"მომავალი წლების პოლიტიკური ცხოვრება "ცივი ომის" სცენარით წარიმართება" - კვირის პალიტრა

"მომავალი წლების პოლიტიკური ცხოვრება "ცივი ომის" სცენარით წარიმართება"

"პრორუსული განწყობების რეაბილიტაცია ჩვენთვის ისტორიული კაპიტულაციის ტოლფასია"

2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად ყველა ერთხმად ასახელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, თუმცა, საზოგადოების ნაწილს  მაინცდამაინც არ მოსწონს ის რეგულაციები, რასაც ეს ხელშეკრულება გვავალდებულებს, გავიხსენოთ თუნდაც რეცეპტების შემოღებასთან დაკავშირებული უკმაყოფილება, სავარაუდოდ, 2015 წელს კიდევ არაერთი მსგავსი შეზღუდვის მოწმენი გავხდებით. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად გაიგონებთ კითხვას, როდის იგრძნობს რიგითი მოქალაქე ამ ხელშეკრულების პოზიტიურ შედეგს? ამ კითხვით მივმართეთ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს, რომელთან ერთადაც შევეცდებით, შევაფასოთ განვლილი 2014 წელი და 2015 წლის პერსპექტივებზეც ვისაუბროთ:

- უპირველესად მინდა ახალი წლის დადგომა მოგილოცოთ თქვენც და თქვენს მკითხველებსაც. რაც შეეხება გასული წლის შეფასებას, ამის შესახებ უკვე ბევრი ითქვა. უპირობოდ კარგი მოვლენა იყო ასოცირების ხელშეკრულების დადება და მისი რატიფიცირება. გეთანხმებით, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან ადაპტაცია რთული პროცესია. ბევრი მოვლენის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და ხშირად გვიჭირს მრავალი ქვეყნის მიერ აპრობირებულ სამართლებრივ რეგულაციებთან შეგუება. არადა, საქმე შეეხება ისეთ ცვლილებებს, რომლებიც შედარებით ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაში მოიტანს სიკეთეს. ჩვენც თანდათან შევეჩვევით ქვეყნის ბედის ხანგრძლივ პერსპექტივაში ხედვას.

პირველი სიკეთე, რომელსაც ბევრი ჩვენგანი შედარებით მალე იგრძნობს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იქნება. ეს დიდად შეუწყობს ხელს ახალ ისტორიულ გარემოსთან ჩვენს ადაპტაციას და დასავლეთის იმ დემონური ხატის დაძლევას, პუტინისტური პროპაგანდა რომ ქმნის.

ძალიან საინტერესოა ხელისუფლების ინიციატივა რეგიონულ განვითარებასთან ახალი მიდგომის თაობაზე, ასევე, ქონებაწართმეულთა პრობლემის წამოწევა და პროკურატურაში შესაბამისი დეპარტამენტის შექმნის გადაწყვეტილება. ცუდი კი ის შთაბეჭდილებაა, რომელიც თავს დაგვატყდა ყველას გაუგებარი საკადრო პოლიტიკისა და, მე ვიტყოდი, ცუდი საკადრო გემოვნების გამო. პრემიებისა და სახელფასო დანამატების ისტორია ძალზე ძნელად ჩამოსარეცხი ლაქა იქნება ხელისუფლებისათვის. სამწუხაროდ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ

არც 2014 წელი გამოირჩეოდა მომავალზე ორიენტირებული სახელისუფლებო სახელმწიფოებრივი პროექტების სიუხვით.

- გასულ წელს განვითარებულ პროცესებს შორის მინდა გამოვყო ორი საკითხი - "ფარული მოსმენების შესახებ" მიღებული კანონი და საყდრისის გარშემო განვითარებული მოვლენები. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების ნაწილი, მეტად აქტიური იყო, თუმცა, ეს აქტიურობა ხელისუფლებისთვის მაინცდამაინც ყურადსაღები არ ყოფილა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ ხელისუფლებასაც, როგორც წინას, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობამ. თქვენ რას იტყვით?

- ფარული მოსმენები ძალზე სერიოზული პრობლემაა. ჩვენ როგორღაც შევეჩვიეთ იმას, რომ საგანგებო სანქციების გარეშე შეიძლება თვალს გვადევნებდნენ და გვისმენდნენ. არადა, ამასთან შეგუება არ შეიძლება. ყოველი ჩვენგანის პირადი ცხოვრება უნდა დაცული იყოს და არავის აქვს უფლება, მავანთა პოლიტიკური ინტერესებისათვის ელექტრონული ჯაშუშობის მთელი სისტემა შექმნას. სამწუხაროდ, ამ თემაზე ლაპარაკი მინელდა. რაც შეეხება საყდრისს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ხშირად არ ესმის, თუ რა როლს თამაშობს პოლიტიკაში საზოგადოებრივი სიმბოლოები და კოლექტიური არქეტიპები. ჩვენი ისტორიის ხელყოფამ, თუნდაც ეს წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით უაღრესად გამართლებული იყოს, შეიძლება ადრე გაკეთებული ბევრი კეთილი საქმე გადაფაროს. ასეთი შეცდომების მთელი რიგი დაუშვა სააკაშვილმა და ამას გათვალისწინება უნდა. ამიტომაც მგონია, რომ საყდრისის საკითხში ხელისუფლების პოლიტიკა მცდარ წანამძღვრებზე იქნა აგებული და აუცილებლად იქონიებს შედეგს. საყდრისის პერიპეტიებმა ცხადყო, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება არ არის მხოლოდ გარე დაფინანსებით შექმნილი და იმპორტირებული იდეოლოგიის მატარებელი სუბიექტი. დღეს იგი სპონტანურად იქმნება და ასევე სპონტანურად აერთიანებს ქვეყნის ინტელექტუალურ რესურსებს. თანდათან გამოიკვეთა ის პრობლემები და ინტერესები, რომლებიც ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებს. ამ სექტორის აზრის გაუთვალისწინებლობა შეიძლება ძალზე ძვირი დაუჯდეს ნებისმიერ ხელისუფალს.

რაც შეეხება სამოქალაქო ან საექსპერტო საზოგადოების, ანდა ჟურნალისტთა კორპუსის ხელოვნური ორეულის შექმნას, ასეთი რამ, თუ დამიჯერებთ, სახსრების ფუჭი ფლანგვა იქნება. ახალი კი არ უნდა შევქმნათ, არამედ უკვე არსებულთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ.

სააკაშვილის ისტორიული მარცხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ იგი სწორედ ალტერნატიული ქართველი საზოგადოების შექმნას ცდილობდა ეიჯიზმის, პოლიტიკური ლოიალობისა და სხვათა საფუძველზე.

-  2014 წელს ცვლილებები იყო მმართველ კოალიციაში. რას უნდა ველოდოთ მომავალ წელს, რამდენად რეალურია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოლოდინი ან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას თუ ხედავთ?

- ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე მაინც თავის გავლენას საიმისოდ გამოიყენებს, რომ მდგომარეობა ახალი არჩევნების ან პოლიტიკაში დაბრუნების გარეშე გამოასწოროს. მოგეხსენებათ, რადიკალური ზომების მიღება იოლია, მაგრამ შედეგები შეიძლება მოულოდნელი იყოს. არა მგონია, ილუზია ჰქონდეს, რომ მისი დაბრუნება საზოგადოებაში 2011 წლის მსგავსად დიდ ენთუზიაზმს გამოიწვევს.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაშინ, როდესაც ხელისუფლებასთან საზოგადოებას უკვე ბევრი კითხვა დაუგროვდა, მეტისმეტად თამამ გადაწყვეტილებად მეჩვენება.

დღევანდელი გადასახედიდან, თუ რიგგარეშე არჩევნები მაინც დაინიშნა, ვფიქრობ, ამომრჩეველი ძალიან პასიური იქნება.

- 2014 წლის მიწურულს პარლამენტში დიდი მუშტი-კრივის მოწმენი გავხდით, რამდენად შეიძლება გამწვავდეს ხელისუფლებასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დაპირისპირება და ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ ამ მუშტი-კრივმა ქუჩაშიც გადაინაცვლოს. ზოგადად, ოპოზიციურ ფლანგზე რა პროცესებია მოსალოდნელი?

- შეიძლება ვინმეს ხელს აძლევდეს კიდეც, რომ მუშტი-კრივმა ქუჩაში გადაინაცვლოს, მაგრამ ამით მოგებული არავინ დარჩება. ის, რაც პარლამენტში მოხდა, პირდაპირ რომ ვთქვა, სამარცხვინოა. ნამდვილად არ მაინტერესებს, ასეთი რამ სხვაგანაც ხდება თუ არა. ჩვენთან არ უნდა ხდებოდეს. პოლიტიკური მეტოქეობა არ უნდა დაემსგავსოს გლადიატორების ბრძოლას.

როდესაც ადამიანი ორი წლის განმავლობაში პარლამენტში ჩუმად ზის და მხოლოდ მუშტი-კრივი აძლევს შანსს, რომ გაიბრწყინოს, ნება მომეცით, ეჭვი შევიტანო, რამდენად აუცილებელია მისი პარლამენტში ყოფნა. ცხადია,

არანაკლებ დამნაშავეა ისიც, ვინც ჩხუბის პროვოცირება მოახდინა.

დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ "ქართული„ოცნების" პოლიტიკური ალტერნატივა შეიქმნას, თუმცა, ასეთი ალტერნატივის მოლოდინი გაისად გაძლიერდება, მოლოდინი კი ხშირად თავად ქმნის გმირებს. ამჟამინდელი მდგომარეობით, დღევანდელი აქტორები ან არ არიან საამისოდ მზად, ან უკვე დახარჯეს თავიანთი რესურსები. დღევანდელი მდგომარეობა აწყობს "ქართულ ოცნებასაც" და "ნაცმოძრაობასაც". პირველს დისკრედიტირებულ ოპონენტთან უწევს დაპირისპირება, ხოლო მეორე ამჟამინდელი მდგომარეობით ჯერ კიდევ ახერხებს ზედაპირზე ტივტივს. ძლიერი მესამე ძალის გამოჩენა მკვეთრად შეცვლის ამ სურათს. ამიტომაც არა მგონია, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ასე იოლად გადაწყვიტონ. თანაც,

ძნელი წარმოსადგენია, ახალმა არჩევნებმა დიდად შეცვალოს ძალთა ბალანსი. არასაპარლამენტო პარტიებს შორის არც ერთი არ არის მზად საიმისოდ, რომ არჩევნებზე საგრძნობ წარმატებას მიაღწიოს.

არის ერთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს 2015 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს არის ხელისუფლების პასიური პოზიცია ისეთი მოვლენების მიმართ, როგორიცაა: რუსული პასპორტების გავრცელება კახეთში, გზების მშენებლობა ჩვენს საზღვრებთან, ფოთის პორტის ბედი, ტელეკომპანია "მაესტროსთან", ასევე, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ამბები, ევროპული არჩევანის ერთგული პოლიტიკური ძალების ნაწილობრივი თუ სრული დისტანცირება "ქართული“ოცნებისაგან" და ა.შ. მთელი ეს ჩამონათვალი ხელისუფლების ევროპული არჩევანისადმი დამოკიდებულებისადმი ეჭვის საბაბს იმ პირებსაც აძლევს, ვინც "ქართულ„ოცნებას" მხარს უჭერდნენ და დღესაც უჭერენ. ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის ახალი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბების მოლოდინს.

-  გასული წელს მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ იყო მიპყრობილი. რუსეთის აგრესიამ მნიშვნელოვნად გაართულა ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, კრემლთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა, პასუხად მივიღეთ აფხაზეთთან უკვე გაფორმებული და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან გასაფორმებლად მომზადებული შეთანხმებები. ამის მიუხედავად, პუტინმა საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის მზადყოფნა წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოთქვა. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები 2015 წელს როგორც რუსეთსა და დასავლეთს, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის?

- რუსეთი ჩვენთან ურთიერთობაში შეიძლება დააკმაყოფილოს მხოლოდ ისეთმა დათმობებმა, რომლებზეც ვერც ერთი ქართველი ხელისუფალი ვერ წავა. საკმარისი იქნება რაღაც დავთმოთ, რომ მაშინვე ახალ მოთხოვნებს წამოგვიყენებენ. რუსულმა პროპაგანდამ უკრაინის ამბებზე გაავრცელა კარიკატურა, რომელშიც ბირთვული ქობინით შეიარაღებული დათვი აქეთ-იქით ფანტავს დასავლეთის ქვეყნებს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთია დღეს პუტინიზმის ვირუსით დაავადებული პირების თვითგანცდა რუსეთშიც და სხვაგანაც. ეს კი კარგს არაფერს ჰპირდება დღევანდელ სამყაროს. ასეთმა ტლანქმა და პოლიტიკური ბლეფით გაჯერებულმა პოლიტიკამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ აღარ მუშაობს არც ერთი ის არგუმენტი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ სასარგებლოდ იშველიებდნენ - აღარ მუშაობს არც ბუნებრივი აირის ფაქტორი, არც რუსული ბაზრის მიმზიდველობა, არც მისი ბირთვული პოტენციალის შიში. საქმე ის არის, რომ დგება მომენტი, როდესაც სიფრთხილე და პრაგმატული ანგარიში, საბოლოოდ უფრო წამგებიანია, ვიდრე მოქმედება და აგრესიაზე პასუხი. დასავლეთმა სწორედ ეს იგრძნო და ადეკვატური მექანიზმებიც აამუშავა. შორს ვარ ილუზიისაგან, რომ შედეგს მალე მივიღებთ. ჯერ კიდევ შეგვიძლია შევესწროთ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების განელებას, შეიძლება გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრებიც, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მომავალი წლების საერთაშორისო პოლიტიკური ცხოვრება "ცივი ომის" სცენარით წარიმართება (ამის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში ომია)... რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას - ნუ მოვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, აკეთოს ისეთივე მწვავე განცხადებები, როგორის გაკეთებასაც დასავლეთის ლიდერებიც არიდებენ თავს.

რაც მოგვიტანა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის "ცეცხლოვანმა" განცხადებებმა და პიროვნულმა ბონაპარტიზმმა, ყველანი ვხედავთ. ერთია, საკუთარ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდე და მეორე - საფრთხის წინაშე აყენებდე ქვეყანას.

თუ რამე აქვს დღევანდელ ხელისუფლებას სასაყვედურო, ის არის, რომ დიპლომატიური ეტიკეტისა და ენის სრული დაცვით არ არქმევს სახელს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომ ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ მოვლენებისგან სარგებლის მიღებას ლამობს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარი არ არის საკმარისი არგუმენტი. ეს ბაზარი მაშინვე ჩაგვიკეტეს, როგორც კი რაღაც არ მოეწონათ. აშკარაა, რომ კრემლი ამ გახსნა-ჩაკეტვის მონაცვლეობით ჩვენი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობს. ჩვენ კი სარგებლის ამგვარი ძიება უკვე ახლო პერსპექტივაში ძალიან ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს. რუსულ ბაზარზე დამკვიდრებაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ისეთი რეფორმები ჩვენს სოფლის მეურნეობაში, ამ ბაზარზე დამოკიდებულებისაგან რომ გაგვათავისუფლებს. რუსული ბაზარი მხოლოდ დროებითი საშუალება შეიძლება იყოს და არა სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის განმსაზღვრელი რამ. იმედია, ახალი რეგიონული პოლიტიკა, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ, სწორედ ამგვარ სტრატეგიას გულისხმობს.

რაც შეეხება პუტინისტური პროპაგანდის გააქტიურებას, დიდი დაკვირვება არ უნდა, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს მასირებული პროპაგანდისტული შეტევის ობიექტია. მაპატიეთ თვითციტირება და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე თვით ადრე ვწერდი, რომ ასეც მოხდებოდა. რაც მეტად დავუახლოვდებით ევროპას, მით მეტი სახსრები დაიხარჯება საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად. ერთი რამ ჩემთვის აშკარაა: რუსულმა პოლიტიკამ თუნდაც მხოლოდ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში იმდენად მძიმე კვალი დატოვა ჩვენს მეხსიერებაზე, იმდენად აშკარად იყო აგებული ძალადობასა და ჩვენი ინტერესების სრულ უგულებელყოფაზე, რომ პრორუსული განწყობების რეაბილიტაცია ჩვენთვის ისტორიული კაპიტულაციის ტოლფასია. ვიმედოვნებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამას ჩვენ თავადვე არ დავუშვებთ. ერთია მოზომილი და რაციონალური დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების მიმართ და მეორე - ხელოვნების მუშაკთა მეშვეობით მათი გულის მოლბობის მცდელობა.

ნათია დოლიძე