"პრემიერთან დასავლელი ლიდერების სატელეფონო საუბრები მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის" - კვირის პალიტრა

"პრემიერთან დასავლელი ლიდერების სატელეფონო საუბრები მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის"

"ეს კინკლაობა მით უფრო სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანა უამრავი საგარეო თუ საშინაო გამოწვევის წინაშე დგას"

"სითი პარკის" თავხედობა უსაზღვრო მაშინ გახდა, როდესაც ტროტუარებზე მონიშნეს პარკირების ადგილები...

ისე გაზარდეს პარკირების საფასური, არავისთვის აუხსნიათ"

გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობის საკითხები.  ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სფეროში პრეზიდენტის უფლებამოსილებების დიდი ნაწილი მთავრობის კომპეტენციაში გადადის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და მის განხილვას საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. ამის პარალელურად,  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოვიდა - პრეზიდენტი მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების გაძლიერებას ითხოვს. ლაპარაკია ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაზრდაზე. შეხვედრას, რომელიც მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში სპეციალურად ამ საკითხზე გამართა, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც ესწრებოდა.

- პრეზიდენტი მარგველაშვილი თანდათან თავდაჯერებული ხდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით შესამჩნევია მას შემდეგ, რაც ნატომ თვითონ გადაწყვიტა, თუ ვინ უნდა დასწრებოდა უელსის სამიტს და ეს გზავნილი ჩვენმა ლეგალურმა თუ არალეგალურმა პოლიტიკოსებმაც კარგად გაიგეს. მარგველაშვილს აშკარად აქვს განცდა იმისა, რომ მისი გავლენა არათუ მცირდება, იზრდება, რისი ნიშანიც უშიშროების საბჭოს საქმიანობის შესახებ  მის მიერ წარმოდგენილი ხედვაა. შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტმა გამართა, ჩვენთვის ცოტა უჩვეულო და საინტერესო იყო. ოცამდე ადამიანს შორის იყვნენ უმცირესობის ორი დეპუტატი და დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ექსპერტები. აქვე გაირკვა, რა ხდება პრეზიდენტის თავს და თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ფარგლებში მცირდება თუ არა მისი უფლებები. იქ დამსწრეთა უმრავლესობა გაოცებული დარჩა, როცა პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობისას თავდაცვის სამინისტრო და პრეზიდენტის აპარატი ხანგრძლივად და საქმიანად თანამშრომლობდნენ.

- ბრძანეთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი შეთანხმებული იყო პრეზიდენტთან, გამოდის საკუთარი ნებით შეიზღუდა უფლებამოსილება, მაგალითად, გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნის ნაწილში...

- გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნის საკითხი ჯერ საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, ამაზე იმსჯელებს პარლამენტი.

- თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ მარგველაშვილმა განაცხადა: "მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ვიქნები როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტისა და ხელისუფლების სხვა შტოების დამცველი და არასდროს გადავყვები პოლიტიკურ კონიუნქტურას." რა იგულისხმა პრეზიდენტმა?

- კანონპროექტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის მისაღებია, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა პრეზიდენტისგან, რომ ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ კონსტიტუციურ უფლებათა მთელ პაკეტს, რათა რაიმე გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი. ეს გავიგე ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის აამოქმედებს ვეტოს უფლებას.

- ჯერჯერობით ვეტოს დაძლევა ალბათ პარლამენტს არ გაუჭირდება. ხომ არ მართლდება ვარაუდი, რომ მარგველაშვილმა უახლოეს მომავალში შეიძლება თავისი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს და ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება სცადოს?

- მარგველაშვილს პოლიტიკური ამბიცია რომ ჰქონოდა, დიდი ხანია შეეცდებოდა მის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმისთვის წერტილის დასმას. ეს ადამიანი თვეების განმავლობაში მდუმარედ იტანს მის მიმართ წარმოებულ საკმაოდ მღვრიე კამპანიას, ვფიქრობ, იმის ტაქტსაც შეინარჩუნებს, რომ რევოლუციური ცვლილებების გარეშე პირნათლად შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულებები. ეს კინკლაობა მით უფრო სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანა უამრავი საგარეო თუ საშინაო გამოწვევის წინაშე დგას,  ჩვენ კი ამ სრულიად უსაფუძვლო თემებს ვარჩევთ. ეს ვნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ამასთანავე, ეს საკითხები საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ვერაფრით იქნება საინტერესო. ვიტყვი იმასაც, რომ დროა, ღარიბაშვილმა პოლიტიკურ ასპარეზზე უფრო თავისუფლად იმოქმედოს.

დასაფიქრებელია ის, რომ გამოუცდელი კადრები ხელმძღვანელობენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა მიმართულებას, ასევე პარტიულსაც.

ლამის ქართული დემოკრატიის წესად იქცა, რომ  ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად პარტიის პირველი პირიც უნდა იყოს, როგორ ფიქრობთ, ბარაქ ობამა ამერიკის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა ან გუბერნატორებს პარტიული ნიშნით ნიშნავს?! რა დაგვემართა ამისთანა, რომ სახელმწიფო და პარტიული საქმიანობა  ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნეთ, ეს არ სურდა "ნაციონალურ მოძრაობას",  დღეს ამას ვერ ახერხებს "ქართული ოცნება."

- მთავარი პროკურატურა დავით ბაქრაძის ანგარიშზე არსებული თანხების წარმომავლობით დაინტერესდა.

გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც განთავსებული იყო 276 849,89 გირვანქა სტერლინგი. პროკურატურამ მიიჩნია, რომ ეს ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან ეს თანხა ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრთა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ყოფილა...

- ვფიქრობ, სააკაშვილისა თუ მისი ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი კანონდარღვევებისგან ბაქრაძის შემთხვევა ცოტა განსხვავებულია. აქ სისხლის სამართლის დანაშაულზე ლაპარაკი არ არის. აშკარად ჩანს, რომ საქმე დაუდევრობასთან გვაქვს, რაც შედეგია იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბევრ ლიდერს კანონის მიმართ ვალდებულების გრძნობა დაჩლუნგებული ჰქონდა. სამწუხარო იქნება, თუ "ქართული ოცნების" ზოგიერთ წარჩინებულ პირს იგივე დაემართება.

- თბილისის ახალმა მერმა ბევრისთვის მოულოდნელად დიდი სიმკაცრე გამოიჩინა როგორც "სითი პარკის," ასევე მერიის დაქვემდებარებაში მყოფი რიგი სამსახურების მიმართ, რომელთა საქმიანობის შესწავლაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს პირადად სთხოვა...

- ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ნარმანიას მკაცრი განცხადებები. ფინანსები და ეკონომიკა არის ის სივრცე, სადაც ჩვენი მერი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მისი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ამ თემებთან დაკავშირებით მისი შეცდომაში შეყვანა ყოვლად შეუძლებელია. ის გამოძიება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერიაში დაიწყო, არა მგონია, სიმშვიდის საფუძველს აძლევდეს იმ ექსთანამდებობის პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქალაქს.

რაც შეეხება "სითი პარკს", დედაქალაქის მცხოვრებლებმა უკვე კარგა ხანია იციან, რომ ეს კომპანია მათ ძარცვავდა და უკანონობას სჩადიოდა, თუმცა ამის დამამტკიცებელი ფაქტების წარმოდგენა არ ხერხდებოდა, რადგან მათ კარგი მფარველები ჰყავდათ მერიის მაღალ თანამდებობებზე.

"სითი პარკის"თავხედობა უსაზღვრო მაშინ გახდა, როდესაც ტროტუარებზე მონიშნეს პარკირების ადგილები... ისე გაზარდეს პარკირების საფასური, არავისთვის აუხსნიათ, მომხმარებელს ამხელა თანხებს რა კომფორტისთვის ახდევინებდნენ. არც მიწის ქვეშ მოწყობილი პარკირების ადგილები გვინახავს სადმე და არც მიწისზედა მრავალსართულიანი სადგომები. მოკლედ, ამ კომპანიასთან უამრავი კითხვა დაგროვდა, რაზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა კომპანიის წარმომადგენლებსაც და მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებსაც.

- მას მერე, რაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაფლანგვის მუხლით აღძრა და ცნობილი გახდა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილი პირადი კომფორტის მოწყობას არ ერიდებოდა, მან პრეზიდენტობისას სახელმწიფო ხარჯებით შეძენილი პიჯაკების დაბრუნება სცადა... ბევრი მიიჩნევს, რომ ესეც პიარსვლა იყო და ამით შეეცადა გაეშარჟებინა ის ბრალდება, რომელიც წაუყენეს...

- სიმართლე გითხრათ, სააკაშვილის იუმორის გრძნობაზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის არ ვარ. არ ვიცი, ამით რის მიღწევა სცადა, მაგრამ ცხადია, სააკაშვილი ამგვარი აქციებით ვერ გადაფარავს გაფლანგვის იმ ფაქტებს, რაც პროკურატურამ წარმოადგინა და რაც ქვეყნის მოსახლეობამ აქამდეც მშვენივრად იცოდა. ერთიც, ეს კაცი ბოლო ხანს სულ წუწუნებს, რომ თვითმფრინავის ბილეთი არ აქვს, რომ მეტროთი დადის, თუმცა მსოფლიოს ხან ერთ კუთხეშია და ხან - მეორეში. ისეთი გაჭირვებულიც არ ყოფილა, როგორადაც თავს წარმოაჩენს, თორემ ამ ძვირად ღირებულ პიჯაკებს გაყიდდა და ერთი თვის სარჩოს მაინც მოაგროვებდა.

- ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით ესაუბრნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. ორივე საუბრის თემა იყო როგორც რეგიონში არსებული ვითარება, ასევე მომავალი ნატოს სამიტიც...

- ჩემი აზრით, ეს გააქტიურებული კომუნიკაცია აუცილებლად უნდა განვიხილოთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ჭრილში. დღეს ამერიკაც და ევროპაც საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას ერთ პრიზმაში მოიაზრებს და რუსეთის მსხვერპლად მიიჩნევს. შესაბამისად, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თაობაზე ინფორმაცია პირველი წყაროდან მიიღონ. პრემიერთან დასავლელი ლიდერების სატელეფონო საუბრები მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რაც აჩვენებს, რომ დასავლეთის დამოკიდებულება 2008 წლისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შეცვლილია.  კრემლმა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა შეუქცევად პროცესად იქცა. სწორედ რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა და გაუთავებლად ზეწოლის მცდელობაა ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. რაც შეეხება ნატოს სამიტს და ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ზომიერი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა.

დღეს მთელ მსოფლიოში უკვე აღარავინ ეჭვობს, რომ პუტინი პლანეტარული საფრთხეა, 2008 წელს ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ და კრემლს გადატვირთვის პოლიტიკას სთავაზობდნენ.

როგორც უკვე გითხარით, დასავლეთი საქართველოს კონტექსტიდან ამოგლეჯით უკვე აღარ განიხილავს, შესაბამისად, ევროკავშირთან ასოცირების პროცესის დაჩქარება გარკვეულწილად უკრაინაში მიმდინარე პროცესებმაც განაპირობა, ვნახოთ, რა იქნება ნატოს სამიტზე.

გულს ნუ გავიხეთქავთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ზოგიერთი კომენტარით, რომ აქ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო, შეიძლება ზოგიერთმა ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოახდინოს, ეს წარმოუდგენელია, რაღაც სასწაული უბედურება უნდა დავმართოთ ქვეყანას, ეს რომ მოხდეს...

- უკრაინაში ვითარება კვლავაც უკიდურესად დაძაბულია, იმის პარალელურად, რომ უკრაინის სამხედრო შენაერთებმა სეპარატისტთა მიერ დაკავებული არაერთი ტერიტორიული ერთეული გაათავისუფლეს, რუსეთმა უკრაინის ნებართვის გარეშე ქვეყნის აღმოსავლეთში ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა...

- მომავალი კვირა უმნიშვნელოვანესი იქნება, მოგეხსენებათ, იგეგმება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა საომარი მოქმედებების ერთბაშად დასრულების იმედი არ მაქვს. ვფიქრობ, რუსეთი ასე იოლად არ დათმობს პოზიციებს და შეეცდება მუდმივი კონფლიქტისა და არეულობის კერების შენარჩუნებას. შესაძლოა, გავიზიაროთ დასავლელი ლიდერების პრობლემების დიპლომატიური გზებით მოგვარების ინიციატივა, მაგრამ ეს ხომ ცარიელი ლაპარაკია, თუ არ მოჰყვა იმ ინსტრუმენტების შეთავაზება, რაც პოზიტიურ შედეგს მოიტანს. უკაცრავად და, სად არიან გაეროს მშვიდობისმყოფელები ან ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალები, თუ სურთ კვლავაც რუსეთს გადააბარონ მშვიდობისმყოფლის სტატუსი, რასაც არასდროს, არსად სიკეთე არ  მოუტანია? ვფიქრობ, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე დღის წესრიგში სწორედ ეს საკითხი უნდა დადგეს და საერთაშორისო საზოგადოებამ სამშვიდობო მისიის შესასრულებლად მზადყოფნა გამოთქვას. კომფორტის მოყვარული ვეროპელებისგან არავინ ითხოვს სისხლის დაღვრას, მაგრამ საჭიროა ევროპამაც და ამერიკამაც მეტი გაბედულება გამოიჩინონ. ახლა კიდევ ერთი გამოწვევა ელის უკრაინას, კვირის ბოლომდე დიდი ალბათობით დაითხოვენ უკრაინის რადას. საომარ ვითარებაში თუ შეიძლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რათა იანუკოვიჩის მიერ დატოვებული ძალები პოლიტიკური სივრციდან გაუჩინარდნენ, იქნებ, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასაც ეფიქრა იმაზე, ხომ არ გადახედავდა საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს.

ნათია დოლიძე