიფოს ეხება, დუმილი და მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, როდესაც ოპონენტები ხან საფუძვლიანად და ხანაც სრულიად უსაფუძვლოდ, თავს გესხმიან, არასწორია. რასაკვირველია, უფრო გამობრძმედილი და მაღალი კლასის პოლიტიკოსების დეფიციტს ვხედავ. მაქვს საკმარისი საფუძველი იმის თქმისა, რომ ხელისუფლების პიარსამსახურის ეს შემადგენლობა დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს და მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები, ოღონდ ქართველი კოლეგების გარეშე უცხოელი გიგანტებიც ვერ ჩასწვდებიან ჩვენი თანამოქალაქეების ფსიქოლოგიას.

კიდევ უფრო დასაფიქრებელია, უნდა იყოს თუ არა მთავრობის ხელმძღვანელი ამა თუ იმ საკითხზე ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყარო და უნდა გააკეთოს თუ არა კომენტარი ყოველ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე...

- მეორე ტურის საჭიროება ფასდება როგორც დემოკრატიის განვითარების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი. როგორ ფიქრობთ, თბილისში უფრო შესაფერისი კანდიდატი რომ ჰყოლოდა მმართველ გუნდს, ყველაფერი პირველ ტურშივე გადაწყდებოდა?

- კმაყოფილებით ვიტყვი, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არ შედრკა და ასე მაღლა ასწია გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერი. ამით აჩვენა, რომ არა მხოლოდ ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, არამედ მნიშვნელოვან ნაბიჯებსაც დგამენ. ვფიქრობ, მეორე ტურზე ამომრჩეველი უფრო მოტივირებული იქნება, რათა არ დაუშვას იმ კანდიდატის გამარჯვება, რომელიც მისთვის მიუღებელია. რაც შეეხება ნარმანიას, მჯობნს მჯობნი არ დაელევა. არსებულ კანდიდატურებს თუ გადავხედავთ, ბატონ ნარმანიას აქვს უპირატესობა, ის პროფესიონალი ეკონომისტი, თავმდაბალი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია.

- სკანდალი მოჰყვა პარლამენტარების, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის, ბაქოში ვიზიტს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ აზერბაიჯანში საბაჟოზე შემოწმებისას აღმოაჩნდათ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა - დაახლოებით მილიონ დოლარამდე. დეპუტატები ამას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, ამ შავი ფულის უკან დავით კეზერაშვილი დგას.

- თეორიული საფუძველი იმისა, რომ თანხის შემოტანა ეცადათ, თან ის კეზერაშვილის ყოფილიყო, არსებობს და ემყარება იმ რეალობას, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას.

თუ ეს რეალობაა, მაშინ შემიძლია ძალიან გულდაწყვეტილმა მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩვენ დაგვიკარგავს ორი მშვენიერი მსახიობი ნადირაშვილისა და ჯაფარიძის სახით. თუ ეს მითია, მაშინ სულ სხვა დასკვნები უნდა გაკეთდეს. ისიც ცხადია, რომ კახა კალაძეს გაცილებით მეტი ინფორმაცია ექნება, ვიდრე რომელიმე თქვენს სხვა რესპონდენტს, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

- უკვე ცნობილია, რომ დელეგაციაში, რომელიც 27 მაისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ბრიუსელში გაემგზავრება, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ იქნება.  გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სწორედ მას ჰქონდა უფლება ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის, თუმცა, კინკლაობისთვის რომ დაესვა წერტილი, ეს უფლება პრემიერ-მინისტრს გადასცა.

- მან დროულად გადასცა ამ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს და ამით უპირველესად სახელმწიფოს ავტორიტეტს გაუფრთხილდა, რადგან ბრიუსელში უკვე ირონიული გამონათქვამების თემად იქცა ხელშეკრულების ხელმომწერის ვინაობა.

გამომდინარე იქიდან, რომ უფლებამოსილება უკვე გადაცემული იყო, მარგველაშვილი ბრიუსელში ტურისტის სტატუსით ნამდვილად არ ჩავიდოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისა და მხარდაჭერისთვის. ქვეყნისთვის ბევრად მისაღებია ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არ ასოცირდება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან და აქვს უნარი და სურვილი, წარმოადგენდეს მთელ ქვეყანას და არა ერთ პარტიას. შესაბამისად, მარგველაშვილის პოლიტიკური წონა სულ უფრო იზრდება, თან სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც მის მიმართ გააქტიურებულია ნეგატიური პროცესი. თავიდათავი არსებული დაპირისპირებისა, ჩემი აზრით, არის ჩვენი მთავრობის დამოუკიდებლობის ძალიან დაბალი ხარისხი. როგორც ჩანს, ის ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშაა. ეს შეიძლება ბუნებრივიც იყოს, მაგრამ როგორც კი დავატყობთ, რომ ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს, ამაზე დუმილი დანაშაულია. ისევე როგორც დანაშაულია ის, რომ უკვე კარგა ხნის არჩეულ პრეზიდენტს არა აქვს შესაძლებლობა, მოიწვიოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომა.

ამდენი გამოწვევის წინაშე მდგომ ქვეყანაში უშიშროების საბჭოს სხდომის გაუმართაობა არის საშიშროება და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

მეტიც, უკვე იმაზეა ლაპარაკი, რომ კონსტიტუცია შეცვალონ და ეს ორგანო გადავიდეს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში. ბატონებო, გაიაზრეთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ კონსტიტუციით, რომელიც თავისთვის შექმნა სააკაშვილმა, მაგრამ მასაც კი არ ეყო ფანტაზია, რომ სრულიად უფუნქციოდ დაეტოვებინა პრეზიდენტი.

- ექსპერტთა აზრით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება გვარიანად დააზარალა პრემიების სკანდალმა, რომელიც დროდადრო ატყდებოდა ხოლმე. ასევე, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ მეორე ტურის წინ საკრებულოში ხელფასის სამმაგი ოდენობის პრემიების გაცემას გაბედავდნენ.

- არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი შიხიაშვილი, რომლის თანამებრძოლობა "ქართულმა ოცნებამ" აღარ ისურვა, მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა დააჯარიმოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც გააკეთა კიდეც. ჩემი აზრით, ეს უფრო დემარშია, ვიდრე ლოგიკაზე დაფუძნებული ქმედება.

- ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად უკვე ყველაფერი მზად არის. კიდევ ერთხელ შევაფასოთ მისი მნიშვნელობა.

- ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ვიღებთ მშვენიერ შესაძლებლობებს, რომ ვიყოთ უფრო წარმატებული ქვეყანა და ვიცხოვროთ მართლაც დემოკრატიულ სამყაროში, მაგრამ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ თუ არა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენი მოსახლეობა ვერ ხედავს ამგვარი განვითარების მოტივაციას, თუ მუდმივად დღევანდელ კვერცხზე ვიქნებით ორიენტირებული, მაშინ ეს ხელშეკრულებაც ფარატინა ქაღალდად დარჩება. თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, უნდა გააცნობიეროს თავისი ვალდებულება. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც სიდუხჭირეში ცხოვრობს. რასაკვირველია, უნდა ვიფიქროთ და ვიღვაწოთ ქვეყანაში ერთიანი განწყობის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება მოშიმშილე თანამემამულეებისა და პრემიებით გაბერილი სახელმწიფო მოხელეების გადამკიდე. ეს არ შეეხება მხოლოდ საგარეო კურსს, ვერავითარ წარმატებას ვერ მივაღწევთ საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ქვეყანაში ერთიანობა არ იქნა, თუმცა, დიდი სოციალური განსხვავებების გამო ეს ძალიან გაჭირდება. თვითონ უნდა შევქმნათ იმ შესაძლებლობების გამოყენების საშუალება, რასაც გვაძლევს ცივილიზებულ სამყაროსთან ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადება, როგორიც ასოცირების ხელშეკრულებაა.

ნათია დოლიძე