"ხელისუფლებისთვის წარმატების შენარჩუნების რთული ეტაპი იწყება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებისთვის წარმატების შენარჩუნების რთული ეტაპი იწყება"

"კარგი იქნებოდა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია უფრო მეტად ყოფილიყო წარმოდგენილი თვითმმართველობებში"

როგორც წესი, ზაფხული პოლიტიკურად არცთუ დატვირთული პერიოდია, თუმცა ამას წლევანდელ ზაფხულზე ვერ ვიტყვით. თვითმმართველობის არჩევნებმა და მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობამ, განსაკუთრებით დედაქალაქში, პოლიტიკური ცხოვრება ერთი-ორად საინტერესო გახადა.  12 ივლისს არჩევნების მეორე ტურში, როგორც მოსალოდნელი იყო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა, რითაც საბოლოდ დასრულდა ის იძულებითი კოაბიტაცია, რომელიც დედაქალაქის მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული სუფევდა. დედაქალაქის ცხოვრებაში ახალ მერთან ერთად ახალი ეტაპი იწყება. პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ავანსცენაზე განსაკუთრებულად აქტიურობს და ცდილობს, შინ და გარეთ ყველას დაუმტკიცოს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესებითაც. გიგი უგულავას სააპელაციო სასამართლომ სარჩელზე უარი უთხრა, შესაბამისად, თბილისის ყოფილი მერი ისევ პატიმრობაშია. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან საუბარი არჩევნების მეორე ტურის შეფასებით დავიწყეთ.

- მოხდა ის, რაც მოსალოდნელიც გახლდათ. ვბიქრობდი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთ საარჩევნო ოლქში ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ ჩემი ეჭვი არ გამართლდა. "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის სრული მხარდაჭერა მიიღო თვითმმართველობის არჩევნებზეც და უკვე ხელისუფლების ყველა შტოში სრულფასოვნადაა წარმოდგენილი. დღეს მმართველი კოალიციის პასუხისმგებლობა გაცილებით გაზრდილია, ვიმედოვნებ, რომ ამ პასუხისმგებლობას გაცილებით უკეთესად გაუმკლავდებიან, რადგან აღარ მოუწევთ მოქმედება კოაბიტაციურ რეჟიმში. ხელისუფლებისთვის წარმატების შენარჩუნების რთული ეტაპი იწყება.

- თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის ვერ მიულოცავს დავით ნარმანიას გამარჯვებას, რადგან ამ გამარჯვებისთვის ქალაქის ყოფილი მერის დაკავება გახდა საჭირო...

- ეს სისულელეა. უგულავას დაკავებას არავითარი კავშირი არ აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მარცხთან,

როგორც წესი, საზოგადოება დაჩაგრულს თანაუგრძნობს ხოლმე, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან უგულავას პოლიტიკური დევნის არავის სჯერა.

კანონის თანახმად, მეორე ტურში ერთი კაციც თუ მივა არჩევნებზე, ის მაინც ჩატარებულად მიიჩნევა, აქედან გამომდინარე, დედაქალაქში ნიკა მელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუ მხოლოდ ის მივიდოდა თბილისში არჩევნებზე. პირადად ვიცნობ დავით ნარმანიას, ის კარგი მინისტრი იყო და ვფიქრობ, ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებს. დემოკრატიული პროცესის განვითარების თვალსაზრით მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების მიერ გამოჩენილი ნება და საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევა. ეს ხელისუფლებამ სრულიად მიზანმიმართულად, ქვეყნის განვითარებისთვის გააკეთა, რაც მხოლოდ მისასალმებელია. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მეორე ტურის ჩატარება. აბა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ოპოზიციას სანატრელად 40%-იანი ბარიერი ჰქონდა, თუმცა არავინ აღირსა. "ქართული ოცნების" წარმატება თვალსაჩინოა ამ არჩევნების როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში, კარგი იქნებოდა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია უფრო მეტად ყოფილიყო წარმოდგენილი თვითმმართველობებში, თუმცა რაც არის, ეს არის...ზოგადად, ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ პერიოდი პირველ და მეორე ტურებს შორის განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩეოდა, კი, იყო ვითარების გამწვავების მცდელობა "ნაციონალთა" მხრიდან, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცა. შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ლექსიკონი მხოლოდ ამ ორ სიტყვამდე - "პოლიტიკური დევნა" დაიყვანა.  ყველაფერზე ამას იძახიან, არადა, გიგი უგულავამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის სამართალდამცველებს დაეკავებინათ. იგი გააფრთხილეს, რომ ქვეყნიდან არ გასულიყო, მაგრამ წაბრძანდა აეროპორტში და გადაწყვიტა გაფრენა, ჰოდა, დააკავეს. მეჩვენება, რომ  უგულავას ეს სურდა. როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ ან პირველი ინსტანციის, ანაც სააპელაციო სასამართლო გამოუშვებდა ისე, როგორც ეს ადრე მოხდა. ეს არჩევნების წინ იქნებოდა ძალიან კარგი პიარსვლა "ნაციონალური მოძრაობისთვის", მაგრამ არ გამოუვიდა. ბრალდებები მის მიმართ აქამდეც მძიმე იყო, მაგრამ ამჯერად ბრალი იმდენად კარგად დასაბუთებული გამოდგა, რომ მისი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ განიხილა.

არ ვიცი, რატომ არ არის საფრანგეთის ექსპრეზიდენტის, ანაც ლოს-ანჯელესის ყოფილი მერის დაკავება პოლიტიკური დევნა, აი, უგულავა კი პოლიტიკურ დევნილად უნდა მივიჩნიოთ.

ქვეყანაში პოლიტიკური დევნა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო, თუ იყო, როდესაც ციხეებში 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავდა. თავისი მმართველობის დროს ისინი კანონს პატივს საერთოდ არ სცემდნენ, მეტიც, აბუჩად იგდებდნენ. ახლა კი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი კუბლაშვილი, რომელსაც "ქართული ოცნების" პარტიზანად ვერ მივიჩნევთ, ამბობს, რომ სასამართლო დღეს რომაა, ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა.

კუბლაშვილს მაინც დაუჯერონ. ორიოდე სიტყვა ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის აზერბაიჯანულ სკანდალზეც მინდა ვთქვა, ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სხვადასხვა ოფშორული ზონიდან უკანონო, იატაკქვეშა "შავი ფულით" ცდილობს დაფინანსების მიღებას.

- დასავლური პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა ნაწილმა საკმაოდ უარყოფითად შეაფასა წინასაარჩევნო პერიოდში გიგი უგულავას დაკავების ფაქტი, გამორჩეულად მკაცრი იყო ევროკავშირის წარმომადგენელ ფილიპ დიმიტროვის განცხადება... რითი ახსნით ამგვარ გამოხმაურებას,  შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ  ხელისუფლებამ ჯერაც ვერ მოახერხა დასავლელ პარტნიორებამდე სიმართლის მიტანა და ეს კომუნიკაციის ნაკლებობას ხომ არ დავაბრალოთ?

- არა, ამის მთავარ მიზეზად მივიჩნევ ისევ და ისევ "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო კავშირებს და იმ უცხოელ ლობისტებს, რომლებიც ამ ორგაზაციას დღესაც მრავლად  ჰყავს დასავლეთში. კონკრეტულად ვერ დავასახელებ, რადგან ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ ამ წლების განმავლობაში  ბევრი უცხოელი ძალიან კარგად ილუკმებოდა "ნაციონალური მოძრაობის" უკანონო სუფრაზე. ისინი კვლავაც თავიანთ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი რეზონანსი თანდათანობით კლებულობს, რაც სწორედ რომ ახალი ხელისუფლების მიერ მოპოვებულ ნდობაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ - დაახლოებით ერთი წლის წინ გაცილებით მწვავე იყო დასავლეთის რეაქცია, როდესაც ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს, ახლა თითო-ოროლა განცხადება მოვისმინეთ, აშკარაა, რომ დღეს ამ თვალსაზრისით ვითარება ბევრად განსხვავებულია, ვფიქრობ, ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება, "ქართული ოცნებაც" უფრო მეტად ახერხებს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციის წარმოჩენას და დაცვას. კანონი უზენაესი უნდა იყოს ყველასთვის, "ნაციონალური მოძრაობის" იმ ლიდერებმა, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, დანაშაული აქვთ თუ არა ჩადენილი, უნდა იცოდნენ, რომ მართლმსაჯულება მათთანაც მიაღწევს.

ამ პარტიაში ახალშესულ ადამიანებს, რომლებიც არ არიან დანაშაულებრივ საქმეებში გარეული, ვურჩევდი, ახალი პარტია შექმნან, იმიტომ, რომ ეს იმდენად ოდიოზური და სახელგატეხილი ძალაა, მასთან ერთად წარმატების მიღწევის დიდი იმედი ნუ ექნებათ. ვფიქრობ, სააკაშვილის რეჟიმის სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ მრავალ წელიწადს გაგრძელდება. ზუსტად ასეთი სამართლებრივი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავიდა პინოჩეტი, რომელიც 21 წლის შემდეგ დააკავეს. ეს პროცესი რადგან დაიძრა, ვეღარაფერი გააჩერებს. მე არ ვარ პოლიტიკური ამნისტიის წინააღმდეგი, ოღონდ თუ ისინი თავის დანაშაულებს აღიარებენ და მოინანიებენ, თუმცა როგორც ვხედავ, არც  რცხვენიათ და არც სინანულს განიცდიან. ის ადამიანები, რომლებიც ვანო მერაბიშვილთან, ბაჩო ახალაიასთან, დავით კეზერაშვილთნ გადაბმული იყვნენ არა მხოლოდ პარტიული, არამედ საქმიანი ურთიერთობებითაც, გამოდიან და იძახიან, რომ თურმე ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ანუ ყველაფერი უნდა შერჩეთ, ასე არ ხდება, ყველაფერს აქვს დასაწყისი, განვითარების ეტაპები და დასასრული.

- "წერილი გიგის" ამგვარი აქცია წამოიწყო ხელოვნებისა თუ შოუბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა, ვინ ეპისტოლარულად, ვინაც ვიდეოკლიპებით გვიყვება გიგი უგულავას კეთილ საქმეებზე...

- აშკარაა, რომ ეს პროცესები პოლიტიკურადაა ორგანიზებული,  "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამის მეტი რა იცის. ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, კარგია, რომ დღეს ამის აღარავის ეშინია, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. აქვე უნდა გითხრათ, რომ  ხელოვნების სფეროს ეს წარმომადგენლები ვერ არიან მაინცდამაინც დიდი კალიბრის მოღვაწეები, მათგან ბევრი ვერც კი ვიცანი.

ვიღაც რეპერი რომ ამღერეს უგულავას გამართულ კონცერტზე, ბუნებრივია, დაუჭერს მას მხარს, რადგან შემოსავალს კარგავს.

ვფიქრობ, ეს ჩვენი კულტურის მოღვაწეების საერთო აზრი არ უნდა იყოს, ვეჭვობ, ესენი იყვნენ ჩვენი ხელოვნების სინდისი.

- გამოქვეყნდა ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, ანუ ის ვალდებულებები, რაც საქართველომ მომავალ სამ წელიწადში უნდა შეასრულოს. მათ შორის ხელისუფლების ოპონენტთა მწვავე რეაქცია მოჰყვა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის ვალდებულებას. გიგა ბოკერია აცხადებდა, რომ ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მოხვდა დღის წესრიგის ნუსხაში...

- როდესაც გამოცდას აბარებ, იქ გამომცდელი ადგენს გამოცდის წესს და შენ არ შეგიძლია ამის შეცვლა, ასეა ამ ხელშეკრულების დღის წესრიგის შემთხვევაშიც. რა შუაშია აქ საქართველოს ხელისუფლება, არ ვიცი. ის ცვლილებები, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანად გვთავაზობენ, არანაირ პრობლემას არ შეგვიქმნის, ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ცალსახად და უპირობოდ არის აღიარებული, ოღონდ არის რაღაც-რაღაცები ამ კანონში, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას არ შეესაბამება, სწორედ ამის გასწორებას გვთხოვენ.

არ მესმის,  ადამიანი, რომელიც რუსეთიდან შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად რატომ უნდა გამოვაცხადოთ, ანაც რატომ უნდა დავიჭიროთ?!

თუ გვინდა, რომ ჩვენკენ შემოვაბრუნოთ ჩვენი ძმები, ოსები და აფხაზები და გვსურს, როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, მათაც ისარგებლონ ასოცირების ხელშეკრულებით, მაშინ ამ კანონში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიტანოთ.

- რუსეთმა მოლდავეთიდან ხორცის იმპორტი აკრძალა. ანალოგიური ზომების შემოღება საქართველოსაც ემუქრება? შეგახსენებთ, საქართველოდან რუსეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ღვინის, ასევე მინერალური წყლებისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი...

- თავის დროზე რუსეთმა ასევე აკრძალა რძის პროდუქტების შეტანა ბალტიისპირა ქვეყნებიდან, მაგრამ მერე ისევ დაუშვა. მოლდავეთიდან ხორცი იმიტომ შეჰქონდა, რომ თავისი არ აქვს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს დროებითი სანქციაა და გარკვეული დროის შემდეგ გააუქმებს. რაღაც ამგვარს უნდა ველოდოთ ჩვენც, მაგრამ მეეჭვება ეს ღვინოს შეეხოს. ალბათ ამგვარი სანქცია უფრო ხილ-ბოსტნეულზე გავრცელდება, თუმცა დანამდვილებით ძნელია რაიმეს თქმა, რუსეთი სრულიად არაპროგნოზირებადი ქვეყანაა. მიმაჩნია, რომ რუსეთის ბაზარი უკვე საკმაოდ გაჯერებულია, ამ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოცულობა შეიძლება ცოტა კიდევ გაიზარდოს, მაგრამ მიაღწევს გარკვეულ ზღვარს და გაჩერდება. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ რუსეთის წილი ჩვენს საგარეო ვაჭრობაში ეტაპობრივად გაიყინება.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ და გავიდეთ ევროპის 500-მილიონიან ბაზარზე.

თუ გვსურს, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ, აუცილებელია, ღვინისა და ხილ-ბოსტნეულის გარდა, რისი წარმოების ხარისხიც აუცილებლად უნდა გაიზარდოს, ასევე უნდა დავიწყოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება და ექსპორტირება, რისთვისაც რუსეთის ბაზარი არ გამოგვადგება. ჩემი აზრით, აუცილებელია მთავრობამ ხელი შეუწყოს და წაახალისოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება.

- პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე კარასინთან მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენით. რამდენად რეალურია ეს და თქვენი აზრით, საქართველომ რუსეთს აფხაზეთის მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ რა პირობები უნდა წაუყენოს?

- მიმაჩნია, რომ ეს რეალურია, მაგრამ

აფხაზეთის რკინიგზა აღდგება პოსტპუტინის ეპოქაში, როდესაც უფრო დემოკრატი ხელისუფლება იქნება რუსეთის  მმართველობაში, მერწმუნეთ, რომ ეს არ არის შორეული პერსპექტივა. აუცილებელ პირობებად კი მიმაჩნია ის, რომ რუსეთმა უკან წაიღოს ჩვენი ტერიტორიების აღიარება და ასევე შეასრულოს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების მე-6 პუნქტი, რაც საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანას ითვალისწინებს. თუმცა ეს საკითხი დღეს და ხვალ არ გადაწყდება, აგერ უკვე აფხაზები აყენებენ პირობებს, ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში მიიღებენ მოლაპარაკებაში მონაწილეობას, თუ სომხეთი მათ დამოუკიდებლობას აღიარებს. რთულია ამ პრობლემის ისე გადაჭრა, რომ ყველა მხარე იყოს კმაყოფილი.

- გასულ კვირას გარდაიცვალა საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, როგორ შეაფასებთ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას?

- მას პირადად ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი. ედუარდ შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო, საქართველოს სახელმწიფო არ იარსებებდა, ეს იქნებოდა ბანდების სათარეშო ტერიტორია, ფაქტობრივად, ისეთი, როგორიც დღეს ჩეჩნეთია. მან მოახერხა დაეწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობა, მის დროს მიიღეს კონსტიტუცია, შემოღებულ იქნა ძლიერი ევროპული ვალუტა, ალბათ ყველაზე ძლიერი პოსტსაბჭოთა სივრცეში.  მან გამოიყენა თავისი უზარმაზარი საერთაშორისო ავტორიტეტი და შექმნა საქართველოს მეგობარი ქვეყნების კოალიცია. მისი წვლილი უზარმაზარია, რასაც ჩვენ კარგად ვერც ვხვდებით.

- გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ-შემეცნებითი სატელევიზიო ტოქშოუს თანაწამყვანი იქნება. ამ ინფორმაციას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

- ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ გადაცემას და მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა მერე შევაფასოთ. ბიძინა ივანიშვილთან რამდენჯერმე მომიხდა შეხვედრა, ძირითადად საქმიან ვითარებაში, ის მეტად არაორდინარული და საინტერესო პიროვნებაა. ხომ გვინახავს ექიმები, რომლებიც მშვენიერ წამყვანებად მოგვევლინენ, რატომ არ შეიძლება ბიძინაც ასეთივე წარმატებული აღმოჩნდეს?..

ნათია დოლიძე