"ლაფანყურის საქმე რომ გაეხსნათ, სააკაშვილი სტრასბურგში კი არა, გუანტანამოში იქნებოდა" - კვირის პალიტრა

"ლაფანყურის საქმე რომ გაეხსნათ, სააკაშვილი სტრასბურგში კი არა, გუანტანამოში იქნებოდა"

"ისე, ხელისუფლებამ დროა, ცოტა სინდისის ქენჯნაც იგრძნოს იმის გამო, რომ სააკაშვილი ასე ლაღად გრძნობს მთელ მსოფლიოში თავს და ხან სად ეპატიჟებიან და ხან - სად"

"პუტინმა ახალი მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა"

ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. სხდომას, როგორც მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრნენ. ამას ჩვენში ისეთი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რომ სტრასბურგში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა ლამის გადაავიწყდათ. ამის პარალელურად ქვეყნის ხელისუფლებამ შეხვედრის შეთავაზება კრემლიდანაც მიიღო. "თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული ვიქნებით, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში ვიხილოთ", - განაცხადა ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:

- 2014 წელს ქვეყნის ყველაზე დიდი წარმატება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდება. ევროკავშირისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და ეს წლის მოვლენაა. ბუნებრივია, ევროპარლამენტში ამ დოკუმენტის რატიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამიტომაც ხომ ხედავთ, ერთი პრეზიდენტის დასწრება არ ვიკმარეთ და ევროპარლამენტის სხდომაზე ორი პრეზიდენტით ვიყავით წარმოდგენილი. მგონი,

ევროპარლამენტის ისტორიაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომლის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ასეთ პროცედურას ერთად დაესწრნენ.

ხუმრობა იქით იყოს და ევროინტეგრაციის გზაზე ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომლის სასიკეთო შედეგებსაც ქვეყნის მოსახლეობა, ალბათ, 2-3 წელიწადში რეალურად იგრძნობს. რატომ ვამბობ ამ ვადას? - საქმე ის არის, რომ არაერთხელ მისაუბრია ჩემს ბალტიისპირელ კოლეგებთან და მათგან კარგად ვიცი, რომ პირველ წლებში მოსახლეობას განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

რატიფიცირებიდან დაახლოებით 2 წელიწადში საზოგადოებაში ევროპისადმი ნეგატიური განწყობა იზრდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ არსებობს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები, რისი დაცვაც სავალდებულოა და რაც პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში მაინცდამაინც არ მოსწონთ.

ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ზრდა თითოეული ჩვენი მოქალაქის ოცნება ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ დღის წესრიგში ეს საკითხი აუცილებლად დადგება. ასევე აუცილებელია გარკვეულ მიმართულებებზე შეზღუდვების დაწესება, რაც ასევე არ იქნება სასიამოვნო. ამას აუცილებლად აიტაცებენ ის ძალები, რომლებსაც ქვეყნის დასავლური კურსისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ და პოლიტიკური ქულების ჩაწერას შეეცდებიან. ასე მოხდა არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებში, არამედ ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებშიც, მაგალითად, ესპანეთში. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, ვფიქრობ, გვაქვს სერიოზული პერსპექტივა იმისა, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი ევროპაში გავიდეს, თუმცა, ეს მყისიერად არ მოხდება. ჯერ ჩვენ თვითონ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, მის ხარისხზე... უნდა დაწესდეს ამ პროცესებზე ობიექტური და მკაცრი მონიტორინგი, რადგან თუ ერთხელ ვერ შევძელით იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც ავიღეთ, მერწმუნეთ, ევროპელები ქართულ ხილსა და ბოსტნეულზე არ გადაირევიან. მართალია, ჩვენ ბუნების წყალობით გვაქვს უნიკალური ჯიშები, მაგრამ ასე ველური პროცედურებით მოყვანილი ხილი და ბოსტნეული ევროპაში ვერ აღმოჩნდება. ამ მიმართულებით, საბედნიეროდ, დაწყებულია მუშაობა და იმედია, ევროპის ბაზარზე ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე მოთხოვნა გაჩნდება.

- ევროპარლამენტის სხდომას ჩვენი ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები დაესწრნენ, თუმცა, ვიდრე გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტდა წასვლას, მთავრობის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ეს საპარლამენტო პრეროგატივა იყო და მინისტრთა კაბინეტიდან სტრასბურგში არავინ წავიდოდა. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ უცებ აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრიც აპირებდა წასვლას და მეტიც, თურმე საერთოდ მისი იდეა იყო პრეზიდენტის გამგზავრება...

- ჩემი აზრით, მარგველაშვილმა სტრასბურგში გამგზავრების თაობაზე ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან დაადასტურა, რომ არც სააკაშვილს უფრთხის, არც ღარიბაშვილს და რაც მთავარია, არც პუტინს, რომელსაც, ცხადია, არ ესიამოვნებოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.

მოხარული ვარ, რომ მთავრობაში მყისიერად გააცნობიერეს რეალობა და პრეზიდენტს მხარი აუბეს. კი, ბატონო, მიითვალონ საკუთარ დამსახურებად სტრასბურგში ამ შემადგენლობით წასვლა, ამაზე კამათი დღეს აღარ ღირს. ეს იყო სრულიად მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში ხელისუფლების სხვადასხვა შტო. პარლამენტის თავმჯდომარე ჩვეულ ფორმაში რომ ყოფილიყო, აუცილებლად წავიდოდა სტრასბურგში და პრობლემად არ იქცეოდა ეს საკითხი, მაგრამ მან ვერ მოახერხა. მთავრობის წარმომადგენელთა წაუსვლელობა, გაბუტვა თუნდაც "ევროპის სახალხო პარტიასთან", რომელშიც ნამდვილად არიან ბეცი პოლიტიკოსებიც, არ შეიძლებოდა. ისე, ხელისუფლებამ დროა, ცოტა სინდისის ქენჯნაც იგრძნოს იმის გამო, რომ სააკაშვილი ასე ლაღად გრძნობს მთელ მსოფლიოში თავს და ხან სად ეპატიჟებიან და ხან–- სად.

ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ხელისუფლების ბრალია. თუნდაც ერთი საქმე, მაგალითად, ლაფანყურის სპეცოპერაცია რომ გამოეძიებინათ დროულად, ნურავინ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სტრასბურგში კი არა, გუანტანამოში აღმოჩენილიყო. მაგრამ არ მოინდომეს, ლაფანყურის საქმეში თვითონაც ბევრი რამ დამალეს, რაც კიდევ ერთი დანაშაულია. ვფიქრობ, ლაფანყურის საქმე რჩება ძველი და ახალი ხელისუფლების კარს მიღმა თანამშრომლობის ყველაზე ნათელ ფაქტად. ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაირკვევა და რაც მთავარია, გაირკვევა ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა ერთნაირად რატომ ცდილობს ამ ფაქტის მიჩუმათებას. ამიტომ, ვიდრე სააკაშვილის აქტიურობაზე ან "სახალხო პარტიაზე" გაბრაზდებიან, საკუთარ თავზე გაბრაზდნენ. საკუთარ თავს ჰკითხონ, რას ნიშნავდა ის ფსევდოკოაბიტაცია, რომელმაც ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ აზარალა? დღემდე მოწმენი ვართ ვითარებისა, როდესაც მთელი პოლიტიკური პროცესი ემყარება ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთმანეთის ლანძღვას. ჩერჩილს დავესესხები და ვიტყვი: "როცა ვიწყებთ კამათს აწმყოსა და წარსულს შორის, აღმოვაჩენთ, რომ მომავალი დავკარგეთ". ამიტომ, დროა, ბატონებო, 2015 წლიდან მაინც ერთად ვიფიქროთ მომავალზე.

- "ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოტენციური გამოყენების გამო, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ კურსსა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში", - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ამის პარალელურად, მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ინტერპოლს სააკაშვილზე ძებნის მოთხოვნით უკვე მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპრეზიდენტი ასეთი მაღალი რანგის ფორუმებს უპრობლემოდ ესწრება, რამდენად სავარაუდოა, რომ მასზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება?

- ეს ნაკლებად სავარაუდოა, რაშიც ძირითადი დამსახურება ჯერ კიდევ ზურაბ ადეიშვილის სახელობის პროკურატურაზე მოდის, რომლის მიმართაც როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი პრემიერის დამოკიდებულება სრულიად გაუგებარია. ორივეს ჰქონდა შესაძლებლობა, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო, თუნდაც, ვიმეორებ, ლაფანყურის საქმის გამოძიებით. მერე აღარ იქნებოდა საჭირო ეს ცინიკური და ღიმილის მომგვრელი ბრალდებები, რასაც დღეს ვისმენთ. გაგახსენებთ, რამდენი უსუსური ბრალდება წამოსწიეს კეზერაშვილისა თუ ახალაიების საქმეში, შესაბამისად, ყველა ჩაიფუშა. ახლა ამას დაემატა სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც. დიახ, ამას საქმეში ჩაუხედავი პირები განიხილავენ როგორც პოლიტიკურ დევნას, რადგან როდესაც კაცს ბებიის საკუთრებას უყადაღებ, ეს მხოლოდ სიძულვილის ნიშანია და არა სიმართლის ძიებისა.

- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციასთან ერთად პროკურატურის რეფორმასაც გეგმავს...

- მოხარული ვარ, რომ სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელები ერთმანეთის საჯარო გამოსვლებს მაინც უსმენენ. ჩვენ ვნახეთ, რა ემოციურად და არგუმენტირებულად ილაპარაკა საპარლამენტო ტრიბუნიდან დავით უსუფაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციაზე, ამაზე ილაპარაკა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. მიხარია, რომ ამას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სწრაფად გამოეხმაურა, თუმცა, შესაძლოა, ეს რომ გამოხმაურება იყო, ბევრმა არც აღიაროს, მაგრამ მთავარია, საქმე გაკეთდეს. ეს არ არის ახალი თემა, ჯერ კიდევ 2009-2010 წლებში ლევან იზორიამ შეიმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროს - ამ მონსტრის რეორგანიზაციის მეტად საინტერესო პროექტი, მაგრამ დღეს აწ უკვე შს მინისტრის მოადგილე იზორია უკვე რეორგანიზაციის წინააღმდეგია.

ვიმედოვნებ, ის პრემიერ-მინისტრს მაინც აღარ შეეწინააღმდეგება. რაც შეეხება პროკურატურის რეფორმას, ვიდრე საქართველოში არ გამოჩნდება ერთი პროკურორი მაინც, რომელიც საჯაროდ აღიარებს და მოინანიებს ერთ უსამართლო და უკანონო ბრალდებას მაინც, რის გამოც კონკრეტული უდანაშაულო მოქალაქე ციხეში გაუშვა, მანამდე არანაირ სიკეთეს ამ უწყების ცვლილებებისგან არ ველი. იგივე ითქმის სასამართლო სისტემაზეც, რომლის გაკრიტიკებას ლამის სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებენ.

- ბოლო დღეებში ერთ-ერთი აქტუალური თემა საყდრისი და იქ მიმდინარე პროცესებია. მოგეხსენებათ, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით კერძო კომპანიამ ოქროს მოპოვება განაახლა. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე აფეთქებულია ის მაღარო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოუხსნეს...

- ჩემი აზრით, ვითარება უფრო მძიმეა, ვიდრე რომელიმე ცალკე ობიექტთან დაკავშირებული პრობლემა. დავაკვირდეთ და შევაფასოთ, რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის მიმართ? - დავინახავთ, რომ არც კამპანიამ "ეს შენ გეხება" და არც საყდრისის საკითხზე საზოგადოების აქტიურობამ, ნაყოფი ვერ გამოიღო.

ხელისუფლებამ ჯიუტად გააკეთა ის, რაც სურდა და სხვისი აზრი არათუ არ გაიზიარა, ნორმალურად არც მოისმინა.

ფარული მოსმენების საკითხზე მიიღეს ყველაზე მიუღებელი კანონი, რომლის მიხედვითაც ერთი პირია ყველაფერზე პასუხისმგებელი. ის ასახელებს და ნიშნავს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ისევე პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს. გამოდის, პრემიერ-მინისტრია ორივე იმ გასაღების მფლობელი, რომლებიც ფარულ მიყურადებაზე წვდომის საშუალებას იძლევა. წელიწადზე მეტხანს მიდიოდა ამ კანონზე დავა, საყდრისის პრობლემა კიდევ უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებდა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, მაგრამ ეს ყურად არავინ იღო. ის, რომ საყდრისისთვის სტატუსის შეცვლიდან რამდენიმე საათში დაიწყო აფეთქებები, მიანიშნებს, რომ საზოგადოებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება უდიერია. ყველამ გაითვალისწინოს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ხალხის აზრის იგნორირება არც ერთ ხელისუფალს არ გამოადგება.

- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ხელისუფალთ შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, ის მოხარული იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს მოსკოვში იხილავს...

- ასეთ საჯარო შეთავაზებას მკვახე პასუხი და უარი არ უნდა მოჰყვეს, თუმცა, არც ზღვარგადასული სიხარულის წარმოჩენა და რაღაც განსაკუთრებული იმედის დამყარებაა საჭირო. ვფიქრობ, თავშეკავება გვმართებს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც პუტინმა ახალი მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა, მაგრამ რატომღაც კვლავ ვიბრმავებთ თვალებს და ვიყრუებთ ყურებს.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ პუტინმა რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო კახეთის იმ რაიონში, სადაც საავტომობილო გზის გაყვანა აქვს დაგეგმილი.

ვიდრე ამ კითხვას პუტინს დაუსვამდეს ვინმე, მანამდე უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ჩვენს სახელმწიფოში ტერიტორიული პრინციპით ჩამორიგება, აიკრძალება. ვიდრე ჩვენ გულხელდაკრეფილი ვიქნებით და ვილაპარაკებთ, რომ პუტინი ამას არ გააკეთებს, ამასობაში შეიძლება მთელი კახეთის ანექსიაც კი განიზრახოს და განახორციელოს. პუტინი ყველაფერს იზამს, ის ყველაფრის მკადრებელია და მისი ერთი ღიმილიანი მიპატიჟება არაფერს ცვლის. კიდევ ერთი -

მოსკოვში ჩასვლა არაფრით არ შეიძლება, ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ქვეყნის მორიგი დამცირება იქნება.

თუ ასეთი შეხვედრა გაიმართა, ის აუცილებლად უნდა მომზადდეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და სადმე მესამე ქვეყანაში გაიმართოს. თუ ვინ უნდა წავიდეს ამ შეხვედრაზე, ვფიქრობ, ნათელია, უნდა წავიდეს პრეზიდენტი, მაგრამ შეხვედრის მომზადებაში ხელისუფლების ყველა შტომ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

- თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ამ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი?

- ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დავსვათ ასეთი საკითხი: როდესაც პუტინი გამუდმებით ლაპარაკობს, რომ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გზით უნდა განისაზღვროს ჩვენი მომავალი ურთიერთობა, რას გულისხმობს და ამაში რუსეთის როლს როგორ ხედავს? ასევე აუცილებლად უნდა დაისვას სხვა საკითხიც:

რატომ არ შეასრულა რუსეთმა ოფიციალურად გაფორმებული დანაპირები, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობას მუდმივად გადასცემდა იმ ტვირთების შესახებ ინფორმაციას, რაც აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთიდან შევიდოდა. ეს იყო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების ერთადერთი პირობა. სამი წელი გავიდა და არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია.

პარადოქსი ის არის, რომ არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლებისგან არ გვსმენია სინანული ამ ინფორმაციის მიუღებლობის თაობაზე, გამოდის, არ გვაინტერესებს, რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?!

ნათია დოლიძე