"მთავრობის გადახალისებას არ გამოვრიცხავ"
08-12-2014
"მთავრობის გადახალისებას არ გამოვრიცხავ"
"აკეთონ თავიანთი საქმე, აჩვენონ, რომ შეუძლიათ წარმატების მიღწევა, ოღონდ საქართველოს პოლიტიკურ ოპონირებას ნუ გაუწევენ"

"ხელისუფლებამ ახსნა-განმარტება დააგვიანა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია"

"როგორც ვიცი, ჩხენკელები ბიზნესიდან მოვიდნენ ხელისუფლებაში და არ არის გამორიცხული, გარკვეულ სფეროს ლობირებდნენ"

გასული კვირას მთავარი მოვლენები ეროვნული ვალუტის გარშემო განვითარდა. ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და მისი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლამის 2004 წლის ნიშნულამდე დაეცა, რამაც ქვეყანაში დაძაბულობა და აჟიოტაჟი გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენელთა არცთუ დამაჯერებელი განცხადებები ვითარებას კიდევ უფრო ძაბავდა.
ამას დაერთო ცვლილებები სამთავრობო გუნდში, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გასული კვირის მთავარ მოვლენებზე ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე გვესაუბრება:


- ბოლო კვირას ეროვნულ ვალუტას ნამდვილად შეექმნა სერიოზული პრობლემები, რაშიც მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებაში შექმნილმა აჟიოტაჟმა და პანიკამაც ითამაშა. ამ ნერვიული ფონის შექმნის მიზეზი კი იყო ის საინფორმაციო ვაკუუმი,
რაც ლარის კურსის ცვლილების გამო ლამის მთელი ბოლო კვირა ქვეყანაში სუფევდა. ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვალიფიციური და კოორდინირებული ახსნა-განმარტება საზოგადოებას დროულად ვერ მისცეს, რამაც დაძაბულობა გამოიწვია, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ კვირის ბოლოს ოფიციალური კურსით დოლარი 1.95 ღირდა, სავალუტო ჯიხურებში კი ეს კურსი ცოტა უფრო მეტიც იყო.

- თუმცა, ფაქტია, რომ ლარის კურსი ბოლო ხანს აშკარად ნელ-ნელა ეცემოდა, პიკს კი გასულ კვირას მიაღწია, შესაძლოა, კვირის ბოლოს დაფიქსირებულ კურსში წვლილი ნამდვილად შეიტანა მომხმარებელთა შორის შექმნილმა პანიკამ, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ლარი მართლად გაუფასურდა და ეს აჟიოტაჟი სწორედ ამან გამოიწვია. რა გახდა ეროვნული ვალუტის ასეთი რყევის მიზეზი?
- ამის მიზეზი არის როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორები, თუმცა, ვიმეორებ, კვირის ბოლოს დაფიქსირებული კურსი არის აჟიოტაჟისა და პანიკის შედეგი. რომ არა ეს, ლარის გაცვლითი კურსი შედარებით ნაკლები იქნებოდა. ვფიქრობ, რყევები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, კურსი აუცილებლად დაბალანსდება. კურსი იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე დღეს, პარასკევ საღამოს არის, როდესაც ჩვენი ინტერვიუ იწერება (5 დეკემბერი), თუმცა, ის ვეღარ დაუბრუნდება ათვლის წერტილს. ვფიქრობ, სავალუტო ჯიხურებში სპეკულაციური კურსია. ჯიხურის მფლობელები ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ხელოვნურად უწყობენ ხელს ლარის გაუფასურებას, რათა უფრო მეტი ფული იშოვონ. როგორც უკვე ვთქვი, ლარის კურსის შეცვლის მიზეზი მრავალფაქტორიანია. თუ მკითხავთ, ვინ არის მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებელი, ვფიქრობ, პასუხი ნათელია - ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ ეკონომიკურ პროცესზე პასუხისმგებელი არიან ეკონომიკური უწყებები - დაწყებული ეროვნული ბანკით და დამთავრებული სხვადასხვა სამინისტროთი.

სწორედ ისინი განსაზღვრავენ იმ ეკონომიკურ სტრუქტურასა და ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ლარის კურსს. ზოგადად, ვალუტის, მათ შორის ლარის კურსის ფორმირება, ხდება საგადამხდელო ბალანსის სტრუქტურის საფუძველზე, რომელსაც აქვს თავისი შემადგენელი კომპონენტები. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორებიც. ყველაზე მეტად ამ ფაქტორებიდან ლარის კურსზე გავლენის მომხდენი იყო ამერიკული დოლარის გამყარება, რაც ვფიქრობ, ისევ გაგრძელდება, რადგან აშშ-ის ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა. ამის შემდეგ გასათვალისწინებელია რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში მიმდინარე პროცესები. ამ ცოტა ხნის წინ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა თურქეთში. რუსეთსა და უკრაინაში რაც ხდება, კარგად იცით. რუსული რუბლი და უკრაინული გრივნა თითქმის 40%-50%-ით დაეცა. ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და დოლარის დეფიციტი აისახება და ზეწოლას ახდენს იმ ქვეყნების ეროვნულ ვალუტებზე, რომლებიც მათ ძირითად სავაჭრო პარტნიორებად მიიჩნევიან. რუსეთში შექმნილმა ვითარებამ გავლენა მოახდინა ფულად გზავნილებზეც. მოგეხსენებათ, ამ ქვეყნიდან ფულადი გზავნილების ყველზე დიდი ნაკადი შემოდის.
შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში შემოსული დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარიდან 800 მილიონამდე დოლარი რუსეთიდან იყო შემოსული. შესაბამისად, იქ მიმდინარე პროცესებმა ფულადი გზავნილები შეამცირა.

რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ შეინიშნება საინვესტიციო აქტივობის ზრდა, რასაც ასევე თავისი მიზეზები აქვს. ჯერ ერთი, ჩვენი რეგიონი საკმაოდ დაძაბულია და ინვესტორები ფრთხილობენ ამ რეგიონის ქვეყნებში აქტიურობას. ჩვენს შემთხვევაში ამას ემატება ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთისგან მომდინარე საფრთხე, რაც აფრთხობს ინვესტორებს.

საინვესტიციო გარემოსთვის ასევე პრობლემურია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებები - დაწყებული მიწის გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმით, დასრულებული სავიზო რეგულაციების გამკაცრებით.

გარდა ამისა, მთავრობას ძალიან უჭირს სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც სწრაფად არის გადასაწყვეტი, დროში იწელება. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ბევრი ინვესტორი აქ შემოსვლაზე უარს ამბობს. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო წლის განმავლობაში გაზრდილი ექსპორტი ა.წ. აგვისტოდან ისევ შემცირდა, რაც ნიშნავს უფრო ნაკლები ვალუტის შემოსვლას ქვეყანაში. ამის პარალელურად კი გაზრდილია იმპორტის მაჩვენებლები, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში... ასევე ამ პერიოდში ზაფხულთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტთა ნაკადი. ამ ყველაფერს დაემატა დოლარის აჟიოტაჟური მოთხოვნა და პანიკა, რამაც ლარის კურსზე ზეწოლა გაზარდა.

- ბევრი ექსპერტი ამ ფაქტორებს შორის საბიუჯეტო თანხების არასწორ ხარჯვასაც ასახელებს...
- ეს ყველაზე უმნიშვნელო ფაქტორი მგონია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ბოლო დროს ფულის მასა არ გაზრდილა. მისი განცხადებიდან გამომდინარე, ლარზე საბიუჯეტო ხარჯის გავლენა უმნიშვნელოა.

- როდესაც ფინანსთა მინისტრი ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ლარის კურსის ცვლილება მისი კომპეტენცია არ არის, ეს მისაღებია?
- შარშან, როდესაც ასევე შეირყა ლარი, მაშინ მთავარი დარტყმა ნოდარ ხადურმა აიღო საკუთარ თავზე და ამ საკითხზე მთავარი სპიკერობა იტვირთა. ეტყობა, ახლა ხადურმა არცთუ პოზიტიური გამოცდილება გაითვალისწინა და ამიტომაც ერიდებოდა განცხადებების გაკეთებას. აუცილებელია ეკონომიკურმა გუნდმა იმუშაოს კოორდინირებულად, ასევე შეთანხმებული განცხადებები აკეთოს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ისეთ დაბნეულობასა და შფოთს, რაც გასულ კვირას ქვეყანაში ხდებოდა. ეროვნულმა ბანკმა სწორი განცხადება გააკეთა, მაგრამ, ვფიქრობ, ცოტა დააგვიანდა. ეს რომ რამდენიმე დღის წინ თქმულიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

- ჩვენთან ეროვნული ვალუტის რყევა პირდაპირ აისახება ფასებზე და არტყამს რიგითი მოქალაქის ჯიბეს. თუ ვერ მოხერხდა ლარის კურსის დასტაბილურება, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში?
- ლარის გაუფასურების გაგრძელებას გამოვრიცხავ. როგორც უკვე ვთქვი, ამ კვირაში, ვფიქრობ, ეროვნული ვალუტა სტაბილიზაციისკენ წავა. რა თქმა უნდა,
ეს პროცესი ნამდვილად დადებითად არ აისახება რიგითი მოქალაქის ცხოვრებაზე, მაგრამ, გარწმუნებთ, კატასტროფულიც არაფერი ხდება.

სამწუხაროა, რომ საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც სოციალურად დაუცველად გრძნობს თავს, ბუნებრივია, რომ მას ეს რყევები აშინებს.
განსაკუთრებით რთულია იმ მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში აქვთ სასესხო ვალდებულებები, შემოსავალს კი ეროვნულ ვალუტაში იღებენ.

მეორე მხარეა ფასების ზრდა, რაც შედარებით ნაკლებად მწვავე პრობლემა მგონია. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არა გვაქვს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა, გარკვეულ სასაქონლო ჯგუფის ფასებზე, მაგალითად, ტექნიკასა და მედიკამენტებზე კურსის ცვლილება უკვე აისახა, ეს პროდუქცია გაძვირდა, მაგრამ ისეთ მთავარ პროდუქტებზე, როგორიცაა საწვავი, ხორბალი, შაქარი (რომელიც ფასების ფორმირებაში მთავარ როლს თამაშობს), მათ ფასზე ლარის კურსის გაუფასურებას არ უმოქმედია. ეს პროდუქტები უფრო მსოფლიო ბაზრის ფასებზეა მიბმული. მაგალითად, მსოფლიოში ნავთობი იაფდება, რაც მიმდინარე კვირას საქართველოშიც გამოჩნდა და საწვავი 5 თეთრით გაიაფდა...

- გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ უმრავლესობაში სამთავრობო ცვლილებებს მინისტრების დონეზე ელოდებიან...
- მთავრობის გადახალისებას არ გამოვრიცხავ. საჭიროა ეკონომიკური აქტივობის გაზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღება. ამ მიმართულებით არის წარმატება, მაგრამ მეტია საჭირო. საჭიროა მეტი ურთიერთობები ინვესტორებთან, ახალი იდეები და პროექტები. აღსანიშნავია ერთიც, ხშირად
პარლამენტის გადაწყვეტილებებიც ეკონომიკის მიმართულებით საგნობრივია და მოწყვეტილია რეალობას. დეპუტატები ხშირად ლაპარაკობენ ისეთ თემებზე, რომელიც ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი უფროა.

- "არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც", - ეს განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა...
- ბიძინა ივანიშვილის შეფასება იყო ძალიან ზომიერი და ადეკვატური. ის არის ყოფილი პრემიერი, ადამიანი, რომლის აზრსაც ჩვენი საზოგადოებისთვის აქვს მნიშვნელობა. ამიტომ მისი განცხადება ნებისმიერ საკითხზე საინტერესოა. ლარის თაობაზე მან გააკეთა პასუხისმგებლიანი განცხადება, განცხადება, რომელიც ქვეყანას არ აზიანებს... ეს იმ დროს, როდესაც არაერთი მედიასაშუალებისგან, ხელისუფლების ოპონენტისგან თუ საზოგადოების წევრისგან ამ დღეებში ვისმენდით განცხადებებს, რომ ლარის კურსი გაიქცა, მთავრობა პროცესებს ვერ აკონტროლებს, ლარის კუპონიზაცია ხდება და ა. შ. ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებია, რომელთა გამო სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.

- უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად უკვე დაინიშნა საქართველოს ექსმინისტრი სანდრო კვიტაშვილი. ასევე ამავე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა ეკა ზღულაძე. ლაპარაკია, რომ შესაძლოა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკა ტყეშელაშვილმა დაიკავოს...

- ყველა ქართველის წარმატებას მხოლოდ მივესალმები. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი წარმატებულები იქნებიან. ერთადერთი არ მომწონს ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამას იყენებენ საქართველოში პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. ეს სატელევიზიო ჩართვები უკრაინიდან, ხელისუფლების კრიტიკა ქვეყნის გარედან, არასწორია. აკეთონ თავიანთი საქმე, აჩვენონ, რომ შეუძლიათ წარმატების მიღწევა, ოღონდ საქართველოს პოლიტიკურ ოპონირებას ნუ გაუწევენ. უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ვიმედოვნებ, რომ ის ოპონირება, რაც არსებობს საქართველოს ხელისუფლებასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე არ აისახება.

- ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა.
- უკრაინა რას გადაწყვეტს ამა თუ იმ საკადრო საკითხზე, ეს მისი საქმეა, მაგრამ კარგი ტონი ნამდვილად არ არის, როდესაც ერთ ქვეყანაში ადამიანზე სისხლისსამართლებრივი ძებნაა გამოცხადებული და მეორე ქვეყანა მას ასეთ პოსტს სთავაზობს.
თუმცა, საკითხავია ეს რეალურად შესთავაზეს თუ არა, რადგან ამის თაობაზე უკრაინული მხარისგან არაფერი გვსმენია. სააკაშვილის განცხადებები კი ხშირად რეალობას არის აცდენილი, მაგალითად, ნიკა გილაურზე ამბობდა, მისი კანდიდატურა იმიტომ დაიბლოკა, რომ უკრაინაში საქართველოს მთავრობიდან დარეკესო. თუმცა, გაირკვა, რომ გილაურმა თვითონ თქვა უარი. ეს იგივეა, რომ უკრაინაში ძებნილ რომელიმე პირს ჩვენ აქ სახელმწიფო პორტფელი შევთავაზოთ. მაგალითად, საქართველოში ცხოვრობს კიევის ყოფილი მერი, ის სახელმწიფო სამსახურში რომ დაესაქმებინათ, არა მგონია, უკრაინის ხელისუფლებას ძალიან გახარებოდა.

- ბრიტანულ გამოცემა "ეკონომისტში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება მწვავედაა გაკრიტიკებული. "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკა არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავია", - ვკითხულობთ სტატიაში.
- ვფიქრობ, სტატია ძალიან ტენდენციურია და საქართველოში არსებულ რეალობას არ ასახავს. მასში გარკვეულწილად ის მესიჯები ჩანს, რომელთაც ვისმენთ ხოლმე ხელისუფლების ოპონენტებისგან. გამიჭირდება დარწმუნებით ვთქვა, რომ სტატია დაკვეთილია, მაგრამ ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ბევრი ლობისტური ჯგუფი მუშაობდა მათთვის. ისინი ახლაც მუშაობენ. მიიჩნევა, რომ ეს გამოცემა ძალიან ავტორიტეტულია, მაგრამ ასეთ გამოცემებშიც არის საავტორო სტატიები, რომლიც გამოხატავს სუბიექტურ შეხედულებებს და შესაძლოა რეალობას სულაც არ ასახავდეს.

- ზვიად ჯანყარაშვილმა დატოვა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტი, რომელიც ორიოდე თვის წინ დაიკავა. ვიცით, რომ ის ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელი და სანდო პირია, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები მას ხშირად ადანაშაულებდნენ კორუფციულ გარიგებებსა და ბიზნესზე გავლენის მოპოვების მცდელობაში. მთავრობის ადმინისტრაციიდან გაუშვეს ძმები ჩხენკელებიც და კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც მიიჩნეოდნენ ჯანყარაშვილის ჯგუფის წევრებად და მათაც ბიზნესჯგუფების ლობირებაში ადანაშაულებდნენ...

- არ ვფლობ ინფორმაციას და ვერ ვიტყვი, ვინ მიიღო ამ ხალხის ხელისუფლებიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილებები, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებაში გარკვეული პროცესები მიდის. ამდენ პირს ერთად თანამდებობიდან წასვლა ნამდვილად არ მოუნდებოდა.

როგორც ვიცი, ჩხენკელები ბიზნესიდან მოვიდნენ ხელისუფლებაში და არ არის გამორიცხული, გარკვეულ სფეროს ლობირებდნენ, თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ჩემი აზრით, რაც ხდება, აშკარად პროცესის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ნათია დოლიძე
aleko
16 დეკემბერი 2014 09:55
როცა ხელისუფლების ვერცერთი რგოლი ვერ წყვეტს საკითხს,ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას იმის შიშით ვაითუ ბიძინას ეს არ მოეწონოს და ბატონი ბიძინაც ამ ქვეყანას წარმოების დირექტორივით მართავს,ამიტომაცაა ხელისუფლება წარუმატებელი და უნიათო.
გაჩერდა ისეთი ეკონომიკური პროექტები, როგორიცაა ანაკლიის პორტი,რკინიგზის მშენებლობა და ხუდონჰესის. ამის ნაცვლად სოფლის მეურნეობაში აბსოლიტურად გაუზრებლად გადაყარეს 800 მილიონი--რაც არ უნდა ილაპარაკოთ გრიგოლიას სტუდიაში ვაკელმა ქალ-მა სოფელში მიწა მოიხნაო...მერე რა?-რა მოსავალი მოვიდა? გლეხი გამდიდრდა თუ რა?
არ შემოდის ინვესტორები. ჯერ ერთი ზედმეტი რეგულაციების შემოღების გამო,მეორეც როცა ადგილობრივი მილიარდერი და მილიონერები კაპიკს არ ხაეჯავენ თავის ქვეყანაში უცხოელი რატო შემოვა?
მოკლედ გვაქვს სრული კრახი
ალექს
09 დეკემბერი 2014 12:51
ამ შემთხვევაში კადრების ინდივიდუალური ცვლა ვერაფერს უშველის,ღრმა ცვლილებებია საჭირო,ამ ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის მოდელის შეცვლაა საჭირო-ის არის პოსტკომუნისტური,
ძალიან შორს არის საბაზრო დემოკრატიული ქვეყნის მოდელისაგან ,უფრო ახლოა კომუნისტურთან,საბჭოურთან ,დაწერილი და დაუწერელი კანონები და მათი აღსრულების პრაქტიკა ერთად განაპირობებებენ იმ შედეგს ,რაც დადგა.
ამის რესურსი ჯერ კიდევ გვაქვს ქართველებს და შანსიც,რაც მალე დავიწყებთ წარსულთან გამომშვიდობებას მით ადრე შევხვდებით უკეთეს მომავალს,ლოდინის დრო აღარ გვაქვს.

რედაქტორის რჩევით