"არ შეიძლება სახელმწიფო "კაიბიჭობის" იმედზე იყოს... ხელისუფლებას მთავარი ტესტი წინ აქვს"
01-12-2014
"არ შეიძლება სახელმწიფო "კაიბიჭობის" იმედზე იყოს... ხელისუფლებას  მთავარი ტესტი წინ აქვს"
"რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალიან მწირი ბერკეტები გვაქვს"

"საჭიროა ახალი ათვლის დაწყება, ამისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები არის აუცილებელი"


ფარული  მოსმენების შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვამ თვალნათლად აჩვენა ის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც მმართველ კოალიციაშია. ლაპარაკი, რომ "თავისუფალი დემოკრატების" კვალდაკვალ კოალიციას რესპუბლიკელებიც დატოვებდნენ, ამ საკანონმდებლო განხილვისას გამძაფრდა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ე.წ. მოსმენების გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვებას, პარლამენტმა გადაწყვეტილება მათი ხმების გარეშე მიიღო. ამის მიუხე
დავად, რესპუბლიკელების  განცხადებით, ისინი არსად მიდიან და კვლავაც კოალიციაში რჩებიან. გარდა ამისა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო. როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, შესაძლოა, პარლამენტს უკვე დაძლეული ჰქონდეს ვეტო ან გაზიარებული პრეზიდენტის შენიშვნები. თუმცა ფაქტი ერთია - ხელისუფლებაში შიდა დებატები ნელ-ნელა მკვიდრდება და ეს კარგ
შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის თუ ცუდს, ამას მომავალი გვიჩვენებს. გასული კვირის მოვლენების შეფასებისას, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი ხელისუფლებისთვის ტესტი იყო.



- ეს იყო ტესტი ხელისუფლებისთვის, რომლის მიხედვით, შესაძლებელი გახდებოდა, განგვესაზღვრა, რამდენად არის მზად "ქართული ოცნება", გაატაროს ის ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც ქვეყანას სჭირდება და რომელთა საშუალებითაც ბოლოს და ბოლოს დაიწყება ინსტიტუციონალური დემოკრატიის დამყარება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარება დამოკიდებული იქნება ინსტიტუტებზე და არა პიროვნებებზე. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს ტესტი ვერ ჩააბარა. ფარულ მოსმენებზე ხელმისაწვდომობის გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვებით გამოვიდა ისე, რომ გაგრძელდება პროცესი, რაც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს. ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ კარგი ბიჭები ვართ და უკანონოდ არავის მოვუსმენთ, მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უმწიფრობაზე, - ადამიანების ნება-სურვილზეა ბევრი რამ დამოკიდებული და არა ინსტიტუტებსა და კანონზე. არ შეიძლება სახელმწიფო "კაიბიჭობის" იმედზე იყოს. თუმცა, ხელისუფლებას მთავარი ტესტი წინ აქვს - ნებისმიერი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დაფიქსირდება თუ არა უკანონო მოსმენების ფაქტი. 

- მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილის მთავარი არგუმენტი, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები შსს-ში უნდა დარჩენილიყო, იყო ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემები...

- წინა ხელისუფლება ადამიანის უფლებების შემლახველ არაერთ ფაქტს ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვით ხსნიდა. დღეს 21-ე საუკუნეა, ჩვენს დროში სახელმწიფო არის ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის უფლებების დაცვა. ამაზე დიდი ღირებულება, უბრალოდ, არ არსებობს. ამის გამო, სახელმწიფოს ინტერესი, უპირველესად, ადამიანის უფლებების დაცვაა, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური მიმართულებით.
ყველა ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის უფლებები უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო ინტერესის გამო, დამერწმუნეთ, ცდება. ეს ინტერესი სახელმწიფოსი კი არა, ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესია.

- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო...
- პრეზიდენტისგან ვეტოს დადება მოსალოდნელი იყო. მან ერთხელ უკვე გამოიყენა ვეტო სწორედ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რომელშიც მისი თანამიმდევრული და პრინციპული პოზიცია გამოჩნდა. მის მიერ შეთავაზებული ვარიანტი არსებითად არაფერს ცვლიდა, რადგან ამ მიყურადების მთელი სისტემა და სტრუქტურა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება.
მოვისმინე მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ნამდვილად იყო უხეშობის ზღვარზე.
შევახსენებ ყველას, რომ პრეზიდენტი არის პირდაპირი წესით არჩეული პირი, რომლის ლეგიტიმაცია დეპუტატებზეც და მით უფრო მთავრობის წევრებზე გაცილებით მეტია, ამიტომ შეფასებებისას ყველა უნდა ეცადოს, იყოს კორექტული. 

- ამ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებმა აჩვენა, რომ კოალიციის შიგნით აზრთა  სხვადასხვაობა იყო, მაგალითად, რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებოდნენ კანონპროექტის ბესელია-ფოფხაძისეული ვარიანტის მიღებას. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში მძაფრად გააკრიტიკა როგორც შსს, ასევე პროკურატურა...

- დავით უსუფაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ ახალი არაფერი უთქვამს, ამის თაობაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოსვლამდე ლაპარაკობდნენ. უშიშროების სამსახურებთან გაერთიანებული შინაგან საქმეთა სამინისტრო არის წარმონაქმნი, რომელსაც სახელმწიფო სახელმწიფოში შეიძლება ვუწოდოთ. ამგვარი გაერთიანება არის ბოლშევიკების შემოქმედება, მთელი თავისი ვერტიკალითა და სტრუქტურით, რომელიც ჩვენთან გაუქმდა, თუმცა, "ნაციონალებმა" ისევ აღადგინეს. ამიტომ ორი აზრიც არ არსებობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს ცალ-ცალკე. ვიმედოვნებ, ხელისუფლება განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას, ეს სტრუქტურა უნდა დაიშალოს, ოღონდ ისე, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნას.

- ამ აზრთა სხვადასხვაობის პირობებში კიდევ რამდენ ხანს შეძლებს კოალიცია დღეს არსებული ერთიანობის შენარჩუნებას?
- ზოგადად კოალიცია საპარლამენტო რესპუბლიკაში იქმნება მთავრობის ფორმირების მიზნით, მთავარი ის კი არ არის, რას ლაპარაკობენ უსუფაშვილი და რესპუბლიკელები, არამედ ის, რომ ჯერჯერობით ისინი მიიჩნევენ, - მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებს და მინისტრთა კაბინეტისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურას არ იწყებენ.  ფიქრობენ, რომ კოალიციის შიგნით თანამშრომლობა შესაძლებელია, ამიტომ ლაპარაკი, რომ კოალიციაში ყველა ერთ აზრზე უნდა იყოს, არის კოალიციის არსის ძალიან მარტივი გაგება. "ქართულმა ოცნებამ" თავდაპირველად დასახული გზიდან კი გადაუხვია, მაგრამ ძალიან შორსაც არ წასულა. თუმცა, ამ კანონთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი და სახიფათო სიმპტომი გამოჩნდა. თუ კვლავაც ამ გზით განაგრძო სიარული პარტია "ქართულმა ოცნებამ," ალბათ, რესპუბლიკური პარტიის ადგილი კოალიციაში აღარ იქნება. არ მინდა, ასე მოხდეს, საჭიროა დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, თორემ მალე ბევრი რამ არც ხელისუფლების ნება-სურვილზე აღმოჩნდება დამოკიდებული. პოლიტიკური პროცესები ზოგჯერ ისეთი სისწრაფით ვითარდება, ამგვარ სიტუაციაში, შესაძლოა, მისი კონტროლი ვერც პრემიერმა მოახერხოს და ვეღარც ყოფილმა პრემიერმა.

- ბოლო ხანს ხშირად ემთხვევა პრეზიდენტის, რესპუბლიკური პარტიისა და კოალიციიდან წასული "თავისუფალი დემოკრატების" აზრები. ხომ არ მოხდება ისე, რომ მალე მათ ახალ თანამშრომლობას დაედოს სათავე...
- ამ პერსპექტივას ჯერჯერობით მკაფიოდ გამოკვეთილი ნიშნები არ აქვს. კონკრეტულ საკითხებზე მათი პოზიციის თანხვედრა აშკარაა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა, გამორიცხული არაფერია. ეს თუ ასე მოხდა, ამაში ლომის წილი პარტია "ქართულ ოცნებას" ექნება...

- კოალიცია ერთმა სუბიექტმა უკვე დატოვა. ირაკლი ალასანიამ, რომელიც აქამდე ზომიერი განცხადებებით გამოირჩეოდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი მკაცრად გააკრიტიკა...

- ალასანია, როდესაც მთავრობის წევრი იყო, ბუნებრივია, მკვეთრ განცხადებებს ვერ გააკეთებდა, ახლა ოპოზიციაშია და თავისუფალია. მისი განცხადებები ნამდვილად თამამი იყო და ვფიქრობ, მიმართული გახლდათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საზოგადოების ინფორმირებისთვის. ის და მისი პარტია ახლა ცდილობენ ოპოზიციურ ფლანგზე ოპოვონ ნიშა და "ნაციონალური მოძრაობა" მნიშვნელოვნად ჩააჩოჩონ. ალასანიას განცხადებები ამ მიზანსაც ემსახურება. ასეთია პოლიტიკური ცხოვრება, მკაცრ და კრიტიკულ განცხადებებსაც გულისხმობს. მის მიმართ ნათქვამი უარესი შეფასებებიც მოვისმინეთ.

- ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ვადამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავდით, დღეს რას იტყვით?

- ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ქვეყანაში საზოგადოების პოლიტიკური განწყობები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. "ქართულ ოცნებას" ბევრი რამის კეთების რესურსი კი აქვს, მაგრამ დრო ეწურება, ამიტომაც საჭიროა ახალი ათვლის დაწყება, ამისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნებია საჭირო. პრობლემები ქვეყანაში ყველა მიმართულებით შესამჩნევია, პოლიტიკური პროცესიც ისე იძაბება, რომ არსებობს საფრთხე, ისევ ხისტი დაპირისპირება არ მივიღოთ. ვფიქრობ, ვადამდე საპარლამენტო არჩევნები ამასაც გაანეიტრალებდა. ეკონომიკურად აშკარად იგვიანებს ქვეყნის წინსვლა. დაპირება, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება, რთულად შესასრულებელია, ბიუჯეტის პროექტში, როგორც ვიცი, დაახლოებით იმდენივე ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი, რაც წელს იყო.

- აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ სამეკავშირეო შეთანხმებას ჩვენში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა, ოპოზიცია ხელისუფლებას ამ მიმართულებით უმოქმედობაში ადანაშაულებს...

- სამწუხაროდ, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალიან მწირი ბერკეტები გვაქვს. თუ ლოგიკას მივყვებით, ის, რაც ხდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ, არის 2008 წლის პროცესის გაგრძელება. რა შეეძლო საქართველოს ხელისუფლებას, - ბევრი არაფერი, მით უფრო იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება.
საერთაშორისო საზოგადოებრიობა მთლიანად გადართულია უკრაინის პროცესებზე, ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინის პრობლემასთან ერთად ყველა შემთხვევაში დასავლეთმა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიც უნდა დასვას, აბსოლუტურად პროპაგანდისტული განცხადებაა.

იმ ხალხმა, ვინც ამას ამბობს, 2008 წლის ომის შემდეგ ერთი წლის განმავლობაშიც კი ვერ მოახერხა, რომ დასავლეთის რუსეთისადმი ნეგატიური განწყობა შენარჩუნებულიყო. რუსეთმა ამ შეთანხმების გასაფორმებლად სწორად შეარჩია ვითარება, დღეს დასავლეთს ამისთვის არ სცალია. განცხადებები, რაც გაკეთდა დასავლეთიდან, ძალიან პოზიტიური იყო. ეს პროცესი ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ყველაფერს აქვს დადებითი ელემენტი.
ძალიან კარგია, რომ აფხაზეთში გაჩნდა რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, ყოველ შემთხვევაში, ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. მათ დაინახეს, რუსეთი როგორია, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.
თუ ჩვენი ხელისუფლება ამ პროცესის დაჩქარებას არ დაიწყებს და არ ეცდება, თავისი მმართველობის პერიოდში გადაწყვიტოს ეს ურთულესი პრობლემა, ამ მიმართულებით პროგრესს ნელ-ნელა მივაღწევთ. მთავარია, ვიყოთ თანამიმდევრულები და ჩამოვაყალიბოთ მოქმედების სტრატეგია.

- "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვდა, რომ რუსეთის ამ ნაბიჯის საპასუხოდ საქართველოს გარკვეული სანქციები დაეწესებინა...

- გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენ ერთხელ უკვე "გამოვუცხადეთ ბლოკადა" რუსეთს, გურიიდან მიწა გაჰქონდათ  და არ გავატანინეთ, ასე "დავაქციეთ" რუსეთის ეკონომიკა.…მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთი ყვიროდა, რუსეთი გვიწყობს ბლოკადასო, ჩვენ ვყვიროდით, ჩვენ ვუწყობთ რუსეთს ბლოკადასო.
ვთქვათ, დავუწესეთ ეს სანქციები, რას დავაკლებთ რუსეთს ამით?! არა მგონია, დასავლეთი ამას ითხოვდეს ჩვენგან.
როდემდე უნდა ვაკეთოთ ეს პოპულისტური განცხადებები, რას მივაღწევთ ამით?!
"ნაციონალური მოძრაობის" მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმისთვის კი არ იბრძვიან, ქვეყანაში საქმე კარგად წავიდეს, იქითკენ უბიძგებენ ხელისუფლებას, რაც შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვას, ქვეყანამ იზარალოს და მერე ეს წამოაძახონ...

აბაშიძე-კარასინის ფორმატითაც უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, ეს გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე წუთიერი პოლიტიკური ჟესტის გამო ამ ფორმატის გაუქმება.

- უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის რადას მინისტრთა კაბინეტში უცხოელებისთვის თანამდებობის დაკავების უფლების მინიჭება, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად უცხოელი პროფესიონალის დანიშვნა შესთავაზა. რამდენიმე უკრაინულმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობას ეკატერინე ზღულაძეს, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობას კი ზურაბ ადეიშვილს შესთავაზებენ...

- ეს გამოგონილი, პროპაგანდისტული ინფორმაციებია. არა მგონია ადეიშვილი, რომელიც ჩვენ ძებნილად გამოვაცხადეთ, უკრაინის მთავრობაში დაასაქმონ, ამით აშკარად დაიძაბება საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა. ვფიქრობ, არც სააკაშვილზე და არც ადეიშვილზე ლაპარაკი არ არის. ძალიან გამიკვირდება, ზღულაძე მაგ სისტემაში მრჩევლადაც რომ აიყვანონ. თუ ლაპარაკია უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკრაინის მთავრობაში მოყვანაზე, ალბათ იგულისხმება კანადაში უკრაინელთა საკმაოდ მძლავრი და დიდი დიასპორიდან პროფესიონალების ქვეყნის მართვაში ჩართვა.

ნათია დოლიძე
revazi
05 დეკემბერი 2014 22:31
რამეფრად ამასაც მოუხაზეთ და კარგად იქნება ჩვენი საქმე.
TinaTini
04 დეკემბერი 2014 01:16
უსუფაშვილის წელში მოკაკვას ვეღარ ვუძლებთ. არ შეუძლია ამ კაცს ერთხელ მაინც წელში გასწორდეს და მართლა კაცად იქცეს?

რედაქტორის რჩევით