"სააკაშვილის დაბრუნების შიშით მოსახლეობა კიდევ ბევრ სიდუხჭირეს აიტანს"
22-09-2014
"სააკაშვილის დაბრუნების შიშით  მოსახლეობა კიდევ ბევრ სიდუხჭირეს აიტანს"
"ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი თვისება კარგად შეითვისა "ქართულმა ოცნებამაც", მაგალითად თვითკრიტიკის განცდის უქონლობა"

ქვეყანაში კვლავაც განხილვის თემად რჩება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა იმის გარკვევის პროცესში, ვინ უნდა წასულიყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ოფიციალური მიმოწერა გაასაჯაროვა, რის შემდეგაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით მითქმა-მოთქმა უფრო გამძაფრდა, რიგი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის თავისი პოლიტიკური
გუნდის შექმნას შეეცდება, თუმცა მარგველაშვილი ამ ეტაპზე ასეთ პერსპექტივას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ არსად აპირებს წასვლას. კვირის ბოლოს ყველა პოლიტიკური თემა დაჩრდილა ინფორმაციამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების თაობაზე. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.


- ექსპრეზიდენტის ქონების
დაყადაღებისთვის სამართლებრივი საფუძვლის ძებნას დიდი დრო არ დასჭირდებოდა, რადგან ყველა ვხედავთ, როგორ არიდებს ბატონი სააკაშვილი თავს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას. დაყადაღება რომ კანონიერად მოხდა, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ კითხვებს აჩენს დროის ის მონაკვეთი, რომელიც ამისთვის შეარჩიეს. შეგახსენებთ, დაყადაღების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი კვირით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სპეციალური წერილი, რომელშიც კვლავაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკურ დევნაზეა ლაპარაკი, რამდენიმე დღეში კი იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტი ამერიკაში. ამის გათვალისწინებით,
მაქვს საფუძველი, ვივარაუდო, რომ სააკაშვილის ქონების დაყადაღებისთვის დროის ეს მონაკვეთი შეიძლება შეერჩია მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას." ნურც მთლად ზღაპრად მივიჩნევთ ჩემს მოსაზრებას, რადგან იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს კვლავაც დიდი გავლენა აქვს რიგ პროკურორებზე, რომლებიც მაღალ თანამდებობებს მთავარ პროკურატურაში დღემდე ინარჩუნებენ.

შესაბამისად, თუკი "ნაციონალურ მოძრაობას" ღარიბაშვილის ვიზიტისთვის ხელის შესაშლელად რაიმე მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული, შეიძლება ერთ-ერთი ესეც იყოს. მომხდარი ამერიკაში სრულიად თავისუფლად შეიძლება მიიჩნიონ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების უკმეხ პასუხად და სამართლიანად მოხდა ეს დაყადაღება თუ არა, ამას ნაკლებად მიაქციონ ყურადღება. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამას აუცილებლად გამოიყენებენ და კვლავაც შეძრავენ დასავლურ სტრუქტურებს იმაზე წუწუნით, რომ პოლიტიკურად იდევნებიან. ამის გამო პრემიერ-მინისტრს გარკვეული დისკომფორტი ამერიკაში ვიზიტისას შეექმნება, თუმცა აშშ-თან ურთიერთობა ნამდვილად არ გაგვიფუჭდება. ერთიცაა, ამერიკასთან ურთიერთობაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის ვერაფერი საამაყოა. რაც შეეხება მომხდარიდან გამომდინარე ხელისუფლების ხეირს - ბოლო დღეების განმავლობაში მათთვის საკმაოდ არასასიამოვნო თემები იყო აქტუალური, ამ დაყადაღებამ, შეიძლება ითქვას, ეს საკითხები მთლიანად გადაფარა.

- რამდენად სწორად მიიჩნევთ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისთვის ქონების დაყადაღებას, ყველაზე მეტი განსჯა სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
- არა მგონია, ვინმე ბინიდან გამოასახლონ. შესაძლებელია, მომხდარის შემდეგ სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან უფრო კონკრეტული მოქმედებები ვნახოთ, იქნებ, უფრო მეტად მოისურვონ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა.

ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ეს ნამდვილად არ არის ის თემა, რომლითაც როგორც სამართლიანობის აღდგენის პროცესით, ისე უნდა იამაყონ. სამართლიანობის აღდგენას ათიათასობით მოქალაქე საკუთარი მძიმე თავგადასავლიდან გამომდინარე ელოდება. ყვარელში როგორი სახლი აქვს სააკაშვილს და რამდენ ლიტრ ღვინოს აწარმოებდა თავის ნაკვეთში, ეს თემა დიდხანს ვერ გადაფარავს იმ უსამართლობებს, რომლის გამოძიებასაც უკვე ორი წელიწადია ითხოვენ ადამიანები, მაგრამ მათზე დიდწილად საქმეებიც კი არ არის ჯერ აღძრული. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა მიერ ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს, დამერწმუნეთ, ეს ბაქიბუქი მხოლოდ აძლიერებს "ქართულ ოცნებას." შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი განცხადებები საზოგადოებაში შიშს თესავს, რაც მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს, რადგან სააკაშვილის დაბრუნების შიშით მოსახლეობა კიდევ ბევრ სიდუხჭირეს აიტანს.

- რიგი ექსპერტების ვარაუდით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა დესტრუქციული გზები გამოიყენოს და ხელისუფლებაში დაბრუნება არეულობის პროვოცირებით სცადოს...

- რაღა დაგიმალოთ და, უახლოეს მომავალში ხელისუფლებაში სერიოზულ ცვლილებებს არ ველი, რაც უნდა მოიმოქმედოს "ნაციონალურმა მოძრაობამ," ჩემი აზრით, ხელისუფლებისკენ ყველა გზა გადაკეტილი აქვს... მაგრამ თუ "ქართულ ოცნებას" დასჩემდა პოლიტიკური მაზოხიზმი და თვითონ გააგრძელა საკუთარი თავის ვნება, გამორიცხული არაფერია. ასეთ შემთხვევაშიც კი, მიმაჩნია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მაინც არ ექნება. ეს შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეთ, თუ ქართველ საზოგადებას კოლექტიური ამნეზია დაემართება.

- აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, სახელწოდებით: "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი," რომელიც ნატოს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარებს, თუმცა მალევე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბარაქ ობამასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის მთავარი პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიიღებს, რადგან აშშ-თან თანამშრომლობის მსგავსი სტატუსი უკვე აქვს. როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტი არ აპირებს ამ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, გამოდის, რომ ეს საქართველოზეც გავრცელდება...

- თუ სენატის კომიტეტი რაღაცაზე მსჯელობს, მას ობამა, როგორც აზრთაგამრიგე, არ ეუბნება, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რა - არა. ის, რომ მთელმა კომიტეტმა ამ დოკუმენტს ერთხმად მისცა ხმა, უმნიშვნელოვანესია, თუმცა არ ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. თითქმის ყველა ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება, მათ შორის უპირველესად თავდაცვის სფეროში.
ობამას პოზიცია აიხსნება უფრო სიფრთხილით, ის ცდილობს, მშიერი და გაუთლელი დათვი ზედმეტად არ გააღიზიანოს.

რუსეთი, კვლავაც რჩება პლანეტარული მასშტაბის საფრთხედ. ამერიკამ და ზოგადად ყველა პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანამ უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა არ მოხდეს დაძაბულობის უფრო მეტად ესკალაცია.

- პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული გაუგებრობა გასულ კვირასაც აქტუალური იყო...

- ამ გაუგებრობის პიკმა უკვე გადაიარა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ჩვენს ახალგაზრდა ლიდერებს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ერთმანეთის მისამართით უპატივცემულოდ არაფერი უთქვამთ, ორივე თავშეკავებული და ქვეყნის პატრიოტია, კარგად ესმით თავიანთი მაღალი თანამდებობებიდან გამომდინარე უდიდესი პასუხისმგებლობა. ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლები, ვიდრე ასეთ დაძაბულობაში ჩაერთვებიან, კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ მავნებლობა ბევრად იოლია, ვიდრე აღმშენებლობა. ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბრძოლის იარაღად სწორედ მავნებლობა აირჩიეს. ისინი ყველანაირად ეცდებიან, წაახალისონ და გამოიყენონ ხელისუფლების მიერ დაშვებული ყველა შეცდომა და არასწორი ნაბიჯი, ამიტომ მეტი დაფიქრებაა საჭირო. გაუთავებელი ლაპარაკი იმაზე, რომ მარგველაშვილი ოპოზიციაში მიდიოდა, დიდწილად სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო აჟიტირებული. ჩვენ ახლახან მოვისმინეთ მისი ინტერვიუ და აღმოჩნდა, რომ გიორგი მარგველაშვილს არც კი ესმის მოტივაცია, რატომ შეიძლება წავიდეს ოპოზიციაში. ვიდრე ქვეყანაში მოვლენებს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა წარმართავს, პოლიტიკური პროცესი მუდმივად დაძაბული იქნება, ამიტომაც სასწრაფოდ შესამუშავებელია ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელზეც მუშაობა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი არ უნდა დაიწყოს, არამედ 2015 წლის ბოლოსთვის საარჩევნო კანონმდებლობის არც ერთი მუხლის მიმართ კითხვა აღარ უნდა არსებობდეს.
ნუ დავიყრუებთ ყურს და დავიბრმავებთ თვალს, დროულად მივხედოთ მართლმსაჯულებას, ავუხსნათ მოსახლეობას, რატომ რჩებიან პროკურატურაში ის კადრები, რომლებმაც ქვეყანაში უსამართლობა დაამკვიდრეს.

- მარგველაშვილმა განაცხადა და თქვენც გჯერათ, რომ ის არსად მიდის და არავისთან აპირებს ალიანსის შექმნას, თუმცა ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები აშკარად ლაპარაკობდნენ ამის თაობაზე. განსაკუთრებით მკაცრი განცხადებები მოვისმინეთ ე.წ. ალასანიას გუნდის წარმომადგენლებისგან. რითი ახსნით მათ ამ აქტიურობას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ ალასანიასა და მის გუნდსაც ხშირად უწინასწარმეტყველებენ კოალიციიდან წასვლას?
- ალასანიას გუნდი წარმოდგენილია პარლამენტშიც და მთავრობაშიც, ისე მომეჩვენა, რომ დეპუტატებს და მინისტრებს მაინცდამაინც ერთნაირი პოზიცია არ ჰქონდათ. ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ ადამიანები, რომლებიც არჩეული არიან პარლამენტში, თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, რადგან მათი შეცვლა პარლამენტის ვადის ამოწურვამდე, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ხოლო მთავრობის წევრობა არავისთვისაა გრძელვადიანად გარანტირებული. როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებმა სწორედ მარგველაშვილთან კინკლაობისას ამგვარი ფორმით სცადეს მთავრობაში ყოფნის პერსპექტივის განმტკიცება. მათმა ისტერიულმა განცხადებებმა ჩემზე სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა. Aაქვე გეტყვით, რომ ვეჭვობ, ხელისუფლებას საერთოდ გააჩნდეს საინფორმაციო პოლიტიკა. არ ვიცი, თუ პოლიტიკა დუმილია, იყვნენ მდუმარედ. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი თვისება კარგად შეითვისა "ქართულმა ოცნებამაც", მაგალითად თვითკრიტიკის განცდის უქონლობა. ბევრი მიმართულებით საკუთარ შეცდომებს ნაკლებად ამჩნევენ. მათი ერთ-ერთი სუსტი მხარე ესეცაა. არ ხდება "ნაციონალური მოძრაობის" გამოცდილების გაანალიზება და მათი საინფორმაციო პოლიტიკის შესწავლა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით გადაიდგა წარმატებული ნაბიჯები, მაგრამ ხელისუფლება ვერ ახერხებს ეს საზოგადოებამდე მიიტანოს, ვერ დააინტერესა მედია, რათა მან ეს წარმატებები გააშუქოს.
აქ ჩნდება მედიის ნაწილის პრობლემაც, რომელიც ხშირად გაუგებარი და ზოგჯერ მიუღებელი პრინციპით არჩევს გასაშუქებელ თემებს. მაგალითისთვის ავიღოთ საბავშვო ბაღებში საფასურის გაუქმების საკითხი, რომელმაც უამრავ ოჯახს შეუმსუბუქა ცხოვრება. თუმცა ეს "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებების მცდელობით ლამის უკუღმა შეატრიალეს - ისე წარმოაჩინეს, თითქოს წინა ხელისუფლების პირობებში გაყიდული საბავშვო-ბაღები და დაწესებული გადასახადი კი არ იყო პრობლემა, არამედ ბავშვების რიცხვი, რომელთა მიღებასაც წინა ხელისუფლების მადას გადარჩენილი საბავშვო ბაღები ვერ აუდიოდნენ.

აი, აქ თუ ექმნებოდა მშობელს პრობლემა, ეს იყო თურმე მთავარი და არა ის, რომ საფასური გაუქმდა და ხელისუფლება ახალი ბაღების მშენებლობაზე ფიქრობს. ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების დამძიმების თაობაზეც შექმნილი აჟიოტაჟი დიდწილად საინფორმაციო საშუალებების ბრალია, რომელსაც ისევ დ ისევ "ნაციონალური მოძრაობა" ახალისებს. არ მესმის, დილის გადაცემები კრიმინალური ქრონიკით რატომ უნდა იწყებოდეს, არადა, ლამის ყველა არხი ამ სქემით მუშაობს, თითქოს ერთი კაცის დაწერილი გეგმით მოქმედებენ. შესაძლოა, კრიმინალმა მოიმატა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას "ნაციონალური მოძრაობა" ხატავს.


ნათია დოლიძე
Temo
04 ოქტომბერი 2014 22:26
ანუ რა გამოდის - დღევანდელმა ხელისუფლებამ რომ კიდევ მრავალი წელი გააგრძელოს უსაქმურობა და ბიუჯეტის ჭამა, ხალხი ამას მოითმენს?! რა ბედნიერი ხელისუფლება გვყოლია :)
.
29 სექტემბერი 2014 12:07
ფოტოდან გამომდინარე მიშა თავის გემოვნებას არ ღალატობს,ისევ ეს უნაკლო ფიგურა და ფერთა შეხამება, დიდებულია.
uuuuuuuuuuuuuuuuuu
26 სექტემბერი 2014 17:18
რააოო... სააკაშვილია დაბრუნების შიშით მოსახლეობა კისდევ ბევრ სიდუხჭირეს აიტანსო?ამაზე დიდი სიდუხჭირე რაღა დღეს რომ არის.რამდენ სისულელეს წერენ ,ეს სიტყვები რომელ პინგვინს ეკუთვნის.

რედაქტორის რჩევით