"ნაციონალები" მოვლენების ესკალაციას 2003 წლის გეგმით აპირებენ"
06-10-2014
"ნაციონალები" მოვლენების  ესკალაციას 2003 წლის გეგმით აპირებენ"
"ასეთი პარადოქსული სიტუაცია მსოფლიო პოლიტიკაში აქამდე არ შექმნილა"

"ნაციონალური მოძრაობა" ამ პატარ-პატარა დაპირისპირებების პროვოცირებით და გამუდმებით არეულობაზე ლაპარაკით, ქვეყნის იმიჯს სერიოზულად დააზიანებს"


ექსპერტები თუ საზოგადოების წარმომადგენლები სულ უფრო ბევრს ლაპარაკობენ არეულობის საფრთხეზე, რის მიზეზიც ის ცემა-ტყეპაცაა, რაც ბოლო დღეებში ორი ორგანიზაციის - "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" აქტივისტთა დაპირისპირებისას ვნახეთ. პარალელურად, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეზოლუციამ დაადასტურა -  დასავლელი პოლიტიკოსების
გარკვეული წრე  ბევრ საკითხს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან განსხვავებულად ხედავს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად სწორედ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრით დავიწყეთ.

- ევროსაბჭოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები, სამწუხაროდ, წლებია კონიუნქტურული გახდა. ხშირად ისინი სიტუაციას აფასებენ არა რეალური მდგომარეობის მიხედვით, არამედ ისე, რაც მათთვის
ხელსაყრელია. ამგვარი რამ აქამდეც ხშირად ხდებოდა. თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვილაპარაკებთ, რიგი შეფასებები და დასკვნები სწორია, თუმცა ნაწილი სრულიად მიუღებელი. ამგვარ რეზოლუციებში სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, დროისა და ვითარების გათვალისწინებით, სხვადასხვა დამოკიდებულება წარმოჩნდება.

მაგალითად მოვიყვან ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს, რომელიც დღეს ევროპას ძალიან სჭირდება, შესაბამისად, ევროსაბჭო მის მიმართ გაცილებით თავშეკავებული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ვითარება, პოლიტიკური დევნისა თუ სხვა მიმართულებებით, გაცილებით მძიმეა. NDI-ს კვლევებისა არ იყოს, ამგვარი რეზოლუციები ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, დასავლური სტრუქტურების მიმართ უნდობლობასა და ნიჰილიზმს აჩენს. ვერაფერს ვიზამთ, ზოგადად კონიუნქტურული მიდგომები ახასიათებს დიდ პოლიტიკას. დღეს საქართველოს მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულებების მიზეზებზე ბევრი ითქვა, მაგრამ უპირველესი მაინც ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გავლენას კვლავაც ინარჩუნებს ევროპულ სტრუქტურებში. მაგალითად, ვიცით, რომ ევროპის საბჭოში დომინანტია "სახალხო პარტია", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორია, შესაბამისად, მხარსაც უჭერს. გარდა ამისა, ახალმა ხელისუფლებამ ნამდვილად ვერაფრით მოახერხა ე.წ. ევროპული ლობის შექმნა.

რეზოლუციის წაკითხვისას გრჩება შთაბეჭდილება, რომ მასში ზოგი ყურმოკრული ამბავია მოხვედრილი, ზოგი - რეალური, ზოგიც - გამოგონილი...
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დევნა, ცხადია, ხდება, თუმცა ევროპარლამენტარებისგან განსხვავებით, მიმაჩნია, რომ მათ დევნიან ჩადენილი კრიმინალის გამო, სამართლებრივ საფუძველზე და არა პოლიტიკურად. ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს.

-  ამ რეზოლუციას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები წარმოაჩენენ ისე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება შორსაა ევროპული ღირებულებებისგან, რაც ევროპაშიც დაინახეს და ეს გახდა რეზოლუციის მიღების მიზეზი.
- ევროპული ღირებულებების ნაწილი გაუგებარია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობისთვისაც. მაგალითად, არ გვესმის, რატომ არის კორუმპირებული დამნაშავე სახელმწიფო მოხელის დევნა პოლიტიკური, როდესაც იმავე დანაშაულის ჩამდენი რიგითი ადამიანის დევნა კრიმინალის აღმოფხვრად  მიიჩნევა?! ვიმეორებ, ამაში ან "ქართული ოცნებაა" დამნაშავე, რომელმაც დასავლელ პარტნიორებამდე სწორად ვერ მიიტანა ინფორმაცია და ვერ აუხსნა საქმის არსი, ანაც ევროპარლამენტარებმა იმოქმედეს კონიუნქტურულად.

- ევროსაბჭოს რეზოლუციაში კიდევ ერთხელ შეგვახსენეს რეგიონული ენის ქარტიის შესრულების ვალდებულება...
- ეს ჩანაწერი რეზოლუციიდან რეზოლუციამდე მეორდება. მოდით, ასე ვთქვათ,
ეს მოთხოვნა ჯერ სრულმასშტაბიანად შეასრულონ ევროკავშირში შემავალმა ესპანეთმა და ბელგიამ და ჩვენ მერე დაგველაპარაკონ.

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკავშირისთვის საქართველო საცდელი ლაბორატორიაა, ისევე როგორც წლების წინ რუსეთისთვის იყო. რიგ შემთხვევაში რაღაც მისაღებია ევროპისთვის, რაღაც - არა. მაგალითად, შვეიცარიაში აიკრძალა მეჩეთების მშენებლობა. ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ავკრძალოთ, ამას რა მოჰყვება... 

- ევროსაბჭოს მიერ რუსეთთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში უკრაინისა და ყირიმის პრობლემა მწვავედ არის დასმული, თუმცა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე არაფერია ნათქვამი...
- "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ეს ისე წარმოაჩინოს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს ამბობს და აკეთებს, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ყირიმის საკითხი ცოტა სხვანაირია, უკრაინის ტერიტორია რუსეთმა ფორმალური რეფერენდუმის საფუძველზე, პირდაპირ მიიერთა. რა თქმა უნდა, სასურველია, ასეთ რეზოლუციებში მოხსენიებული იყოს აფხაზეთიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც, მაგრამ ევროპა ამჯერად ყურადღებას უფრო ყირიმის პრობლემაზე ამახვილებს. საქართველოს ხელისუფლების მოკრძალებულ პოზიციას ვერ დავაბრალებთ იმას, რომ ამ რეზოლუციაში არც დნესტრისპირეთია ნახსენები და არც ყარაბაღი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და ექვსი "გამშვები პუნქტის" ნაცვლად ერთის დატოვებას გეგმავს. დე ფაქტო პრეზიდენტი თანაპარტიელებს დაჰპირდა, რომ "საქართველოსთან საზღვარს გაამაგრებს..."
- საქართველოს გულშემატკივარი ადამიანისთვის ეს საკითხი ყველაზე აქტუალური უნდა იყოს. წარმოგიდგენიათ, ეს როგორ გაურთულებს ცხოვრებას აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს?! ამის ოფიციალურ მიზეზად სახელდება კონტრაბანდისტული მოძრაობის განვითარება, რომელიც დაღუპავს აფხაზეთის ეკონომიკას, საინტერესოა, რომელ ეკონომიკას?.. სინამდვილეში
ეს არის მცდელობა, რომ რაც შეიძლება შეზღუდულ სივრცეში ჰყავდეთ ქართველი მოსახლეობა, რათა მოხდეს მათი ინტენსიური ინტეგრაცია, ანუ, არ მოვერიდები ამ სიტყვას - გააფხაზება.
იქ მცხოვრებ ქართველებს მეტი რა რჩებათ, ან უნდა წამოვიდნენ იქიდან და აქ მათხოვრის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ანაც დარჩნენ მამაპაპისეულ მიწაზე და იცხოვრონ იმ წესებით, რასაც შესთავაზებს დე ფაქტო ხელისუფლება. აი, ესაა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა და არა ის, რომელიღაც რეზოლუციაში ვიქნებით მოხსენიებული თუ არა.

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ოფიციალური თბილისის რიტორიკაც და დამოკიდებულებაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მისამართით, საპასუხოდ მაინც ამგვარ მოქმედებებს ვიღებთ, რატომ?
- საქმე ისაა, რომ მოსკოვი არც აფხაზებს და არც ოსებს არ აძლევს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის საშუალებას. კარასინის ნათქვამი, - შეიძლება გადავხედოთ პოლიტიკურ კონფიგურაციას იმ შემთხვევაში, თუ ქართველები აფხაზებთან ან ოსებთან მოილაპარაკებენო, - ვიღაცას იმედს უღვივებს, არადა, ამაში არაფერია იმედის მომცემი, სამწუხაროდ, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. სწორედ  მოსკოვის დირექტივით აყენებენ აფხაზებიც და ოსებიც ჩვენთან მოლაპარაკების წინა პირობად ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას. ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს უნდა გაფორმდეს მხარეებს შორის და არა საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს, ანუ ქვეყნებს შორის, რასაც ითხოვს სოხუმი და ცხინვალი. საკითხის ამგვარი დასმა ამ ურთიერთობებისთვის უკვე ჩიხია.

რუსეთმა რომ მოინდომოს, აფხაზებიც და განსაკუთრებით ოსები, აუცილებლად შექმნიან საქართველოსთან მოლაპარაკების ფორმატს, მაგრამ რუსეთი ხმამაღლა ერთს ამბობს, კულუარულად კი სხვას აკეთებს. ასე რომ, ძალიან ძნელია დიალოგის ფორმატის გამონახვა, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან ურთიერთობები არსებობს, რის აფიშირებაც არ ხდება.  მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ აფხაზებმა ჩვენგან 200.000 ლარის ღირებულების ორი რეანომობილი მიიღეს, ბოლო წლების განმავლობაში 10.000-მდე აფხაზმა  გაიარა აქ სამედიცინო პროცედურები... ვაქცინებსაც აქედან იღებენ და როცა სჭირდებათ, ჩვენი სასწრაფო დახმარების მანქანები სოხუმამდე ჩადის, ბოლო ორი თვის განმავლობაში იქიდან ორჯერ გადმოიყვანა მძიმე ავადმყოფები. ეს ავადმყოფები მეტად გავლენიანი ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის ერთი გვარად არძინბაა.

ურთიერთობები არსებობს, თუმცა არ გადადის პოლიტიკურ სიბრტყეზე, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება, უპირველესად, მოსკოვში.

- გახშირდა ლაპარაკი ქვეყანაში არეულობის კერების გაჩენის საფრთხეზე. ამგვარი ვარაუდების საფუძველს იძლევა ისიც, რომ ლამის პერმანენტული გახდა "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" აქტივისტთა დაპირისპირება...
- ეს პროცესები მაგონებს 2003 წელს და იმ ვითარებას, რასაც მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ქმნიდნენ. "თავისუფალი ზონა" კი მაგონებს იმჟამინდელ "კმარას." იძახიან, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვართო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა, რომელიც ზუსტად იმ არეულობის გეგმით მოქმედებს, რაც გავრცელდა პრესით და რასაც, ფაქტობრივად, დაეთანხმა გიგა ბოკერია. ეს ხალხი ქვეყანაში მოვლენების ესკალაციას 2003 წლის გეგმით აპირებს. არსებობს ეჭვი, რომ მეორე ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა" დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან" და ამ გზით ვიღაცა ცდილობს "ნაციონალური მოძრაობის" გეგმების ჩაშლას. ეს თუ ასეა, ვფიქრობ, არასწორი ნაბიჯია და ამგვარი ქმედებებით შეიძლება უფრო დავზარალდეთ. უფრო ქმედითი და პროდუქტიული კონტრზომების გამონახვაა საჭირო "ნაციონალთა" გეგმების ჩასაშლელად. შესაძლოა, "თავისუფალი თაობა" თავისი ინიციატივით შეიქმნა, მაგრამ ვეჭვობ, ხომ არავინ ცდილობს მის კონტროლს?!

"თავისუფალი თაობა" რომ არ შექმნილიყო, მე ვიცნობ თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მსგავსი ორგანიზაციის შესაქმნელად კარგა ხანია, მზად არის.

ხალხი უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, უკმაყოფილოა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თვითონ სჩადიოდნენ დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე, დღეს თავს მიიჩნევენ დაჩაგრულებად და ამის სადემონსტრაციოდ ახალგაზრდებს იყენებენ. მგონი, ასეთი პარადოქსული ვითარება საქართველოში აქამდე არ ყოფილა. ასეთი თვალთმაქცობა, როდესაც მოძალადეს შეუძლია მსხვერპლის როლი გაითამაშოს, ძნელი საყურებელია. ამ ყველაფერს ქუჩაში ცემა-ტყეპა კი არა, პროფესიული მიდგომა სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, დეფიციტია, განსაკუთრებით იმ ანალიტიკურ სამსახურებში, რომელიც ხელისუფლებას ბლომად ჰყავს, ოღონდ რას აკეთებენ, არ ვიცი. ახალგაზრდობა უნდა ჩამოშორდეს ამგვარ საქმეებს, საერთოდაც, ახალგაზრდების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დასჯადი უნდა იყოს.

- "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა ამერიკაში ექსპრეზიდენტთან სტუმრობის შემდეგ განაცხადა: "სააკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ისე მიჰყავს საქმე, ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესით ოპონირების საშუალება სულ უფრო ნაკლებად რჩება. საპროტესტო აქციები პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია - რაც არ მოგწონს ქვეყანაში, უნდა გამოხვიდე და გააპროტესტო..."
- ამ განცხადების პირველი ნაწილი მტკნარი სიცრუეა, ამას სააკაშვილი ლოზუნგივით სულ იმეორებს და ესეც მათი გეგმის ნაწილია. ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ მდგომარეობა, თითქოს აზრის გამოხატვის საშუალება არ აქვთ და ამიტომ უნდა გადავიდნენ საპროტესტო აქციებზე. რა ოპონირების საშუალების არქონაზე ლაპარაკობენ, როდესაც შეზღუდულები არაფერში არიან.
ორი ტელევიზია აქვთ, დანარჩენ სატელევიზიო სივრცეზეც სერიოზულ გავლენას დღემდე ინარჩუნებენ. ექსხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩამოდიან ტელეეკრანიდან და ამას ეძახიან აზრის გამოხატვის პრობლემას?! 

შეზღუდვა მაშინ იყო, როცა მათი ხელისუფლებაში ყოფნისას მათ მიერვე კონტროლირებად ტელევიზიებში იმ ექსპერტთა ექვსკაციანი სია ჰქონდათ გამოკრული, რომლებიც გადაცემებში არ უნდა გამოეჩინათ. მათ შორის მეც ვიყავი. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" ვერც ხალხს აიყოლიებს და ვერც მასშტაბურ არეულობას მოაწყობს, მაგრამ ამ პატარ-პატარა დაპირისპირებების პროვოცირებით და გამუდმებით არეულობაზე ლაპარაკით, ქვეყნის იმიჯს სერიოზულად დააზიანებს. ამ ხელისუფლების მთავარი შეცდომა არის ის, რომ დიდწილად არ შეუძლიათ თავისი რესურსის  გამოყენება და რაც შეუძლიათ, ისიც ვერ მიაქვთ ხალხამდე. საქართველოში გრანდიოზული პროექტი მზადდება, რაც ქვეყანაში მანქანათმშენებლობის აღორძინებას ითვალისწინებს, ლაპარაკია, ავტობუსების წარმოებაზე. ხელისუფლებაში ვერაფრით დაიჯერეს, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ. არადა, ეს არის საქართველოსთვის ფასდაუდებელი რამ...  უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ. ამ ყველაფერს კარგად იყენებს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც გაჰყვირის, რომ ქვეყანაში არაფერი კეთდება...

- ორიოდე სიტყვით სირიაში მიმდინარე პროცესებსაც შევეხოთ. ე.წ. ისლამისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას ჩვენი მეზობელი თურქეთიც შეუერთდა...
- სამწუხაროდ, დღეს ინიციატივა "ისლამისტური სახელმწიფოს" შეიარაღებული ფორმირებების ხელშია. სირიის ტერიტორიაზე მებრძოლი ქურთები თითქმის იარაღის გარეშე არიან, ერაყის ჩრდილოეთში მებრძოლ ქურთებს შეიარაღება უკეთესი აქვთ, მაგრამ არა საკმარისი. ისლამისტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები ხორციელდება, ეს მაინც არ არის იმ მასშტაბის სპეცოპერაცია, რომ შედეგი მოიტანოს. დღეს მნიშვნელოვნად წინ არის "ისლამისტური სახელმწიფო", რომელსაც ადგილობრივი სუნიტი მოსახლეობა უჭერს მხარს. ვფიქრობ, მსოფლიო დიდი გამოცდისა და გამოწვევის წინაშე დგას. რაც ხდება, ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერორისტები ორიენტირებულები არიან არა მხოლოდ ტერორზე, არამედ თავისი სახელმწიფოს შექმნაზე. ვიდრე გვიან არ არის და შესაძლებელია, დროულად უნდა ამას მოშთობა. ნახეთ, რა პარადოქსული ვითარებაა, კოალიცია ებრძვის ისლამისტებს, რომლებიც ებრძვიან ასადს. კოალიცია ებრძვის ასადსაც, თუმცა ამ სიტუაციაში ისე გამოდის, რომ ისლამისტებთან ბრძოლაში ასადი კოალიციის მოკავშირეა.  უკრაინაში დასავლეთი და რუსეთი მწვავედ უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ "ისლამისტური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მოკავშირეები არიან... ასეთი პარადოქსული სიტუაცია მსოფლიო პოლიტიკაში აქამდე არ შექმნილა.

ნათია დოლიძე
kafka
07 ოქტომბერი 2014 16:10
"... შვეიცარიაში აიკრძალა მეჩეთების მშენებლობა. ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ავკრძალოთ, ამას რა მოჰყვება... "
ნამდვილად ატყდება - იმოტომ, რომ საქართველო პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა შესვლა (ყოველ შემთხვევაში ქვეყნის ბრძენი ლიდერები ამას ამბობენ), შვეიცარიას კი არც არასდროს უფიქრია ამაზე და არც ეხლა ფიქრობს. მეჩეთების მშენებლობა პარაგვაიში რომ აიკრძალოს, ევროკავშირი ხომ ვერ იტყვის ვერაფერს. მით უმეტეს, რომ აზრი უნდა დასრულებულად იყოს გამოთქმული: შვეიცარიამ მეჩეთები კი არ აკრძალა, არამედ ახალი მეჩეთების აშენება. ვინმეს გაუგია შვეიცარიელი მოსხლეობის პროტესტი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? არ თქვათ, მთავრობამ მოსახლეობას აუკრძალა სპრიოტესტო აქციების ჩატარებაო...


რედაქტორის რჩევით