"ხელისუფლების განცხადებების სამიზნე აფხაზები უნდა იყვნენ და არა რუსეთი" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების განცხადებების სამიზნე აფხაზები უნდა იყვნენ და არა რუსეთი"

რუსეთსა და სოხუმის მარიონეტულ რეჟიმს  შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმებაზე მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც აფხაზები არცთუ დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, უკვე აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტშია.  როგორც აფხაზი საზოგადოების, ასევე დე ფაქტო დეპუტატთა ნაწილიც შეთავაზებულ წინადადებებს "სუვერენიტეტის დაკარგვად" აფასებენ. შეგახსენებთ, პროექტი ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვისთვის რუსულ-აფხაზური ძალების ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბებას, დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი სამართალდამცავი სტრუქტურების შექმნას, ასევე მოსკოვის დაფინანსებით მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის ეკონომიკურ, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სისტემებში აფხაზეთის შემდგომი ინტეგრაციისკენ. ოფიციალური თბილისი რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმების პროექტს, საქართველოს ანექსიის მცდელობად აფასებს. რიგი ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება დიდწილად საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების პასუხია. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების რუსეთის მიმართ წარმოებულმა ლოიალურმა პოლიტიკამ განაპირობა კრემლის ეს გადაწყვეტილება. ამ მოსაზრებებს არ იზიარებს ექსპერტი  სოსო ცისკარიშვილი:

- ვარაუდები, რომ რუსეთის ამგვარი ქმედებების მიზეზი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით აქტიურობაა, სრულიად უსაფუძვლო მგონია. კარგად გვახსოვს, მოსკოვმა თბილისს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კონტროლის ყველა ბერკეტი დააკარგვინა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში ნატოზე მხოლოდ ირაკლი წერეთელი ლაპარაკობდა. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს დოკუმენტი ნაუცბათევია და ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების პასუხია, ან გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკით, არასწორია. პროცესი ამგვარი სცენარით რომ წარიმართებოდა, ნათელი გახდა კარგა ხნით ადრე, ჯერ კიდევ ანქვაბის დე ფაქტო პრეზიდენტობისას, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, მან უაპელაციოდ განაცხადა, რომ ასეთ მოდელს აფხაზეთი არ მიიღებდა. იმჟამად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანქვაბს კვერი დაუკრეს, მაგრამ ორიოდე კვირაში ანქვაბის პოლიტიკური მოღვაწეობა დაასრულეს.

სწორედ რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული საპროტესტო აქციები, რასაც ანქვაბის გადადგომა მოჰყვა. რუსეთმა მხოლოდ მესამე მცდელობით მოახერხა და დე ფაქტო პრეზიდენტად აქცია თავისი პროტეჟე ხაჯიმბა.

აქედანაც კარგად ჩანს, რომ აფხაზეთის მოსახლეობას არ აქვს რუსეთის მიმართ მონური დამოკიდებულება. ამჯერადაც კარგად გამოჩნდა აფხაზი საზოგადოების უარყოფითი განწყობა რუსეთის შეთავაზებაზე, უფრო სწორად კი ულტიმატუმზე, თუმცა ეს განწყობა ერთგვაროვანი არ არის. რასაკვირველია, ამ საზოგადოების სოლიდური ნაწილი პრორუსული განწყობისაა, მაგრამ ვფიქრობ, ისინი უმრავლესობას აღარ წარმოადგენენ.

- ამ შეთანხმების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აშკარაა თვით აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტშიც. როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ეს გამოიყენოს და რა როლი ეკისრება ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების აზრს?

- ჩემთვის სამწუხარო იყო ის, რომ საქართველოს პარლამენტში ჩვეული ურთიერთბრალდებების კორიანტელში მიიღეს ამ პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტი, თან ისე, რომ გამეორდა ძველი სტანდარტი - ჩვენი განცხადებების მთავარ ადრესატად კვლავაც რჩება რუსეთი, თან ისე, რომ ამ დოკუმენტში აფხაზებისთვის სათქმელად სიტყვაც ვერ მოინახა. გასაგებია, რომ რუსეთი ჩვენი საპროტესტო განცხადებების მთავარი სამიზნეა, მაგრამ ამ განცხადებებმა დღემდე ვერაფერი შეცვალა.  დროა, ლაპარაკს საქმეც მოჰყვეს, ოღონდ ეს უპირატესად რუსეთს კი არ უნდა უკავშირდებოდეს, უნდა ვცადოთ პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან. ათეულობით წელია, რაც საქართველოს ხელისუფლებას ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში რაიმე ახალი მიდგომების დანერგვა არ უცდია. გვაქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მაგრამ არავითარი კანონი არ არსებობს, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობას, როგორც საქართველოს ნაწილს, დაუკავშირდება და მათთვის გარკვეულ შეღავათებს განსაზღვრავს. დღეს აუცილებელია, რომ ჩვენი ხელისუფლების განცხადებების, სურვილებისა და ქმედებების სამიზნე იყოს აფხაზეთი და არა - რუსეთი. ამ ეტაპზე საკმაოდ რთული დრო უდგათ აფხაზებს, მათ არც რუსეთის შემადგენლობაში სურთ შესვლა და არც საქართველოს შემადგენლობაში დარჩენა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევთ. იქნებ, გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკური რეკლამების გარეშე, მივცეთ მათ საშუალება, პერსპექტივა ორივე მიმართულებით გააცნობიერონ. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციების სწორად ინფორმირება, მათი ძალისხმევისა და გავლენის გამოყენება.

- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას აფხაზეთთან დაკავშირებით აქვს გეგმა და შეთავაზება...

- პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი გეგმა უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება, ამიტომაც უმჯობესი იქნება, მასზე მერე ვისაუბროთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საინტერესო უნდა იყოს.

ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთისთვის ტყვია 1993 წლიდან არ უსვრიათ, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხეთ, შეგვეცვალა ურთიერთობის ის ფორმატი, რომელსაც ჟენევის ფორმატი ჰქვია.

ჩემი აზრით, სიკეთის მოლოდინი ჟენევის ამ ფორმატისგან, ზღვარგადასული ოპტიმიზმია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ და ჩვენი დასავლელი მეგობრები ჟენევის ფორმატის ცვლილების აუცილებლობაში დავარწმუნოთ. ვგულისხმობ იმას, რომ მოლაპარაკებები  მხოლოდ კვარტეტში კი არა, სამ დუეტად უნდა შედგეს. რუსეთი დაჟინებით ამტკიცებს, რომ კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა ჯიუტად რჩება ამ მოლაპარაკებების მონაწილედ. მისი ერთადერთი მიზანია, რომ არც ერთი გაყინული კონფლიქტის გალღობა არ დაიწყოს.

ვფიქრობ, ჟენევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით, ამ ოთხმხრივი მოლაპარაკების პარალელურად, უნდა იმართებოდეს მოლაპარაკებები თბილისსა და ცხინვალს, თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და მოსკოვს შორის. აქეთ უნდა ვისწრაფოთ და ეს წინადადებები მკაფიოდ წარვადგინოთ საერთაშორისო ასპარეზზე. პარადოქსია, რომ ჩვენ რუს საზოგადოებასთან სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის დამყარებას ვახერხებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ თანამემამულე აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი ლაპარაკის შესაძლებლობას. წლებია, ვერ შევძელით თბილისში მცხოვრები აფხაზი ინტელიგენციის ამ პროცესებში ჩართვა, ვერ ვიყენებთ მათ რესურსსა და კავშირებს... სამინისტროს სახელად "შერიგება" კი  დავარქვით, მაგრამ ძნელი გასაგებია, ამ სრული დუმილის პირობებში ვინ ვის უნდა შეურიგდეს?!

- ხელისუფლების ოპონენტების აზრით, დიდი შეცდომა იქნება, თუ საქართველო კონფლიქტის მხარედ რუსეთს არ განიხილავს და აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირ დიალოგს დაიწყებს. არასწორად მიიჩნევენ ქვეყნის ოკუპაციის პირობებში აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატსაც, რომლის ფარგლებშიც ბოლო შეხვედრა ორიოდე დღის წინ გაიმართა. განსხვავებული აზრები გამოითქვა იმის შესახებ, უნდა წასულიყო აბაშიძე ამ შეხვედრაზე თუ არა. მაგალითად, პარლამენტის  საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებდა, რომ რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობის პირობებში აბაშიძე ამ შეხვედრას არ უნდა დასწრებოდა...

- არსად მითქვამს, რომ  მოლაპარაკებებისას რუსული ფაქტორი უნდა გამოირიცხოს, ჩემი აზრით, ჟენევის ფორმატის შეცვლა რუსეთის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ხომ ცხადია, რომ რუსეთი საქართველოსთან ორმხრივ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს კარგა ხანია გაურბის. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატი არ არის პოლიტიკური დისკუსიის ასპარეზი, თუმცა, აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები ბოლო შეხვედრაზე განიხილეს, მაგრამ უშედეგოდ. მესმის იმ მოთხოვნის ემოციური საფუძველი, რომ შეხვედრა არ უნდა შემდგარიყო, მაგრამ ეს რას მოგვცემდა? ამგვარი სანქცია რა შედეგს გამოიღებდა იმ ფონზე, მთელი ცივილიზებული სამყარო რომ ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ფორმატის ინიციატორები ვიყავით ჩვენ, ამიტომ ჩვენსავე ინიციატივაზე უარის თქმა რუსეთისთვის ვერანაირი სანქცია ვერ იქნებოდა. საუბარი და დიალოგი ყოველთვის სჯობს ერთმანეთთან ზურგშექცევით დგომას. უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, რა შედეგი მოიტანა ჟენევის ფორმატმა და რა - აბაშიძე-კარასინის შეხვედრებმა. მეორე შემთხვევაში შედეგი თვალსაჩინოა, თუმცა ეს არ შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს.  მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფორმატის მუშაობის შედეგი ყველაზე კარგად რუს საზოგადოებაში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რუსეთში ტრადიციული გამოკითხვების თანახმად, 2-3 წლის წინ გამოკითხულთა 40%-მდე ამბობდა, რომ საქართველო რუსეთის მტერი იყო. სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში, საქართველო მტრად მხოლოდ 1%-მა მიიჩნია. ერთიცაა,

თითოეულმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი გახდება მხოლოდ მაშინ, თუ ამას მოისურვებს თვითონ აფხაზი ერი...

- კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ტერმინის "თვითგამორკვევა" აფხაზეთის მიმართ გამოყენებას...

- ეს თითიდან გამოწოვილი აჟიოტაჟია, რაც ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა ატეხილი.  1974 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო სამართალში ერთდროულად გამოიყენება ორი ტერმინი: "ტერიტორიული მთლიანობა" და "თვითგამორკვევის უფლება". წლების განმავლობაში ამას სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევდნენ, მათ შორის ამიერკავკასიაშიც. ამ რამდენიმე წლის წინ ტერმინი "თვითგამორკვევა" დაზუსტდა და გულისხმობს ერთა თვითგამორკვევას არსებული სახელმწიფოს ფარგლებში, ამიტომაც ამ ტერმინს ტყუილად ვებრძვით. გარდა ამისა, რასაც ჩვენ ოკუპაციას და ანექსიას ვეძახით, აფხაზები შეიძლება თვითგამორკვევას უწოდებენ. პრემიერის მიერ ამ ტერმინის გამოყენება შესაძლოა, აღწერდეს სწორედ აფხაზურ ხედვას და არა ქართულს, რაც დანაშაული არ არის და არც იმ მნიშვნელობისაა, რომ გადაფაროს მთელი საინფორმაციო სივრცე. არ ივარგებს ტერმინების გამოკიდება. ერთი ფრაზის აკვიატებით ყურადღება გადადის რეალური საფრთხისგან ირეალურ პრობლემაზე, რომელიც ძირითადად პრემიერის მიმართ ტალახის სროლას ემსახურება. არ ვიცი, შეიძლება ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" თვითმკურნალობის კურსიცაა...

- საბერძნეთის სასამართლომ კუდ-ის ყოფილი უფროსის, დავით ახალაიას, საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა...

- ჩვენს საზოგადოებაში ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების მარცხია, მე პირიქით ვიტყოდი - ეს "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება უფროა, რადგანაც როგორც კეზერაშვილის შემთხვევაში ფრანგულმა სასამართლომ, ამჯერად ბერძნულმა მართლმსაჯულებამ საქმეში პოლიტიკური დევნის კვალი დაინახა. ანუ ითქვა ის, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მართლაც პრობლემაა ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ამტკიცოს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად არავის დევნიან. რას ვიზამთ, ხელი ისევ უნდა გავიშვიროთ დღემდე ზურაბ ადეიშვილის სახელობის პროკურატურისკენ, ეს, რასაკვირველია, მთელ შემადგენლობას არ შეეხება, მაგრამ შეეხება მის საკმაოდ სოლიდურ ნაწილს. იქ კვლავაც უამრავი ადამიანია, რომლებიც ემსახურებოდნენ და ახლაც ემსახურებიან ყოფილ ხელისუფლებას. ეს პრობლემა აქვს მოსამართლეთა ნაწილსაც, რაც ხელისუფლების უსუსურობის ბრალია, რომელმაც ვერ მოახერხა ამ ყველაფრის დარეგულირება. ორი წლის განმავლობაში ისიც კი ვერ შეძლო, დაედგინა, ვის აქვს უამრავი მაკომპრომეტირებელი უკანონო ჩანაწერი, რომელთა საშუალებითაც, სავარაუდოდ, როგორც პროკურატურის თანამშრომელთა, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლებისა და მოსამართლეების მართვას ჯერ კიდევ ახერხებენ. ამიტომაცაა შეზღუდული პროკურორებისა და მოსამართლეების თავისუფლების ხარისხი. ამ ყველაფერში კი ჩანს ჩვენი ხელისუფლების არასაკმარისი ძალისხმევა. საბოლოდ ეს ყველაფერი აზარალებს ქვეყანას.

ცხრა- წლიანი არნახული უსამართლობის დამამკვიდრებელ სტრუქტურებში  ვიდრე ძველი კადრები რჩებიან, სამართლიანობის აღდგენის პროცესი წინ ვერ წავა, მეტიც, თანდათან მისი აღსრულება  საერთოდ ეჭვქვეშ დადგება.

- პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება, დაგეგმილია პარტიის ხელმძღვნელობის შეცვლა. დიდი ალბათობით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კვლავ პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ალასანია მთავრობის დატოვებას გეგმავს?

- ქვეყანაში კოალიციური მმართველობის არსებობა ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლებით არ უნდა დაკომპლექტდეს. ადგილობრივმა არჩევნებმა დიდი ეჭვი გააჩინა იმის თაობაზე, რამდენად თანასწორუფლებიანია მმართველი კოალიცია. იმით, რომ ექვსიდან ერთმა სუბიექტმა მიითვისა დასაკავებელი თანამდებობების 50% და დანარჩენ 5 წევრს 10-10% ჩამოურიგა, კარგად გამოჩნდა, რომ ეს კოალიცია არ შედგება თანაბარი უფლებების მქონე წევრებისგან, რაც ადრე თუ გვიან უკმაყოფილებას გამოიწვევს. არა მგონია, ეს მოხდეს უახლოეს მომავალში. დღეს პარტიას ჩამოშორებული ალასანია უფრო კოალიციასთან ასოცირდება, ვიდრე პარტიასთან. შესაბამისად, თუ კვლავ პარტიას ჩუდგება სათავეში, ამაში გასაკვირი არაფერია, მით უფრო იმ გაურკვევლობისას, რომელიც დაკავშირებულია შემდგომ საპარლამენტო არჩევნებთან. არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოულოდნელად ვადამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოისურვოს, თუმცა ამის მოტივაციაზე ჯერ არ ვილაპარაკებ.

- ანუ ფიქრობთ, რომ ალასანია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად წასასვლელად ემზადება?

- ვფიქრობ, პარტია ამისთვის არ ემზადება, მაგრამ სერიოზული წინდაუხედაობა იქნებოდა, პროცესების განვითარების ასეთი ვერსია პარტიაში არ განეხილათ, რადგან როგორც შეკრიბა ერთმა კაცმა ეს ძალები, შეიძლება ასევე ერთბაშად დაშალოს. ალასანია წინდახედული პოლიტიკოსია...

ნათია დოლიძე