"გულწრფელად რომ ვთქვათ, სომხეთი დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, ის ლამის რუსეთის პროვინციად გადაიქცა" - კვირის პალიტრა

"გულწრფელად რომ ვთქვათ, სომხეთი დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, ის ლამის რუსეთის პროვინციად გადაიქცა"

"კავკასიაში არამდგრადი და წინააღმდეგობრივი მშვიდობაა, რაც რუსეთის ხიშტებზე დგას"

საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასულ თვეში, ნატოს უელსის სამიტზე მიიღეს. რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ მოსამზადებელი სამუშაო უკვე დაასრულა და შემუშავებული გეგმა ნატოს შტაბბინას გაუგზავნა. ამ საკითხზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობაა, ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, ეს რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უფრო გაართულოს ვითარება და გაზარდოს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების რისკი. ამ საკითხს რუსეთის საგარეო უწყება უკვე გამოეხმაურა: "საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება", - ნათქვამია მოსკოვის განცხადებაში. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ აღებული გეზი საჯაროდ აქვს გაცხადებული, შესაბამისად, ეს ნაბიჯი სწორედ ამ გეზის ნაწილია. მე თუ მკითხავთ, ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არც ჩანს. თუ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზა მართლაც გაიხსნება, ეს ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, თუმცა, ჯერ არ ვიცით, რა ფუნქციებით აღიჭურვება ბაზა, რა მასშტაბის იქნება და ა.შ. ამიტომაც დღეს რთულია ამაზე მსჯელობა. საზოგადოდ კი შეიძლება ითქვას, რომ თუ ცენტრი გაიხსნა, საქართველო ხდება ნატოს აქტიური პარტნიორი და მის უსაფრთხოებაზე ნატოც იღებს განსაზღვრულ ვალდებულებებს. ეს შეიძლება საჯაროდ არ გამოცხადდეს, მაგრამ დე ფაქტო, ვფიქრობ, ასე იქნება.

- საზოგადოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებაში უსაფრთხოებაზე მეტად რუსეთისგან მომავალი საფრთხის გაძლიერების რისკს ხედავს...

- ეს პერმანენტული შიში მონური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ.

არიქა, საქართველო ამ ნაბიჯით რუსეთს უვარდება ხახაშიო, ისინი ამბობენ, ვინც რუსულის გარდა, სხვა უცხო ენა არ იციან და თავიანთ სარბიელად წლების განმავლობაში რუსეთს მიიჩნევდნენ.

რუსეთის ხახაში მაშინ ჩავცვივდებით, თუ ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად რუსეთის შიშით არაფერს ვიღონებთ. გაიხსენეთ, პირველი მსოფლიო ომის წინაისტორია და ავსტრია-უნგრეთის ცნობილი ულტიმატუმი, წაყენებული სერბეთის მთავრობისთვის, რომელიც ყველაფერზე დათანხმდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომი მაინც დაიწყო.

- საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის შესაძლო გახსნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუქარანარევი განცხადებით გამოეხმაურა.

- ეს მუქარა კი არა, უფრო საკუთარი ინტერესების გამოხატვა იყო. კარგა ხანია ვიცით, რომ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი და იმაშიც არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ ქვეყანას ჩვენი სურვილი, გავხდეთ ნატოს წევრი, დიდად არ ეპიტნავება. აქ უკვე თავს იჩენს არა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემები, არამედ ნატოსა და რუსეთს შორის არსებული წინააღმდეგობა. ვფიქრობ, 2008 წელს საქართველოში და დღეს უკრაინაში მომხდარის გათვალისწინებით დასავლეთში დასკვნები გააკეთეს.

ევროატლანტიკური ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთს მეტი თარეშის უფლება აღარ უნდა მისცენ და ამისთვის, ვფიქრობ, ქმედით ნაბიჯებსაც გადადგამენ.

საინტერესოა, რას აღიქვამს რუსეთი კავკასიაში სტაბილურობად? რეგიონში ამ თვალსაზრისით არანაირი წონასწორობა არ არსებობს, დღეს კავკასია მსოფლიოში ერთ-ერთი დაძაბული გეოპოლიტიკური წერტილია: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა; მთიანი ყარაბაღის საკითხი, რომლის გამოც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება გრძელდება; ჩრდილო კავკასიაში არსებული დაპირისპირების კერები და ა.შ. რუსეთს ან ეჩვენება, რომ აქ სტაბილურობა და წონასწორობა ყალიბდება, ან ასე ცდილობს პროცესების წარმოჩენას. სინამდვილეში, კავკასიაში არამდგრადი და წინააღმდეგობრივი მშვიდობაა, რაც რუსეთის ხიშტებზე დგას. რუსეთს მიაჩნია, რომ ამ რეგიონში ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც მას სურს, მაგრამ აქ მცხოვრები ეთნოსები სხვაგვარად ფიქრობენ და სხვა მისწრაფებები აქვთ. როგორც კი კავკასიაში რუსეთის ფაქტორი შემცირდება, დიდი გადახალისება დაიწყება.

დღეს რუსეთის მთავარი საზრუნავი აღმოსავლეთი უკრაინაა, სადაც მოქმედების არანაირი სტრატეგია არა აქვთ. დღეს არსებული ვითარების შენარჩუნება შეუძლებელია. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც. ბოლო დროს ხშირად მითქვამს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ნელ-ნელა გამოიღებდა ნაყოფს. დღეს რუსული რუბლის დაცემა კომპლექსური პროცესების კომპლექსური შედეგია. აქ ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ სანქციებიც და ის არასტაბილური ვითარებაც, რაც რუსეთშია. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთიდან, ფაქტობრივად, გარბიან რუსი თუ უცხოელი ინვესტორები. თუ რუსეთმა არ შეცვალა პოლიტიკა, 2017 წელს დეფოლტი არ ასცდება, შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს.

- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ლაპარაკისას, სამხედრო აგრესიასაც არ გამორიცხავენ.

- ვიმეორებ, რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა, სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაფერი დარჩება ზეპირი განცხადებების დონეზე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს პატარ-პატარა გართულება, მაგალითად, ახლახან განახლებული ეკონომიკურ ურთიერთობებში. საწვრთნელი ბაზის დაფუძნება ხომ ნატოში შესვლა არ არის? რუსეთის ხელისუფლებაში არიან პრაგმატიკოსები და ხვდებიან, რომ საქართველოს ბაზის გახსნიდან ნატომდე ჯერ კიდევ შორი გზა აქვს გასავლელი.

- სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა. ორიოდე დღის წინ შეთანხმებას მინსკში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომაზე მოეწერა ხელი. ეს გადაწყვეტილება ერევანში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.

- ბევრისთვის მოულოდნელად ამას სომხეთში დიდი პროტესტი მოჰყვა, რამდენიმე ათასი კაცი გავიდა ქუჩაში არა მხოლოდ ერევანში, არამედ სხვა ქალაქებშიც, მაგალითად, გიუმრიში. სომხეთს სხვა გამოსავალი არა აქვს. მან თვითონ ჩაიგდო ამ მდგომარეობაში თავი. რუსეთის მხარდაჭერა რომ არა, მას კარგა ხანია დაკარგული ექნებოდა ყარაბაღი. გულწრფელად რომ ვთქვათ, სომხეთი დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, ის ლამის რუსეთის პროვინციად გადაიქცა. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ისიც დსთ-სავით მკვდრადშობილი ორგანიზაციაა. მეც შემიძლია შევქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ალტერნატივა ჩემს სახლში, მაგრამ ეს ხომ სერიოზული არ იქნება. ეს კავშირი თავშივე განწირულია კრახისთვის, მით უფრო ყაზახეთის ფაქტორის გათვალისწინებით, სადაც კავშირში შესვლაზე გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღიათ. ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენისა და რუსეთის გავლენის გაძლიერების მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვათ.

- ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებისას მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი განიხილეს, რომელიც ამ პროცესში რუსეთის პასუხისმგებლობას სრულიად გამორიცხავს. ქართული დელეგაციის წევრები ამგვარ განხილვას კატეგორიულად უარყოფენ.

- ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს ვალდებულება უკვე აღებული აქვს.

აქ საკითხი დგას ასე: აიღებს თუ არა ამ ვალდებულებას რუსეთი. რომც მოაწეროს ამგვარ დოკუმენტს ხელი და აიღოს ეს ვალდებულება, ვინმე ფიქრობს, რომ პუტინისა და კრემლისთვის ეს დაბრკოლებად იქცევა?

თუ დასჭირდათ, ერთ მშვენიერ დღეს ეს ხელმოწერაც ისეთივე ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა რუსეთისთვის, როგორც აქამდე არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება და ხელმოწერა გადაქცეულა. ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - ჩვენ ვიხილეთ ჩვეულებრივი დიპლომატიური დემარშები... რუსეთი, ბუნებრივია, ცდილობს, პოზიცია გაიმაგროს და ვითარება სათავისოდ წარმოაჩინოს. ეს განცხადებებიც ჩვეულებრივი დიპლომატიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამ რაუნდზეც ყველაფერი ისე დარჩა, როგორც აქამდე იყო - არც წინ წავსულვართ და არც უკან, ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით. ამ საკითხის აჟიტირებას ხელი, ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შეუწყვეს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების ოპონენტად არ განვიხილავ. ესენი ქვეყნის ოპონენტები არიან. "ნაციონალები" იმ ქუჩის ბიჭებივით იქცევიან, რომლებიც ქუჩის კუთხეში არიან მიმალული, უცებ გამოხტებიან, ქვას ისვრიან და ისევ იმალებიან. ყველაფერს აკრიტიკებენ დედამიწის ზურგზე.

ხვალ საქართველოს ხელისუფლებამ რომ მოახერხოს და აფხაზეთის დაბრუნების შეთანხმებას მოაწეროს ხელი, ეგენი მაინც გამოხტებიან და იტყვიან, კარგი არაფერი მომხდარა, აფხაზეთი სხვანაირად უნდა დაგვებრუნებინაო.

ზოგჯერ მიკვირს - სერიოზული და კარგად მოაზროვნე ადამიანები ხშირად პოლიტიკურად იმდენად ანგაჟირებული არიან, რომ თავისი სინდისისა და მრწამსის საწინააღმდეგოდ იქცევიან. მე ეს მძიმე ავადმყოფობად მეჩვენება, რომელსაც "ნაციონალიზმი" ჰქვია.

- საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა თბილისის მერის, დავით ნარმანიას ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან წლის ბოლომდე მერიის საჯარო მოხელეები ყოველთვიურად ფიქსირებულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სახელფასო დანამატსაც მიიღებენ.

- შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული გავიძახი, რომ სახელმწიფო მოხელეს უნდა ჰქონდეს ისეთი ხელფასი, რომ მუშაობდეს და არ ფიქრობდეს, ხვალ არ აჭამოს ცოლ-შვილს. მაღალი ხელფასის წყალობით კორუფციის ალბათობა მცირდება.

მირჩევნია, მოხელეს ჰქონდეს მაღალი ხელფასი, ვიდრე წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მსგავსად ქვეყნის ბიუჯეტს საკუთარ ყულაბად მიიჩნევდეს.

- ქვეყანაში მოქალაქეთა ცხოვრება და სოციალური მდგომარეობა ჯერ არ გაუმჯობესებულა, ამ დროს ნორმალურად მიიჩნევთ, რომ კონკრეტულ ვიცე-მერს ყოველთვიურად პრეზიდენტის ხელფასზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს? შეგახსენებთ, ნარმანიას ბრძანების თანახმად, ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ქვეყანაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოსნად მოგვევლინა - მისი ყოველთვიური ხელფასი და დანამატი 7.080 ლარს შეადგენს.

- მერიაში რაც მოხდა, ამას უკვე ნამდვილად სიხარბე ჰქვია. ნარმანიამ თავისი გუნდი უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს. სახელმწიფო მოხელეს უნდა ჰქონდეს მაღალი ანაზღაურება, მაგრამ ასეთ რეციდივებს ნამდვილად ვერ მივესალმები. ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, ასეთი რამეების გაკეთება არ შეიძლება. ისე კი, ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ვიღაცას მაღალი ხელფასი აქვს და შევუმციროთ, არამედ იმაზე, რომ იმას გაეზარდოს სახელფასო სარგო, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს. ეს კი არავითარ შემთხვევაში არ მოხდება მრეწველობის განვითარების გარეშე.

- "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, უშიშროების საბჭოს მდივანს ზოგიერთი ფუნქცია და უფლებამოსილება ეზღუდება, რასაც ხელისუფლებაში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების განსაზღვრით ხსნიან, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ესეც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უფლებების შეზღუდვისკენაა მიმართული.

- ამ აზრს ვერ გავიზიარებ. მე მიმაჩნია, რომ ეს სრულიად ნორმალური პროცესია, რაც სახელისუფლებო შტოთა სინქრონიზაციას გულისხმობს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უშიშროების საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომელსაც აღმასრულებელი ფუნქციები არა აქვს. ეს არის პირთა ჯგუფი, რომელიც უნდა ამუშავებდეს უსაფრთხოების სტრატეგიას სხვადასხვა მიმართულებით. ვინაიდან კონსტიტუციის ცვლილებამდე პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი იყო, უშიშროების საბჭოსაც განსაზღვრული აღმასრულებელი ფუნქციები ჰქონდა. დღეს პრეზიდენტი აღარ მეთაურობს აღმასრულებელ ხელისუფლებას, შესაბამისად, ფუნქციები და მოვალეობები გადასახედია.

- მსოფლიოს თავსატეხად იქცა "ისლამური სახელმწიფო", რომლის შესაჩერებლადაც ჯერჯერობით ქმედითი გზა ვერ მოინახა. ცნობილია, რომ ისლამისტთა რიგებში არაერთი საქართველოს მოქალაქეცაა.

- მსოფლიოში ურთულესი პროცესები მიმდინარეობს. ისლამისტთა რიგებში არა მარტო საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან, არამედ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. ეს არ არის ეროვნული პრინციპით გაერთიანებული მოძრაობა, მათი ერთობა სარწმუნოებრივ პრინციპს ემყარება. ჩემი აზრით, დღეს რაც ხდება, ეს არის აშშ-ის მიერ თავის დროზე დაშვებული უდიდესი შეცდომის შედეგი. გაგახსენებთ, ბინ ლადენი და საერთოდ მოძრაობა "თალიბანი" საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამერიკის ხელდასხმით შეიქმნა და ეს ახლა უკან შემოუბრუნდათ. აქ ადვილად იკითხება ერთი ჭეშმარიტება - არ შეიძლება კონკრეტული პრაგმატული მიზნისთვის მსოფლმხედველობრივ და ფუნდამენტურ ღირებულებებზე თვალის დახუჭვა.

არ შეიძლება იმოქმედო მაკიაველური პრინციპით - მიზანი ამართლებს საშუალებას. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ ისლამისტებს სულ რამდენიმე თვის წინ ასადის ხელისუფლებასთან საბრძოლველად აშშ აიარაღებდა.

ნათია დოლიძე