"ჩვენი სპეცსამსახურები სად იყურებიან?!"
15-12-2014
"ჩვენი სპეცსამსახურები სად იყურებიან?!"
"ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა"

"რუსეთი ცხინვალის შეერთებაზე არ წავა, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური ჰარაკირის ტოლფასი იქნება"


ეროვნული ვალუტის კურსი ნელ-ნელა კი სტაბილურდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ლარი, რყევამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, რამდენიმე პუნქტით გაუფასურებულია, რაც გასულ კვირას პროდუქტის ფასებზე ნეგატიურად აისახა. ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა და ხელისუფალთა დაპირებას, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება, საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს. ამის იმედს ვერც რამდენიმე დღის
წინ მიღებული 2015 წლის ბიუჯეტი იძლევა. გასულ კვირას კვლავაც გაგრძელდა სამთავრობო ვერტიკალიდან რიგი ჩინოსნების გასტუმრება, ამჯერად ცვლილება უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც შეეხო, სადაც მინისტრის მოადგილის პოსტიდან პრემიერ ღარიბაშვილის კიდევ ერთი ახლობელი, გიორგი ზედელაშვილი გაუშვეს. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:


- ძალოვან სტრუქტურებში
მომხდარ ცვლილებებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ სფეროს ნაკლებად ვიცნობ. რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, გარდა იმისა, რომ ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრის მოადგილედ. მას კარგად ვიცნობ, ვიცი, რა მაღალი კვალიფიკაცია აქვს, ამიტომაც მისთვის ეს პატარა თანამდებობა მგონია,
ჯავახიშვილი მინისტრის პოსტზე გაცილებით ეფექტიანი იქნება.

ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პრემიერ-მინისტრმა მთლიანად შეცვალა ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი, რასაც მხოლოდ მივესალმები. ჩემი აზრით, ამის მიზეზი გახდა ის ფათერაკიანი თავგადასავალი, რაც ლარს ამ ბოლო დღეებში გადახდა. აქამდეც მითქვამს, რომ
პრემიერის ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი თავის სიმაღლეზე ნამდვილად არ იდგა. მომიწია ამ გუნდთან გარკვეულმა ურთიერთობამ და მათმა პროფესიონალიზმმა არ მომხიბლა.

- არსებობს მოსაზრება, რომ ეკონომიკური საბჭოს წევრებსა და პრემიერის მრჩევლებს ეკონომიკის თაობაზე ხშირად მთავრობის ეკონომიკურ გუნდზე მეტი ეკითხებოდათ...

- უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური საბჭო და მრჩეველთა ჯგუფი ვერანაირ გადაწყვეტილებას პრემიერის გარეშე ვერ მიიღებდნენ. მათ გადაწყვეტილებების მიღების უფლება საერთოდ არა აქვთ. მათი ფუნქცია იყო, რჩევები მიეცათ პრემიერისთვის, რომლის გათვალისწინებითაც პრემიერი გადაწყვეტილებებს ეკონომიკურ ბლოკთან ერთად მიიღებდა. თუ ეს გადაწყვეტილებები პრემიერმა ისე მიიღო, რომ არ გააცნო ეკონომიკურ გუნდს, ნიშნავს იმას, რომ მთავრობაში არ არსებობს სინერგია, რაც სახელმწიფოს მართვის პრობლემა უფროა, ვიდრე ჩვენი ეკონომიკისა. სამთავრობო აპარატი კარგად რომ ვერ მუშაობდა, ცხადად ჩანს. რაც შეეხება ამ ცვლილებებსა და ზოგადად ქვეყნის მართვაში ბიძინა ივანიშვილის როლს, დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ისე ჩანს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ის მონაწილეობს. ყველაფერს თავი დავანებოთ, ვიცით, რომ ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც, პრემიერი მას რჩევას ეკითხება.

ბოლო ხანს გაჩნდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი შეიძლება დაბრუნდეს პოლიტიკაში. ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და თუ კადრების დიდ დეფიციტსაც გავითვალისწინებთ, მის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას მხოლოდ მივესალმები.

- მართალია, დღეს ლარის კურსი შედარებით სტაბილურია, მაგრამ ვნახეთ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რა რყევა განიცადა ეროვნულმა ვალუტამ. ხელისუფლება მომხდარს საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. თქვენ რას იტყვით?
- 2013 წლის ბოლოსაც ასე მოხდა, მერე გამოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ისე ილაპარაკა, თითქოს არაფერი მომხდარა, არადა, სინამდვილეში, ლარი 6-7%-ით გაუფასურდა, ანალოგიურად მოხდა წელსაც. განცხადებები, რაც გვესმოდა პრემიერისა თუ მინისტრებისგან, რომ ლარის დევალვაცია გარე ფაქტორების ბრალი იყო, არასწორია და კრიტიკას ვერ უძლებს. კარგად ვიცი ნავთობის ფასისა და აშშ-ის დოლარის ურთიერთმიმართება. ეს, ბუნებრივია, დაკავშირებულია ერთმანეთთან. ისიც ხომ ვიცით, რომ მსოფლიოში ორი ძირითადი სარეზერვო ვალუტაა - აშშ დოლარი და ევრო და მსოფლიო ფინანსური ბაზრები მათ შორის გაცვლით კურსზეა დამოკიდებული. თუ ქართული ლარის გაუფასურება აშშ დოლარის გამყარებამ გამოიწვია, მაშინ ევროსთან მიმართებაში ლარი არ უნდა გაუფასურებულიყო, მაგრამ გაუფასურდა... რაც მოხდა, ეს შეიძლება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაჟინებული მოთხოვნითაც მომხდარიყო.

- რას გულისხმობთ?

- საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სუსტი ეროვნული ვალუტა ხელს უწყობს. ეს მშვენივრად გამოიყენა თურქეთმა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ქვეყანამ მრეწველობის განვითარებაში დიდი ინვესტიციები ჩადოს, რაც აქ არ ხდება. ითქვა, რომ მესამე კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა 508 მილიონის ინვესტიცია, ამდენად,
ლარი კი არ უნდა გაუფასურებულიყო, არამედ უნდა გამყარებულიყო, ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ამ პროცესებს მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, რატომ? - ეს ჰკითხეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

- შეიძლება ეს საკითხი ეროვნულ ბანკს მთავრობის გარეშე გადაეწყვიტა?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, პრემიერ-მინისტრსა და ეროვნულ ბანკს შორის რა ურთიერთობაა. ალბათ, რაღაც-რაღაცები პრემიერთან შეუთანხმებლად მოხდა, სხვა შემთხვევაში მისი მრჩეველთა გუნდი უკანმოუხედავად არ წავიდოდა. შესაძლოა, აქაც კომუნიკაციის პრობლემა იყოს. ისიც
ნუ დაგავიწყდებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვისი დანიშნულია. ეროვნულმა ბანკმა ვერც შარშან და ვერც წელს ვერ დააზღვია რისკები, ერთხელ აპატიეს ეს ქადაგიძეს, მეტჯერ აღარ უნდა აპატიონ.
პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც უფრო ზუსტად და ადეკვატურად უნდა იმოქმედონ. თითქოს გაატარა ეროვნულმა ბანკმა პროცესის შემარბილებელი ღონისძიებები, მაგრამ დაგვიანებით. ეს ან არაპროფესიონალიზმის გამო გააკეთეს, ან განგებ საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტების ზეწოლით. არაფერია ამაში ტრაგედია, მაგრამ თქვით სიმართლე, ნუ გვატყუებთ!

- მიუხედავად ფინანსთა მინისტრის მტკიცებისა, რომ ბიუჯეტი შესრულდება, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პრობლემები აქვს, რიგ სამინისტროებს კვლავაც დასახარჯი დარჩათ სოლიდური თანხები...

- ბიუჯეტის შესასრულებლად ჯერ საშემოსავლო ნაწილი უნდა შესრულდეს და როგორც ვიცი, აქაც გრანტების მიმართულებით შეიქმნა პრობლემა, თუმცა, ამას დიდ ტრაგედიად არ მივიჩნევ. რაც შეეხება ხარჯვას, ვფიქრობ, აქ უფრო დიდი პრობლემებია. ეს განსაკუთრებით შეეხება იმ სამინისტროებს, რომლებიც ფულს უკვე ტრადიციულად ვერ ხარჯავენ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ სამინისტროს: პირველი - შრომის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რომელმაც ვერ დახარჯა ფული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ დაცვასა და ჯანმრთელობას რაღაც მნიშვნელოვნად დააკლდა და ეს სრულიად მიუღებელია; და მეორე - კულტურის სამინისტრო, სადაც ასევე გვარიანი თანხა მორჩათ.

ბიუჯეტში ამა თუ იმ უწყებას იმისთვის კი არა აქვს თანხები გამოყოფილი, რომ დაზოგონ, არამედ იმისთვის, რომ ფული გეგმაზომიერად დახარჯონ და დარგის წინსვლას შეუწყონ ხელი...

- ლამის კომიკური სახე მიიღო რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლებების ინერტულობამ, ფაქტობრივად, არსად არაფერი კეთდება. გამოდის, ფულს იქაც ზოგავენ...

- ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ფულის დახარჯვის ეშინიათ - ვაიდა, რაღაც შეცდომა მოუვიდეთ...…ეს საყმაწვილო სენივით არის, რასაც მე სახელისუფლებო ჩუტყვავილას დავარქმევდი, ანუ ეს არის ვითარება, როდესაც სახელისუფლებო ორგანოები ვერ ახერხებენ მოქმედებას და გადაწყვეტილებების მიღებას ადგილებზე. ეს იმის ბრალიც არის, რომ რეალური თვითმმართველობა ამ ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა და ადამიანებმა დამოუკიდებლად საქმიანობას უცებ ვერ აუღეს ალღო. ვფიქრობ, მალე ამასაც მოახერხებენ.

ერთიცაა, არ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოები ჩასაფრებულივით იქცეოდნენ და მცირე შეცდომის გამოც ადამიანს ციხეში უშვებდნენ. აქაც რაღაც ადეკვატური გადაწყვეტილებებია მისაღები. თუნდაც მერიაში განვითარებული მოვლენები ავიღოთ, როდესაც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ძიება დაიწყეს. გასაგებია, შეიძლება იყოს დარღვევები, მაგრამ არ შეიძლება ასეთი აჟიოტაჟის შექმნა მანამდე, ვიდრე დანაშაული არ გამოვლინდება. ასე ადამიანებს საერთოდ გაუქრებათ რაიმეს გაკეთების სურვილი. ეს ხელისუფლება არცთუ ცნობილი რუსი ავტორის სუხოვო-კობილინის პიესიდან ერთ ციტატას მახსენებს: "როცა გამოაცხადეს დემოკრატია, ტარელკინი ისე წინ გაიქცა, დემოკრატია უკან ჩამოიტოვაო", ასეც არ შეიძლება...

- პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა...
- ვფიქრობ, არსებითად ახალი ამ ბიუჯეტში არაფერია, დიდწილად ძველის მსგავსად არის დაგეგმილი. შესაბამისად, ალბათ, მომავალ წელსაც ფულის ნაკლებობა იქნება და ბევრიც ვერაფერი გაკეთდება. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა. ვცხოვრობთ დღევანდელობით და ხვალინდელ დღეზე არ ვფიქრობთ. ზოგადი ინიციატივების გარდა, ჯერჯერობით, ხეირიანი ვერაფერი ვნახეთ. მთავრობაში არ არსებობს ორგანო, რომელიც სტრატეგიულ დაგეგმარებას განახორციელებს. ქვეყანაში უპირველესად შესაქმნელია სტრატეგიული დაგეგმვის ინსტიტუტი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან და არა პოლიტიკოსებისგან. ეს ინსტიტუტი შეიმუშავებდა ქვეყნის განვითარების გეგმებს, არა მხოლოდ ეკონომიკისთვის. ამგვარი დაწესებულებები ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში მუშაობენ. არასწორი სტრატეგიული გათვლების ბრალი იყო სააკაშვილის 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებები. მას ზოგიერთი ვითომ ექსპერტი ეუბნებოდა, რომ რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს ვერ გაბედავდა.

- აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, რუსეთი უკვე ცხინვალის რეგიონთან ამგვარივე დოკუმენტის გაფორმებაზე მუშაობს. მეტიც, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა თიბილოვმა განაცხადა, მისი მოთხოვნაა, ცხინვალის რეგიონი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. როგორ ფიქრობთ, რუსეთი დათანხმდება?

- ჩემი აზრით, რუსეთი ცხინვალის შეერთებაზე არ წავა, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური ჰარაკირის ტოლფასი იქნება, თუმცა, რუსეთი სრულიად არაპროგნოზირებადია და ვერაფერს გამოვრიცხავთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი მოდელები კრემლში განიხილება, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მგონია, რომ ამას არ გააკეთებენ.

- "დაღესტანი-ავარეთის გზა არ უნდა აშენდეს!" - ამ ლოზუნგით ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყვარლის რაიონის სოფელ ავარეთში საპროტესტო აქცია გამართეს. თუმცა, პარალელურად გაიმართა მეორე აქციაც, სადაც გზის მშენებლობის მომხრე ყვარლის რაიონში მცხოვრები ლეკები რუსული და საბჭოთა სიმბოლიკით ხელდამშვენებული მივიდნენ და აცხადებდნენ: "ჩვენ მოგვწონს რუსეთი და საბჭოთა კავშირი", "რუსეთი არ არის ოკუპანტი" და ა.შ.
- ეს გზა, თავის დროზე, შამილთან საბრძოლველად გრიგოლ ორბელიანმა გაიყვანა, წლების წინ მეც მივლია ამ გზაზე... თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მეტრიანი მონაკვეთი ისეა ჩავარდნილი, რომ გზის ფუნქციონირება შეუძლებელია და არც არის საჭირო. ამ გზის აღდგენა არაფრით არ შეიძლება. საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად უნდა მოეკიდოს ამგვარ ტენდენციებს, თუნდაც ლეკების მხრიდან. თუ საქართველო არ მოსწონთ და რუსეთი უნდათ, შეუძლიათ მიბრძანდნენ. ამ აქციას აშკარად პროვოკაციის სუნი ჰქონდა, საქართველოში მეხუთე კოლონა რომ აქტიურად მუშაობს, ეს ცხადია, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, ჩვენი სპეცსამსახურები სად იყურებიან?! მართლაც დროულად უნდა ჩატარდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია და ქვეყნის სპეცსამსახურები უფრო ქმედუნარიანი გახდეს. ვფიქრობ, ეს პროცესი აქამდეც უნდა დაწყებულიყო, არ ვიცი, რამ შეაფერხა.

ნათია დოლიძე
tamar
05 იანვარი 2015 02:45
რუსეტის მოქალაქეობას თუ ირჩევენ მაშინ საქარტველოს ტერიტორია დატოვონ და წავიდნენ რუსეტში სახლებსს შევისყიდიტ მაგრამ მიწა საქარტველოსი არის და მისი ყიდვა-გაყიდვის უპლება არ აქვტ. ჭკუა უნდა ვისწავლოტ და ამდენი დანაკარგის მერე გონივრულად აგვმოვპხრატ მტრის ასეტი გაიდვერული მოქმედებები. ამერიკასჰი მილიონობიტ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ მაგრამ ვერცერტი სახემწიპო ვერ გამოტქვავსს პრეტეზიასს დაბომბოს ეს ქვეყანა . შენი მოქალაქე შჰენსს ქვეყანასHი დაიცავი რუსეტო . საქარტველოს მოქალაქეობას ვინც უარყობს საქარტველოსჰი დაბადებული სხვა ერის წარმომადგენელი მასჰინ დატოვონ ქვეყანა და სადაც მიიგებენ და გაუხარდებატ იქ წავიდნენ .ჩვენ არც ვაგდებტ და არც დზალიტ ვიჯერტ. ამუუშაოს საქარტველოს საემიგრაციომ ასეტი კანონი და კარგად გვეყოლონ.
Mzia
02 იანვარი 2015 13:15
ძალიან დიდი შეცდომაა კადრების "დეფიციტზე" ლაპარაკი . . .იმ ეკონომიკური გუნდიდან, რომელიც "ოცნებას" ჰყავდა არ გამოიყენა არავინ.
ფინანსთა სამინისტროში (ალბათ თანამშრომელთა 80%-ზე მეტი) არ მუშაობენ ეკონომისტები . . . ეს ადამიანები არიან: მათემატიკოსები, ექიმები, ქიმიკოსები და ა. შ.
ბევრჯერ მივმართე ქართული ოცნები ოფისს (მათ შორის წერილობით 3-ჯერ) მაგრამ არანაირი შეხვედრა არ შედგა . . . იქ არავინ არ არის დაცვის თანამშრომლების გარდა!
AKA
25 დეკემბერი 2014 13:27
მე მეგონა, მარტო ,საქართველოს არაქართულ სოფლების მოსახლეობას უნდათ რუსეთი და საქართველოს მთლიანად რუსეთთან გაერთიანება.
ახალი მთავრობის რუსეთთან პოლიტიკის შეცვლით ისე გათამამდნენ , რომ რუსული სიმბოლიკის მაისურებით პოზირებენ ტელეკამერებთან . ,,ევრაზიული ინსტიტუტი“ და სხვები, რუსულ დროშებს აფრიალებენ დედაქალაქში. რუსული საიდუმლო აგენტურა, კარგად მუშაობს ქართულ და არაქართულ მოსახლეობასთან.. სამწუხაროა, რომ გორელებიც მაგათ რიგში ყოფილან. (დარწმუნებული ვარ გორის დაბომბვას გორელები ქართველებს აბრალებენ და არა პუტინს) 2014 წლის 21 დეკემბერის (უმუშევარ მშრომელთა) საზეიმო მსვლელობა მოეწყო, ქართველებისათვის შეურაცხმყოფელი პლაკატებით. ასეთი ბნელებისათვის წყალწაღებული რ უ ს ე თ ი მათი საოცნებო ქვეყანაა.
საინტერესოა კდევ, როგორ უნდა აეოხებინათ გორი, რომ გორელებს რუსები მტრად ეცნოთ?! რა საცოდავები ყოფილან....

რედაქტორის რჩევით