"საქართველო ბევრად მეტის ღირსი იყო" - კვირის პალიტრა

"საქართველო ბევრად მეტის ღირსი იყო"

27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ოფიციალური თბილისი და საზოგადოების დიდი ნაწილი ისტორიულს უწოდებს. ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას, გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა, ეკონომიკური მხარეც აქვს. ის შესაძლებლობები, რაც ამ დოკუმენტის ფარგლებში ეძლევა საქართველოს, შთამბეჭდავია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - შევძლებთ თუ არა ამ ხელშეკრულების ადეკვატურად გამოყენებას. პარალელურად, რუსეთის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. სხვათა შორის, მიუხედავად დასავლეთსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობისა, კრემლს ევროპის დედაქალაქებში წონა არ დაუკარგავს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ მოგვცემენ ნატოს მომავალ სამიტზე  MAპ-ს, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე გადაწყვეტილი ამბავი ეგონა. კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- საქართველო დიდი ხანია ცდილობს დასავლური ვექტორის დაკავებას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი დანაკარგიც აქვს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უსამართლონი იყვნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ და ახლაც ზოგჯერ ასევე აგრძელებენ. ტერიტორიული მთლიანობიდან დაწყებული, ჩვენში ბევრი რამ შეეწირა ამ ვექტორს, შესაბამისად, საქართველო დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბევრად მეტი ყურადღებისა და სითბოს ღირსი იყო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. ასოცირების ხელშეკრულებით გარკვეული ძვრა ნამდვილად მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ისეთი დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აღორძინების გარანტორი იქნება, თუმცა მრავალი მიმართულებით ბევრ შესაძლებლობას იძლევა.

- ალბათ, ყველაფრის დასავლელი პარტნიორებისთვის დაბრალება არ იქნება სწორი.

- გეთანხმებით. ყველაფერს ნუ დავაბრალებთ დასავლელ პარტნიორებს, მეტიც, ნურც ჩრდილოელ მეზობელს, ბევრი რამ ჩვენი ბრალია. საქართველოში ვერაფრით მოხერხდა ისეთი ტიპის მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ნგრევასა და ადამიანების ფსიქოლოგიურ განადგურებაზე კი არ იქნებოდა ორიენტირებული, არამედ შენებაზე. ამას დღევანდელ ხელისუფლებაზე არ ვამბობ, რადგან ჯერ ორი წელიც არ არის, რაც ეს ხალხი ქვეყნის სათავეშია, ანალიზისთვის ჯერ ძალიან ცოტა დროა. დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება პრაქტიკული თვალსაზრისით საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველო ამ ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯებისთვის, ვფიქრობ, მზად არ არის.

- იქნებ, აუხსნათ მკითხველს, რას გულისხმობთ?

- არ მჯერა, რომ თითო-ოროლა პოლიტიკოსის გარდა, ის ათასფურცლიანი დოკუმენტი ვინმეს წაკითხული აქვს. არ მჯერა იმიტომ, რომ ვერ ვხედავ პოლიტიკოსთა მხრიდან კომპეტენტურ მსჯელობას იმ თემებზე, რაც ამ დოკუმენტშია გათვალისწინებული. კვალიფიცირებული, ობიექტური ანალიზი, რომელიც ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის გასაგები იქნება, ჯერ არ მომისმენია. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ იმ საკანონმდებლო და ეკონომიკური ცვლილებებისთვის, რასაც ევროკავშირი მოითხოვს ჩვენგან, საქართველო მზად არ არის. მზადყოფნა არ ჩანს არც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, არც საშუალო რგოლებში, არც პროფესიონალიზმის და არც ცოდნის თვალსაზრისით. სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ საზოგადოება საერთოდ არ არის ინფორმირებული და მომზადებული, რაშიც დამნაშავე არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს თავისი პოლიტიკური პიარისთვის იყენებენ, ვინ დადებით და ვინ - უარყოფით კონტექსტში.

- ექსპერტთა აზრით, ჩვენში არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყნის ევროინტეგრაციის დისკრედიტაციას. ისინი ხშირად ოპერირებენ პოსტულატებით, რომ ევროპა წაგვართმევს იდენტობას, რომ დასავლეთი ემუქრება ჩვენს ტრადიციებს და ა.შ. თუ საზოგადოების ინფორმირება დროულად და სწორად არ წარიმართა, ამგვარი ტენდენციების გაძლიერებას უნდა ველოდოთ?

- არაინფორმირებულობა ამგვარი ტენდენციების გაძლიერებას ნამდვილად შეუწყობს ხელს. მაგალითად, ჩვენში ტრადიციულ საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მხარდაჭერის საკითხი. ამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია და ასეთ მხარდაჭერას არავინ გვავალდებულებს, თუმცა ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანამ აქამდე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგალითად, მოაგვაროს მაჰმადიანი მესხებისა და რეგიონული ენების საკითხი.

ეს ის ვალდებულებებია, რაზეც ხელი აქამდე კარგა ხნით ადრე მოვაწერეთ. ქართული პოლიტიკური ელიტის იმჟამინდელ წარმომადგენლებს, როცა ამას აწერდნენ ხელს, უნდა ეფიქრათ, ეს ქართველი საზოგადოებისთვის რამდენად მისაღები იყო. მათ მოაწერეს ხელი, მერე კი იმის მაგივრად, რომ ხალხი შეემზადებინათ, მორცხვად დაიწყეს ამის საზოგადოებისთვის დამალვა. თუ დროულად არ მოხდა საზოგადოების ინფორმირება და მომზადება ამ მიმართულებებითაც, ამან შეიძლება ქვეყანაში განხეთქილება გამოიწვიოს.

- "როგორც კი ძალაში შევა საქართველოს, უკრაინას, მოლდავეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებები, გავაანალიზებთ და თუ ეს ნეგატიურად აისახება დსთ-ის თავისუფალ სავაჭრო ზონაზე, იმ პირობებზე, რა პირობებითაც ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გავწევრდით, რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მოგვიანებით იმავე ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში მოსკოვი საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდავეთთან კონსულტაციებისთვის მზად არის.

- რუსეთმა გვაჩვენა, რომ მისი მუქარა გარკვეული დროის მერე რეალურ სახეს იძენს ხოლმე.

სულ არ გამიკვირდება, რუსეთმა ისევ დახუროს ბაზარი ამ სამი ქვეყნის პროდუქციისთვის.

სავაჭრო ურთიერთობების განახლების შემდეგ 23%-ით გაიზარდა სავაჭრო სალდო საქართველოსა და რუსეთს შორის, შედეგად არაერთმა დარგმა დაიწყო ფეხზე წამოდგომა. თუ დაიკეტა დღეს რუსული ბაზარი, ეს იქნება დარტყმა ამ დარგებისთვის. იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ დოკუმენტს, რომელსაც ახლახან მოვაწერეთ ხელი, თუ დასჭირდა, რუსეთი დაუპირისპირებს თავისი ბაზრის დაკეტვას. თუ დღის წესრიგში დადგა სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტის გაფორმება - ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებასაც ვგულისხმობ, მაშინ ამას რუსეთIი დაუპირისპირებს სამხედრო-პოლიტიკურ ნაბიჯებს, რაც აქამდეც გაუკეთებია.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთი წარმატებულად მიიჩნევს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უელსის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს. ლაპარაკია საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის შეთავაზებაზე.

- არ ვიცი, რას ნიშნავს გაძლიერებული პაკეტი, ალბათ, უახლოეს მომავალში გვეტყვიან ნატოელი დიპლომატები. დღეს დასავლურ პოლიტიკაში არ არიან იმ ტიპის ქარიზმატული ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ თავისი საქციელით, შემოთავაზებული გეგმით ან სიტყვით პოლიტიკური ვითარების მართვა. დღეს აღარ არიან ტეტჩერის, დე გოლის, რეიგანის ტიპის ლიდერები, რომლებიც თვითონ ქმნიდნენ პოლიტიკურ ამინდს. გარდა ამისა, იმდენად არის დღეს ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკა, რომ ძალიან ძნელია, აიძულო ერთი რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მიიღოს კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, როდესაც მის უკან დგას ფინანსური ელიტა, რომელსაც სულ სხვა ინტერესები აქვს. ევროპის საქციელი დღეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად ბუტაფორიული და დეკორატიულია ფასეულობებზე გაუთავებელი ლაპარაკი.

საქართველო დღეს იჩაგრება აბსოლუტურად დაუმსახურებლად, მიუხედავად ამისა, ევროპამ ვერაფრით გამონახა საერთო ენა იმისთვის, რომ კონსოლიდირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

იმაშიც კი ვერ შეთანხმდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს თქვან, საქართველო არ არის ნატოს ღირსი და დავანებოთ თავიო.

მუდმივად ცდილობენ თვალთმაქცობას და თავისი ინტერესების დაფარვას, შედეგად კი საქართველო და ზოგიერთი სხვა ქვეყანაც მოკლე ძაფით ჰყავთ ახალ-ახალ სატყუარაზე მიბმული.

უკრაინის მაგალითი ავიღოთ, რომელიც დღეს ყველას პირზე აკერია. იქ უკრაინელი ხალხი კი არ არის მთავარი, უკრაინა დღეს ორი დაპირისპირებული პოლუსის - დასავლეთის და რუსეთის ბრძოლის არენაა. ეს არის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის სამწუხარო კლასიკა.

- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულებით სარგებლობა აფხაზებსა და ოსებს ჯერ საქართველოდან, შემდგომ კი ევროკავშირის ტრიბუნიდან შესთავაზა.

- აფხაზები და ოსები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ყველა მოვლენას, რაც საქართველოში ვითარდება, დარწმუნებული ვარ, ამასაც ყურადღებით მოისმენდნენ. აფხაზებისთვის მომხიბვლელია ჯანდაცვის სფერო. ბოლო ხანს ჩვენთან 1 000-მდე აფხაზმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ამით იმდენად შეწუხებულია აფხაზეთის დღევანდელი ნაციონალისტური ხელისუფლება, რომ ამ დღეებში რუსეთს მიმართეს, ჩაგვრთეთ რუსულ სადაზღვევო სისტემაში, თორემ მთელი აფხაზეთი საქართველოში მკურნალობსო. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, აფხაზები გვეუბნებიან, თქვენ თქვენი თავისთვის ვერ მოგივლიათ და ჩვენ რა უნდა შემოგვთავაზოთო. ევროკავშირთან ხელმოწერა პანაცეა არ არის, აქ, ჩვენთან, უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური მართვის წრეში, ასევე საზოგადოების ცნობიერებაში. მხოლოდ ეს გამოიღებს ნაყოფს და მოგვცემს საშუალებას, ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობებით, რასაც ეს ხელშეკრულება იძლევა.

- აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება, რომელზეც რუსეთთან შეერთების თაობაზე დაისმება კითხვა.

- ეს რეფერენდუმი ჩატარდება, თუმცა რუსეთი ცხინვალის რეფერენდუმის შედეგს ჯერჯერობით გადასაფარებელს გადააფარებს და მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს.

ნუ გვავიწყდება, რომ აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმები 90-იან წლებში ჩატარდა, მისი შედეგები კი რუსეთმა 2008 წელს გამოიყენა. იგივე მოხდება შეერთებასთან დაკავშირებითაც. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც პროცესის მონაწილეებს შორის საკამათოა. ბიბილოვს უნდა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში დამოუკიდებელ სუბიექტად შევიდეს, რაც სრულიად მიუღებელია ჩრდილოკავკასიური ელიტის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც უჩნდებათ კითხვა, - რატომ უნდა იყოს ორი ოსეთი, როდესაც გაერთიანებულია ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი?!

ვიღაც იტყვის, - რუსეთი ამ აზრს არ გაითვალისწინებსო, მაგრამ ისიც მშვენივრად იციან კრემლში, რომ ეს მორიგი პატარა ნაღმი იქნება ჩრდილო კავკასიაში, რომელიც, როცა იქნება, ამოქმედდება. ჩრდილო ოსეთთან შეერთება კი ცხინვალში კატეგორიულად არ სურთ, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ცხინვალის ე.წ. ელიტა განულდება. თანაც არა მგონია, მაშინ, როდესაც რუსეთს ყირიმი აქვს მოსავლელი, კიდევ ახალი თავის ტკივილი გაიჩინოს. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ, როგორც ჩანს, მთლად მარტივად არ ჩაივლის არჩევნები. დე ფაქტო პრეზიდენტობაზე კანდიდატურა დააყენა მერაბ ქიშმარიამ, რომელიც ბაღაფშისა და ანქვაბის ხაზის გამგრძელებელია. იგი საკმაოდ სახელიანი და წონიანი ფიგურა და აფხაზეთის გმირია. ეს არის კიდევ ერთი დისკომფორტის შემქმნელი ხაჯიმბასა და მისი მოსკოველი პარტნიორებიასთვის. აფხაზები ძალიან რთულ ვითარებაში არიან. თუ ჩვენ, საქართველომ, პოლიტიკის ნაწილად არ ვაქციეთ ამ კუთხის მიხედვა, სერიოზული ინიციატივები არ წარმოვადგინეთ, აფხაზეთს დავკარგავთ, ოღონდ არა როგორც ტერიტორიას, არამედ როგორც დემოგრაფიულ ერთეულს. აფხაზეთში აფხაზების რაოდენობა კატასტროფულად კლებულობს, დაბალია შობადობა, ძალიან მაღალია ამ კუთხიდან აფხაზების გასვლის მაჩვენებელი. აფხაზეთის ტერიტორიას კი ნელ-ნელა სხვა ეთნოსები იპყრობენ. სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გააზრებული, ჩამოყალიბებული, მრავალვექტორიანი და მრავალვარიანტიანი სამუშაო გეგმა არ ჩანს. მესმის საქართველოს ხელისუფლებისაც, მეტად რთულ ვითარებაში არიან, აქეთ დასავლეთის უკბილო პოლიტიკა, იქით რუსეთის ცინიკური დამოკიდებულება... ძალიან ძნელია, პატარა საქართველომ ამ დიდი პოლიტიკის მღვრიე წყალში ოქროს თევზი დაიჭიროს. ისეთი მძიმე მემკვიდრეობა მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით, რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. მათი ერთადერთი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ვერ მოახერხეს პროფესიონალი და საჭირო კადრების კონსოლიდაცია კონკრეტული გეგმის მოსამზადებლად.

- დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, კიევიდან დეპორტირებული "კანონიერი ქურდი" რომან ბარბაქაძე, იგივე "რემენა" ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დავალებით თბილისის აეროპორტიდან შსს-ს გენინსპექციის თანამშრომლებმა გაიყვანეს, იმ მოტივით, რომ ის არა "კანონიერი ქურდი", არამედ ბიზნესმენი იყო.

- "კანონიერი ქურდების" ერთი ნაწილი ყოველთვის ახლოს იყო ხელისუფლებასთან, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებასთანაც. გენინსპექცია რომ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდა, ამას მხოლოდ ნადირაშვილი ამბობს, სხვა მტკიცებულებები არ ჩანს. მე სხვა რამ მაინტერესებს, ამ ტიპის განცხადებების შემდეგ სასაცილო ხდება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სამართალსა და დევნაზე ლაპარაკი. იმდენად ძლიერი გავლენები აქვთ შენარჩუნებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურებში, პრაქტიკულად მათთვის დამალული ინფორმაცია არ არსებობს.

ამით არის სწორედ  "ნაციონალური მოძრაობა" სახიფათო, ხვალ თუ ზეგ შეუძლიათ ქვეყანაში სიტუაცია ამოატრიალონ. ამ ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ ამათი გავლენები ძალოვან სისტემაში შენარჩუნებულია.

საჭიროა კადრების დროული და სერიოზული გადახედვა. ამ არჩევნებზე კარგად ვნახე, რას სჩადიოდნენ ის ადამიანები, ვინც ჩემთვის დღემდე 2007 წლის ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის ზონდერები არიან. იმავე მდგომარეობაში, იმავე ძალაუფლებით აღჭურვილები, ისევ იმავე პათოსით მოქმედებდნენ რეგიონებში, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლში. მოქმედებდნენ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ.…

ნათია დოლიძე