"მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა" - კვირის პალიტრა

"მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა"

ჯერჯერობით ჩრდილში ყოფნა სჯობს, რათა "უკრაინულ ხორცსაკეპში" არ აღმოვჩნდეთ

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უკან ძალა დგას, თუ ამ ძალას ვერ დავინახავთ, მაშინ ბრძოლას აზრი არა აქვს"

26 აგვისტოს მინსკში ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები. ბევრი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიიჩნევდა, რომ შეხვედრა შესაძლოა დადებითად ასახულიყო უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა, საიმედო პროგნოზი არ გამართლდა. ლიდერებმა, რომელთა შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი ესწრებოდა, ვერაფერზე მოილაპარაკეს. უკრაინის აღმოსავლეთში კი ვითარება სულ უფრო და უფრო სავალალო ხდება. დასავლური მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე ლაპარაკობენ. რუსეთი კი უარყოფს უკრაინაში მისი რეგულარული არმიის ნაწილების ყოფნას, მაგრამ სხვადასხვა მონაცემით, უკრაინის ტერიტორიაზე 15 ათასი რუსი ჯარისკაცი და 1000-ზე მეტი სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკაა შესული. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბრიუსელში ჩავიდა, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება მოითხოვა. ამოიწურება თუ არა ბოლოს და ბოლოს დასავლელი ლიდერების შეშფოთების ფიალა და დაუწესებენ თუ არა რუსეთს იმგვარ სანქციებს, რაც აიძულებს, გაჩერდეს? ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- დასავლელმა ექსპერტებმა პუტინის მიზნებსა და ამოცანებს უკრაინაში მიმდინარე პროცესების დასაწყისშივე ძალიან სწორი შეფასება მისცეს და პროგნოზიც სათანადო გააკეთეს. შემდეგ რაც მოხდა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უგულებელყოფენ პოლიტიკოსები ექსპერტთა აზრს მაშინ, როდესაც არ სურთ ამ აზრის გაზიარება. ის, რომ პუტინის მთავარი ამოცანა უკრაინის დაპყრობა კი არა, უკრაინაში მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიული ერთეულის შექმნაა, უკვე ყველასთვის ცხადია. ოცი წელიწადია კრემლი ამ მოდელს იმეორებს და დასავლური პოლიტიკური ელიტა ამას ჯიუტად ვერ ხედავს.

თავის დროზე დასავლეთისგან ადეკვატური რეაგირება რომ მოჰყოლოდა, აფხაზეთის, ე. წ. სამხრეთ ოსეთის თუ დნესტრისპირეთის პრობლემებს, დღეს უკრაინის პრობლემა ასეთი მწვავე არ იქნებოდა.

დააკვირდით, ყირიმის თემა საერთოდ ამოვარდნილია როგორც საინფორმაციო, ასევე მოლაპარაკების სივრციდან. XXI საუკუნეში რუსეთმა ყირიმი შეიტყაპუნა, ბებერი ევროპა კი კვლავაც ჯიუტად ზრუნავს თავისი კეთილდღეობის შენარჩუნებაზე. დღეს დასავლეთმა უცებ გადაწყვიტა, რომ ხმა ამოეღო უკრაინაში რუსეთის აშკარა აგრესიაზე, უკრაინაში ერთბაშად აღმოაჩინეს რუსული ჯარი და იარაღი, რაც ჩვენ სამი თვის წინ ვიცოდით. "ოპოლჩენცები" ვერაფერს გახდებოდნენ რუსეთის დაუხმარებლად, თუნდაც იმიტომ, რომ მათ საჭირო ტექნიკა არ ჰყავდათ. უკრაინაში თავიდანვე იყო რუსული იარაღი და იბრძოდნენ რუს მოხალისეებად მონათლული ოფიციალური სამხედრო პირები. ეს იცოდა დასავლეთმაც, მაგრამ ჩვენი დასავლელი კოლეგები ბრძნული გამომეტყველებით ამბობდნენ, რომ  არ ღირდა პუტინის კუთხეში მიმწყვდევა. რუსეთის წინააღმდეგ უკიდურესი ზომების გამოყენება კარგს რომ არაფერს მოიტანს, კარგად გვესმის, მაგრამ სხვა არაერთი ქმედითი ღონისძიების გატარება შეიძლებოდა. რუსეთს ეს ყველაფერი თუ შერჩა, დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც იმავეს გაიმეორებს. ამიტომაც არის უკიდურესად შეშფოთებული ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი, რომელიც ბოლო ხანს საოცარ განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, ხან ამბობს, უნდა განვავითაროთ რუსული ენა, თორემ უკრაინის მდგომარეობაში აღმოვჩნდებითო, ხანაც ამბობს, შვიდი თურქულენოვანი ქვეყანა უნდა გავერთიანდეთ, რათა რუსეთის მომავალ აგრესიას დავუპირისპირდეთო. ამას ამბობს ამხელა და ასეთი რესურსის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი და ჩვენ რა დღეში შეიძლება ჩავცვივდეთ, ხომ წარმოგიდგენიათ?! რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შედეგი ვერ მოიტანა. საქმე ის არის, რომ ზარალი, რომელსაც რუსეთი ამ სანქციებით აუცილებლად ნახავს, გათვლილია სადღაც 4-5 წელიწადზე, მოკლე ხანში ეს ვერ მოხდებოდა, უკრაინა კი დღეს ინგრევა...

- თქვენი აზრით, რა მოიტანდა შედეგს მოკლე დროში?

- დასავლეთის ერთიანი და თანამიმდევრული პოლიტიკა. ავიღოთ დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერის, ანგელა მერკელის, ქმედებები, ვერ გავიგე მერკელს  საერთოდ რა უნდა? ცდილობს, არც მწვადი დაწვას, არც შამფური, თან უნდა იყოს დასავლური  სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი და თანაც ყველაფერს აკეთებს, რომ პუტინს გული არ დასწყვიტოს. ამგვარი ორმაგი სტანდარტი შედეგს ვერ მოიტანს. ხომ ცხადია, რომ მსოფლიოში სერიოზული პოლიტიკოსების დიდი დეფიციტია. დღეს პოლიტიკანების დრო დგას, პუტინი კი ამათ ფონზე ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ როგორც უნდა, ისე აბურთავებს ყველას.

რამდენიმე დღის წინ უდიდესი გერმანული კონცერნი RWE, რომელიც ბუნებრივი აირის დისტრიბუციას ეწევა და ლამის მთელ გერმანიას ამარაგებს, რუსებმა იყიდეს.

წარმოიდგინეთ, ეს მოხდა ამ გაგანია დაპირისპირების დროს და პრაქტიკულად გერმანიის დიდ ნაწილში ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო ქსელი - გაზსადენები, რეზერვუარები რუსებმა ჩაიგდეს ხელში. ცოტა ხნის წინ კი ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ ნავთობის ამოღების მიზნით რუსულ კომპანიასთან ერთად დაიწყო არქტიკული სელფის დამუშავება... ამ ყველაფრის გათვალისწინებით სანქციებზე ლაპარაკი ცინიზმია.

ამგვარი პოლიტიკა რუსეთს ვერ გააჩერებს. ხანმოკლე პერსპექტივაში ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ტოტალური სანქციების დაწესებით, რომლის დროსაც ვიღაც ოლიგარქი თუ საფინანსო ჯგუფი სახელმწიფო ინტერესის წინ გადახტომას ვერ გაბედავს. გარდა ამისა, საჭიროა უკრაინისთვის იარაღისა და ფულის მიწოდება,

უკრაინული არმიის სასწრაფო მოდერნიზაცია და ა.შ. ამასთან, თუ "ოპოლჩენცების" მხარეს იბრძვიან ე.წ. მოხალისეები, რატომ არ შეიძლება უკრაინის მხარესაც იბრძოდნენ? მართალია, აქაც არის ამგვარი მცდელობები, მაგალითად, ქართველებისა და ჩეჩნების მხრიდან, მაგრამ ამას სჭირდება უფრო სხვა ფორმა, გაზეთის ფურცლებზე ყველაფერს ხომ ვერ იტყვის ადამიანი. დღეს აპატურაი აცხადებს, ერთიანი, შეკრული ფრონტით ვუტევთ რუსეთსო, სამწუხაროდ, ამის არ მჯერა.

დასავლური დიპლომატიის თვალთმაქცობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შემიძლია გავიგო, ოღონდ თუ ამას საჯაროდ იტყვიან. საქმე ის არის, რომ დღეს უდიდესი პრობლემებია შექმნილი ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე. ამაზე ძლიერი გამოწვევა დღეს მსოფლიოს არა აქვს. იმ პრობლემასთან შედარებით, რასაც პოლიტიკური ისლამი ჰქვია, უკრაინის პროცესები, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვანია. ამ საფრთხესთან ბრძოლაში დასავლეთს ობიექტურად სჭირდება რუსეთი, რომელსაც პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლის გამოცდილება აქვს. თუ ამას დაუფარავად იტყვიან, მაშინ შეიძლება გავიგო ის, თუ პუტინს ბოლომდე რატომ არ სწირავენ, მაგრამ ამას არავინ ამბობს.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რამდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს საომარმა მოქმედებებმა?

- თუ დასავლეთმა ამგვარი პოლიტიკა გააგრძელა, პუტინის გეგმა, შეინარჩუნოს "ნოვოროსია", შესრულდება. უკრაინის ტერიტორიაზე ისეთივე პრორუსული ანკლავი გაჩნდება, როგორიც აფხაზეთია. ამას დაემატება უკვე წაღებული ყირიმი, რომელზეც ხმას აღარავინ იღებს. იცით, რატომ წამოიწყო რუსეთმა მარიუპოლისკენ შეტევა? - ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, იმიტომ, რომ მარიუპოლის დაკარგვით უკრაინა დაკარგავს აზოვის ზღვას, კრემლი კი შეასრულებს თავის გენერალურ ამოცანას - მოახერხებს შავი ზღვის დიდი ნაწილის გაკონტროლებას. თუმცა, სავარაუდოდ, პროცესები უფრო გართულდება, მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა და რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს დასავლეთი ამას, მით უკეთესი.

- თქვით, რომ თუ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე პროცესები შერჩა, ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც იმავეს გაიმეორებს. აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველომ უნდა დაუჭიროს თუ არა უფრო აქტიურად მხარი უკრაინას.

- ამ საკითხზე ოპოზიცია ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს, თუმცა, მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას სწორი პოზიცია აქვს. განცხადებების გაკეთებისას მთავრობის ხელმძღვანელი მაქსიმალურად ინარჩუნებს თავშეკავებას, თუმცა, მთავრობის სხვა წევრებს არ უკრძალავს უფრო მკაცრი განცხადებების გაკეთებას. ვნახეთ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის საკმაოდ აგრესიული გამოსვლა. არ არის საჭირო დღეს რომის პაპზე მეტად პაპობა, დავაკვირდეთ მოვლენებს და იქიდან დავასკვნათ, ხვალ-ზეგ რისი გაკეთება სჯობს. დღეს და მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთთან ვითარების გამწვავების ნიშნები არ ჩანს. არც არის საჭირო ჩვენი მეტისმეტი აქტიურობით ეს ნიშნები გავაჩინოთ. ჯერჯერობით ჩრდილში ყოფნა სჯობს, რათა "უკრაინულ ხორცსაკეპში" არ აღმოვჩნდეთ.

- 4-5 სექტემბერს უელსში ნატოს სამიტი გაიმართება. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმზ აპატურაის განაცხადებით, "საქართველო საჭიროებს თავდაცვით სისტემებს, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის საბოლოო კომუნიკეში ჩაიწერება"... უკვე ცნობილია, რომ საქართველო ამ სამიტზე "გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს" მიიღებს...

- რაც უნდა ჩაიწეროს კომუნიკეში, ეს ნატოს წევრ ქვეყნებს საქართველოს დაცვას არ ავალდებულებს.

დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ თუ ნატოში გაწევრებისთვის ვაპირებთ ბრძოლას, ეს უნდა გვიღირდეს, ამისთვის კი სერიოზული მხარდაჭერა გვჭირდება.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უკან ძალა დგას, თუ ამ ძალას ვერ დავინახავთ, მაშინ ბრძოლას აზრი არა აქვს.

- ლაფანყურის სპეცოპერაციიდან ორი წელიწადი გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, იმ საზოგადოებრივმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში თქვენც ბრძანდებით, უკვე დაასრულა მოკვლევა. როდის გამოქვეყნდება დასკვნა და რა დეტალების გამხელა შეგიძლიათ ჩვენი მკითხველისთვის?

- მეც და კომისიის რიგი წევრებიც მივიჩნევთ, რომ ლაფანყურის მოვლენებზე დასკვნის დაწერა აუცილებელი არ არის, რადგან იქ ბევრი თეთრი ლაქა რჩება, რომელსაც კომისიის სტატუსიდან გამომდინარე, ვერ გამოვიკვლევთ, ჩვენ ხომ საგამოძიებო ორგანო არა ვართ. შევეცადეთ, შეგვეგროვებინა ის ინფორმაცია და მასალა, რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა. ასევე მოხდა ამ მასალის სისტემატიზაცია.  მეც და კომისიის წევრთა უმრავლესობაც მივიჩნევთ, რომ დღეს ამ საქმეს იძიებს ზოგიერთი ის პირი, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის უშუალო მონაწილეა, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ისინი ამ საქმეს არასდროს გამოიძიებენ. ჩემი აზრით, ლაფანყურის მოვლენების კვალი მარტო საქართველოში არ უნდა ვეძებოთ. ამ კვალმა შეიძლება წაგვიყვანოს რუსეთისკენ, თურქეთისკენ და შეიძლება უფრო შორსაც. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ოპერაციაში დიდი ფული იყო ჩადებული, რომელიც გაქრა და ეს ახალგაზრდები ამ ფულის კვალის გადაფარვას შეეწირნენ. ერთ ამბავს გეტყვით ექსკლუზიურად: იმ ბრძოლის შემდეგ ერთმა პირმა მოახერხა და გადავიდა დაღესტანში, ის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა და ბევრი რამ იცის. საინტერესოა, ეს კაცი სად არის ახლა და როგორ პირობებში? ეს ფაქტი კომისიის მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა.

- საქართველოში NDI-ის ოფისმა  საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგი შედეგები წარმოადგინა, რომლის პოლიტიკურმა ნაწილმა მეტად კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა.

- რით ვერ გავიგეთ, რომ ბოლო 5-6 წელიწადია ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები სრულიად არასანდოა. ამიტომაც ამ თემაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. ხომ ცხადია, რომ NDI-ის თბილისის ოფისი ემსახურებოდა და კვლავაც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს, შესაბამისად, ამ ბოლო კვლევის შედეგებიც აჩვენებს მხოლოდ ერთს, თუ როგორ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში წყლის ამღვრევას.

- მაშინ როდესაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ძებნა ქვეყანაში უკვე გამოცხადებულია, მთავარი პროკურატურა კი აცხადებს, რომ მისი წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილი ჩადის სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს და იქ მართავს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან შეხვედრას. როგორ შეაფასებთ მის ამ ნაბიჯს?

- ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რადგან მისი სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული, ჩვენმა სამართალდამცავებმა კი იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი, ის უნდა დაეკავებინათ. უნდა ვიყოთ დელიკატურები და ვიცოდეთ ისიც, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენი სამართალდამცავები სპეცოპერაციას ვერ დაგეგმავენ. თუ სააკაშვილს არ სურდა, რომ მისი თანაგუნდელები საქართველოდან სადმე შორს წასულიყვნენ, შეეძლო ეს შეხვედრა, მაგალითად, ტრაპიზონში გაემართა, მაგრამ მან პროვოკაციულად სარფი აირჩია. ამით სცადა დემონსტრაციულად ეჩვენებინა, რომ მას კი სდევნიან, მაგრამ ის მაინც ჩავიდა სარფში, რაც სააკაშვილის აზრით, მის გაბედულებად უნდა შეფასდეს, თუმცა, მეორე მხრივ, უფრო ადეკვატურია ვიფიქროთ, რომ თუ ასეთი მაგარი ბიჭია, მაშინ პირდაპირ საქართველოში ჩამოსულიყო. გარდა ამისა, საინტერესოა, რაზე ილაპარაკა მან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან. თუ ქვეყანაში არეულობის მოწყობის ინსტრუქციები მისცა, მაშინ ეს უკვე სხვა შეფასების თემაა, თუმცა, შეიძლება უბრალოდ ქვეყანასა და პარტიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია.

ნათია დოლიძე