"ნაციონალებს" ქვეყანაში ესკალაციის კონკრეტული გეგმა აქვთ"
07-07-2014
"ნაციონალებს" ქვეყანაში ესკალაციის  კონკრეტული გეგმა აქვთ"
ვფიქრობ, თბილისს პირწმინდად მოიგებს დავით ნარმანია, რეგიონებშიც უმეტესად მმართველი კოალიცია გაიმარჯვებს

"ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე მართებს"


აქამდე სასამართლოს მიერ არაერთხელ გათავისუფლებული თბილისის ყოფილი  მერი გიგი უგულავა, დაპატიმრებულია. ე. წ. შავი ფულის გათეთრების საქმე, რომლის გამოც მანამდე მისი ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი, დააკავეს, მისთვის ფატალურად იქცა. სასამართლოს გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ხმაურიანად გააპროტესტეს, რასაც შეხლა-შემოხლა და არეულობა მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ცხრა წელი ამგვარ საპროტესტო აქციებს განსაკუთრებული სისასტიკით შლიდა, დღეს
თავს დაზარალებულად და დევნილად მიიჩნევს. კულუარული ინფორმაციით, უგულავას დაკავებამ გვარიანად შეაშფოთა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ჯგუფი, რომლის არაერთი წევრი შიშობს, რომ შესაძლოა, მომდევნო ის იყოს.  ამიტომაც, ექსპერტთა ვარაუდით,  მათი მმართველობის დროს ჩადენილ კანონდარღვევებზე პასუხისგების ასაცილებლად მუშავდება გეგმა, რაც შესაძლოა ქვეყანაში პროცესების ესკალაციასაც ითვალისწინებს. ამ ვერსიას ექსპერტი
კახა კახიშვილიც ეთანხმება.


- იმან, რაც საქალაქო სასამართლოსთან მოხდა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ის ძალა, რომელიც უარს არ იტყვის არც არეულობაზე, არც პროცესების ესკალაციასა და არც ძალადობაზე. ამ პარტიის წევრები მუდმივად აპროტესტებენ ძალადობას, თუ ეს მათ წევრებს ეხება, იმავდროულად, თვითონ არ ეშვებიან ამგვარ ქმედებებს. ამ არეულობამ ცხადყო, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" არც სასამართლოს უზენაესობა ნიშნავს რამეს და არც პროკურატურა, როდესაც ისინი მათთვის არახელსაყრელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ვინმეს რომ გაებედა და სასამართლოსთვის ან პროკურორისთვის ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინა, სისხლში აბანავებდნენ!

- რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მიხეილ სააკაშვილს კიევში ესტუმრნენ. კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაზე ილაპარაკეს თავიანთი წევრების წინააღმდეგ ახალ-ახალი საქმეების აღძვრის შესაძლებლობაზე და  ითქვა, რომ ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი გზა ქუჩის აქციები და ვითარების ესკალაციაა.
- "ნაციონალთა" ერთი ნაწილი ვითარების ესკალაციას შეეცდება, თან ამას ისე წარმოაჩენენ, ვითომ თვითონ არიან მსხვერპლნი;
"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დისკრედიტაციას დაიწყებს.

"ნაციონალებს" ესკალაციის კონკრეტული გეგმა აქვთ. ამას ხელს შეუწყობენ "ნაციონალების" კონტროლირებადი  საინფორმაციო საშუალებები. აამუშავებენ ყველა იმ ბერკეტს, რაც სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციაში კიდევ შერჩათ, მაგალითად, "თელასსა" და ამგვარ კომპანიებში შეიძლება საბოტაჟიც კი სცადონ. ეს გეგმა ნამდვილად აქვთ, მოახერხებენ თუ არა მის ამუშავებას, დამოკიდებული იქნება ხელისუფლების კვალიფიციურობაზე, მოვლენების ადეკვატურად გაანალიზებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარზე. დაპირისპირებებისა და ესკალაციის ინსპირირება "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, ვნახოთ, რას დაუპირისპირებს ამას ხელისუფლება. ერთიც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აუცილებლად შეეცდებიან საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნისა და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ამიტომ ნებისმიერი მცდარი განცხადება და უზუსტო ქმედება მათთვის კარგი საბაბი იქნება. "ნაციონალებს" არეულობის გზით აქვთ გადაწყვეტილი ხელისუფლებაში დაბრუნება, თან მათი მიზნები საკმაოდ მრავალ წელზეა გაწერილი. ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე მართებს, რაც მეტ შეცდომას დაუშვებს მმართველი ძალა, მით მეტად გაძლიერდება "ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, არა მგონია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მასშტაბური აქციების მოწყობა მოახერხოს, ეს ძალა უკიდურესად დისკრედიტირებულია.

- თქვენი აზრით, რატომ გადაწყდა მაინცდამაინც ახლა უგულავას დაკავება, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედებს საარჩევნო პროცესის გამო გამოცხადებული მორატორიუმი? ოფიციალური ვერსიით, ის საზღვარგარეთ წავიდოდა და აღარ დაბრუნდებოდა.

- გამიჭირდება გიგი უგულავას დაკავების სამართლებრივი შეფასება. ისმის კითხვა, რატომ არ შეუფარდა სულ რამდენიმე დღის წინ გამართულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო და ახლა კი პატიმრობა? უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურატურამ ამჯერად მეტად არგუმენტირებულად წარადგინა ბრალი. რაც შეეხება მორატორიუმს, დღეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ევროკავშირიც, მხოლოდ მორატორიუმის დარღვევაზე ლაპარაკობს და იშვიათად ახსენებს ვინმე უგულავას ბრალეულობასა თუ უდანაშაულობას. მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების პრობლემა არათანამიმდევრულობაა. Aაქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უნდა დასთანხმებოდა მორატორიუმს, ამგვარი რამ არც ერთ კანონში არ წერია. ვფიქრობ,
მორატორიუმის გამოცხადება შეცდომა იყო, მაგრამ რადგან გამოაცხადეს, კეთილენებათ და ბოლომდე შეესრულებინათ. 

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა მტკიცებით, უგულავას დაკავება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
- "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ცდილობს პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკით გაექცეს იმ პასუხისმგებლობას, რაც მათი მმართველობისას ჩადენილ კანონდარღვევებს შეეხება. მოდი, შევხედოთ სასამართლო სისტემას, არის კი ის დამოუკიდებელი? მე ამის არ მჯერა,
დარწმუნებული ვარ, მასშტაბურ გავლენას სასამართლო სისტემაზე კუბლაშვილის ბერკეტების წყალობით ჯერ კიდევ ინარჩუნებს "ნაციონალური მოძრაობა" - კიდევ ახერხებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საქმეების სასურველ მოსამართლეებზე მიწერას და ისეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას, რაც სჭირდებათ. რატომ არ მოხდა ეს უგულავას შემთხვევაში? ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სრული კონტროლი ვეღარ გამოსდის, როგორც ამას ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდა. პრობლემა ის არის, რომ ისევ მუშაობენ ის მოსამართლეები, რომლებიც მიჩვეული არიან სხვისი მითითებების უპირობო შესრულებას, და, სავარაუდოდ, მომავალშიც ადვილად დაემორჩილებიან სხვის ინსტრუქციებს. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს მაინც სასამართლოა, რომ ევროპა ვერ გაგვიგებს, არასწორია. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ რაც დასაწყები იყო, ვერ დაიწყო, ვგულისხმობ, სიღრმისეულ რეფორმებს და რაც დაიწყო, ბოლომდე ვერ მიიყვანა, რის შედეგადაც გვაქვს ისეთი ტიპის სასამართლო სისტემა, რომლის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის პირი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ უკანონობაზე, რაც "ნაციონალების" მმართველობისას ქვეყანაში ხდებოდა.

- საზოგადოების ნაწილის აზრით, უგულავას დაკავება არის ნიშანი იმისა, რომ საბოლოოდ დასრულდა კოაბიტაცია და დაიწყება სამართლიანობის აღდგენა.
- სიმართლე გითხრათ, ტერმინი "სამართლიანობის აღდგენა" დიდად არ მომწონს. ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ "კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრების დაწყება". უგულავას ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ გარდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნისა, აუცილებელია ისეთი ტიპის საქმეებზეც დროულად გამოიტანონ ვერდიქტი, რომელმაც შეიძლება დააზარალოს ქვეყნის ბიუჯეტი. ვგულისხმობ, წინა ხელისუფლების დროს მოქალაქეებისთვის წართმეული ქონების დაბრუნებას.

- რიგით მეხუთე ბრალდების მიხედვით, რომლის საფუძველზეც შეეფარდა უგულავას პატიმრობა, ის უკანონო გზით ცდილობდა უცხოეთიდან ქვეყანაში "შავი ფულის" შემოტანასა და ლეგალიზებას. ექსსახელისუფლებო ძალას თუ ფინანსური წყაროები გადაეკეტება, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს გუნდში?
- ეს კარგად სტრუქტურირებული პარტიაა, რომელსაც მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს. ხელისუფლების მცდარი მოქმედების წყალობით "ნაცმოძრაობამ" მოახერხა ნაწილობრივ გამაგრება. მეტიც, შეინარჩუნა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო დიდი დაფინანსება.
რაც შეეხება ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის მიერ მხილებული სქემით "შავი ფულის" მიღებას, მიმაჩნია, რომ ამის გაკეთებას მომავალშიც შეეცდებიან.

"ნაციონალებს" ჰყავდათ ფავორიტი ბიზნესმენები, რომელთა ქონება, უმრავლეს შემთხვევაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვას წაართვა და მათ გადაულოცა. ეს ფული სულაც არ არის მხოლოდ ამ ე. წ. ბიზნესმენების, ეს იმათაც ეკუთვნის, ვისი საშუალებითაც ჩაიგდეს ხელში ესა თუ ის ბიზნესი, ვგულისხმობ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს. შესაძლოა, პირდაპირი გადარიცხვები ვერ ვნახოთ, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ზოგიერთი ბიზნესმენი "ნაციონალურ მოძრაობას" ფარულად ისევ არ აფინანსებდეს. მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო კონტაქტები, რაც ბოლო დროს უფრო გააძლიერეს. მიხეილ სააკაშვილი ლამის მშვიდობის მტრედად გადაიქცა და უფრენს მსოფლიოს გარშემო. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა კონკრეტულად იმ საქმიანობის წინ წამოწევა, რითაც ხასიათდებოდა ამ ე. წ. დემოკრატის ხელისუფლებაში ყოფნა. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება, ხელისუფლებას რომ მოეხერხებინა და ერთი სისტემური დანაშაული მაინც სრულყოფილად გამოეაშკარავებინა.

- მას მერე, რაც საფრანგეთის ექსპრეზიდენტს წაუყენეს ბრალი, ბუნებრივად ისმის კითხვა, თუ სააკაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთა, რატომ არ უნდა დაიწყოს მისი სამართლებრივი დევნა?

- საფრანგეთთან საქართველოს შედარება შეუძლებელია. საფრანგეთი გაცილებით ძველი დემოკრატიის ქვეყანაა. სჯობს შევადაროთ სააკაშვილისა და იანუკოვიჩის სამართლებრივი მდგომარეობა. სააკაშვილი დღესაც კითხულობს ლექციებს დემოკრატიაზე, იანუკოვიჩი კი პასუხისგებაშია მიცემული და მას ეძებენ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე საქმის აღძვრის დროს უკრაინის მოქმედი კონსტიტუცია დაირღვა და მისი პასუხისგებაში მიცემა იმპიჩმენტის გვერდის ავლით მოხდა. მაგრამ უკრაინამ მოახერხა და აჩვენა მსოფლიოს იანუკოვიჩის მმართველობის რეალური სახე, საქართველომ კი - ვერა.

- რას იტყვით, მეორე ტურის თაობაზე, რომლის თარიღიც, 12 ივლისი, ოპოზიციის წინააღმდეგობის საგნად იქცა?
- თუ ვინმეს ამის კანონიერება აეჭვებს, იჩივლოს. რაც შეეხება შედეგს, ვფიქრობ, თბილისს პირწმინდად მოიგებს დავით ნარმანია, რეგიონებშიც უმეტესად მმართველი კოალიცია გაიმარჯვებს, რამდენიმე ადგილას იბრძოლებენ ზოგიერთი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო შტაბების მუშაობა, თუ როგორ მოახერხებენ ისინი არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტორატის მობილიზებას. მართალია, "ქართული ოცნება" ამ არჩევნების შედეგს წარმატებულად მიიჩნევს, მაგრამ ელექტორატის ინერტულობამ და მიღებულმა შედეგმა უნდა დააფიქროს მმართველი ძალა. აშკარაა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის ავანსად გამოცხადებული ნდობა ნელ-ნელა ილევა და ამის შესაჩერებლად მუშაობაა საჭირო, საჭიროა ძირეული რეფორმების გატარება.

- მას მერე, რა საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა, ეს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგნად იქცა. როგორც გაირკვა, ხელისუფლება მალე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აამოქმედებს.
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან გაცილებით უფრო განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც, მიწის, განსაკუთრებით კი სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აკრძალულია. მიმაჩნია, რომ მთავრობამ უნდა იმუშაოს და მკაცრი რეგულაციები დააწესოს. უპრიანი იქნება, თუ გაყიდვის ნაცვლად შემოიღებენ გრძელვადიანი და მოკლევადიანი იჯარით მიწის გადაცემის ფორმებს, ოღონდ აქაც მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული ის საინვესტიციო კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ინვესტორს მიწა იჯარით გადაეცემა. მიწის გაყიდვა ინვესტიცია არ არის, მით უფრო ჩვენნაირ სოციალურად გაჭირვებულ ქვეყანაში, სადაც შეჭირვებულობის გამო შეიძლება ძალიან ბევრმა გაყიდოს მიწა, საბოლოოდ კი აღმოჩნდეს, რომ ქართული მიწის მეპატრონე ქართველები სულაც აღარ იყვნენ. თუ მთავრობამ მკაცრი რეგულაციები არ დააწესა, ეს პროცესი შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით