"ალასანიამ დამოუკიდებელი თამაშის დასაწყებად პირველივე მიზეზი გამოიყენა" - კვირის პალიტრა

"ალასანიამ დამოუკიდებელი თამაშის დასაწყებად პირველივე მიზეზი გამოიყენა"

"ქვეყნის პროდასავლურობა მაინცდამაინც ალასანიას არ ეჭირა კბილებით"

"გარიგება რომ ყოფილიყო, ალბათ, რაღაც სხვა ფორმას მოძებნიდნენ თუნდაც დაპირისპირებისთვის"

გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუ. პარტია "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან წავიდნენ. მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროში არსებულ დარღვევებზე გააკეთა განცხადება და რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა კიდეც. მომხდარს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მწვავედ გამოეხმაურა და პროკურატურის საქმიანობა ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხეს დაუკავშირა. ამას კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომელმაც ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. ალასანიას მხარდასაჭერად თანამდებობები დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ. მინისტრთა კაბინეტში დარჩა მისი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, თეა წულუკიანი. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური რყევის ეტაპი იწყებოდა, ექსპერტები უკვე მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისზე ლაპარაკობდნენ, თუმცა, პროცესების ასეთი სახიფათო განვითარება ჯერჯერობთ არ ჩანს. კოალიციიდან ერთი სუბიექტის წასვლის მიუხედავად, ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობას, სავარაუდოდ, დამოუკიდებელი მაჟორიტარების ხარჯზე შეინარჩუნებს, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მიღების უნარი შენარჩუნებული აქვს, რაც პოლიტიკურ კრიზისს ამ ეტაპზე გამორიცხავს. თუმცა, ფაქტია, კვლავ ბევრი უპასუხო კითხვა რჩება სა ვნახოთ, გაირკვევა თუ არა, ვისი ტენდერი, ვის მაგისტრალშია. ექსპერტ არჩილ გამზარდიასთან საუბარი ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუს შეფასებით დავიწყეთ:

- ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ  არ ყოფილა განსაკუთრებული სიურპრიზებით სავსე. გასაგებია, რომ  მას ჰქონდა კითხვები ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ "კაბელების საქმეზე"  და ტენდერზე. ალბათ, ე.წ. კულისებიდან მაგისტრალური ტენდერი კარგად ჩანს. ალბათ, ეს კითხვები ლოგიკურია.  გაიზიარებს თუ არა ამ კითხვებს საზოგადოება, ალბათ, უახლოეს მომავალში ვნახავთ. ასევე, ალბათ, არავის გაუკვირდა მისი მხრიდან პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკა და პრემიერ ღარიბაშვილის მხარდაჭერა. თუმცა საინტერესოა, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააკრიტიკა ალასანიას მიმართ მოუზომელი განცხადებების გამო.

საინტერესო  იყო ისიც, რომ  ივანიშვილმა ისაუბრა ახალი  პოლიტიკური ტოქშოუს ძირითად შინაარსზე. საინტერესოა, იქნება თუ არა ურთიერთკავშირი ტოქშოუს თემებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შორის.  ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის მიერ ტოქშოუში გავრცელებული მესიჯები უახლოეს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პერსპექტივებზე დიდ გავლენას მოახდენს. ივანიშვილმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო იმაზე საუბარს, რომ ხელისუფლება მისი გავლენებისგან თავისუფალია და "კულუარულ" მართვაზე საუბარი არ შეიძლება.   როგორც ჩანს, ეს მისთვის მტკივნეული თემაა.

რაც შეეხება კვირის მთავარ სკანდალს და იმას, რომ ალასანიას თანაგუნდელებმა პროკურატურის ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს. გასაგებია, რომ პოლიტიკაში ცალკეული შემთხვევა შეიძლება გამოიყენონ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიზეზად, მაგრამ ამ პროცესებში პროკურატურის მოქმედებას პოლიტიკურ დევნად ვერ განვიხილავ. საქმე ის არის, რომ პროკურატურის მოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ალასანიამ და მისმა გუნდმა ძალიან გაასწრეს მოვლენებს წინ. როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხარ, კარგად უნდა იცოდე, რომ პროკურატურამ შეიძლება ვინმე დაუსაბუთებლად დააკავოს და მოიქცეს არასამართლიანად, მაგრამ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, არსებობს სასამართლო და უნდა დაელოდო, როგორ გაბათილდება ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები სწორედ სასამართლოში. თუ პოლიტიზების დონე მაღალი იქნებოდა, ეს კარგად  გამოჩნდებოდა შემდგომ პროცესში, ყველაზე მეტად კი სასამართლოში, რომელზეც დღევანდელ ხელისუფლებას ყველაზე ნაკლები წვდომა აქვს. თუ პროკურატურა პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ეს თანდათან აუცილებლად თვალსაჩინო გახდებოდა, რის შემდგომაც ალასანიასა და მისი გუნდის საპირისპირო ნაბიჯები უკვე გამართლებულიც იქნებოდა.

ყველა შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავი სტრუქტურა შედის სახელმწიფო უწყებაში, არ შეიძლება პოლიტიკურ დევნად შეფასდეს. ირაკლი ალასანიამ თავიდანვე არასწორი შეფასება გააკეთა,

საბოლოოდ კი სულსწრაფობა გამოიჩინა ყველამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმაც, რომელმაც მყისიერი გადაწყვეტილებები მიიღო.

- არსებობს მოსაზრება, რომ ალასანიას მიერ თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებული მოვლენების ქვეყნის საგარეო კურსზე დარტყმად შეფასების შემდეგ ღარიბაშვილს სხვა გზა არ ჰქონდა.

- ბუნებრივია, არის გარემოებები, რაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ედო საფუძვლად როგორც ალასანიას, ისე ღარიბაშვილის შემთხვევაში, მაგრამ ამ ყველაფერს უფრო ფრთხილად და ღირსეულად  რომ მისდგომოდნენ, ბევრად ჯანსაღ პროცესს მივიღებდით. ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც აღიქმება პოზიტიურადაც მისი ოპოზიციაში წასვლა, "ნაციონალური მოძრაობაა", რომელიც დღემდე ინარჩუნებს პირველი ოპოზიციური პარტიის ნიშას. ალასანიას პარტიას სრული კარტ-ბლანში აქვს იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი კონკურენცია გაუწიოს.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ განხეთქილებისთვის ორივე მხარე მომზადებული იყო, მაგალითად, ღარიბაშვილს ერთი საათიც არ დასჭირვებია თავდაცვის ახალი მინისტრის მოსაძებნად...

- თუ გავითვალისწინებთ კოალიციის დაშლის ამ პოზიტიურ მხარეებს, შესაძლოა, გაჩნდეს ვარაუდი, რომ ეს არის გარიგება და მართული პროცესი, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ ისეთი სცენები და მოვისმინეთ განცხადებები, რაც ამ ვარაუდის საფუძველს მნიშვნელოვნად აბათილებს. ამ პროცესმა ქვეყნის ინტერესების დაზარალების საფრთხე გააჩინა. შეილახა ალასანიას იმიჯი, რომელმაც მისთვის უჩვეულო იმპულსურობა გამოამჟღავნა, არანაკლებ დაზარალდა პრემიერ-მინისტრის იმიჯიც, რომელმაც ახალგაზრდული იმპულსურობის გამო ძალიან ბევრი დაუფიქრებელი განცხადება გააკეთა. ვფიქრობ, აქ გარიგება რომ ყოფილიყო, ალბათ, რაღაც სხვა ფორმას მოძებნიდნენ თუნდაც დაპირისპირებისთვის. არის ერთი ვარაუდიც - მე შეგიქმნით ისეთ გარემოებებს, როდესაც თქვენი ქცევა ჩემი მიზნების შესაბამისი იქნება. ისიც ფაქტია, რომ ალასანია საკმაოდ ამბიციური პოლიტიკური ლიდერია, რომელიც აქამდე დამოუკიდებლად მაინცდამაინც დიდი პერსპექტივების შექმნას ვერ ახერხებდა, ვნახოთ, დღეს მოცემულ ვითარებას როგორ გამოიყენებს. პირადად მე არსებული ვითარება მაძლევს უფრო იმგვარ სურათს, რომლის მიხედვითაც ალასანიას ჰქონდა დამოუკიდებელი თამაშის დაწყების სურვილი და ამისთვის პირველივე  მიზეზი გამოიყენა.

- რას ფიქრობთ თავდაცვის ახალ მინისტრ მინდია ჯანელიძეზე?

- რა გითხრათ, ის ისე სწრაფად დაასახელეს მინისტრობის კანდიდატად, რომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღარიბაშვილს ამაზე უკვე უფიქრია, თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს გადაწყვეტილებაც იმპულსურად მიეღო. კამათის საგანია ის, თუ რამდენად სწორია თავდაცვის მინისტრის დაზვერვის სისტემიდან გადმოყვანა, მაშინ, როდესაც მინისტრი სამოქალაქო პირი უნდა იყოს. ალბათ, სპეციალისტები უფრო კარგად ახსნიან, ქვეყნის უსაფრთხოებას რამდენად წაადგება ასეთი კადრი.

- ალასანიას განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსი საფრთხეშია. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული განცხადებაა, თუ საფრთხე მართლაც არსებობს?

- ვფიქრობ, თეორიული საფრთხე არის იმისა, რომ საქართველოში პრორუსული გავლენა გაძლიერდეს. ბოლო წლებში თითქოს პრორუსული აზრები უფრო ადვილად შემოიჭრა ჩვენს სივრცეში, გაჩნდა პრორუსული განწყობის მქონე ორგანიზაციები და ა.შ... აქ პრობლემაა ისიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებელ ლიდერად არ აღიქვამს. მუდმივად არის ეჭვი, რომ ის ივანიშვილის გავლენით მოქმედებს, რაც  ევროპელ ლიდერებს მასთან ურთიერთობაში ხელს უშლის, რადგან მიაჩნიათ, რომ სინამდვილეში გადაწყვეტილებებს ღარიბაშვილი არ იღებს. გარდა ამისა, არსებობენ ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აზრით, საქართველო დღეს უფრო ნაკლებად ისწრაფვის ევროპისა და ნატოსკენ, ვიდრე წინა ხელისუფლება ისწრაფოდა... ეს მხოლოდ შეხედულებებია, რეალობის გარკვევა ძალიან რთულია, რადგან,

მეორე მხრივ, გვაქვს პროცესი, როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი სტანდარტების დაცვას, მაგალითად, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. მოცემული მომენტისთვის ალასანიას კოალიციაში ყოფნა-არყოფნის საკითხით ქვეყნის საგარეო ვექტორს ნამდვილად არაფერი ემუქრება და მისგან ამაზე აქცენტირება შეცდომა იყო. ხომ ფაქტია, რომ ორი წლის განმავლობაში ალასანიას ამის თაობაზე შენიშვნები არ გამოუთქვამს, მეტიც, საგარეო კურსს და ევროინტეგრაციის მიმართულებას მთლიანად ალასანიას გუნდის წევრები ედგნენ სათავეში. თუ კოალიციაში ქვეყნის საგარეო კურსი საკამათო იყო, მაშინ ეს აქამდე უნდა განეცხადებინათ. ამის გარდა, ალასანიას გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თეა წულუკიანი, მთავრობაში  დარჩა და განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ურყევია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რისკები არც გაზრდილა და არც დაკლებულა.  ხვალ რა იქნება, არ ვიცით. ერთი რამ ცხადია - ქვეყნის პროდასავლურობა მაინცდამაინც ალასანიას არ ეჭირა კბილებით. ეს რომ ასე ყოფილიყო, აქამდეც გამოჩნდებოდა პრობლემები.

- ბიძინა ივანიშვილი დაესწრო კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, შეხვდა ირაკლი ალასანიას...

- პირადად მე და როგორც ვხედავ, საზოგადოების უმეტესი ნაწილიც წინააღმდეგია, რომ ქვეყანაში არსებობდეს არაფორმალური მმართველობა, ვინც უნდა იყოს ეს და რა საუკეთესო მიზნებიც უნდა ჰქონდეს. ეს ქმნის პრობლემებს: პასუხისმგებლობის დონე გაურკვეველია, არსებობს კომუნიკაციის პრობლემები და ა.შ. თუ ივანიშვილი რჩება იმ იდეალების ერთგულად, რომლის თაობაზეც 3 წლის წინ დაიწყო ლაპარაკი, მაშინ ის აუცილებლად ჩათვლის საჭიროდ ხელისუფლებაში დაბრუნებას. საზოგადოება მოითხოვს მის პირდაპირ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში, რაც ლოგიკურია. ვფიქრობ, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება, სავარაუდოდ, ბევრ რამეს დაალაგებს. ჩემი აზრით, ის ამაზე უნდა ფიქრობდეს. თუ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში მოხერხდება ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება.

- ბევრი ელოდა კოალიციიდან რესპუბლიკელების წასვლასაც. ამ ეტაპზე ეს არ მოხდა.

- რაც შეეხება საქართველოს ორიენტაციასა და საგარეო კურსს, ეს უფრო რთული საკითხი მგონია, ვიდრე კოალიციაში რესპუბლიკელების ან ალასანიას გუნდის ყოფნა-არყოფნაა.

მერწმუნეთ, რესპუბლიკელების კოალიციაში ყოფნაც არ იქნებოდა საქართველოს პროდასავლურობის გარანტია. მათი წასვლა შეიძლება იქცეს დამატებით იარაღად იმათ ხელში, ვისაც სურთ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულოს პრორუსულობაში.

რესპუბლიკელები გამოირჩევიან რაციონალური გადაწყვეტილებებით და ამ ვითარებაში მათი კოალიციიდან წასვლა მართლაც არაეფექტიანი იქნებოდა. ვფიქრობ, ახლა კოალიციაში რესპუბლიკურ პარტიას გაცილებით დიდი შანსი აქვს, ვიდრე მის გარეთ. მეეჭვება, რესპუბლიკელებმა უახლოეს მომავალში მიიღონ კოალიციიდან გასვლის გადაწყვეტილება, ალბათ, მოახერხებენ და შეთანხმდებიან სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობის ფორმებზე.

სავარაუდოდ, პოლიტიკური თამაშის წესებზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ალასანიას გუნდიც.

თუ ყველაფერი გონივრული თანამშრომლობის პრინციპით წარიმართა, ამით მოიგებს სახელმწიფოც და მოიგებენ პოლიტიკური ძალებიც. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის საფრთხეც დღის წესრიგიდან მოიხსნება.

- "უჭკუო, მოღალატე, ავანტიურისტი" - ასეთი ეპითეტები ექსპრეზიდენტ სააკაშვილისგან არავის უკვირდა, მაგრამ ალასანიას შესაფასებლად პრემიერ ღარიბაშვილის ნათქვამმა საზოგადოებაში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

- აუცილებლად უნდა მორჩეს ასეთი მკვახე და ინტელექტისგან დაცლილი შეფასებები, რომლებიც მხოლოდ მთქმელის იმიჯზე მოქმედებს უარყოფითად. სხვათა შორის,

ჩემთვის მოულოდნელი იყო თვითონ ალასანიასა და მისი გუნდის წევრების ბოლოდროინდელი რიტორიკა და საკმაოდ იაფფასიანი განცხადებები.

იქ, სადაც კულტურა, პროფესიული ეთიკა, ინტელექტი არ ჩანს, პროცესი ყოველთვის ნეგატიური შედეგით სრულდება. ორ და სამ დღეში არ ხდებიან ადამიანები მოღალატეები და ავანტიურისტები. თუ ალასანია ასეთი იყო, აქამდე რატომ იტანდნენ? შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტის განახლების შემდეგაც ღარიბაშვილმა ის მინისტრად დატოვა.

- როგორც ამბობენ, პროკურატურა კიდევ არაერთი საქმის აღძვრას აპირებს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დარღვევებზე. პრემიერი ღარიბაშვილი ალასანიას გუნდის წევრებს ბევრ სიურპრიზს დაჰპირდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა გამოძიება ალასანიამდე მართლაც  მივიდეს და ის დააკავონ?

- კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ პროკურატურის სამუშაო დეტალები საზოგადოების მსჯელობის საგნად გადაიქცა, თანაც ამას თვითონ პროკურატურამ შეუწყო ხელი. გაუგებარია,  თავისი საქმიანობის დეტალებს ფრაგმენტულად რატომ ასაჯაროებს? თავის დროზე, ასეთი განცხადებები კეთდებოდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ისინი სრულიად სხვა ბრალდებით იხდიან სასჯელს და არა იმით, რაზეც პროკურატურა ლაპარაკობდა. ეს უწყება ასეთი საჯარო განცხადებებით გამჭვირვალე ვერ გახდება. ასეთი მიდგომები და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აჩენს ეჭვს, რომ ეს საგამოძიებო საქმიანობა კონკრეტული პირების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. თუკი რაიმე მტკიცებულება აქვთ, საზოგადოებას კი არა, სასამართლოს წარუდგინონ უპირველესად. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება არ მივა ირაკლი ალასანიას დაკავებამდე. ეს კიდევ უფრო ბევრ ბარიერს შექმნის. მას საკმაოდ კარგი იმიჯი აქვს ქვეყანაშიც და მის გარეთაც, შესაბამისად, მისი დაპატიმრება დიდ პრობლემებს გამოიწვევს. "ნაციონალურ მოძრაობაში" არაერთი ადამიანია, რომლის ბრალეულობაზე  საზოგადოება შეთანხმებულია და ხელისუფლებამ ის ვერ უზრუნველყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის ეს დაენახებინა. ეს გაცილებით რთული აღმოჩნდება, თუ ალასანიას დააკავებენ. დღეს ქვეყნის წინაშე გაცილებით დიდი გამოწვევები დგას, ვიდრე ის, რომ ალასანია დაიჭირონ. ამით გამოწვევებს კიდევ უფრო გაართულებენ.

ნათია დოლიძე