"სწორია, რომ ღარიბაშვილმა რუსეთის პრობლემა ორ ნაწილად გაყო"
29-09-2014
"სწორია, რომ ღარიბაშვილმა  რუსეთის პრობლემა ორ ნაწილად გაყო"
"ნაციონალებმა" ე. წ. "ტელედაპატიმრებებით" დაიწყეს მოღვაწეობა, რაც საზოგადოებაში შიშის დასათესად სჭირდებოდათ, შემდგომ კი კრიმინალური ფაქტების გაშუქება ტელეეკრანებიდან გააქრეს"

დიდი ვნებათაღელვა, თუ ვინ და რამდენი დელეგაცია უნდა გამგზავრებულიყო საქართველოდან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად, საბოლოოდ ქართული დელეგაციის წარმატებული ვიზიტით დასრულდა. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, რომლის სიტყვით გამოსვლამ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. "ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომელთანაც გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთო ღირებულებები",  - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი ტრიბუნიდან. პრემიერის განმარტებით, საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, კიდევ უფრო დაუახლოვდეს აშშ-სა და ევროპას, რაც თანხვდება მთავრობის მიზანს, გააგრძელოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან სწორედ პრემიერ-მინისტრის გამოსვლის
შეფასებით დავიწყეთ:


- ვფიქრობ, გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო მეტად აკადემიური და ღირსეული. ის შეეხო ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან საკითხს და გარკვეულწილად პასუხი გასცა ხელისუფლების იმ ოპონენტებსაც, რომლებიც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არადამაჯერებელი და გაუაზრებელია. პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან ნათლად თქვა, რომ ქვეყნის დასავლური კურსი შეუქცევადია.

სწორად მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილმა რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა ორ ნაწილად გაყო: ჯერ თქვა, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობის გაუმჯობესების გზით მიდის, მაგრამ, იმავდროულად, პრინციპულად განაცხადა, რომ საქართველო არასდროს შეურიგდება ტერიტორიების დაკარგვას.

მან ილაპარაკა 2008 წლის ომის შედეგებზე და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ღარიბაშვილმა ოკუპაცია ორჯერ ახსენა და ასევე საკმაოდ მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. ასევე სწორად  ილაპარაკა ლტოლვილთა პრობლემებსა და მათი უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, რის თაობაზეც გაეროს არაერთი რეზოლუცია აქვს მიღებული. მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ "აბრეშუმის გზასთან" დაკავშირებით ძალიან კარგი ინიციატივა გაახმაურა.

ეს ინიციატივა საშუალო დონეზე მაინც თუ განხორციელდა, შეიძლება არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონისთვის იყოს მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ევროპისა და აზიისთვის. ეს რაც შეეხება საგარეო მნიშვნელობის თემებს, ყველაზე მეტი კითხვა გამიჩნდა პრემიერის სიტყვის იმ ნაწილთან, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემატიკას მოიცავდა. მან, ვფიქრობ, ზედმეტად ოპტიმისტურად წარმოაჩინა ქვეყანაში არსებული დემოკრატიული განვითარების ტემპი და სოციალ-ეკონომიკური ვითარება. ამ ნაწილში ცოტა გადააჭარბა, რადგან ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო რეფორმები ჯერ არ გატარებულა. ის, რომ ჩვენში 2-3 არჩევნები კარგად ჩატარდა, არ ნიშნავს, რომ მომდევნოც ასე ჩატარდება. ჯერჯერობით უამრავი ცვლილებაა შესატანი საარჩევნო კოდექსში, ასევე კვლავაც დასახვეწია საარჩევნო სიები. არ ვამბობ, რომ ღარიბაშვილს თავზე ნაცარი უნდა წაეყარა, მაგრამ ცოტა თვითკრიტიკა, ალბათ, არ აწყენდა. ეს პარლამენტი ნამდვილად განსხვავდება წინა პარლამენტისგან და როგორც პრემიერმა ბრძანა, ნოტარიუსად არ არის გადაქცეული, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან თამამი და დამოუკიდებელია-მეთქი, მოგატყუებთ. ასევე პრობლემებია ეკონომიკაში, მოსახლეობას ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა ნამდვილად არ უგრძნია, ვგონებ, უფრო პირიქითაა საქმე. მნიშვნელოვანი იყო გაეროს ტრიბუნიდან ოსებისა და აფხაზებისადმი მიმართვა.

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩვენი საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებასო.

- შესაძლოა პრემიერს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ მსოფლიო დღეს გაცილებით მგრძნობიარეა იმ პროცესების მიმართ, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ხდება და გაცილებით უფრო სწრაფად და რადიკალურად რეაგირებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, ვიდრე ეს 2008 წელს მოხდა. ამის გათვალისწინებით სიმართლის მარცვალი, ალბათ, არის პრემიერის ნათქვამში, თუმცა, ალბათ, სჯობდა, სხვა ფორმულირება მოეძებნა.

- ქართველების მცირე ჯგუფმა აქცია მოაწყო გაეროს შტაბბინასთან, რომელზეც ღარიბაშვილის მისამართით გაისმოდა შეძახილები: "მკვლელო!" "რუსეთის მონა!" და ა.შ.

- იყო დრო, როდესაც ასეთი რამეებისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. ცხადია, ამ აქციის ორგანიზატორი იყო "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც თანდათან ყალიბდება მარგინალურ ჯგუფად, იმის მიუხედავად, უნდათ ეს თუ არა. "ნაციონალებისგან" ამგვარი აქციების გამართვა უფრო კომიკურია, ვიდრე ანგარიშში ჩასაგდები. შეხედეთ "რუსთავი 2"-ის გადაცემებს, ყველაფერში პოლიტიკა და "ნაციონალური" პროპაგანდა გამოსჭვივის, რაც მალე ძალიან ცუდად დაუბრუნდება ამ პოლიტიკურ ძალას. ამგვარი გამოხდომები "ქართულ ოცნებას" ვერაფერს დააკლებს, მათ კი მარგინალიზაცია და სრული გაუფასურება ემუქრებათ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა მხარდაჭერა ქვეყანაში, ახლა კი მხარდაჭერას დასავლეთშიც კარგავს. თუმცა, ხელისუფლება მაინც ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ჩანს, რომ ქვეყანაში რაღაც ჯგუფები იწყებენ გააქტიურებას.

ამგვარი აქტიურობა თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, შესაძლოა, ბევრ საფრთხეს შეიცავდეს. მაგალითად, ახლახან ვნახეთ აქცია "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ. ამ აქციაში შესაძლოა, ძალიან გულანთებული ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ
ამგვარი დესტრუქციული ქმედება, რომელიც დესტაბილიზაციის საფრთხე აჩენს, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს.
ამ პოლიტიკურ პარტიას არეულობის ინსპირირება სურს, თუმცა, საამისო ძალა ამ ეტაპზე არ შესწევს, ამიტომაც შესაძლოა, ეცადოს ისარგებლოს ამგვარი პროცესებით.

- ანუ ფიქრობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში შეიძლება ისევ "ნაციონალთა" ხელი ერიოს?

- ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ვიმეორებ, ადამიანები ამ აქციებზე შესაძლოა სამართლიანად არიან აღშფოთებული, სიმართლე რომ ვთქვათ, "ნაციონალები" რომ ადამიანის უფლებებზე, ციხეების პრობლემაზე, დანაშაულზე იწყებენ ლაპარაკს, ნორმალურ ადამიანს ეს აღიზიანებს, მაგრამ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა აუხსნან ამ ადამიანებს, რომ  აგრესიულობითა და რადიკალიზმით "ნაციონალებს" კი არა, ქვეყნის სტაბილურობას უქმნიან საფრთხეს. მერწმუნეთ, "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ეტაპზე შანსი იმისა, რომ რეალური საპროტესტო პროცესები წამოიწყოს, არა აქვს. დღეს მათი გამოსვლები უფრო შემოდგომის ბუზის რეაქციას ჰგავს.

- ბოლო ხანს დიდი დრო ეთმობა კრიმინალურ ვითარებაზე ლაპარაკს, "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, სიტუაცია მძიმეა. ამასთან, საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები გამოთქვამენ აზრს, რომ დღეს თითქმის ყველა კრიმინალური შემთხვევა შუქდება, "ნაციონალების" დროს ასე არ იყო და ეს აჩენს განცდას, თითქოს კრიმინალური მდგომარეობა დამძიმდა.

- მიმაჩნია, რომ კრიმინალური მდგომარეობის თემა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის აჟიტირებული და რეალურად უსაშველო არაფერი ხდება.
იმგვარ სურათს, რომლის ჩვენებასაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ნამდვილად ვერ ვხედავ, არადა, ეს რომ ასე იყოს, ყოველგვარი სტატისტიკის გარეშე გამოჩნდებოდა და უპირველესად აისახებოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს მედია გაცილებით თავისუფალია თემების არჩევისას, შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კრიმინალური ფაქტების გაშუქებას, რის გამოც ვერ დავძრახავთ. თავის დროზე, "ნაციონალებმა" ე. წ. "ტელედაპატიმრებებით" დაიწყეს მოღვაწეობა, რაც საზოგადოებაში შიშის დასათესად სჭირდებოდათ, შემდგომ კი კრიმინალური ფაქტების გაშუქება ტელეეკრანებიდან გააქრეს, რადგან აღარ აძლევდათ ხელს. მედიის გაკონტროლებას როგორ ახერხებდნენ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

- ცნობილ ამერიკულ გამოცემაში Foreign Policy გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც, ქართულმა მხარემ აშშ-ს საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა შესთავაზა. გამოცემის ცნობით, ამ ინფორმაციას საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე ადასტურებდა. თუმცა ქართველი დიპლომატის განცხადებით, ჟურნალისტმა რაღაც არასწორად გაიგო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Foreign Policy-ის სტატიას მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე  ტრენინგცენტრის შექმნა არ იგეგმება.
- საინტერესოა ერთი დეტალი, გამოცემამ ჩვენი ელჩის უარყოფის საპასუხოდ კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა და დაბეჯითებით გაიმეორა, რომ ამ საკითხზე საქართველოსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხზე დიალოგი საქართველოსა და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ნამდვილად გაიმართა, მაგრამ, როგორც ჩანს, ორმხრივი გადაწყვეტილებით სირიელი მეამბოხეების საქართველოში მომზადება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. იყო თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ამის თაობაზე ინფორმირებული, ამის თქმა რთულია, თუმცა, ვფიქრობ, იქნებოდა. შეიძლება ყველა დეტალი მისთვის არ იყო ცნობილი, მაგრამ ამგვარი მოლაპარაკება მის გარეშე არ დაიწყებოდა. თუ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა, მაშინ ამ პროპაგანდისტულ დარტყმას თავის თავზე აიღებდა თავდაცვის სამინისტრო. ამგვარი ვერსიისთვის საფუძველს მაძლევს ირაკლი ალასანიას მიერ თავის დროზე გაცხადებული თემა საქართველოში ნატოს ეგიდით საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების თაობაზე, მაშინაც ამ საკითხს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და პრემიერ-მინისტრმა მაშინაც უარყო ეს ინფორმაცია. ვფიქრობ, სირიელ მეამბოხეებთან დაკავშირებით ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებებმა საზოგადოების რეაქცია მოსინჯეს. ამგვარ საკითხებზე ხელისუფლება შეიძლება აწარმოებდეს მოლაპარაკებას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დიდი სიფრთხილე მართებს.

- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბრძანეთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავთ. რა გაძლევთ ამ ვარაუდის საფუძველს?

- კოალიციაში შეიძლება ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ჯერჯერობით ერთმანეთი სჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად წყალგამყოფად მივიჩნიოთ. ვგულისხმობ იმას, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ყველა შტოში უკვე წარმოდგენილია კოალიცია "ქართული ოცნება", რითაც აღმასრულებელი სახელისუფლებო სივრციდან "ნაციონალური მოძრაობის" გაყვანა დასრულდა. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება "ქართულ ოცნებას". ამას მოსდევს მეორე პროცესი, ეს გახლავთ პარტია "ქართული ოცნების" ჩამოყალიბება. თუ როგორ განვითარდება ეს პროცესი, ამაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული კოალიციაში პოლიტიკური რყევების ამპლიტუდა.

თუ პარტია "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, რომ დამოუკიდებლად მიიღოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, პროცესები განვითარდება უფრო დაპირისპირებულ ფონზე, კოალიციის დანარჩენი სუბიექტები იძულებული იქნებიან, ან დატოვონ კოალიცია, ან შეერწყან პარტია "ქართულ ოცნებას".

როგორც ვიცი, გია ჟორჟოლიანი თავისი პარტიით უკვე გახდა პარტია "ქართული ოცნების" შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, ან დაინიშნება თუ არა ვადამდე საპარლამენტო არჩევნები.

- "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნა ბევრმა სწორედ პარტია "ქართული ოცნების" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების დასაწყისად მიიჩნია...
- ამაზე, ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომლებსაც სურთ ხელისუფლებაში კონფლიქტი და დაპირისპირება იხილონ. კოალიციაში ამაზე განცხადებები არ გაკეთებულა. მე ნაკლებად ვიცნობ ამ ადამიანის წარსულს, არც მისი ბიზნესსაქმიანობისა და არც პოლიტიკური გამოცდილების თაობაზე მსმენია რაიმე. ჟურნალისტ მიქიაშვილის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია ჯანყარაშვილის საქმიანობის თაობაზე, თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ განცხადებაა. ფაქტია, რომ ჯანყარაშვილის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა გარკვეულმა ძალებმა მოახერხეს, თუმცა, ერთი ადამიანის გამო "ქართულ ოცნებაში" განხეთქილება ნამდვილად არ დაიწყება. თუ პარტია "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს, ამ გადაწყვეტილების განხილვაში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს.

ქვეყანაში უამრავი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა გასატარებელი, ვფიქრობ, სისტემის რეორგანიზაციისა და რეალური რეფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესი 2 წელიწადი ამაოდ დაიკარგა. ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა ის, რომ არ მუშაობს ინსტიტუტები, მუშაობენ მხოლოდ ადამიანები. თუ დღეს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ლიბერალური ღირებულებები მეტ-ნაკლებად დაცულია, ეს გამომდინარეობს არა რეფორმირებული სისტემისგან, არამედ იმისგან, რომ ქვეყნის სათავეში ლმობიერი ხელისუფალი მოვიდა. ხელისუფლებამ  მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა სოციალურ სფეროში, მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, მაგრამ მომავალ წელს რომ აღარ განხორციელდეს სუბსიდირების პროექტი, რა მოხდება - იმაზე უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდება გლეხი, ვიდრე სუბსიდირებამდე იყო, თუ უარესში?
საზოგადოება სულ უფრო და უფრო მომთხოვნი გახდება ხელისუფლების მიმართ, ამას როგორ გაუმკლავდება კოალიცია, ყველაზე უკეთესად მომავალ 2015 წელს გამოჩნდება.
ვნახავთ, რა მიმართულებით განვითარდება პოლიტიკური პროცესი - დავრჩებით ისევ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ სახელმწიფოდ თუ გავაგრძელებთ გზას დემოკრატიის განსავითარებლად.

ნათია დოლიძე

Tremor
01 ოქტომბერი 2014 14:53
ვა, ჰუსეინას ბოიფრენდი უფრო ჯანზე ყოფილა ვიდრე მეგონა :D
glaxuna
30 სექტემბერი 2014 01:21


ძაბირაძე ?!

კიდევ ერთი შევარდნაძის ხელისუფლების მეხოტბე...

,,ტრიბუნიდან ნათლად თქვა,რომ ქვეყნის დასავლური კურსი შეუქცევადია,,
,,ტრიბუნიდან
თქმასა ,, და საქართველოში პროცესებს,რ ე ა ლ ო ბ ა ს შორის სამწუხაროდ ძალზე დ ი დ ი განსხვავებაა და ამას უკვე მიუთითებს,უკვე აშკარად სწორედ დასავლეთი...


რეალურად
საუბარია ერთადერთზე...,,ნაციონალები,, ,,ნაციონალები,, ,,ნაციონალები,,, მხოლოდ მათი დისკრედიტაციისათვის,რომელიც რატომღაც დღესაც ჭირდებათ ,,ნაყიდი მედიით,,

....საიდან და რატომ ასეთი შ ი შ ი ნაციონალების ?!

განავითარეთ,და განამტკიცეთ საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა ,დაამკვიდრეთ კანონის უზენაესობა,მოსპეთ შერჩევითი სამართალი (რაზეც უკვე აშკარად მიუთითებს ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ ი დასავლეთი....),მოსპეთ ნეპოტიზმი,განგრძეთ რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სტრუქტურების განმტკიცებისათვის,შექმენით ეკონომიკური განვითარებისათვის პროექტები და განახორციელეთ,შექმენით სამუშაო ადგილები,შეწყვიტეთ ,,პრემიების გაცემა,, ანუ ,,ირიბი კორუფცია,, შეწყვიტეთ სიძულვილით და ბოღმის ნთხევა ,შექმენით ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი გარემო,რომ მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული კრიმინალის გამძაფრებით შ ი შ ი თ და შ ი შ ე ბ ი თ კი არ ცხოვრობდეს,არამედ...ლაღად,დამკვიდრებული ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ო ბ ი ს შეგრძნებითა და განცდით ,მიზნათ დაიდეთ ერის ი დ ე უ რ ი ი გაერთიანება და ,რა მხარდაჭერა და ძალა ექნება ,,ნაციონალებს,, - არაფერი და ასე ა ღ ა რ შეგეშინდებათ,მაგრამ ამას ყოველივეს არ, ან ვერ აკეთებთ,ან ამისათვის უნარი,კომპეტენტურობა და განათლება არა გაქვთ,და გინდათ...

მოიცილოთ მოუსყიდველი ოპოზიცია ,,ნაციონალები,, და ესაა და ეს ....

ხალხი ამას ხვდება არაა საჭირო მათი კიდევ უფრო დაბოლების მცდელობები!!!


რედაქტორის რჩევით