"საინტერესოა, რა შემადგენლობით შეიკრიბება უშიშროების საბჭო"
21-07-2014
"საინტერესოა, რა შემადგენლობით  შეიკრიბება უშიშროების საბჭო"
"ვფიქრობ, ეს სრულიად პროფესიულად ჩადენილი მკვლელობაა"

"დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ჰგავს იმ წყალწაღებულს, რომელიც ხავსს ეჭიდება"


საქართველოს პარლამენტმა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე დადგენილება ერთსულოვნად მიიღო, თუმცა, რიგგარეშე სასესიო სხდომას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამჯერად დიპლომატიური კორპუსისა და უცხოელი სტუმრების წინაშე სცადა, თავი კვლავაც პოლიტიკურ დევნილად წარმოეჩინა და დარბაზში გამოფინა ბანერი და პლაკატები ქართულ და ინგლისურ ენაზე წარწერებით: "ევროკავშირში პოლიტიკური პატიმრების გარეშე". პარლამენტის სხდომა უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავის დაღუპულ მგზავრთათვის
პატივის მიგებით დაიწყო. უკრაინის აღმოსავლეთში, რუსეთის საზღვართან, იქ, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებას მსოფლიოს აღშფოთება მოჰყვა. რუსეთი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს, თუმცა, პუტინის არგუმენტების დასავლეთში აღარავის სჯერა. გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:


- მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიცირება მოხდა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აძლევს შანსს, იცხოვროს ცივილიზებულ ქვეყანაში,
თუმცა, შანსი არ ნიშნავს ამის უპირობო განხორციელებას. სასურველ შედეგს მივიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მოცემულ შესაძლებლობას რეალობად გადააქცევენ. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულება ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა.  ჯერჯერობით აშკარაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ დოკუმენტის მიმართ ინდიფერენტულია, რადგან მათთვის ჯერ კიდევ უცნობია ასოცირების ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც ქვეყნის განვითარების შანსს იძლევა. ზოგს ამაზე სრულიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, სხვამ საერთოდ არაფერი იცის, რადგან მათთვის არავის შეუთავაზებია ასოცირების თემის განხილვაში ჩართვა. აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ იმ სიტუაციით, რაც დღეს არის შექმნილი რეგიონში და რაც უფრო ზრდის დასავლეთის ინტერესს მთელი რეგიონისა და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს იძლევა შესაძლებლობას, ევროინტეგრაციის პროცესი უფრო დაჩქარდეს, ვიდრე ეს შეიძლება მშვიდ ვითარებაში მომხდარიყო.

ის, რაც რატიფიკაციის დღეს ხდებოდა პარლამენტში, ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის გამიზნული "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი შოუ იყო.

ევროპელებისა და ამერიკელების ამგვარ დეზინფორმირებას ისინი ლამის ყოველდღიურად ცდილობენ. ამჟამად მთლად პარლამენტის დარბაზში მიეცათ ამის საშუალება, თუმცა, ვფიქრობ, უცხოელი სტუმრები ამას დაინახავდნენ როგორც დემოკრატიული პროცესის ნაწილს, რადგან პარლამენტის შენობაშიც კი “არავის უშლიან ხელს საპროტესტო პლაკატების გამოკიდებაში. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ჰგავს იმ წყალწაღებულს, რომელიც ხავსს ეჭიდება. ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის ქვეყანაში არსებული რეალობა განისაზღვრება მიმდინარე პროცესებით, რომელთა შორის ცალკეულ ყოფილ მაღალჩინოსანთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის თემა არ არის უპირველესი.

- რატიფიცირების პროცესმა კიდევ ერთხელ წამოსწია წინ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების თემა. ბევრი სჯა-ბაასი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტი ამ მნიშვნელოვან საპარლამენტო სხდომაზე არ დაპატიჟეს, თუმცა, ის მაინც მივიდა პარლამენტში.
- ხელისუფლებაში ანტიპრეზიდენტული განწყობის დამკვიდრების მცდელობა წარმოადგენს სერიოზულ სახელმწიფოებრივ საფრთხეს.

მრცხვენია იმ მინისტრების ნაცვლად, რომლებმაც პირში წყალი ჩაიგუბეს და ამაზე არ ლაპარაკობენ.  კიდევ უბედურება ის არის, თუ მინისტრების ნაწილი როგორ ცდილობს ეს განხეთქილება კიდევ უფრო გაზარდოს და დაანახოს ქვეყნის რეალურ ლიდერს, რომ მისი ყველა სიტყვა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს დიდ ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამ თემაზე ბევრი ქილიკობს ევროპასა და ამერიკაში.
მიუღებელია, რომ პრეზიდენტის მიერ ერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე გამოთქმული აზრის გამო ვიცე-პრემიერი, ცნობილი ფეხბურთელი და ახლა თურმე ენერგეტიკოსი კალაძე ბედავენ პრეზიდენტის გაქილიკებას.
სახელმწიფოსთვის უკეთესი იქნება, თუ ის ამის გამო ბოდიშს მოიხდის.

- არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დარეკვის შემდეგ დაპატიჟეს.
- არა მაქვს საშუალება, უტყუარი არგუმენტით დავასაბუთო ეს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, თუკი ვინმეს ვნებს ეს ვითარება, ეს გახლავთ ახალგაზრდა, გამოუცდელი პრემიერ-მინისტრი. ასევე,  არაერთხელ მითქვამს - სრულიად გაუგებარი იყო, რატომ არ ხერხდებოდა აქამდე, ამხელა გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყანაში, უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა. გავიგეთ, რომ ბატონი მარგველაშვილი ამ კვირაში მოიწვევს სხდომას. საინტერესოა, რა შემადგენლობით შეიკრიბება უშიშროების საბჭო და მისცემენ თუ არა უფლებას ენაგადაყლაპულ მინისტრებს, დაესწრონ სხდომას. მოხარული ვიქნები, თუ ამ თემაზე დღევანდელი საუბარი უკანასკნელი იქნება.

- ბოლო დროს ყველაზე სკანდალური ამბავი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაა.  როგორ შეაფასებთ მომხდარს?
- როგორც მისი ახლობლები ამბობენ, დეპრესია ეროსისთვის არავის შეუმჩნევია, ის მებრძოლი სულის ადამიანი გახლდათ და ასე აპირებდა მომავალშიც ცხოვრების გაგრძელებას. ყველასთვის, ვინც მას მეტ-ნაკლებად კარგად იცნობდა, წარმოუდგენელია ასეთი ფინალი. ჩემი აზრით, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ვერაგობის ჩამდენი არ არის შემთხვევითი პირი, შეიძლება ადამიანის კვლა მისი პროფესიაც იყოს. გამოძიების მიერ მოკვლეული ის ფაქტები, რომლებიც საზოგადოებისთვისაც უკვე ცნობილია, ვფიქრობ, გამორიცხავს თვითმკვლელობას. უცნაურია ავტოფარეხში ვიდეოკამერის შებრუნების ფაქტი, ასევე გაუგებარია, რამ დაამუნჯა და დააბრმავა იმ ავტოფარეხის დაცვა, რომელთაც ვერც სროლის ხმა გაიგონეს და ვერც ვერავის შესვლა დააფიქსირეს. ვფიქრობ, ეს სრულიად პროფესიულად ჩადენილი მკვლელობაა და წინასწარი დაგეგმვით შექმნეს თვითმკვლელობის ილუზია. სავარაუდოდ, ეს საჭირო იყო იმ დროის მოსაგებად, რაც კილერს დასჭირდებოდა ქვეყნის დასატოვებლად. ჩემი აზრით, გამოძიებას საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა მოუწევს. აშკარად ჩანს, რომ პროკურატურა დაინტერესებულია ამ საკითხის გახსნით და დროს არ კარგავს.

გადავხედოთ, რა გავლენის ადამიანებს კლავდნენ ბოლო წლებში ჩვენში: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი...
ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ხელეწიფებოდათ საქართველოსთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთება, მაგრამ არ დასცალდათ. დღემდე ამ საქმეებზე, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით. იმედია, ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

- "ნაციონალური მოძრაობა" ხელს, მართალია, შეფარვით, მაგრამ ხელისუფლებისკენ იშვერს.

- "ნაციონალურ მოძრაობას" დღევანდელი ხელისუფლების არაფერი მოსწონს, მუდმივად უკმაყოფილონი არიან, შესაბამისად, მათი მოსაზრებები ნამდვილად საეჭვოა, მით უფრო, ასეთ ბრალდებას სერიოზული საფუძველი სჭირდება. "რუსთავი 2"-თან დღეს ეროსის დაკავშირება სრულიად არადამაჯერებელია, რადგან ამ ტელეკომპანიამ მას მერე, რაც ის კიწმარიშვილმა დატოვა, არაერთი წელი და მფლობელი გამოიარა.

- უკრაინაში სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოაგდეს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები მომხდარში რუსეთის ხელს ხედავენ, გაკეთდა არაერთი მკაცრი განცხადებაც. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით, რუსეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი საფრანგეთს მოუწოდა, ავიამზიდ "მისტრალის" რუსეთში ექსპორტი შეწყვიტოს. ბოლოს და ბოლოს, დასავლეთი მიიღებს ქმედით ზომებს რუსეთის შესაჩერებლად, თუ ეს განცხადებებიც განცხადებებად დარჩება?
- ადრე თუ გვიან, რუსეთს შეაჩერებს დასავლეთის პერმანენტული სანქციები. პუტინი არ არის სრულიად დამოუკიდებელი პირი რუსულ რეალობაში. მის გარემოცვაში არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის მქონე ჯგუფი, რომელთაგან ერთი თვითონ მას აცხადებს მოღალატედ, რადგან აქამდე არ შეიყვანა ჯარი უკრაინაში, მეორე ჯგუფისთვის კი სრულიად მიუღებელია ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. ეს მეორე მხარე, პრაქტიკულად, მილიარდერებით არის წარმოდგენილი და იციან, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ზოგჯერ არცთუ ლეგიტიმურად დაგროვილი ფული შეიძლება დაუყადაღონ, ასევე, არ მიეცეთ ევროპულ თუ ამერიკულ სივრცეში თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ეს პროცესები უკვე დაწყებულია. დასავლეთი სანქციებისთვის მშვიდობიან ფორმას იყენებს და როდესაც ამ სანქციებში "რუსნეფტი" და "გაზპრომიც" მოყვნენ,
პუტინი, სავარაუდოდ, კარგად ხედავს უკვე იმ ფინანსურ-ეკონომიკურ კრახს, რაც უახლოეს მომავალში ელის რუსეთს.

რაც შეეხება თვითმფრინავის ჩამოგდებას, დიდი ტრაგედიაა, თუმცა, ამის გამოცდილება რუსეთს აქვს; აქვს იმის გამოცდილებაც, თუ როგორ უარყოს ამაში თავისი მონაწილეობა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ასევე რუსეთის საზღვართან "ბოინგი" ჩამოაგდეს, რომელიც იაპონიაში მიფრინავდა. საბჭოთა ლიდერები ლამის ხატზე იფიცებდნენ, ეს ჩვენ არ ჩაგვიდენიაო, მხოლოდ ელცინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღიარეს ეს დანაშაული და ის პირიც იპოვეს, რომელმაც რაკეტა გაისროლა. როგორც აღმოჩნდა, მისთვის გმირის წოდებაც კი მიუნიჭებიათ. ამ შემთხვევაშიც, ადრე თუ გვიან, რუსეთი თავის "გმირს" დაასახელებს. დასავლეთის ის შეფასებები, რაც პირდაპირ პუტინს ეძღვნება, არნახულია. ქალბატონი კლინტონი იმდენად მწვავე განცხადებებს აკეთებს, ვფიქრობ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ეს მისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იქნება, ოღონდ ეს არ არის პოლიტიკური თამაში, ეს არის რეალური გულისწყრომა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს რუსეთის ცივილიზებული სამყაროს წევრობისთვის, მაგრამ მიიღეს მოთამაშე, რომელსაც ცივილიზებულ მიდგომებთან საერთო არაფერი აქვს. რომ არა დასავლეთის სანქციები, მერწმუნეთ, რუსული ჯარი კარგა ხნის შესული იქნებოდა უკრაინაში.

- უკრაინაში ფარულად დღემდე შედის რუსული სამხედრო ტექნიკა.
- ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება სასწრაფოდ მოხერხდეს საზღვრების სრულად გაკონტროლება, თუნდაც საერთაშორისო ძალების მონაწილეობით, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში რუსეთი არ უნდა მონაწილეობდეს. დღეს უკრაინა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თავსატეხია, მისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენა უფრო ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, თუმცა, სამხედრო ჩარევა და ვითარების უფრო გამწვავება სასიკეთო ძვრებს ვერ მოიტანს, მასშტაბურ ომს მხოლოდ ნგრევა მოჰყვება. როგორმე კონფრონტაცია უნდა შეჩერდეს, რუსეთიდან შესულმა მოქალაქეებმა უნდა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.
დღეს უკრაინის ხელისუფლებას არ სჭირდება გონების ამმღვრევი რჩევები, საჭიროა ნაბიჯები მშვიდობის დასამყარებლად. ამგვარი გამოცდილება კი ზოგიერთ მათ ახალ მრჩეველს არა აქვს, ვგულისხმობ, მიხეილ სააკაშვილსა და ზოგიერთ ძალას თვითონ უკრაინაში.

-  არსებობს მოსაზრება, რომ საქართველო უკრაინას სათანადოდ არ უჭერს მხარს და რომ თუნდაც თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტისმეტად ფრთხილი განცხადებები გააკეთეს.
- რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მანიაკურ ბოდვას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს რუსეთთან ფრაზეოლოგიურ ომში, ეს სრულიად მიუღებელია ქვეყნის პერსპექტივისთვის. მე მოვისმინე ამ ტრაგედიაზე ბატონი ღარიბაშვილის სრულიად გაწონასწორებული განცხადება, ისეთი, როგორიც სახელმწიფოს ლიდერს ეკადრება - მან მომხდარი დაგმო, დამნაშავის დასახელება კი ჩვენი ხელისუფლების პრეროგატივა ნამდვილად არ არის.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით