"ხელისუფლებას კრიტიკულ ზღვარზე მოუწევს გავლა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას კრიტიკულ ზღვარზე მოუწევს გავლა"

"გვსურს თუ არა ეს, სააკაშვილი  უარყოფით სოციალურ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა"

"საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ხელისუფლებას ნებელობის პრობლემა აქვს"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრემიერმა მთავარ მონაპოვრად სამართლიანობის აღდგენა დაასახელა, ასევე მიმოიხილა ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობაში გატარებული რეფორმები. ისმის კითხვა, - ემთხვევა კი პრემიერისა და მთავრობის შეფასებები საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, მით უფრო, რომ კოალიციის შიგნით პროცესები საკმაოდ რთულად ვითარდება. ხელისუფლების შტოებს შორის Uუთანხმოების კიდევ ერთ მიზეზად "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები იქცა, რომლის მიხედვითაც, ფარული მოსმენებისას, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ნორმის მომზადების ვადა 6 თვით, 2015 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გადადებულიყო. კანონი პარლამენტმა კი მიიღო, მაგრამ პრეზიდენტის ვეტოს გამო, მისი ამოქმედება ვერ მოხერხდა. მარგველაშვილმა მომზადებულ კანონპროექტში შენიშვნები შეიტანა, რომელთა მიხედვით, ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების ვადად 1-ელ დეკემბრამდე არსებული პერიოდი განისაზღვრა. პარლამენტმა ვეტოს დაძლევაზე უარი თქვა და კანონი პრეზიდენტის შენიშვნებით მიიღო. მიმდინარე პროცესებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ჩვენს ინტერვიუში აფასებს.

- ვფიქრობ, მართალია ირაკლი ღარიბაშვილი, როცა ამბობს, რომ წვდომის გასაღები არ შეიძლება კერძო კომპანიების ხელში იყოს.

მეორე მხრივ, მართლები არიან ისინიც, ვინც საკითხის გადაწევაში საფრთხეს ხედავენ. რა თქმა უნდა, აუცილებელია ადამიანის პერსონალური ინფორმაციის დაცვა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ პოლიტიკური კონიუნქტურისა თუ სხვა რამ მიზნით სამართალდამცავებმა უკანონოდ არ გამოიყენონ პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯები გადავდგათ. საკითხის გადაჭრა მეტად რთულ კონტექსტში გვიწევს. არ ვართ დარწმუნებული, რომ შსს "გასაღებს" კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არ გამოიყენებს. გარდა ამისა, "ამ გასაღებისადმი" წვდომა შეიძლება მნიშვნელოვანი იარაღი აღმოჩნდეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისათვის. ერთი სიტყვით, პრობლემა მრავალწახნაგოვანია და მთელი რიგი საშინაო და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს.

ჩემი აზრით, ეს გასაღები ხელისუფლების დამოუკიდებელ განშტოებას უნდა ეპყრას ხელთ, ასეთად წარმომიდგენია სასამართლო, თუმცა ჩვენს სინამდვილეში მისი ნდობაც პრობლემურია.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პარლამენტი ძალზე რთული ამოცანის გადაჭრის აუცილებლობის წინაშეა. "თავისუფალი დემოკრატებისა" და პრეზიდენტის აზრთა თანხვედრა შესაძლოა, შემთხვევით მომხდარიყო, მაგრამ არც ის გამოირიცხება, რომ მათი თანამშრომლობის პირველი სიმპტომიც იყოს.

- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. როგორ ფიქრობთ, ეს შეფასებები ემთხვევა საზოგადოების განწყობას?

- საზოგადოების ნაწილობრივი იმედგაცრუება მოსალოდნელი რომ იყო, ეს 2011 წელსვე ჩანდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მრავალმა მოქალაქემ მაქსიმალისტური და არარეალისტური იმედები დაუკავშირა. ამას ხელი„"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის ბევრმა პუნქტმაც შეუწყო. თავად ივანიშვილი ამ იმედების გაღვივებას ნაკლებად ცდილობდა, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. ესენი ერთი მხრივ იყვნენ პროფესიონალი მლიქვნელები, რომლებიც საქართველოში, როგორც ჩანს, არ დაილევიან, მეორე მხრივ, აქტიურობდნენ ისინიც, ვინც მშვენივრად იციან, რომ როდესაც ერთ კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება დიდი იმედები, ეს მისთვისვეა მახე. გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აშკარად ვერ წავიდა პროცესები ისე, როგორის იმედიც "ქართული ოცნების" ლიდერებს ჰქონდათ. მათი მცდელობა, რომ სამართლიანობის დამკვიდრებაზე გაეკეთებინათ აქცენტი და ამით კოალიციას, როგორც ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას, თავი დაემკვიდრებინა, არ გამართლდა. ამას  ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს. არ გამართლდა თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებას საინფორმაციო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ გააჩნია.

სააკაშვილი გააკეთებდა ამის მეათედს, მაგრამ ისეთ აჟიოტაჟს შექმნიდა, შინ თუ გარეთ ყველას ეცოდინებოდა.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ასევე ვერ გაითვალისწინეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა დასავლეთში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა სამართლებრივ დევნას. დასავლეთში "ნაციონალებს" ძალიან სერიოზული კავშირები აქვთ დღემდე და ამ კავშირებში მათი ჩანაცვლება "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო. გასაგებია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, გააბუქოს თავისი დამსახურებები და არაფერი თქვას ნაკლზე, ეს სცადა ირაკლი ღარიბაშვილმაც. წარმატებები და წინსვლა ნამდვილად არის, მაგრამ სასურველზე ნაკლები. ჯანდაცვის სფეროში წინსვლას ყველა აღიარებს, რაც იმის დამსახურებაა, რომ ამ სფეროში განხორციელებული ცვლილებები რიგითი მოქალაქის ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახა.

წინსვლაა სოფლის მეურნეობაში, სერიოზული დახმარებები გაიცა გლეხობაზე, თუმცა ერთი სერიოზული კითხვის ნიშანი რჩება - ჩვენი სოფლის მეურნეობა ისევ რუსულ ბაზარზეა მიბმული და თითქმის არაფერი კეთდება სხვა ბაზრების მოპოვების პროცესის გასაძლიერებლად. გულუბრყვილო კითხვა უნდა დავსვა: ყველამ იცის, რომ მილიონები დაიხარჯა ჩინოსანთა პრემირებაზე. ეს თანხა სოფლის მეურნეობაში მოღვაწე ადამიანების დასავლურ განათლებაზე რომ დახარჯულიყო, რათა მათ ცივილიზებული სოფლის მეურნეობის საწარმოებლად საჭირო ჩვევები შეეძინათ, უფრო გამართლებული არ იქნებოდა? ეს შექმნიდა წინა პირობას, რომ ევროპულ ბაზარს უახლოესი წლების განმავლობაში ქართული პროდუქცია მიეღო. სოფლის მეურნეობის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ერთ რამეს კარგად ვხედავ, იმ სისტემის შენარჩუნება, რაც დღეს სოფლის მეურნეობაში მუშაობს, ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად ვიქნებით ჩამორჩენილი სოფლის მეურნეობის ქვეყანა,  ხოლო რუსული პოლიტიკა ბაზრის პრობლემას  პოლიტიკური მიზნებით გამოიყენებს. საზოგადოების განწყობის გამოსავლენად სერიოზული კვლევის ჩატარებაა აუცილებელი, თუმცა ინტუიციურად შეიძლება ითქვას, - საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ხელისუფლებას ნებელობის პრობლემა აქვს. თუ გახსოვთ, ეს განცდა განსაკუთრებით იყო გამძაფრებული შევარდნაძის დროს. დღესაც ისე ჩანს, თითქოს ხელისუფლებას იდეებისა და ამ იდეათა განხორციელების ნების დეფიციტი აქვს. ბიზნესმენებისგან მომისმენია, რომ ხელისუფლება ახალ იდეებს ვერ სთავაზობს.  ბიზნესი გათავისუფლდა წნეხისაგან, ბიზნესმენი აღარ არის ტერორიზებული,  რაც ნამდვილად წინსვლაა, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლება, როგორც ეკონომიკური იდეების გენერატორი და რეფორმების წყარო, არ ჩანს.

- ბოლო ხანს მუდმივი განსჯისა და მითქმა-მოთქმის საგნად იქცა პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთდამოკიდებულება. უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, ლამის ჩაშლის პირას იყო, თუმცა საბოლოოდ პრემიერ-მინისტრის პრეზიდენტის სასახლეში მისვლამ და სხდომაზე დასწრებამ ყველაფერი შეცვალა. შესაძლებლად მიიჩნევთ ამ პრობლემის ამოწურვას მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას და პრეზიდენტს სხვადასხვა მიდგომები აქვთ?..

- ეჭვი მეპარება, ეს პრობლემები უახლოეს მომავალში ამოიწუროს. ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს, ჩვენ ახალი კონსტიტუციის პირობებში ვცხოვრობთ. ამ ახალ ვითარებებთან ადაპტაცია ხელისუფლების ყველა განშტოებას უწევს. მართალია, ველოდი, რომ ახალ საკონსტიტუციო რეჟიმში ეს განხეთქილებები იქნებოდა, მაგრამ თუ ასეთი კინკლაობის სახეს მიიღებდა, არ მეგონა. მცდელობა იმისა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი მინიმუმზე იქნას დაყვანილი, მეორე მხრივ კი პრეზიდენტის როლის გადაჭარბებული შეფასება, სერიოზულ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. ძალიან კარგია, რომ მათ მოახერხეს და ყველასთვის მნიშვნელოვან აფხაზეთის პრობლემაზე მოსალაპარაკებლად ერთად დასხდნენ. მათ შეძლეს კონსენსუსის რეჟიმში მუშაობა, რაც საქართველოში ყოველთვის ჭირდა. ის, რაც პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შეძლეს, ნამდვილად სახელმწიფოებრივი პოზიციაა და იმედს მაძლევს, რომ მათი ურთიერთობის ახალ ფორმას დაუდებს სათავეს. კონსენსუსის უნარის გარეშე  სახელმწიფო ვერ შეიქმნება.

მუდმივი პოლარიზაცია და ზღვრულ დაძაბულობაში ყოფნა დამღუპველია სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც.

- კოალიციაში კონსენსუსის სივრცეში მოღვაწეობა, სავარაუდოდ, მომავალშიც აუცილებელი გახდება. როგორ ხედავთ კოალიციის მომავალს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას?

- გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - საგარეოზეც.

ვფიქრობ, დღეს კოალიციის ერთიანობის შენარჩუნება სახელმწიფო ინტერესშია.

თუ სოციალურ ქსელებს გადავავლებთ თვალს, აშკარად ჩანს აგრესიული მოწოდებები, რომ კოალიციიდან განიდევნოს პროდასავლური ძალები. ამაზე საგანგებოდ მუშაობენ პუტინისტური პროპაგანდისტები.

აშკარაა, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა ძალზე გააქტიურებულია და ხელისუფლებას მართებს ამაზე დაფიქრება.

- თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავებამ ბევრს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის, შემთხვევა გაახსენა.

- როგორც მახსოვს, კირვალიძის შემთხვევაში ეს ისტორია უკავშირდებოდა იმ ადამიანების ინტერესებს და კულუარულ თამაშებს, რომლებიც იმჟამად იყვნენ ივანიშვილის გარემოცვაში, მაგრამ დღეს აღარ არიან. რაც შეეხება პროცესებს თავდაცვის სამინისტროში, უპირველესად უნდა ითქვას, რომ დანაშაულის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ზედმეტად ხშირად გვიწევს სამართლის დამკვიდრებისას პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადება, თუნდაც ბატონი ნორლანდის ნათქვამი, რომ ისინი თვალს ადევნებენ პროცესს, მინიშნებაა, რომ თუ პროცესი წავიდა ალასანიას და მისი პოლიტიკური ძალის დევნის მიმართულებით, ეს შეიძლება რუსული პროექტის განხორციელების მცდელობას დაემსგავსოს. ხოლო თუ პროცესი წმინდასამართლებრივ ჩარჩოებში დარჩება, ხმას არავინ ამოიღებს. ახლა ხელისუფლებას ძალზე კრიტიკულ ზღვარზე მოუწევს გავლა. თუ დანაშაულია ჩადენილი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ არა ისე, რომ ამან იმგვარი პოლიტიკური ძვრები გამოიწვიოს, ქვეყნის შემდგომ ბედზე აისახოს.

- "რესპუბლიკურმა პარტიამ" კოალიციას, "ქართული ოცნების" ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პარტნიორული ორი გზა შესთავაზა. ერთი გულისხმობს ევროპულ კოალიციად გადაქცევას, რომელსაც საფუძვლად დაედება პასუხისმგებლობის სრულყოფილად გადანაწილება, მეორე მხრივ, კოალიციაში შესაძლებელი უნდა გახდეს პარტიების იდეოლოგიის შესაბამისი, განსხვავებული პოზიციების თავისუფლად გამოხატვა. თქვენი აზრით, კოალიცია მიიღებს რესპუბლიკელთა წინადადებას?

- ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც კოალიციამ უნდა გაითვალისწინოს. კოალიცია არ არის პირამიდა, რომლის  სათავეშიც ერთი ნებაა და ყველა დანარჩენი ამ ნებას ემორჩილება. "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტიაც" დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან, რომელთაც საკუთარი აზრის გამოხატვა არასდროს უჭირდათ. ამ წინადადების ერთ-ერთი მიზანი შეიძლება სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება იყოს, პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებაში კი საარჩევნო სიის სამართლიანი პირობებით დაკომპლექტება იგულისხმებოდეს.

- თუ მაინც დაიშალა კოალიცია, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს?

- ძნელი სათქმელია, რა კონფიგურაცია შეიქმნება, ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ახერხებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მთლიანობა შეინარჩუნოს. თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი კარგად ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ზეობის პირობებში მოძრაობას მომავალი არ გააჩნია. გვსურს თუ არა ეს, სააკაშვილი  უარყოფით სოციალურ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა და ამას ამ ეტაპზე არაფერი ეშველება. შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური  პერსპექტივა ნაკლებად აქვს, უახლოესი წლების განმავლობაში ის განწირულია ოპოზიციაში ყოფნისთვის, თან ისე, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებს მუდმივად ჩაუკეტავს გზას. ასეთი უპერსპექტივო ოპოზიცია ხელსაყრელია დღევანდელი ხელისუფლების მრავალი წარმომადგენლისთვისაც. თუ სააკაშვილი წავიდა ქართული პოლიტიკიდან, შეიძლება დაიწყოს ახალი კონფიგურაციების ჩამოყალიბება.

მოცემულ ვითარებაში ვადამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პერსპექტივას ვერ ვხედავ. დღეს ეს შეიძლება მხოლოდ ნაკლები გავლენის მქონე ოპოზიციისა და პუტინისტური ძალების სურვილი იყოს...

- ბრძანეთ, რომ ქვეყანაში პრორუსული ძალები გააქტიურდნენ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ვითარების დასაბალანსებლად?

- უპირველესად საინფორმაციო ნაკადი უნდა გააწონასწოროს, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს. დაუშვებელია ევროპული ორიენტაციის პროპაგანდა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხელში იყოს. მრავალთა თვალში ეს იდეის დისკრედიტაციას იწვევს.

-  "ნაციონალურმა მოძრაობამ" 15 ნოემბრისთვის აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია დააანონსა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ძალამ ქვეყანაში არეულობის მოწყობა სცადოს...

- არა მგონია, თვითონ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდეს ილუზია, რომ ამ დღეს რაიმე განსაკუთრებული მოხდება. 15 ნოემბრის აქცია უფრო საკუთარი ძალების შემოწმების მცდელობაა, მიმართულია იქითაც, რომ საინფორმაციო ინიციატივა არ დათმონ და მუდმივად იყვნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიუხედავად თემის სიმწვავისა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ აქციაზე მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანი მივიდეს.

ნათია დოლიძე