"მესამე მსოფლიო ომის საფრთხე აშკარაა"
28-07-2014
"მესამე მსოფლიო  ომის საფრთხე აშკარაა"
"ღარიბაშვილი მთავრობაში უფრო მასშტაბურ ცვლილებას აპირებს"

რომ არა მთავრობაში ერთდროულად შვიდი მინისტრის შეცვლა, გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა სამი საერთაშორისო სპეციალისტის, ყოფილი მთავარი პროკურორების  ჩამოსვლა იქნებოდა, - მათ მთავარ პროკურატურაში იმ საქმეებზე უნდა იმუშაონ, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა იკვეთება. სამივე ექსპერტის ბიოგრაფია მეტად შთამბეჭდავია. მათი საქმიანობის რიგი ეპიზოდები მსოფლიოში გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება, მაგალითად, როგორც ირკვევა, სერ ჯეფრი ნაისი  1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და
პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის საქმეს, მოშე ლადორი კი ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე იყო და თანამდებობაზე  ყოფნისას ზედამხედველობდა არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს, რომელთა შორისაც იყო ყოფილ პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის საქმეც.

პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში,
ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას. ახალმა ხელისუფლებამ რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ნაბიჯით გვარიანი საფიქრალი გაუჩინა, მათი მწვავე რეაქციიდანაც გამოჩნდა, თუმცა საბოლოოდ კვირის მთავარი თემა სამთავრობო ცვლილებებია. სწორედ ამის შეფასებით დავიწყეთ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ:


- ველოდი, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იქნებოდა, მაგრამ ერთად შვიდი მინისტრის შეცვლა მოულოდნელი იყო, მით უფრო, რომ საქმიანობის მიხედვით გათავისუფლებულთა შორის გარკვეული გრადაცია შეიმჩნევა. ზოგიერთის მიმართ საზოგადოებას ბევრი პრეტენზია ჰქონდა, ზოგის მიმართ კი - ნაკლები. ჩემთვის ცოტა გაუგებარიც კი იყო ზოგიერთი მათგანის გათავისუფლება, მაგალითად, გარემოს დაცვის მინისტრის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გაათავისუფლეს ისინი, ვის უკანაც ძლიერი პოლიტიკური გუნდი არ იდგა. ერთადერთი გამონაკლისი მათგან კონსტანტინე სურგულაძეა, თუმცა ის კარგი დიპლომატია და დარწმუნებული ვარ, არ დარჩება დიპლომატიური სამსახურის გარეშე. ჩემი აზრით, ამ საკადრო ცვლილებებისას მიდგომა ასეთი იყო, რომ მინისტრებიდან ზოგიერთი გათავისუფლდა მათ მიმართ არსებული პრეტენზიების გამო, ზოგიერთი კი იმიტომ, რომ არ ჰქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა. საერთოდ, ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში უფრო მასშტაბურ ცვლილებას აპირებს და ეს იყო პრელუდია.  ღარიბაშვილს სურს თავისი გუნდის შექმნა და ამ გუნდით მთავრობის სრულად დაკომპლექტება...

ამბობენ იმასაც, რომ მთავარი სამიზნე ირაკლი ალასანიაა. "ქართულ ოცნებაში" შეიძლება ირაკლი ალასანიას მიმართ იყოს პრეტენზიები და ამას პრემიერ-მინისტრიც იზიარებდეს, მაგრამ ირაკლი ალასანია და თეა წულუკიანი ის პიროვნებები არიან, რომლებიც მყარად დგანან დასავლურ პლატფორმაზე. ალასანია არ არის კონკრეტული პარტიის ხელმძღვანელი ან ერთი სამინისტროს თავკაცი, ის არის დასავლურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში უაღრესად მიღებული ფიგურა. შეიძლება გავიგო პრემიერის, რომ მისთვის უფრო კომფორტული იქნება თუ ეყოლება თავისი გუნდი, სადაც ნაკლებად იქნებიან ასეთი დამოუკიდებელი ფიგურები. მაგრამ ღარიბაშვილი კოალიციის ჩარჩოებიდან მომავალ არჩევნებამდე ვერ გავა, თუ, რა თქმა უნდა, არ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. თუ ამგვარ ძირეულ ცვლილებებს გეგმავს, ამ ეტაპზე ეს სწორი არ იქნება. თუმცა დარჩენილ მინისტრებში კიდევ მეგულება ერთ-ორი, რომლებიც საქმეს მაინცდამაინც კარგად ვერ ართმევენ თავს.

- ბოლო ხანს კრიტიკის ობიექტად იქცა შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, განსაკუთრებით საჯარო გამოსვლების გამო. ასევე გვარიანი პრობლემებია ფინანსთა სამინისტროშიც...
- ჭიკაიძეს ნამდვილად არ გამოსდის საჯარო გამოსვლები, მან ორიოდე დღის წინაც დაუშვა შეცდომა, როდესაც "თალიბანი" ლამის ერთი ადამიანის სახელად მოიხსენია, მაგრამ ერთია, როდესაც საზოგადოების წინაშAე ვერ არის პრეზენტაბელური და მეორეა - როგორ ართმევს საქმეს თავს.
მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებისა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, აშკარად არ ხდება იმგვარი რამ, რომ ამის გამო ჭიკაიძე გაათავისუფლონ.

მით უფრო, რომ ღარიბაშვილი მას ენდობა. ჭიკაიძის აქტივშია დიდი რაოდენობის კონტრაბანდული ჰეროინის დაკავება და სხვა არაერთი საქმის გახსნა. უფრო მეტი კითხვებია ხადურის მისამართით, მათგან მთავარია, თუ რატომ გაირღვა ბიუჯეტი? თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სამინისტროს წარმატებებიც აქვს. დავსვათ კითხვა, - თვითონ მთავრობა რამდენად ეფექტიანია და რაშიც ეფექტიანია, ამის თაობაზე ინფორმაციის მიტანას საზოგადოებამდე თუ ახერხებს?Q - ცხადია, რომ ვერა. ამას წინათ ვუსმენდი დავით ნარმანიას, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობაზე ლაპარაკობდა, გაოცებული დავრჩი, იმდენი რამ გაკეთებულა. ბოლოს და ბოლოს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე?! ხომ შეიძლება, მთავრობამ მოახერხოს და პიარსამსახურები ნორმალურად აამუშაოს. ჩემთვის, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანისთვის, უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა, როცა გადაწყდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები სახელმწიფოსგან 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ეს ისე მოხდა, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს, თითქოს ასეთ დახმარებას აქამდეც იღებდნენ და ახლა მხოლოდ 5 ლარი მოუმატეს. საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის, არადა, პიარსამსახურში სხედან ადამიანები, რომლებიც გვარიან ხელფასებს, ფაქტობრივად, არაფრის კეთებაში იღებენ.

- მინისტრებისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების პროცესი ხმაურიანად წარიმართა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებისგან არაერთი კრიტიკული და რიგ შეEმთხვევაში შეურაცხმყოფელი განცხადებებიც მოვისმინეთ...
- ამიტომაც ამაზე ლაპარაკი არც ღირს - ვის აინტერესებს, რას ამბობს "ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება ახალ მინისტრებს, მათგან სამი ისეთია, მათი გვარ-სახელი აქამდე არც კი გამიგია, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.
წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოვიდა ეს ხალხი, მე ისინი არც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიისას მინახავს და არც სხვა კოალიციურ ღონისძიებაზე.

კარგად ვიცნობ, მაგალითად, სოზარ სუბარს, რომლის მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული ცვლილებები ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ მის მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკის მიმართ არაერთი პრეტენზია გამოითქვა. ახლანდელმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს. მასაც არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ვიცი, რომ ქვემო ქართლში არცთუ ხანგრძლივი გუბერნატორობისას, საზოგადოებას ვერც კარგად და ვერც ცუდად ვერ დაამახსოვრა თავი. კიდევ ერთ პრობლემას ვხედავ, წამყვან თანამდებობებზე ხვდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, მესმის, ეს რატომაც ხდება, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა მნიშვნელოვნად შეივსო სწორედ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისას. ის ენდობა ამ ადამიანებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ სამინისტროს კარგად უხელმძღვანელებენ. ყურადღებას გავამახვილებ კულტურის ახალ მინისტრზე, რომელსაც კარგად ვიცნობ და დიდ წარმატებას ვუსურვებ. მიხეილ გიორგაძეს საზოგადოება როგორც კარგ მენეჯერს ისე იცნობს, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მეტად რთულ სფეროშიც წარმატებული იქნება. ვნახოთ, როგორ გამონახავს საერთო ენას კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებიც "განსაკუთრებული  ხასიათით" გამოირჩევიან.

- მიხეილ გიორგაძის მინისტრობამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მას განიხილავენ, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების მომხრეს. გარდა ამისა, არსებობს კონტროლის პალატის აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელშიც გიორგაძის სახელთან დაკავშირებული კომპანიისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური ურთიერთობის პრობლემებზეა ლაპარაკი...
- რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან სიახლოვეს, ეს ადამიანები, ვინც "ისტერნ პრომოუშენს" ხელმძღვანელობდნენ, წარმოადგენდნენ ბიზნესჯგუფს, რომელიც, როგორც წესი, ცდილობს ყველა ხელისუფლებასთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. გიორგაძე მეომარი იყო, ოციოდე წლის იქნებოდა, როდესაც იბრძოდა, შესაძლოა, აქედან გამომდინარე, გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდეს ნიკა რურუასთან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო. რაც შეეხება აუდიტის სამსახურის დასკვნას, ეს სხვა საკითხია და ყველა კითხვას, რაც ამასთან დაკავშირებით ჩნდება, ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს.

- რას იტყვით უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივაზე, რაც 2015 წლიდან მათთვის ხელფასების გაზრდას გულისხმობს?
- ეს ყოვლად გაუმართლებელი ინიციატივაა, დაღალა საზოგადოება ამ ხელფასებზე, პრემიებზე, მანქანებსა და სხვა პრივილეგიებზე გაუთავებელმა ლაპარაკმა. ზოგჯერ გვარიანად მიკვირს, ნუთუ ვერ ხვდება ეს ხალხი, რომ ამგვარი განცხადებები მათ იმიჯზე უაღრესად უარყოფითად მოქმედებს?! ერთი შეხედვით "ქართული ოცნება" მაინც მომგებიან ვითარებაშია, რადგან როცა ამაზე "ნაციონალური მოძრაობა" აკრიტიკებს, საზოგადოება ფიქრობს, რომ ამ პარტიას ამ თემებზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს. გაგახსენებთ, მას მერე, რაც ამ უკანასკნელის მმართველობისას პარლამენტართა რაოდენობა 235-დან 150-მდე შემცირდა, ეს სახელფასო ბიუჯეტის შემცირებაზე არ ასახულა. ეს ხალხი, რომელთაგან ბევრი დღესაც პარლამენტშია, წლების განმავლობაში იმ შემცირებული დეპუტატებისთვის განსაზღვრულ თანხებსაც თვითონ ინაწილებდა. მაგრამ ეს ახალი ხელისუფლების მოქმედებას არ ამართლებს. ახლახან ჩატარდა არჩევნები, ქვეყნის მასშტაბით
საკრებულოებში ახალარჩეული დეპუტატები შევიდნენ თუ არა, საქმის კეთების ნაცვლად, ორომტრიალი სწორედ ამ პრივილეგიების თაობაზე მოაწყვეს, რაც დიდი სირცხვილია.

- მთავარმა პროკურატურამ სენსიტიურ საქმეებთან დაკავშირებით  სამუშაოდ მსოფლიოში ცნობილი სისხლის სამართლის სპეციალისტები მოიწვია. გაჩნდა მოლოდინი, რომ  ახალი ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს დასაბუთებულად შეძლებს წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და იმ მაღალჩინოსანთა დასჯას, ვისი ბრალეულობაც გამოჩნდება. საზოგადოების ნაწილი ელის თვით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებასაც.

- ეს ნაბიჯი უპირველესად გადადგა მთლიანად ხელისუფლებამ და არა მხოლოდ მთავარმა პროკურატურამ, რაც სწორი და ძალიან მნიშვნელოვანი სვლაა. ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ სამართალდამცავებს აქვთ მეტად სერიოზული ფაქტები იმისთვის, რომ რეჟიმი გასამართლდეს. ვერ შევაფასებ ამ ნაბიჯს ისე, რომ ეს კეთდება მხოლოდ ერთი კაცის - მიხეილ სააკაშვილის დასჯისთვის და ამგვარად ფიქრს სხვებსაც არ ვურჩევ.  მთავარია, რომ ბოლოს და ბოლოს გასამართლდეს ის რეჟიმი, რომელმაც ამდენი სამართალდარღვევა დაუშვა და ქვეყანაში უაღრესად მანკიერი პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი. ეს იმდენად მანკიერი პროცესები იყო, რომ ახალ ხელისუფლებას კიდევ კარგა ხანს მოუწევს მუშაობა "ნაციონალური მოძრაობის" "ავგიას თავლების" დასასუფთავებლად. უცხოელი სპეციალისტები აქ ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ ნახონ, შეისწავლონ და გააანალიზონ ის ფაქტობრივი ბაზა, რომელიც პროკურატურას რეჟიმის დანაშაულის დამტკიცებისთვის აქვს. კიდევ ერთი ფაქტორია ძალზე მნიშვნელოვანი, ეს ხალხი იმისთვისაც არის ჩამოსული, რომ სწორი ამბავი წაიღონ აქედან. მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ საზღვარგარეთ თავისი პიარსაქმიანობა, პრაქტიკულად, შეაჩერა და ეს საქმე მხოლოდ საელჩოების ანაბარა დატოვა, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. როცა მართალი ხარ, მაგრამ შენი სიმართლე პარტნიორებამდე ვერ მიგაქვს, იქნებ, თვით ამ პარტნიორების წარმომადგენლებმა მიიტანონ. ვფიქრობ, რომ თუ პროცესი სწორად წარიმართა, დაესმება წერტილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჭკუის სწავლებას და იმაზე ლაპარაკს, რომ აქ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს...

რეჟიმის გასამართლება კი  მისი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლებასაც გამოიწვევს. როდესაც სხვა ქვეყნებში მსგავს რეჟიმებს ასამართლებდნენ, შეგახსენებთ, რომ უამრავ ხალხს უწევდა პასუხისგება, რომელთა დიდ ნაწილსაც ეკრძალებოდა საჯარო სამსახურებში მუშაობა.

- საქართველოში იმყოფებოდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი. მასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა: "ნატოს სამიტზე მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას." როგორ ფიქრობთ, რა სახის უსაფრთხოების ზომებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
- ამგვარი გადაწყვეტილება უკვე არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას მოკავშირეებად განიხილავს. ვგულისხმობ აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდავეთისთვის  ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირეების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მოკავშირეობა თავისთავად გულისხმობს მოკავშირეების დაცვასაც.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს ნატოს მხრიდან, დაახლოებით ვიცი, რაზეც არის ლაპარაკი, ესაა ის საკითხი, რომელზეც ირაკლი ალასანიამ ილაპარაკა და გულისხმობს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას. ამის რეალურად განხორციელებას დიდი რესურსი დასჭირდება, მაგრამ პირველ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება და მისი ფრაგმენტულად განხორციელებაც უმნიშვნელოვანესია. საქართველოს უსაფრთხოება უნდა გაიზარდოს როგორც დოკუმენტურად, ასევე პრაქტიკულად. აშშ-ის მიერ შექმნილი დოკუმენტი გაცილებით მნიშვნელოვანი მგონია, ამიტომაც არ ღირს სამიტის წინ სიტუაციის დაძაბვა და ზედმეტი მოლოდინის გაჩენა. ჩვენ დღეს ვართ ურთულეს ვითარებაში და მიმაჩნია, რომ რუსეთის მიმართ ზომიერი პოლიტიკის წარმოება ყველაზე სწორია. მესამე მსოფლიო ომის საფრთხე აშკარაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. რუსეთმა პრაქტიკულად გაწყვიტა დასავლეთთან ტრადიციული ურთიერთობები, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები, კაცმა არ იცის, რუსეთმა შეაჩვია მსოფლიო იმ აზრს, რომ მისი მოქალაქეები უკრაინაში იბრძვიან. ასევე ცნობილი ხდება, რომ  უკრაინაში ჩადის აშშ-ის 180-მდე სამხედრო მოსამსახურე. ურთულესი მდგომარეობაა ჩვენი ქვეყნის სამხრეთით - განახლებული კონფლიქტები. ამასობაში ჩვენი მეზობლები ერთმანეთზე ილესავენ კბილებს, აკვირდებიან პროცესებს, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად დაიჭირონ მღვრიე წყალში თევზი, განსაკუთრებით ყარაბაღის პრობლემას ვგულისხმობ.
მიუღებელია, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპირება, მაგრამ არ შეიძლება ახლა ვითარების გამწვავება და თამასის ისე აწევა, რომელსაც ვერ გადავახტებით.

სჯობს ჯერჯერობით დაველოდოთ პროცესების განვითარებას და დასკვნები მერე გავაკეთოთ.

ნათია დოლიძე
odabade
02 სექტემბერი 2014 15:34
გლახუნა
-------------------

ზღაპრები ვინმე არმენოლოგ ლევონტი მროველის ,, ქართლის ცხოვრებაშI" წერია. რომელსაც ვერა და ვერ ელევით.

1. უკრაინა ამ ომს წააგებს.(უკვე წაგებული აქვს)
2. უკრაინა 1991 წლის საზღვრებსი უკვე გუშინდელი დღეა.
3. რუსეთი (მართმადიდებელი ცივილიზაცია) აშშ (დასავლური ცივილიზაცია) ომს მოუგებს. მას ძალიან ძლიერი მოკავშირე ყავს.

odabades
08 აგვისტო 2014 01:14
ოდაბადე გეთანხმები! თან რა გაიძვერები არიან ეს ამერიკა-ევროპელი პოლიტიკოსები! ასადის წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ ისის-ტერორისტები, მაშინ თურმე "პატრიოტი რებელები" იყვვნენ და ახლა ირაკში რომ ხოცავენ უდანაშაულო ხალხს, ახლა ტერორისტებიო გაიძახიან! უკან მოუბრუნდათ ის ნასუქი ტერორისტები!არადა უკვე ყველამ იცის, რომ ამ ტერორისტებს თვით ამერიკა აფინანსებდა! სიბელ ედმონდის ინტერვიუ გაქვს ნანახი? "სიაიეი"-ს თარჯიმანი იყო და წიგნი დაწერა ამ ყველაფერზე!თუ სადმე ომი და ტერორისტები იყვნენ გარეულები სულ ამერიკის დაფინანსებული იყო! ალ-ქაიდა, Iსის და კიდევ ღმერთმა იცის ვინ!
elene
04 აგვისტო 2014 13:35
მრჩება შთაბეჭდილება რომ ხადურს არ მოხსნიან, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება!
მე მასთან შეეხება (კონტაქტის დონეზე) მქონდა . . . მისი ცნობა შეუძლებელია . . .
კარგად ვიცნობ სამინისტროს და იქ მიმდინარე "პროცესებს" . . . ხელისუფლება არ ვიცი (მათი დანიშნულია!) მაგრამ ქვეყანა ასეთ მინისტრს ნამდვილად არ იმსახურებს

რედაქტორის რჩევით