"სააკაშვილს შეთქმულების მოწყობის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს"
15-09-2014
"სააკაშვილს შეთქმულების მოწყობის  შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს"
"ყველაზე თვალსაჩინოა პოლიციის საწინააღმდეგო კამპანია. ზუსტად ასევე იქცეოდნენ 2003 წლამდე"

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციასა და საქართველოში "უკრაინული მაიდნის" მოწყობას გეგმავდა. მინისტრი დღესაც იმეორებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა",  მისი ლიდერი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, და მათთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში ქაოსის შექმნას“გეგმავენ. ჭიკაიძის თქმით, სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად„შესაძლოა, მზადდება შეთქმულება, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, მინისტრს გამოძიების დეტალებზე არ ულაპარაკია. "უკრაინასა და თურქეთში
ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან შეხვედრებზე სააკაშვილმა გასცა დავალებები, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად... მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები სხვადასხვა თემის
მანიპულირებით, როგორიცაა: კრიმინოგენული ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება. მათი მიზანია შექმნან ნეგატიური ფონი როგორც ქართველ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ. მოვლენების ამგვარ განვითარებაზე კარგა ხანია ლაპარაკობს ექსპერტების ერთი ნაწილიც. ამის პარალელურად, სულ უფრო თვალსაჩინოა დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რომლის კულმინაციად გაეროში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის თემა იქცა. გვესაუბრება ექსპერტი კახა კახიშვილი:


- უკვე აშკარად ჩანს, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ჰარმონიული ურთიერთობა ნამდვილად არ არის, მეტიც, მაინცდამაინც დალაგებული ვითარება არც მთავრობაშია. თუმცა, კოალიციური მთავრობის პირობებში ყველა ცდილობს ვითარება არ დაძაბოს, მეტიც, მარგველაშვილთან პოლემიკისას, ის პირები, რომლებიც მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობენ კოალიციაში თავს, პრეზიდენტის კრიტიკით ცდილობენ დაკავებული თანამდებობის თუ საარჩევნო სიაში  ადგილის დაბევებას. ვითარება რომ ყოველდღიურად იძაბება, ეს გაეროში ვიზიტის მომზადების მაგალითითაც ცხადი შეიქნა. ეს ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი. სავარაუდოდ, მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება დასაგეგმი, ამიტომ მთელი ქვეყანა რომ არ დადგეს და კვირების განმავლობაში არ დაიწყოს ამ ვიზიტზე ლაპარაკი, იქნებ ნორმალური სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ეზრუნათ ორივე ინსტიტუციის წარმომადგენლებს. ვინაიდან ვერ ხერხდება ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების ავტომატურად მიღება, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შესაძლოა, მასში შევიდნენ იურისტი დეპუტატები და ამ ჯგუფმა განიხილოს და შეათანხმოს ამგვარი ტექნიკური საკითხები. საზოგადოებას არ აინტერესებს და არც სჭირდება ასეთი უმნიშვნელო საკითხებისადმი მიძღვნილი ამხელა ეპოპეები.

საქართველოს მოსახლეობა ამ ხელისუფლებისგან ელოდება მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვინ სად წავა და ვინ რას მოაწერს ხელს, ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ აღიზიანებს ხალხს.
ერთიც, ყველას უნდა ესმოდეს, რომ თითოეული ვიზიტი უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს და არა ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი პოზიციების გამყარებას.

- გამოდის, ამ პროცესში თქვენ მხოლოდ ტექნიკურ პრობლემებს ხედავთ და არა ღრმა პოლიტიკურ დაპირისპირებას. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ მარგველაშვილის გარშემო ახალი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება.

- ეს არ არის პოლიტიკური დაპირისპირება,  ეს უფრო პიროვნული ურთიერთობიდან გამომდინარე პრობლემაა. როცა საქმე ქვეყანას შეეხება, პიროვნული ურთიერთობა ყველამ განზე უნდა გადადოს. არავინ ითხოვს მათგან პირად მეგობრობას და ყავის დასალევად ერთად სიარულს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელია ამ ორი ინსტიტუციის ჯანსაღი კომუნიკაცია. ქვეყანაში  უამრავი ადამიანი ჯერაც პურის ფულის ძებნაშია და ამგვარი საკითხების განხილვა, ვფიქრობ,  ხელისუფლების იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მას ეს ამბავი ძალიან ახარებს და ამ ვითარების გამოყენებასაც ცდილობს.

- მოწმენი ვართ, თუ როგორ დაირაზმა მთელი "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად, ხელისუფლების წარმომადგენლები კი აშკარად მიანიშნებენ პრეზიდენტისა და ყოფილი სახელისუფლებო ძალის შესაძლო ალიანსზე.
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ განაცხადეს, რომ ყველა იმ საკითხს, რომელთაც ახალი ხელისუფლება ვერ გადაჭრიდა, ან გადაჭრიდა არასწორად, ისინი გამოიყენებდნენ.  რა პოლიტიკური მიზანი აქვს ამ პარტიას? - "ნაციონალებს" ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, თუმცა, კარგად იციან, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. რჩება რევოლუციური გზა, რისი კარგი გამოცდილებაც აქვთ. გაგახსენებთ, 2000-2003 წლებს, როდესაც მიზანმიმართულად ამზადებდნენ რევოლუციას.  ყველა ფორმით ცდილობდნენ ნეგატივის წარმოჩენას, აწყობდნენ პროვოკაციებს, ძაბავდნენ ვითარებას და საზოგადოებაში აჩაღებდნენ  საპროტესტო განწყობას. "ნაციონალური მოძრაობა", პირდაპირ თუ ირიბად, ყოველდღიურად ცდილობს იმავეს, ანუ ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებაში ძლიერი საპროტესტო მუხტი გაჩნდეს. თუმცა, კარგად იციან, რომ ამ განწყობის კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანის შემთხვევაშიც კი "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებას ხალხი არ გაჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი შეიძლება სამართლიანიც იყოს.  ამიტომ აუცილებლად შეეცდებიან უკვე 2016 წლისთვის თავად შექმნან ან მავან პოლიტიკურ ძალებს დაეხმარონ იმგვარი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაში, რომელიც არ იქნება "ნაციონალურ მოძრაობასთან" აშკარად ასოცირებული, თუმცა, ფინანსური თუ სხვა ტიპის დახმარებით სწორედ მისგან იქნება მხარდაჭერილი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი პოლიტიკურად თვითონაც გააქტიურდებიან და უფრო მასობრივ იერიშს მიიტანენ ხელისუფლებაზე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანაა პოლიტიკურ დღის წესრიგში ნეგატიური განწყობის შეტანა. უკვე ცდილობენ  ხელისუფლების უუნაროდ წარმოჩენას. მათ უიოლდებათ სამუშაო, როდესაც ხელისუფლებაში თვით უმნიშვნელო საკითხებზეც კი გაუგებარი დავები იწყება.
"ნაციონალურ მოძრაობას" იმედი აქვს, რომ გაიხლიჩება კოალიცია, და ამას ყოველდღიურად ხელს უწყობს არა მხოლოდ მარგველაშვილის ფიგურის დაჩაგრულად წარმოჩენით, არამედ სხვა პოლიტიკოსებისთვის ამბიციის გაჩენითაც, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება და გამოვიდნენ კოალიციიდან.

ვფიქრობ, გადამწყვეტ ბრძოლას "ნაციონალური მოძრაობა"  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აპირებს, რადგან კარგად ხედავს, რომ, ერთი მხრივ, ეს ძალა კვლავაც უკიდურესად დისკრედიტებულია და ამასთან, იმ ადამიანის ავტორიტეტი, ვინც მოიყვანა კოალიცია ხელისუფლებაში, ძალიან მაღალია. ამიტომაც მთელი ძალით უტევენ თვით ბიძინა ივანიშვილსაც, რათა შეუქმნან არაფორმალური მმართველის იმიჯი და  მოახდინონ მისი დისკრედიტაცია. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მიზანი და მიაღწევს თუ არა მას, ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული - თუ როგორ შეძლებენ ერთიანობის შენარჩუნებას და იმ რეფორმების გატარებას, რასაც საზოგადოება ელის.

- "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე საკმაოდ ვრცლად ილაპარაკა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. ის ამბობს, რომ შესაძლოა, მზადდება შეთქმულება, რომ მოსალოდნელია არაერთი პროვოკაცია. კერძოდ, ლაპარაკია ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით შეეცდებიან ვითარების გამწვავებას. მაგალითად, არსებობს ინფორმაცია, რომ ამგვარ ჯგუფებს ქმნიან უმაღლეს სასწავლებლებში...

- გადავხედოთ "ნაციონალური მოძრაობის" გამოცდილებას, თუ რას აკეთებდა 2003 წლის რევოლუციამდე. მისი სამიზნე იყო სახელმწიფო ინსტიტუტები, მათი დისკრედიტაცია და დანგრევა. იმავეს ცდილობენ ახლაც. ყველაზე თვალსაჩინოა პოლიციის საწინააღმდეგო კამპანია. ზუსტად ასევე იქცეოდნენ 2003 წლამდე. შეგახსენებთ: მანამდე კახა თარგამაძე მიხეილ სააკაშვილისთვის სამაგალითო მინისტრი იყო, არჩევნების ორგანიზებულად ჩატარებისთვის პარლამენტში მადლობას უხდიდა, ხოლო, როდესაც ოპოზიციაში გადაწყვიტა წასვლა, პირველი, ვისაც დაარტყა, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ხელისუფლების ყველა შეცდომა პირდაპირ საჩუქარია "ნაციონალური მოძრაობისთვის".

რაც შეეხება ჭიკაიძის განცხადებებს, ამაზე ძალიან ბევრი ექსპერტი ვლაპარაკობთ კარგა ხანია. მაგრამ, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს არა ექსპერტი, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვფიქრობ, ეს უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ ოპერატიულ მასალას, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. პროტესტის გამოხატვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებული აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასა და მოქალაქეს. თუ ვინმე კანონის ფარგლებში აპირებს პროტესტის გამოხატვას, ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადებები არ უნდა გააკეთოს, თუ, რა თქმა უნდა, არა აქვს მყარი არგუმენტები იმისა, რომ აქციებისა და არეულობის ორგანიზებით ხელისუფლების დამხობა იგეგმება. ვფიქრობ, შინაგან საქმეთა მინისტრის ნათქვამს უნდა მოჰყვეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასებებიც. კარგი იქნება, თუ ამ თემაზე საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული, რათა არ დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს წმინდად პოლიტიკური განცხადებებია. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ლაპარაკია არა კონსტიტუციით დაშვებული აქციების მზადებაზე, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე. თუ დადასტურდა, რომ პროვოკაციები მზადდება, სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სააკაშვილს შეთქმულების მოწყობის შესაძლებლობა არ მისცენ. 

- ორიოდე დღის წინ გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "შეშფოთებული ვართ რისკებით, რასაც პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს, ყველა პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალას, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, რომელიც დაფუძნებულია ბოლოდროინდელ მიღწევებზე..."
- ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა იქ ჩამოყალიბდეს აზრი, რომ საქართველოში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იდევნებიან. ახლახან ამერიკაში იყვნენ ბოკერია და ბაქრაძე, როგორც ჩანს, ამ ვიზიტისას მათ ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ დევნილად წარმოეჩინათ. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა სტრუქტურებმა სათანადოდ ვერ იმუშავეს, რათა ყველა იმ კითხვისთვის, რაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ, პასუხი გაეცათ. ხელისუფლებას მოუწევს ამ მიმართულებით უკეთესად მუშაობა, რათა დაასაბუთოს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ სამართლებრივად იდევნებიან და არა პოლიტიკურად. ამ განცხადებაში ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ - ვფიქრობ, ძალიან
კარგია, რომ ამერიკელებიც და ევროპელებიც ყურადღებას აქცევენ ასეთ სასამართლო პროცესებს. სააკაშვილის მმართველობისას რომ იგივე გაეკეთებინათ, იქნებ სააკაშვილი ამ დღეში არც აღმოჩენილიყო.

- პარლამენტარმა გიორგი ჟვანიამ გაასაჯაროვა 2006-2008 წლებში საქართველოს მთავრობასა და კომპანია "კრეაბს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც აქამდე გრიფი "საიდუმლო" ედო. მისი თქმით, ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის, რომლის დირექტორი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე, კარლ ბილდტი იყო, M2006 წელს გაფორმდა და საქართველოს მთავრობამ კომპანიას საკონსულტაციო მომსახურებაში მილიონობით ლარი გადაუხადა. Mმანამდე ამ თემაზე სტოკჰოლმში პრესკონფერენცია გამართა გოგა ხაინდრავამ, რასაც შვედურ პრესაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
- დიახ, ამ საკითხს შვედური პრესაც აქტიურად განიხილავს, წერენ, რომ კარლ ბილდტის მხარდაჭერით მომუშავე ლობისტური ფირმები დიდი ფულს იღებდნენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ლობირებისთვის. ეს შვედეთში დიდ პოლიტიკურ სკანდალად იქცა. არსებობდა თუ არა კორუფციული კავშირი, ამის დაბეჯითებით თქმა მიჭირს, რადგან შესაბამის დოკუმენტებს არ ვიცნობ, თუმცა, საფუძველი ეჭვისთვის ნამდვილად არსებობს.
ჩვენ ვხედავთ, ბილდტი "ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატობას ყველა შემთხვევაში როგორ ცდილობს.  
საინტერესოა, შვედეთის ყოფილი ელჩის განცხადებაც - მან თქვა, რომ საქართველოდან გაიწვიეს მას შემდეგ, რაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე მკაცრი ანგარიში დაწერა. კარგად ვიცით, რომ იმ ელჩების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში მოღვაწეობისას ყურადღება ადამიანების უფლებებზე გაემახვილებინათ, საქართველოს ხელისუფლება ლოიალურობით არ გამოირჩეოდა და მათ შეცვლას ყველა ხერხით ცდილობდა. 

- თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, თბილისის წინა მთავრობასა და  "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებული  ხელშეკრულების მიხედვით, ბანკში მერიის ანგარიშებზე არსებული მიმდინარე ნაშთებისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შემცირდა, რის გამოც თბილისის მერიამ 10 მილიონ 500 ათასი ლარი იზარალა...

- ის, რომ საბანკო სექტორზე, მცირე გამონაკლისის გარდა, წინა ხელისუფლებას გავლენა ჰქონდა, მაშინაც კარგად ვიცოდით. იყვნენ ბანკები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელთა მითითებით, ერთი მხრივ, ბიზნესმენთათვის წართმეულ ქონებას სააკაშვილთან დაკავშირებულ პირებზე ყიდდნენ, მეორე მხრივ, საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ  პირებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აძლევდნენ მილიონიან კრედიტებს, რაც პირდაპირ ირიცხებოდა საპროცესო გარიგების ანგარიშებზე.

საბანკო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი პირდაპირ ასრულებდა ხელისუფლების მითითებებს, რაც ცხადად ჩანდა იმითაც, რომ "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ბანკში სესხის ასაღებად მისულს, გავსებინებდნენ ანკეტას, სადაც ერთ-ერთი პირველი კითხვა იყო, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერდი მხარს...

თვითონ მომიწია ამგვარი ანკეტის შევსებამ. ამ ხელისუფლების სუსტი მხარე ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება და ამ განცხადებებზე კი სამართალდამცავები რეაგირებას არ ახდენენ. თუ დავით ნარმანიამ კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის თაობაზე განაცხადა, მაშინ აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები. ეს მხოლოდ პოლიტიკური განხილვის თემად არ უნდა დარჩეს.

ნათია დოლიძე

maia
01 ოქტომბერი 2014 22:45
მიშიკო დაჩქარებული წესით მიდი ციხისკენ.
Ninia B.
27 სექტემბერი 2014 07:42
კარგით რა! კმარა! საქმეს ვერ აკეთებენ და ხალხს ართობენ, ბუა მოდის , ბუა მოდისო... არავინ არ მოდი, არავინ არ გებრძვით, საქმეს მიხედეთ დაუნებო! ორი წელია ნაციონალების ლანძღვით არიან დაკავებული, თქვენ ხართ ხელისუფლებაში , თქვენ! გავიგეთ ბატონო, ისინი არიან ცუდები, დაანგრიეს შევარდნაძის აწყობილი ქვეყანა.... ეხლა ხომ თქვენ ხართ, აბა რა გააკეთეთ? რა შეცვალეთ უკეთესობისკენ? რა ააშენეთ და დაამშვენეთ?
გამწარებული სკამებს ებღაუჭებით , ვერაფერს აკეთებთ და შიში გიპყრობთ, რომ აგახვევინებენ და მათი ლანძღვით გაგყავთ დრო.
ნაგვები ხართ , ერთი უბადრუკი , ფსიქიკა დამახინჯებულის, ბოსელში გაზედილი უწიგნურის ირგვლივ მოგროვილი.
თქვენ არარაობა ხართ და თქვენი მომთრევები 30 ლარად გაყიდულები არიან.
aka
26 სექტემბერი 2014 11:52

მართალი გითხრათ ვერ გავიგე ხალხს აშინებენ თუ ახალ მთავრობას ძველი მთავრობის რევანშით?! უკვე გამოჩნდა სტატიები და ინტერვიუები: ,,სააკაშვილის რევანშის სცენარი?!’’ , ,,სააკაშვილის დაბრუნების შიშით მოსახლეობა კიდევ ბევრ სიდუხჭირეს აიტანს" და სხვ მრავალი..
საქმე სხვანაირადაა, საქართველოში უკმაყოფილოების არმია დღითი დღე იზრდება, განსაკუთრებით მოტყუებულ გულუბრყვილო ამომრჩევლების ხარჯზე. გამარჯვებულები ამბობენ: – ნაციონალები მოსახლეობის ოც პროცენტს არ აღემატებიან. ე.ი. დანარჩენი მოსახლეობა უფრო დიდ ძალას წარმოადგენს და სწორედ მათი უნდა ეშინოდეთ გამარჯვებულებს.
რევანშს ნაციონალები კი არ მოახდენენ არამედ, ის უკმაყოფილი ქართველები, რომლებიც პერმანენტულად აწყობდნენ არეულობებს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ესენი იყვნენ ძმები გაჩეჩილაძები, გალიები (ზოოპარკის წინ) ლეიბორისტები, ბურჯანაძე–ესაძის რადიკალური მეამბოხეები. მთ დაემატებიან პატრიოტი სტუდენტების დიდი არმია, ბაზრობების ( ,,ბოშების“) უკმყოფილო გამყიდველები, პირში ჩალა გამოვლებული სოფლის მოსახლეობა და სხვა მრავალი. ისე რომ გეყოფათ ხალხის დაბოლება და ნაციონალური მოძრაობის მტრის ხატად წარმოდგენა. ვერ გამიგია მეოცნებეებმა გაიმარჯვეთ თუ ნაციონალებმა, უკვე ორი წელია მათ ებრძვით და მაინც იმათი გეშინიათ.
ცხადზე ცხადია, რომ თქვენ თქვენი ნებით აღარ წახვალთ...– პუტინი ამას არ გაპატიებთ. საქართველო მან უკვე დააჩოქა (პარტერშია) და ამ მდგომარეობას ხელიდან აღარ გაუშვებს. მთავარია მიშა მოისროლა და თავისი მრავალწლიანი ოცნება ქართველების ხელითვე ნაწილობრივ აისრულა. ვნახოთ ,,რას მოგვიტანს დარჩენილი დრო“

რედაქტორის რჩევით