"ეს იყო ძალიან ცუდად დაგეგმილი ღონისძიება" - კვირის პალიტრა

"ეს იყო ძალიან ცუდად დაგეგმილი ღონისძიება"

"ეს უბედურება არ მოხდებოდა საქართველოში მყოფი რუსეთის გავლენის აგენტების გარეშე"

რა კავშირშია ყინულის მოედნები და სათხილამურო ტრასები საგარეო პოლიტიკასთან

უცნაური და ზედმიწევნით წარმატებული ხალხი ვართ ქართველები - ამ ჩვენს არჩევნებზე რაც და როგორც ხდება ხოლმე, ხომ კარგად ვიცით. რა დასამალია და, უცხოელმა დამკვირვებლებმაც კარგად იციან. ეგ არის, რომ როგორც ჩანს, რევოლუციები და "გამიშვი-გამატარეს" მოწყობა მოჰბეზრდათ. ეს ყველაფერი ანგარიშებში ნაკლები სიმწვავით აისახება ხოლმე, მაგრამ სხვის არჩევნებში რომ თავი გამოიჩინო, თან მაშინ, როცა თავად არჩევნების ავტორები სანიმუშო დემოკრატიით გამოირჩევიან, დიდი მონდომებაა საჭირო...

დანარჩენი მსოფლიოდან ჩასული სამი ათასი კაცის ფონზე საქართველოდან ორი ათასი დამკვირვებლის გაგზავნა დემოკრატიის სადარაჯოზე იმიტომაც გამოჩნდა სასაცილო, რომ ეს ყველაფერი "ჰიუმან რაითს ვოჩის" საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშს დაემთხვა, სადაც დეტალურად არის გაწერილი, ვის, სად, როდის, რა ზომის ხელკეტი მოხვდა პოლიციელისგან სამოქალაქო ფიქრებით "შეწუხებულ თავში"... დაწვრილებით, საქართველოს როლზე მსოფლიო დემოკრატიის შენებისას და სამომავლო, გეოპოლიტიკურ პერსპექტივებზე მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ:

- უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენად საჭირო იყო ამდენი დამკვირვებლის გაგზავნა, თუნდაც საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ან რამდენად წაადგა ამ ინტერესებს ის, რაც საბოლოო ჯამში ამ "ღონისძიების" შედეგად მივიღეთ?

- საქმე ის არის, რომ ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც  უცნობია, ამდენი კაცის გაგზავნა ხელისუფლების ინიციატივა იყო მხოლოდ, თუ იყო თხოვნაც უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატისა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი წინასწარი შეთანხმება იყო. არ გამოვრიცხავ მესამე მხარის არსებობასაც, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა, უკრაინის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატის ინტერესები დაეცვა - მესამე მხარეში, ბუნებრივია, დასავლეთს ვგულისხმობ.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, როგორ შესრულდა დასახული ამოცანა და რა შედეგი მივიღეთ. თუ მოვლენებს გავაანალიზებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამოცანა ცუდად შესრულდა და დასახული შედეგიც მიღწეული ვერ იქნა. რამ განაპირობა ეს? - პირველ რიგში შემსრულებელთა დაბალმა დონემ. აქ რაოდენობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. შესაძლებელია, ქართული მხარე უბრალოდ გამოიყენეს.

გამოიყენეს იმისთვის, რომ კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატის, ამ შემთხვევაში იულია ტიმოშენკოს იმიჯისთვის დარტყმა მიეყენებინათ. ცხადია, ეს ვერ მოხდებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო კაცი, რომელიც ამაში დაინტერესებულ მხარეს, ანუ რუსეთს არ გაუწევდა დახმარებას. დღეს უკვე აშკარა გახდა ოპერაციის შინაარსიც, დეტალებიც და ფორმატიც მოწინააღმდეგისთვის წინასწარ იყო ცნობილი და მან რეაგირება მოასწრო, შექმნა პიარკამპანიისთვის ყველა საჭირო საფუძველი. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ტიმოშენკოსა და სააკაშვილის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა.

აქ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ყველას უნდა აწუხებდეს, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებაზე სერიოზულად ფიქრობს, - საქართველოს სატელეფონო საუბრის მოსმენა ასე იოლი რომ ყოფილა. ჩემს ოპონენტს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მობილური ტელეფონით სარგებლობდა. ეს არ არის არგუმენტი, რადგან საქმე ქვეყნის პრეზიდენტს ეხება და მისი ნებისმიერი საუბარი, მკაცრად უნდა იყოს გასაიდუმლოებული, თუნდაც ეს მეუღლესთან და შვილთან სატელეფონო საუბარი იყოს. ეს სახელმწიფოს უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტია. მაგრამ ჩვენ ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობთ და როგორც აღვნიშნეთ, გამოდის, რომ ამ ოპერაციის მოწინააღმდეგემ კარგა ხნით ადრე იცოდა, თუ რა იგეგმებოდა. ტიმოშენკოსა და სააკაშვილის საუბარი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ჩაწერილი და გამოქვეყნებული...

- ამბობთ, რომ ეს ვერ მოხდებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო კაცი, რომელიც რუსეთს გაუწევდა დახმარებას. ხომ შეიძლება, ეს ყველაფერი უბრალოდ, რუსული დაზვერვის კარგი მუშაობის შედეგი იყოს?

- რასაკვირველია, რუსეთის დაზვერვა ამ საქმეში რაღაცა ფორმით მონაწილეობდა - თავისი გავლენის აგენტებით საქართველოში ან უკრაინაში, ან ორივეგან ერთად, რაც ტექნიკური თვალსაზრისით ბრწყინვალედ შეასრულა. მაგრამ, ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის საუბარი სათანადოდ უნდა ყოფილიყო დაცული...

- როგორ ფიქრობთ, უკრაინაში გაგზავნილი კონტინგენტის რაოდენობამ და არაპროფესიონალიზმმაც ხომ არ განაპირობა ამ ღონისძიების მარცხი. ამ "დესანტში" მხოლოდ პროფესიონალი დამკვირვებლები რომ ყოფილიყვნენ, პრორუსულ ძალებს სალაპარაკო ნაკლები ექნებოდათ. თუმცა, მეორე საკითხია, ორი ათასი პროფესიონალი დამკვირვებელი საქართველოში სად უნდა ეპოვათ...

- კონტინგენტს რაც შეეხება - მეტის თუ არა, ორი მესამედის ხარისხი მაინც იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაც ან არასწორად მიუდგა მის შერჩევას, ან სპეციალურად ჩააგდო დავალება, იმიტომ, რომ კონტინგენტის შემადგენლობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. უკრაინულ პრესაში გამოქვეყნდა, რომ დაახლოებით ათას ოთხასმა კაცმა, სარეგისტრაციო ანკეტები გაჭირვებით შეავსო და სამუშაო გრაფაში "დროებით უმუშევარი" მიუთითა. მოკლედ, ეს ხალხი არ იყო მომზადებული იმისთვის, რომ უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის შთაბეჭდილება დაეტოვებინა.

მე სხვა რამის მეშინია  - ჩემთვის ცნობილია, რომ ამავე პერიოდში, დონეცკსა და სხვა, პრორუსულად განწყობილ ქალაქებში რუსეთიდან იყო ჩასული ანალოგიური და უფრო უარესი კონტინგენტი, რადგან ეს იყო რუსეთის ნეოფაშისტური და ნეონაცისტური ორგანიზაციებიდან მოკრებილი, ხელისუფლებასთან ამა თუ იმ ფორმით დაახლოებული ხალხი. სხვათა შორის, ინფორმაცია მათ შესახებ აქა-იქ გაკრთა უკრაინულ პრესაში, თუმცა ფართო აფიშირება არ მომხდარა - როგორც ჩანს, ქართველებზე გაცილებით უკეთ ჰქონდათ კონსპირაციის საკითხი ორგანიზებული. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რეგიონების პარტიამ ეს ყველაფერი ქართველებზე ბევრი ლაპარაკით გადაფარა. აქ მთავარი საშიშროება სხვა რამ გახლავთ: თუ ეს ხალხი  საქართველოდან უკრაინაში იმისთვის იყო ჩასული, რომ ძალისმიერი მეთოდებით დაეცვა ტიმოშენკოს ხმები, მაშინ გამოდის, რომ ისინი იქ რუსულ ნეონაცისტურ ჯგუფებთან საომრად ჩავიდნენ.

მაშინ, მეორე ტურის დროს დონეცკსა და მსგავს ქალაქებში საშინელება შეიძლება დატრიალდეს, რადგან უკვე ვიცი, რომ რუსეთიდან ჩამოსული ჯგუფები და ადგილობრივი, პრორუსულად განწყობილი წრეები ამისთვის გულმოდგინედ ემზადებიან, ყოველ შემთხვევაში, ჩემი უკრაინელი კოლეგები ამას მატყობინებენ. თუ ეს დაპირისპირება მართლაც მოხდა, დამეთანხმებით, რომ მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდება... ახლა, უკრაინაში გაგზავნილი კონტინგენტის ხარისხს რაც შეეხება. მე პირადად ვინც ვიცანი, ეს არის დევნილთა ჯგუფი ლიახვის ხეობიდან, რომელთაც, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, არავითარი საარჩევნო გამოცდილება არ გააჩნიათ.

ოპოზიციის  ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ ეს იყო ბადრი ბასიშვილის ე.წ. ზონდერბრიგადა - ეს ის ჯგუფებია, რომლებიც თბილისში, მიტინგების დარბევებსა და სხვადასხვა აქციაში მონაწილეობდნენ. ბადრი ბასიშვილი ნამდვილად იქ იყო. მის ჯგუფებზე კი ვერაფერს გეტყვით - ალბათ, სჯობს, იმაზე ვილაპარაკო, რაც ნამდვილად ვიცი. შემიძლია გითხრათ, მათგან თორმეტ-თხუთმეტ ადამიანს  პირადად ვიცნობ და ვიცი, რომ ამ საქმის არანაირი გამოცდილება არ აქვს. მეტიც, ბევრი მათგანი რუსულადაც ვერ ლაპარაკობს ხეირიანად. უბრალოდ, ისინი ერთგულების პრინციპით შეარჩიეს და კიდევ იმ პრინციპით, რომ ზოგიერთი მათგანი საკრებულოებში მუშაობს.

აქ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცამ თავისი უკრაინელი პარტნიორებისთვის თვალში ნაცრის შეყრა მოინდომა - აი, რამდენი ხალხი ჩამოვიყვანეთო. არადა ეს ისეთი ხალხია, რომლებიც არც ამ საქმეში გამოდგება და არც  ჩხუბში.  ახლა, რაც შეეხება კონტინგენტის რაოდენობას: რასაკვირველია, ყბადაღებული თემა გახდა ის, რომ საქართველოს ორი ათასი კაცი, დანარჩენი მთელი მსოფლიოდან ჩასული სამი ათასის ფონზე ცოტა კომიკურად გამოიყურებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ზედმეტი მოინდომა, მაგრამ ამაშიც ვერაფერს ვხედავ  ტრაგიკულს. მთავარი ის არის, რომ ხალხი არ იყო იქ ჩასული სადამკვირვებლო მისიის შესასრულებლად იმ ფორმატში, როგორიც შეიძლება ცივილიზებულ ქვეყანაში ჰქონდეს ვინმეს წარმოდგენილი.

- გამოდის, რომ ქართულ არჩევნებსა და პოლიტიკაში გამობრძმედილ, ნაციონალების ნაქებ "პიარმანქანას" საერთაშორისო ასპარეზზე რუსულმა აშკარა უპირატესობით აჯობა?

- ნამდვილად ასეა. მე ისიც მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების მომხრეები ამბობენ ხოლმე - რატომ  არის რუსეთი ასე გასუსული, ე.ი. ეს ყველაფერი მისი პროექტიაო. წყალი არ გაუვა, რუსეთის პროექტია. იმიტომაც არის რუსეთი გასუსული, რომ მოვლენების განვითარებას ელოდება. საქართველოს იმხელა ლაფი დაესხა თავზე, რომ რუსეთისგან დამატება აღარ იყო საჭირო. მაინც მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მთელი ეს უბედურება არ მოხდებოდა საქართველოში მყოფი რუსეთის გავლენის აგენტების გარეშე... საბოლოო ჯამში კი ქვეყანას თავი მოეჭრა არაპროფესიონალიზმის გამო. გავანებოთ თავი სიტყვა "ოპერაციის" გამოყენებას. ღონისძიება ხომ იყო? - ჰოდა, ეს იყო ძალიან ცუდად დაგეგმილი ღონისძიება. იმდენად ცუდად, რომ დღეს იმის თქმა ჭირს, ეს წინასწარ გამიზნულად მოხდა, თუ ვინმეს არაპროფესიონალიზმის გამო... მეორე ის არის, რომ ამ ღონისძიების ჩაგდებით დათვური სამსახური გაუწიეს ჩვენს პარტნიორ ტიმოშენკოს. დღეს ის უკვე ვეღარ ახერხებს, ან ძალიან უჭირს ტიგიპკოსა და იაცენიუკის ხმების მოზიდვა... ამით ის მოხდა, რომ ყირიმშიც კი, სადაც იანუკოვიჩის რეიტინგი საგრძნობლად იყო დაცემული, ისევ მაღლა ავარდა.

- გასული კვირის ბოლოს რეგიონების პარტიამ ლუგანსკის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებაც ქართულ სპეცსამსახურებს დააბრალა...

- ესეც მორიგი პიარფანდი გახლავთ. რასაკვირველია, გადასარევად იცის სუყველამ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და ქართველების ხელით არ მომხდარა, მაგრამ მომგებიანი თემაა - სათქმელს სათქმელი ემატება. მთელი დღეებია, რეგიონების პარტია ამაზე ლაპარაკობს, რითაც, ძალიან მკვეთრად უარესდება ისედაც უარყოფითი იმიჯი უკრაინაში ჩასული ქართველებისა...

- იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოვიდნენ, საქართველო არცთუ კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება... ეს ერთია. მაგრამ რა დღეში ჩავარდება თვითონ უკრაინა? დღეს ხშირად საუბრობენ, რომ იუშჩენკომ ამ არჩევნებითა და თავისი ხუთი პროცენტით მსოფლიოს დემოკრატიის "მასტერკლასი" აჩვენა... რას მოუტანს ეს მასტერკლასი უკრაინის მომავალს?

- მოდი, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, თუ ვინ არის პრორუსული კანდიდატი. თუ იანუკოვიჩზეა საუბარი, მე ის პრორუსად არ მიმაჩნია. იანუკოვიჩი იყო სწორედ ის პიროვნება, რომელმაც თავისი პრორუსული გამონათქვამებიდან არც ერთი არ შეასრულა პრემიერად ყოფნის დროს. მეტიც, საქართველო-უკრაინის სამხედრო კონტრაქტები შეიარაღების თემაზე სწორედ იანუკოვიჩის ხელში გადიოდა და დაბრკოლება მისი მხრიდან არასდროს შექმნილა - ყველა ამ ტიპის დადგენილებას ბოლოს ხელს სწორედ იანუკოვიჩი აწერდა. ახლა, თუ რუსეთის პოლიტელიტასთან ურთიერთობაზეა ლაპარაკი, არანაკლები ურთიერთობები რუსეთთან ტიმოშენკოსაც აქვს - ნუ დაგავიწყდებათ მისი ბოლო შეხვედრა პუტინთან.

გარდა ამისა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებიც დღესაც ხელისუფლებაში არიან, ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ სწორედ იანუკოვიჩთან და მის მხარდამჭერ ქართულ კლანთან დონეცკში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ოჯახური პირობების გამო, იანუკოვიჩი ქართველების გაზრდილია და ამ ხალხთან მას გადასარევი ურთიერთობა აქვს. ეს, რაც შეეხება საქართველო-იანუკოვიჩის ურთიერთობას.

მაგრამ ყველაზე უკეთ მთელი ეს პროცესი შეაფასა ნემცოვმა - არჩევნების წინ ვიყავი უკრაინაში, შევხვდი ყველა კანდიდატს და არც ერთი მათგანი არ არის რუსეთისთვის მომგებიანიო... ისიც გავიხსენოთ, რომ იანუკოვიჩის მთავარი დამფინანსებელი რენატ ახმეტოვია - კაცი, რომლის ხელშიცაა მთელი დონბასის საბადოები და არა მხოლოდ. მისთვის და მისი ბიზნესისთვის, უკრაინისა და რუსეთის ჩახუტება დამღუპველი იქნება და ამის შესახებ რენატს ოფიციალურად აქვს გაცხადებული. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ იანუკოვიჩი უფრო მეტად არის ორიენტირებული რუსულენოვან მოსახლეობასა და მის ინტერესებზე - შეიძლება ითქვას, ეს მისი საარჩევნო ფანდია. ერთადერთი, რაც შეიძლება მისი გამარჯვების შემთხვევაში მოხდეს, ნატოში ინტეგრაციის დამუხრუჭებაა, მაგრამ ევროკავშირის კარი რომ გაუღონ, პირველი შევარდება...  აქედან გამომდინარე, პრორუსულ  კანდიდატს ვერ ვხედავ.

- ბოლო დროს, რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით გააქტიურდა. ეს კულტურის მოღვაწეებთან ურთიერთობაშიც გამოჩნდა და ოპოზიციასთანაც. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში რუსეთი გაცილებით აქტიური იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო?

- ბუნებრივია, რომ  უფრო აქტიური იქნება. რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა - როგორც ჩანს, ის აღარ გააკეთებს აქცენტს პრორუსულ კანდიდატზე. ნუ დაგვავიწყდება კარასინის განცხადებაც - ჩვენ საქართველოში არ გჭირდება პროქართველი, რომელიც საქართველოს რეალურ ორიენტირებს შეუქმნისო. საქართველოს არჩევნებზეც აუცილებლად იქნება სხვადასხვა ფორმის ჩარევა. რუსეთი შეეცდება არ გამოჩნდეს, როგორც ეს დონეცკში იყო, მაგრამ გავლენის მოხდენას რომ მოინდომებს, ფაქტია. ადგილობრივი არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის, მაგრამ  ძალების მოსასინჯად და სარეპეტიციოდ ნამდვილად გამოდგება...

- ამ ფონზე, რამდენად ადეკვატური შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყინულის მოედნებზე სტრატეგიული ორიენტირის აღება, განცხადება, რომ მსოფლიოში სათხილამურო სტანდარტებს მხოლოდ უშბა აკმაყოფილებს...

- ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება პარალელურად, რატომ გააქტიურდა პრეზიდენტი სამთო კურორტების მიმართულებით. სამწუხაროდ, ქართველმა საზოგადოებამ ბოლომდე არ იცის, რაშია საქმე და შესაძლოა, სააკაშვილის მცდელობები უადგილოდაც ეჩვენება. ნუ დაგვავიწყდება სოჭის ოლიმპიადა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ნუ დაგვავიწყდება, რომ კრასნოდარი, სადაც სოჭი მდებარეობს, ჩრდილოეთ კავკასიისგან საერთოდ გამოყვეს, რათა თუნდაც ფსიქოლოგიური ფონი შეექმნათ ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ კრასნოდარი ჩრდილოეთი კავკასია არ არის - სადაც მასობრივი გატაცებები და მკვლელობები ხდება.

მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ორი უზარმაზარი პროექტი მზადდება რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიისთვის - ორივე სამთო-სათხილამუროა და ორივე საქართველოს კავკასიონის მეორე მხრიდან, საზღვარზე ებჯინება. ერთი მათგანი, სახელით "მამისონი", პირადად პუტინის კონტროლქვეშაა. აქ ოცდათხუთმეტი სათხილამურო ტრასის მოწყობაა დაგეგმილი და ეს არის რაჭის ტერიტორია, რომელიც ადრე ღების თემში შედიოდა. მეორე ასეთივე ტიპის კურორტი კეთდება დაღესტანში. ასე რომ, სააკაშვილის აქციები რუსეთის გამოწვევებზე პასუხია. მეორე საკითხია  - რამდენად მოქნილია  ეს პასუხი... ალბათ, კარგი იქნებოდა, უშბის უნიკალურობაზე საუბრისას, საზოგადოებისთვის ისიც გვეთქვა, თუ რატომ ხდება ამ საკითხის აქტიური პედალირება.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი