"საქართველომ MAP-ი იმიტომ არ მიიღო, რომ აქ ომი არ დაწყებულიყო"
08-09-2014
"საქართველომ MAP-ი იმიტომ არ  მიიღო, რომ აქ ომი არ დაწყებულიყო"
"საქართველო ვერ იქნება იმ სახელმწიფოთა რიგში, რომელიც პირველი და ყველაზე მეტად გარისკავს, ჩვენ ვერ ვიქნებით რომის პაპზე მეტი კათოლიკეები"

"არც ის იქნება უბედურება, თუ პრეზიდენტის გარშემო ჩამოყალიბდება ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა"


უელსში ნატოს სამიტი დასრულდა, რომელზეც განხილვის მთავარი თემა მსოფლიოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა და უსაფრთხოების ახალი სისტემების შექმნა გახლდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველო ამჯერადაც მაპ-ის გარეშე დარჩა, თუმცა უელსის სამიტის კომუნიკეში მკაფიოდ აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესი და ითქვა,
რომ ნატოსთან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი საქართველოს საშუალებას მისცემს, ნატოს წევრობისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. "დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსთვის არსებით პაკეტს, რომელიც გულისხმობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წვრთნების ჩატარებას, სწავლებას, გაცილებით მჭიდრო კავშირს და უკეთესი თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ეს ზომები მიზნად ისახავს ალიანსისა და საქართველოს თავდაცვისა და
თანამშრომლობის უნარიანობის ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, ნატოს წევრობისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს." - ნათქვამია კომუნიკეში. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე.


- როგორ შეაფასებთ ნატოს მიერ შემოთავაზებულ ე.წ. გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უელსის სამიტს საქართველოსთვის წარმატებულად მიიჩნევს, ბევრი სკეპტიკოსი აცხადებს, რომ უკვე მერამდენედ მივიღეთ ნატოსგან "მაპ-ზე უკეთესი" სათანამშრომლო პაკეტი...
- ადამიანები, ვისაც ასეთი ნიჰილისტური განწყობა აქვთ ნატოს სამიტის მიმართ, როგორც ჩანს, მთლად კარგად ვერ იცნობენ მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას.
ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, მაპ-ს მივიღებთ თუ - არა, არამედ ის, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები რუსეთისგან თავდასაცავად.

გაგახსენებთ 2008 წლის აგვისტოს, - ავყურებდით ცას, სადაც თავისუფლად დაფრინავდნენ რუსული თვითმფრინავები და შიშით ველოდით, რას იზამდნენ, ჩამოყრიდნენ ბომბებს თუ არა. ჩვენი საჰაერო სივრცე აბსოლუტურად დაუცველი იყო. დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიო აიძულა, დაეწყო ფიქრი რეგიონული თუ მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემების შექმნაზე. ნატოს სამიტი ზუსტად ამას მიეძღვნა. მეჩვენება, რომ საქართველომ მაპ-ი არ მიიღო იმიტომაც, რომ აქ არ დაწყებულიყო სამხედრო მოქმედებები, ანუ რუსეთი არ წასულიყო პროცესების უფრო მეტ ესკალაციაზე. ვიმეორებ, არა აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა თანამშრომლობის პაკეტს, მაპ-ი თუ სხვა რამ, მთავარია, არსებობს რეალური პერსპექტივა, რომ ამ ახალი გაძლიერებული თანამშრომლობის ფარგლებში მივიღებთ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს, საქართველოს არმია თანდათან აღიჭურვება ნატოს სტანდარტებით და ა.შ.

- ანუ გამოდის, რომ მაპ-ის მოუცემლობა მაინც რუსეთისთვის ანგარიშის გაწევით  აიხსნება...
-  ეს იყო პოლიტიკაში რუსული ფაქტორის სათანადო შეფასება და გათვალისწინება. მაპ-ი ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის, საქართველო ამ ახალი თანამშრომლობის პაკეტითაც ნატოსთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ქვეყანა ხდება ისეთ სახელმწიფოებთან ერთად, როგორიც მაგალითად, შვედეთი და ავსტრალიაა. ევროპამ ნელ-ნელა მსოფლმხედველობრივად და გეოპოლიტიკურად სწორად შეაფასა ის საფრთხეები, რაც რუსეთიდან მოდის. ის ტრაგიკული შეცდომები, რაც დაუშვეს 2008 წელს, გაცნობიერებული და შეფასებულია. შესაბამისად, ევროპის მოქმედება დღეს იქნება გაცილებით ხისტი და ქმედითი. ამას რუსეთშიც ხვდებიან, ტყუილად კი არ ახსენა პუტინმა, რომ რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბირთვული ქვეყანაა, ეს შეხსენება იყო მუქარა, რომელსაც ერთგვარი პრევენციის ხასიათი ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რა შეიძლება მოუმზადონ ევროპამ და ამერიკამ რუსეთს.

- თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ ამერიკისა და ევროპის მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთს მნიშვნელოვნად აფერხებდეს. ის კვლავაც აგრძელებს უკრაინაში საკუთარი ინტერესების გატარებას, იქ ფაქტობრივად, რუსული არმიის შენაერთები იბრძვიან, პუტინიც  კვლავინდებურად იმუქრება...
- ძაღლი ყველაზე საშიში მაშინ ხდება, როდესაც კუთხეში მოიმწყვდევ, ასეა რუსეთიც. ასეთ ვითარებაში დიპლომატიის დიდი ხელოვნება ისაა, რომ ძაღლს უკან დასახევი ადგილი დაუტოვო. სწორედ ამას ცდილობს დღეს ცივილიზებული მსოფლიო.  ამიტომაც არის, რომ მსოფლიო ლიდერები მკაცრ სანქციებთან ერთად, მუდმივად ცდილობენ რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებისთვის სივრცის დატოვებას. ამ პოლიტიკის გაგრძელებაა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც, თავშივე ჩანდა, რომ უკრაინაში სიტუაციას არსებითად ვერ შეცვლიდა, მაგრამ ეს არის მცდელობები პროცესის დიპლომატიურ ჩარჩოში მოსაქცევად.

ვფიქრობ, კონფლიქტი კარგა ხანს არ ამოიწურება უკრაინაში, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში მოექცევა, უკრაინაში დღეს რუსეთი იქცევა იმავე მეთოდოლოგიით, როგორითაც აფხაზეთში იქცეოდა.

ცდილობს შექმნას აღმოსავლეთ უკრაინაში მისგან მართული წარმონაქმნი და გაყინოს კონფლიქტი. ეს თავის დროზე პატარა საქართველოში გაუვიდა, მაგრამ იმედი მაქვს, დიდ უკრაინაში არ გაუვა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კონფლიქტი ყოველდღიურად აძლიერებს ევროპის ერთობას და ასუსტებს რუსეთს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით მეტად დასუსტდება რუსეთი. ისეთივე პოლიტიკის გაგრძელება, რასაც დღეს ახორციელებს, რუსეთს აუცილებლად მიიყვანს დაშლამდე. ეს პროცესების განვითარების ერთი სცენარია, მეორე სცენარით კი მოსალოდნელია რუსეთში ხელისუფლება გადატრიალებით შეიცვალოს. ევროპაზეა დიდწილად დამოკიდებული, როგორ მოხერხდება რუსეთის აგრესიული პოტენციალის ნეიტრალიზება. ისტორიას თუ გადავხედავთ, რუსეთი კარგი მეზობელი მაშინ იყო, როდესაც სუსტი სახელმწიფოებრიობა ჰქონდა. ამიტომ, თუ გვინდა ევროპაში მშვიდობა, რუსეთის დასუსტებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რუსეთში აშშ-ისა და ევროპის მიერ დაწესებული სანქციების შედეგებს 2015 წლის გაზაფხულიდან ველოდები, რუსეთი იმაზე მალე აღმოჩნდება სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე, ვიდრე წარმოუდგენია ვინმეს. შედით რუსულ საიტებზე და ნახავთ რიგი პროდუქციის დეფიციტს, უკვე არაერთი კომპანია დადგა გაკოტრების საფრთხის წინაშე, სადღაც წელიწად-ნახევარში რუსეთის შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 10%-ით შემცირდება. კრემლი ცდილობს, აზიის მიმართულებით გააქტიურდეს, მაგრამ იქ პირველობას მას ჩინეთი არ უთმობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთი ევრაზიული კავშირიდან გასვლას ფიქრობს... პუტინს ეს კავშირი, ვატყობ, ჰაერში გამოკიდებული დარჩება... 2017 წლამდე რუსეთში ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, ამ ქვეყანას ეკონომიკური დეფოლტი არ ასცდება.

- ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმეტად უწევს ანგარიშს "რუსეთის ფაქტორს". ამის დამადასტურებლად ასახელებენ უკრაინაში მიმდინარე პროცესების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების ზომიერ განცხადებებს...
- ასეთი დასკვნების გამოსატანად საფუძველი არ არსებობს. საქართველოს რუსეთზე ზემოქმედების არავითარი ბერკეტი არ აქვს, ასეთ ვითარებაში ზედმეტ აქტივობასა და აგრესიულობაში აზრს ვერ ვხედავ. დიახ, საქართველო უნდა იყოს ცივილიზებულ ევროპასთან და ეს ჩვენი ქვეყნის არჩეული კურსია, მაგრამ საქართველო იქნება იმ სახელმწიფოთა რიგში, რომელიც პირველი და ყველაზე მეტად გარისკავს, საქართველო ვერ იქნება რომის პაპზე მეტი კათოლიკეები. ამას ძალიან კარგად ხვდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც ურჩევნიათ საქართველომ გეგმაზომიერად განავითაროს ნატოსთან დაახლოების დოქტრინა, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული განცხადებები აკეთოს და ვითარება კიდევ უფრო გაართულოს. სასაცილოც კი იქნებოდა, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მუქარის რეზოლუციას მიიღებდა. კრემლს ამგვარი აგრესიული რიტორიკითაც ხომ ვესაუბრებოდით, რა მოვიგეთ? წინა ხელისუფლებამ ჯერ შეწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა ერთი წლის შემდეგ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, ეს ყოვლად გაუმართლებელი, არათანამიმდევრული პოლიტიკა იყო. დღეს საქართველოს ხელისუფლება გაცილებით ჭკვიანურად იქცევა, ვიდრე ათი, ექვსი ანაც სამი წლის წინათ.

- 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უკვე თითქმის ორი წელიწადი გავიდა. როგორ შეაფასებთ ახალი ხელისუფლების მოღვაწეობას, სად ხედავთ შეცდომებს და სად - წარმატებას?
- თავისუფლად ვსუნთქავ, არაფრის მეშინია და აბსოლუტურად გულახდილად გელაპარაკებით, - აი, ეს მიმაჩნია ახალი ხელისუფლების ძირითად დამსახურებად. ცხადზე ცხადია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბებული სახელმწიფო ადმინისტრაციის აგრესიული, დესპოტური პოლიტიკა კარდინალურად შეიცვალა. როგორც წესი, ასეთი დიდი და სერიოზული ძვრები შეცდომების გარეშე არ ხდება. მიმაჩნია, რომ უფრო აქტიურად უნდა გატარებულიყო ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკა და ხელისუფლებას არ უნდა მიექცია ყურადღება წინა მთავრობის მიერ ნაყიდი უცხოელი ჩინოსნების ყვირილისთვის. ყველაზე ნაკლები პროფესიონალიზმი პროკურატურის მოქმედებებში გამოჩნდა, როგორც ქვეყნის შიგნით წარმოებული საქმეების, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი პროცესების წარმართვის დროს, მაგალითად, ვერ მოხერხდა კეზერაშვილის ექსტრადიცია. ასევე დღემდე აბსოლუტურად გაურკვეველია, რა ხდება დათა ახალაიასთან დაკავშირებით...
არასწორია, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ისევ წინა ხელისუფლების მიერ დასმული მარიონეტია, იგივე შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც.  
ვფიქრობ, აქ უფრო ხისტი პოლიტიკის გატარება იყო საჭირო. ყველაზე დიდ პრობლემად კი მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეიმუშავა ეკონომიკური განვითარების ნორმალური სტრატეგია.

- ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება, რა სიახლეებს ელით ამ სეზონზე, შესაძლოა, გადაადგილებები მოხდეს მმართველი კოალიციის შიგნით?

- თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია 2016 წლის არჩევნებამდე ასეთი შემადგენლობით მივა. მთავრობაში შესაძლოა რამდენიმე ცვლილება განხორციელდეს, მაგრამ ეს კოალიციის პრინციპით დაცულ ბალანსს არ დაარღვევს. "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ფლანგზე ისევ წამყვან ძალად დარჩება, თუმცა ამ სურათის შესაცვლელად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გაუმართლებლად მიმაჩნია, რასაც რიგი არასაპარლამენტო პარტიები მოითხოვენ. თუ გვინდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, აუცილებელია პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციით განსაზღვრული საარჩევნო ციკლით წარიმართოს.

- პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გაუგებრობები არ წყდება. ამჯერად წაკინკლავების მიზეზად საქართველოს დელეგაციის გაეროში დაგეგმილი ვიზიტი იქცა.
- ამ გაუგებრობების ახსნისას მე დავესესხებოდი თვითონ პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელმაც აბსოლუტურად სწორად შეაფასა ეს პროცესი. მისი თქმით, ის, რაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ხდება, ახალი საკონსტიტუციო მოდელის მორგების პროცესია, ანუ ორი სახელმწიფო ინსტიტუტი ერგება ერთმანეთს და სწავლობს ახლებურ თანაცხოვრებას, თუნდაც კინკლაობით და გაუგებრობებით, მაგრამ ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. არც ის იქნება უბედურება, თუ პრეზიდენტის გარშემო ჩამოყალიბდება ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ცალკე გამოვა. ბოლოს და ბოლოს ოპოზიციურ ფლანგზე "ნაციონალური მოძრაობის" პირველობა ხომ უნდა დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება რაციონალური, ნორმალური, ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ოპოზიციური ცენტრი. ეშინია ამის ღარიბაშვილს, თუ - არა, არ ვიცი. არა მგონია, ძალიან ეშინოდეს, მას უნდა უხაროდეს კიდეც, თუ ქვეყანაში იქნება ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლებას კონსტრუქციულ ოპონირებას გაუწევს.

- თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მარგველაშვილი პოლიტიკურ ცენტრს შექმნის, იქ შესაძლოა კოალიციის ზოგიერთი ამჟამინდელი სუბიექტებიც ვიხილოთ...

- არა მგონია. პრეზიდენტს ჰყავს მრჩევლები, რომელთაც ვიცნობ, ვიცი, რომ ღირსეული ადამიანები არიან. თუ ისინი ჩამოაყალიბებენ პარტიას, ეს იქნება ღირსეული და პროფესიონალი ადამიანების პარტია. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. გამიგია ამგვარი ჰიპოთეზური მსჯელობაც, რომ მარგველაშვილმა შეიძლება ალიანსი შეკრას "ნაციონალურ მოძრაობასთან", რაც სრულიად უსაფუძვლო მგონია. ეს თუ მოხდა და პრეზიდენტმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" (არა იქიდან გამოქცეულ ზოგიერთ დეზერტირთან) ალიანსი შექმნა, მისი რეიტინგი განულდება.

- ბოლოდროინდელმა კრიმინალურმა შემთხვევებმა საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტები შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ....
- დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებისკენ კი იშვერს ხელს, მაგრამ ამის მორალური უფლება არ აქვთ. შეგახსენებთ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, წინასაარჩევნო პერიოდში, არაერთი დამნაშავე ციხეებიდან სწორედ წინა ხელისუფლებამ გამოუშვა, - მათ საარჩევნოდ ხმების მიტანა დაავალეს. მერეც, ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული არაერთი პირი ამნისტიით თუ შეწყალებით გამოუშვა, თუ არ ვცდები, 300-მდე კაცზეა ლაპარაკი. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, კრიმინალური მდგომარეობა დაძაბული იქნება.

მაშინვე ვთქვი, რომ კრიმინალური ვითარება გაუარესდებოდა არა ხელისუფლების შეცვლისთანავე, არამედ დაახლოებით წელიწად-ნახევარში.

მეტად სამწუხარო ფაქტები მოხდა, მაგრამ ზოგადად საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. რაც შეეხება ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ამნისტიას - "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში უამრავი ადამიანი იყო ციხეში გამომწყვდეული, მათ შორის ბევრი სრულიად უდანაშაულო, პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილას ვიყავით, ამიტომ საჭირო იყო ამ ვითარების დროულად შეცვლა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახალი შეწყალებისა თუ ამნისტიის დროს შეცდომები არ იყო დაშვებული, შესაბამისად, ალბათ ისინიც გამოვიდნენ ციხიდან, ვინც ამას არ იმსახურებდა, მაგრამ ქვეყანაში დანაშაულის მკვეთრი ზრდა და კატასტროფული ვითარება არ შეიმჩნევა. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებების მჯერა, როდესაც ამბობს, რომ ეს თემა პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული და მისით მანიპულირებას "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს.

ნათია დოლიძე
antibneleti-ის
17 სექტემბერი 2014 18:21
ნატოში რომ ეგრევე მიგვიღონ კი ბატონო საქართველო დაცული იქნება, მაგრამ აფხაზეთი და სამაჩაბლო ნატოს გარეთ დარჩება და ჩათვალე, რომ სამუდამოდ დაემშვიდობე. ამაზე კი მადლობა თქვენს მიშას უთხარით. გეგმაზომიერად არის სამუშაო და თანაც ურთულესი სამუშაო. ცოფების და დორბლების ყრა ესე ადვილად ვერ გამოასწორებს უკვე გართულებულ საქმეს
antibneleti
16 სექტემბერი 2014 10:59
მერედა, პირდაპირ ნატოში მივეღეთ, ვის რა ჭირად უნდა მაგათი მაპი და ტყლაპი!!! ნატოში რომ ვიყოთ, ფეხებსაც ვერ მოგვჭამდა ვანია. როდემდე უნდა ხოცონ ჩვენი ბიჭები მაგათ "მისიებში"? დროა, თავი დავიფასოთ და მილიარდებად მაინც შევუფასოთ მათ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე და ბრძოლაც(!). ასე ეკუთვნით მაგ კურდღლებს, პუტინის თითის ტკაცუნზე რომ ყურებს ცქვეტენ და ჩირგვებში იმალებიან! დროა, თავის დაფასება ვისწავლოთ ყველგან და ყველასთან!!!
alkapone
11 სექტემბერი 2014 13:10
ძალიან კარგი სტატიაა, ასეთი ხალხი უნდა ალაპარაკონ, არა კიდე დაბოღმილი ნაცები და მათი სატელიტი ვაი პოლიტიკოსები რომელთაც უკვე მხოლოდ ხალხის მოტყუებაზე და პიარზე ააწყეს ყველაფერი. კრიტიკა აუცილებელია ხელისუფლებისთვის მაგრამ ხალხის მოტყუების და თვალის ახვევის ხარჯზე არა. ობიექტური კრიტიკაა საჭირო.

რედაქტორის რჩევით