"ხელისუფლების პირველ პირებს შორის გაუგებარი ურთიერთობები უნდა დასრულდეს"
04-08-2014
"ხელისუფლების პირველ პირებს შორის გაუგებარი   ურთიერთობები უნდა დასრულდეს"
"7 ნოემბრის საქმე არ იქნება სააკაშვილისთვის პირველი და უკანასკნელი"

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ექსპრეზიდენტს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის მომიტინგეთა დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის ფაქტზე სააკაშვილსა და მისი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ექსპრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა, სააკაშვილის საერთაშორისო რენომეს გათვალისწინებით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას ცოტა თუ ელოდა. სააკაშვილის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა მიჩნეული იყო ერთგვარ "წითელ ხაზად",
თუმცა, დღეს ის დარღვეულია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. ზოგიერთი უფრო შორსაც მიდის და სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ქვეყნის პროდასავლური კურსის დასრულებადაც კი მიიჩნევს. გვესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:


- არ ვიცი, სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება მოულოდნელი ვისთვის
იყო, ჩემი აზრით, ხელისუფლება 2012 წლიდან ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. ყველა ნორმალური ადამიანისთვის ნათელი იყო, რომ სამართლიანობის აღდგენა თუ დაიწყებოდა, ეს აუცილებლად გავრცელდებოდა ყოფილი ხელისუფლების პირველ პირზე. სხვა საკითხია, რომ ხალხს ამ პროცესის დაჩქარება სურდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ კი მიზეზთა გამო ეს ვერ მოახერხა, რაშიც, ბუნებრივია, წილი ედო დასავლეთის დამოკიდებულებას, როგორც ახალი, ასევე ძველი ხელისუფლების მიმართ. ის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ახლა აღიძრა, ამის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ჩემი აზრით, ამ საქმეზე მუშაობა კარგა ხანია დაწყებულია, უბრალოდ, უფრო ადრე ამის გახმაურება ასოცირების პროცესში პრობლემებს შეუქმნიდა როგორც დასავლეთს, ასევე საქართველოს ხელისუფლებას, თანაც ეს შეიძლება მესამე ძალას გამოეყენებინა. ასოცირების ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და ამ ნაბიჯის გადადგმაც შესაძლებლად მიიჩნიეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ბრალის წაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პროკურატურამ მოიწვია მაღალი დონის უცხოელი ყოფილი პროკურორები, რომელთაც როგორც თავიანთ ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ანალოგიური საქმეების წარმოების გამოცდილება აქვთ. თუ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს, პროცესი უფრო გამჭვირვალედ წარიმართება და კითხვაც ნაკლები იქნება. საინტერესოა, რომ ამის შესახებ განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაინტერესებულ ქვეყნებს თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ პროცესში მონაწილეობისთვის გზა გაუხსნა.

- თუმცა, სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას მყისიერად მოჰყვა დასავლური პოლიტიკური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის საკმაოდ მკაცრი შეფასებები.

- ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა, ვფიქრობ, გამოხმაურება არც ისეთი მასშტაბური და მწვავეა, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ანალოგიურ ნაბიჯს თუნდაც შარშან. ვფიქრობ, თავის დროზე, ვანო მერაბიშვილის დაკავება გაცილებით რეზონანსული იყო, ვიდრე სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებაა. ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი მიუთითებს, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და უტყუარი მტკიცებულებებით დასაბუთებული. ამას მოითხოვს ჩვენი საზოგადოებაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის სააკაშვილის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად ვერ შეფასდება.

საქართველოში საზოგადოებრივი განაჩენი როგორც სააკაშვილს, ასევე "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე გამოუტანეს,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთიც ასე ერთმნიშვნელოვნად შეხვდება ამ ამბავს. ხელისუფლება ვალდებულია, მტკიცებულებები წარადგინოს, რათა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარე... მართალია, სამართლიანობის აღდგენა გაჭიანურდა, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ ამან დადებითი შედეგი მოიტანა. ვგულისხმობ დასავლელ პარტნიორებსა და ახალ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, ეჭვები, რაც თუნდაც საგარეო ორიენტაციაზე შეიძლებოდა არსებულიყო, გაფანტულია, ნდობაც გაზრდილია. ვფიქრობ, რომ
დასავლეთი სააკაშვილისთვის გამოტანილ ნებისმიერ ვერდიქტს მშვენივრად მიიღებს, თუ ის კარგად დასაბუთებული იქნება.

ჩვენც სწორედ ეს უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, მარტო ამ საქმეში კი არა, საზოგადოდ მაღალკვალიფიციური საგამოძიებო სისტემა გვჭირდება. გარდა ამისა, დასავლეთში კიდევ ერთი ფაქტორის გამო შიშობენ - მათი აზრით, როცა ენერგია და ფინანსები წარსულის სამართლებრივი შეფასებისთვის იხარჯება, ამან შეიძლება იმსხვერპლოს ქვეყნის განვითარება, ანუ წარსულმა შეჭამოს მომავალი. ეს საფრთხე მართლაც არსებობს და ამ საკითხზე სერიოზული მუშაობაა საჭირო. ამიტომაც დასავლეთის რეაქცია ადეკვატურია, მათი სიფრთხილე კი - სწორი. ვფიქრობ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოც ძალაში დატოვებს. რაც შეეხება იმას, გამოცხადდება თუ არა სააკაშვილი ძებნილად, ვფიქრობ, პროკურატურა ამისგან თავს შეიკავებს, თუ, რა თქმა უნდა, პროცესუალურად ეს აუცილებელი არ არის. თუ მაინც გამოცხადდა, ვფიქრობ, ეს მოხდება ფორმალურად და მის ექსტრადიციას არ მოითხოვენ. ვფიქრობ, 7 ნოემბრის საქმე არ იქნება სააკაშვილისთვის პირველი და უკანასკნელი, რადგან პროცესი დაიწყო, აუცილებლად გაგრძელდება და ყველა საქმეს, სადაც კი ექსპრეზიდენტის მონაწილეობის ალბათობა არსებობს, შეისწავლიან. ზუსტად არ ვიცი, უკვე სწავლობენ თუ არა ამ საქმეებს, მაგრამ პროკურატურას სააკაშვილის ბრალეულობის გარკვევა, სავარაუდოდ, მოუწევს 2008 წლის ომის, 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისა და ა.შ. საქმეებში...

2007 წლის მოვლენების უშუალო მონაწილე ვარ. რუსთაველის პროსპექტზე ვიყავი ხალხის დარბევისას და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი საკითხია, სადაც დანაშაულის ნიშნები ნათელია: პირველი, შეჭრა ტელეკომპანია "იმედში" და საგანგებო მდგომარეობის მხოლოდ შემდგომ გამოცხადება და მეორე - კობა დავითაშვილის ცემისა და გატაცების საქმე, მაშინ პარლამენტარი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მაგრამ შეძლებს კი პროკურატურა ფაქტების ისე დალაგებას, რომ ეს ყველაფერი იქცეს მტკიცებულებათა უტყუარ ნაკრებად, რითიც შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სასამართლოს წინაშე წარდგომა?! დღემდე ვხედავდით, რომ ქართული პროკურატურა მძიმედ და ხარვეზებით მუშაობდა. თუ ხელისუფლება სააკაშვილს ბრალს ვერ დაუსაბუთებს და შეეცდება, რომ ეს ისევ დასავლეთს დააბრალოს, ეს მისთვის დიდი დარტყმა იქნება.

- სოდ-ის ყოფილმა უფროსმა, ამჟამად ძებნილმა ირაკლი კოდუამ განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა და ის უფრო დიდი არეულობის მოწყობას საკუთარი გარემოცვის წევრთა ლიკვიდირებით გამოწვეული უკმაყოფილების გამოყენებით გეგმავდა. მისი მტკიცებით, მან კოდუას გოგა ხაინდრავასა და კიდევ სამი პირის მოკვლა შეუკვეთა.
- გაუგებარია, რა უკმაყოფილების აგორებაზე ლაპარაკობს კოდუა, ამას დამატებითი ინსპირაცია არც სჭირდებოდა, ხალხი უკმაყოფილებას თვითონ გამოთქვამდა და ეს კარგად აჩვენა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციამ. მაშინ ოპოზიციის ლიდერებს აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ, გაცილებით ფართომასშტაბიან საპროტესტო მოძრაობას მიიღებდა იმჟამინდელი ხელისუფლება. ჩემთვის კოდუას ნათქვამი ნამდვილად არ არის სარწმუნო და, ვფიქრობ, ეს არც საზოგადოებას სჯერა.

- გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება 2008 წლის ომის დროს და უშუალოდ მის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების გამოძიების საქმეებში არასაკმარისი პროგრესის გამო. ასევე კომიტეტი შეშფოთებულია სხვადასხვა დროს ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტებზე აღძრული საქმეების დაუსრულებლობისა და პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოძიების გაჯანჯლებით. ასევე ლაპარაკია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს, ასევე 2011 წლის 26 მაისს და ა.შ.
- ანგარიშში სიახლე არაფერია, გაეროს გარეშეც ვიცით, რომ საგამოძიებო პროცესები გაჭიანურებულია. როგორც მახსოვს, 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სარჩელთა ნაწილში, რომელიც საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, ლაპარაკი იყო მხოლოდ რუსეთის დანაშაულებზე, თუმცა, მეორე ნაწილში ლაპარაკი იყო როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

- პარლამენტში მინისტრებისთვის ნდობის გამოცხადებისას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა გამოსვლები მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. მაგალითად, წვრილად იკვლევდნენ ამა თუ იმ მინისტრის მიერ დახარჯულ თანხებს, სამივლინებო ხარჯებსა და ა.შ.

- იმ პირებს, ვინც წლების განმავლობაში უარესს სჩადიოდნენ, ამის მორალური უფლება თუ აქვთ?!
ამ განცხადებებს აკეთებენ ისინი, ვინც წლების განმავლობაში სახელმწიფო სახსრებს ან საკუთარივით იყენებდნენ, ანაც ხმას არ იღებდნენ, როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია პრეზიდენტ სააკაშვილის გამაჯანსაღებელ-სარელაქსაციო პროცედურებში დახარჯული საბიუჯეტო თანხების თუ ექსმერ უგულავას დროის ტარების შესახებ.
ქართველი საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არა აქვთ უფლება, ილაპარაკონ მაღალ მატერიებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და ა.შ. "ნაციონალურ მოძრაობას" ტყუილად აქვს იმედი, რომ ამ კრიტიკით მისკენ შებრუნდება საზოგადოება. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაცილებით უარეს რამეებს სჩადიოდა. მეტიც, არსებობს შიში, რომ თუ ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, კიდევ უარეს უბედურებას დაატრიალებენ. ეს შიში კარგად გამოჩნდა თბილისის მერის არჩევნებისას, როდესაც ნარმანიამ პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში გაცილებით მეტი ხმა აიღო. იმის შიშით, რომ "ნაციონალები" არ დაბრუნებულიყვნენ, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მათი კანდიდატის წინააღმდეგ მისცა.

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირების თემას ჟურნალისტების გამონაგონს უწოდებენ, კვირა არ გავა, ისეთი რამ არ მოხდეს, რაც გუნდში არსებულ პრობლემებზე არ დაგვაფიქრებს. ამჯერად, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი არ დაამტკიცა და ეს არასაკმარისი კონსულტაციებით ახსნეს. როგორ ფიქრობთ, ეს უმრავლესობის დაუდევრობის ბრალია თუ გუნდში დაპირისპირებაზე მიუთითებს?
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა, ბოლოს და ბოლოს, სრულად დაკომპლექტდეს. რაც შეეხება მიზეზს, ვფიქრობ, პარლამენტს საკმაოდ რთული სამუშაო წელი ჰქონდა და როგორც ჩანს, კონსულტაციების გრაფიკი ვერ დაიგეგმა ისე, რომ ამ კანდიდატებზე აზრთა შეჯერება მოეხერხებინათ. ჯერჯერობით, იმის თქმა, რომ ხელისუფლებაში ძალაუფლების გადანაწილება და პირველობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, საკმაოდ რთულია, თუმცა, გამორიცხული არაფერია. უფრო ვხედავ იმას, რომ
პრემიერი ღარიბაშვილი იწყებს თავისი გუნდის ჩამოყალიბებას და ის რამდენად წარმატებული იქნება, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხელისუფლების პოლიტიკური მომავალი.

- თუმცა, მოსამართლეების საკითხი არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა გასულ კვირას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, როგორც იქნა, მოახერხა და მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრო.
- ამგვარი ფაქტები უკვე სერიოზული პრობლემაა და საკმაოდ ნეგატიურად აისახება ხელისუფლების იმიჯზე. ჩატარდა უშიშროების საბჭოს სხდომა, თანაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე - ნატოს მომავალ სამიტზე და პრემიერი, რომელიც თითქოს აპირებდა დასწრებას, შეხვედრაზე არ მივიდა. ეს ყველაფერი უფრო ჰგავს ბავშვურ ჭირვეულობას, ვიდრე სერიოზულ დაპირისპირებას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოებრიობას ექმნება პრობლემა. რა პრობლემა იყო იქ მისვლაში, ვერ გამიგია, ამით მარგველაშვილი რა, ახალ ძალაუფლებას შეიძენდა? ან ღარიბაშვილი რას დაკარგავდა? უშიშროების საბჭოს სხდომამ დაადასტურა, რომ ხელისუფლების პირველ პირებს შორის გაუგებარი ურთიერთობები უნდა დასრულდეს. 

- ლამის სახელმწიფოთა შორის გაუგებრობად იქცა აზერბაიჯანში ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" საფეხბურთო მატჩზე მომხდარი ინციდენტი, რომლის მიზეზიც ქართველი გულშემატკივრების მიერ სტადიონზე გამოკიდებული საქართველოს რუკა გახდა, რაზეც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო წარმოდგენილი. აზერბაიჯანში საქართველოს კონსულის თქმით, ორივე ქვეყანამ დიდი უბედურება აიცილა თავიდან, ბევრი მომხდარში მიზანმიმართულ პროვოკაციას ხედავს...

- ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რადგან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, ამით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან პრობლემები დასრულდა. რუსეთს ახლა შეიძლება ჩვენთვის არ სცალია, უკრაინაში აქვს ჯერ პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო კრემლს არ ახსოვს. თუ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები დაინტერესებულები არიან მშვიდობისა და კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით, მაშინ ეს საქმე უნდა გამოიძიონ. ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო ინციდენტი. თუ გადავხედავთ რეგიონს და წარმოვიდგენთ, რომ ვიღაც ცდილობს კავკასიაში დაძაბულობის გაღვივებას, აღმოჩნდება, რომ მტრისთვის  ყველაზე მომგებიანი ვექტორი სწორედ აზერბაიჯანისა და საქართველოს დაპირისპირებაა. შესაბამისად, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა დიდი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ერთი მხრივ, ქვემო ქართლის და, მეორე მხრივ, საინგილოს პრობლემებისადმი.

ნათია დოლიძე

oponenti
20 აგვისტო 2014 23:06
1. ძნელია უარყოფა იმისა, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაული, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს, ზოგირთ დანშაულს შეიძლება გამართლება მოუძებნო, მაგრამ ეს სხავა თემაა. პასუხისმოთხოვნა მიტინგების დაშლისათვის, დასავლეთში ერთმნოშვნელოვნად აღიქმება პოლიტიკურად, ამ ნიშნით შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი ჩასვა ციხეში, ვერავინ დაასახელებს ქვეყანას, სადაც მსგავსი არ მომხდარა და არ ხდება, თუ კი ვინმემ, პოლიციელმა ძალა გადაამეტა და სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუ იქამდე მივიდა დაქმე, დასჯიან, თუ რაღაც განსაკუთრებული მოხდა, შეიძლება ზემდგომი დასაჯონ, მაგრამ მინისტრი მითუმეტეს პრეზიდენტი, ჩასვან ციხეთი,ასეთი არ მომხდარა.
ხელისუფლებამ საკაშვილის დაჭერა აქცია თავის უპირველეს მიზნად, ჩემისაზრით ამ მიმართულებით დგამს არასწორ ნაბიჯებს, მით აღიზიანებს დასავლეთს, დებულება რომ ელოდნენ ხელმოწერას, ამიტომ გაჭიანურდა სამართლიანობის ქღდგენაო, არასწორია, გაგახსენებთ, რომ ამ ხელმოწერას რატიფიკაცია სჭირდება ყველასგან, რაც ჭიანურდება, თითქოს ფორმალობაა, მაგრამ რატომღაც არ ჩქარობენ, ასე რომ, მგონია ესეც ვერ გათვალეს სწორედ.
2. მუდამ ერთიდაიგივე ისმის, ნაციონალებს არქვთ უფლება, ხელისუფლება აკრიტიკონ, მათ დროს უარესი ხდებოდაო, არ მესმის ამ თეზისის არსი, იმისგამო, რომ უარესი ხდებოდა, ნაციონალები დღეს აღრ არიან ხელისუფლებაში, რამრთუ დღეს არვის აქვს ხელისუფლების კრიტიკის უფლება მივიღებთ იგივეს და უარესსაც.
3. ჩვენ აშკარაზე თვალებს ვხუჭავთ, იმისგამო, რომ ივანიშვილმა აითვალისწუნა პრეზიდენტი, მივიღეთ კონფიგურაცია, სადაც პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი მთლიანად, აღმოჩნდა ერთმხარეს და და პარლამენტი და მინისტრთა კაბინეთი მეორემხარეს, ეს აშკარაა, და მიჩუმათება არ შეიძლება, პრემიერი, გრძნობს რა ივანიშვილის მხარDაჭერას, აშკარად უგულველყოფს პრეზიდენტს, ეს განწყობილება რათქმუნდა გადაეცემა მის მთელ აპარატს, იმ დონენმდე, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც კი უდიერად მოიხსენიებს მარგველაშვილს.
და საერთოდ, ხელისუფლება დავიდა იქამდე, რომ თუ ვინმე ისევე არ ფიქრობს როგორც ტანდემი ივანიშვილი-ღარიბაშვილი, ყველა ნაციონალია ესეიგი მტერია.ხელისუფლება ძალიან მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ კრიტიკაზე, ვისგანაც არ უნდა იყოს გამოთქმული. ეს სახიფათო სიმპტომია.

რედაქტორის რჩევით