"ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებით მანიპულირება აღარ გამოუვიდა" - კვირის პალიტრა

"ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებით მანიპულირება აღარ გამოუვიდა"

"ვფიქრობ, კახა ბენდუქიძე მართლაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა"

ერთი თვის წინ დაანონსებულ აქციაზე მაქსიმუმ 7-8 ათასზე მეტი ვერ შეკრიბეს"

ქვეყნის საგარეო კურსის შეუქცევადობის საკითხზე საზოგადოებისა და საკანონმდებლო ორგანოსთვის საკუთარი პოზიციის გაზიარება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ისურვა. პრეზიდენტის მიმართვა მრავალფეროვანი გამოდგა. კოალიციაში მიმდინარე პროცესები, პროკურატურის რეფორმა, ხელისუფლების წარმომადგენელთა დისკრედიტაციისგან დაცვის აუცილებლობა - ამ და სხვა თემებზე ისაუბრა გიორგი მარგველაშვილმა. "ერთი რამ ნათელია - ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება, ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას და ამავე დროს, სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე," - პრეზიდენტის ეს ნათქვამი განსაკუთრებული განსჯის საგნად იქცა. "ნაციონალური მოძრაობის" 15 ნოემბრის აქცია კი, ექსპერტების აზრით, ერთი რიგითი პარტიული ღონისძიება უფრო იყო, ვიდრე ქვეყნის ანექსიისადმი გამოთქმული საზოგადოებრივი პროტესტი. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებით მანიპულირება აღარ გამოუვიდა და ვფიქრობ, რომ აღარც გამოუვა. არ შეიძლება ეროვნული ფასეულობების პრივატიზება, არ შეიძლება, თავი ქვეყნის ტერიტორიისა თუ დასავლური კურსის ერთადერთ დამცველად გამოაცხადო. დასავლური გზა ქართველი ხალხის არჩევანია. ასეთ ფარსს და სატყუარას ჩვენი საზოგადოება აღარ "შეჭამს".

ჩვენ ნელ-ნელა დაგვიგროვდება პოლიტიკური სიბრძნე.

თუ ადრე პოლიტიკურად გამოუცდელები ემოციებს მივყვებოდით, ახლა გამოცდილება დაფიქრებისა და განსჯისკენ გვიბიძგებს. სააკაშვილს წინანდებურად აღარ გამოუვა ხალხით მანიპულირება.

ერთი თვის წინ გამოცხადებულ აქციაზე სამეგრელოდან, აჭარიდან, სხვა რეგიონებიდან სცადეს ხალხის ჩამოყვანა, მაგრამ მაქსიმუმ 7-8 ათასზე მეტი მაინც ვერ შეკრიბეს.

- აქციაზე გამომსვლელმა პარტიულმა ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი რუსეთთან კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულეს...

- ამას არ გაიძახოდნენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც? მაგრამ ქვეყნის მოსახლეობამ მათ არ დაუჯერა. ახლა მით უფრო არა აქვს აზრი ასეთ განცხადებებს.

კარგია, რომ ხელისუფლებამ წესრიგის დაცვა შეძლო და შეხლა-შემოხლა არ მოხდა, არადა, ამის სურვილიც იყო და საშიშროებაც, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" მმართველობისას ძალიან ბევრი ადამიანი გაამწარა, რომელთაც მათი ყოველი გამოჩენა ძალიან აღიზიანებთ.

- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას და პარლამენტს საკანონმდებლო ორგანოდან მიმართა. როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას?

- პრეზიდენტს ბევრ საკითხში ვეთანხმები, თუმცა, მისი ბევრი მოსაზრება კითხვებსაც აჩენს. მაინცდამაინც არ მომეწონა გიორგი მარგველაშვილის მიერ ორი ბატონის მსახურების ხსენება ანუ ორმაგ სტანდარტზე გაკეთებული აქცენტი. მართალია, მას პირდაპირ არ უთქვამს და შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ასე მგონია, ამაში სწორედ საგარეო პოლიტიკა იგულისხმა. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში ვცხოვრობთ, ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, ამიტომ შეუძლებელია, რუსეთის ფაქტორი არ გავითვალისწინოთ და თავქუდმოგლეჯილი გავიქცეთ დასავლეთისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენი გეზი დასავლურია, მაგრამ ყველაფერი წინდახედულად უნდა გავაკეთოთ. 2008 წელს რუსეთთან ომის მიზეზად სწორედ ეს "თავქუდმოგლეჯილობის სინდრომი" იქცა...

- პრეზიდენტი პროკურატურის საქმიანობასაც შეეხო და რეფორმის აუცილებლობაზე ილაპარაკა...

- ამ საკითხში პრეზიდენტის მოსაზრებას სრულად ვიზიარებ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში მეც შევაფასე პროკურატურის საქმიანობა და ფაქტობრივად, იგივე ვთქვი, რაც პრეზიდენტმა. მეც მაწუხებს კითხვა: ვინ გააკონტროლებს პროკურატურის მოქმედებას? პრეზიდენტმა დავით კირვალიძის შემთხვევა ტყუილად არ გაიხსენა. ვფიქრობ, ეს შემთხვევა მეტად დასაფიქრებელია. კირვალიძემ მინისტრის უფლებამოსილება საკუთარი ნებით შეიჩერა მანამდე, ვიდრე ე.წ. ტრაქტორების საქმეს ნათელი არ მოეფინებოდა, თუმცა, როდესაც გამოძიებამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანაშაული ვერ აღმოაჩინა და ეჭვმიტანილებიც გამართლდნენ, კირვალიძეს არც მინისტრის პორტფელი დაუბრუნეს და არც ბოდიში მოუხადეს. პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, არათუ არ დასჯილა, როგორც ვიცი, დააწინაურეს კიდეც. თავის დროზე მარტინ ლუთერმა ინკვიზიციას დაუსვა შეკითხვა: "ვინ გააკონტროლებს გამკონტროლებლებს?" ეს კითხვა ისმის დღეს ჩვენთანაც. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც ამ აღვირახსნილობას ლაგამს ამოსდებდა. ამიტომაც სვამენ კითხვებს ჩვენი დასავლელი კოლეგები ქვეყანაში პოლიტიკური დევნის თაობაზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მოვლენები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სასამართლო თუ არა, ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მაინც გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. პროკურატურის არაპროფესიონალიზმი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ექსტრადიციის საქმეებში - ამ უწყების გაგზავნილი ვერც ერთი დოსიე ექსტრადიციის საფუძველი ვერ გახდა! ისმის კითხვა: რატომ? - სწორედ იმიტომ, რომ ეს საქმეები ნაჩქარევად არის შეთითხნილი.

არ შეიძლება ასე ზედაპირულად მუშაობა. ერთ მაგალითს გავიხსენებ. თავის დროზე საფრანგეთში, ალენ ჟუპეს მთავრობის მმართველობისას, ერთი კორუფციული გარიგების გამოძიება დაიწყო. საქმე შეეხებოდა ერთ-ერთ ჩინოსანს, რომელმაც იარაღი მიჰყიდა მოზამბიკს, მოზამბიკმა თანხა გადარიცხა ოფშორულ ზონაში, იქიდან კი ფული საფრანგეთში გადაირიცხა. ამ სამი მარტივი ტრანზაქციის გამოძიებას და დანაშაულის დამტკიცებას ხუთი წელი დასჭირდა. თქვენ თვითონ განსაჯეთ - განა შეიძლება ისე ნაჩქარევად საქმეების შეკერვა და განცხადებების კეთება, როგორც ამას ჩვენი პროკურატურა აკეთებს? სწორედ ნაჩქარევად შეკერილი საქმეების შედეგია ის, რომ დავით კეზერაშვილისა და დათა ახალაიას ექსტრადიცია არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბრალეულობაში ეჭვი არ გვეპარება. მთავრობას ვურჩევ, პროკურატურაში უცხოელი პროფესიონალი მრჩეველი მოიწვიონ.

- სულ უფრო ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად ცალკე პოლიტიკურ ცენტრს ჩაუყაროს საფუძველი...

- მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. ალასანიას და მარგველაშვილს არც ვურჩევდი ამის გაკეთებას. "თავისუფალი დემოკრატები" დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს, ირაკლი ალასანია კი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია. სხვათა შორის, მისი რეიტინგი იმანაც გაზარდა, რომ მან ლანძღვის ტალღას უკადრისი სიტყვა და საქციელი არ დაუპირისპირა. ვფიქრობ, ეს ძალა დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას, არჩევნების წინ კი შესაძლებელია თანამოაზრეებთან რაიმე ტიპის ალიანსი შექმნან. ასეთ თანამოაზრედ მე "რესპუბლიკური პარტია" მესახება. რაც შეეხება პრეზიდენტს, ის დღეს სრულიად დამოუკიდებელი, ყოველგვარი პარტიიდან განზე მდგომი პოლიტიკური ფიგურაა. პოლიტიკური პარტიისა და ალიანსის შესაქმნელად მარგველაშვილს ძალიან დიდი დრო და ჯაფა დასჭირდება, ოღონდ ეს ჯაფა უნდა გასწიოს პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მას არც კონსტიტუციურად და არც ზნეობრივად ამგვარი აქტივობის უფლება არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები დიდი შეცდომა მგონია, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, ეს მაინც დადებით შედეგს მოიტანს.

ორსუბიექტიანი პარლამენტი ნაკლებად ეფექტიანია, ვიდრე სამი სუბიექტისგან შემდგარი, ამიტომაც მგონია, რომ ჩვენი საკანონმდებლო ორგანო უფრო ეფექტიანად იმუშავებს და მიიღებს ისეთ კანონებს, როგორიც სჭირდება სახელმწიფოს.

ვნახეთ, რესპუბლიკელებმაც გამოაცხადეს, რომ კოალიციის შიგნით თემატურ თანამშრომლობას აპირებენ, რაც საქართველოს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.

- ბრძანეთ, რომ მმართველ კოალიციაში განვითარებული მოვლენები შეცდომად მიგაჩნიათ... როგორ ფიქრობთ, მაინც რა გახდა "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან წასვლის მიზეზი?

- უნდა გავიხსენოთ ის, თუ როგორ შეიქმნა კოალიცია "ქართული ოცნება" და როგორ მოვიდა დღემდე. 2011 წელს ქვეყანაში იყო სტრუქტურულად და მსოფლმხედველობრივად შეკრული მმართველი ძალა, რომელსაც მმართველობის ხისტი პირამიდული სტრუქტურა ჰქონდა და ფაქტობრივად, ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს. ასეთ პოლიტიკურ მმართველობასთან ბრძოლა შეიძლებოდა მხოლოდ კონსოლიდირებული, მძლავრი კოალიციის საშუალებით, ამიტომაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო მართებული გადაწყვეტილება და ყველა პოლიტიკური ძალა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერთ კოალიციაში გააერთიანა. ეს იყო ეკლექტიკური წარმონაქმნი, რომელიც იდეოლოგიურად სრულიად განსხვავებულ ძალებს აერთიანებდა. წარმატების მოპოვებისა და რევანშიზმის საფრთხის გაქრობის შემდეგ თავი სწორედ ამ იდეოლოგიურმა სხვაობამ და ცენტრიდანულმა ტენდენციებმა იჩინა. პარტიებმა დაინახეს, რომ იწყება მზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და შესაბამისად, პოლიტიკურ ასპარეზზე თავიანთი ადგილის ძებნა დაიწყეს.

სწორედ ამიტომ გართულდა კოალიციაში ვითარება. იყო თუ არა პიროვნებების პრობლემა, ინსტიტუციონალური მოწყობის უგულებელყოფა თუ ა.შ. - ამის დაბეჯითებით თქმა რთულია. ამ ქმედებებში ჩანდა მთავრობის გაძლიერების მცდელობა, თუმცა, საწინააღმდეგო შედეგი მივიღეთ. ის დისკურსი, რომელიც ვნახეთ, ძალიან დაბალი დონის იყო. არ შეიძლება ახალი იდეების დანერგვა ძველი მეთოდებით. თუ გახსოვთ, სააკაშვილიც გაიძახოდა ხოლმე, დაველოდოთ გამოძიების დასრულებასო, მაგრამ სინამდვილეში არ ელოდებოდა და ყოფილ თანამებრძოლებს ათასგვარ საქმეს უთითხნიდა. ირაკლი ალასანიას წასვლით მივიღეთ უფრო სუსტი მთავრობა, ვიდრე აქამდე იყო და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დადგეს ამ მთავრობისადმი ნდობის ვოტუმის საკითხი - ამას მე გაზაფხულისთვის ველოდები. ვფიქრობ, რაც მოხდა, ახალგაზრდული სულსწრაფობისა და გამოუცდელობის ბრალია, შედეგი კი სავალალო გვაქვს.

ხომ ნახეთ, როგორ გაჭირდა ევროინტეგრაციის მინისტრის შერჩევა! ეს იმის ბრალია, რომ ადამიანური რესურსი ძალიან მწირია.

უცნაური იყო საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნაც. მინისტრად შეარჩიეს თამარ ბერუჩაშვილი, რომელსაც მანამდე სახელმწიფო საბოტაჟში დასდეს ბრალი. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. ვურჩევდი ირაკლი ღარიბაშვილს, იმ ადამიანებისგან, ვინც მის მოსაზრებებს არ ეთანხმება, მტრის ხატს ნუ შექმნის.

- გარდაიცვალა ეკონომიკის ექსმინისტრი კახა ბენდუქიძე. მომხდარს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამძიმრის წერილით გამოეხმაურა, რომელშიც წერს: "კახა ბენდუქიძემ ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა, ჩემზე მოუთმენელიც იყო. ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა - ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა..."

- სააკაშვილის ეს წერილი მორალისგან ძალიან შორსაა. ეს არის მცდელობა, კახა ბენდუქიძის გარდაცვალებაში ხელისუფლება დაადანაშაულოს.

ვფიქრობ, კახა ბენდუქიძე მართლაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა - ადამიანმა სტენტირების ოპერაცია გაიკეთა შვეიცარიაში, შემდეგ ჩავიდა ლონდონში და იქ გულის უკმარისობით დაიღუპა.

ნუ გვავიწყდება, რომ კახა ბენდუქიძემ ფული რუსეთში იმ საწარმოში იშოვა, რომელიც ბირთვულ რეაქტორებს უშვებდა. შესაბამისად, ის ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის სპეციალურ სამსახურებთან. ისიც გაიხსენეთ, რომ კახა ბენდუქიძე დათანხმდა, გამხდარიყო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, მრჩეველი. ვფიქრობ, ეს შეიძლება რუსეთის ადმინისტრაციისთვის ბოლო წვეთად ქცეულიყო. თუ ის ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, მე რუსეთის კვალს უფრო მივაქცევდი ყურადღებას.

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. მიხეილ სააკაშვილის ქცევა კი სრულიად ამორალურია - არ შეიძლება თანამებრძოლის, მეგობრის, თანაგუნდელის სიკვდილი შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო.

ნათია დოლიძე