წლის თემა - "დიდი ნაბიჯი ევროკავშირისკენ"
29-12-2014
წლის თემა -  "დიდი ნაბიჯი ევროკავშირისკენ"
2014 წლის უმთავრესი პოლიტიკური მოვლენა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იყო, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ნატოსთან დაახლოების გზაზეც. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოში სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს დააფუძნებს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობა კვლავაც რჩებოდა წლის მნიშვნელოვან თემად. მიუხედავად სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მიღწეული გარკვეული წარმატებებისა, რუსეთი კვლავაც აგრძელებდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას. აფხაზეთსა და რუსეთს შორის "ინტეგრაციისა და მოკავშირეობის" თაობაზე გაფორმებული შეთანხმება სწორედ ამ ანექსიის ნათელი მაგალითია. გადავხედოთ 2014 წელს ჩვენი რუბრიკის პრიზმაში.

"სად გაგონილა
ცემა-ტყეპა პროკურატურაში?"


გოგი  ხოშტარია:
"ხელისუფლებაში აშკარად იგრძნობა საკადრო პრობლემები, რაც, ჩემი აზრით, უკავშირდება კვალიფიკაციის ნაკლებობასაც და უნდობლობის ფაქტორსაც. პროკურატურის მაგალითი ავიღოთ _ ბოლო წლებში, პროკურორები მიჩვეული იყვნენ, რომ თვითონ არაფერზე ეფიქრათ და ზემოდან მოსული ბრძანებები გაეფორმებინათ. ამიტომაც არის, რომ ასე არაკვალიფიციურად ხდება დამნაშავეებისთვის ბრალის წაყენება,
შედეგად, ზოგს ამართლებენ და შინ უშვებენ, ზოგსაც– მინიმალურ სასჯელს უსჯიან. თუ სიმართლეა ინფორმაცია, რომ პროკურატურიდან  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ კოლეგაზე ფოტოშარჟი გააკეთა, რასაც ცემა-ტყეპა მოჰყვა,  ნამდვილად დიდი სირცხვილია. პროკურატურა ისეთი უწყებაა, რომ იქ ცოტა სხვანაირი ხალხი უნდა მუშაობდეს. ფოტოშარჟების გაკეთებას კი გამომძიებელი კი არა, ქარხნის მუშა არ იკადრებს. რა სჭირთ, გამაგებინეთ?! სად გაგონილა ცემა-ტყეპა პროკურატურაში?!. ალბათ მოგვიწევს უცხოელი პროკურორების მოწვევა, ელემენტარულად, ვორკშოფები მაინც რომ ჩაუტარონ ქართველ პროკურორებს".


"უკრაინა დიდხანს დარჩება საჯილდაო ქვად რუსეთსა და ევროპას შორის..."

მამუკა ჟღენტი: "უკრაინა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა და ის მხოლოდ თავის თავს არ ეკუთვნის. უკრაინა დიდხანს დარჩება საჯილდაო ქვად რუსეთსა და ევროპას შორის... საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდავეთისთვის ევროპა ერთადერთი გამოსავალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპას ნაკლი არა აქვს. აშშ-ზეც მინდა ვთქვა, უკრაინის მიმართ პასიურობა და თავის დროზე ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობა, მასზე კარგად არ მეტყველებს. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ევროპა და ამერიკა გამოფხიზლდნენ. საქართველოსადმი აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა... პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მას შეუძლია მხარდაჭერის გარანტიები შექმნას იმ გამოწვევების საპირწონედ, რომელიც რუსეთიდან გვემუქრება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვი გულხელდაკრეფილი დაჯდება. ის ჩვენთვის პრობლემების შექმნას შეეცდება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობების კუთხით. ასევე, შეეცდება ხელი შეუწყოს პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რთული იქნება. რაც მთავარია,  რუსეთი შეეცდება ხელი შეუწყოს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას. თუმცა, თუ საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა არ დაუშვა, რუსეთი მიზანს ვერ მიაღწევს".

"ობამას ჟესტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს"

კახა კახიშვილი: "გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოხერხდა აშშ-ში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის ორგანიზება. ღარიბაშვილის ვაშინგტონში ჩასვლა კი ნამდვილი გარღვევაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბარაKKკ ობამა ღარიბაშვილი-ბაიდენის შეხვედრას შეუერთდა. მისი დასწრება პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო. ობამას ჟესტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ჯერ ერთი, მან მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ვაშინგტონი თბილად არის განწყობილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი. ობამამ ღარიბაშვილს ამით ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა; მეორე _ ეს იყო მკაფიო გზავნილი რუსეთისა და საქართველოს სხვა მეზობლებისთვის: ამერიკას საქართველო არ დავიწყებია და კვლავაც მხარს უჭერს. ღარიბაშვილის ვიზიტის წარმატებაში წვლილი შეიტანა უკრაინის მოვლენებმაც იმით, რომ ვაშინგტონი თავის პარტნიორებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. მოკლედ, ეს ვიზიტი საქართველოს მნიშვნელოვან დივიდენდებს მოუტანს".

"თუ შეხვედრა შედგა, მართალია, ფორმალური იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი"

ვახტანგ ძაბირაძე:
"პუტინის განცხადებას, თუ გიორგი მარგველაშვილს სურს, მზად ვარ, შევხვდეო, ოფიციალურმა თბილისმა ისე უპასუხა, როგორც უნდა ეპასუხა. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვსაც ხელს აძლევს და თბილისსაც. ოღონდ, ჩემი აზრით, შეხვედრა უნდა შედგეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და არა სოჭში ან რუსეთის სხვა რომელიმე ქალაქში. თუ შეხვედრა შედგა, მას ორივე მხარე გამოიყენებს პოზიციის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად. ამიტომ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში რაიმე რადიკალურად შეიცვლება, თუმცა, პირდაპირ დიალოგს აზრი ყოველთვის აქვს. მოსაზრებას, რომ ეს თითქოს  პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს, ვერ დავეთანხმები. ყველამ კარგად ვიცით, რომ გავლენიანი დასავლური წრეები გვირჩევენ, როგორმე გამოძებნეთ საერთო ენა რუსეთთანო."

"პარადოქსია, რომ კოდორის ხეობის დამთმობი პარტია დღეს აფხაზეთით სპეკულირებს"

რამაზ საყვარელიძე:
"რუსეთმა აფხაზეთთან ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების გაფორმებით ჩვენი ტერიტორიის ანექსიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ნახეთ, მიუხედავად სიმცირისა და რუსეთზე ეკონომიკური თუ სამხედრო დამოკიდებულებისა, აფხაზები დროდადრო მაინც ახერხებენ საპროტესტო განწყობის გამჟღავნებას. ეს არაერთხელ გამოჩნდა დე ფაქტო პრეზიდენტების არჩევისას და ახლაც რუსეთთან  ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების დროს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელისუფლების რიტორიკა აფხაზებისა თუ ოსების მიმართ ნამდვილად შეიცვალა, თუმცა, ამ რიტორიკას საქმე ჯერ არ მოჰყოლია. ჩვენ უკვე გვყავდა რამდენიმე ხელისუფლება, რომელმაც აფხაზეთის პრობლემატიკის მოგვარებაში წარმატებას ვერ მიაღწია. მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებამაც... წინა ხელისუფლების სტრატეგია, თუ საერთოდ არსებობდა იგი, აფხაზებსა და ოსებს საერთოდ არ ითვალისწინებდა. თავისთავად პარადოქსია, რომ კოდორის ხეობის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დამთმობი პარტია დღეს აფხაზეთით სპეკულირებს."

"ეს არჩევნები გარდამტეხი არ იქნება"

სანდრო თვალჭრელიძე:
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  ""ქართული ოცნების"" გამარჯვებას ყველა ელოდა. სავარაუდოდ, ნარმანიას მაგივრად თბილისისთვის უფრო მისაღები კანდიდატი რომ ყოფილიყო დასახელებული, მეორე ტური საჭირო არ გახდებოდა. დემოკრატიული პროცესის განვითარების თვალსაზრით მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების მიერ გამოჩენილი ნება და საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევა. ეს ხელისუფლებამ სრულიად მიზანმიმართულად, ქვეყნის განვითარებისთვის გააკეთა, რაც მხოლოდ მისასალმებელია. შეგვიძლია ვთქვათ _ თბილისი ის ადგილია, სადაც საბოლოოდ დასრულდა კოაბიტაცია. მას მერე, რაც ხელისუფლების ყველა შტოში ""ქართული ოცნება"" იქნება წარმოდგენილი, მას უკვე ნამდვილად მოუწევს მთელ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება.  ამიერიდან ზუსტად გვეცოდინება, რომელია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც პასუხი უნდა მოვთხოვოთ. აქამდე ხან კოაბიტაციას ბრალდებოდა რაღაცები, ხან _ ექსპრეზიდენტს, რომელიც ""ქართული ოცნების"" გამარჯვებიდან კიდევ ერთი წელიწადი იყო ხელისუფლებაში, ხან _ თბილისის მერიას. ამ არჩევნების შემდეგ ყველა გასაკეთებელ თუ გაუკეთებელ საქმეზე ""ქართული ოცნება"" აგებს პასუხს."


"ალასანიამ დამოუკიდებელი თამაშის დასაწყებად პირველივე მიზეზი გამოიყენა"

არჩილ გამზარდია: "როდესაც სამართალდამცავი სტრუქტურა შედის სახელმწიფო უწყებაში, არ შეიძლება ეს მაინცდამაინც პოლიტიკურ დევნად შეფასდეს. ირაკლი ალასანიამ თავიდანვე არასწორი შეფასება გააკეთა, საბოლოოდ კი სულსწრაფობა გამოიჩინა ყველამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმაც, რომელმაც მყისიერი გადაწყვეტილებები მიიღო. ბუნებრივია, არის გარემოებები, რაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ედო საფუძვლად როგორც ალასანიას, ისე ღარიბაშვილის შემთხვევაში, მაგრამ ამ ყველაფერს უფრო ფრთხილად და ღირსეულად რომ მისდგომოდნენ, ბევრად ჯანსაღ პროცესს მივიღებდით. ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც აღიქმება პოზიტიურად მისი ოპოზიციაში წასვლა, "ნაციონალური მოძრაობაა"", რომელიც დღემდე ინარჩუნებს პირველი ოპოზიციური პარტიის ნიშას. ალასანიას პარტიას სრული კარტ-ბლანში აქვს იმისთვის, რომ ""ნაციონალურ მოძრაობას"" დიდი კონკურენცია გაუწიოს. ფაქტია, რომ ალასანია საკმაოდ ამბიციური პოლიტიკური ლიდერია, რომელიც აქამდე დამოუკიდებლად მაინცდამაინც დიდი პერსპექტივების შექმნას ვერ ახერხებდა, ვნახოთ, დღეს მოცემულ ვითარებას როგორ გამოიყენებს. პირადად მე არსებული ვითარება მაძლევს უფრო იმგვარ სურათს, რომლის მიხედვითაც, ალასანიას ჰქონდა დამოუკიდებელი თამაშის დაწყების სურვილი და ამისთვის პირველივე  მიზეზი გამოიყენა".


"მთავრობის გადახალისებას არ გამოვრიცხავ"

ირაკლი ლექვინაძე:
"ლარის გაუფასურების მიზეზი როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორებია, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი შექმნილ აჟიოტაჟსა და პანიკაზეც მოდის. რყევები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, კურსი აუცილებლად დაბალანსდება. ლარის კურსის შეცვლის მიზეზი მრავალფაქტორიანია. თუ მკითხავთ, ვინ არის მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებელი, ვფიქრობ, პასუხი ნათელია _ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ ეკონომიკურ პროცესზე პასუხისმგებელი არიან ეკონომიკური უწყებები _ დაწყებული ეროვნული ბანკით და დამთავრებული სხვადასხვა სამინისტროთი. სწორედ ისინი განსაზღვრავენ იმ ეკონომიკურ სტრუქტურასა და ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ლარის კურსს. მთავრობის გადახალისებას არ გამოვრიცხავ. საჭიროა ეკონომიკური აქტივობის გაზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღება. ამ მიმართულებით არის წარმატება, მაგრამ მეტია საჭირო +_ საჭიროა მეტი ურთიერთობები ინვესტორებთან, ახალი იდეები და პროექტები".


"დიდი ნაბიჯი ევროკავშირისკენ"

სოსო ცისკარიშვილი: "2014 წელს ქვეყნის ყველაზე დიდი წარმატება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდება. ევროკავშირისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, რომლის სასიკეთო შედეგებსაც ქვეყნის მოსახლეობა, ალბათ, 2-3 წელიწადში რეალურად იგრძნობს. ბუნებრივია, ევროპარლამენტში ამ დოკუმენტის რატიფიცირება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც ხომ ხედავთ, ერთი პრეზიდენტის დასწრება არ ვიკმარეთ და ევროპარლამენტის სხდომაზე ორი პრეზიდენტით ვიყავით წარმოდგენილი. ისე, ხელისუფლებამ დროა, ცოტა სინდისის ქენჯნაც იგრძნოს იმის გამო, რომ სააკაშვილი ასე ლაღად გრძნობს მთელ მსოფლიოში თავს და ხან სად ეპატიჟებიან და ხან–სად. თუნდაც ერთი საქმე, მაგალითად, ლაფანყურის სპეცოპერაცია რომ გამოეძიებინათ დროულად, ნურავინ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სტრასბურგში კი არა, გუანტანამოში აღმოჩენილიყო."

"ხელისუფლებას კრიტიკულ ზღვარზე მოუწევს გავლა"

ზაზა ფირალიშვილი: "საზოგადოების ნაწილობრივი იმედგაცრუება მოსალოდნელი რომ იყო, ეს 2011 წელსვე ჩანდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მრავალმა მოქალაქემ მაქსიმალისტური და არარეალისტური იმედები დაუკავშირა. ამას ხელი "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის ბევრმა პუნქტმაც შეუწყო. გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აშკარად ვერ წავიდა პროცესები ისე, როგორის იმედიც "ქართული ოცნების" ლიდერებს ჰქონდათ. მათი მცდელობა, რომ სამართლიანობის დამკვიდრებაზე გაეკეთებინათ აქცენტი და ამით კოალიციას, როგორც ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას, თავი დაემკვიდრებინა, არ გამართლდა. არ გამართლდა თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებას საინფორმაციო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ გააჩნია. სააკაშვილი გააკეთებდა ამის მეათედს, მაგრამ ისეთ აჟიოტაჟს შექმნიდა, შინ თუ გარეთ ყველას ეცოდინებოდა. "ქართული ოცნების" ლიდერებმა ასევე ვერ გაითვალისწინეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა დასავლეთში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა სამართლებრივ დევნას. დასავლეთში "ნაციონალებს" ძალიან სერიოზული კავშირები აქვთ. მომავალშიც ხელისუფლებას ძალზე კრიტიკულ ზღვარზე მოუწევს გავლა...
ha-ha-ha
05 იანვარი 2015 12:46
რას ამბობთ?რუსეთს არაო? და ამერიკას კიო? მაგასაც ნახავს ზოგიერთი.ამერიკა შორსაა და მალე ევროპისგან მაგარ ჭიტლაყს მიიღებს.რუსი კი აქვეა დედა ენაცვალოს მაგას.მალე შემოვა და დედას უტირებს ყველა ამერიკულად მოაზროვნეს.ვენაცვალე შოვინისტ რუსებს პადხალიმ ქართველ ინტელიგენციას რომ ფეხებზე იკიდებდა და თავისნაირ უბრალო გლეხ ქართველს,გულში იხუტებდა.მალე გავბრწყინდებით და უფასოდ ვივლით ევრაზიაში.ნაცებს კი კასტრირებას გაუკეთებენ.პრინციპში გამრავლების თავი მაგათ არც ჰქონიათ,ცვედანები და ბერწები იყვნენ.გილოცავთ ახალ წელს რუსეთთან ერთად.

რედაქტორის რჩევით