"პარადოქსია, რომ კოდორის ხეობის დამთმობი პარტია დღეს აფხაზეთით სპეკულირებს" - კვირის პალიტრა

"პარადოქსია, რომ კოდორის ხეობის დამთმობი პარტია დღეს აფხაზეთით სპეკულირებს"

"თუ მისი დემონტაჟი საბოლოოდ არ მოხდა, სააკაშვილი გარეთ იქნება თუ ციხეში, სისტემა მაინც იმუშავებს"

"არაფერი დაშავდებოდა, უშიშროების საბჭოს სხდომა მოგვიანებით რომ გამართულიყო"

რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შეთანხმების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს აფხაზი საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. დოკუმენტის შინაარსი იმდენად მწვავე კრიტიკის საგნად იქცა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საზოგადოებას ტელეეთერით მიმართა და სცადა, დაერწმუნებინა, რომ რუსეთთან ახალი შეთანხმება აფხაზეთის კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის საფუძველზე გაფორმდება. ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს ქართველ საზოგადოებასა და ხელისუფლებაშიც. მეტიც, ეს თემა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მორიგი გაუგებრობის საბაბად იქცა. როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის საკითხის განსახილველად მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას მინისტრთა უმეტესობა უცხოური ვიზიტების გამო ვერ დაესწრება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი აფხაზეთის საკითხზე საპროტესტო აქცია დააანონსა. ამ და სხვა საკითხებზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ მკაფიოდ არ გვაქვს ჩამოყალიბებული აფხაზეთის საკითხში რა ინტერესი გვამოძრავებს და რატომ? თუ ჩვენი ინტერესი მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაშინ მეეჭვება, აფხაზური პრობლემა ოდესმე მოვაგვაროთ. საქმე ის არის, რომ როდესაც მხოლოდ ტერიტორიაზე გაქვს პრეტენზია, იქ ადამიანური ურთიერთობებისთვის ადგილი აღარ რჩება. თუ ჩვენ მოვახერხებთ და ვაჩვენებთ აფხაზებსაც და ოსებსაც იმას, რომ ყველაზე მეტად მათი ბედი გვაინტერესებს, მათ მდგომარეობას განვიცდით, ბევრი რამ შეიძლება სასიკეთოდ წარიმართოს, მათ შორის ტერიტორიების დაბრუნების პროცესიც. ჩვენ წლების განმავლობაში მხოლოდ იმას გავიძახოდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა, რითიც კიდევ უფრო ვუბიძგებდით აფხაზებს რუსეთისკენ. ეს ფრაზა ცხადყოფს, რომ სივრცეში, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, მხოლოდ ტერიტორია გვაინტერესებს. აუცილებელია, აფხაზების ღირსება დავინახოთ და პატივი ვცეთ. ნახეთ, მიუხედავად სიმცირისა და რუსეთზე ეკონომიკური თუ სამხედრო დამოკიდებულებისა, აფხაზები დროდადრო მაინც ახერხებენ საპროტესტო განწყობის გამჟღავნებას. ეს არაერთხელ გამოჩნდა დე ფაქტო პრეზიდენტების არჩევისას და ჩანს ახლაც. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელისუფლების რიტორიკა აფხაზებისა თუ ოსების მიმართ ნამდვილად შეიცვალა, თუმცა, ამ რიტორიკას საქმე ჯერ არ მოჰყოლია. ეს არც არის გასაკვირი. ჯერ ერთი, არც ამ ხელისუფლებას აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული სტრატეგია იმისა, თუ რა გზებით უნდა გახსნას ეს ურთიერთობა, მეორეც, წინა ხელისუფლებების დროს ჩამოყალიბებული დამოკიდებულების ერთბაშად შეცვლა ძალიან რთულია. ორი წელიწადი ძალიან  ცოტა დროა თუნდაც იმისთვის, რომ აფხაზებმა დაიჯერონ ჩვენი განზრახვის სიწრფელე.

ვფიქრობ, შესაძლებელია აფხაზეთში დღეს შექმნილი ვითარება და რუსეთისადმი გაჩენილი საპროტესტო განწყობა, ჩვენი და აფხაზების ურთიერთობის აღსადგენად ათვლის წერტილად იქცეს,

იმ შემთხვევაში, თუ ამ სიტუაციას გონიერებითა და ტაქტით მივუდგებით.

- ხშირად ოპონენტები ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე კონფლიქტური რეგიონების საკითხში აქტიურობას უწუნებენ... ამ რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე გერმანიის კანცლერი ინფორმირებული არ იყო.

- ჩვენ უკვე გვყავდა რამდენიმე ხელისუფლება, რომელმაც აფხაზეთის პრობლემატიკის მოგვარებაში წარმატებას ვერ მიაღწია. მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებამაც... წინა ხელისუფლების სტრატეგია, თუ საერთოდ არსებობდა იგი, აფხაზებსა და ოსებს საერთოდ არ ითვალისწინებდა. ამ ხელისუფლებამ ამაზე ლაპარაკი მაინც დაიწყო. მერკელს ეცოდინება თუ არა აფხაზეთის პრობლემა, ეს მხოლოდ პოლიტიკური დუელისთვის წამოწეული თემაა. მსოფლიოსთან დიალოგი არ უნდა გაწყვიტო, მაგრამ მხოლოდ მსოფლიოსთან დიალოგით პოლიტიკის წარმატებულობის შეფასება არასწორი მეჩვენება. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიოს ჩართულობა არ იძლევა ჩვენი პრობლემების მოგვარების გარანტიას. ამგვარი პოლიტიკა წარმატებული ნამდვილად იქნებოდა, მსოფლიო საზოგადოებრიობა რომ ახერხებდეს რუსეთისთვის ადგილის მიჩენას, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას ინერციით ისევ საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან ველით, მაგრამ იქნებ სხვა საშუალებებიც გვეცადა, მაგალითად, ყვირილის ნაცვლად ფარული გზები გამოგვენახა,

უფრო დაბალანსებულად გვემოქმედა...

- აფხაზეთის თემის განსახილველად პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას მუდმივმოქმედი წევრების დიდი ნაწილი ვერ დაესწრება, რადგან უცხოური ვიზიტები აქვთ დაგეგმილი...

- დამეთანხმებით, საგაზეთო ინტერვიუს ვერ ჩაწერთ, თუ რესპონდენტს ამ ინტერვიუს ჩაწერის დრო არ შეუთანხმეთ. მით უფრო, უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მისი ჩატარების დრო შეუთანხმდეს იმ თანამდებობის პირებს, ვინც ამ სხდომას უნდა დაესწრონ. როგორც ჩანს, ამგვარი შეთანხმება არ ყოფილა, რაც ნამდვილად ორგანიზების პრობლემაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობას დაძაბულობა ახლავს, აქ უფრო ორგანიზატორების დაშვებულ შეცდომასთან უნდა გვქონდეს საქმე.  არა მგონია, ორგანიზაციული ხარვეზი წვრილმანი იყოს, რადგან შედეგად მივიღეთ ის, რომ კიდევ უფრო სალაპარაკო გახდა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დამოკიდებულება. ვფიქრობ, არაფერი დაშავდებოდა, უშიშროების საბჭოს სხდომა ცოტა მოგვიანებითაც რომ გამართულიყო. საქმე ის არის, რომ თვითონ აფხაზეთში მიმდინარეობს პოლემიკა ამ შეთანხმების დოკუმენტზე და არ არის გამორიცხული, აფხაზეთში ისეთი პროცესები განვითარდეს, რომელთა განხილვაც ხელახალი მსჯელობის საგნად იქცევა. უპრიანია, ამ პროცესების განვითარებას დაველოდოთ, რათა ნაჩქარევად არ მივიღოთ გადაწყვეტილებები.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" 15 ნოემბრისთვის რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა, რომლის თემაც სწორედ აფხაზეთის საკითხია.

- "ნაციონალური მოძრაობა" ამ ნაბიჯით ცდილობს წაუგებელი სვლა გააკეთოს. თუ აქციაზე ბევრი ხალხი მივა, რისი შანსიც არსებობს, რადგან აფხაზეთის თემა ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ამ ხალხს თავის მხარდამჭერად გამოაცხადებს. თუ აქციაზე ხალხი არ მივიდა, მაშინ ამას "ნაციონალური მოძრაობა" დასავლელ პარტნიორებს აუხსნის იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსული ორიენტაცია აქვს და ხალხიც ამიტომ არ მივიდა. დამეთანხმებით, ასეთი ინტერპრეტაცია ამ პოლიტიკურ ძალას ნამდვილად ხელს აძლევს. მაგრამ პროცესების განვითარების მესამე გზაც არსებობს -  გაიყოს ერთმანეთისგან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა და აფხაზური თემის გულშემატკივრობა, ანუ ერთდროულად ჩატარდეს ორი სხვადასხვა აქცია, ერთნაირი მოწოდებით, მაგრამ სხვადასხვა ძალის ორგანიზატორობით. ასეთ შემთხვევაში კარგად გამოჩნდება, რამდენი კაცი უჭერს მხარს "ნაცმოძრაობას" და რამდენს აინტერესებს აფხაზეთის პრობლემატიკა. თავისთავად პარადოქსია, რომ კოდორის ხეობის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დამთმობი პარტია დღეს აფხაზეთით სპეკულირებს.

- ბოლო ხანს არაერთი დაპირისპირება ვნახეთ, რომლის ერთ მხარეს მუდმივად არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თუ მათი მხარდამჭერები. არსებობს ვარაუდი, რომ ექსსახელისუფლებო ძალა არეულობისა და დესტაბილიზაციის გზით საკუთარი მიზნების მიღწევას შეეცდება...

- მაინც რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს "ნაციონალების" ეს ენერგიული გამოღვიძება? საეჭვოა, 10%-იანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრობდეს. ჩემი აზრით, ეს ხმაური, დესტაბილიზაციის მცდელობა თუ მედიაში აქტიურობა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე სამართლებრივი დევნისგან დაიძვრინონ თავი.

არეულობის ინსპირირებით ისინი უცხოეთზე მუშაობენ და ცდილობენ, დაუმტკიცონ დასავლელ პარტნიორებს, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.

როგორც ვიცი, მათთან ყველა მოლაპარაკება იქით მიდიოდა, რომ ამბობდნენ, თქვენთან ვითანამშრომლებთ, ოღონდ სამართლებრივი დევნა არ იყოსო. მათზე უკეთ არავინ იცის, რა აქვთ ჩადენილი, ამიტომაც ცდილობენ პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას. ეს ჩვენ ვართ გულუბრყვილოები, რომ ამას როგორც პოლიტიკურ პროცესს, ისე ვუყურებთ.

- მთავარი პროკურატურის მიერ მოწვეული საერთაშორისო სამართლის ექსპერტების დასკვნით, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში არსებული მასალები ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა ბრალდებულების სამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად საკმარისია. როგორ ფიქრობთ, ნიშნავს ეს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა საერთაშორისო მასშტაბითაც გამოცხადდება?

- საკითხავია, სააკაშვილის სამართლებრივი დევნა იქნება კი ქვეყნისთვის პრობლემის გადაწყვეტა?! აი, სააკაშვილის  რეჟიმის, ანუ იმ სისტემის, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, ლიკვიდაცია თუ მოხდება, ეს ნამდვილად იქნება გამოსავალი. ხომ კარგად ვხედავთ, რომ სასამართლოში, პროკურატურაში, მასმედიაში და ა.შ. ეს სისტემა კვლავაც მუშაობს. ამ სისტემის სიცოცხლისუნარიანობა ჩანს უცხოეთთან ურთიერთობაში და "ნაციონალური მოძრაობის" ლობირებაში. თუ მისი დემონტაჟი საბოლოოდ არ მოხდა, სააკაშვილი გარეთ იქნება თუ ციხეში, სისტემა მაინც იმუშავებს. უცხოელი ექსპერტების ეს დასკვნა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, "ნაციონალური მოძრაობის" იმ დასავლელ ადვოკატებს, რომლებიც პოლიტიკურ დევნად აფასებენ აქ  მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს, საწინააღმდეგო დაუმტკიცოს. ამ ანგარიშში ისეთი ფორმულირებებია გამოყენებული, რაც პოლიტიკური დევნის ვერსიის ბლოკირებისთვისაა გამიზნული. ეს უფრო დასავლელი კრიტიკოსებისთვის განკუთვნილი დოკუმენტია, თუმცა, თუ ეს დასკვნა ამ სისტემის დემონტაჟის საფუძველი გახდება,

ამას უნდა დაემატოს შეფასება, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები და დანაშაულები აჩვენებს მთელი სისტემის კრიმინალურ სახეს.

- ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში დაპირისპირების მიზეზად იქცა შენობა, რომლის აღდგენა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიბლიოთეკის განსათავსებლად განიზრახა. ამას დაუპირისპირდა სოფლის მაჰმადიანური თემი, რომელიც ამტკიცებს, რომ შენობაში წლების წინათ მეჩეთი იყო. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ პროცესების მიღმაც შესაძლოა პოლიტიკური ინტერესი იდგეს.

- თუ არსებობს ვარაუდი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვითარების დესტაბილიზაცია აწყობს და ამას ცდილობს კიდეც, შესაძლოა, აქაც დავინახოთ "ნაციონალების" ხელწერა.

ამ მეტად სახიფათო თემით სპეკულირება "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ნამდვილად აწყობს, რადგან იციან, რომ დასავლეთისთვის რელიგიური შეუწყნარებლობა და ამ ნიშნით შევიწროება მომგებიანი ბრალდებაა. ადიგენში მერაბიშვილის გავლენის ნიუანსი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ეჭვს, თუმცა, ასე ხელაღებით რთულია რაიმეს თქმა, ამას დამადასტურებელი ფაქტები სჭირდება. რაც შეეხება იმას, რომ საჭიროა მეტი სიფრთხილე, ნამდვილად ასეა - რელიგიური დაპირისპირება ის საფრთხეა, როდესაც ხელაღებით და დაუფიქრებლად მოქმედება ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. ადიგენის რაიონში ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ გაუფრთხილებელი ნაბიჯის შედეგი - მეჩეთთან დაკავშირებულ საკითხს დაპირისპირება მოჰყვა, მაგრამ ვნახეთ ისიც, რომ იმჟამად ხელისუფლებამ უკან დაიხია, რასაც მივესალმები. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, მაგრამ ამის აღიარება და გამოსწორება ყველას არ შეუძლია. სხვათა შორის, ამ ხელისუფლებას წინამორბედისგან ესეც განასხვავებს. ერთიცაა, როდესაც სოფელში თუ ქალაქში რაიმე დაწესებულებას აკეთებ, აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობას შეუთანხმო, როცა არ უთანხმებ, ეს ორგანიზაციული დაუდევრობაა, რამაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს.

- ბოლო დღეების სკანდალად იქცა სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ ბოლო თაობის მობილური ტელეფონის ბიუჯეტის ხარჯით შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების რეაქციის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, ტელეფონის საფასურს ჩემი შემოსავლიდან დავფარავო, ამ ფაქტითაც აშკარად გამოჩნდა, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დროდადრო თვალი და ხელი გაურბით სახელმწიფო ბიუჯეტისკენ.

- როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამაზე ლაპარაკობენ, ეს ჩემში, ცოტა არ იყოს, ირონიას იწვევს, რადგან ძალაუნებურად მახსენდება ის ყოვლად გაუგებარი საბიუჯეტო ხარჯები, რასაც ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავდნენ, თუმცა, ეს არაფრით ამართლებს ახალი ხელისუფლების ქმედებებს. მნიშვნელოვანია, რომ რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ საკუთარი შეცდომები აღიარა და უკანაც დაიხია, ამიტომაც მივესალმები, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადაწყვეტილება შეცვალა, მაგრამ ყოველი ამგვარი ფაქტი უპირველესად აისახება მმართველი კოალიციის იმიჯზე. ამიტომაც, ვფიქრობ, ხელისუფლების წევრები უნდა დასხდნენ და მოიფიქრონ, როგორ მოხდეს ანალოგიური ფაქტების პრევენცია, ეს უნდა შეეხოს მეექვსე თაობის ტელეფონებსაც, პრემიებსაც და  სახელფასო დანამატებსაც.

ხელისუფლების თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილებით უპირველესად საკუთარ პოლიტიკურ გუნდს აზარალებს. წინ საპარლამენტო არჩევნებია, იმედია, ეს კოალიციის წევრებს ახსოვთ.

ნათია დოლიძე